EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ლევან სანიკიძე – გორგასლიადა | ვახტანგ გორგასალი (გაგრძელება გვ. 4) »

კატეგორია: ელ. წიგნები

ავტორი: admin

თარიღი: 2014-03-12 16:46:25

ლევან სანიკიძე – გორგასლიადა | ვახტანგ გორგასალი (გაგრძელება გვ. 4)

დაიმტკიცა ზეკაცობა,
არვინ ჰყავდა ქვეყნად ტოლი;
მეფეებში ერჩეოდა,
მარგალიტი ვით ობოლი.

აკაკი

121
სიშლეგით ჭკუიდან გადასული პიტიახშის ბრძანებით, ჯერ ისევ სულდგმულ
მკვდარს ქალურ ქედზე უმძიმესი ჯაჭვი დაადეს, სენაკაპანს (სენაკის მცველს) ჩააბარეს
ბნელ სენაკში ჩასაგდებად, რამეთუ, ბოლოს და ბოლოს, იქ „მოკუდეს“.
სასახლიდან გამოიყვანეს ბორკილებით დატვირთული დედოფალი.
აუარებელი ხალხი მისწყვეტოდა სასახლეს.
კრინტის დაძვრაც არავის უცდია.
მხოლოდ ერთი დიაკვანი მიუახლოვდა. უნდოდა გასამხნევებლად ეთქვა:
„მტკიცედ დეგ!“ მაგრამ პიტიახშის რისხვეულმა მზერამ შეაწყვეტინა; მხოლოდ
„მტკი,,,“ მოასწრო, ენა ჩაიწყვიტა და ხალხში სასწრაფოდ გაუჩინარდა.
მოჰყავდათ შუშანიკ, ფეხშიშველი და თმააშლილი, სისხლდაქცეული და
ხორცდაშრეტილი.
მოდიოდა, წყლულიან ფეხებს ძლივს მოითრევდა.
წყლულიან ფერხთა კვალდაკვალ ვარსქენ პიტიახში მოსდევდა ცხენზე
ამხედრებული. მოსდევდა და „აგინებდა მრავლითა გინებითა“.
ხალხის უზარმაზარი ამბოხი (ბრბო) მისდევდა წამებულს. გარნა ვერავინ
ბედავდა უღონოქმნილს მხარში შესდგომოდა, ვერავინ ბედავდა ფეხშიშველისთვის
ხამლი მიეწოდებინა, ვერავინ ბედავდა „თმაგარდატევებულისთვის“ ლეჩაქის ფლასი
დაებურა.
მხოლოდ სტიროდა დედათა და მამათა ამბოხი; ტიროდნენ, მოსთქვამდნენ,
ღაწვებს იხოკდნენ, ცრემლის ღვარს ათხევდნენ.
უკუმოჰხედა შუშანიკმა ერსა მას და ჰრქუა მათ:
„ნუ სტირით, ძმანო ჩემნო, დანო ჩემნო, შვილნო ჩემნო, არამედ ლოცვასა
მომიხსენეთ, ამიერიდან მე განშორებულ ვარ თქვენგან, რამეთუ ვეღარ მიხილავთ ამ
ციხიდან ცოცხლად გამოსულს!“
უარესად იღრიალა ამბოხმა. მაშინ თვალი ალაგნა პიტიახშმა და მისი მსახურნი
მათრახებით და ცხენთა ძგერებით დაერივნენ ხალხს.
ხალხიც გაიფანტა.
ციხის ხიდზე შეაყენეს შუშანიკი და ერთჯერ კიდევ დაგესლა ვარსქენმა:
ახლა მანდ უკანასკნელად გაივლი ფერხითა შენითა, ხოლო მანდედან, რამეთუ
ცოცხალ ვეღარ გამოხვალ, ოთხმან კაცმან გამოგასვენოს.
ციხეში შეიყვანეს.
ვიწროსა და ბნელ სახლაკში შეაგდეს.
ქედს დადებული ჯაჭვი ვარსქენმა საკუთარი ბეჭდით დაბეჭდა.
მათი უკანასკნელი დიალოგი ეს იყო:
„მე ამას მხიარულ ვარ, რაითა აქა ვიტანჯო და მუნ განვისუენო!“ _ თქვა ქალმა.
„ჰე, ჰე, განისუენე!“ _ მიუგდო კაცმა.
გამოვიდა ვარსქენი, კარი გამოკეტა და გუშაგებს ამცნო: შუშანიკი სიყმილით
(შიმშილით) უნდა მოკვდეს!
თან დაემუქრა: გაფრთხილებთ, თუ ვინმე მასთან შევიდა, გინა მამაკაცი, გინა
დედაკაცი, ვერაფერი ვეღარ გიხსნით ცოლშვილიან-სახლკარიანად; იცოდეთ, რაც
დაგემართოთ, მე უბრალო ვიქნებიო.
თქვა და წამოვიდა.
