EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ციკლამენი, იგივე ყოჩივარდა »
კატეგორია: ხეები-მცენარეებიავტორი: მოხეტიალე
თარიღი: 2017-02-18 13:26:02
ეს არის ყვავილი, რომელიც მთელი წლის მანძილზე ყვავის. განსაკუთრებული ყვავილობით გამოირჩევა, ევროპული და სპარსული ციკლამენები. განსხვავებული, წაგრძელებული ფორმის ყვავილები, კაშკაშა, მკვეთრი ფერებით გამოირჩევა.
იმისათვის, რომ ციკლამენმა ყვავილობა არ შეწყვიტოს, უნდა დადგათ კარგად განათებულ ადგილზე და ზომიერად მორწყათ.
ციკლამენი, იგივე ყოჩივარდა, ბალახოვანი მცენარეა, რომელიც ძირითადად ღია გრუნტში ხარობს, თუმცა არსებობს სახეობები, რომელთა გამოზრდა ოთახის პირობებშიც შეგიძლიათ.
ციკლამენი (ლათ. Cyclamen), იგივე ყოჩივარდა, ფურისულასებრთა ოჯახის წარმომადგენელი მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, რომელიც 20-მდე სახეობას აერთიანებს და, ძირითადად, ხმელთაშუა ზღვისპირეთში, ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში, თურქეთსა და ირანშია გავრცელებული.
საოთახო მემცენარეობაში, უპირატესად, გავრცელებულია მისი ორი სახეობა: ევროპული ციკლამენი (ანუ ალპური ია) და სპარსული ციკლამენი. ასევე, პოპულარულია ციკლამენის მინიატურული ჰიბრიდები, რომლებიც ჩვეულებრივი ციკლამენებისგან მხოლოდ ბუჩქის ზომით (ყვავილები მათაც მოზრდილი აქვს) განსხვავდებიან.
განათება
ციკლამენი სინათლის მოყვარული მცენარეა და კარგად ხარობს ოთახის დასავლეთ და აღმოსავლეთ ფანჯარაზე. თუმცა, დღის ცხელ მონაკვეთში მზის პირდაპირ სხივებს უნდა მოარიდოთ და ფარდით მოუჩრდილეთ. ოთახი, სადაც ციკლამენი ხარობს, ზამთარ-ზაფხულ კარგად უნდა ნიავდებოდეს.
ტემპერატურა
შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ოთახის ოპტიმალური ტემპერატურა 10-12 გრადუსს არ უნდა აჭარბებდეს, რადგან მაღალ ტემპერატურაზე ციკლამენს ფოთლები სცვივა და ყვავილობასაც წყვეტს.
ამიტომ ეცადეთ, მცენარე ყველაზე გრილ ოთახში დადგათ ან შედარებით მაღალ ტემპერატურას ეტაპობრივად მიაჩვიოთ.
ზამთარში მცენარე გამათბობელი საშუალებებისგან მოშორებით მოათავსეთ.
მოსვენების პერიოდში (მაისიდან ივლისის ჩათვლით), როდესაც მცენარეს ფოთლები მთლიანად დასცვივდება, ქოთანი მშრალ და გრილ ადგილას დადგით.
ჰაერის ტენიანობა
ციკლამენს ჰაერის მაღალი ტენიანობა სჭირდება, ამიტომ კარგი იქნება, ყვავილობის დაწყებამდე, დროდადრო ფოთლებზე წყალს თუ შეასხურებთ.
ყვავილების გამოჩენისთანავე წყლის შესხურება შეწყვიტეთ და ტენიანობის ასამაღლებლად სადგამზე სველი ქვიშა დაუყარეთ.
მორწყვა
ციკლამენი ხშირად, მაგრამ მცირე რაოდენობის წყლით უნდა მორწყათ.
მოსარწყავი წყლის ტემპერატურა კი ოთახის ტემპერატურაზე 2-3 გრადუსით დაბალი უნდა იყოს.
მორწყვის შემდეგ სადგამზე დარჩენილი წყალი აუცილებლად გადაუღვარეთ.
დასვენების პერიოდში, როცა მცენარეს ფოთლები მთლიანად დასცვივდება, მორწყვა მაქსიმალურად შეამცირეთ, თუმცა ნიადაგს მთლიანად გამოშრობის საშუალებასაც ნუ მისცემთ.
ნიადაგი და გადარგვა
მას შემდეგ, რაც ციკლამენი გადაიყვავილებს და ფოთლების უმრავლესობა გაუყვითლდება (ამ დროს მცენარე დასვენების პერიოდისთვის ემზადება), შეგიძლიათ, შედარებით მოზრდილ ქოთანში გადარგოთ და ნიადაგში ცოტაოდენი კორდის მიწა ან ტორფიც ჩაუმატოთ.
რაც შეეხება ნიადაგის შემადგენლობას, შეგიძლიათ, მზა სახით შეიძინოთ ან თანაბარი რაოდენობის ფოთლოვანი მიწისგან, გადამწვარი ნაკელისგან, ტორფისგან და ქვიშისგან თავად მოამზადოთ.
განოყიერება
ყვავილობის გახანგრძლივებისთვის ციკლამენს 2 კვირაში 1-ხელ განოყიერება სჭირდება.
საუკეთესოა კალიუმის მაღალი შემცველობის რომელიმე კომპლექსური მინერალური სასუქის გამოყენება.
გამრავლება
ოთახის პირობებში ციკლამენი მხოლოდ 7 წელი ხარობს, ამის შემდეგ კი ახალ მცენარეს ყიდულობენ. ციკლამენის გამრავლება სახლის პირობებში ძალიან რთულია (მას სამრეწველო დონეზე თესლით ამრავლებენ), მაგრამ შეგიძლიათ, ეს ბოლქვის დაყოფით სცადოთ.
დაავადებები
ციკლამენი შესაძლოა, ობობას ტკიპით დაავადდეს და ამან მცენარის ფოთლებისა და ყვავილების დეფორმაცია გამოიწვიოს.
ასეთ დროს რეკომენდებულია, ციკლამენი ინსექტიციდებით შეიწამლოს.