EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ვიკინგები - ომის ღმერთები ჩრდილოეთის მიწებიდან »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: DEMI

თარიღი: 2014-01-17 22:56:51

ვიკინგები - ომის ღმერთები ჩრდილოეთის მიწებიდან

ვიკინგები - ომის ღმერთები ჩრდილოეთის მიწებიდან

 
აქ იწყება ამბავი მოვლენების შესახებ, რომელიც…ჯერ არ ამოშლილა ხალხის მეხსიერებიდან… ზოგიერთი ამ ამბებისგან ამბის დასრულებიდან მალე ჩაიწერა და არაფერი იქნა დამატებული. მაგრამ, შესაძლოა, ამ წიგნს ნახავს ხალხი, რომელთაც მეტი იციან და იტყვიან, რომ მოკლედ არის აღწერილი და ბევრი მნიშვნელოვანი რამ აკლია. ამიტომ, დაე მათ ინებონ დაწერონ იმაზე, რაც გამოტოვილია, თუკი ინებებენ.
“საგა სვერინზე”, 1220-1230 წ. 
 
ისინი ჩრდილოეთიდან ზღვით მოვიდნენ…დრაკონის შემზარავი გამოსახულებით კიჩოდამშვენებული ხომალდი ტალღებს მიაპობდა. ბნელი ღამე სუფევდა. ჩირაღდანთა შუქი მკრთალად ანათებდა გემბანზე მდგარ მუქ ფიგურებს. მაღალი, ჯმუხი ჩრდილოელი გადმოხტა. გრძელი, ჟღალი წვერი ნაწნავად ჰქონდა დაწნული, თვალები მრისხანედ უელავდა. ნადირის ბეწვით დამშვენებული სამოსი მუხლებამდე სწვდებოდა. მარჯვენა ხელი ხმლის ვადაზე ედო...
ვიკინგები – ასე ეძახდნენ ნორვეგიულად მეკობრეობას – ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული და ომისმოყვარე  ხალხი, ვისაც კი მსოფლიოს ცივილიზაციებზე იერიში მიუტანია. მათი სისწრაფე, თავზეხელაღებული სიმამაცე და სიმძვინვარე, მუდმივი მზადყოფნა ხელჩართულ ბრძოლაში ჩართვისა შიშის ზარს სცემდა მოწინააღმდეგეს. ამას გარდა 840 წლიდან, მათ ხომალდებით ცხენების ტრანსპორტირებაც დაიწყეს, რითაც საშუალება მიეცათ სანაპიროზე თავდასხმის შემდეგ ქვეყნის სიღრმეში განეხორციელებინათ მოულოდნელი რეიდები – აღნიშნავს ცნობილი ინგლისელი სამხედრო ისტორიკოსი ჯონ კიგანი ომების ისტორიაში(A history of warfare). 

 