მესამე კვირას მან ერთი მცველთაგანი მოიხმო და ჰკითხა, რას შვრება, მოკვდა თუ
მორჩაო.
უფალო, უფრო სიკვდილიაო საფიქრებელი, ვიდრე სიცოცხლე, რამეთუ არაფერს
იკარებსო საჭმელად, _ უპასუხა მცველმა.
122
„ნურარაი გგლიან, უტე, მოკუდეს (ნუ გენაღვლება, გაუშვი, მოკვდეს)“ _
ჯერკვლად დაბეჭდა პიტიახშმა.
იაკობ ხუცესმა მაინც მოახერხა შუშანიკთან შესვლა. რომელიღაც მცველთაგანს
ძვირფასი ნივთი აღუთქვა და იმანაც ერთჯერ, დაღამებისას, შეუშვა იგი წამებულის
სენაკში.
იაკობი გაოცებული დარჩა, როცა მან იხილა „ტარიგი (სამსხვერპლო კრავი) იგი
ქრისტესი შუენიერად ვითარცა სძალი“, თუმცა „საპატარძლო სამკაულებად“
ბორკილები ესხა შუშანიკს.
შვებით ატირებული დაემშვიდობა იაკობი სავსებით მშვიდსა და სულიერად
აღზევებულ ქალს.
მაზლი ჯოჯიკი არ დასწრებია შუშანიკის საპყრობილედ ჩაგდებას. როცა
ცურტავს მოვიდა და ყველაფერი შეიტყო, ჩორდში (დარუბანდი) გამგზავრებულ ძმას
წამოეწია და შეუჩნდა, ბორკილები მაინც მოაშორეო შუშანიკს. ვარსქენი არ თმობდა,
მაგრამ როცა ჯოჯიკი გაჯავრდა და გააფთრდა, იმანაც მცირეოდენი დათმო.
ჯოჯიკი თვითონ ეწვია წამებულ რძალს. თავისი ხელით აჰყარა ჯაჭვი კისრიდან,
ხოლო დანარჩენ ბორკილთა მოხსნა თვითონ შუშანიკმა არ ინება, _ დაე, ასე მქონდესო
სიკვდილამდე.
მეექვსე წელს ათევდა შუშანიკი ციხეში, „მარხვითა, მარადის მღვიძარებითა,
ზედგომითა, თაყუანისცემითა უწყინოდ და კითხვითა წიგნთაითა მოუწყინებლად
განაბრწყინა და განაშუენა ყოველი იგი ციხე სულიერითა მით ქნარითა“.
მთელს ქვეყანას მოედო შუშანიკის წამებისა და წმინდა ცხოვრების ამბავი.
ყოველის მხრიდან მოედინებოდა ხალხი მის სახილველად, საწირავ-საზორველად,
სამისნოდ და სამლოცველოდ.
მისი ლოცვა კურნება იყო სნეულთათვის, მისი სიტყვა სალბუნი იყო
ჩაგრულთათვის.
ერთ დღეს ახალი ზარსახდელი ამბავი შეატყობინეს შუშანიკს.
შენი შვილებიც მოგვებად (მაზდეანებად) მოაქციაო ვარსქენმა.
დიდხანს იტირა.
ეს იყო მისი უკანასკნელი ტირილი საგლოელი.
ცრემლისგან გაშრა.
შვილები მოვიდნენ, გარნა ვეღარ გაბედეს მასთან შესვლა.
აღარც თვითონ ახსენებდა მათ სახელს.
ამქვეყნიურთაგან ეს ერთადერთი სიხარულიც დააკარგვინა ურჯუკმა მიწიერმა.
ვარსქენმა უკანასკნელად მიუგზავნა მოციქულები.
ჩემს ნებას დაემორჩილე და სასახლეში მოდი, არ მოხვალ და ვირზე შეგსვამ და ან
ჩორდში გაგაგზავნი, ან ქტესიფონის კარზეო, უთვლიდა ცოლყოფილს.
ისევ მშვიდი იყო პასუხი შუშანიკისა: თუ გამგზავნი, ვინ იცის, იქნებ იქ ამ
ბოროტებაზე უკეთეს რასმე გადავეყაროო.
ვარსქენი დაფრთხა: ვაითუ მართლა მისი ვარაუდი გამართლდესო, იქნებ ვინმე
მთავართაგანს ცოლადაც გაჰყვესო.
პირი დაიხშო და ენა დაიდუმა.
გარნა ისევ მალე აიშალა და აათხრევინა გული სატანას.
ახლობელთაგან ერთი ძუძუმტე გამოარჩია და იმას დაავალა შუშანიკის მოყვანა
სასახლეში.
ახლა ეს კაცი მიადგა და უჩიჩინა შუშანიკს, სასახლეში წამოდი, ოჯახს ნუ
ანგრევო და სხვა მისთანანი.
