EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ვინ ჩუნი »
კატეგორია: საბრ. ხელოვნებაავტორი: admin
თარიღი: 2013-07-19 16:31:50
ვინ-ჩუნის სკოლებში მოწაფე ისევე, როგორც კუნ ფუს თითქმის ყველა სტილის სკოლაში, სწავლას ფორმის დასწავლითა და მეცადინეობით იწყებს. ფორმა ერთ სტილს შესაძლოა ერთი ან რამდენიმე ჰქონდეს, ზოგიერთ სტილს რამდენიმე ასეულიც კი. ვინ-ჩუნი ერთ-ერთი უიშვიათესი სტილია, რომელიც მოძრაობათა მაქსიმალური ეკონომიურობითა და სიმცირით გამოირჩევა და აქედან გამომდინარე ფორმათა შეზღუდული რაოდენობითაც.
,ვინ-ჩუნ კუნგ-ფუ’’ არის ჩინური საბრძოლო ხელოვნება, რომელიც წარმოიშვა ჩინეთში დაახლოებით 300 წლის წინათ. მეცნიერთა და მკლევართა თანახმად ვინ-ჩუნი ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და პრაქტიკულ სახეობად მიიჩნევა. მისი პრინციპი შემდეგში მდგომარეობს:ძლიერი მაშინ ხარ, როცა შენზე ძლიერს დაამარცხებ. ლეგენდის თანახმად ვინ-ჩუნის გამომგონებლად ითვლება მონაზონი ქალი სახელად ლუკ-მუი. გველისა და წეროს ბრძოლაზე დაკვირვებით მან შექმნა უნიკალური საბრძოლო სახეობა, რომელიც ქალის სუსტი სხეულის შესაძლებლობებს შეუსადაგა.
გარკვეული დროის შემდეგ ლუკ-მუიმ არსებული ცოდნა გადასცა ახალგაზრდა გოგონას ვინ-ჩუნს (მუდმივი გაზფხული) საინტერესოა ამ გოგონას ისტორია, რომელიც მართლაც ლამაზ ზღაპარს მოგვაგონებს. მას ათხოვებდნენ სახელგანთქმულ ჩინელ მეომარზე, რომელიც არ უყვარდა, ამის გამო პირობა დადო მომავალ საქმროსთან: თუ ის ბრძოლაში დაამარცხებდა მაშინ გახდებოდა მისი ცოლი, თუმცა მოხდა სასწაული, სუსტი სქესის წარმომადგენელმა სახალხოდ სასტიკად დაამარცხა სახელოვანი მებრძოლი, რის შემდეგაც ცოლად გაჰყვა მას ვინც უყვარდა. მისი მეუღლე იყო პირველი, ვისაც ასწავლა საბრძოლო ხელოვნების ეს სახეობა, ხოლო სიკვდილის შემდეგ, ქმარმა მის საპატივცემულოდ ბრძოლის ამ სახეობას ვინ-ჩუნი უწოდა.
ვინ-ჩუნს განვითარების ეტაპზე დაემატა ცივი იარაღით ბრძოლის ხერხები, ეს არის გრძელი ხის ჯოხი და შეწყვილებული დანები, რომლებსაც “პეპლებს” უწოდებენ. საბრძოლო ხელოვნების ოსტატები იყვნენ: მო-იატი, ლიანგ-ბიკი და იპ-მენი. ამ უკანასკნელს დიდი წვლილი მიუძღვის ვინ-ჩუნის გავრცელებაში, არამარტო ჩინეთში არამედ ევროპასა და ამერიკაში. იპ- მენი ამბობდა: ვინ-ჩუნს ბევრი ვარჯიშობს, მაგრამ ნამდვილი ვინ-ჩუნისტი მხოლოდ მცირედი თუ იქნებაო. მის მოსწავლედ ითვლება გამოჩენილი მსახიობი და საბრძოლო ხელოვნების ოსტატი ბრუს ლი.
ვინ-ჩუნი ვითარდება დღესაც და ვითარდება მთელ მსოფლიოში. სახელგანთქმული ოსტატები არიან ავგუსტინო ფონგი და ლიანგ-ტინი. ეს უკანასკნელი ჰონგ-კონგში ცხოვრობს, ხოლო მისი ორგანიზაცია მსოფლიოს ყველა კონტინენტზე მდებარეობს, დიდად გავრცელებულია ევროპაში, მოკლედ რომ ვთქვთ აქ ვინ-ჩუნის ბუმია. ორგანიზაციის ცენტრი კი გემრანიაშია, რომელსაც ხელმძღვანელობს სი-ჯო ქენჩ-ფეში.