ანგლო-საქსებისთვის ვიკინგები “წარმართები”, “დანიელები” ან “ჩრდილოელი ადამიანები” იყვნენ. ტერმინი “ვიკინგი” სავარაუდოდ საქსური სიტყვიდან wic(სამხედრო ბანაკი) მოდის, თუმცა არის სხვა ვერსიებიც. ფრანკული წყაროები მათ Nordmanni(ჩრდილოელი ხალხი ან ნორმანები)უწოდებენ, გერმანულები კი Ascomanni(იგივე “ეშმენ”, ash– იფანს ნიშნავს), რადგან ზოგიერთი ვიკინგთა გემი იფნის ხისგან მზადდებოდა, თუმცა ძირითადად ამ დაპყრობელთა ხომალდები გამძლე მუხის ხისგან იკვრებოდა. ესპანელი მუსლიმები ვიკინგებს Al-Madjus – წარმართ ჯადოქრებს უწოდებდნენ, სლავები – Rus(შესაძლოა Rotsi–დან, რასაც ფინელები შვედეთს უწოდებდნენ), ბიზანტიელები იცნობდნენ მათ როგორც Rhos(ბერძნული ზედსართავიდან “წითური”, ვიკინგთა წითური გარეგნობის გამო) ან Varangoi(სავარაუდოდ ძველსკანდინავიური სიტყვიდან Var – “ფიცი”, რაც უკავშირდება იმას, რომ ვიკინგებს ჰქონდათ ტრადიცია დაედოთ ერთგულების ფიცი). მხოლოდ ირლანდიელები, რომლებიც ვიკინგებს Lochlannach ჩრდილოელებს) და Gaill(უცხოები ან უცხოელები) უწოდებდნენ, ცდილობდნენ გაერჩიათ ერთმანეთისგან დანიელები(Dubh-Gaill – შავი უცხოელები) და ნორვეგიელები(Finn-Gaill – თეთრი უცხოელები). ზოგიერთ სხვა წყაროში ვიკინგები “დანიელებად”, “ნორვეგიელებად” და “შვედებად” მოიხსენიებენ. მაგალითად, ადამ ბრემენელი 1075 წელს წერდა: “დანიელები და შვედები, რომელთაც ჩვენ ნორმანებს ვუწოდებთ ან ჩრდილოელ ხალხს...”, ასევე ის ხსნის, რომ “დანიელები, შვედები და დანიის სხვა ხალხები(მათ შორის ნორვეგიელები) მოიხსენიებიან ნორმანებად”. ამიტომ, როდესაც ანგლო-საქსონური წყარო მოიხსენიებს ვიკინგებს Dene-დან ან Dani-დან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი აუცილებლად დანიიდან უნდა ყოფილიყვნენ. 

 

სიტყვა ვიკინგის წარმოშობის ერთ-ერთი ძირითადი ვერსიაა სიტყვა Vic, რაც ყურეს ნიშნავს და აქვს ის საბაბი, რომ ვიკინგები იყვნენ მეკობრეები და იმალებოდნენ სანაპიროს ყურეებში, საიდანაც შემდეგ სწრაფ რეიდებს ახდენდნენ. არის ვერსია, რომ ტერმინი ვიკინგი შეიძლება მოდიოდეს სიტყვიდან Vik – გეოგრაფიული სახელწოდება ნორვეგიის ერთ-ერთი ნაწილისა, ან Vig – ბრძოლა. სკანდინავიურ ხელნაწერებში Viking მეკობრეობას ან მეკობრულ თავდასხმას ნიშნავს, ხოლო ადამიანი, ვინც ასეთ რეიდში მონაწილეობს – Vikingr. 
სხვადასხვა ვერსია არსებობს ვიკინგთა მოულოდნელი გამოჩენის შესახებ VIII საუკუნეში. ამაზე იმოქმედა დემოგრაფიულმა ფაქტორებმა და ევროპაში სტაბილური, მდიდარი სახელმწიფოების ჩამოყალიბებამ, როგორიც იყო კაროლინგების იმპერია. მიმდინარეობდა გაცხოველებული ვაჭრობა, რაც ხელს აძლევდათ მეკობრეებს და ისინიც ამ შანსს ხელიდან არ უშვებდნენ და მუდამ ესხმოდნენ სავაჭრო ქარავნებსა თუ ვაჭართა ხომალდებს. ამასვე უკავირდება სკანდინავიაში გემთმშენებლობის სწრაფი განვითარება. 
ვერ წარმოვიდგენთ ეპოქის იმაზე უკეთეს სიმბოლოს, როგორიც ვიკინგთა დრაკარია. ეს სიმბოლო თავად ვიკინგებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ისინი მას საფლავებზე, ქვებსა და მონეტებზე გამოსახავდნენ. ვიკინგთა სიყვარული თავიანთი გემების მიმართ სიკვდილზე ძლიერი იყო – ამაზე მეტყველებს გოკსტადსა და უსებერგში აღმოჩენილი ხომალდების ნაშთები. გავრცელებული წესი იყო გმირულად დაღუპული მეომრის თავისივე ხომალდთთან ერთად სამგლოვიარო კოცონზე დაწვა. ვიკინგები დახელოვნებულები იყვნენ როგორც სამხედრო(Skei), ისე სავაჭრო-სამოგზაურო გემების(Snekkja) მშენებლობაში. ხომალდის ასაგებად საუკეთესო იყო მუხის მასალა, თუმცა გამოიყენებოდა ცაცხვი, იფანი, ტირიფი და არყი. 
 