123
ისევ და ისევ მიუვალი კლდე იყო შუშანიკი:
წადი და იმ უღმერთოს მოაგონე მისივე ნაბრძანები, _ შენ მაგ ციხიდან ცოცხალი
ფეხით ვერ გამოხვალო; მე ხომ მისგან მკვდარი ვარ, ხოლო თუ მას მკვდრის აღდგინება
შეუძლია, წავიდეს და დედამისი აღადგინოსო.
როცა ბოლო მოციქულმა ვარსქენს შუშანიკის პასუხი მოუტანა, ექვსი წლის
წინანდელი ნათქვამი გაიხსენა და მძიმედ ჩაილაპარაკა: ნამდვილად მაქვს ეგ
ნათქვამიო.
ექვსი წელი იწურებოდა შუშანიკის ბორკილდებული პატიმრობიდან.
ექვსი წელი საკუთრივ ტანჯა სხვისგან უღვთოდ ტანჯული სხეული.
მხოლოდ ლოცვად, მარხვად და კითხვად მდგარი, უძილარი და დაუჯდომელ-
დაუწოლელი, მხოლოდ _______ფხლის წვენს სვამდა და „პურის გემოი არა იხილოს“. მისი
სასთუმალი იყო აგური.
მისი საგებელი იყო ძველი გირჯაკი (ნაბადი) და კილიკი (ბალნიანი ტყავის
ფლასი), წვირიანი და მკბენარით სავსე.
არა მხოლოდ ჯეკმა (მეტისმეტი, დაუზოგავი) თვითგვემა, არამედ გარესამყაროც
მტერი იყო შუშანიკისა;
„ჟამსა ზაფხულისასა ცეცხლებრ შემწუელი იგი მხურვალებაი მზისაი, ქარნი
ხორშაკნი და წყალნი მავნებელნი, რომლისა მკვიდრნიცა მის ადგილისანი სავსენი
სენითა, წყლითა განსივებულნი და განყვითლებულნი, დაწერტილნი და დამჭნარნი და
დამღიერებულნი, ჩარადოვანნი, პირმსივანნი და დღემოკლედ ცხორებულნი; და
მოხუცებულ არავინ არს მათ ქუეყანათა. და ესეთსა მას ციხესა შინა ექუს წელ პყრობილ
იყო და მძიმეთა მათ საკრველთა შინა ადიდებდა ღმერთსა“.
და დასნეულებული შეხვდა ციხეპყრობილების მეშვიდე წელს.
„დადნა ვითარცა ავლი“.
დაუსივდა ფერხნი.
დაწყლულდა, დაჩირქდა და თხრამლი სდიოდა.
დაესია მატლები.
……………….
მოუხმო იაკობ ხუცესს.
ატირდა იაკობი, ოდეს იხილა მატლდასხმული მისი სხეული.
დაამშვიდა შუშანიკმა: ნუ გემძიმებაო ჩემთვის ეგ მატლი, რამეთუ იგი
უკვდავებას მანიჭებსო მე. არ მწუხარებდეო მატლთათვის, რამეთუ ასეთად უკვდავების
მომნიჭებელ მატლთაგან შეჭმა ჯობს ჩვეულებრივი, ყოველ კაცთა შემჭმელ მატლთაგან
შეჭმას.
ისევ ატირდა იაკობი: შე უბედოო, საგვემელად ძაძის ტარები არ გეყოფოდა,
მატლთა დასევით რომ მხიარულობ?
შეკრთა შუშანიკ. იაკობ ხუცესს საიდუმლო სცოდნია მისი: დედოფალი ძვირფას
ანტიოქურ ოქრონემსულ სადედოფლო სამოსელს შიგნით გაუხდელად ატარებდა შავი
ძაძის კვართს.
და ქენებით (მუდარით) უთხრა იაკობს: ნურვისთან იტყვი ჩემს მარადიულ ძაძის
სამოსზე, რამეთუ სულმან ჩემმან მალე უნდა დატოვოს უბადრუკი სხეული ჩემი.
……………….
უკანასკნელად მიიღო ჯოჯიკი და მისი ცოლ-შვილი.
დალოცვა და ცოდვათა განტევება თხოვეს.
იმანაც დალოცა და განუტევა ცოდვანი მათნი.
ამბობდა შუშანიკ:
124
„ღმერთმან მიგიტევენინ, რომელ რაი-იგი ჰყავთ… ესე ყოველი ცხორებაი,
ვითარცა ყუავილი ველთაი წარმავალ არს და დაუდგომელ. და ვინ სთესა _ მოიმკო და
ვინ განაბნია გლახაკთათვის _ შეიკრიბა, და რომელმან წარიწყმიდოს თავი თვისი, მან
პოოს იგი, რომელმან ადიდა იგი“.
……………….
