EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« Estée Lauder / ესტე ლაუდერი »
კატეგორია: სუნამო-პარფიუმერიაავტორი: admin
თარიღი: 2014-03-18 15:40:18
კირკიტა ჟურნალისტებმა მხოლოდ 80-იანი წლების დასაწყისში გამოქექეს სიმართლე: მისის ლაუდერი მართლაც გახლდათ ზღაპრის პერსონაჟი, მაგრამ იგი ფერია კი არა, კონკია იყო...
ესტე ლაუდერის ცხოვრება ლეგენდად იქცა. იგი დაუზარლად ჰყვებოდა ევროპაში, სასახლეში გატარებულ ბავშვობაზე, მამაზე -ცხენებისა და გოლფის მოყვარულ ფლეიბოიზე და დედაზე, რომელიც მთელ დროს მიღებებსა და ფეშენებელურ კურორტებზე ატარებდა...
გრაფების შთამომავალმა ესტემ შესანიშნავი განათლება მიიღო, მაგრამ 30-იან წლებში მათი ოჯახი გაკოტრდა და ესტე იძულებული გახდა, ამერიკაში გადასახლებულიყო.
მთელმამსოფლიომ დაიჯერა მისის ლაუდერის მონაყოლი: ოკეანის ორივე მხარის ზეპური საზოგადოება სიხარულით მასპინძლობდა ამ დახვეწილ არისტოკრატ ქალს, რომელიც მათ დაჟინებით სთავაზობდა თავის პროდუქციას.
კირკიტა ჟურნალისტებმა მხოლოდ 80-იანი წლების დასაწყისში გამოქექეს სიმართლე: მისის ლაუდერი მართლაც გახლდათ ზღაპრის პერსონაჟი, მაგრამ იგი ფერია კი არა, კონკია იყო...
კოსმეტიკის მომავალი დედოფალი ჟოზეფინა ესტერ მეტცერი დაიბადა 1908 წლის 1-ელ ივლისს, ნიუ-იორკის იტალიელი ემიგრანტებით დასახლებულ ქუინსის რაიონში.
იგი მაქს და როზა მეტცერების მეცხრე შვილი იყო. მის ძარღვებში ფრანგული, ჩეხური, უნგრული და ებრაული სისხლი ჩქეფდა. მაქსი ოდესღაც ჟოკეი იყო. დაქორწინების შემდეგ კი კავეულის პატარა მაღაზია გახსნა. ესტერი, რომელსაც მოფერებით ესტეს ეძახდნენ, პატარაობიდან მამას მაღაზიაში ეხმარებოდა -ვიტრინას აფორმებდა და საქონელს ყიდდა.
ესტერი ექვსი წლის იყო, როდესაც ევროპიდან მათთან ჩამოვიდა დედის ძმა, ჯონ შოტცი -ქიმიკოსი გახლდათ და კოსმეტიკურ საშუალებებს ქმნიდა. თავის ”ლაბორატორიაში”, რომელიც მენტცერების სარდაფში მოაწყო, სასწაულმოქმედ კრემებს ხარშავდა.
პატარა ესტე ბიძით მოიხიბლა და შემდგომ ასე იხსენებდა: ”მან ერთიანად დაიპყრო ჩემი გონება. რაც ვერასდროს ვერავინ შეძლო. მისი დამსახურებაა, რომ მე ჩემი მომავალი მაშინ განვსაზღვრე”.
ესტე ბავშვი იყო, მაგრამ სიამოვნებით აკეთებდა სახის ნიღბებს, მასაჟს, ვარცხნილობას. ბიძის მიერ დამზადებულ კრემს თვითონაც ხმარობდა და მეზობლებსა და თანაკლასელებშიც ყიდდა.
გარეგნობით ესტე დედას დაემსგავსა: კარგი აღნაგობის ქერათმიანი ქალიშვილი მამაკაცებს იზიდავდა, ხოლო მისი თანდაყოლილი, უზადო სახის კანი ბიძის კრემის თვალსაჩინო რეკლამა გახლდათ.
