EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« იაპონელთა ეთნოფსიქოლოგია »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: admin
თარიღი: 2013-12-03 22:19:49
იაპონური კულტურა მსოფლიოში ცნობილია, როგორც ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული, თვითმყოფადი და ორიგინალური. იაპონია ასევე განთქმულია ტრადიციებისადმი განსაკუთრებული ერთგულებითა და საოცარი ტექნოლოგიური პროგრესით. საინტერესოა, რამ განაპირობა ამ ქვეყნის ბედის ასეთი განვითარება? ამ კითხვაზე პასუხი უნდა ვეძიოთ იაპონელი ერის ეთნო–ფსიქოლოგიაში, რომელიც საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა სხვადასხვა ადგილობრივი და გარეშე ფაქტორების ზეგავლენით. ეს ფაქტორებია:
- გეოგრაფიული მდებარეობა და მასთან დაკავშირებული სირთულეები
- იზოლაცია – როგორც გეოგრაფიული, ასევე კულტურული და ისტორიული
- აზიიდან შესული რელიგიები – კონფუციანიზმი და ბუდიზმი
- შინტო – ადგილობრივი რელიგია
ამ ფაქტორების გავლენით ჩამოყალიბდა იაპონელი ერის ეთნიკური ფსიქოლოგია, რომელმაც თავისმხრივ ბევრი რამ განაპირობა იაპონიის ისტორიასა და კულტურაში.
იაპონური ეთნოფსიქოლოგიის შემადგენელი ნაწილები, რომლებსაც განვიხილავთ, არის:
- იაპონელი ერის ღვთაებრივი წარმომავლობის რწმენა, რისი სიმბოლოცაა იმპერატორი
- შინტო – ცხოვრების წესი
- უფროსისადმი უმცროსის უსიტყვო მორჩილება
- შრომის კულტურა
- ბუნებასთან სიახლოვე და მშვენიერების განსაკუთრებული აღქმა
იაპონელთა წარმოდგენით, ისინი მზის ქალღმერთ ამატერასუდან მოდიან. მისი პირველი შთამომავალი იყო იმპერატორი ჯიმუ, რომელიც ჩვ.წ. 660 წ. ავიდა იამატოს სამეფოს ტახტზე (იამატო იაპონიის ძველი სახელწოდებაა) და საფუძველი ჩაუყარა იმპერატორთა უწყვეტ დინასტიას, რომელიც უძველესია დღეს ჯერ კიდევ მოქმედ დინასტიებს შორის. მისი უკანასკნელი წარმომადგენელია იმპერატორი აკიჰიტო (1989 –დღემდე).
ტენნო იაპონელი ერის ერთიანობის სიმბოლოა და მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მისი თვითშეგნების სიმტკიცეს. ეს თვითშეგნება კი, როგორც ჩანს, იმდენად მტკიცედაა გამჯდარი იაპონელთა აზროვნებაში, რომ ის ვერ დააკნინა უცხოეთიდან შემოსულმა ვერცერთმა იდეოლოგიამ.
იმპერატორის ღვთაებრივი წარმომავლობა შინტოს – იაპონელთა ადგილობრივი რელიგიის განუყოფელი ნაწილია. მაგრამ თვითონ შინტო იმდენად რელიგია არ არის, რამდენადაც ცხოვრების წესია. იაპონელთა დამოკიდებულება რელიგიასთან მეტად თავისებურია და ჩვენთვის – არაიაპონელებისთვის ძალიან რთული გასაგებიც. ამიტომ მათ ხშირად ათეისტებად ან რელიგიისადმი ინდიფერენტულადაც მიიჩნევენ. „თუ იაპონელს შეეკითხები, რანაირია მისი რწმენა, იგი ვერ გაგიგებთ. მას შეუძლია გიპასუხოთ მხოლოდ ის, რომ ჩვეულაბათა თანახმად, დაბადებისას სახელი შინტოისტურ ტაძარში დაარქვეს და ალბათ, უკანასკნელ გზაზე ბუდისტი ბონზები გააცილებენ. სიცოცხლის ამ ორ უკიდურეს წერტილს შორის მას შეუძლია დროებით ქრისტიანი გახდეს.“ (გ. ვოსტოკოვი)
შინტო ღმერთების გზას ნიშნავს. შინტოისტური წარმოდგენით, სამყარო დასახლებულია მილიარდობით კამით. კამი შეიძლება იყოს ღვთაება, წინაპართა სული, გმირი და ა.შ.
შინტოს მიმდევარი არ შეიძლება იყოს არაიაპონელი, ხოლო იაპონელი ბუნებით შინტოისტია. ამიტომ იაპონელისთვის სასაცილოა უცხოელი შინტოისტის იდეა. ეს წარმოდგენა იაპონელთა გამორჩეულობის განცდის საფუძველია.