უკანასკნელად ახსენა ვარსქენი, ახსენა უდიდესი ბრალდებით, ახსენა სიტყვითა
უბრწყინვალესითა:
„განვისაჯნეთ მე და ვარსქენ პიტიახში მუნ, სადა-იგი არა არს თუალღებაი წინაშე
მსაჯულისა მის მსაჯულთაისა და მეუფისა მის მეუფეთაÎსა, სადა არა არს რჩევაი
მამაკაცისა და დედაკაცისაი, სადა მე და მან სწორი სიტყუაი ვთქუათ წინაშე უფლისა
ჩუენისა, იესუ ქრისტეისა; მიაგოს მას უფალმან, ვითარ მან უჟამოდ ნაყოფნი ჩემნი
მოისთულნა და სანთელი ჩემი დაშრიტა და ყუავილი ჩემი დააჭნო. შუენირებაი
სიკეთისა ჩემისაი დააბნელა და დიდებაი ჩემი დაამდაბლა. და ღმერთმან საჯოს მის
შორის და ჩემ შორის. ხოლო მე აწ ამას ვჰმადლობ ღმერთსა, რამეთუ ტანჯვითა მისითა
მე ლხინებაი ვპოო, და გუემათა და თრევათა მისთათვის მე განსუენებასა მივემთხვიო,
და უგულისხმოებისა და უწყალოებისა მისისათვის მე წყალობასა მოველი იესუ
ქრისტეის მიერ, უფლისა ჩემისა“.
……………….
უკანასკნელად მოვიდნენ მასთან მთავარეპისკოპოსი სამოელ და ეპისკოპოსი
იოანე, გაოცებულნი და აღტაცებულნი მისი საარაკო გმირობისაგან.
მათ მოჰყვნენ „აზნაურნი დიდ-დიდნი, და ზეპურნი დედანი, აზნაურნი და
უაზნონი სოფლისა ქართლისანი“.
მუხლს იყრიდნენ საოცარი ქალის წინაშე, ლოცულობდნენ, კურთხევას
სთხოვდნენ და ცრემლთა თხევით ევედრებოდნენ, რამეთუ ნება დართოს მისი
ნაფერხალი ბორკილები იქნენ ყველასათვის ნაკურთხევ საღვთო და სათაყვანო წმიდა
ნივთებად.
მე არა ვარო ამისი ღირსი, ამშვიდებდა ხალხს შუშანიკი, ხოლო თქვენთვის, რაკი
მე არარაის შემძლებელი ვარ, „ყოვლად სავსემან ქრისტემან აღგავსენინ თქუენ ყოვლითა
კეთილითა, რომელნი _ ესე ჩემთვის მოშუერით და ეზიარენით ვნებათა ამათ ჩემთა და
ჭირთა და ტანჯვათა“.
ხალხსაც დაემშვიდობა. ხალხიც წავიდა მისი საპატიმრო სავანიდან.
……………….
უკანასკნელად მოუწოდა ეპისკოპოს აფოცს და ხუცეს იაკობს. მადლობა მოახსენა
მათ მოწლეობისათვის (გულშემატკივრობისათვის) და უმძიმეს ჭირთაშიგან
თანადგომისათვის.
მერე სთხოვა მათ, ნეშთი ჩემთა ძვალთა იმ სოფლის ეკლესიაში დაკრძალეთო,
საიდანაც პირველად გამომათრიესო…
ამას ამბობდა და უკვე სიკვდილთან წილნაყარი იყო.
„კურთხეულ არს უფალი ღმერთი ჩემი, რამეთუ მშვიდობით მას ზედა დავწევ და
დავიძინე“.
ეს მისი უკანასკნელი სიტყვები იყო.
უკვე სიკვდილის საუფლოში ესვენა შუშანიკ.
……………….
იაკობ ხუცესმა აღასრულა თავისი დანაპირები: უმაღლესი ლიტერატურული
სიმშვენიერით დაწერა „წამება წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაი“.
ღალატიანი ბრძოლა
125
უნდა დასჯილიყო ვარსქენ პიტიახშიც.
ეს აუცილებელი იყო, თუნდაც იმიტომ, რომ ვარსქენი ერთადერთი ცოდვილი არ
ყოფილა მაშინდელ კავკასიაში. იგი მხოლოდ მაგალითი იყო იმდროინდელი
ვარსქენებისა. მისებრ ქვეყნისა და სჯულის გამყიდველი ფეოდალებისა, რომლებიც
საკმარისად იპოებოდნენ საქართველოშიც, სომხეთშიც, ალბანეთშიც (ისე როგორც
ყოველთვის ყველა ფეოდალურ ქვეყანაში).
მაშ, ვარსქენი უნდა დასჯილიყო სამაგალითოდ.
ხოლო იგი უნდა დაესაჯა ვახტანგ გორგასალს, იმდროინდელი კავკასიის
მოწინავე ძალთა მთავარ გმირს, რომელიც მოღალატე ერისთავის უშუალო მეუფეც იყო.
გორგასალმაც მოიქნია თემიდას მახვილი.
ვარსქენ პიტიახში შეიპყრო და სიკვდილით დასაჯა.
დასაჯა და მაშინვე საომარ სამზადისს შეუდგა, რადგან იცოდა, ვარსქენ
პიტიახშის მოკვლა ომში სპარსეთის გამოწვევას ნიშნავდა.
