EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ღეროვანი უჯრედები »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: lela5

თარიღი: 2014-03-02 15:37:22

საამაყოც არის და დასანანიც, როცა წარმატებული ქართველები, ჩვენს ქვეყანაში კი არა საზღვარგარეთ მოღვაწეობენ. თუმცა ამასაც თავისი გამართლება აქვს, ვერავის დაემდურები, უბრალოდ, გული გწყდება და თან გიხარია...

ზუსტად ერთი კვირის წინ, შემთხვევით გავიგე, რომ თბილისში, რამდენიმე დღით ჩამოსულ შვედეთში მოღვაწე ქართველ მეცნიერს, ზაალ კოკაიას, სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექცია უნდა წაეკითხა. რა თქმა უნდა, ეს შანსი ხელიდან არ გავუშვი და უნივერსიტეტს ვესტუმრე.

უცხო ქვეყანაში მაშინ გაიკვლია გზა, როდესაც საბჭოთა კავშირის საზღვრები ჯერ ისევ მყარად იყო ჩაკეტილი. შვედეთში მოხვედრამდე კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე „ადამიანის და ცხოველთა ფიზიოლოგიის“ სპეციალობის დაუფლება და წითელ დიპლომზე დამთავრებული უნივერსიტეტი იყო. საკანდიდატო დისერტაციის შემდეგ 1990 წელს, შვედეთში, კონკრეტულად კი ლუნდის უნივერსიტეტში სამეცნიერო პროექტის შესასრულებლად გაემზავრა. მას შემდეგ იქ არის. მიუხედავათ იმისა, რომ 20 წელზე მეტია საზღვარგარეთ მოღვაწეობს, საქართველოსთან კავშირი არასდროს გაუწყვეტია. წელიწადში რამდენჯერმე ჩამოდის და საკუთარ ცოდნას, მომავალ მედიცინის მუშაკებს უზიარებს. ზაალ კოკაია, შვედეთში, ლუნდის უნივერსიტეტის ღეროვანი უჯრედების ცენტრს ხელმძღვანელობს. ინტერვიუც, სწორედ ამ სფეროში არსებულ მიღწევებზე საუბრით დავიწყეთ.

ზაალ კოკაია, პროფესორი, „ლუნდის" უნივერსიტეტის ღეროვანი უჯრედების ცენტრის დირექტორი:„რამდენიმე კვირის წინ, იაპონელმა მეცნიერმა იამანაკამ, 2006 წელს გაკეთებული აღმოჩენისთვის ნობელის პრემია მიიღო. ამ მეცნიერმა დაამტკიცა, რომ შესაძლებელია დიფერენცირებული უჯრედიდან, ანუ ზრდასრული უჯრედიდან მოვახდინოთ მისი უკუგანვითარება საწყის ღეროვან უჯრედამდე. ღეროვანი უჯრედი, ეს არის არასპეციალიზირებული უჯრედი, რომელსაც კონკრეტული ფუნქცია არ აქვს, მას გააჩნია თვითგანახლების უნარი, ანუ იყოფა და მრავლდება. ასევე მას შესწევს უნარი დასაბამი მისცეს დიფერენცირებულ, ანუ სპეციალიზირებულ უჯრედს. ემბრიონულ ღეროვან უჯრედს, რომელიც ჩანასახის ძალიან ადრეულ სტადიაზე წარმოიქმნება, პლურიპოტენტურია, ანუ შესწევს უნარი, ჩვენს ორგანიზმში არსებული ყველა ტიპის უჯრედად გადაიქცეს. იყოფა გარკვეული მიმართულებებით და ყალიბდება ფუნქციური უჯრედი, რომელსაც დაყოფის უნარი აღარ აქვს და უკვე გარკვეულ ფუნქციას ასრულებს.

იამანაკამ დაამტკიცა, რომ ასეთ სპეციალიზირებულ უჯრედზე, თუ მოვახდენთ გარკვეულ ზემოქმედებას, მათ აქვთ უნარი, გარკვეული გენების გააქტიურების გზით დაუბრუნდნენ თავის საწყის მდგომარეობას. ამ უკუგანვითარებული უჯრედიდან, რომელიც მოგვცემს პლურიპოტენტურ უჯრედს, შეგვიძლია საწყისი კანის უჯრედიდან შევქმნათ ნერვული უჯრედი. ანუ, კანის უჯრედებიდან აკეთებ პლურიპოტენტურ უჯრედს და შემდეგ მისგან სულ სხვა ტიპის უჯრედს ქმნი. ეს არის ფანტასტიკა! ის ფაქტიც, რომ იამანაკამ ნობელის პრემია მიიღო ასე მალე, თავისი აღმოჩენიდიან მხოლოდ 6 წლის შემდეგ, მიუთითებს ამ მეთოდის უდიდეს მნიშვნელობაზე. ნობელის კომიტეტს უკვე გავუგზავნეთ მოთხოვნა, და იმედი გვაქვს, დეკემბერში პრემიის გადაცემის ცერემონიის შემდეგ პროფესორი იამანაკა ესტუმრება ჩვენს ცენტრს, წაიკითხავს ე.წ. „ნობელის ლექციას“ თავისი აღმოჩენის შესახებ და მოგვეცემა ჩვენ პროექტებზე უშუალოდ მასთან საუბრის საშუალება და შესაძლო თანამშრომლობის დაგეგმვა.

