EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« როგორ აპირებს მთავრობა მტვერთან ბრძოლას »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი:

თარიღი: 2013-07-18 21:16:14

საქართველოს სამ ქალაქში - ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში მიმდინარე წლის ბოლო ოთხი თვის (მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი) მონაცემებით, ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეული მავნე ნივთიერებები დასაშვებ ზღვარს რამდენჯერმე აჭარბებს.

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის მონაცემებით, ბათუმში ივნისში მტვრის რაოდენობა დასაშვებზე 3,3-ჯერ მეტი იყო, რაც აღემატება მარტის თვის მაჩვენებელს – მაშინ ბათუმში მტვრის რაოდენობა დასაშვებ ნორმაზე 2,7-ჯერ მეტი იყო.

 

მტვერი, გოგირდის დიოქსიდი, ნახშირჟანგი და აზოტის დიოქსიდი - ეს არის ის ოთხი ძირითადი ნივთიერება, რომლის ნორმას ზომავენ.

 

„მთავარი დამაბინძურებელი ფაქტორი მაინც ავტოტრანსპორტია, რადგანაც მრეწველობა არ მუშაობს, ახლა გათბობის სეზონიც არ არის, ამიტომ ძირითადად ავტოტრანსპორტიდან ბინძურდება ჰაერი," - განუცხადა „ბათუმელებს" გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ თამარ მაღლაკელიძემ.

 

ქვეყნის მასშტაბით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი სპეციალური ჯიხურების მეშვეობით სულ ხუთ ქალაქში ხორციელდება: თბილისში (სამი ჯიხური), რუსთავში, ზესტაფონში, ქუთაისსა და ბათუმში.

 

„ავტოტრანსპორტის წილი ქვეყნის მთლიან გაფრქვევებში დაახლოებით 71%-ს შეადგენს და ამ სექტორიდან გაფრქვევების დინამიკა სწრაფად მზარდია. ეს განსაკუთრებით იგრძნობა დიდ და ტრანსპორტით გადატვირთულ ქალაქებში. ამ კუთხით ყველაზე მწვავე მდგომარეობა თბილისშია, სადაც მთლიანი სატრანსპორტო საშუალებების დაახლოებით ერთ მესამედზე მეტია თავმოყრილი. ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებიც გამონაბოლქვ აირთან ერთად ხვდება ატმოსფეროში, რეალურ საფრთხეს უქმნის მოსახლეობას, რომელიც ამ მავნე ზეგავლენის ქვეშ იმყოფება. ეს კიდევ უფრო ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ თბილისის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ერთ-ერთ პრიორიტეტულ გარემოსდაცვით პრობლემას წარმოადგენს და რომ საჭიროა დაუყოვნებელი ზომების გატარება მის გადასაწყვეტად," - ეს ნაწყვეტია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოში სატრანსპორტო საშუალებებიდან გარემოს დაბინძურების შემცირების ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ" სახელმწიფო პროგრამის პროექტიდან.

 

„ეს არის სამინისტროს ინიციატივა, რომელიც მოიწონა მთავრობამ და გამოსცა შესაბამისი დადგენილება, რომ შექმნილიყო კომისია პროგრამის შესამუშავებლად. პროექტი გასაჯაროვდა 20 ივნისს განხილვისა და შენიშვნების მისაღებად. შენიშვნების მიღების 
პროცედურა დასრულებულია უკვე და დოკუმენტი გაიგზავნება მთავრობაში დასამტკიცებლად. უმთავრესი ზეგავლენა ავტოტრანსპორტიდან გარემოზე არის მისი გამონაბოლქვი. შესაბამისად მთავარი აქცენტი გაკეთებულია გამონაბოლქვზე. აქ ლაპარაკია როგორც ავტოპარკის ტექნიკურ გაუმჯობესებაზე, ისე საწვავის ხარისხის გაუმჯობესებაზე, რაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორია გამონაბოლქვის შესამცირებლად. საუბარია ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებაზე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ზოგადად ჰაერის ხარისხისა და ადამიანის ჯანმრთელობის შესაბამის კვლევებზე," - განაცხადა „ბათუმელებთან" საუბარში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ნოე მეგრელიშვილმა.

 

ავტოპარკის ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ძველი ავტოპარკის თანდათანობითი განახლება/გაახალგაზრდავება, საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) ხარისხის გაუმჯობესება, სატრანსპორტო ნაკადების მართვის 
ოპტიმიზაცია და საქალაქო საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების ხელშეწყობა, საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება და ჰაერის ხარისხისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი - ეს არის ჩამონათვალი, რომლის მოწესრიგების შედეგად პრობლემა შეიძლება მოგვარდეს.

 

 

იმ შემთხვევაში, თუკი მთავრობა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარდგენილ პროექტს დაამტკიცებს, მისი შესრულება რამდენიმე სახელმწიფო უწყებას ერთობლივად მოუწევს, კონტროლს კი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო განახორციელებს.

 

საქართველოს სხვა ქალაქებში ივნისის მონაცემები ასეთია: ივნისში ქუთაისში მტვერი 5,1-ჯერ მეტი იყო, გოგირდის დიოქსიდი - 3,2-ჯერ მეტი, ნახშირჟანგი - 1,4-ჯერ მეტი, აზოტის დიოქსიდი - 3-ჯერ მეტი. თბილისში მტვერი 4-ჯერ მეტი, გოგირდის დიოქსიდი 2,6-ჯერ, აზოტის დიოქსიდი 3-ჯერ, ხოლო ნახშირჟანგი ნორმაში იყო.