ვახტანგმა შიკრიკები აფრინა ჩრდილოეთში და დახმარება სთხოვა ჰუნებს,
რომლებმაც თავის მხრივ სპარსელთა წინააღმდეგ ქართველებთან ერთად ლაშქრობაზე
თანხმობა განაცხადეს.
კონსტანტინოპოლიდანაც იმედიანი პასუხი მოვიდა.
ქართველებთან შესაერთებლად ემზადებოდნენ ალბანელები.
სომხებიც აწვია საომრად ვახტანგმა. ქართველთა მეზობლები და მოძმენი
აღფრთოვანებით გამოეხმაურნენ გორგასალის მოწოდებას. ისინი უძლეველ ქართველ
ხელმწიფეს ალექსანდრე მაკედონელს ადარებდნენ, ამიერკავკასიის ხალხთა
გამათავისუფლებლად თვლიდნენ და მუდამ დიდი იმედის თვალით შესცქეროდნენ.
სომეხთა საომარ სამზადისს სათავეში ჩაუდგა გამოჩენილი სარდალი ვაჰან
მამიკონიანი.
მაგრამ ეს დიდებული წამოწყება დასაწყისშივე დაღუპეს მოღალატეებმა. ერთმა
სომეხმა ნახარარმა ქართველთა და სომეხთა საომარი სამზადისი სასწრაფოდ
შეატყობინა სპარსეთს.
პეროზ შაჰმა უზარმაზარი სპარსული ურდოები გადმოისროლა საქართველოსკენ,
მიჰრან-შაბურის სარდლობით.
მტკვრის ხეობა ირანელებით აივსო.
ვახტანგ მეფემ თავისი მცირერიცხოვანი ჯარები ქვემო ქართლის მთებში
ჩაასაფრა და კვლავ აწვია შესაერთებლად ვაჰან მამიკონიანი. სომხებიც დაიძრნენ
ქართველებთან შესაერთებლად.
შვიდი დღის განმავლობაში ვახტანგი ამაოდ უცდიდა მაშველ ძალებს
ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან. არც ჰუნები ჩანდნენ, არც ბიზანტიელები.
სომხები კი მოვიდნენ და ქართველებს შეუერთდნენ.
ვახტანგმა ჰუნებისა და ბიზანტიელების ამაო ცდას თავი მიანება. მთებიდან
დაეშვა და მტრის პირისპირ დასცა ბანაკი.
ბრძოლის წინა დღეს სომეხმა ნახარარებმა თავიანთი ჯარებით სომეხ-
ქართველთა ბანაკი მიატოვეს და სპარსელთა სარდალს ჩაბარდნენ.
გორგასალი შეთხელებული ჯარით შეება რიცხობრივად ისედაც უპირატეს
მოწინააღმდეგეს.
გამარჯვებისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა არც ჯარის სიმამაცე, არც
გორგასალის დანახვაზე სპარსელ მეომართა შეშფოთებული შეძახილები;
126
„დურ აზ გორგასარ“ _ „მოერიდეთ თავსა მგლისასა!“
სომეხთა ჯარი სომხეთისაკენ გაბრუნდა.
ქართველები ქართულ სამანებს ჩაეჭიდნენ.
პეროზის სარდალმა ჰაზარავუხტმა სომხეთის ციხე-ქალაქებში სპარსული
ციხიონები ჩააყენა. მერე შაჰინშაჰის ბრძანება მიიღო, სომხეთში მიჰრან-შაბური დატოვე
და შენ შენის ჯარებით საქართველოსკენ გაეშურე და ვახტანგ მეფე ან მკვდარი, ან
ცოცხალი აქ მომგვარეო.
წამოვიდა ჰაზარავუხტი.
შეეგება და შეება გორგასალი.
გარნა საქართველოში არ ილეოდნენ ვარსქენები.
კვლავ უღალატეს „ხალხოსან მეფეს“ დიდებულებმა.
ისევ ამაო აღმოჩნდა გასაოცარი შემმართებულობა მეფისა და „მისი ხალხისა“…
ვახტანგ მეფე ეგრისისაკენ მიაქროლებდა ცხენს.
სინდთა მეფისგან თქმული არაკი უსერავდა ბოღმით აღვსილ გულს.
ღალატიანი აღსასრული
ჰაზარავუხტი დაბნეული შებრუნდა კარავში. მან არ იცოდა, სძლია თუ არა
„მგელთავა მეფეს“.
ნაომარი ველი სპარსელთა გვამებით იყო დარეცილი.
ვახტანგ მეფე ბრძოლის სასწორის შექანებამდე გაშორდა ჭიდილს.
ალბათ ახალ საომარ ძალთა შესაკრებად მიეშურებოდა, ან იქნებ სადმე
ჩასაფრებულ მარქაფ ჯარებს მოუძღვის მეფე?!