                                                          ვიკინგთა დრაკარი
 
ვიკინგთა სამხედრო გემებს დრაკარები ანუ დრაკონები მათ კიჩოზე გამოსახული დრაკონის თავის გამო უწოდეს. ამ ტიპის გემები გრძელი ხომალდების(Longship) სახელითაცაა ცნობილი. მისი სიგრძე 35-60 მეტრამდე მერყეობდა და ხშირ შემთხვევაში 36 წყვილი ნიჩბით იმართებოდა. ამგვარად დრაკარს 12-14 კვანძი სიჩქარის(1 კვანძი – 1,852 კმ/სთ = 0,5144 მ/წმ) განვითარება შეეძლო, რაც ამ ზომის ხომალდისთვის შესანიშნავი მაჩვენებელი იყო. გრძელი გემის აფრა ჩრდილოური ჯიშის ცხვრის მატყლისგან მზადდებოდა. მის ზედაპირს ქონით პოხავდნენ, რათა წყლით არ გაჟღენთილიყო. აფრას მართკუთხედი ან კვადრატული ფორმა ჰქონდა და გამოსადეგი იყო ზურგის ქარი დროს. გემის ეს განუყოფელი ნაწილი ძვირად ფასობდა, რადგან მის დამზადებას 2 ტონამდე მატყლი სჭირდებოდა. გემბანზე დაახლოებით 100-150 მეზღვაური და ჯარისკაცი იმყოფებოდა, თუმცა ლაშქრობების დროს შეიძლებოდა უფრო მეტი მეომრის წაყვანაც. ასეთ დროს დრაკარი სანაპიროებს დიდი დისტანციით არ სცილდებოდა და ეკიპაჟი ღამით ხმელეთზე ბანაკდებოდა, სადაც ადვილი იყო წყლისა და საკვების მომარაგება. 

 

                                                            ვიკინგთა კნარი
 
დრაკარი ვიკინგისთვის მეორე სახლს წარმოადგენდა. აქ ყველა ეკიპაჟის წევრს გააჩნდა ადგილი, სადაც პირად ნივთებს და იარაღს შეინახავდა. გემის დაბალი კორპუსი მორთული იყო პატრონის გემოვნების მიხედვით, ძირითადად სხვადასხვა ფერის საბრძოლო ფარებით. ვიკინგები ამაყობდნენ თავიანთი დრაკარებით. ისლანდიურ საგებში ხომალდთა რამდენიმე სახელწოდებას ვხვდებით – “მხიარული ცხენი”, “მებრძოლი დრაკონი”, “ბიზონი, ოკეანის დამძლევი”, “დიდი გველი”(ეს უკანასკნელი სახელი ალბათ მითიურ მიდგარდის გველს – იორმუნგანდრს უკავშირდება). ატლანტიკის ოკეანისასეთი გემებით ვიკინგებს შეეძლოთ ხანგრძლივი ლაშქრობები წამოეწყოთ და განევითარებინათ კოლონიზაცია ახლად აღმოჩენილი მიწებისა. სწორედ ხომალდები იყო ვიკინგთა მთავარი იარაღი მათი ლაშქრობების პერიოდში. ზღვაოსანი სკანდინავიელების ცნობიერებაში წარმართობა ღრმად იყო გამჯდარი.  ისინი თაყვანს სცემდნენ ოდინს – უზენაეს ღვთაებას, განსაკუთრებით კი თორს – ელვისა და ჭექა ქუხილის ღმერთს, გმირ მეომარს და მიდგარდის გველის – მეზღვაურთა ლეგენდარული, საშინელი მეტოქის დაუძინებელ მტერს. თორი უძლიერესად ითვლებოდა ყველა ადამიანსა და ღმერთს შორის, მისი ძალის ნაწილი ჩადებული გახლდათ ჯადოსნურ ქამარში, რომელიც წელზე ერტყა. ჭექა-ქუხილის ღვთაების იარაღი იყო საომარი ურო – მიოლნირი(ძვ. სკანდ. Mjöllnir – გამანადგურებელი). მიოლნირის საშუალებით თორი ახერხებდა გოლიათებისგან დაეცვა ადამიანები და ღმერთები. რაგნაროკის უკანასკნელ ბრძოლაში იგი დაუპირისპირდება თავის მუდმივ მტერს – მიდგარდის გველ იორმუნგანდს და გაიმარჯვებს, თუმცა მოწინააღმდეგის შხამის ზემოქმედებით 9 ნაბიჯის გადადგმის შემდეგ დაიღუპება.