სამი უიარაღო და უხელსაწყო ფორმიდან პირველი ფორმა ერთ ადგილზე დგომით სრულდება. ფორმა თავის თავში სწორი დგომის ვარჯიშსა და ხელებით მოძრაობის თითქმის სრულ სპექტრს შეიცავს. დამწყებისთვის ნათელი ხდება დგომითა და პირველივე მოძრაობებით, რომ ეს მოძრაობები „არაჩვეულებრივია“, ანუ ჩვეულებრივი ადამიანური მოძრაობებისგან მკვეთრად განსხვავდებიან. თუმცა ვინ ჩუნი ის ერთ-ერთი უიშვიათესი სტილია, სადაც მებრძოლის მოძრაობები იმდენად ეკონომიური და „ჩვეულებრივია“, რომ არც გამოირჩევიან სანახაობრივად. თვით ვინ ჩუნის სკოლიდან გამოსული ბრუს ლიც კი ვერ იყენებდა ფილმებში ვინ ჩუნის ილეთებს, რადგან სანახაობრივი თვალსაზრისით ეს მოძრაობები ძალიან შეზღუდულია სივრცის მოცვით და „ელეგანტურობით“. ამ მოძრაობათა ელეგანტურობას მოგვიანებით მივუბრუნდებით. კუნ ფუს სამყაროში მოძრაობათა „არაჩვეულებრივობის“ წარმოშობასა და მნიშვნელობას თავისი ისტორია გააჩნია.
ძველი დროიდან მოყოლებული, თვით წინა რამდენიმე საუკუნის ჩათვლით საბრძოლო ხელოვანების დიდოსტატები, სკოლისა და სტილის ფუძემდებლები არა მხოლოდ იღებდნენ ცოდნას მასწავლებლისგან, არამედ ცოდნის გაუმჯობესებასა და ჩაღრმავებაზეც ირჯებოდნენ. ამის მიზეზი უამრავი რამ შეიძლება ყოფილიყო: სხვა ოსტატი ბრძოლისას იყენებდა უცნაურ ილეთებს, რომლის საწინააღმდეგოდ უკვე ნასწავლი და ცნობილი, საკუთარი ილეთები გამოუსადეგარი აღმოჩნდებოდა, ან დაუფლებული ხელოვანება ვერ ჭრიდა უფრო ძლიერ მოწინააღმდეგესთან, ან უფრო სწრაფ თუ მოქნილთან, თავს იჩენდა უამრავი წვრილმანი, რომელიც ცალ-ცალკე უამრავ კითხვას ბადებდა, ამოხსნა კი ერთიანი, სისტემური უნდა ყოფილიყო. სწორედ ასეთ ერთიან სისტემურ პასუხს დიდი ოსტატები ბუნებაში აღმოაჩენდნენ. ბუნების სამყაროში ცხოველთა, ფრინველთა, მწერთა, თუ გამოგონილ არსებათა მოძრაობებში იმ პრინციპებს პოულობდნენ, რომლებიც პასუხს იძლეოდნენ დასახული მიზნის მისაღწევად.
აქედან მომდინარეობს კუნ ფუს უამრავ სტილში ცხოველთა მოძრაობების მიბაძვა. სინამდვილეში აქ უბრალოდ მოძრაობების განმეორება ან გარეგნული მიბაძვაა არაა მთავარი, ოსტატს უნდა ესმოდეს ამ მოძრაობებში გამოვლენილი პრინციპი. აი, ეს პრინციპია მთავარი და გადამწყვეტი და არა გარეგნული დამსგავსება რომელიმე ცხოველის მოძრაობებთან.
კუნფუს ერთ-ერთი სტილი მაიმუნის სახელს უკავშირდება. ვინმე კაო სის ოფიცერი მოუკლავს. ციხეში ყოფნისას ის ფანჯრიდან მაიმუნებს აკვირდებოდა. 10 წლის შემდეგ როცა ციხიდან გამოსულა, მაიმუნის ქცევებისა და ხასიათის მიხედვით ახალი სტილი შეუქმნია.