და უცებ ქტესიფონიდან მოულოდნელი ამბავი მოიტანეს მალემსრბოლებმა:
ჰუნებთან ბრძოლაში დაღუპულა შაჰინშაჰ პეროზ. გვამიც ვეღარ ეპოვნათ მისი.
ჰაზარავუხტმა ჯარები სასწრაფოდ აჰყარა და სპარსეთის სატახტოსაკენ გაქუსლა.
ვახტანგი ახალი ჯარით მოვიდა ეგრისიდან.
მტერმა გაასწრო განადგურებას.
სპარსეთში გამეფდა პეროზის ძმა ბალაშ (484-488წწ.).
ვახტანგ გორგასალმა სავსებით აღიდგინა პირველობა წინა აზიაში.
სპარსელებმა ბალაში ტახტიდან ჩამოაგდეს და გაამეფეს პეროზის ვაჟი კავადი
(488-531წწ.).
კავადის დროს სპარსელებს ახალი მოძღვარი გამოუჩნდათ, მაზდაკი, რომელიც
მიწისქვეშა ხვრელში დამჯდარიყო, ცეცხლი დაეგზნო და მასთან პირისპირ საუბარში
ქადაგებდა სიყვარულს, მშვიდობას და თანასწორობას კაცთა შორის. იგი ბრძოლას
უცხადებდა კერძო საკუთრებას, ვითარცა ადამიანებში სიძულვილისა და მტრობის
წყაროს. იგი ყოველგვარი საკუთრებისა და მათ შორის ცოლების, გაერთიანებასაც კი
მოითხოვდა.
მაზდაკიზმი უპირველეს ყოვლისა წარჩინებულ, ქონებრივად გაზულუქებულ
ფეოდალებს უპირისპირდებოდა, ამიტომ სწორედ ურჩი დიდკაცობის დასათრგუნავად
კავადი მაზდაკს მიემხრო. საპასუხოდ, სპარსელი დიდებულები შეითქვნენ, კავადი
შეიპყრეს და ციხეში ჩააგდეს, ხოლო მის ადგილზე მეფედ მისი ძმა ჯამასპი (496-498წწ.)
დასვეს. ჯამასპმა მაზდაკიზმს ბრძოლა გამოუცხადა.
127
კავადმა მაინც დაიხსნა თავი. მისმა ლამაზმა ცოლმა ასპევადამ (რომელიც იმავე
დროს მისი დაი იყო) ქმრის ნებართვით ციხის უფროსი მოხიბლა და დანებდა.
სამაგიეროდ ქმარი ციხიდან გამოუშვა. კავადი ჰუნებთან გაიქცა. მათი მეფის ასული
მეორე ცოლად შეირთო, ჰუნების ჯარით სპარსეთს დაბრუნდა და სამეფო ისევ
დაიბრუნა (498-531წწ.). მეფედყოფილ ძმას, ჯამასპს, თვალები დათხარა, დანარჩენ
მოწინააღმდეგეებს თავები დააყრევინა.
კავადი ჰუნებთან ვალში იყო. სამხედრო დახმარებისათვის ფული უნდა
გადაეხადა ჰუნთა ხელმწიფისათვის. ხოლო, ხანგრძლივი ომების და შინაურ
აშლილობათა წყალობით, ქტესიფონის სახელმწიფო ხაზინა დაცარიელებული იყო.
მაშინ კავადმა ბიზანტიის მაშინდელ იმპერატორს ანასტასის (491-518წწ.)
ფულადი სესხი სთხოვა. ანასტასიმ უარი შემოუთვალა. უარი და შერცხვენა აგრე ან
უნდაო და სპარსეთის მეფემ ბიზანტიას ომი გამოუცხადა (502წ.).
ვახტანგ მეფე ტფილისს იდგა. ახალი სატახტოს მშენებლობას მისცემოდა
თავდავიწყებით.
და მოვიდა მოციქული ქტესიფონიდან.
კავადი უთვლიდა ვახტანგს:
საბერძნეთს ვაპირებო გალაშქრებას, მაგრამ წინასწარ ჩემმა აქაურმა ბრძენმა
მრჩეველებმა მირჩიეს, ვახტანგ გორგასალის გარეშე არ გაბედო ასეთი დიდი
წამოწყებაო. მათივე რჩევით მე უნდა მოვიდე შენთან, დავემორჩილო შენს ბრძანებას,
გამიძღვე წინ და შენის თავკაცობითვე შევიდეთ საბერძნეთად. თან გთხოვ, შენი ერთ-
ერთი ასული მომცეო ცოლად (ეს კავადის მესამე ცოლი უნდა ყოფილიყო), „რათა ვიყო
მე ვითარცა ერთი შვილთა შენთაგანი“.
მძიმედ ჩააფიქრა ვახტანგი სპარსელის გასაოცრად ცბიერმა შემონათვალმა.
ისევ დაუწვა გონება სინდთა მეფის არაკმა.
მერე მწარე ღიმილით თქვა:
„მჭედელო, გალესე მახვილი შენი, რათა მსწრაფლ განეწონოს ასოთა შენთა“.