სილამაზის მოტრფიალე ქალიშვილს ის გარემოცვა თრგუნავდა, სადაც ცხოვრობდა და იზრდებოდა. მოგვიანებით აღიარა, რომ რცხვენოდა სიღარიბისა და მშობლების აქცენტის, ოცნებობდა მსახიობობაზე, მსოფლიოს დაპყრობასა და თეთრ რაშზე ამხედრებულ უფლისწულზე.
მან კი სკოლაც ვერ დაამთავრა და იძულებული გახდა, მამის მაღაზიაში ემუშავა.
ესტერი მილოუკში, ვისკონსინის შტატში ნათესავებთან ისვენებდა და იქ გაიცნო ბუხჰალტერი ჯოზეფ ლაუტერი.
ახალგაზრდა კაცი მოხიბლა ესტერის სილამაზემ და დახვეწილმა მანერებმა, არც ქალიშვილი იყო მის მიმართ გულგრილი და ისინი 1930 წელს, ებრაული წესით დაქორწინდნენ. 1933 წელს შეეძინათ ვაჟი ლეონარდი.
ესტერს არასდროს სურდა, მხოლოდ დედა და მეუღლე ყოფილიყო. სჯეროდა, რომ შესანიშნავი კრემის წყალობით გამდიდრდებოდა.
ერთხელ, სალონის მეპატრონე ქალი მოიხიბლა მისი სახის კანით და ესტერმაც გაუმხილა ”საიდუმლო”, მერე სალონის დიასახლისისა და იქ მყოფი კლიენტი ქალების თვალწინ პირველი უფასო პრეზენტაცია მოაწყო და ყველას კრემის ნიმუშებიც დაურიგა.
რამდენიმე დღის შემდეგ, ამ კრემით მოხიბლული ქალები სალონს მოაწყდნენ და უკვე რამდენიმე თვის შემდეგ, მისის ლაუდერის კრემი ნიუ-იორკის რამდენიმე სალონში იყიდებოდა. ესტე თავის კრემს ყველგან უწევდა რეკლამას -მეტროში, ავტობუსის გაჩერებაზე, მაღაზიებში.
მან გაიცნო კომივოიაჟერები და კოსმეტიკის გამავრცელებლები, რათა კრემის გაყიდვაში დახმარებოდნენ.
თანდათან ესტემ მაღალ საზოგადოებაშიც შეაღწია და სწორედ მაშინ გამოიგონა ახალი ბიოგრაფია, რომ ამ წრეში იგი თავისიანად მიეღოთ, რაშიც შესანიშნავი გარეგნობა და დახვეწილი მანერები დაეხმარა.
ესტერი ბევრს მუშაობდა: ესწრებოდა გამოფენებსა და პრემიერებს, ცდილობდა აქცენტის მოშორებას, ტანსაცმელს მხოლოდ ნიუ-იორკის საუკეთესო მაღაზიებში იძენდა.
მისი დაჟინებული თხოვნით, ქმარმა გვარი უფრო კეთილხმოვანი ლაუდერით შეცვალა, ესტერმა კი ოფიციალურად დაირქვა ესტე, გამოიგონა ამბავი მდიდარ ბავშვობასა და ევროპაში სახელგანთქმული მშობლების შესახებ.
ესტე ყოველნაირად ცდილობდა, თავის ყველაზე ელეგანტურ მყიდველებს დამსგავსებოდა.
1939 წელს იგი ქმარს გაეყარა და შვილთან ერთად მაიამიში გაემგზავრა. ამბიციურმა ქალმა თავისი კომპანიის წარმომადგენლობა გახსნა ფეშენებელურ Roney Plaza-ში, სადაც მდიდარი კლიენტები მზად იყვნენ, მისის ლაუდერის კრემში დიდი თანხა გადაეხადათ.
ფეხზე მყარად დამდგარ ქალს ბავშვობის ოცნება დაუბრუნდა -თეთრ რაშზე ამხედრებულ უფლისწულს ეძებდა, თუმცა არასდროს ივიწყებდა თავის საქმეს.
სამი წლის განმავლობაში ესტე საკურორტო ქალაქებში მოგზაურობდა, აწყობდა კოსმეტიკის პრეზენტაციებს, ხიბლავდა მისთვის საჭირო ადამიანებს და კლიენტების რაოდენობაც იზრდებოდა.
