EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« LEGIO XII FULMINATA CERTA CONSTANS »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: admin

თარიღი: 2014-01-22 00:36:37

LEGIO XII FULMINATA CERTA CONSTANS

LEGIO XII FULMINATA CERTA CONSTANS

 

 

XII "ელვისებური" ლეგიონი(Legio XII Fulminata) - იულიუს კეისრის მიერ ძვ.წ. 58 წელს ჩამოყალიბებული რომაული ლეგიონი, რომელმაც თითქმის V საუკუნის დასაწყისამდე იარსება. ლეგიონის სიმბოლო იყო ელვა. ძველ რომში ჭექა-ქუხილის დროს გაელვება ღმერთებისგან მოცემულ კარგ ნიშნად ითვლებოდა. ითვლება, რომ სწორედ ამ ლეგიონის წევრები იყვნენ ორმოცი სებასტიელი წამებული, რომლებიც 320 წელს აწამეს ქრისტიანობისთვის.
იულიუს კეისარმა XII ლეგიონი, ისევე როგორც XI, ჰელვეტებთან საბრძოლველად შექმნა. თავდაპირველად მისი სიმბოლო, ისევე როგორც კეისრის სხვა ლეგიონებისა სავარაუდოდ ხარი უნდა ყოფილიყო.
პირველი საბრძოლო ნათლობა ლეგიონმა ნერვიებთან ბრძოლაში მიიღო ძვ.წ. 57 წელს მდინარე საბისთან(სამბრე) და დიდი გამარჯვება მოიპოვა. რამდენიმე წლის შემდეგ(ძვ.წ. 52 წ) ებრძოდა არვერნების ბელადსა და გალთა აჯანყების მეთაურს ვერცინგეტორიქსს და მონაწილეობდა ბურგოსისა და ალეზიის ალყაში.
სამოქალაქო ომის დროს XII ლეგიონმა კეისრის მხარე დაიჭირა და მონაწილეობდა ფარსალოსის ბრძოლაში(ძვ.წ. 48 წ), რის შემდეგაც მიიღო სახელწოდება - Victrix ანუ "გამარჯვებული"(გაცილებით გვიან III-IV საუკუნეების მიჯნაზე არსებობდა სხვა, ახალი შექმნილი ლეგიონი ამ სახელწოდებით - Legio XII Victrix). 
                                                           ალეზიის ალყა(ძვ.წ. 52)
 
ძვ.წ. 46 წელს კეისარმა დაშალა XII ლეგიონი და ვეტერანი მეომრები იტალიაში, პარმის მახლობლად დაასახლა. ორი წლის შემდეგ, როდესაც კეისარი შეთქმულებმა მოკლეს, ლეპიდუსმა კვლავ შექმნა XII ლეგიონი, რომელსაც სათავეში კეისრის მარჯვენა ხელი, მარკუს ანტონიუსი ჩაუდგა.
ძვ.წ. 43 წელს მარკუს ანტონიუსის მეთაურობით ლეგიონმა მონაწილეობა მიიღო მოდენესთან ბრძოლაში ოქტავიანეს წინააღმდეგ. მოწინააღმდეგეთა დაზავების შემდეგ კი მეორე ტრიუმვირატის(ანტონიუსი, ოქტავიანე, ლეპიდუსი) მხარეს იბრძოდა ფილიპის ბრძოლაში(ძვ.წ. 42 წ) კასიუსისა და ბრუტუსის წინააღმდეგ, შემდეგ კი პერუჯიის აჯანყებაში მონაწილეობდა.
                             მარკუს ემილიუს ლეპიდუსის გამოსახულება მონეტაზე
 
პართიულ კამპანიაში მარკუს ანტონიუსმა XII ლეგიონიც წაიყვანა. ამ დროისთვის ამ შენაერთმა ახალი დასახელება - Antiqua(ძველი) მიიღო. აქციუმის ბრძოლაში(ძვ.წ. 31 წ) მარკუს ანტონიუსის დამარცხების შემდეგ ოქტავიანემ ლეგიონის ვეტერანები სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლა და საბერძნეთში, პატრეში დაასახლა. შენაერთის დანარჩენი ნაწილები ეგვიპტის ბაბილონის(დღევანდელი კაირო) გარნიზონს შეადგენდნენ, შემდეგ კი იორდანიის ტერიტორიაზე, რაფანაში გადაიყვანეს. 14 წელს ლეგიონს უკვე ეწოდებოდა - Fulminata, თუმცა რატომ ეწოდა ეს სახელი უცნობია. შემდეგი ათწლეულების განმავლობაში XII ლეგიონი მონაწილეობდა ებრაელთა აჯანყებების ჩახშობაში და პროვინციაში წესრიგს იცავდა.
                                                               ვოლოგეზ I-ს მონეტა
 
58-59 წლებში ნერონის ბრძანებით გნეუს დომიციუს კორბულონმა დაიწყო პართიის წინააღმდეგ ლაშქრობა სომხეთში. მან IV(Legio IV Scythica), III(Legio III Gallica), VI(Legio VI Ferrata)ლეგიონებით დაიკავა არტაქსატა და ტიგრანოკერტი. მან აიძულა სომხეთის მეფე ტირიდატი, რომელსაც პართიის მეფე ვოლოგეზ I ემხრობოდა, ზავის დადება ეთხოვა რომაელებისთვის. ამის შემდეგ კორბულონმა ტახტზე აიყვანა სომხეთის სამეფო დინასტიის წარმომადგენელი ტიგრან VI, თუმცა რომაელთა წასვლის შემდეგ პართიამ ტახტზე კვლავ ტირიდატი დააბრუნა. ამის შედეგად 62 წელს, კაპადოკიის ახალი ლეგატის ლუციუს ცეზენიუს პეტუსის მეთაურობით XII და IV ლეგიონები დამარცხდნენ პართიელებთან რანდეიას ბრძოლაში და შერცხვენილებმა და პატივაყრილებმა დატოვეს ფრონტი.
                                                     იმპერატორ ნერონის ბიუსტი
 
