EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ნიკოლა ტესლა / Тесла Никола / Nikola Tesla (გაგრძელება) »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი:

თარიღი: 2013-10-12 00:23:41

ნიკოლა ტესლა / Тесла Никола / Nikola Tesla (გაგრძელება)

ნიკოლა ტესლა / Тесла Никола / Nikola Tesla (გაგრძელება)

პარალელური სამყაროები

ტესლა ყოველთვის გლობალურად აზროვნებდა, სავარაუდოდ ამიტომ ტოვებდა თანამედროვეებზე გაცილებით განვითარებული ადამიანის შთაბეჭდილებას. არაჩვეულებრივი მოსაუბრე, საკმაოდ თავაზიანი და თავმდაბალი ურთიერთობებში, ადამიანი, რომელსაც 8 ენაზე შეეძლო საუბარი, კარგად ერკვეოდა მუსიკასა და პოეზიაში, მასში ერთდროულად იგრძნობოდა დახვეწილობა და უზარმაზარი შინაგანი ძალა. 19 წლის ასაკიდან სიცოცხლის ბოლომდე მას დღე-ღამეში მაქსიმუმ 2 საათი ეძინა და სიფხიზლის პერიოდში მისი მუყაითობა ნორმალურ მაჩვენებელს გაცილებით აღემატებოდა.

– სრულიად გამოფიტული ვარ, მაგრამ მუშაობას ვერ ვწყვეტ. ჩემი ექსპერიმენტები ისეთი ლამაზია, ისეთი მნიშვნელოვანი, იმდენად გასაოცარი, რომ ძნელია, თუნდაც საკვების მიღების საჭიროების გამო შეწყვიტო ეს სიამოვნება. ხოლო როცა დაძინებას ვცდილობ, მუდმივად მათზე ვფიქრობ. ვფიქრობ, სიკვდილამდე ასე გავაგრძელებ.

ტესლას ფსიქოლოგიური ძალა შემზარავიც კი იყო, ის უბრალოდ გრგვინავდა. ხალხი ტესლაზე ამბობდა: „მას წინასწარმეტყველისა და შორსმჭვრეტელის თვალები აქვს”, ახლობელი ადამიანები კი მომავლის წინასწარ განსაზღვრის უნარს აღნიშნავდნენ.

1890 წელი, ფილადელფია. ტესლას ეუფლება წინათგრძნობა, რომ რაღაც ცუდი მოხდება. მან ფაქტობრივად ძალის გამოყენებით შეაჩერა მისი მეგობარი და არ აუშვა ღამის მატარებელში. ამით მისი სიცოცხლე იხსნა. მატარებელი ავარიაში მოყვა და რელსებიდან გადავარდა. 1912 წელს ტესლამ დაარწმუნა მორგანი, უარი ეთქვა„ტიტანიკით” მგზავრობაზე. მორგანი მთლიანად მიენდო ტესლას ინტუიციას, გაითვალისწინა მისი რჩევა და ბილეთი დააბრუნა. სამაგიეროდ ჯონ ჯეიკობ ასტორი, ტესლას კიდევ ერთი დამფინანსებელი და დიდი ხნის მეგობარი, აიგნორებს მეცნიერის რჩევას და იღუპება.

რამდენიმე წლით ადრე ტესლამ თითქმის ზუსტად იწინასწარმეტყველა I მსოფლიო ომის მოხდენა, 4 წლიანი ხანგრძლივობა და დასასრულის პერიოდი. მისი შეცდომა მხოლოდ 5-6 დღე იყო. ტესლამ ასევე განაცხადა, რომ I მსოფლიო ომის შემდგომ მშვიდობიანი ხანა მხოლოდ 20 წლით გაგრძელდებოდა, ამის შემდეგ შესაძლოა II მსოფლიო ომი დაწყებულიყო.