 

                                                                       თორი
 
კოლონიზატორ სკანდინავიელთა გემებს – კნარი(Knarr) ეწოდებოდა და განსხვავდებოდა დრაკარისგან. მას მაღალი კორპუსი და მეტი ტევადობა ჰქონდა. ამას გარდა გააჩნდა საკმარისი სიმყარე, რომ გაეძლო ატლანტიკის ოკეანის მძინვარე ტალღებისთვის. კნარის სიგრძე დაახლოებით 16,3 მეტრი იყო, სიგანე 4,5, სიმაღლე 2 მეტრს აღემატებოდა. კორპუსის ცენტრში 30-35 მ2  ადგილი საშუალებას იძლეოდა ხომალდზე 24 ტონამდე ტვირთი მოეთავსებინათ. კნარის ეკიპაჟს სულ 5-8 მეზღვაური შეადგენდა. ხანგრძლივი მოგზაურობებისთვის, როდესაც ხომალდი გაშლილ ზღვაში მოძრაობდა და არა სანაპიროების მახლობლად, საჭირო გახლდათ საკმარისი სურსათ-სანოვაგის და კოლონიზატორთათვის აუცილებელი ნივთების წაღება. ასეთი ტიპის გემის არსებობას კი შეეძლო ამ ამოცანის გადაჭრა. კნარი ძირითადად აფრის ხარჯზე მოძრაობდა, განსხვავებით დრაკარისგან, რომელსაც ნიჩბებიც ჰქონდა. ცნობილი ვიკინგი მოგზაურები, მაგალითად ერიკ რაუდამ(ერიკ წითური, Eiríkr rauði Þorvaldsson,  დაახლ. 950-1003) გრელანდიას და მისმა ვაჟმა ლაიფ ერიქსონმა(Leifur Eiriksson, დაახლ. 970-1020) ჩრდილოეთ ამერიკას, კნარებით მიაღწიეს. მათ შესახებ ცნობები შემონახულია ორ წყაროში, ესენია – “საგა ერიკ წითურის შესახებ” და “საგა გრენლანდიელებზე”. 

 

                                                  ლინდისფარნის მონასტერი
 
ანგლო-საქსონურ წყაროებში არის ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის მოხდა ვიკინგთა პირველი შემოტევა და ვინ გახდა მათი პირველი მსხვერპლი. ოთხი წლის შემდეგ, 793 წელს ვიკინგები ლინდისფარნის კუნძულზე მდებარე მონასტერს დაესხნენ თავს: “უფლის ტაძრის ძირფესვიანად დანგრევა საშინელ სისხლისვრასთან და ძარცვასთან ერთად მიმდინარეობდა. აქამდე ბრიტანეთს მსგავსი საშინელება არ ეხილა, როგორიც ამ წარმართმა ტომებმა მოაწყვეს – წერდა სწავლული ალკვინი – ის აზრიც კი, რომ შემოტევა ზღვიდან მოხდებოდა წარმოუდგენელი იყო. წმინდა კუბერტის ეკლესია უფლის მსახურთა სისხლით მოირწყო, პრაქტიკულად ყველაფერი მოიპარეს, ბრიტანეთის ეს უდიდესი წმინდა ადგილი წარმართთა მსხვერპლი შეიქნა”.
თავდაპირველად ვიკინგთა ლაშქრობები ცალკეული და უმნიშვნელო გახლდათ და ძირითად სამიზნეს სანაპირო დასახლებები და სავაჭრო ექსპედიციები წარმოადგენდა. მალე ისინი მიხვდნენ, რომ ასე ცოტა ნადავლი რჩებოდათ, ამიტომ გაზარდეს თავდასხმათა რაოდენობა და მასშტაბურობა. ეს დაუნდობელი და სასტიკი ლაშქრობები სამას წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა. ვიკინგები თავიანთი სწრაფი, მანევრული და ბრტყელძირიანი გემებით თითქმის ყველანაირ სანაპიროზე ახერხებდნენ გადასვლას და სამიზნეზე თავდასხმას. როდესაც მტრის ჯარისკაცები გამოჩნდებოდნენ, მათ თვალწინ აოხრებული და გადამწვარი დასახლება და უკვე ზღვაში გასულ ვიკინგთა ხომალდის მკრთალი ლანდი წარმოუდგებოდათ. 