შინტო არ გულისხმობს რელიგიურ დოგმებს. მისი წესები მხოლოდ და მხოლოდ ყოფითია: „დაიცავი სისუფთავე შენს გარშემო და მიჰყევი ბუნების კანონებს“. შინტოისტური წარმოდგენით, შესაძლებელია ყველაფერი უწმინდურის განწმენდა. სწორედ ამისკენაა მიმართული შინტოს ტაძრების რიტუალები. ისინი ბადებენ შეგუების, ადაპტაციის მიდრეკილებებს. ამიტომ მას შემდეგ, რაც იაპონელი შეეწყობა იაპონურ ტრადიციებს, მას შეუძლია მიიღოს ნებისმიერი მოდერნიზაცია. ალბათ, ამიტომაც შინტო არ გამორიცხავს სხვა რომელიმე რელიგიის რწმენას. შესაბამისად, არც არის გასაკვირი, რომ ჩინეთიდან და კორეიდან შესულმა ბუდიზმმა და კონფუცის მოძღვრებამ ადვილად მოიკიდეს ფეხი იაპონიაში, მაგრამ ვერც ადგილობრივი ტრადიციები (შინტო) განდევნეს. პირიქით, ადგილობრივმა და უცხომ ერთმანეთი შეავსეს.
„უმაღლესისა და უმდაბლესის ურთიერთობა ჰგავს ქარისა და ბალახის ურთიერთობას. თუ ქარი დაუბერავს, ბალახი უნდა გადაიღუნოს.“ ეს კონფუცის ფრაზაა, რომელიც კარგად ასახავს იაპონურ სოციალურ ურთიერთობათა სტრუქტურას. უფროსისადმი უმცროსის უსიტყვო მორჩილება იაპონურ საზოგადოებაში მტკიცედ დამკვიდრებული ტრადიციაა. ამას განაპირობებს როგორც შინტოისტური წარმოდგენები, ასევე კონფუცის იდეები.
კონფუციანიზმი იაპონიაში ჯერ IV-V საუკუნეებში შევიდა კორეიდან, ხოლო VI ს. უშუალოდ ჩინეთიდან. ამ პერიოდიდან კონფუცისეულმა ქცევის მკაცრი რეგლამენტაციის, წინაპართა გაღმერთების, მშობელთა პატივისცემისა და უფროსისადმი მორჩილების დოქტრინებმა მტკიცედ გაიდგა ფესვები იაპონიის შინტოისტურ ნიადაგზე.
ენის გარკვეულ თავისებურებებში კარგად აისახება ხოლმე ამ ენის მატარებელი ხალხის ფსიქოლოგია. მაგალითად, ქართველისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ნათესაურ კავშირებს, ამიტომაც, თუ სხვა ენებში ერთი სიტყვა აღნიშნავს დეიდას, მამიდას და ბიცოლას, ჩვენთან სამი სხვადასხვა სიტყვა გვაქვს, რომლებიც თავისთავად განასხვავებენ ამა თუ იმ ადამიანთან ნათესაურ კავშირს. ამგვარადვე, იაპონური ენა ასახავს უფროს–უმცროსობის იერარქიას: სხვადასხვა სიტყვა აღნიშნავს უფროს და უმცროს ძმას და უფროს და უმცროს დას. ამასთანავე, რაიმეს მიღების ან გაცემის აღმნიშვნელი ზმნები განსხვავდება მიმღებისა და გამცემის რანგის მიხედვით.
შინტოიზმთან ერთად იაპონელს დაბადებიდან თანდაყვება საზოგადოებრივი ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც მისი ცხოვრების მთავარი მიზანია. აქედან გამომდინარეობს ის საოცარი მორჩილება, რომელიც ახასიათებთ იაპონელებს და რომელიც განაპირობებს მათი შრომის კულტურის თავისებურებებსაც. იაპონელები განთქმულნი არიან ფანატიკური შრომისმოყვარეობით, ორგანიზებულობით, სიბეჯითით, გამძლეობითა და ცხოვრების პირობების მიმართ ნაკლები პრეტენზიულობით. ეს თვისებები მათ გამოამჟღავნეს ყველა ისტორიულ პერიოდში. რთული გეოგრაფიული პირობები (კუნძულოვანი განლაგება და სამეურნეოდ ვარგისი ნიადაგის სიმცირე) დიდწილად განსაზღვრავდა იაპონელების ამ თვისაბათა ჩამოყალიბებას.
იაპონელებს ახასიათებთ აშკარად გამოხატული ფატალიზმი. იაპონელები სკოლის მერხიდანვე ითვისებენ თავშეკავების დებულებებს. მათ გამუდმებით შთააგონებენ, რომ ასეთი გაგება არის ცხოვრებისეული ფილოსოფიის საფუძველი. იაპონიაში ხშირად ურჩევენ დაიცვან ცხოვრების შემდეგი წესები: შეურიგდნენ ნებისმიერ სიტუაციას, მოძებნონ საშუალება, რათა შეძლობ დადგენილი წესების დაცვა, თავი შეიკავონ გართობისაგან, უბედურება საკუთარ თავს დააბრალონ. მაგ. სტიქიური უბედურებისას იაპონელი ყოველთვის ირჩევს პასიური ლოდინის მდგომარეობას – ტეიშისეი – იმ იმედით, რომ ყველაფერი თავისთავად გაივლის.