მაგრამ ყველაზე მეტად სხვა რამ ანცვიფრებდათ ტესლას თანამედროვეებს – უსასრულო რაოდენობის ორიგინალური იდეები, რომლებიც გამომგონებლის გონებაში გასაოცარი სიმარტივით მუშავდებოდა. და შემდეგ შოკისმომგვრელი განაცხადი: „მე არ ვარ ამ იდეების ავტორი.”

ტესლა ჩვეულებრივი ბავშვი იყო, არაფრით გამორჩეული. ყველაფერი შეიცვალა მაშინ, როცა მისი საყვარელი ძმა დანილო ცხენის ჭენებისას გადმოვარდა და მიყენებული ზიანის შედეგად გარდაიცვალა. ეს მისთვის საშინელი დარტყმა იყო, რომელმაც პირდაპირი მნიშვნელობით შეცვალა ნიკოლას ცხოვრება. დაიწყო გაუსაძლისი კოშმარების სერია, თუმცა ძლიერი ნებისყოფის წყალობით ბიჭმა დაიწყო გონებაში არსებული საშიში სურათების შეცვლა. თავიდან ეს იყო იმ სამყაროს სურათები, რომელშიც ცხოვრობდა, მაგრამ ზოგჯერ მისდა გასაოცრად გონება მისთვის ცნობილ რეალობას სცდებოდა.

– ასე დაიწყო ჩემი გონებრივი მოგზაურობები. თავიდან ეს სუსტი სახით იყო, შემდეგ კი უფრო გარკვევით. ვხედავდი ახალ ადგილებს, ქალაქებს, ქვეყნებს, იქ ვცხოვრობდი, მყავდა მეგობრები, ვხვდებოდი ადამიანებს. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ისინი ისევე ძვირფასი და რეალური იყვნენ ჩემთვის, როგორც ოჯახის წევრები.

თანამედროვე სწავლულებმა გამოიკვლიეს ეს ფენომენი და რაიმე სახის პათოლოგიად არ ჩაუთვლიათ. ეს ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობაა, რომლის დროსაც ადამიანმა შეიძლება ისეთი რამ დაინახოს, რაც მის ცხოვრებაში არ ხდება, გადაიყვანოს საკუთარი თავი სხვა რეალობაში, სხვა ეპოქაში. ამ დროს ტვინში აქტიურდება მარჯვენა ნახევარსფეროს წინა და მარცხენა ნახევარსფეროს უკანა ნაწილები, ჩვეულებრივ მდგომარეობაში კი პირიქითაა. ტესლას თანამედროვეები მას ზეადამიანს უწოდებდნენ. როგორ აკეთებდა ის თავის ცნობილ აღმოჩენებს? აი, რას წერდა მეცნიერი პირველ გამოცდილებაზე:

– ამ პრობლემას რამდენიმე წელი ვებრძოდი. ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იყო. ვიცოდი, რომ თუ არ მოვაგვარებდი, შეიძლებოდა დავღუპულიყავი. ჩემმა ტვინმა დაძაბულობის პიკს მიაღწია და მოხდა ის, რასაც მანამდე ვერც კი წარმოვიდგენდი – გავიგონე 3 ოთახის მოშორებით მყოფი საათის წიკწიკი, ბუზის მაგიდაზე სიარულის ხმა ჩაქუჩის დარტყმასავით ჩამესმოდა, სიბნელეში ღამურის მგრძნობიარობა მქონდა და შუბლზე გაჩენილი შეგრძნების მეშვეობით ობიექტებს აღვიქვამდი. მზის სხივები ისეთი ძალით მაწვებოდა ტვინზე, რომ ლამის გონებას ვკარგავდი. ახლომახლო ჩავლილი ეტლისგან წამოსული ხმაურისა და ვიბრაციისგან მთელი სხეული მიკანკალებდა. ამ დროს მოულოდნელად დავინახე სინათლის ნაკადი, რომელიც მინიატურულ მზეს ჰგავდა. ამ მომენტში აბსოლუტური ბედნიერების შეგრძნება დამეუფლა. თავში ფიქრები მუდმივად მენაცვლებოდა, ძლივს ვახერხებდი მათ ფიქსირებას.

ასეთი მდგომარეობა დროდადრო ბევრ გამომგონებელს ახასიათებს ხოლმე. როგორც წესი, ეს ხდება სპონტანურად, მოულოდნელად, როგორც ტესლას დაემართა პირველად. მაგრამ დროთა განმავლობაში მეცნიერმა მოახერხა მისი კონტროლი და როცა მოუნდებოდა, მაშინ გამოიწვევდა. როგორც თავად ირწმუნებოდა, შეეძლო მთლიანად გამოეთიშა თავისი ტვინი გარე სამყაროსგან და ამ დროს შინაგანი მხედველობა ჩნდებოდა. ამ გზით ტესლა ახერხებდა თავისი კონსტრუქციების სრულყოფას.

– მე არ მჭირდება ნახაზები, ნახატები, მოდელები, ექსპერიმენტები. როცა იდეა მიჩნდება, გონებაში ვაგებ მოწყობილობას, ვუცვლი სტრუქტურას და ვაუმჯობესებ. პირადად მე ნაკლებად მადარდებს, ხელსაწყო გამოცდილია თუ არა, რადგან გონებაში განხორციელებული ანალიზისა და ლაბორატორიაში ჩატარებული ექსპერიმენტების დასკვნები იდენტური იქნება. 20 წლის მანძილზე ამ წესს ერთი გამონაკლისიც კი არ ჰქონია.

ნიკოლა ტესლა არ იყენებდა მათემატიკურ გამოთვლებს, როგორც ეს დღესაა მიღებული. მას ეს უბრალოდ არ სჭირდებოდა. ტესლას უამისოდაც ესმოდა საგნის დედაარსი. დედააზრი და მოქმედების პრინციპები ყოველთვის მნიშვნელოვანი დეტალები იყო ტესლასთვის. სწორედ მათ აღიქვამდა პირველ რიგში, როდესაც ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობაში გადადიოდა და ამ გზით სამყაროს სულ სხვა კუთხით ხედავდა, აკვირდებოდა სხვა პოზიციიდან, რაც სხვა ადამიანებს არ შეეძლოთ. და რადგანაც ჩვეულებრივ მდგომარეობას ისევ მალე უბრუნდებოდა, იმახსოვრებდა მთლიან ინფორმაციას და შემდეგ სხვებს უზიარებდა. ტესლას ცოდნის უცნობი წყარო დღემდე ამოუხსნელი და გამოუკვლევი ფენომენია. ფრაზები „შესანიშნავი ინტუიცია”, „წარმოსახვის დიდი უნარი”, „განათლება” თითქოს დამაკმაყოფილებელ ახსნას არ იძლევა. საიდან ებადებოდა ეს იდეები?

– ჩემი ტვინი მხოლოდ მიმღებია. სამყაროში არსებობს ბირთვი, საიდანაც ვიღებთ ცოდნას, ძალას, შთაგონებას. მე ამ ბირთვის საიდუმლოებებში არ შემიღწევია, მაგრამ ვიცი, რომ არსებობს.

ბევრ ადამიანს სჯერა ღმერთის. ზოგისთვის ის იესო ქრისტეა, ზოგისთვის კრიშნა და ალაჰი, ხოლო ზოგიერთებისთვის ეს არის ინფორმაციული სამყარო, რომელმაც იცის ყველაფერი და გრძნობს კიდეც და ეხმარება ყველას, ვინც ცდილობს, სწორად იცხოვროს. ეხმარება ცხოვრების წარმართვაში, მძიმე სიტუაციებში, ასევე მეცნიერულ სფეროში. ტესლას შემოქმედებითი მეთოდი, როგორც ჩანს, ატარებდა იმ აზრს, რომ სამყაროში არსებობს გლობალური ინფორმაციის საცავი, რომელსაც ამჟამად „სამყაროს ენერგო-ინფორმაციულ ველს” უწოდებენ. ტესლამ კი, მისი თქმით, იცოდა, როგორ დაკავშირებოდა ამ წყაროს და მოეპოვებინა საჭირო ინფორმაცია. ის ოცნებობდა, რომ მსგავსი შესაძლებლობა ყველა ადამიანს ჰქონოდა.