კიდევ ერთი ლეგენდა ჩოქელაზე გვიამბობს. იყო ერთი ბერი შაოლინიდან, ვან ლანი, რომელსაც თავი ყველაზე მაგარი მოჩხუბარი ეგონა და ბერებს მუდმივად ორთაბრძოლაში იწვევდა. რა თქმა უნდა, ყოველთვის იმარჯვებდა, მაგრამ ერთხელაც ერთ უბრალო ბერს მიუბეგვია. ამ ამბავს ვან ლანი დაუფიქრებია და ერთი წლით მთებში განმარტოებულა. იქ უცდია თავისი ტექნიკა გაეუჯობესებინა. როცა უკან დაბრუნებულა, კვლავ გამოუწვევია ბერი ბრძოლაში და ისევ უცემიათ. კიდევ ერთხელ განმარტოებულა ვან ლანი და უფრო ღრმა ფიქრებს მისცემია. ერთ დილასაც ის ჩოქელასა და კუტკალიას ჩხუბს შეესწრო, გონება გაუნათდა და თავისი სტილი ჩოქელას ბრძოლის ილეთებით გაამდიდრა. დაბრუნდა შაოლინში და ყველა ბერი დაამარცხა. მოგვიანებით კი მეთოდები დახვეწა. ასე შეიქმნა კუნფუში ახალი, ჩოქელას სტილი.
რაც შეეხება წეროს, ის ჩინურ კულტურაში დღეგრძელობის აღმნიშვნელია. წერო ამავდროულად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სურათხატია საბრძოლო ხელოვნებაში. აზიურ მითოლოგიაში ფენიქსის შემდეგ წერო ყველაზე ცნობილი სიმბოლოა. მზესთან, ღრუბლებთან, ქვასთან, წყალთან, კუსთან, ფიჭვთან, ბამბუკსა და ატამთან ერთად დღეგრძელ ცხოვრებას აღნიშნავს. ამასთანავე წეროს წარმატების სურვილთან და სულიერ განვითარებასთანაც აიგივებენ. იაპონიაში წერო, როგორც მონოგამურად მცხოვრები ფრინველი, ერთგულების, სიყვარულის, ხანგრძლივი და ბედნიერი ქორწინების სიმბოლოა. ამიტომაც თითქმის ყველა საქორწინო სამოსზეა გამოსახული.
წეროს მოძრაობები ბუნებრივი, ელეგანტური და ამავდროულად სიძლიერის გამომხატველია. ის სიმშვიდესა და არისტოკრატულობას ასხივებს.
ვინ ჩუნის მოძრაობებში გვაქვს წეროს მოძრაობების ადაპტაცია, თუმცა წეროს მოძრაობათაგან მხოლოდ ორი პრინციპია აღებული და აქედან გამომდინარე, ვინ ჩუნის საბრძოლო ხელოვანებაში ამ ფრინველს სხვაგვარად ვერც ამოიცნობთ. ეს ორი პრინციპი კი წეროსა და მელას, ან სხვა ვერსიით, წეროსა და გველს შორის გამართულ ბრძოლაშია ამოკითხული. თავდამსხმელი ცდილობდა წეროსთვის გვერდიდან შეტევას, წერო არ აძლევდა ამის საშუალებას, „სახით“, მკერდით უწყვეტად მტრისკენ ტრიალდებოდა. ეს პრინციპი გადამწყვეტია ვინ ჩუნის ორთაბრძოლაში, თუმცა მოძრაობაში ეს პრინციპი მხოლოდ იმაში გამოიხატება, რომ მებრძოლი მუდამ მკერდით მოწინააღმდეგისკენაა მიმართული, ნებისმიერი ცვლილება, ნებისმიერი მოძრაობა მოწინააღმდეგის მხრიდან ვინ ჩუნის მებრძოლში იწვევს სარკისებურ რეაქციას, შეტრიალება-მობრუნებას მკერდით მოწინააღმდეგის მიმართულებით და ასევე უმოკლეს საბრძოლო მანძილზე მიახლებას სწორედ ასეთი პრინციპის დაცვით. მეორე პრინციპი კი იმაში მდგომარეობს, რომ წერო საკუთარი თავის დასაცავად ფრთებს საკუთარ თავსა და თავდამსხმელს შორის აქცევდა. ეს პრინციპი ისეა ადაპტირებული ვინ ჩუნის ხელოვანებაში, რომ იდაყვი ყოველთვის მკერდიდან გამომავალი ვირტუალური ღერძის გასწვრივ მოძრაობს. ეს ღერძი მუდამ მოწინააღმდეგისკენაა მიმართული. აი, ამ პრინციპიდან გამომდინარე, ვინ ჩუნის ხელოვანებაში ხელის ნებისმიერი მოძრაობა, იქნება ეს მჯიღის კვრა, გაშლილი ხელით შეტევა, ხელებით საბრძოლო სივრცის მოპოვება თუ სხვა