EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« სამაჩაბლო (და არა სამხრეთ ოსეთი) »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: uchi
თარიღი: 2014-03-08 01:09:08
სამაჩაბლო — ფეოდალური საქართველოს ერთ-ერთი სათავადო. წარმოიშვა XV საუკუნის დასაწყისში მდინარე ლიახვის შუა და ზემო წელზე, ისტორიულ აჩაბეთის ხევში. სახელწოდება მომდინარეობს თავად მაჩაბელთა გვარიდან, რომელთა წინაპრები იყვნენ აზნაური თავხელიძეები (სხვა თვალსაზრისით, ანჩაბაძეები). სამაჩაბლოს რეზიდენცია იყო აჩაბეთი, ხოლო საგვარეულო საძვალე-სამარხი — თირის მონასტერი და საბაწმინდა. ეკლესიურად ექვემდებარებოდა ნიქოზის საეპისკოპოსოს. სამაჩაბლოს სამხრეთი ნაწილის ეკონომიკა ეყრდნობოდა სარწყავ მიწათმოქმედებას. ხეობის ზემო წელზე მისდევდნენ მემინდვრეობას (ითესებოდა ქერი), განვითარებული იყო მესაქონლეობა. სამაჩაბლოს ჩამოყალიბება და ტერიტორიული გაფართოება დაკავშირებული იყო მეფის ხელისუფლების წინააღმდეგობის დაძლევასთან. სამაჩაბლოს აღმოსავლეთით ესაზღვრებოდა ქსნის საერისთავო, სამხრეთიდან ფავლენიშვილთა და ამილახვართა მამულები, სამხრეთ-დასავლეთით საყაფლანიშვილო, ჩრდილო-დასავლეთით — რაჭის საერისთავო. ჩრდილოეთით მაჩაბელთა ძალაუფლება დვალეთამდე აღწევდა. XV საუკუნეში მაჩაბელთა მეგებრეა დვალეთის ერთ-ერთი ხეობის — ჟღელეს — სოფლები, ხოლო XVII დამლევს — ზროგოს ხეობის სოფლები. სამაჩაბლო გაუქმდა 1850 წელს, როდესაც მაჩაბლებსა და ყმა ოსებს შორის გამწვავებული კლასობრივი ბრძოლის გამო სენატის დადგენილებით მაჩაბელთა 2000 კომლი ყმა სახაზინო უწყებას გადაეცა.
ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შემადგენელ პოლიტიკურ ორგანიზაციათა,
საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და პიროვნებათა ერთი ჯგუფის
განცხადება
საქართველოში “ოსეთის” შექმნის კიდევ ერთი მცდელობის გამო
საქართველოს და მისი ერის წინაშე დღეს ორი საბედისწერო კითხვა დგას. პირველია: შესაძლებელია თუ არა, რომ საქართველო გადავარჩინოთ იმ უმძიმესი განსაცდელის ჟამს, როცა ჩვენს ქვეყანას მსოფლიოს არაერთი დიდი, საშუალო და მცირე ძალა ებრძვის?
მეორეა: თუ “ჰო”, მაშინ რა და რა კონკრეტული მოქმედებებისგან (სახელდობრ, საქართველოს ხელისუფლების რა და რა ნაბიჯებისგან) შედგება ჩვენი ქვეყნის გადარჩენის, ანუ დღევანდელი მდგომარეობიდან მისი გამოყვანის, ეს პროცესი?
საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, თავისი შემადგენელი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და პიროვნებების სახით, ამ ორივე კითხვის პასუხი აქვს.
პირველის პასუხია: დიახ, საქართველოს გადარჩენა და შთამომავლობისთვის გადაცემა ჩვენ არა მხოლოდ შეგვიძლია, არამედ გარანტირებულადაც (ანუ ობიექტური პირობების მიხედვით) შეგვიძლია, თუ ხელისუფლება და ხალხი მოწოდების სიმაღლეზე ვიქნებით.
მეორის პასუხი, ბუნებრივია, დაყოფილია პრობლემებისა და საქართველოს წინაშე დღეს მდგომი საშიშროებების მიხედვით. მისი ერთერთი ძირითადი ნაწილია ცხინვალის რეგიონში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის სრული აღდგენის, ანუ შიდა ქართლის დაბრუნების გზა. ამ პრობლემის გადაჭრის კონცეფცია, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შემავალი რამდენიმე პარტიის და საზოგადოებრივი ორგანიზაციის განცხადების სახით, ქვეყნდება ამ ნომერში.