უსიტყვო მოჩილების ერთ–ერთი განმაპირობებელი ფაქტორი რელიგიურ წარმოდგენებთან ერთად შეიძლებოდა ყოფილიყო სამსაუკუნოვანი სამხედრო ტოტალირატიზმი – ტოკუგავას შოგუნატი (1603–1867). ამ დროს იაპონია ჩაკეტილ საზოგადოებას წარმოადგენდა. ამან უარყოფითი გავლენა იქონია ეკონომიკაზე, მაგრამ ხელი შეუწყო ტრადიციების შენარჩუნებას. მაგალითად, ამ პერიოდში აიკრძალა ქრისტიანობა და სხვა ყველანაირი კავშირი უცხოეთთან. ამის საპირისპიროდ მტკიცდებოდა იაპონური ტრადიციები. მეიჯის რესტავრაციის პერიოდში მომხდარმა პოლიტიკურ–კულტურულ–ეკონომიკურმა ცვლილებებმა ნაკლებად მოახდინეს გავლენა ერის ფსიქოლოგიაზე.
1945 წლამდე იაპონია რჩებოდა ჩაკეტილ საზოგადოებად. იმპერატორმა კაპიტულაცია გამოაცხადა. ეს დიდი დარტყმა იყო იაპონელებისთვის, მაგრამ მათ მოუწიათ შეგუება ღვთაებრივი წარმომავლობისა და გამორჩეულობის ხატის მსხვრევასთან. თუმცა იაპონელებმა, ისევ და ისევ თავიანთი ხასიათიდან გამომდინარე, შეძლეს მორგებოდნენ ახალ სისტემას და დღეს იაპონია მსოფლიოს მეორე სახელმწიფოა ცხოვრების დონით აშშ–ს შემდეგ. თუმცა ახლის შეთვისაბასთან ერთად დავიწყებას არ მისცემია ძველი. რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდას, იაპონელები უარს ვერ ამბობენ იმაზეც კი, რაც თვითონვე მოძველებულად მიაჩნიათ.
შრომაშიც კი იაპონელები არ კარგავენ მშვენიერების შეგრძნებას, რაც თავიანთი ეროვნული ხასიათის საფუძვლადაც კი მიაჩნიათ. მშვენიერების ამ განსაკუთრებული განცდიდან გამომდინარეობს ბუნებისადმი მათი დამოკიდებულებაც. შინტოს მიხედვით, ბუნებაში ყველაფერი ცოცხალია. იაპონელები ცდილობენ მაქსიმალურად შემოიყვანონ ბუნება თავიანთ სახლებში და რაც უნდა ღარიბი იყოს ოჯახი, ეთი ქოთანი მწვანე მცენარე მაინც ექნება. იაპონურ ენაში არსებობს ესთეტიკური შინაარსის ისეთი სიტყვები, როგორიცაა „ჰანამი“ – ყვავილებით ტკბობა, „იუკიმი“ – თოვლით ტკბობა და „ცუკიმი“ – მთვარით ტკბობა. მშვენიერებით ტკბობა იაპონელებისთვის უკვე ტრადიციაა. აქედან გამომდინარე ისინი ძალიან მგრძნობიარედ აღიქვამენ გარესამყაროს და საკუთარი შეგრძნებების კონტექსტში განიხილავენ ობიექტურსაც.
ტრადიციონალიზმი იაპონური ფსიქოლოგიის განუყოფელი ნაწილია. იაპონელები ყველანაირად ცდილობენ უძველესი ტარდიციების – ჩაის ცერემონიის, იკაბანასა და ტრადიციული თეატრის შენარჩუნებას. ეს სიძველეები მარადიულობის სიმბოლოა და ცვალებად, დინამიკურ სამყაროში იაპონელთათვის საყრდენს წარმოადგენს. ხოლო რაც შეეხება უცხოეთიდან შემოსულ სიახლეებს, იაპონელები მათ არც უარყოფენ და არც ბრმად მისდევენ. იაპონია ადგილობრივისა და შემოსულის მუდმივი დიალოგის ადგილია. იაპონური ტრადიციები და უცხო ხალხის ზნე–ჩვეულებები აქ ერთმანეთს ამდიდრებს და ქმნის სრულიად უნიკალურ ახალ კულტურას. ამიტომაც არის იაპონია ერთ–ერთი ყველაზე ტრადიციული და იმავდროულად თანამედროვე ქვეყანა.
სტატიის ავტორები: ნანა ქავთარაძე, სოფო გოგოლაძე
თავისუფალი უნივერსიტეტი – აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი