EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ეს პატერიკი, სულისათვის დიდი სარგებლის მომტანია! »
კატეგორია: რელიგიაავტორი: admin
თარიღი: 2022-08-02 22:58:55
დიდი სათნოების მქონე, ღმრთის შთაგონებით მოღვაწე ერთი ასკეტი მამა მონასტერში მივიდა, მაგრამ ცარიელი სენაკი ვერ იპოვა.
მაშინ სხვა მონაზონმა, რომელსაც ზედმეტი სენაკი ჰქონდა, შესთავაზა, რომ უკეთესის პოვნამდე იქ გაჩერებულიყო.
წმინდა ბერი დაემორჩილა და იქ დაბინავდა.
ამ ბერს მადლიანი სიტყვა ჰქონდა და დაუზარელი იყო.
ამიტომ ხშირად აკითხავდნენ ხოლმე სულიერად სასარგებლო სწავლების მისაღებად და მოსაკითხსაც ხშირად მიართმევდნენ ხოლმე.
ამის შემყურე სენაკის პატრონმა დრტვინვა და საყვედურები დაიწყო, ამდენი ხანია აქ ვარ, ვმარხულობ და ვიღწვი, და არავინ მოდის ჩემთან, ამ ახალ მოსულს კი მეტ პატივს სცემენო.
იგი ეშმაკეული შურით აღივსო და თავის მოწაფეს დაავალა, წადი და იმ ბერს უთხარი, დატოვოს ჩემი სენაკი, რადგან თავადაც მჭირდებაო.
მივიდა მოწაფე წმინდა ბერთან, თაყვანი სცა და უთხრა, პატიოსანო მამაო, ჩემი მოძღვარი თქვენს ამბავს კითხულობს, ხომ კარგად ბრძანდებითო.
ბერმა მიუგო, ღმერთმა ადიდოს შენი მოძღვარი, გადაეცი, რომ ცოტა შეუძლოდ ვარ და სთხოვე, ჩემთვის ილოცოსო. წავიდა მოწაფე და თავის მოძღვარს უთხრა, ბერს შენი დანაბარები გადავეცი და მიპასუხა, სხვა სენაკს მოვძებნი და გადავალო.
ორი დღის შემდეგ კვლავ დაავალა მონაზონმა მოწაფეს, წადი და უთხარი, თუ საჩქაროდ არ გადავა, მივალ და ჩემი კვერთხით, ძალით გამოვაგდებო.
წავიდა ისევ ის გონიერი ძმა და უთხრა, ჩემმა მოძღვარმა შენი ავადმყოფობის ამბავი რომ გაიგო, ძალიან შეწუხდა და გამომგზავნა შენს სანახავად, ღმრთივ სულიერო მამაო, ხომ უკეთ ბრძანდებითო. მან უპასუხა:
გადაეცი შენს მოძღვარს, რომ კურთხეულ არს ღმერთი და კურთხეულ არს სული შენი ყოვლად პატიოსანი მოძღვრისა.
მისი წმინდა ლოცვით მე უკვე უკეთესად ვარო.
წავიდა ძმა და მოძღვარს უთხრა:
ბერმა შემოგითვალა კვირამდე მაცალოს, და შემდეგ ღმრთის ნებით გადავალო. კვირაც რომ დადგა და არ წავიდა, სენაკის პატრონმა აიღო კვერთხი და წავიდა, რომ ცემით გამოეგდო იქედან.
მოწაფემ უთხრა:
მამაო,
ცოტა შეიცადე,
ჯერ მე მივალ,
თორემ ვაითუ ვინმე იყოს მასთან სენაკში და დაბრკოლდესო.
სწრაფად მივიდა მოწაფე წმინდა ბერთან და უთხრა, ჩემი მოძღვარი მოდის შენთან, ღმერთშემოსილო მამაო, რომ თავის სენაკში გიწვიოს და პატივი გცესო.
ეს რომ ბერმა გაიგო, სწრაფად გამოვიდა მის მისაგებებლად, შორიდანვე თაყვანი სცა და უთხრა, ყოვლად სანატრელო მამაო, შენ ნუ შეწუხდები ჩემნაირ უღირსთან მოსვლით, მე თითონ მოგეახლებიო.
ღმერთმა მოწაფის ასეთი მშვიდობისმყოფელობა და ბერის სიმდაბლე რომ იხილა, შეიწირა.
შურის ეშმაკი განაშორა სენაკის პატრონ მონაზონს.
ისიც სინანულში მოვიდა, კვერთხი გადააგდო, თაყვანი სცა და ეამბორა წმინდა ბერს.
ამბორების და მოკითხვის შემდეგ კი წაიყვანა თავის სენაკში.
ბერი სულიერად და წრფელი გულით ესაუბრებოდა, თითქოს არაფერი შეეთვალა მისთვის.
მონაზონმა მოწაფეს ჰკითხა:
შვილო,
ნუთუ შენ მას ჩემს დანაბარებს არაფერს ეუბნებოდიო.
არაფერსო,
- უპასუხა მოწაფემ.
გაიხარა ბერმა და მიხვდა, რომ ყოველივეს ეშმაკისეული შურით აკეთებდა, დაემხო თავისი მოწაფის წინაშე და უთხრა, ამიერიდან შენ ხარ ჩემი მოძღვარი და მე კი - მოწაფე.
შენ ისეთი საოცარი სიბრძნე გამოიჩინე, რომ შენი ძალისხმევით ორივე ჩვენთაგანის სული იხსენი.
ამით აღასრულე უფლის მცნება,
„ნეტარ იყვნენ მშვიდობის მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღვთისად იწოდნენ“ (მთ. 5.9).
ამ მოწაფის სიბრძნის ხელოვნება ვინც მოისმინა, განცვიფრებული დარჩა.
მისი საქციელი მკვდრების გაცოცხლების სასწაულზე უფრო დიდად ჩათვალეს, რადგან ხორციელად აღმდგარი მკვდარი შემდეგ ისევ კვდება, ამგვარად სულიერად აღმდგარი კი აღარ დაეცემა.
დაეცემა მხოლოდ შურის ეშმაკი ქრისტეს ძალით, რომლისაც არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.
ამინ!