EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ოლიმპიური სექსსკანდალები - სექსუალური მოძალადე და მსხვერპლი სპორტსმენები »
კატეგორია: სპორტიავტორი: Sportsmani
თარიღი: 2018-02-12 20:52:31
ამერიკის შეერთებული შტატების ოლიმპიური კომიტეტი სექსსკანდალშია გახვეული. კომიტეტს პრეზიდენტს სკოტ ბლექმუნს ამერიკელი სენატორები გადადგომისკენ მოუწოდებენ. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
როგორც ირკვევა 2015 წელს აშშ-ის ტანვარჯიშის ეროვნული ნაკრების ექიმი ლარი ნასერი ქალმა სპორტსმენებმა სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს. სენატორები ამბობენ, რომ მაშინ საქმის გამოძიებაში ოლიმპიური კომიტეტი არ ჩაერია და არ მიიღო შესაბამისი ზომები.
სენატორები ამბობენ, რომ სკოტ ბლექმუნი აუცილებლად უნდა გადადგეს თუ დამტკიცდება, რომ კომიტეტმა სპორტსმენების დასაცავად არანაირი ზომა არ გამოიყენა. ლარი ნასერი სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობაში 250-ზე მეტმა ქალმა დაადანაშაულა.
სექსუალურ ძალადობასა და შევიწროებაში დადანაშაულება 2017 წლის ერთ-ერთ მთავარ ტენდენციად იქცა. მასშტაბური სკანდალი, რომელიც ჰოლივუდში ცნობილი პროდიუსერის ჰარვი ვაინშტეინის დადანაშაულებით დაიწყო, მასობრივად გავრცელდა და ამერიკის ფარგლებსაც გასცდა. ბრალდებების ტალღას შეეწირა კევინ სპეისის და კიდევ რამდენიმე ცნობილი არტისტის კარიერა, ჟურნალმა Time-მა კი კოლექტიურ “წლის ადამიანად” სექსუალური შევიწროების მსხვერპლთა მხარდამჭერი ინტერნეტ-მოძრაობის და ჰეშთეგის #MeToo-ს ავტორები დაასახელა.
ექიმი-პედოფილი
ბოლო დროის ყველაზე დიდი სკანდალი აშშ-ის ტანმოვარჯიშეთა ნაკრების ექიმს, ლარი ნასარს უკავშირდება. ლარის სექსუალურ ძალადობაში 150-ზე მეტმა ქალმა დასდო ბრალი, მათ შორის ოლიმპიურმა ჩემპიონებმა: მაკაილა მარონმა, გები დუგლასმა და სიმონა ბაილზმა.
სასამართლომ ექიმს, რომელსაც სხვა ცოდვებიც მრავლად ჰქონდა, მათ შორის არასრულწლოვნებთან დაკავშირებული, თავისუფლების 175 წლით აღკვეთა მიუსაჯა.
მაცალე რა, სექსი!
2016 წლის ოლიმპიადაზე, რომელიც რიოში გაიმართა, ბრაზილიის ნაკრების წყალში მხტომელმა გოგონამ ინგრიდ ოლივეირამ, შეჯიბრების წინა დღეს, თანაგუნდელ ჯოვანი პედროსს სხვა ოთახში დაძინება სთხოვა - ამაღამ ნიჩბოსან პედრო გონსალვეშს ველოდები, სექსით უნდა დავკავდეთო. დაქალმა კი შეახსენა, რომ სპორტსმენებს შორის ინტიმური ურთიერთობა - ოლიმპიურ სოფელში დამკვიდრებული წესის დარღვევაა.
ყველაფერი სკანდალით დასრულდა. ვნებიანმა ოლივეირამ საწადელი მაინც აისრულა, დაქალმა (უკვე ყოფილმა) კი ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში დააბეზღა. ინგრიდს მომხდარის გამო ბოდიშის მოხდა დასჭირდა. რაც შეეხება სპორტულ შედეგებს, ბრაზილიელმა წყალში მხტომელებმა ფინალში ბოლო ადგილი დაიკავეს, შეჯიბრის შემდეგ კი გადაწყვიტეს, რომ დუეტში აღარასდროს იასპარეზებენ.