რამ, ყოველთვის იდაყვებით წარიმართება. იდაყვი შედის სხეულის ცენტრიდან, მზისწნულიდან ვირტუალურად გამომავალ ღერძზე და ისე ამოძრავებს მთელს ხელს. მჯიღის კვრის შესწავლისას მოწაფეს შედარების თვალსაზრისით უხსნიან, რომ მას შეუძლია წარმოიდგინოს მეკობრე, რომელსაც ხელის მტევანი აკლია და მტევნის ადგილას დანა აქვს დამაგრებული. აი, ახლა ეს დანა მოწინააღმდეგეს უნდა გაურჭოს. ოღონდ ამ „დანას“, მტევანს კი არ ამოძრავებს მოწაფე, არამედ იდაყვს. თავდაპირველად მოწაფე იდაყვის გრძნობას სწავლობს ხელის მოძრაობისას. მოგვიანებით, წლების შემდეგ, მოწაფე ეუფლება იდაყვში მთელი სხეულის ძალისა და წონის ჩადებას, რომ იდაყვის მოძრაობა დაიწყოს უკვე სხეულის ცენტრიდან, მენჯიდან.
ბუნებრივია, ასეთი „არაბუნებრივი“ მოძრაობები, მიუხედავად იმისა, რომ ეს მოძრაობები არ არიან აკრობატული ხასიათისა, საკმაოდ რთულია. დასაწყისში მათი დაუფლება გარკვეულ სიდინჯესა და მოთმინებას მოითხოვს, რომ ფსიქიკამ ეს მოძრაობები მიიღოს.
შემდგომში, როცა მოწაფე ნაბიჯებსაც სწავლობს, იგი ეუფლება ვინ ჩუნის ყველაზე დიდ „საიდუმლოებას“, შეასრულოს ნაბიჯის (მოწინააღმდეგისკენ მისაახლოვებლად უმოკლეს საბრძოლო მანძილზე) და მჯიღის კვრის ისეთი შეთანხმებულობა, რომ მჯიღში აღმოჩნდეს არა უბრალოდ ხელის გამშლელი კუნთის ძალა, არამედ მენჯიდან დაწყებული სხეულის მოძრაობის ძალაც. ეს კი იმის საშუალებას იძლევა, რომ უმოკლესი ნაბიჯით, უმსუბუქეს მებრძოლსაც შეუძლია გამანადგურებელი დარტყმა მიაყენოს უძლიერეს მეტოქესაც, თუ დარტყმა იმ მიზანს მიაღწევს, რასაც სწავლების მანძილზე მოწაფე სიჯიუტით ეუფლება. ეს მიზანი კი ადამიანის ყველაზე დაუცველი ნაწილია, ყელი ან სახის არე, თვალები. აი, ესაა ის სასწაულებრივი ჩი ენერგია, ეზოთერულ-ზღაპრული ძალა ჩია მოხუცის.
ამ „ელემენტარული“ მოძრაობის სწავლას და დაუფლებას საშუალოდ სამი წელი ინტენსიური ვარჯიში ესაჭიროება. შედარებისათვის, მოკრივე, რომელიც ყოველ დღე ორ-ორი საათი ხელთათმანებით თუ უხელთათმანოდ, ჩამოკიდებულ ქვიშით გატენილ მსხალზე დარტყმებს ვარჯიშობს, ორ-სამ თვეში ივითარებს დარტყმის ძალას, რომელშიც სხეულის ბრუნვითი ძალაცაა ჩადებული და ფეხის გაჭიმვის ძალაც. სხეულის წონის წინ გადანაცვლებით მოკრივეც აღწევს იმ ეფექტს, რომ დარტყმაში მთელი სხეულის წონას დებს. თუმცა ვინ ჩუნის მოძრაობა მოკრივის მოძრაობისგან არსებითად განსხვავდება. მოკრივე დარტყმის სულ სხვა პრინციპს მიმართავს. იგი გარკვეულ დისტანციაზე რჩება მოწინააღმდეგესთან, რომ ეფექტური დარჩეს და მისი წონა გადატანილია წინა ფეხზე. ვინ ჩუნის მებრძოლი კი იმდენად უახლოვდება მოწინააღმდეგეს, რომ ელტვის სწორედ ის ადგილი დაიკავოს, სადაც მოწინააღმდეგე ჯერ კიდევ იმყოფება, მისი სხეულის წონა ყოველთვის უკანა ფეხზეა. მოკრივე შეძლებისდაგვარად „გრძელ“ მოძრაობას ახორციელებს, მისი იდაყვი ცალსახად სხეულის მხრებს შორის არეს ტოვებს, დარტყმა „გარედან“ ხორციელდება, ერთ ძლიერ დარტყმას მაქსიმუმ მეორეც მიაყოლოს. ვინ ჩუნის მჯიღის კვრა ავტომატური იარაღიდან გასროლას ჰგავს, ორივე ხელი ერთიმეორეს ენაცვლება და ნაბიჯით მოწინააღმდეგის დევნა ხორციელდება. მოძრაობები მოკლეა და სწრაფი.