ეს თქვა, სპარსელს მიუბრუნდა და მკაცრად უთხრა:
„უთხარ მეფესა შენსა: პირველად განემზადე ბრძოლად ჩვენდა და ეგრე შევედ
საბერძნეთად“.
ასეთი პასუხი ირჩია _ მახვილივით პირდაპირი და განუდრეკელი, სპარსელის
იქედნურად ცბიერისა და ღრიანკალივით დაგრეხილ-დამანჭული სამოციქულოს
საპირისპიროდ.
მაშინვე საომარ სამზადისს შეუდგა.
სამოცი წლის ასაკში მდგარმა მეფემ იცოდა, ეს იქნებოდა უკანასკნელი
გადამწყვეტი ბრძოლა: ან სპარსელებს უნდა აეღოთ სამუდამოდ ხელი საქართველოზე,
ან თვითონ უნდა შესწირვოდა მამულისათვის უკეთილშობილეს ბრძოლას.
სასწრაფოდ აფრინა მალემსრბოლნი, ლაშქარნი აწვია, ციხესიმაგრენი საომრად
განამზადა, სოფლებიდან და სუსტად გამაგრებულ ქალაქთაგან ხალხი კავკასიონის
მიუვალ მთებში და კახეთის უღრან ტყე-მაღნარებში გახიზნა.
დედოფალი ელენე უფლისწულებითა და სეფეწულებით უჯარმაში ჩადგა. მეფემ
აქვე დაიტოვა ჯუანშერ სპასპეტი და ადარნასე სამშვილდის ერისთავი.
უჯარმის მახლობლად, ნიქოზში, რაჟდენ პირველწამებულის ეკლესიასა და
ციხესიმაგრეში, დააბინავა პეტრე კათალიკოსი.
მცხეთა-არმაზისა და მისი შემოგარენის საპატრონოდ სამი ერისთავი გაგზავნა:
დემეტრე, ნერსე და ბივრიტიანი.
128
ვახტანგის მალემსრბოლი კონსტანტინოპოლისკენაც მიქროდა მაშველ ძალთა
ჩამოსაყვანად.
იმავე 502 წლის ზაფხულში სპარსელთა ურდო შემოესია ქართლს.
თვითონ შაჰინშაჰ კავადი და უფლისწული ბარტამი მოუძღოდნენ უთვალავ
მხედრობას.
კალიასავით შემოესივნენ ივრის ხეობას, რუსთავს და სამგორს.
ქართველთა ლაშქარიც მზად იყო საბრძოლველად… მტრის მხედრობაზე
ხუთჯერ უმცირესი.
მხოლოდ უზომო სიმამაცეს და მშობელ მიწიდან მიღებულ მადლს უნდა შეევსო
რიცხობრივი სინაკლულე ქართველთა.
კვლავ არ ჩანდნენ ბიზანტიელნი.
გამობრძანდა ვახტანგ მეფე.
უკანასკნელი დიდი ბრძოლა უნდა გადაეხადა სიჭარმაგეში ფეხშედგმულ გმირს.
პეტრე კათალიკოსი გამოჰყვა, ჯარი და მეფე დალოცა.
მეფემ სალაშქრო სიტყვა ბრძანა.
„ცხოვნდინ, მეფეო, უკუნისამდე!“ _ ისევ მხნედ იგრიალა ჯარმა.
ბრძოლად გაემართნენ.
„შეიბნეს იორსა ზედა, და სამ დღე ყოველთა დღეთა ბრძოდეს, და დაეცემოდა
ორთავე სპათაგან ურიცხვი“.
სამი დღე წონასწორად ქანაობდა უთანასწორო ბრძოლის სასწორი.
სამი დღე-ღამე გრიალებდა, გმინავდა და ოხრავდა ივრის ხეობა.
სამი დღე-ღამე ისმოდა სპარსელთა ისტერიული ყივილი:
„დურ აზ გორგასარ!“
მეოთხედ, გადამწყვეტი შეტევისათვის შეკრა და შეამჭიდროვა გორგასალმა
ქართველთა შეთხელებული რიგები.
ისევ დალოცა ჯარი და მეფე პეტრე კათალიკოსმა.
საგანგებოდ გააფრთხილა მღვდელმთავარმა გვირგვინოსანი: თავს მოუარეო,
თორემ არა მარტო ქართლი დაიღუპება, არამედ იერუსალიმიც ზედ მიჰყვება შენი
იმედის დამკარგველიო.
სამ ნაწილად დაჰყო ვახტანგმა ლაშქარი.
ფლანგებზე _ მარჯვნივ ჯუანშერ სპასპეტი უსარდლა, მარცხნივ _ ადარნასე
ერისთავი.
თვითონ მეფე შუა ნაწილს ჩაუდგა და საიერიშოდ სპარსელთა ბანაკის შუაგული,
თვით შაჰინშაჰის კარავი მოინიშნა.