იამანაკას აღმოჩენა იმის საშუალებას იძლევა, რომ გარკვეული გენეტიკური დაავადების შემთხვევაში, შეგვიძლია პაციენტის ორგანიზმიდან ავიღოთ კანის უჯრედი და მისგან შევქმნათ უჯრედული კულტურა, რომელსაც ექნება ეს დაავადება. შემდეგ ეს ყველაფერი შევისწავლოთ და მასზე გამოვცადოთ სხვადასხვა პრეპარატები. ამ ადამიანის აღმოჩენამ მოგვცა ხელოვნურ პირობებში დაავადების მოდელირების საშუალება. ამის გაკეთება ადრე შეუძლებელი იყო. როგოც უკვე მოგახსენეთ, ეს მეთოდი უნიკალურ საშუალებას იძლევა, რომ ფარმაკოლოგიურად გამოიცადოს ათასობით ნაერთი, რომლებიც შემდეგ შესაძლოა თერაპიული ღირებულების იყოს და მომავალში, მისი როგორც მედიკამნეტის სახით გამოყენება მოხდეს. დაავადების მოდელირების საშუალება, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ასევე, იმედი გვაქვს, რომ მომავალში შესაძლებელი იქნება ინდუცირებული ღეროვანი უჯრედების გამოყენება ორგანიზმის დაზიანებული უჯრედების და ქსოვილების ჩასანაცვლებლად.

კონკრეტულად თქვენ რაზე მუშაობთ?

– ჩვენც ბოლო რამდენიმე წელია სწორედ ინდუცირებულ ღეროვან უჯრედებს ვსწავლობთ. ჩემი კვლევის ძირითადი თემაა ღეროვანი უჯრედების გამოყენებით ინსულტით დაზიანებული ტვინის ფუნქციების აღსადგენი მეთოდების შემუშავება. ჩვენს ცენტრში სხვადასხვა ინდუცირებულ პლურიპოტენტურ უჯრედებს ვიკვლევთ. ერთი ჯგუფია, რომელიც სწავლობს ამ გზით გულის კუნთის უჯრედების წარმოქმნას და გულის კუნთის დაზიანებული ქსოვილის რეგენერაციას. მეორე ჯგუფი მუშაობს პანკრეასის ბეტა უჯრედების მიღებაზე, რომლებიც ინსულინს გამოიმუშავებენ, და, ალბათ, შესაძლო იქნება მომავალში დიაბეტის სამკურნალოდ გამოვიყენოთ. რამდენიმე ჯგუფი კი მუშაობს ინდუცირებული ღეროვანი უჯრედებიდან სისხლის უჯრედების მიღების მეთოდებზე. უშუალოდ ჩემი ჯგუფი ცდილობს იმ მეთოდის შემუშავებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს ადამიანის კანიდან მიღებული ნერვული ღეროვანი უჯრედების გადანერგვით ინსულტით დაზიანებულ თავის ტვინიში გავაუმჯობესოთ აღდგენითი პროცესები. ამ ეტაპზე ექსპერიმენტულ ცდებს ვატარებთ ცხოველებზე, კონკრეტულად კი ვირთაგვებზე და თაგვებზე.

რამდენი ხანია რაც ამ კვლევებზე მუშაობთ?