ვინ ჩუნში და ზოგადად კუნ ფუს საბრძოლო ხელოვანების სხვდასხვა სტილში ცალკეული მოძრაობები სამეტყველო ენის ანბანს შეგვიძლია შევადაროთ. მოძრაობები ხმოვნები და თანხმოვნები არიან და როგორც უცხო ენის შესწავლისას, შეუჩვეველი ბგერების წარმოთქმა ხშირად რთულია. სამეტყველო ენაში ანბანი, ხმოვნები და თანხმოვნები ენის შინაგან ლოგიკას ემორჩილებიან და არა შემთხვევით ნაკრებს წარმოადგენენ, ასევე საბრძოლო ხელოვანების ერთ სტილში მოძრაობებიც აუცილებლად ერთ შინაგან ლოგიკას უნდა ემორჩილებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ ილეთების მექანიკურ ნაზავს, რომელსაც შინაგანად ერთიანი, ჰარმონიული ჟღერადობა არ ექნება.
როგორც სამეტყველო ენაში ფონეტიკა, ანუ ბგერათა მწყობრი ჯერ მხოლოდ უმარტივესი საფეხურია ენისა, ასეა ფორმაში მოქცეული მოძრაობები საბრძოლო ხელოვანებისთვის. ფორმაში მოძრაობა არასდროსაა ისე მოცემული, რომ ეს მოძრაობა რამენაირად მიგვითითებდეს, რანაირად შეიძლება მისი გამოყენება.
მოძრაობათა ანბანის შესწავლის შემდეგ იწყება საბრძოლო ხელოვანების „გრამატიკის“ შესწავლა. გრამატიკა კი ყველა ენას თავისი აქვს. გარამატიკა ენის შინაგანი ლოგიკის გამომხატველია და მასზეა დამოკიდებული, რანაირად ახერხებს ენა ამა თუ იმ აზრის გამოთქმას. ასეა საბრძოლო ხელოვანებაშიც. ვინ ჩუნის „გრამატიკა“ აგებულია ოთხ საბრძოლო და ოთხ ძალის პრინციპზე. ეს რვა პრინციპი არასდროს ირღვევა და პასუხს იძლევა ნებისმიერ კითხვაზე. ყოველი მოძრაობა, მოძრაობათა თანმიმდევრობა, უბრალოდ რეაგირება განისაზღვრება და გამომდინარეობს ამ რვა პრინციპით შექმნილი „გრამატიკიდან“, შინაგანი ლოგიკიდან. ეს ლოგიკა კი გენიალურად მარტივი და ჰარმონიულია. სწორედ ეს გენიალურად მარტივი და ჰარმონიული ლოგიკა ხდის ვინ ჩუნს ძალიან ეფექტურ და ელეგანტურ ხელოვანებად.
ვინ ჩუნის ამ „გრამატიკის“, შინაგანი ლოგიკის შესასწავლად, თავისთავად ცხადია, სრულიად არაა საკმარისი რვა პრინციპის თეორიულად გაცნობა. მაგრამ სწავლა შეუძლებელია, თუ ჯერ ამ რვა პრინციპს თეორიულად არ გაიცნობ. ვინ ჩუნის მომხიბვლელობა იმაშიც მდგომარეობს, რომ თუნდაც ყველა პრინციპის თეორიული ცოდნით ვერ წარმოიდგენ, რანაირად შეიძლება ეს ცოდნა სხეულებრივ მოძრაობებში გამოიხატოს და მოწიინააღმდეგესთან ბრძოლაში განხორციელდეს. მაგრამ სწავლების პროცესში მოწაფე საკმაოდ სწრაფად ეუფლება პრაქტიკულ ცოდნას და იხიბლება, როცა ამ პრინციპებით თავადვე ახერხებს პასუხის პოვნას მისთვის უცნობ სიტუაციაშიც.