საქართველოს ეროვნულ-განამათავისუფლებელი მოძრაობის ძალა იმაში მდგომარეობს, რომ მისი სულისკვეთება უხინჯოდ შეესატყვისება როგორც ქართველი ერის სადღეისოსა და ისტორიულფორმატიან სასიცოცხლო ინტერესებს, ისე ჰუმანურობის, სამართლიანობისა და თანამედროვე დემოკრატიის პრინციპებს. ამ პრინციპებს ემყარება, კერძოდ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა ეს განცხადებაც, რომელსაც ქვემოთ ვბეჭდავთ.
განცხადების ხელის მომწერნი კმაყოფილნი და მადლიერნი იქნებიან, თუ საქართველოს მოქალაქეები ან უცხოელები, რომელნიც არ ეთანხმებიან განცხადებაში გამოთქმულ მოსაზრებებს, თავის კრიტიკულსა და პოლიტიკურ შენიშვნებს, რაგინდარა რადიკალური ხასიათისას, მოაწოდებენ გაზ. “საქართველოს” და, ამგვარად, პოლემიკაში ჩაებმებიან. ეს წინადადება პირველ ყოვლისა ეხება ეუთო-ს საქართველოს მისიას, რომლის 1994-1995 წლის რეკომენდაციები ცხინვალის კონფლიქტის დარეგულირების თაობაზე თვალში საცემია თავისი არარეალურობითა და მკაფიოდ გამოხატული უსამართლობით ქართველი ერისა და საქართველოს სახელმწიფოს მიმართ.
იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი აცხადებს მზაობას, საქართველოში კიდევ ერთხელ შექმნას “სამხრეთ ოსეთი”, ანუ საქართველოს ტერიტორიის ერთ ნაწილს ოფიციალურად დაარქვას მეზობელი ქვეყნის (ალანია _ ოსეთის) ეთნიკური სახელი, და საქართველოს ტერიტორიის ეს ნაწილი აღიაროს მეზობელი ქვეყნის ეთნიკური ტერიტორიის სამხრეთ ნაწილად, რაც იმას ნიშნავს, რომ კაცობრიობის წინაშე დგება ორი “ოსეთის” – ერთი ნამდვილის და მეორე ყალბის – გაერთიანების ამოცანა, მაშასადამე, საქართველოსათვის მისი ტერიტორიის ერთი ნაწილის წართმევის ამოცანა, რაც ჩვენ მიგვაჩნია პირდაპირ და დაუფარავ ეროვნულსა და სახელმწიფო ღალატად, საჭიროდ ვრაცხთ გამოვთქვათ ჩვენი პოზიცია დღესდღეობით ცხინვალის რეგიონში (საქართველო) მიმდინარე – რუსეთის მიერ ინსპირირებული და ორგანიზებული – შეიარაღებული კონფლიქტის მექანიზმებისა და მისი ჩაქრობის გზების შესახებ. წინასწარ მივაწვდით საქართველოს მოქალაქეებს, ქართველებისა და ოსების ჩათვლით, და მსოფლიოს საზოგადოებრიობას რამდენსამე ძირითად ცნობას კონფლიქტის ფაქტორებისა და პირობების შესახებ, რათა ხელი შევუწყოთ იმ პროპაგანდისტული სიცრუის მხილებას, რომელსაც ამ თემასთან დაკავშირებით ავრცელებენ რუსეთის პოლიტიკური წრეები, რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და საქართველოს პრორუსული მთავრობის დაქვემდებარებაში ან გავლენაში მყოფი საინფორმაციო საშუალებები.