– ორი წელია. პირველი წინასწარი შედეგები წელს გამოვაქვეყნეთ ჟურნალში „Stem Cells“, სადაც ვაჩვენეთ, რომ ინსულტიან ვირთაგვებში, ინდუცირებული პლურიპოტენტული უჯრედების გადანერგვა აუმჯობესებს მათი კიდურების ინსულტით დაქვეითებულ მოტორიკას. ეს იძლევა იმის იმედს, რომ უჯრედების უფრო დეტალურად შესწავლის შედეგად, შესაძლებელი იქნება, მომავალში მსგავსი მიდგომა გამოვიყენოთ ადამინებში. ჯერ კიდევ ძალიან დიდი გზა არის გასავლელი და ბევრ კითხვაზე არის პასუხი გასაცემი. ამ სფეროში სიახლეები ასე სწრაფად არ ხდება, ყველაფერს დრო სჭირდება. ჩვენი ძირითადი ინტერესი იმაში მდგომარეობს, კვლევა იყოს ტრანსლაციური, ანუ მომავალში დაინერგოს კლინიკაში. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, რომ ვითანამშრომლოთ ექიმებთან და გავითვალისწინოთ არსებული კლინიკურ პრობლემები. კლინიკურმა მოთხოვნილებამ უნდა განსაზღვროს თუ რა მიმართულებით განვითარდება ჩვენი კვლევა. ძალიან მნიშვნელოვანია ადრეულ სტადიაზევე განვსაზღვროთ თუ რა ტიპის პაციენტებზე იქნება მომავალში შესაძლებელი ამ მეთოდების გამოყენება და რა სიმპტომები საჭიროებს გაუმჯობესებას. აქედან გამომდინარე, ჩვენს ექსპერიმენტულ კვლევას, ვგეგმავთ და ვაძლევთ იმ მიმართულებას, რომ კლინიკაში არსებულ კითხვებზე პასუხი გავცეთ. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი კვლევების შედეგად მომავალში შეიქმნება ისეთი მეთოდები, რომელიც უზრუნველყოფს ინსულტიანი პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

შარშან მივიღეთ ევროკავშირის დიდი გრანტი, რომელსაც მე ვხემძღვანელობ და აერთიანებს 7 ევროპულ ლაბორატორიას. ამ პროექტის იდეაა, იმუნური სისტემაზე ზემოქმედებით, მოვახდინოთ აღდგენითი პროცესების და ნერვული ღეროვანი უჯრედების მოქმედების გაუმჯობესება. იმუნურ სისტემაზე გავლენა, შედარებით უფრო ხელმისაწვდომია სხვადასხვა პრეპარატებით და ჩვენი მიზანია ამ გზით მოვახდინოთ უჯრედული თერაპიის ოპტიმიზაცია. ვფიქრობთ, რომ ეს ძალზედ პესპექტიული მიმართულებაა და საშუალებას მოგვცემს გამოვნახოთ ეფექტური გზა, რათა მომავალში გავაძლიეროთ და უფრო ეფექტური გავხადოთ ინსულტიანი პაციენტების რეაბილიტაციის პროცესი.

თქვენს ლაბორატორიაში თუ მუშაობენ ქართველი მეცნიერები?

– დავიწყოთ იქიდან, რომ ჩემს გვერდით არის ჩემი ძმა, მერაბ კოკაია. ისიც ლუნდის უნივერსიტეტის ნევროლოგიის კათედრის პროფესორია და ამჟამად თავის ჯგუფთან ერთად ეპილეფსიის პრობლემებზე მუშაობს. ის იყო პირველი, ვინც, ასე ვთქვათ, გაიკვლია გზა შვედეთისკენ საბჭოთა კავშირის პერიოდში. შვედეთში გაცვლითი პროგრამით ჩამოვიდა 80-იან წლებში და ასე დამყარდა ეს ჩვენი კონტაქტები ამ ქვეყანასთან. შემდეგ ჩემი ექვსთვიანი სტაჟირება 20 წლიან მოღვაწეობაში გადაიზარდა. ჩემს ლაბორატორიაში უკვე რამდენიმე წელია მუშაობს პოსტდოქტორანტი ჯემალ თათარიშვილი. ასევე, ამჟამად ჯავახიშვილის უნივერსიტეტის თანამშრომელი თამარ მემანიშვილი გადის ჩვენთან სტაჟირებას. ადრეც მყავდა ბიოლოგიის ფაკულტეტის კუსრდამთავრებული ირაკლი დარსალია, რომელმაც ჩემი ხელმძღვანელობით დაიცვა დისერტაცია ლუნდში და ამჟამად სტოქჰოლმში, კაროლინსკას ინსტიტუტში მუშაობს, თავის დამოუკიდებლ პატარა ჯგუფთან ერთად.

სამეცნიერო მოღვაწეობასთან ერთად შვედეთსა და თბილისში პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწევა. ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორია. საქართველოში წელიწადში რამდენჯერმე ჩამოდის. უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე დოქტორანტებს პუბლიკაციებისა და პროექტების წერას, და ასევე სწავლების ახალ მეთოდს ასწავლის.

თორნიკე ყაჯრიშვილი