EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ვინ ჩუნი / Вин Чун / wing chun(გაგრძელება) »
კატეგორია: საბრ. ხელოვნებაავტორი: admin
თარიღი: 2013-07-19 16:38:01
რაც უფრო წინწასულია მოწაფე საბრძოლო ხელოვანების გზაზე, მით უფრო მშვიდია იგი, მაგრამ ფხიზელი და ყურადღებიანი. მისი მოძრაობები თავისუფალია კიდურების ნაჯახივით ქნევისგან. სხეული ერთ მთლიანობას წარმოადგენს. თვით უმოკლესი მოძრაობებიც კაუჩუკივით ელასტიურია და წყლის უწყვეტ დინებას ემსგავსება. ერთი მოძრაობა მეორეში საჭიროების შემთხვევაში უწყვეტად, დაუჩეხავად გადაიზრდება. საბოლოო ჯამში ყოველი მოძრაობა „ვუ ვეის“ (უმოქმედობის) პრინციპიდან გამომდინარე რეფლექსურ, ავტომატურ რეაქციებად იქცევა, რადგან არცერთ მებრძოლს უშუალოდ ბრძოლისას არა აქვს ფუფუნება, ფიქრი დაიწყოს და გადაწყვეტილებები მიიღოს, თუ რომელი ილეთებით ებრძოლოს და დაამარცხოს მოწინააღმდეგე. (ასეთი სცენები ფილმებისთვისაა დამახასიათებელი, რაც რეალურობისაგან შორს დგას).
მებრძოლი იღებს მხოლოდ ერთ გადაწყვეტილებას, სახელდობრ, იბრძოლოს აქ და ახლა. დანარჩენი „ავტომატურად“ ხდება. არა გონება, არამედ მთელი სხეული მოქმედებს ისე, როგორც მრავალწლიანი ვარჯიშობით დაისწავლა და ეს მის ბუნებრივ, „ჩვეულებრივ“ მოძრაობებად იქცა.
აქამდე აღწერილი ეტაპი მოიცავს ვინ ჩუნის ექვსიდან სამ ფორმას, პირველ სამ უიარაღო ფორმას. მეოთხე ფორმაა ხის თოჯინის ფორმა. ეს ფორმა სრულდება ხის თოჯინასთან, რომელიც ვინ ჩუნის სხვადასხვა სკოლებში, ოსტატის ცოდნიდან და ტრადიციებიდან გამომდინარე, ან უძრავადაა დამაგრებული, ან დრეკად და მყარ ფიცრებზეა ჩამოკიდებული. თოჯინას სამი „ხელი“ და ერთი წინ გადმოდგმული „ფეხი“ აქვს. ასევე სკოლიდან და ოსტატიდან გამომდინარე მოძრაობათა საერთო რაოდენობა 108-დან 116-მდე მერყეობს. ზოგიერთი „ოსტატი“ მოძრაობათა რაოდენობას უსასრულობამდეც ზრდის, იმ იმედით, რომ რაც უფრო მეტ მოძრაობას ჩააქსოვს ფორმაში, მით უფრო „დიდოსტატად“ გამოჩნდება. სინამდვილეში თვით უმოკლეს 108 მოძრაობიან ფორმაშიც ყოველი მოძრაობა ორივე მხარეს, მარჯვნივ და მარცხნივ სარკული სიმეტრიით სრულდება. მოძრაობები სხვადასხვა კომბინაციაში მრავალჯერ მეორდება. ასე, რომ ვინ ჩუნის მოძრაობათა რაოდენობა, ანუ ანბანი, საკმაოდ მწირია და სწორედ ესაა მისი გენიალობა და არა ხმოვანთა და თანხმოვანთა უსასრულოდ დიდი რაოდენობა.
უბრალო მათემატიკური ცოდნაც საკმარისია, რომ გასაგები გახდეს, თვით ოთხი მოძრაობისგან შემდგარი კომბინაცია უსასრულოდ დიდი შეიძლება აღმოჩნდეს. თანაც თუ მოძრაობებს არა მხოლოდ დავაწყვილებთ, არამედ მათ სამ-სამად ან უფრო დიდი რაოდენობით შევარჩევთ კომბინაციისთვის. მთავარი კი თოჯინის ფორმაში თოჯინაზე ხელ-ფეხის უაზროდ და თვალშისაცემად „გმირული“ ბრახაბრუხი როდია. სხეულებრივად სუსტი (გამხდარი თუ მოხუცი) მებრძოლი ძალიან ძლიერ (მძიმეწონიან და ახალგაზრდა) მოწინააღმდეგესთან შერკინებისას ვერ მოახერხებს მოწინააღმდეგის სხეულის გადაადგილებას, თვით მისი კიდურების ადგილიდან დაძვრასაც, აღარაფერს ვამბობთ მოქნეული ხელ-ფეხის შეჩერებას ან წინააღმდეგობის გაწევას. ხის თოჯინა ასეთ მოწინააღმდეგეს განასახიერებს. მასთან ვარჯიშისას მებრძოლი სწავლობს თავად იმოძრაოს თოჯინის ირგვლივ. საკუთარი ძალა, რომელიც ვერ ცვლის მოწინააღმდეგის სხეულის მდგომარეობას, ბუნების კანონებიდან გამომდინარე, დამრტყმელს უბრუნდება. ეს უმოკლესი ვიბრაციაა, რომელსაც ხის თოჯინა გადმოგცემს და აი, ამ ვიბრაციის უკან მიღებისა და მისი მომდევნო მოძრაობისთვის გამოსაყენებელ ძალად გარდაქმნას სწავლობს მებრძოლი ხის თოჯინასთან.
