EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ევროს მონეტებზე გამოსახული მითები და ფაქტები »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2013-07-19 21:47:53

ევროს მონეტებზე გამოსახული მითები და ფაქტები

ევროს ბედთან დაკავშირებული მაკროეკონომიკური დებატების ფონზე, რომელთა უმეტესობისაც, სიმართლე რომ ითქვას, არავის ესმის, თვალში საცემია ის ფაქტი, რომ მთელ ამ გაუგებარ საუბრებში - ობლიგაციებზე, რეკაპიტალიზაციაზე, დეფოლტებზე და ორმაგ რეცესიებზე, თავად ევროზე, როგორც ვალუტაზე, არავინ საუბრობს.

ბრიტანელმა მწერალმა და მეცნიერმა ქალმა მერი ბირდმა გადაწყვიტა, იმაზე გაემახვილებინა ყურადღება, თუ რა ისტორიულ ფაქტებზე თუ მითებზე გვესაუბრებიან ევროს სხვადასხვა ღირებულების მონეტები.

დააკვირდით ყურადღებით ამ `არიოლებს~ და `რეშკებს~ და თქვენ მოწმე გახდებით შოკისმომგვრელი ევროპული პოლიტიკისა, რომლის ძირებიც 2500 წლის სიღრმეში მიდის, ზუსტად იმ მომენტამდე, როცა საერთო ევროპული მონეტარული კავშირის შექმნის პირველი მცდელობა დაფიქსირდა. რაც არ უნდა პარადოქსალური იყოს (ბოლო თვეების მოვლენებს თუ გავითვალისწინებთ), ევროზონის პროტოტიპი პირველად ძველმა ბერძნებმა გამოიგონეს ანტიკურ ათენში, ჩვ. წ. აღ-მდე მე-5 საუკუნის ნახევარში.

ლიდიის (სამეფო, რომელიც თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა) მეფენი, რომლებმაც პირველებმა გამოჭედეს ლითონის ფული ჩვ. წ. აღ.მდე 600 წელს, ამას იმიტომ კი არ აკეთებდნენ, რომ ადამიანებისთვის რაიმეს შეძენა გაეადვილებინათ ან ლიდიის ეკონომიკა აემაღლებინათ, არამედ იმისათვის, რომ თავიანთი სიმდიდრით, ძალაუფლებითა და სახელმწიფოებრიობით ეტრაბახათ და ეს სიძლიერის სიმბოლოთი, მონეტის ორივე მხარეს ამოტვიფრული ლომის სახით იყო გამოსახული. და აი, როცა 2002 წლისთვის ევროს პირველი მონეტები გამოჩნდა, ახლად შექმნილ მონეტარულ კავშირსა და ეროვნულ სახელმწიფოებს შორის, რომლებიც ამ კავშირში შედიან, მოხდა სიმბოლოების თავისებური კომპრომისი. ქაღალდის ფულები, რომლებიც ევროპული არქიტექტურის უსახო ხედებით - უმეტესად ხიდებითა და თაღებითაა დასურათხატებული, ყველა ქვეყანაში ერთნაირი უნდა ყოფილიყო. აი, მონეტებზე კი, ერთის მხრივ, უნდა ყოფილიყო ევროპის საერთო რუკა, მაგრამ ასევე უნდა ყოფილიყო სუფთა მხარე, რომელზეც რაიმე წმინდად ეროვნული განთავსდებოდა.

ზოგიერთებმა გადაწყვიტეს, ბევრი არ ემტვრიათ თავი, მაგალითად, როგორც ირლანდიამ, რომელმაც აირჩია არფა და განათავსა იგი თავის ყველა მონეტაზე - დაწყებული დიდი ორევროიანიდან, დამთავრებული ყველაზე პატარათი - 1 ცენტის ღირებულებით. ესტონეთი მათ შორის ყველაზე უღიმღამო აღმოჩნდა - მან ევროზე ესტონეთის რუკა განათავსა.