ეს რვა პრინციპი და კიდევ რამდენიმე „დამატებითი“, ანუ შემავსებელი პრინციპი ლაო ძის დაო დე ძინს ეხმიანება. აი, ვინ ჩუნის კიდევ ერთი ელეგანტურობა, რომ ასეთი სიბრძნე შეიძლება სხეულებრივადაც შეიმეცნო. ეს რვა პრინციპი კი მოკლედ ასე შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ: პირველი ოთხი ბრძოლის პრინციპია - თუ გზა (მოწინააღმდეგისკენ) ხსნილია, შეუტიე; დარჩი მიწებებული (მოწინააღმდეგეს); დიდ ძალას დაუთმე; უკან წასულ მოწინააღმდეგეს მისდიე. მომდევნო ოთხი, ძალის პრინციპი გვამცნობს: გათავისუფლდი საკუთარი ძალისაგან (დაძაბულობისგან); გათავისუფლდი მოწინააღმდეგის ძალისაგან (მოწინააღმდეგის მხრიდან მოქმედი ძალისაგან); გამოიყენე მოწინააღმდეგის ძალა მისსავე წინააღმდეგ; და მიუმატე მას საკუთარი ძალა.
ის, რაც თორიულად ერთ საათში შეგიძლია დაიზუთხო, პრაქტიკული დაუფლებისთვის აქტიურ, ბეჯით ვარჯიშს მოითხოვს. ამ მიზნით ვინ ჩუნს მარაგში უმშვენიერესი და უნიკალური სავარჯიშოები გააჩნია. ესაა ჩი საოდ წოდებული ვარჯიშები, რომელსაც მოვარჯიშეები წყვილებში მიმართავენ. ვარჯიში მრავალ კომბინაციას შეიცავს. წყვილი ვარჯიშს იწყებს კონტაქტით, ორივე მოვარჯიშე პირისპირ დგება. ხელები, რომლებიც საკუთარი სხეულის წინა სივრცეს იკავებს, კონტაქტშია მოწინააღმდეგის ხელებთან. მეორე პრინციპის თანახმად, ხელები კონტაქტში რჩებიან (დარჩი „მიწებებული“). ასე ხორციელდება კონტროლი მოწინააღმდეგეზე. კონტაქტის გაწყვეტა ავტომატურად მოითხოვს პირველი პრინციპის თანახმად შეტევას, რადგან კონტაქტის არქონა წინააღმდეგობის არქონასაც წარმოადგენს, ანუ გზა იხსნება მოწინააღმდეგისკენ. ხოლო ლოდინი მომაკვდინებელი იქნებოდა, რადგან კონტაქტის გამწყვეტი მოწინააღმდეგე სავარაუდოდ თავად ახორციელებს შეტევას. ვინ ჩუნის ერთ-ერთი ფუნდამენტალური პრინციპი კი გვამცნობს, არ დარჩე იქ, სადაც გიტევენ და თავს გესხმიან. აი, ამ პირველი ორი პრინციპით ხორციელდება ვარჯიშის „უმარტივესი“ კომბინაციების შესრულება. ხელები, რომლებიც კონტაქტშია მოწინააღმდეგის ხელებთან, ახორციელებენ უწყვეტ ლტოლვას მოწინააღმდეგისკენ, მაგრამ არა უხეში ძალისმიერი გზით, არამედ მოქნილი, დრეკადი, ელასტიური თვისებით, როგორც ზამბარა, რომელსაც თუ შეკუმშულ მდგომარეობაში ხელს გავუშვებთ, მთელი ძალით გაიშლება. მომდევნო საფეხურებზე ჩი საოს ვარჯიშები რთულდება. ერთი მოვარჯიშე კონტაქტის გაწყვეტის გარეშე იერიშზე გადადის, იყენებს ან ხელის მტევნებს ან იდაყვს მოწინააღმდეგის ხელების გზიდან ჩამოსაშორებლად. ამ შემთხვევაში მეორე მოვარჯიშე იწყებს მესამე საბრძოლო პრინციპის გამოყენების სწავლას, კერძოდ მოწინააღმდეგის დიდ ზეწოლას „თმობს“. ხელებისა თუ სხეულის ბრუნვითი ან გასვლითი მოძრაობით „ატარებს“ ამ ძალისმიერ შეტევას სიცარიელეში, ისე, რომ კონტაქტი არ წყდება და თავად ახორციელებს კონტრდარტყმას.