ხის თოჯინის ფორმის დაუფლებით უიარაღო ვინ ჩუნის საბრძოლო ხელოვანება მთავრდება. მებრძოლი ამ ეტაპისთვის ისეთ დიდ ხელოვანებას ეზიარება, რომ მისთვის შინაგან ცოდნად იქცევა დაო დე ძინის უზენაესი საიდუმლოება: „რბილი სძლევს მაგარს. სუსტი სძლევს ძლიერს.“
მებრძოლმა სხეული ისე ავარჯიშა, რომ კუნთებისა და მყესების დაჭიმულობა თავიდან აიცილა, მისი სხეული არ გაუხეშებულა და არ გაშეშებულა, როგორც ცხედარი, არამედ ცოცხალი არსების სირბილე შეინარჩუნა, იქცა ერთ მთლიანობად და მოიპოვა რეალური ბრძოლის ცოდნა. ეს რეალური ბრძოლა კი საფუძვლიანად განსხვავდება სპორტულ დარბაზში გამართული ბრძოლისაგან. რეალურ სამყაროში არ არსებობს დანდობა, ყოველი დარტყმა მიმართულია მოწინააღმდეგის სრული განადგურებისაკენ, სასიკვდილოდ, ამიტომ დარტყმა ხორციელდება ყველაზე დაუცველ ადგილებში, ყელსა და თვალებში. მებრძოლმა იცის, რომ შეყოვნება და დანდობა საკუთარი სიკვიდილის ტოლფასი იქნება. სწორედ ეს ცოდნა აიძულებს მებრძოლს მიმართოს ამ უკიდურეს ზომას, ბრძოლას, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა რამ საშუალება სიტუაციიდან გამოსვლისა არ რჩება. რეალურობა ასევე ასწავლის მებრძოლს, რომ სასიკვდილოდ საშიშია თავმომწონეობა ან აგრესიის უმიზეზოდ გამოხატვა, ხოლო თავმდაბლობა სტრატეგიულ უპირატესობას უქმნის მებრძოლს, რამეთუ მას ასეთ შემთხვევაში უდიდესი შესაძლებლობა ეძლევა, გამოიყენოს ყველაზე სასტიკი იარაღი - მოულოდნელობა. მებრძოლს მტერთან პირისპირ შეხვედრისას არ უწევს ფიქრი, როგორ იმოქმედოს, ეს თემა მისთვის უკვე გადაღეჭილია.
ამის შემდგომ მებრძოლი გრძელი ჭოკის ხელოვანებას ეუფლება. გრძელი ჭოკი დაახლოებით 3,5 მეტრამდე სიგრძის ხის წვრილი ძელია, სისქით ისეთი, რომ ხელში დაჭერისას თითები ბოლომდე ვერ წვდება მტევანს, ხოლო მეორე მხარეს კონუსისებურად ვიწროვდება. ანუ ერთ ბოლოში, რომლითაც ხელში ვიჭერთ, დიამეტრი 2,5 სანტიმეტრია, მეორე ბოლოში კი 1-1,5 სანტიმეტრი. გრძელი ჭოკის ხელოვანება სხვა დიდოსტატს ეკუთვნის. ეს იარაღი ვინ ჩუნის ხელოვანებაში გაცვლითი სახით შემოვიდა, მაგრამ ადაპტაცია განიცადა და ვინ ჩუნის პრინციპებს დაემორჩილა. გრძელი ჭოკი ავითარებს ელასტიურ ძალას, სივრცეში გადაადგილებას და ამ იარაღის სპეციფიკიდან გამომდინარე, სწორხაზოვანი გარღვევის უნარს. ხელისა და მენჯის უმოკლესი მოძრაობებით ბერკეტის პრინციპიდან გამომდინარე გრძელი ჭოკი შორ მანძილზე დიდ ეფექტს ახდენს.