ტესლას სურდა, შეექმნა ისეთი მოწყობილობა, რომელიც ადამიანებს უხილავ რეალობაში გადაიყვანდა. მანამდე დაფარული მოვლენის გამოაშკარავება მან მე-19 საუკუნის მიწურულს მოახერხა – ცოცხალი ორგანიზმების სპეფიციკური ველების განათებით მან ხილულად აქცია მათი უხილავი ნაწილი, რომელსაც აურას უწოდებენ.

– ჩვენი არსებობის უდიდესი საიდუმლო ჯერ კიდევ აღმოსაჩენია. მისი მეშვეობით შეიძლება დამტკიცდეს, რომ სიკვდილი სულაც არაა დასასრული.

– სახლიდან ორი კვარტლის მოშორებით ვიყავი იქ, სადაც ჩემი ავადმყოფი დედა იწვა. მოულოდნელად დავინახე ღრუბლის გამოსახულება, რომელსაც ანგელოზები ახლდნენ. ერთ-ერთი მათგანი დედაჩემის გარეგნულ ფორმას იღებდა. ამ დროს მოულოდნელად გავაანალიზე, რომ ის ცოცხალი აღარ იყო და ეს სიმართლე აღმოჩნდა.

ტესლას სწამდა, რომ სხეულის სიკვდილის მიუხედავად, ადამიანის სულიერი საწყისი ცოცხალი რჩებოდა და მასთან დაკავშირება შესაძლებელი იყო. ამისთვის სპეციალური მოწყობილობაც კი შექმნა. შენახულია ტესლასთვის გაგზავნილი წერილი, რომელიც ახლო მეგობარმა, ცნობილმა ინგლისელმა ფიზიკოსმა სერ უილიამ კრუკსმა მისწერა. წერილში კრუკსი მადლობას უხდის გამომგონებელს მაღალი სიხშირის ელექტრომაგნიტური გარდამქმნელის ჩუქებისთვის, რისი მეშვეობითაც სულებთან კავშირი გაუადვილდა.

„ეჭვის გარეშეა, რომ ტესლა ფლობს სულიერების ძალიან მაღალ დონეს”, ამბობდა ინდოელი ფილოსოფოსი სვამი ვივეკანანდა. ის ხშირად სტუმრობდა მეცნიერს ლაბორატორიაში და ამბობდა: „ტესლა ისე ექცევა ელექტროენერგიას, როგორც ცოცხალ არსებას, ესაუბრება და ბრძანებებს აძლევს მას”.

ტესლას აზრით, სამყაროში ყველაფერს – ვარსკვლავებს, გალაქტიკებს, ელექტრონებს – ჰქონდა გრძნობები, ხოლო კოსმოსი ერთი დიდი გონიერი ორგანიზმი იყო, რომელიც შედგებოდა სხვადასხვა ნაწილებისგან. ეს ნაწილები ერთმანეთის მსგავსი იყო, თუმცა სხვადასხვა სიხშირის ვიბრაციები ახასიათებდათ. მეცნიერის მოსაზრებით, თითოეული ნაწილი პარალელურ სამყაროს წარმოადგენდა. სხვა სამყაროს რეზონანსულ სიხშირეში შესვლა პარალელური სამყაროს ფანჯრის გაღებას ჰგავდა. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა სამყაროში მოგზაურობა შესაძლებელი გამოდიოდა. ეს ფანტასტიკური ჩანს ჩვენი დროისთვისაც კი, რომ არაფერი ვთქვათ ტესლას პერიოდზე.

– უამრავმა ადამიანმა ფანტაზიორი მიწოდა, გზააბნეულმა ბრმა მსოფლიომ ჩემს იდეებს დასცინა. დრო განსჯის ყველას.