აუცილებელი ცნობები:
I. ტერიტორია და სახელწოდება
მიუხედავად იმისა, რომ ოსური დასახლებები საქართველოში არსებობს, XVII-XVIII საუკუნეებიდან და რომ საქართველოში მიღებული იყო და არის პროვინციების სახელდება მათში ისტორიულად მოსახლე ტომთა სახელების მიხედვით (კახეთი _ კახთა სამოსახლო, მესხეთი _ მესხთა სამოსახლო, სამეგრელო _ მეგრელთა სამოსახლო და ა.შ), სახელი “ოსეთი” საქართველოს ტერიტორიაზე არ გაჩენილა საქართველოს პირველ ანექსიამდე რუსეთის მიერ /1801/. ამ სახელწოდებას პირველი ხმარობს კავკასიის სამოქალაქო საქმეთა მმართველი და სარდალი გენერალ-ლეიტენანტი კრონინგი 26 მარტს 1802 წელს, ანუ ანექსიიდან რამდენიმე თვის შემდეგ. თავის პატაკში რუსეთის იმპერატორისადმი იგი ჯავის ზონას, ანუ დიდი ლიახვის ხეობის ზემოწელს, და პატარა ლიახვის ხეობის ზემოწელს, სადაც ოსები სახლობენ ქართველ მოსახლეობასთან შერეულად, უწოდებს “ოსეთს”. ჯავაში ოსური დასახლების ისტორია ცნობილია დოკუმენტურად: ჯავა გაუკაცრიელებულ იქნა, ანუ ჯავის ქართველი მოსახლეობა დახოცილ იქნა “ოსთაგან”, ანუ ოსთა თავდასხმის შედეგად, XVII ს-ის პირველ ნახევარში. ამ ხდომილების ამსახველი დოკუმენტი (ნასყიდობის სიგელი ქვაბულ და ზაალ მაჩაბლების სახელზე) ეხება იმ დროს, როცა ქართველი მოსახლეობა უკვე განადგურებულია მარბიელი რაზმების მიერ, მაგრამ ოსები ჯერ შემოსახლებულები არ არიან. (იხ. J. Gvasalia. ШИДА КАРТЛИ И ОСЕТИНСКАЯ ПРОБЛЕМА, კრებული “ ОСЕТИНСКИЙ ВОПРОС – Тбилиси, 1994. გვ. 80-81). სხვაგან ოსების შემოსახლებას ძირითადად (მაგრამ არა ყოველთვის) მშვიდობიანი ხასიათი ჰქონდა.
XIX საუკუნის პირველ ნახევარშივე რუსული ადმინისტრაცია ზედსართავს “ოსური” (“Осетинский”) იყენებდა მცირე ადმინისტრაციულ ერთეულთა სახელდებაში, რომლებშიც ოსები ცხოვრობდნენ ქართველებთან შერეულად ან ქართველების გარემოცვაში და უმრავლესობას არ შეადგენდნენ: “Осетинский округ”, “Осетинский участок” და ა.შ. იხ. V. Itonishvili. ЮЖНАЯ ОСЕТИЯ – В ЦЕНТРАЛЬНОЙ ГРУЗИИ?, “Osetinski Vopros” 1994, გვ. 22).
ყველაზე უფრო ინტენსიურად სახელს “ოსეთი” და მის ზედსართაულ ფორმას “ოსური” საქართველოს ტერიტორიის ამა თუ იმ ნაწილების მიმართ XIX საუკუნეში ხმარობდნენ რუსული საეკლესიო წრეები, მათ შორის “კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის გავრცელების საზოგადოება”, რომელთათვისაც, როგორც ცნობილია, საქართველოს პოლიტიკური, დემოგრაფიული და კულტურული დექართველიზაცია ისევე იყო უპირველესი წარმმართველი მიზანი, როგორც სამოქალაქო და სამხედრო ადმინისტრაციისათვის. (იხ. S. Lekishvili. “Kogda voznik termis “South Osetia”.თბ. 1994. გვ. 229-248).
საბჭოთა რუსული ოკუპაციის დროს შექმნილი “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის” ტერიტორიას (ცხინვალის, ჯავის, ზნაურის და ახალგორის (მაშინ ლენინგორის) რაიონები) ისტორიულად სახელი არა აქვს, ვინაიდან იგი არც გეოგრაფიული, არც ეკონომიკური, არც პოლიტიკური ან სხვა რამ სახის ერთეული არ არის და არც ოდესმე ყოფილა: ეს არის რამდენიმე პარალელური მდინარის ხეობათა ზემოწელი, რომლებიც მტკვრისაკენ ჩაედინებიან, და რამდენიმესი, რომელნიც რიონისაკენ ჩაედინებიან, ერთურთისაგან გაყოფილნი მაღალი და, პრაქტიკულად, კომუნიკაციისათვის (მიმოსვლისათვის) დღემდე გამოუყენებელი ქედებით, ასე რომ ერთი ხეობიდან მეორეში გადასვლა დღესაც ხდება ბარში ჩამოსვლით და მეორე ხეობის აყოლით.
საყურადღებოა, რომ გამოთქმაში “სამხრეთ ოსეთი” ნაგულისხმევი ტერიტორია არც მაშინ, როცა რუსულ სიტყვახმარებაში ეს გამოთქმა შემოდის, არც შემდეგ 1922 წლამდე, როცა “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი” შეიქმნა, არ კონკრეტდება: იგულისხმება საქართველოს ყველა ის ტერიტორია, სადაც ოსები არიან, და არა ის, სადაც ისინი მოცემულ არეალში /სოფელში, თემში, ხეობაში…) უმრავლესობა არიან. იხილეთ, მაგალითად, “სამხრეთ ოსეთის” კომუნისტური რაიკომების ჩამონათვალი რუსეთის კომპარტიის (ბოლშევიკების) “სამხრეთ ოსეთის” საოლქო კომიტეტის ცნობილ მემორანდუმში, რომელზეც ხელს აწერენ, სხვებთან ერთად, კობი-თრუსოს, კახეთის, გუჯარეთის, ქარელის რაიკომები. (ციტ. A. Menteshashvili. “Osetinski Separatizm v 1918-1920″. “Osetinski Vopros”, თბ. 1994 წ. გვ. 282-283) ეს იმას ნიშნავს, რომ “სამხრეთ ოსეთის” ტერიტორიაში რუსეთის მიერ მართული სეპარატისტები გულისხმობენ საქართველოს მთელ იმ ნაწილს, სადაც არის ოსური იზოლირებული სოფლები და მოსახლეობა, დაწყებული დასავლეთი საქართველოდან და დამთავრებული კახეთის აღმოსავლეთი რაიონებით.
საქართველოს ტერიტორიის ის ერთადერთი ნაწილი, სადაც ოსებმა იმიგრაციის შედეგად პრაქტიკულად ერთგვაროვანი ოსური მოსახლეობა შექმნეს (დვალეთი), რუსულმა ადმიანისტრაციამ XIX საუკუნეშივე გამოიყვანა თბილისის გუბერნიის შემადგენლობიდან, ამიტომ ის 1918 წელს საქართველოს საზღვრებში აღარ იყო.
II. მოსახლეობა
საქართველოში 1989 წლის აღწერით 164 ათასი ოსი ცხოვრობს. ამ მოსახლეობის ინტეგრირებულობა საქართველოს საზოგადოებაში ტრადიციულად ძალიან დიდია (მაგ. შერეული, ქართულ-ოსური ქორწინებების პროცენტის მიხედვით). ამ რაოდენობიდან მხოლოდ 65 ათასი (აღწერისას ხელოვნურად გაზრდილი მონაცემებით) ცხოვრობს ყოფ. “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის” ფარგლებში (30 ათას ქართველთან ერთად). საქართველოს ტერიტორიის არც ერთ წერტილში ეს მოსახლეობა ავტოხთონური არ არის. იმიგრაცია (მშვიდობიანის ჩათვლით) დაწყებულია XVII ს-ში, მაგრამ მისი ძირითადი ტალღები – მთელი ამ რაოდენობის ძირითადი მასა – მოდის 1864 წლის შემდგომ ხანებზე (ესაა საქართველოში ბატონყმობის გაუქმების წელი, რომლის შემდეგაც უყმებოდ დარჩენილი ქართველი თავადაზნაურობა იწყებს კავკასიონის ჩრდილო კალთებიდან ოსების მასობრივ შემოსახლებას ხიზნებად) და საბჭოთა ხელისუფლების წლებზე, როცა ტარდებოდა ხელოვნურად შექმნილი “სამხრეთ ოსეთის” ხელოვნური დასახლება ოსებით. საქართველოს მთელი ოსური მოსახეობა არის დიასპორა.