და ბოლოს, ვინ ჩუნის მეექვსე ფორმაა ორი მოკლე ხმლის ფორმა. ეს ვინ ჩუნის ხელოვანების გვირგვინია. ოსტატი ორი მოკლე ხმლით, უფრო იდაყვის სიგრძის ხანჯლით, ძალიან ეფექტურ და სწრაფ ბრძოლის ხელოვანებას ეუფლება. ეს ფორმა მთლიანად იმეორებს უიარაღო ვინ ჩუნის მოძრაობებს, თითქოს ხმლები ხელის მტევნების დაგრძელება ყოფილიყოს. მოძრაობები საოცრად მოკლეა და მოკლებული ყოველგვარ გარეგან ბრწყინვალებას და ხილვად მშვენიერებას. მისი სილამაზე იმაში მდგომარებს, რომ ისინი ხელის მტევანივით უბრალო მოძრაობებს ასრულებენ ყოველგვარი თვალისმომჭრელი, გადამეტებული ქნევის გარეშე. ორივე ხმალი მუდმივად მებრძოლის სხეულის წინ რჩება და ამ სივრცეს არ ტოვებს.
არსებობს მოსაზრება, რომ ნგ მუი თავდაპირველად ამ ორი მოკლე ხმლის ხელოვანებას ფლობდა და შემდეგ, დევნილობაში კონსპირაციულობის შენარჩუნების მიზნით ამ ხელოვანებიდან უაირაღო ვინ ჩუნის საბრძოლო ხელოვანება განავითარა, სადაც ხმლების მაგივრობას გაშლილი მტევნები და იდაყვი ასრულებდა. თუმცა შეგვიძლია პირიქითაც წარმოვიდგინოთ, რომ ორი ხმლის ხელოვანება უიარაღო ხელოვანების გვირგვინია, მისი დაწმენდილი და გაფილტრული გამოვლინება. მართლაც, ორი მოკლე ხმლის ხელოვანება, მიუხედავად მისი გენიალურობისა, საკმაოდ სადაა, შეიცავს მხოლოდ რვა მოძრაობას და ამ რვა მოძრაობის კომბინაციებით ახოციელებს უიარაღო ვინ ჩუნის ყველა პრინციპს. თუმცა ორი ხმალი კიდევ უფრო აგრესიულია, ვიდრე უიარაღო ხელოვანება, მაგრამ ვფიქრობ, იარაღი უკვე თავადაა აგრესიული და ულმობელი, უიარაღო ბრძოლა კი სასტიკი და დაუნდობელი.
თუ ამ უმშვენიერესი ხელოვანების დაუფლების შემდეგ ოსტატი არ დეგრადირდება მკვლელად, ან თავმომწონე ბაქიბუქად, მებრძოლს უდიდესი იდუმალებით ცხოვრება ელის. შეუძლებელია სავსე ჭურჭელი ახალი სასმისით შეავსო. ძნელია ვინ ჩუნის საბრძოლო ხელოვანებას დაეუფლო, თუ მანამდე დაგროვილი ცოდნა გვერდზე არ გადადე, არ დაიცალე სხეულისა და გონების ჭურჭელი, რომ აღივსო ახალი სიბრძნით. ის, კი ვინც ამას მოახერხებს, საკუთარ თავში დაო დე ძინის სიბრძნეს განახორციელებს: „ვინც აღივსო სიცარიელით, აღივსო უდიადესი სიმშვიდით.“
ადამიანი, რომელიც ერთხელ მაინც მოახერხებს, ყველაფრისგან დაიცალოს, რომ ახალი ცოდნით აღივსოს, ისწავლის დაფარულს ელტვოდეს და არა ზედაპირულ მშვენიერებას. საბრძოლო ხელოვანებაში, ვფიქრობ, ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, გასაგები უნდა იყოს, რომ მებრძოლს უმეტესად საკუთარ თავთან აქვს საქმე და შეხება და მხოლოდ მცირედად მოწინააღმდეგესთან. სხვის ძლევას მხოლოდ სიძლიერე სჭირდება, შედარებითი სიძლიერე. გაცილებით ძნელია სძლიო საკუთარ თავს და საკუთარი თავიდან გამოძერწო სასურველი არსება, ადამიანი, რომელიც სულიერად და ხორციელად ფლობს სამყაროს მამოძრავებელ ღვთაებრივ პრინციპებს. ასეთი ძლევა კი საკუთარი თავისა, მძლეთამძლეობის ტოლფასია.
ის, რაც შეძლეს ჩინელმა თუ იაპონელმა მებრძოლებმა, თავისებურად განახორციელეს ქართველმა ოსტატებმაც. ჩვენთან წარმოიშვა და განვითარდა უნიკალური ხელოვანება - ფარიკაობა, ქართული ჭიდაობა, საბავშვო თამაშობანი, რომლებიც საბრძოლო ხელოვანების პრინციპებზეა აგებული და ბავშვში მებრძოლის თვისებებს ავითარებს. ადამიანი უკვე ბავშვობიდან უნდა სწავლობდეს სხვაობას საკუთარი თავის სიყვარულსა და ნარცისიზმს შორის, უკეთესია ბავშვს ვასწავლოთ, რომ ორთაბრძოლაში მთავარი გამარჯვება არაა, არამედ ღირსეული ბრძოლა, რომ არავინაა დაუმარცხებული, მაგრამ დაცემულის წამოდგომა გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე უძლეველობის გრძნობა.