ვინ ჩუნის ასევე ფუნდამენტალური თვისებაა და პრინციპი, მცირედი მოძრაობებით შემოიფარგლოს და არა ასობით ეგზოტიკური მოძრაობით გაიმდიდროს მარაგი, რადგან ყველანაირ სიტუაციაში მაქსიმალურად ერთნაირად იმოქმედოს. მიუხედავად ამ პრინციპისა, მაინც გვაქვს სხვდასხვა სიტუაცია მოწინააღმდეგესთან კონტაქტისა, მოწინააღმდეგის მხრიდან შეტევის განხორციელებისა და აქედან გამომდინარე კონტრრეაქციებისაც, რაც საკმაოდ დიდი რაოდენობის სავარჯიშოებს წარმოშობს, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ქმედება ხორციელდება მხოლოდ ვინ ჩუნის თითებზე ჩამოსათვლელი პრინციპების ხელმძღვანელობითა და დაცვით.
ეს ვარჯიშები საოცრად ლამაზ თვისებებს ავითარებს. სხეული თავისუფლდება დაძაბულობისაგან, მაგრამ იმყოფება შეკუმშული ზამბარას მდგომარებოაში, რომელიც მზადაა ყოველ წამს გაიშალოს და სივრცე მოიცვას. ესაა ასევე ლაო ძის იმ ახალგაზრდა ბალახის მსგავსი მდგომარეობა, როცა ქარბუქმა ძლიერი და მყარი ხეები ძირფესვიანად მოთხარა, სუსტ ბალახს კი ვერა დააკლო რა, იმიტომ რომ ბალახი ქარს კი არ დაუხვდა, გადაიხარა და დარტყმის ძალა სიცარიელეში გაატარა. ესაა ასევე მშვენიერი განცდა, როცა საკუთარ სხეულს აღიქვამ, როგორც წყალს, რომელიც მიედინება, წინააღმდეგობა ვერ აჩერებს და გზას შემოვლით აგრძელებს. ესაა აგრეთვე წყლის ჭავლის შეგრძნება, როცა ჭავლის ერთ მონაკვეთს მოიგერიებ, მაგრამ მომდევნო ჭავლი მაინც შეგესხმება. ასევეა ვინ ჩუნის მჯიღის კვრის უწყვეტი ჭავლი, მოწინააღმდეგე მოიგერიებს ერთ კვრას, მაგრამ მას ავტომატურად მეორე ხელი მოყვება, რადგან მებრძოლი არ ცდილობს „ძალით“ გაიტანოს თავისი და პირველი მჯიღი თუ ბრკოლდება, თავად მებრძოლი ამის გამო არ ბრკოლდება.