III. სოციალური პირობები.
პრაქტიკულად საქართველოს მთელი ოსური მოსახელობა XX საუკუნის დამდეგისათვის იყო უმიწაწყლო აგრარული მოსახლეობა. წინა საუკუნის დამლევის რუსული აღწერები მოსახლეობისა უკვე გვიჩვენებს აღმ. საქართველოში მრავალრიცხოვან ოსობას, მაგრამ მათში არც ერთი არაა მიწის მესაკუთრე. ამით შეიქმნა უმწვავესი აგრარული კონფლიქტი და უმწვავესი სიძულვილი უმიწაწყლო აგრარული მოსახლეობისა (პრაქტიკულად _ ოსებისა) მიწის მქონეების (პრაქტიკულად – ქართველების) მიმართ. ამ სიძულვილმა (ისევე, როგორც მისმა გამომყენებელმა ლოზუნგმა “მიწა _ მშრომელებს”) შეადგინა ფსიქოლოგიური საფუძველი რუსი ბოლშევიკების მიერ ორგანიზებული სამი ოსური “აჯანყებისათვის” (1918-1920 წლები) დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელსაც მისმა ორგანიზატორებმა ხელოვნურად მისცეს “ნაციონალური” აჯანყების გარეგნული სახე.
IV. საქართველოს ტერიტორიის ნაწილის “ოსეთად” გარდაქმნის
იურიდიული ფორმა
საქართველოში “სამხრეთ ოსეთის” შექმნის გადაწყვეტილება (1920 წ) ეკუთვნის “რუსეთის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების)” ცეკას კავკასიის ბიუროს, რომელსაც არანაირი უფლება არ ჰქონდა უცხო სუვერენულ ქვეყანაში (საქართველო იმ დროს დამოუკიდებელი ქვეყანა იყო) ამ უკანასკნელის სახელმწიფო მოწყობის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისა. საქართველოს რუსეთის მიერ დაპყრობისა და მეორე ანექსიის (1921 წლის თებერვალი) შემდეგ საბჭოთა რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების მითითებით და რუსეთის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) კავკასიის კომიტეტის მითითებით საქართველოს მთავრობამ (ცაკ-მა) მიიღო დეკრეტი #2 საქართველოში “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის” შექმნის შესახებ (20 აპრილი 1922). თოთხმეტი თვე, რომელიც ამ თარიღს აცილებს საქართველოს ანექსიის თარიღისაგან, მოჰხმარდა ინტენსიურ მუშაობას იმისათვის, რომ შეძლებისდაგვარად დაეთრგუნათ ხსენებული ტერიტორიის ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგობა განზრახული გადაწყვეტილებისათვის და, რაკი იგი ვერ დაითანხმეს, მიეღოთ გადაწყვეტილება მისი ნების ფაქტობრივი უგულებელყოფის შესახებ (პრაქტიკულად, გადაწყვეტილება მიიღო რუსეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ და ცალსახად უკარნახა ქართულ საბჭოთავე ხელისუფლებას, რომელშიც წინააღმდეგობა ამ დადგენილებისადმი დიდი იყო. იხ. A. Menteshashvili. “Osetinski Separatizm v 1918-1920″. “Osetinski Vopros”, თბილისი, 1994, გვ. 249-296).
ავტონომიური ოლქი შეიქმნა “სამხრეთ ოსეთის” სახელწოდებით და მასში შეყვანილ იქნა 40 ქართული სოფელი პირწმინდად ქართველი, ავტოხთონური მოსახელობით.
ეს სიახლე განხორციელდა საქართველოში ყოველგვარი რეფერენდუმის ჩაუტარებლად და საქართველოში რაიმე წარმომადგენლობითი არჩეული ხელისუფლების, ანუ დემოკრატიის ყოველგვარი ნიშნების, არარსებობის პირობებში.
საქართველოს კანონიერ ხელისუფლებას (1918-1921), რომელიც მსოფლიოს მიერ ცნობილი იყო ჯერ დე ფაქტო, შემდეგ დე იურე, საქართველოში “ოსეთის” არსებობა არ უცვნია. პირიქით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გეგეჭკორი ნოტაში რუსეთისადმი ხაზს უსვამს “в пределах Грузии нет Южной Осетии” (იხ. მისი 1920 წლის 20 მაისის ნოტა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისადმი. ციტ. A. Menteshashvili ციტ. შრომა გვ. 288).
საქართველოს პირველი რეალურად (დემოკრატიულად) არჩეული (1990 წ 28 X_ 11. XI) უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო _ საქართველოს უზენაესი საბჭო _ ვალდებული იყო გაეუქმებინა უკანონო (უსაფუძვლო) და მოსახლეობის მხრიდან სანქციის არმქონე ავტონომიური ერთეული “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი” და გააუქმა კიდეც იგი 1990 წლის 11 დეკემბრის კანონით.
