EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ლაზთა ეთნიკური წარმომავლობა »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი:

თარიღი: 2013-10-11 01:02:54

ლაზები კოლხურ ტომს წარმოადგენენ. პროკოპი კესარიელი (ახ. წ. VI ს.) ლაზებს იგივე კოლხებად მიიჩნევს(1) . იგი წერს: “კოლხები შეუძლებელია არ იყვნენ ლაზები, ვინაიდან ფაზისის მდინარეზე მოსახლეობენ”(2) . იგივეს აღნიშნავს იოანე ლიდე (V-VI ს.).
აგათია სქოლასტიკოსი (536-582 წწ.) წერს: “ლაზებს რომ ძველად კოლხები ეწოდებოდათ და სწორედ ისინი არიან, ამაში ეჭვი არ შეეპარება არავის, თუკი ის გაეცნობა ფაზისის, კავკასიისა და მათ გარშემო მდებარე ქვეყნების მოსახლეობას”(3) .
მკვლევარები ლაზებს აგრეთვე იგივე ჭანებად მიიჩნევენ. მათი აზრით, სახელწოდება “ჭანი” შემდგომში “ლაზად” შეიცვალა.
მეცამეტე საუკუნის ბოლო პერიოდის მოღვაწე იბნ-ბიბი, 1195-1203 წლებზე წერისას, ლაზისტანის მთელ სანაპიროს “ჭანეთად” მოიხსენიებდა და ამ სახელწოდებას იყენებდა ტრაპეზუნტის იმპერიისათვის(4).