ვინ რითი  ამაყობს ევროლენდში

თუმცა, უნდა ითქვას, რომ დანარჩენმა ქვეყნებმა თავის გამოჩენა გადაწყვიტეს, მაგალითად, საფრანგეთმა - მან თავის რამდენიმე ევრომონეტაზე ამოტვიფრა თავისი უკვდავი რევოლუციური მოწოდება: `თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა~, ხოლო დანარჩენებზე კი რატომღაც - განრისხებული მარიანა, საფრანგეთის რესპუბლიკის სიმბოლო. იტალიამ სხვადასხვა ღირებულების მონეტებისთვის ხელოვნების ნიმუშები და არქიტექტურის ძეგლები ამოირჩია, ისეთები, როგორებიცაა, მაგალითად, კოლიზეუმი - სწორედ მასობრივი ჟლეტის ეს საყოველთაოდ აღიარებული არენა იწონებს თავს იტალიურ ხუთცენტიან მონეტაზე. ავსტრიამაც გადაწყვიტა, გაემრავალფეროვნებინა თავისი მეტალის მონეტები, რისი წყალობითაც თითოეული მათგანი განსხვავებულია - ზოგიერთზე მოცარტის პორტრეტი იწონებს თავს, ზოგზე კი განთქმული სოცესიონის ნაგებობა.

და მაინც, განსჯის ყველაზე დიდ საბაბს ბერძნული მონეტები იძლევა. დაბალი ღირებულების მონეტებზე ამოტვიფრულია სხვადასხვა ხომალდები; 10, 20 და 50-ცენტიან მონეტებზე ქება-დიდებას ასხამენ თანამედროვე გმირს, რომელიც საბერძნეთის თურქებისაგან გამოსახსნელად იბრძოდა; აი, 1 და 2 ევროს მონეტებს კი ჩვენ ანტიკური ეპოქის სიღრმეში მივყავართ, და ეს გასაკვირი სულაც არ არის. ბერძენი პოლიტიკოსები შეუწყვეტლივ მღერიან თავიანთ უცვლელ სიმღერას საკუთარ კლასიკურ მემკვიდრეობაზე. მე ხშირად ვფიქრობ, რომ ეს ნოსტალგია ასევე გახლავთ იმ მდგომარეობის მიზეზი, რომელშიც აღმოჩნდა საბერძნეთი საერთო სახელმწიფოებრივ მასშტაბში.

ევროპის  მოტაცება თუ?...

მაინც რა არის იქ გამოსახული? ბერძნული მონეტის ცენტრში, ორევროიანზე - ხარია გამოსახული, რომელსაც ზურგზე ქალი ჰყავს მოგდებული. ერთი შეხედვით, თუ ძველბერძნულ მითოლოგიას არ იცნობთ, შეიძლება იფიქროთ, რომ ეს რაღაცის ემბლემაა, რომელიც ბუნებასთან ადამიანის ჰარმონიას ასახავს და მწვანეთა პარტიის მიერაა დასპონსორებული. სინამდვილეში კი, ჩვენ წინაშეა გაუპატიურების სცენა: ზევსი იტაცებს ევროპას ლივანიდან, კერძოდ, თავისი მშობლიური ქალაქ ტირიდან. მითში, რა თქმა უნდა, მოთხრობილია, რომ ზევსს შეუყვარდა ახალგაზრდა ევროპა და, რომ დაესაკუთრებინა იგი, ხარად გადაიქცა და მივიდა ზღვის ნაპირთან, სადაც ევროპა თავის მეგობარ ქალებთან ერთობოდა. ხარმა ქალს ხელები აულოკა და ნება დართო, მოფერებოდა, მისი რქები ყვავილებით შეემკო. შემდეგ, როცა ევროპა ხარს ზურგზე მოექცა, ზევსი-ხარი ზეცად აიჭრა და გააქანა ის კრეტაზე, თავის საყვარელ ბუდეში.