1991 წლის 3 მარტს სსრკ-ს პრეზიდენტმა გორბაჩოვმა გამოსცა ბრძანებულება საქართველოს ხსენებული 11 დეკემბრის კანონის გაუქმების შესახებ, რისი კანონიერი უფლებაც მას აღარ ჰქონდა, რადგან საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს 1990 წლის 29 ივნისის დადგენილებით უკანონოდ და ბათილად გამოცხადდა ყველა აქტი, რომელიც “აუქმებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკურ და სხვა ინსტიტუტებს” და “ცვლიდა მათ გარეშე ძალაზე დამყარებულ პოლიტიკური და სამართლებრივი დაწესებულებებით”, მათ შორის ის აქტებიც, რომლითაც საბჭოთა კავშირის ხელისუფლებას უფლება მიენიჭებოდა, რომ გააუქმოს საქართველოს უზენაესი საბჭოს აქტები საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობის შესახებ.
“სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის” “რესპუბლიკად” გარდაქმნის ცხინვალში შესრულებული აქტი (20 IX 1990), ისევე როგორც შემდგომი არჩევნები ამ “რესპუბლიკის” “პარლამენტისა” (9. XII 1990) და 1991 წლის იანვრის “რეფერენდუმი” “სამხრეთ ოსეთის” დამოუკიდებლობის თაობაზე და მისი რუსეთთან შეერთების თაობაზე, კანონსაწინააღმეგოა, ვინაიდან ეწინააღმდეგება საქართველოს ამ დროს არსებულ კონსტიტუციას, და იურიდიული ძალის არმქონეა, ვინაიდან “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის” მოსახლეობა, როგორც ასეთი, არ არის და ვერ იქნება საგარეო თვითგამორკვევის, ანუ სახელმწიფოსაგან ტერიტორიული გამოყოფის (სეცესიის) უფლების სუბიექტი. (იხ. L. Mataradze. “Osetinski Vopros”, ციტ. კრებული გვ. 322-338).
ამგვარად, დღეს დე იურე საქართველოს ტერიტორიაზე “სამხრეთ ოსეთი” არ არსებობს, ამიტომ არც საქართველოს ხელისუფლებას, არც სხვა სახელმწიფოების ხელისუფლებებს თავის ოფიცილურ სიტყვახმარებაში არა აქვთ ტერმინის “სამხრეთ ოსეთი” ხმარების უფლება.
V. “ქართულ-ოსური” კონფლიქტის მიმართება სხვა სახელმწიფოთა პოლიტიკურ და სტრატეგიულ ინტერესებთან
დღეს ცხინვალის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის, ისევე როგორც საერთოდ ოსური სეპარატიზმის მთავარი ინიციატორი, წამქეზებელი და სულის ჩამდგმელი რუსეთი ტრადიციულადვე დაინტერესებულია
- საქართველოს დასუსტებაში (ყველა პარამეტრში), რათა შესაძლებელი იყოს მისი იმპერიული ძალის კვლავ დაბრუნება საქართველოში, როგორც სამხრეთისაკენ შეტევის ან ზეწოლის (ევენტუალურად) და შუა აზიისაკენ დასავლეთისათვის გზის გადაკეტვის (დღესვე) პლაცდარმზე.
_ კავკასიონის სამხრეთით სათავისოდ ბაზის შექმნაში მაგისტრალური გზის “შავი ზღვა _ კასპიის ზღვა _ შუა აზია” კონტროლირების შესაძლებლობის მოსაპოვებლად (ცხინვალიდან გორამდე, რომელიც სარკინიგზო კვანძიცაა და საავტომობილო გზისაც, 32 კილომეტრია).
ევროპის ზოგი ქვეყანა დაინტერესებულია
_ კავკასიაში ოსური მოსახლეობის სახით საყრდენის მოპოვებაში ინდოგერმანული სოლიდარობის იდეოლოგიურ ბაზაზე (ოსები ინდოევროპელნი არიან _ ერთადერთი ინდოევროპელი ხალხი ჩრდილოეთ კავკასიაში).