იგი თანამშრომლობდა ინგლისელ ფილანთროპ ჯონ მაიერსთან, ”საერთაშორისო სურნელის” პრეზიდენტ არნოლდ ლილუსთან, სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა ბიზნესმენ ჩარლზ მოსკოვიტცთან, მისი ბიზნესიც აყვავდა, მაგრამ უფლისწული არ ჩანდა...
ამ დროს შვილი მძიმედ გაუხდა ავად. მათთან მაშინვე მივიდა ჯოზეფი, რომელმაც ისეთი ყურადღება და ერთგულება გამოიჩინა, რომ ესტეს ხელახლა შეუყვარდა.
ისინი ხელმეორედ 1942 წლის დეკემბერში დაქორწინდნენ, რათა სიკვდილამდე ერთად ყოფილიყვნენ.
მათ სამყაროს დაპყრობაც ერთად გადაწყვიტეს -მანჰეტენზე შეიძინეს შენობა რესტორნისთვის, სასადილო დარბაზი მაღაზიად გადააკეთეს, ხოლო სამზარეულო -კოსმეტიკის დასამზადებელ პატარა ფაბრიკად.
ისინი თვითონ ხარშავდნენ კრემებს, აფასოებდნენ და მეორე დღეს ყიდდნენ. 1944 წელს შეეძინათ მეორე ვაჟი, რონალდი, ერთი წლის შემდეგ კი დააარსეს კომპანია Estee Layder. Lnc.
ახალმა კომპანიამ კრემებისა და ლოსიონების წარმოება დაიწყო, მოგვიანებით კი ასორტიმენტი წითელი პომადით, ფირუზისფერი თვალის ჩრდილებით და ხორცისფერი პუდრით გაამდიდრეს.
მთელ პროდუქციას საფირმო შეფუთვა ჰქონდა, სახელგანთქმული ფერი -Lauder-blue. ლურჯის ეს ტონალობა ესტემ თვითონ შეარჩია და დარწმუნებული იყო, ნებისმიერ სააბაზანო ოთახს დაამშვენებდა.
წარმოების შექმნის შემდეგ, ესტე პროდუქციის გასაღებაზე დაფიქრდა. მისი წინამორბედი თავის საქონელს ან საკუთარი სალონების საშუალებით ყიდდა, როგორც ელიზაბეტ არდენი ან ჰელენა რუბინშტეინი, ანდა აფთიაქებსა და მაღაზიებთან თანამშრომლობდნენ.
ეს გატკეპნილი გზა ამბიციურ, მაგრამ არც ისე შეძლებულ ესტეს ხელს არ აძლევდა. მისი მარკა პოტენციურ კლიენტში აღფრთოვანებას, სინატიფის ასოციაციას უნდა იწვევდეს და საშუალო კლასისთვის ხელმისაწვდომი იყოს.
ესტეს გენიალური იდეა დაებადა -Saks Fifth Avenue-ს ტიპის უნივერმაღები.
ესტე დარწმუნებული იყო, რომ Saks-ის ინტერიერს მისი მარკა მოუხდებოდა, თუმცა უნივერმაღის მმართველი მის აზრს არ იზიარებდა. მაინც როგორ მოახერხა ესტემ დაკვეთის მიღება?
ამბობენ, რომ Saks-ის მეპატრონის ქალიშვილს ესტეს კრემმა სახის კანი საგრძნობლად გაუუმჯობესა, მაგრამ შესაძლოა ფურორი მოახდინა კოსმეტიკის 80-მა ნაკრებმა, რომელიც ესტემ საქველმოქმედო საღამოზე დაარიგა.
განსაკუთრებით მოიწონეს წითელი პომადა, რომელიც იმ დროისთვის უჩვეულო, მეტალის კონტეინერში იყო მოთავსებული. ქალები ერთიმეორის მიყოლებით მიდიოდნენ ესტესთან და ეკითხებოდნენ, სად შეიძლებოდა მისი კოსმეტიკის შეძენა და ისიც ქალებს Saks-ში გზავნიდა.