 

                                                  დრაკარის კიჩოს მორთულობა
 
პირველი რეიდების შემდეგ ხომალდები უფრო წინ და წინ მიიწევდნენ – დალაშქრეს საფრანგეთი – 845 წელს გადაწვეს პარიზი, 885 წელს ალყა შემოარტყეს, თუმცა ვერ აიღეს -  და ესპანეთ-პორტუგალია, გიბრალტარით გადავიდნენ ხმელთაშუა ზღვაში, მიადგნენ ჩრდილოეთ აფრიკას, იტალიასა და მის კუნძულებს, კრეტასა და მცირე აზიას. ნორმანთა ბატონობა ვრცელდებოდა სიცილიასა და სამხრეთ იტალიაზე. მათ ხშირად უხდებოდათ დაპირისპირება ბიზანტიელებთანაც. ვიკინგთა სხვა ჯგუფები ფარერის, ჰებრიდის, შეტლანდისა და ორკნეის კუნძულების კოლონიზებას ახდენდნენ. მათ მიაღწიეს გრენლანდიას, ისლანდიასა და ჩრდილოეთ ამერიკის ნაპირებსაც კი. 

 

                         ინგვარის ქვა - რუნული დამწერლობის ნიმუში
 
789 წელი: ამ წელს მეფე ბეოტრიკმა ცოლად მერსიის მეფე ოფას ასული ედბიური შეირთო. მისი მმართველობისას პირველად გამოჩნდა ნორმანთა სამი ხომალდი ხარდალანდიდან. ადგილობრივი მოხელე ეახლა მათ, რათა მიეღო ისინი მეფის მამულებში, თუმცა არ იცოდა ვინ იყვნენ უცხოელები. იგი მოკლეს. ეს ხომალდები დანიელ ვიკინგებს ეკუთვნოდათ, რომელთაც პირველად მოაღწიეს ინგლისს. შემდეგი თავდასხმა ზემოთ ნახსენებ ლინდისფარნის მონასტერზე მოხდა 793 წელს. მალე დანიელი ვიკინგები – ინგლისელთა მიერ დანებად წოდებულები, დაეუფლნენ იორკს, მოკლეს ნორთუმბრიის მეფე ელა და გაბატონდნენ ინგლისის დიდ ნაწილში. ვესექსის მეფე ალფრედმა მოახერხა მათი შეჩერება, თუმცა დანების გავლენა მაინც ვრცელდებოდა ე.წ. “დანილოში” – დანიური უფლებების მხარეში. მათი ყველაზე დიდი მეფე იყო კნუტ დიდი, რომელიც 1018-1035 წლებში მართავდა დანიას, ნორვეგიას, შვედეთსა და ინგლისს. მის შემდეგ დანიური გავლენა ნელ-ნელა დასუსტდა და ინგლისელებმა მოახერხეს განთავისუფლება. 1066 წელს ინგლისის მეფე ჰაროლდს ჯერ ნორვეგიის მეტად მამაც, მძლავრ და ამბიციურ მეფესთან, ჰარალდ ჰარდრადასთან მოუხდა დაპირისპირება, სადაც გაიმარჯვა, შემდეგ კი ნორმანდიის ჰერცოგ უილიამთან, ჰასტინგსის ბრძოლაში. ამჯერად ჰაროლდი დამარცხდა და დაიღუპა, ინგლისი ნორმანებმა დაიპყრეს და აქ თავიანთი დინასტია დაარსეს. ირლანდიაში  კი ნორმანებმა ფეხი პირველად 795 წელს დადგეს, 839 წელს მათ უკვე დამოუკიდებელი სამეფო დაარსეს, დედაქალაქით  არმში. ვიკინგების სახელს უკავშირდება ქალაქ დუბლინის დაარსება, რომელსაც ისინი ორას წელზე მეტხანს აკონტროლებდნენ. 