სექს-ნოკაუტები
სექსსკანდალებით განთქმულ ოლიმპიადად რიო 2016 თამამად შეიძლება მივიჩნიოთ. თამაშების დროს, ოლიმპიურ სოფელშივე დააკავეს 22 წლის ნამიბიელი მოკრივე ჯონას ჯუნიუსი, რომელიც გაუპატიურების მცდელობაში იყო ეჭვმიტანილი. როგორც ირკვევა, მოკრივე დამლაგებელს აეკიდა, ქალს ჯერ კოცნა და მოფერება დაუწყო, შემდეგ კი ინტიმური კავშირის სანაცვლოდ თანხაც შესთავაზა. შეურაცხყოფილმა დამლაგებელმა ეს ყველაფერი პოლიციას აცნობა.
ნამიბიელი ერთადერთი მოკრივე არ იყო ბრაზილიაში, ვინც თავის ხელში აყვანა ვერ მოახერხა. მსგავსი ისტორია მაროკოელ მოკრივეს, ჰასან საადსაც გადახდა, რომლისგანაც ქომაგები მაღალ შედეგებს ელოდნენ. 22 წლის სპორტსმენი, ოლიმპიური სოფლის ერთბაშად ორმა ოფიციანტმა ბრაზილიელმა გოგონამ დააბეზღა. ჰასანი დააკავეს და მისდა საბედნიეროდ, იმავე დღეს გაათავისუფლეს, თუმცა, მისი გვარი ოლიმპიურ პრიზიორების ჩამონათვალში ვერ მოხვდა.
იაპონური კოცნა
2014 წელს სექსსკანდალი იაპონიაში აგორდა, რომლის ფიგურანტები ქვეყნის ფიგურული სრიალის ფედერაციის პრეზიდენტი სეიკო ჰაშიმოტო და ოლიმპიური თამაშების პრიზიორი დაისუკე ტაკაჰაში იყვნენ.
ინტერნეტში გავრცელდა კადრი, სადაც 49 წლის ჰაშიმოტო 28 წლის დაისუკეს კოცნის. ამბობდნენ, რომ ფოტო სოჭის ოლიმპიადის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ საღამოზე იყო გადაღებული.
ამ ამბავთან დაკავშირებით, იაპონური ჟურნალი Shukan Bunshun წერდა, რომ სპორტსმენი გოგონა, რომელიც გათხოვილი და სამი შვილის დედა იყო, წინააღმდეგობას არ უწევდა მამაკაცს, მაგრამ სამაგიეროდ, არც გრძნობით პასუხობდა "მოძალადეს".
სექს-ინტერვიუ?
ოლიმპიადაზე მხოლოდ სპორტსმენები არ ცუღლუტობენ. მაგალითად, NBC-ის თანამშრომელმა გოგონამ ერთ დღეს განაცხადა, რომ სოჭის 2014 წლის ოლიმპიადაზე ყოფნის დროს, მას ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წამყვანი, მეთ ლაუერი, სექსუალურად ავიწროებდა.
ეს ბატონი მთელი 20 წლის განმავლობაში იყო დილის შოუ The Today Show-ს სახე. გოგონამ კი სკანდალური ამბავი მოგვიანებით, 2017 წელს მოყვა. მას მხარი ტელეკომპანიის სხვა თანამშრომელმა გოგონებმაც აუბეს და საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ სანიმუშო მეოჯახის იმიჯის მქონე ლაუერი სინამდვილეში "სექსის ჟინით გონებადაბინდულ" მამაკაცი ყოფილა.
შიდა გამოძიების შემდეგ, მეთ ლაუერი სამსახურიდან გაათავისუფლეს, სადაც წელიწადში 20 მილიონ დოლარს იღებდა.
კარგად ნაცნობი პეტერი
სკანდალებზე საუბარს ძიუდოში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონით, ავსტრიელი პეტერ ზაიზენბახერით დავასრულებთ, რომელიც საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს 2010-12 წლებში წვრთნიდა.
სკანდალური საქმე 1990-იან წლების ბოლოს უკავშირდება, როდესაც პეტერი ვენის ერთ-ერთ სპორტულ კლუბში მუშაობდა. ავსტრიულმა სასამართლომ ზაიზენბახერს ბრალი ორ არასრულწლოვან გოგონასთან სექსუალური ხასიათის დანაშაულში დასდო და მასზე ძებნაც გამოაცხადა.
პეტერ ზაიზენბახერი შარშან შემოდგომით კიევში დააკავეს, თუმცა უკრაინულმა მართლმსაჯულებამ ყოფილი ძიუდოისტის სამშობლოში ექსტრადაციისგან თავი შეიკავა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.