ჯერ ისევ ბნელოდა.
ივრის ხეობა ნისლით ავსებულიყო.
ვახტანგმა ჯარის გაწყობა დაასრულა.
სალაშქრო სიტყვაც ასეთი სიმკაცრით განასრულა:
„ყოველი კაცი, რომელიც სიკვდილს გადაურჩება და ბრძოლიდან მტრის თავს ან
ხელს არ გამოიტანს, ჩემის ხელით იქნება მოკლული!“
რიჟრაჟიც ჩამოდგა.
ნისლმაც კალთები აიკრიფა და ივრის ხეობა გაშიშვლდა.
ვახტანგ მეფემ იერიში ბრძანა.
სპარსელები მედგრად დაუხვდნენ ქართველთა გავეშებულ შეტევებს.
ზეცას არყევდა ივრის ხეობიდან ავარდნილი ჰომერული გრიალი.
129
გამაყრუებელ ხმაურში მკვეთრად ისმოდა სიანჩხლით, ძრწოლითა და ისტერიით
აღსავსე სპარსული ყივილი:
„დურ აზ გორგასარ!“
შეუკავებლად მიარღვევდა ქართველი მეფე შაჰის გვარდიას _ „უკვდავთა
ათასეულებს“ (ასე ალექსანდრე მაკედონელი მიაპობდა „უკვდავთა ათასეულებს“
ისოსის ბრძოლაში პირდაპირ შუაგულისკენ, სადაც იდგა მეფეთა მეფე დარიოს
კოდომანი).
აი, მიეჭრა კიდეც გორგასალი მტრის შუაგულს.
აი, ისიც, სპარსეთის შაჰინშაჰი კავად.
მკლავი გამართა, მაგრამ _______ვერ მოასწრო ქართველმა მეფემ.
გრიგალივით მოვარდნილი მთაკაცის ხილვით შეძრწუნებულმა კავადმა წამსვე
ცხენი შეატრიალა და ბრძოლის ველიდან გაქუსლა (ასე გაექცა მაშინ ისოსის ბრძოლაში
დარიოს კოდომანი ზედ მივარდნილ ალექსანდრე მაკედონელს).
მაგრამ ერთბაშად კარვიდან გამოიჭრა და გორგასალს წინ აღემართა
უფლისწული ბარტამ.
წამით მეორე სახეც დალანდა ვახტანგმა კარვის კალთის მიღმა. ნაცნობი იყო ეს
სახე, გველივით უძრავი ორი თვალით.
გახსენების დროც აღარ ჰქონდა. სპარსელმა უფლისწულმა უკვე მოიქნია
მახვილი.
და ერთი თვალის დახამხამებაში მოხდა ყველაფერი.
მეფემ იფარა ვიგრის ფარი, მარცხენა ხელით ზეასროლილი,
იღლიაში გამჭოლავი ბრჭუალი შეიგრძნო,
კარვის კალთის წინ მთელის ტანით აღმართულიყო კაცი გველის უძრავი
თვალებით, გაწვართული მშვილდით; ის, ვინც ესროლა გორგასალის შიშველ იღლიას.
ტკივილისათვის არ ეცალა მეფეს.
მეორედ მოიქნია ბარტამმა მახვილი.
ფარის აღმართვა აღარ შეეძლო მარცხენა ხელით.
მარჯვენით აუკრა ალმასის ხმალი.
ხელმეორედ მოიქნია გორგასალმა და შუაგაპობილი დაეცა ბარტამი.
გველისთვალებიანს მიუბრუნდა.
აღარსად იყო.
ახლა გაახსენდა მეფეს: ამნაირი თვალები ჰქონდა ერთ მის მონა-მსახურს,
შემ¬ზარავი, შეუძვრელი გველისნაირად. მერე დაიკარგა ის მსახური, სადღაც
გაუჩინარდა. ახლა მიხვდა: ქართულობისთვის უღალატნია, სპარსულობას
შეჰკედლებია… ან იქნებ სულაც ქართველი არ ყოფილა…
ჰმ, მოღალატეს რა გამოლევს ამ ქვეყნად.
მწერს შეუძლია ლომი დაშხამოს მომაკვდინებლად.
ხელი მოივლო იღლიაზე.
დიდი ისარი ყოფილა _ ქეიბური.
ამოგლეჯა სცადა, მაგრამ აუწერელმა ტკივილმა დაუწვა გონი.
გარდიგარდმო, ირმიცულად, თითქმის ფრთებამდე შეჭრილიყო ისარი მკერდში.
სისხლი გარეთ არ იქცეოდა.
სისხლი შიგნით იქცეოდა.
მაინც იბრძოდა მეფე, იღლიაში ისარნაკრავი.
მზის ამოსვლისას დაჭრილი გმირი შუადღემდე იბრძოდა.
იბრძოდა ისევ გორგასლურად.

 

გვერდი 1

გვერდი 2

გვერდი 3

გვერდი 4

გვერდი 5