_ გარკვეული ეროვნული ანკლავის გავლენისუნარიანობის გაძლიერებაში _ საქართველოში ფაქტობრივად ოსური სახელმწიფო წარმონაქმნის შექმნაში _ რითაც ჩნდება პრეცედენტი გარკვეული ეთნიკური (ეროვნული) ანკლავის (ანკლავების) პოლიტიკური გაძლიერებისათვის ევროპაში.
- იმაში, რომ ეთნიკური სეპარატიზმის ძალის გაძლიერებისაკენ მიმართულმა პრეცედენტმა წონა მოუმატოს იმ ქვეყნების საკუთარ სპეციფიკას ევროპის შიგნით, რომელთაც თავის შიგნით სეპარატისტული ძალები არ ჰყავთ.
არსებობს აგრეთვე გარკვეული ლობის დაინტერესება
- დასუსტებული საქართველოს ტერიტორიის ეკონომიკურ ათვისებაში, ხოლო შემდეგ იქ საკუთარი პოლიტიკური გავლენის გაძლიერებაში და საკუთარი დემოგრაფიული პოზიციების შექმნაში, რათა ალტერნატიული ტერიტორია შეიქმნას, როგორც რეზერვი, იმ შემთხვევაისათვის, თუ იქ, სადაც სახელმწიფო აქვს, საშიშროება შეექმნა მეზობლებთან ომების შედეგად.
- “შავი ზღვა _ შუა აზია” მომავალი გზის შესაძლებლობათა შემცირებაში, როგორც კონკურენტისა დასავლური დემოკრატიის აღმოსავლური პლაცდარმის როლის ტვირთვაში.
საქართველოსათვის ვერც ერთი ამ მიზანთაგანი იმპერატიული ვერ იქნება. საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას თავისი ქვეყნის აწმყო და სამომავლო სასიცოცხლო ინტერესი;
VI. ვინ არიან საქართველოში “სამხრეთ ოსეთის” შექმნის გადაწყვეტილებაზე
პასუხიმგებელი პირები
მიგვაჩნია, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას დიდი მანძილი აშორებს სრულფასოვანი ლეგიტიმურობის მდგომარეობისაგან. საქართველოს პირველი (1921 წლის ანექსიის შემდეგ) დემოკრატიულად არჩეული, ანუ რეალურად არჩეული ხელისუფლება (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო და პრეზიდენტი) 1991-1992 წლების მიჯნაზე დაემხო სამხედრო პუტჩის შედეგად, რომელიც, როგორც დღეს უკვე საყოველთაოდ აღიარებულია საქართველოში, ორგანიზებული იყო რუსეთის მიერ. ამ უკანასკნელის მიერვე, ხუნტისავე ხელით, ხელისუფლებაში მოყვანილ იქნა შევარდნაძე, რომელიც დღეს, პრაქტიკულად, მხილებულია საზოგადოებრიობის თვალში, როგორც რუსეთის აგენტი და რუსული ინტერესების გამტარებელი საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ. სააკაშვილი და მისი კოლეგები დღევანდელ ხელისუფლებაში რვა წლის მანძილზე შეადგენდნენ შევარდნაძის ერთგულ გუნდს, რომელიც მორჩილად ატარებდა შევარდნაძის ყველა ანტიქართულ განზრახვას და მონაწილეობდა კორუფციის კულტივირებაში. ეს გუნდი ხელოვნურად ჩაენაცვლა შევარდნაძეს და უსისხლო “ვარდოვანი” “რევოლუციის” სახით დაეუფლა სახელმწიფოს საჭეს შევარდნაძისადმი ხალხის უფართოესი მასების სიძულვილის ტალღაზე. დღევანდელ ხელისუფლებაში პარლამენტი არის პირწმინდად არალეგიტიმური, რადგან იგი არჩეულია ტოტალური გაყალბებით, რომელშიც არანაირად არ აისახება ხმათა მიცემის რეალური რიცხვები. ამგვარად, საქართველოს მმართველი ჯგუფი არ არის უფლებამოსილი, ქვეყნის სახელით დასაკარგავად (დღეს ან მომავალში) დათმოს მისი ტერიტორიები. ამ ხელისუფლების მიერ საქართველოში “სამხრეთ ოსეთის” შექმნა არის ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი და არალეგიტიმური წყაროდან მომდინარე ნაბიჯი, რის გამოც გარდაუვალია მისი გაუქმება მომავალი რეალური (დემოკრატიულად არჩეული და ერთგული) ხელისუფლების მიერ და მის გადამდგმელთათვის პასუხის მოთხოვნა.