სწავლის ეს ეტაპი ძალიან მომხიბვლელი და შემოქმედებითია, მაგრამ როგორც ენას ვერ დაეუფლები, თუნდაც რომ ენის ყოველ სიტყვას და გრამატიკულ ნიუანსს ფლობდე, ასევე ვინ ჩუნის ხელოვანების ცოდნა ვერ ამოიწურება ამ ხელოვანების ანბანისა და „გრამატიკის“ ცოდნით. ენა პირველ რიგში მეტყველების კულტურაა. მეტყველება კი გაცილებით მეტია, ვიდრე სიტყვების ცოდნა და მათი გრამატიკულად სწორი გამოყენება. მეტყველებას მოკლედ რომ ვთქვათ, პოეტურობა უნდა ახასიათებდეს, არა გარეგნული ჟღერადობა და ზედაპირული მჭერმეტყველება, არამედ ენის სიღრმისეული, არისტოკრატიული აზროვნება. მეტყველება ენის უწყვეტი მდინარებაა. ენას თუ დამდგარ წყალს შევადარებთ, მეტყველება მდინარის წყალია, დინამიური, მოძრავი, ცვალებადი, ძალიან ძნელად ფიქსირებადი ნაპირებით, მაგრამ მკვეთრად გამოხატული მიმართულებით. ასეა ვინ ჩუნის საბრძოლო ხელოვანებაც. დახვეწილი და ზუსტი მოძრაობები თავისი მკაცრი „გრამატიკით“ მხოლოდ მასალაა, რომ მოწაფემ ილეთებიდან და ქორეოგრაფიულად დახვეწილი მოძრაობებიდან ხელოვანებისაკენ დაიწყოს სვლა. ამ ეტაპზე მოწაფე ერთდროულად ეუფლება აქტიური და პასიური ქმედების ხელოვანებას. აქტიურია მოწაფე თავის ზრახვებში, სძლიოს შიშს და ყოველგვარი „ნორმალური“ ლოგიკის საპირისპიროდ მოწინააღმდეგეს მიუახლოვდეს უკიდურესად ახლო მანძილზე, ანუ დაიკავოს ის ადგილი, სადაც ჯერ კიდევ მოწინააღმდეგე დგას, თვით იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავდამსხმელი თავად იწყებს მოძრაობას მებრძოლის მიმართულებით. ამ შემთხვევაშიც მებრძოლი ეუფლება იმ სიბრძნეს, რომ თავის საშველად უკან დახევა ან განზე გასვლა დამარცხების ტოლფასია, მხოლოდ სარკული სისწრაფით თავდამსხმელისკენ მოძრაობა წარმოადგენს ერთადერთ სწორ სვლას.
თუ ვინ ჩუნის რვა პრინციპიდან ბრძოლის ის პრინციპი გაგახსენდებათ, სადაც საუბარია დათმობაზე, შეგახსენებთ, რომ დათმობა არ გულისხმობს სივრცის დათმობას, ან პოზიციის დათმობას, არც ინიციატივისა თუ ქმედების სურვილის დათმობას. ბრძოლის ეს პრინციპი გულისხმობს, თუ თავდამსხმელის ძალა საკუთარ ძალაზე აღმატებულია, ხდება არა სივრცისა და პოზიციის დათმობა, არამედ კონტაქტის გაუწყვეტლად („დარჩი მიწებებული“), სხეულის იმდაგვარი ცვლილება, რასაც თავდამსხმელის ძალის ან სიცარიელეში გატარება მოჰყვება, ან ამ ძალის ნახევრადრკალული ბიძგით მიმართულების შეცვლა და ერთდროულად, მანძილის შესაბამისად მჯიღით ან იდაყვით (უფრო ახლო მანძილზე) უშუალო თავდასხმა. ამ პრინციპის („დათმობის“) უშუალო საფუძველია ძალის პრინციპი, რომ უნდა იყო თავისუფალი საკუთარი ძალისაგან, რადგან მოწინააღმდგესთან შეჯახებისას საკუთარმა დაძაბულობამ ხელი არ შეგიშალოს, რომ სხეულმა საჭიროებისამებრ ფორმა იცვალოს. მოწინააღმდეგის ძალისაგან გათავისუფლება გამოიხატება სწორედ სხეულის იმ ტრანსფორმირებით, რომელიც საშუალებას იძლევა მოწინააღმდეგის ძალა სიცარიელეში გავატაროთ.
როგორც ვთქვით, მოწაფე აქტიურ და პასიურ ქმედებას ეუფლება. აქტიურობა მოწინააღმდეგის დამარცხების სურვილიდან გამომდინარე თავდასხმაში გამოიხატება, არა ლოდინში, არამედ უკიდურეს შემთხვევაში, თავდამსხმელთან ერთად ერთდროულ „სარკული“ მოძრაობის დაწყებაში, უკეთეს შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღების უნარში, რომ ახლა ბრძოლის დრო დადგა და დაყოვნება სიგიჟეა. გამოიხატება ასევე იმაში, შეიცნო მოწინააღმდეგის წადილი - თავს დაგესხას და აქედან გამომდინარე, თავად დაასწრო თავდასხმა. პასიურობა კი იმაში ვლინდება, რაც ზემოთ აღვწერეთ, როცა კონტაქტში ყოფნისას მოწინააღმდეგე თავისი აღმატებული ძალით „განსაზღვრავს“, როგორ ვიმოქმედოთ. ეს პრინციპი პასიურობისა ზოგადად მოიხსენიება, როგორც „ვუ ვეი“, ანუ ლაო ძისეული „უმოქმედობა“.