ანთროპოლოგიურად სუფთა სისხლის (ქართული წარმოშობის) ლაზების დიდ ნაწილს ღია ფერის თვალები და ღია ფერის თმა აქვთ. აგებულებით დასავლურ-ქართული, შავი ზღვისპირა გარეგნობით გამოირჩევიან. საშუალოზე მაღალი სიმაღლე, მოგრძო სახე, სწორი ცხვირი და მსხვილი ტუჩები ქართული წარმოშობის ლაზებისთვის დამახასიათებელია.
ლაზები ისტორიის მთელ პერიოდში მრავალჯერ იყვნენ მოწყვეტილები საქართველოს. მიუხედავად ამისა, ლაზები საუკუნეების განმავლობაში იბრძოდნენ და ახლაც იბრძვიან თავიანთი ეთნიკური თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. მათში დღესაც ცოცხლობს საქართველოსთან ერთიანობის იდეა.
საერთო ქართველური წარმოშობის საკითხზე ლაზებში აზრთა სხვადასხვაობაა – ნაწილი კატეგორიულად უარყოფს ქართველებთან ყოველგვარ კავშირს და თავს სულაც თურქულ ტომად მიიჩნევს, ნაწილი აღიარებს ამ კავშირს, ნაწილის აზრით კი ისინი მეგრელებს ენათესავებიან და არა ქართველებს. ცხადია, ეს თურქული იდეოლოგიის გავლენაა. ასეთი დაყოფა მათ გეოგრაფიულ განსახლებაზეცაა დამოკიდებული – საქართველოსთან რაც უფრო ახლოს ცხოვრობენ, მით უფრო ქართველობენ, სარფიდან თურქეთის სიღრმეში შესვლისას კი ეს დამოკიდებულება თანდათან იცვლება.
ამასთან დაკავშირებით, პროფ. ტ. ფუტკარაძე აღნიშნავს:
“მრავალწახნაგოვანი ისტორიული კატაკლიზმების გამო, ლაზებს სხვადასხვა სახელმწიფოებრივ და კულტურულ ველში უხდებათ ცხოვრება. შესაბამისად, განსხვავებულია საკუთარი წარსულის ცოდნის ხარისხიც, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება ეროვნულ-ენობრივ თვითაღქმაზე; კერძოდ:
ლაზთა ერთი ნაწილი (ძირითადად, სარფისა და გონიო-ახალსოფლის მკვიდრნი) არ მოწყვეტილა ქართველურ კულტურულ-სახელმწიფოებრივ ველს; შესაბამისად, ამ მოსახლეობამ იცის, რომ მეგრელთა, კახელთა, მესხთა, ფხოველთა… მსგავსად, ისინიც არიან ერთიანი ქართველური კულტურისა და საერთოქართველურ ენობრივ სტრუქტურაზე დაფუძნებული მწიგნობრობის ავტორები; მათთვის კარგადაა ცნობილი, რომ საქართველოს გამაერთიანებელი მეფეების დიდი ნაწილის გარდა, ლაზეთ-სამეგრელოს შვილნი იყვნენ ქართველური კულტურის შემქმნელები: იოვანე ლაზი, იოანე მინჩხი, სტეფანე სანანოისძე, იოანე პეტრიწი, იოვანე მარუშისძე, ჭყონდიდლები… დადიანები, ჩიქოვანები, გამსახურდიები და მრავალი სხვა.
ლაზთა მეორე ნაწილი აღიზარდა თურქეთის სახელმწიფოში. მათ დავიწყებული აქვთ თავიანთი კილო და, თურქული განათლების სისტემის შესაბამისად, თავს თურქებად მიიჩნევენ.
თურქეთსა და ევროპაში მოღვაწე ლაზთა მესამე ნაწილისათვის უცნობია (ბუნებრივია, არა ყველასათვის!) საერთოქართველური კულტურის ქმნადობის პროცესში ლაზ-მეგრელთა მონაწილეობა, მაგრამ მათ იციან, რომ ლაზები ენობრივ-ეთნიკურად არსებითად განსხვავდებიან თურქებისაგან. ლაზთა ეს ჯგუფი საკუთარი მეტყველების ბაზაზე ცდილობს ახლა შექმნას სამწიგნობრო ენა და “გადაარჩინოს” თავისთავადობა.
საქართველოს ამჟამინდელი საზღვრების გარეთ მცხოვრებ ქართველებს ხშირად არა აქვთ ინფორმაცია საკუთარი ისტორიის/კულტურის შესახებ. თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში ძნელი არაა სამეცნიერო ცოდნის განსაზოგადოებრიობა; ჩვენს შემთხვევაში საქართველოსა და თურქეთის კეთილმეზობლური ურთიერთობის პირობებში უნდა შეიქმნას ობიექტური სამეცნიერო ინფორმაციის გაცვლის ველი, რომელიც ყველა ლაზს საშუალებას მისცემს იცოდეს:
1. კოლხური (კოლხურ-ყობანური) არქეოლოგიური კულტურის საზღვრები ცხადყოფს, რომ სახელმწიფო: კოლხა/კილხა/კოლხიდა ოცამდე ქართველურ ტომს/თემს აერთიანებდა და თავისი არსით ქართველური (ზოგადქართული) ხასიათისაა.
2. ქართველური სამწიგნობრო ენა ეფუძნება საერთო ქართველურ ენობრივ მოდელს და არა ქართლურს, კახურს ან სხვა რომელიმე ქართველურ კილოს; პირველი ქართული ასომთავრული წარწერები შემორჩენილია იოვანე ლაზის მონასტერში, ქართული ჰიმნოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებელია ლაზი/მეგრელი იოანე მინჩხი და სხვ.
3. საქართველოს გაერთიანებული სახელმწიფოს იდეოლოგები და წინამძღოლები მეტწილად იყვნენ ლაზურ-მეგრული წარმოშობის დიდგვაროვნები (ბაგრატიონები, ჭყონდიდლები და სხვა);
4. ლაზთა ფოლკლორში (მსგავსად იმერხეველთა, ტაოელთა, სვანთა, ჰერთა, კახთა…) გამორჩეულად პატივსაცემი ადგილი უჭირავს ერთიანი საქართველოს დიდ მეფეს – თამარს (ქართველთა საერთო ისტორიის ამსახველი ეს მასალა ი.ყიფშიძის მიერ ერთი საუკუნის წინაა ჩაწერილი).
ყოველ ერს თუ ეთნიკურ-ენობრივ უმცირესობას და, ბუნებრივია, თურქეთსა თუ გერმანიაში მცხოვრებ ლაზებსაც, აქვთ უფლება, იცოდნენ თავიანთი წარმომავლობა. ამ და სხვა ანალოგიური ფაქტების ცოდნა ობიექტურ ველს შექმნის ლაზთა ქართველური თვითაღქმისათვის” .