EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« სათესლე ჯირკვალზე რაღაც ზედმეტი აღმოაჩინეთ? »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: lolipop

თარიღი: 2018-09-03 10:17:25

სათესლე ჯირკვალზე რაღაც ზედმეტი აღმოაჩინეთ?
man
გასინჯვისას სათესლე ჯირკვალზე რაიმე ზედმეტის აღმოჩენა ალბათ შეგაშფოთებთ. უნდა დაგეთანხმოთ - თუ ადრე არაფერი ისინჯებოდა, ცვლილების შემჩნევა ნამდვილად დამაფრთხობელია. მაგრამ აქვე მინდა გაგამხნევოთ და განუგეშოთ, რომ, როგორც წესი, ასეთი წარმონაქმნი სიცოცხლეს არ ემუქრება. მიუხედავად ამისა, აუცილებელია ზუსტი კლინიკური დიაგნოზის დასმა, ანუ დადგენა იმისა, თუ რა ისინჯება დამატებით თქვენი სათესლე ჯირკვლების არეში.
 
რა შეიძლება იყოს იმ სიმაგრის, შეშუპების ან გამობურცულობის მიზეზი, რომელიც სათესლე ჯირკვლების არეში ისინჯება?
 
უპირველესად, მინდა განვიხილო ნებისმიერი გასინჯული სიმაგრის, შეშუპების, გამობურცულობის, ცალი სათესლე ჯირკვლის ზომაში მატების ყველაზე რთული შემთხვევა - სათესლე ჯირკვლის კიბო. ამ დროს, როგორც წესი, სულაც არ არის აუცილებელი, ერთ-ერთი სიმპტომი ტკივილი იყოს. სათესლე ჯირკვლის კიბო საკმაოდ იშვიათი დაავადებაა და 15-დან 35 წლამდე მამაკაცებში ვლინდება, თუმცა მისგან აბსოლუტურად დაცული არც სხვა ასაკის მამაკაცები არიან. თუ თქვენს ოჯახში იყო სათესლე ჯირკვლის სიმსივნის შემთხვევა, ან თავად გქონდათ სათესლე პარკში ჩამოუსვლელი სათესლე ჯირკვალი (ორივე მხარეს), მაშინ თქვენი რისკფაქტორი უფრო მაღალია. დღეს სათესლე ჯირკვლის კიბო ყველაზე იოლად სამკურნალო მართვად კიბოდ ითვლება. ძალზედ ბევრი მამაკაცი კარგად გრძნობს თავს მკურნალობის შემდეგ და ცხოვრებას განაგრძობს. ბევრი კი დროული ორქექტომიის შედეგად (სათესლე ჯირკვლის ამოკვეთა) მთლიანად იკურნება. ზოგს დამატებითი ოპერაცია და სათანადო თერაპია სჭირდება. ყველაფერი სიმსივნის ტიპსა და მოცულობაზეა დამოკიდებული. რასაკვირველია, ცალი სათესლე ჯირკვლის დაკარგვა არავის უხარია, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ და გავითვალისწინოთ, რომ დარჩენილ სათესლე ჯირკვალსაც შეუძლია ტესტოსტერონის გამოყოფა და მამაკაცის ნაყოფიერების შენარჩუნება.
 
სათესლე ჯირკვლის სიმსივნის კლინიკურ დიაგნოზს თქვენ თვითონ ვერ დასვამთ. თუ რაიმე წარმონაქმნი გესინჯებათ, რეკომენდებულია დროულად მიმართოთ ექიმ-უროლოგს. უპირველესად სათესლე ჯირკვლების ულტრაბგერითი კვლევა ჩაგიტარდებათ და შესაბამისი კლინიკური დიაგნოზი მისი შედეგის საფუძველზე დაისმება.
 
რასაკვირველია, სათესლე ჯირკვლების არეში სიმაგრის, შეშუპების ან გამობურცულობის სხვა მრავალი მიზეზი არსებობს. მათ შორის ყველაზე ხშირია:
 
კისტა
 
 
მცირე ზომის სითხოვანი წარმონაქმნი, რომელიც შეიძლება განვითარდეს სათესლე ჯირკვლის დანამატში ან ქსოვილებში ჯირკვლის გარშემო. კისტა შესაძლოა იყოს ერთი ან რამდენიმე, როგორც წესი, არ იწვევს ტკივილს და ისინჯება როგორც პატარა ბურთულა. თუ კისტამ ზრდა დაიწყო და მტკივნეულიც გახდა, მაშინ ექიმი უროლოგი ამოკვეთს მას. 
 
კალციფიკატები
 
 
ძალზედ მცირე ზომის მკვრივი სტრუქტურები, რომლებიც შესაძლოა სათესლე ჯირკვალში ან სათესლე სადინარების გასწვრივ იყოს განლაგებული. ისინი არასოდეს იწვევს ტკივილს და ძალიან იშვიათად ხდება ამოსაკვეთი.
 
სითხის ჩადგომა (ჰიდროცელე)
 
 
სათესლე ჯირკვლის გარშემო შესაძლოა ჩადგეს სითხე. სხვა ფაქტორებთან ერთად მისი მიზეზი ტრავმაც შეიძლება იყოს. თუ სითხის რაოდენობა იზრდება და ტკივილიც იმატებს, აუცილებელია ქირურგიული ჩარევა.
 
ანთება
 
 
სათესლე ჯირკვლის ან მიმდებარე ქსოვილის ნებისმიერი ანთების შემთხვევაში ისინჯება სიმაგრე, რომელიც მკურნალობის შემდეგაც შეიძლება რამდენიმე თვის განმავლობაში შენარჩუნდეს. გართულებისას დროული ზომების მისაღებად რეკომენდებულია ექიმ-უროლოგის მეთვალყურეობა.
 
ვარიკოცელე
 
 
სათესლე ჯირკვლების ვენების ვარიკოზული გაფართოება. შეიძლება ისინჯებოდეს როგორც შეშუპება. თუ ის ტკივილის მიზეზიც ხდება, მაშინ რეკომენდებულია ქირურგიული ჩარევა.
 
თიაქარი
 
 
ნაწლავის მარყუჟის ჩამოსვლა სათესლე ჯირკვლების პარკში. შესაძლოა ისინჯებოდეს როგორც რბილი მასა. ამ კლინიკურ შემთხვევაში რეკომენდებულია ქირურგიული ჩარევა.