ალბათ გასაგებია, რატომ სურდათ ბერძნებს სწორედ ამ სიუჟეტის განთავსება ევროზე. მიუხედავად იმ ზოგიერთი `უხერხული~ ფაქტისა, რომ ევროპა წარმოშობით ლივანიდან იყო, სწორედ მისმა სახელმა დაუდო სათავე, საბოლოო ჯამში, მთელ კონტინენტს და ამ ამბის მონეტაზე ასახვა იმ განცხადების ტოლფასია, რომ საბერძნეთის გარეშე ვერანაირი ევროპა ვერ იარსებებს, რომ სწორედ საბერძნეთმა მოიგონა ეს კონტინენტი.

ნუთუ ბერძნები არასოდეს დაფიქრებულან იმაზე, სინამდვილეში რა იმალება ამ სცენის უკან? განსაკუთრებით ახლა, როცა ბერძენი ჟურნალისტები მუქ ფერებში აღწერენ თავიანთი ქვეყნის `გაუპატიურებას~ და იმ ფაქტს, თუ როგორ `მოასრიალეს~ იგი.

საკუთარ ბუსთან  ერთად - ათენში

თუმცა 1 ევროს ღირებულების ბერძნულ მონეტას უფრო დამაინტრიგებელ, თუ არ ვიტყვით ერთმნიშვნელოვან, კვალთან მივყავართ. ის გახლავთ ზუსტი ასლი ათენის 4-დრაჰმიანი მონეტისა, რომელიც ჩვ.წ.აღ.-მდე მე-5 საუკუნეში იყო მიმოქცევაში და რომელზეც ბუ იყო გამოსახული უზარმაზარი, ღილების მსგავსი თვალებით. ეს პატარა ზომის ფრინველი ათენას სიბრძნის სიმბოლო გახლავთ, რომელიც თავისი მოსახელე ქალაქის მფარველად ითვლებოდა. ათენის თითქმის ყველა ძველი მონეტა სწორედ ამ გამოსახულებით იყო დამშვენებული, რამაც სათავე დაუდო გამოთქმას - `საკუთარი ბუთი ათენში~. მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ აქედან იღებს სათავეს მონეტარული კავშირის იდეა.

ჩვ. წ. აღ.-მდე მე-5 საუკუნის ათენი დემოკრატიის ნიმუშს წარმოადგენდა (პირველი დემოკრატიისა მსოფლიოში, როგორც თავად ბერძნები ამტკიცებენ); მაგრამ ეს იმავდროულად იყო იმპერიაც, რომელიც მონათმფლობელურ შრომაზე იყო დაფუძნებული და ხმელთაშუა ზღვისპირეთის სახელმწიფოებს აკონტროლებდა.

მაგალითისთვის: ჩვ. წ. აღ-მდე 440 წელს ათენელებმა გადაწყვიტეს, ყველა ეს ხალხები აეძულებინათ, უარი ეთქვათ თავიანთ ფულზე და, მის სანაცვლოდ, მათი `ათენური ბუ~ გამოეყენებინათ. აქვე უპრიანია ითქვას, რომ ზოგიერთმა ამ მოთხოვნამ, რომელიც ქვაზეა ამოტვიფრული, ჩვენამდეც კი მოაღწია. პირობები, როგორც ვხედავთ, ძალზედ მკაცრი იყო: შესაცვლელი ხდებოდა არა მარტო თავად მონეტები, არამედ მეტროლოგიაც. ამასთან, დამოკიდებულ ქვეყნებს მთელი თავიანთი მონეტები ხელახლა ჩამოსასხმელად ათენში, საგრძნობლად მნიშვნელოვანი `ქრთამის~ გადახდით, ათენის ხაზინისთვის უნდა ჩამოეტანათ. დაუმორჩილებლობა მოქალაქეობის დაკარგვას და სიკვდილით დასჯასაც კი ნიშნავდა.

თანამედროვე ისტორიკოსები თავს იტეხენ იმაზე ფიქრით, მაინც რა ხდებოდა იქ ასეთი? ათენელებს მხოლო და მხოლოდ მოგების მიღება სურდათ? იქნებ უნდოდათ, ვასალი სახელმწიფოები თავის ვალუტაზე დამოკიდებული გაეხადათ? მაგრამ თუ ეს ასეა, მაშინ სიკვდილით დასჯა, ვგონებ, აქ საერთოდ უადგილოა.