EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« კამელია - უსულგულო ყვავილი »

კატეგორია: ხეები-მცენარეები

ავტორი: admin

თარიღი: 2013-05-25 13:12:58

კამელია - უსულგულო ყვავილი

კამელია

კამელია - უსულგულო ყვავილი

ანტიკურ მითოლოგიაში აღწერილია კამელიის წარმოშობის ამბავი: სიყვარულის ღმერთმა ამურმა დედამიწის ბინადარნი თავისი ისრებით დაჭრა და სატურნისკენ გაფრინდა. იქ მან ყინულის მზეთუნახავები იხილა. სამწუხაროდ, ამურის სასიყვარულო ისრებმა მათ ცივ გულებში ვერ შეაღწია. 

გულდაწყვეტილმა და შეურაცხყოფილმა ამურმა დედასთან, სიყვარულის ქალღმერთ ვენერასთან დაიჩივლა, რომ სატურნელ ქალებს ისეთი ყინულივით ცივი გული აქვთ, სიყვარული არ ძალუძთო. დედიკომ შეიბრალა შვილი და გადაწყვიტა უსულგულო ქალებზე შური ეძია - ისინი უსუნო ყვავილებად აქცია.

კამელია


კამელიის ყვავილი უმეტესად თეთრი, ვარდისფერი ან წითელია. არის რამდენიმე ყვითელყვავილოვანი ჯიშიც. უკანასაკნელ პერიოდში ვიეტნამში აღმოაჩინეს კამელია ლილისფერი ყვავილებით.

კამელიის სამშობლო იაპონიის კუნძულები სიკოკუ და კიუსიუა. აქაური კლიმატის თავისებურების გამო (მთებში დაბალი ტემპერატურა) კამელია ბუჩქივით, ზოგჯერ კი ხის სახითაც იზრდება. კამელიის ფოთლები მთელი წლის განმავლობაში მწვანე და ხასხასაა. 

ამიტომ მას ხშირად საფლავების მოსართავად იყენებენ. წელიწადში ერთხელ კი, როდესაც კამელია აყვავდება, ეწყობა ფარნების დღესასწაული. ამ დღეს ტაძრებში ტარდება წირვა, ხოლო საფლავებს რთავენ კამელიებითა და ანთებული ფარნებით.

კამელიის ბუჩქებით ალამაზებენ არა მარტო ტაძრებსა და სასაფლაოებს, არამედ სკვერებს, ბაღებს და მდიდრების სასახლეებს.

იაპონელების სიყვარული კამელიისადმი აიხსნება არა მხოლოდ მისი სილამაზით, არამედ პრაქტიკული მოსაზრებითაც. პარფიუმერიასა და კოსმეტიკის მრეწველობაში კამელიის თესლების ზეთს იყენებენ საუკეთესო პომადების დასამზადებლად, ფოთლების ნახარში კი თმისთვის უებარი ელექსირია, რომელიც მას ბზინვარებას ანიჭებს და თან არომატულიცაა.


კამელიის ქერქსა და ფესვებს იყენებენ მედიცინაშიც, კუჭ-ნაწლავის დარღვეული ტრაქტის მოსაწესრიგებლად.
იაპონურ-ჩინური კამელიის ფოთლებისგან იღებენ ეთერზეთებს, რომელიც ევგენოლის 97%-ს შეიცავს.

ცნობილია, რომ კამელიისგან ჩაის ამზადებენ, ჩვენთვის ჩვეულ შავ ან მწვანე ჩაის აკეთებენ ჩინური კამელიის ფოთლებისგან ან ინდური კამელიისგან.

ევროპაში კამელია პირველად XVI საუკუნეში გამოჩნდა. ამ მცენარემ დასახელება მიიღო იეზუიტი ბერის იოსებ კამელისგან, რომელმაც კამელიის ბუჩქი ფილიპინებიდან ესპანეთში ჩაიტანა და იქიდან მთელ ევროპაში გავრცელდა.

საფრანგეთში კამელიას ისეთივე აჟიოტაჟით შეხვდნენ, როგორც თავის დროზე ტიტებს - ევროპაში. კამელია დიდგვაროვანთა და მდიდართა ყვავილად და ძვირფას საჩუქრად მიიჩნეოდა. 

კამელიის ყვავილი თვეში ოცდახუთი დღე თეთრია, ხუთი დღე კი - წითელი. მისი ფოთლები თითქოს ცვილისგან არის შექმნილი და უსიცოცხლოდ გამოიყურება. ეს ყვავილი ადამიანს კიდეც იზიდავს და კიდეც განირიდებს. 

ამიტომაც მას ლამაზ, მაგრამ უსულო ყვავილად აღიქვამენ და იგი იმ ლამაზი, მაგრამ უსულგულო ქალების სიმბოლოდ იქცა, ვინც მამაკაცს ატყვევებს, თუმცა კი არ უყვარს.

ალექსანდრე დიუმას რომანის ("ქალი კამელიებით") სიუჟეტს საფუძვლად რეალური ამბავი დაედო. რომანი იმ პერიოდში დაიწერა, როდესაც კამელიამ მისი თაყვანისმცემლების გული დაიპყრო. 

ნაწარმოების პერსონაჟი პარიზის ულამაზეს ქალად აღიარებული მარი დიუპლესი იმდენად იყო ამ ყვავილზე შეყვარებული, რომ კამელიას არ იშორებდა. როდესაც მარი გარდაიცვალა, მისი საფლავი კამელიის ყვავილებით დაფარეს.