66 წელს იუდეის პროკურატორის გესიუს ფლორუსის ბრძანებით ლეგიონი ჩავიდა იერუსალიმში, მაგრამ როდესაც სირიის ლეგატმა გაიუს ცესტიუს გალუსმა ნახა, რომ მოწინააღმდეგის ძალები რიცხოვნულად სჭარბობდნენ დასუსტებულ ლეგიონს, უკანდახევა უბრძანა, რომლის დროსაც ლეგიონი დამარცხდა ებრაელი ზილოტების აჯანყების ბელადთან ელიაზარ ბენ-სიმონთან ბრძოლაში ბეთ-ხორონთან. ყველა ამ წარუმატებლობაში განსაკუთრებულად სამარცხვინო იყო ლეგიონის არწივების(Aquila) დაკარგვა.
ბეთ-ხორონის ბრძოლა
ამ სირცხვილის ჩამორეცხვა და პატიების დამსახურება ლეგიონერებმა იუდეის მთელი ომის განმავლობაში თავზეხელაღებული სიმამაცითა და რიგი წარმატებებით შეძლეს. ამ დროისთვის ლეგიონს რომის მომავალი იმპერატორი, ამ დროისთვის კი ჯერ ისევ სამხედრო მეთაური, ტიტე ფლავიუს ვესპასიანე სარდლობდა. როდესაც ვესპასიანემ 69 წელს თავი იმპერატორად გამოაცხადა, ჯარისკაცებმა მას ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი.
იერუსალიმის აღების შემდეგ(70 წ.) ლეგიონი კაპადოკიაში, მელიტენეში გაიგზავნა.
 
75 წელს იმპერატორმა დომიციანემ ლეგიონი მოკავშირე ქვეყნების - იბერიისა და ალბანეთის დასახმარებლად გაგზავნა. ამას ადასტურებს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, გობუსტანში ნაპოვნი წარწერა( IMP DOMITIANO CAESARE AVG GERMANICO LVCIVS IVLIVS MAXIMVS LEG XII FV- იმპერატორ დომიციანეს, ავგუსტუს გერმანიკუს, ლუციუს იულიუს მაქსიმუს, ლეგიონი XII ფულმინატა)ამის გამო XII ლეგიონი ითვლება რომაული ჯარებიდან აღმოსავლეთით ყველაზე შორს ნამყოფად.
114 წელს XII ლეგიონი ტრაიანეს სომხურ კამპანიაში მონაწილეობდა, 134 წელს კი XV ლეგიონთან ერთად, კაპადოკიის მმართველის არიანეს მეთაურობით იცავდა ალანებისგან რომის საზღვრებს(ამასთან დაკავშირებით ბლოგზე იხ. Legio XV Apollinaris).
აზერბაიჯანში აღმოჩენილი ლათინური წარწერა, რომელითაც ფიქსირდება XII ლეგიონის ამ ტერიტორიაზე ყოფნა
 
162-166 წლებში XII ლეგიონი ლუციუს ვერუსის პართიულ კამპანიაში მონაწილეობდა. 
დიონ კასიუსის მიხედვით 172 თუ 174 წელს ლეგიონი იბრძოდა იმპერატორ მარკუს ავრელიუსის კამპანიაში გერმანული ტომის, კვადების წინააღმდეგ. ამ დროს ცხელი ზაფხული იყო, ლეგიონი ალყაში მოაქციეს უწყლო ადგილზე, მაგრამ ეგვიპტელი ჯადოქრის ჰარნუფის თუ ქრისტიანთა ლოცვის წყალობით წვიმა მოვიდა და ლეგიონერები გადარჩნენ.
   მარკუს ავრელიუსის სვეტზე გამოსახულია XII ლეგიონის ბრძოლა კვადებთან
 
175 წელს XII ლეგიონი მონაწილეობდა ავიდიუს კასიუსის აჯანყების ჩახშობაში, რის შემდეგაც მიიღო ტიტული - Certa Constans - "ფიცგაუტეხელი ერთგული".
193 წელს ლეგიონი იბრძოდა პესცენიუს ნიგერის მხარეს და დამარცხდა სეპტიმიუს სევერუსის ძალებთან შეტაკებაში კილიკიაში, კუზიკასთან და ისოსთან ბრძოლაში.
იმპერატორ ავრელიანეს მონეტის ერთ მხარეს მისი გამოსახულებაა, მეორე მხარეს მზის ღვთაების - "სოლ ინვიქტუსის" - დაუმარცხებელი მზის
 
III საუკუნეში მონაწილეობდა კარაკალასა და ალექსანდრე სევერუსის კამპანიებში სასანიდების წინააღმდეგ. 261 წელს ლეგიონმა პალმირის მეფის ოდენატეს მხარი დაიჭირა. 274 წელს იმპერატორმა ავრელიანემ დაიმორჩილა პალმირა, XII ლეგიონი კი მელიტენეში ჩააყენა. დიოკლეტიანეს დროს მათ მონაწილეობა მიიღეს მესოპოტამიაში წარმოებულ მის სამხედრო კამპანიაში.
უკანასკნელი ჩანაწერები ლეგიონის შესახებ V საუკუნის დასაწყისით თარიღდება. შესაძლოა XII ლეგიონს რომის დაცემამდე, 476 წლამდე ეარსება.
 
წყარო: http://samxedro-istoria.blogspot.com/