უნივერმაღის მმართველი იძულებული გახდა, მისის ლაუდერისთვის პირველი, 800 დოლარის საფასურის საქონელი დაეკვეთა.
პროდუქციისთვის ადგილი უნივერმაღში ესტემ თავად შეარჩია. ორი კვირის განმავლობაში შესასვლელთან იდგა და აკვირდებოდა, მაღაზიაში შემოსულები პირველად რომელ მხარეს გაიხედავდნენ: აღმოჩნდა, რომ მარცხნივ.
ესტეს სარეკლამო თანხა არ ჰქონდა და მან ეფექტური გზა გამონახა -Saks-ის ყველა კლიენტს ლამაზი ღია ბარათები გაუგზავნა: ”Saks Fifth Avenue სიამაყით გთავაზობთ კოსმეტიკურ ხაზს Estee Lauder. პროდუქციას იხილავთ კოსმეტიკის განყოფილებაში”.
ესტემ თვითონ მოაწყო ვიტრინა და ზოგჯერ დახლთანაც იდგა და ქალებს სთავაზობდა, კრემი, პომადა და პუდრი სასინჯად წაესვათ.
საქონლის პირველი პარტია ორ დღეში მთლიანად გაიყიდა, ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ, ესტეს პროდუქცია უკვე ნიუ-იორკის ყველა დიდ უნივერმაღში იყიდებოდა და ღირსეულ კონკურენციას უწევდა ამერიკული კოსმეტიკის მონსტრებს, Revlon ან charles of the Ritz-ს.
ესტეს კოსმეტიკურმა პროდუქციამ, 50-იანი წლების დასაწყისში მთელი ამერიკა მოიცვა.
საოცარი ინტუიცია, შრომისმოყვარეობა, თავდაჯერებულობა, სიმამაცე, უდრეკი სული -აი, რა გახლავთ ესტე ლაუდერის
წარმატების საიდუმლო.
თუკი იგი თავის სიმართლეში დარწმუნებული იყო, ყურადღებას არ აქცევდა ფინანსისტებისა და იურისტების რჩევებს და ამ ჭიდილში მუდამ იმარჯვებდა. ”ჩემი შეჩერება შეუძლებელი იყო, იმდენად მჯეროდა იმისა, რასაც ვყიდდი!” -ამბობდა ესტე.
იგი მთელ აშშ-ში მოგზაურობდა, რათა საქონლის რეალიზების ახალი გზებისთვის მიეგნო. მომჭირნეობას იჩენდა, მაგრამ კლიენტების წინაშე მუდამ დახვეწილად გამოიყურებოდა -იცვამდა ამერიკის საუკეთესო მკერავის, მეინბოშერის ელეგანტურ ტანსაცმელს, მისი ღიმილი და ნატიფი მანერები ხომ ისედაც ყველას ხიბლავდა.
ესტემ არაერთი პატარ-პატარა რევოლუცია მოახდინა კოსმეტიკურ ბიზნესში. მან პირველმა მოიფიქრა, რომ მყიდველებისთვის უფასოდ ეჩუქებინათ კოსმეტიკის ნიმუშები.
კონკურენტებს უკვირდათ მისი ასეთი ქცევა, ლამის გიჟად მონათლეს და მფლანგველს უწოდებდნენ.
ესტეს ასეთ ”ქათინაურებზე” ეცინებოდა, განაცხადა: ”სათანადოდ უნდა შევაფასოთ ქალების სილამაზისკენ ლტოლვა!” და მილიონობით ახალი კლიენტი შეიძინა.
იგი უფასოდ აკეთებდა მაკიაჟს, კლიენტებსაც ასწავლიდა და ისინიც სიამოვნებით ყიდულობდნენ მის პროდუქციას.
ესტეს კიდევ ერთი წარმატებული პროექტი გახლდათ 1953 წელს გამოშვებული მისი პირველი სუნამო charles of the Ritz-”ახალგაზრდობის ცვარი”. იმ პერიოდის აშშ-ში, სუნამო ძვირად ღირებული სიამოვნება გახლდათ და ცოლებისთვის ქმრები ყიდულობდნენ.