სერბი მეცნიერი კაცობრიობის კეთილდღეობაზე ოცნებობდა. მას მიაჩნდა, რომ ადამიანებს უნდა გამოეყენებინათ დედამიწის ელექტროენერგია და მასში ფული არ ეხადათ, ისევე როგორც არაფერს ვიხდით ჰაერში. ცოტა ხანში ტესლამ გააანალიზა, რომ ეს მოუმწიფებელი და სასტიკი მსოფლიო ადრე თუ გვიან გამოიყენებდა მის აღმოჩენას – ელექტროენერგიის უსადენოდ გადაცემას, როგორც მოკვლის საშუალებას. შესაძლოა, ტუნგუსკის კატასტროფის სიმძლავრემ ეს აზრები უფრო განუმტკიცა.

– ჩემი პროექტი იმაზე მეტად უსწრებდა დროს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა.

ტესლამ შეწყვიტა ვარდენკლიფში ექსპერიმენტების ჩატარება და გაანადგურა ჩანაწერები, რომლებიც აღმოჩენაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლეოდა. სავარაუდოდ ტუნგუსკასთან დაკავშირებულმა დოკუმენტებმაც იგივე ბედი გაიზიარეს და ტესლას ბრალეულობის საკითხი დღემდე ღიად რჩება. უნიჭიერესმა მეცნიერმა თავის პიროვნებასთან დაკავშირებით მრავალი ამოუხსნელი საიდუმლო დატოვა. თუმცა ერთი რამ ცხადია: უზარმაზარი მეცნიერული პასუხისმგებლობა უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ამბიცია.

ტესლას თავისებური შეხედულება ჰქონდა ომზე: მას სჯეროდა, რომ ომის დაწყების მიზეზი იყო დიდი სხვაობა სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკურ და სამხედრო პოტენციალში. როცა რესურსები მეტნაკლებად თანაბრადაა განაწილებული, მშვიდობა ისადგურებს. პოტენციალებს შორის დიდი განსხვავება კი ომის დაწყების საბაბია. თავისი უცნაური ქმედებით ტესლა ლამობდა, სხვადასხვა ქვეყნების პოტენციალი დაებალანსებინა. ის მთელი ძალისხმევით ცდილობდა, აერიდებინა II მსოფლიო ომი.

– თუკი არ გაქვს საშუალება, რომელიმე ქვეყანაზე განახორციელო წარმატებული თავდასხმა, ომი არ იქნება.

ტესლა რომელიმე კონკრეტულ ქვეყანას არ ემსახურებოდა. მას პირველ რიგში კაცობრიობის ბედი ანაღვლებდა. აღიქვამდა რა საკუთარ თავს სამყაროსეული ორგანიზმის ნაწილად, მეცნიერი ხშირად ამბობდა: „ყველაზე პატარა ქმნილების მოქმედებაც კი სამყაროში ცვლილებებს იწვევს.” წარმოუდგენელი ტექნოლოგიური ცოდნის მფლობელმა გენიოსმა ერთხელ განაცხადა:

– მე შემიძლია, დედამიწა ორად გავაპო, მაგრამ ამას არასდროს ვიზამ. ჩემი მთავარი მიზანი ყოველთვის იყო ახალი ფენომენების ჩვენება და იმ იდეების გავრცელება, რომლებიც ახალი კვლევების საწყის წერტილად იქცევიან.

ნიკოლა ტესლა, როგორც თავად ამბობდა, არ ყოფილა სასწაული ან სხვა სამყაროდან მოგზავნილი მაცნე. ის ერთი ჩვენგანი იყო, რიგითი ადამიანი, რომელიც ისევ და ისევ მიაპყრობდა ჩვენს ყურადღებას საუკუნო კითხვებისკენ: ვინ ვართ ჩვენ? საიდან მოვედით? რატომ? სად გადის ჩვენი შესაძლებლობების ზღვარი?

 

წინა გვერდი