VII. არსებული კონფლიქტი, როგორც პრეცედენტი
მსოფლიოსათვის
იმ შემთხვევაში, თუ პრეცედენტის სახით დაკანონდება, რომ დემოგრაფიული დინამიკა (რომელი ეთნიკური ჯგუფი გამრავლდა, რომელი უმცირესობაში დარჩა და ა. შ) განსაზღვრავს მოცემული ტერიტორიის პოლიტიკურსა და იურიდიულ სტატუსს, ეს იქნება სტიმულირება ყველა ეთნიკური ჯგუფის შიშისა ყველა სხვა ეთნიკური ჯგუფის დემოგრაფიული კეთილდღეობის წინაშე, მაშასადამე, პირდაპირი სტიმულირება ეთნიკური წმენდისა და მისი ძირითადი იარაღის _ გენოციდისა _ მთელ მსოფლიოში.
VIII. ცხვინვალის კონფლიქტი ადამიანის უფლებათა
თვალსაზრისით
მსოფლიოში მიღებული ნორმებით, რომლებიც არეგულირებს ადამიანის უფლებების, მათ შორის _ მინორიტეტულ ჯგუფთა უფლებების დაცვას, ეთნიკური და ეროვნული თვითგანსაზღვრა (თვითგამორკვევა) არ გულისხმობს ჯგუფის მიერ საკუთარი ჯგუფური ეთნიკური (ეროვნული) თვითდამკვიდრების ძებნას სხვების ეთნიკურსა და პოლიტიკურ ტერიტორიაზე თავისი პოლიტიკურ-ტერიტორიული ერთეულების შექმნის გზით. სხვა სიტყვით რომ ვთქვათ, ეთნიკური (ეროვნული) ჯგუფი მხოლოდ იმ შემთხვევაში სარგებლობს ტერიტორიული თვითგამორკვევის უფლებით არა მისი სახელის მატარებელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, როცა იგი ადგილობრივი უმცირესობაა, ანუ როცა იგი, როგორც ეთნოსი, აქაურია. ხალხს, რომელსაც დედამიწაზე სამშობლო აქვს, ისიც _ სახელმწიფოს ან სხვა პოლიტიკურ-ტერიტორიული წარმონაქმნის სახით, არა აქვს იმის უფლება, რომ მისმა დიასპორამ სხვა ქვეყანაში პოლიტიკურ-ტერიტორიული თავითგამორკვევა, მით უმეტეს _ თავისი ეთნონიმით სახელდებული ტერიოტორიულ-პოლიტიკური თვითგამორკვევა მოითხოვოს. ოსებს აქვთ თავისი სამშობლო _ ქ. ვლადიკავკასის გარშემო არსებული დიდი გეოგრაფიული არეალი, რომელიც დღევანდელი ოსი ერის შუა საუკუნეებში ფორმირების ადგილია (ალანთა და ადგილობრივ ოსთა შერწყმით). ოსურ დიასპორას საქართველოში აქვს ცხოვრების, თვითდამკვიდრებისა და განვითარების ყველა უფლება, როგორც ინდივიდთა და ოჯახთა კრებულს, მათ შორის _ ყოველგვარი დისკრიმინაციისაგან თავისუფლებისა და საკუთარი ეთნიკური (ეროვნული) სახის მარადიულყოფის უფლებაც, მაგრამ არა აქვს მოცემული ტერიტორიის რომელიმე ნაწილის თავისი პოლიტიკურ-ტერიტორიული ერთეულის შესაქმნელად გამოყენების უფლება, მით უმეტეს _ მისი საკუთარი ეთნონიმის მიხედვით სახელდების უფლება.
კურიოზულია, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთის კომპარტიის გადაწყვეტილების მიღების დროს, რომლითაც “სამხრეთ ოსეთი” შეიქმნა, და საქართველოს მონურად მორჩილი მარიონეტული მთავრობის მიერ მისი დეკრეტად ქცევის დროს “ჩრდილოეთ ოსეთი” არც კი არსებობდა _ შექმნეს “სამხრეთ ოსეთი” მაშინ, როცა ნამდვილ ოსეთში სიტყვა “ოსეთი” არ ფიგურირებდა.
გვერდი 1