აი, ესტეს სუნამო კი, რომელიც თავიდან ზეთის სახით გამოუშვეს, აბაზანისთვისაც იყო განკუთვნილი და სულ რაღაც 8,5 დოლარი ღირდა. ეს იყო პირველი სუნამო, რომელსაც ამერიკელი ქალები თვითონ ყიდულობდნენ.
1960 წელს ესტემ ევროპის ბაზრის დაპყრობაც გადაწყვიტა. პარიზის GaleriesLafayette-შიც ის განმეორდა, რაც ოდესღაც Saks-ში მოხდა.
მმართველმა განუცხადა ესტეს, რომ მისი საქონელი არავის აინტერესებს. მაშინ ესტე ლაუდერი სავაჭრო ცენტრის დარბაზის შუაგულში დადგა და მომაჯადოებელი ღიმილით VouthDew-ის სავსე ფლაკონი იატაკზე დაანარცხა.
მას, ვინც ხმაურმა და თავბრუდამხვევმა სურნელმა მიიზიდა, ხმამაღლა მიმართა: ”ეს არის ჩემი სუნამო VouthDew-ი, მე კი ესტე ლაუდერი ვარ. ჩემი სახელი არასდროს გსმენიათ?” პარიზი უბრძოლველად დანებდა.
ათი წლის შემდეგ კი, ესტე ლაუდერის პროდუქცია უკვე 70 ქვეყანაში იყიდებოდა.
ევროპამ დაბალი წრის ამერიკელი ესტე ლაუდერი, მაგრამ დახვეწილი და ელეგანტური, შესანიშნავი მოსაუბრე და გულუხვი მეცენატი თავისიანად მიიღო.
მისის ლაუდერთან მეგობრობდნენ უინძორის ჰერცოგინია, პრინცესა ანა, მონაკოს დიდი თავადის მეუღლე, ისევე, როგორც ამერიკაში როუზ კენედი, ლორენ ბეკოლი და ფრენკ სინატრა.
1965 წელს ერთ-ერთმა პირველმა გამოუშვა კოსმეტიკური ხაზი მამაკაცებისთვის -Aramis, ხოლო 1968 წელს, წარმოებაში ჩაუშვა ჰიპოალერგიული კოსმეტიკის ბრენდი clinique.
ესტეს კოსმეტიკა პოპულარული გახდა და თვითონ მისის ლაუდერი კონკურენტებს დაუპირისპირდა -შეუტია ღევლონ-ის მფლობელ ჩარლზ რევსონს და იგი პლაგიატში დაადანაშაულა, ხოლო მისმა ერთგულმა ჯოზეფ ლაუდერმა რევსონი კინაღამ დუელში გამოიწვია...
მოგვიანებით ესტემ აღიარა: ”ბიზნესი ჩემთვის თეატრი იყო!”
ესტესთვის უმთავრესი ოჯახი იყო და როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა ნიქსონმა არჩევნების დროს გაწეული დახმარებისთვის ესტეს ლუქსემბურგში ელჩობა შესთავაზა, ასე უპასუხა: ”ჩემთვის ოჯახი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი საპატიო თანამდებობა”.
უკვე ასაკოვანი ესტე ლაუდერი განაგრძობდა მოგზაურობას და ხუთივე კონტინენტზე თავად აკონტროლებდა თავისი ფაბრიკებისა და მაღაზიების მუშაობას.
საქმეს იგი 1995 წელს ჩამოშორდა და ბიზნესის მართვა უფროს ვაჟს -ლეონარდს გადააბარა. ესტე ლაუდერი აშშ-ის ყველაზე გავლენიან ბიზნესმენად აღიარეს და მისმა ქონებამ 5 მილიარდი დოლარი შეადგინა.
სიღარიბეში გაზრდილმა გოგონამ ნიჭისა და შრომის წყალობით ოცნება ცხადად აქცია.
ესტე საკუთარ თავზე ასე ხუმრობდა: ”რა თქმა უნდა, ჩემს წინააღმდეგ წლები თამაშობს, მაგრამ ჩემს მხარეს მე ვთამაშობ და ვნახოთ, ვინ აჯობებს!” ესტე ლაუდერმა 95 წელი იცოცხლა და 2004 წლის 24 აპრილს გარდაიცვალა.