 

                                                                 ჰასტინგსის ბრძოლა
 
აღსანიშნავია ნორმანთა როლი ჯვაროსნულ ომებში - პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის ერთ-ერთი წინამძღოლი, ბოჰემუნდ ტარენტუმელი სამხრეთ იტალიელი ნორმანი იყო. ასევე რობერტი ნორმანდიის ჰერცოგი, უილიამ დამპყრობლის ვაჟი. მათ დიდი როლი შეასრულეს ლაშქრობის წარმატებაში. ბოჰემუნდმა ანტიოქიაში თავისი დინასტიაც კი დაარსა, რომელიც საკმაოდ დიდხანს მართავდა ამ ჯვაროსნულ სახელმწიფოს. ამას გარდა ნორმანთა კვალი საკმაოდ ღრმად მიდის ევროპის ისტორიაში და დროთა განმავლობაში მათი სრული ასიმილაცია ხდება. 
შვედი ვიკინგების მოქმედების არეალს ძირითადად ბალტიის ზღვა წარმოადგენდა. ისინი მდინარეების მეშვეობით რუსეთამდე  და ბიზანტიამდეც კი აღწევდნენ, სადაც მათ ვარანგებს უწოდებდნენ. 860 წელს ვარანგები პირველად გამოჩნდნენ ბიზანტიაში. 970 წელს კიევის დიდმა მთავარმა სვიატოსლავ იგორევიჩი ვიკინგი და სლავი მეომრების დრუჟინებით შეეცადა გამაგრებულიყო ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. ბიზანტიელმა იმპერატორებმა აქტიურად დაიწყეს თავიანთ გვარდიაში განსაკუთრებით ბრძოლისუნარიანი და გამოცდილი ვარანგების ჩარიცხვა. 

 

                                                      ვარანგი გვარდიელები
 
მე-11 საუკუნის პირველი ნახევრის ბოლოს, ერლმა ინგვარ მოგზაურმა უკანასკნელი ვიკინგური ლაშქრობა მოაწყო კასპიის ზღვის მიმართულებით და აღმოსავლეთ საქართველოში მოხვდა, სადაც საქართველოს მეფე ბაგრატ IV-სა და კლდეკარის ერისთავ ლიპარიტ IV ბაღვაშს შორის დაპირისპირებაში ჩაერია, ამ უკანასკნელის წინააღმდეგ. ჯონ კიგანი აღნიშნავს, რომ რუსეთის დიდი მდინარეების მეშვეობით ვარანგები ღრმად აღწევდნენ შავი და კასპიის ზღვის სანაპიროებამდე და  ურთიერთობები ჰქონდათ როგორც ორთოდოქსულ, ისე ისლამურ სამყაროსთან. 
999 წელს ოლაფ წმინდამ ნორვეგიელ ვიკინგებში ქრისტიანობა გაავრცელა. რელიგიამ ნორმანთა შემდგომ ისტორიაზე დიდი გავლენა მოახდინა. შეწყდა გამუდმებული ლაშქრობები და მცირე მძარცველური რეიდები. ჩამოყალიბდა სახელმწიფოები, რომელთაც მეფეები მართავდნენ. გაჩნდა ურთიერთობები ევროპულ ქვეყნებთან და წარმართული ვიკინგთა სამყარო ნელ-ნელა ქრისტიანული ევროპის ნაწილი გახდა. ამავდროულად განვითარებულმა გემთმშენებლობამ და ახალი სავაჭრო გემების უკეთესმა დაცულობამ, ვიკინგური ფლოტიც გააქრო ზღვებიდან. მან ფუნქცია დაკარგა და ისტორიის ნაწილი გახდა. მიუხედავად ამისა ვიკინგებმა მოახერხეს დაეტოვებინათ ღრმა კვალი შუა საუკუნეების ისტორიაზე და მათი სახელი და დიდება საუკუნეებს შემორჩა.