EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ქართული დიპლომატიის ისტორია (გვერდი 2) »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: admin

თარიღი: 2014-04-02 19:58:43

ქართული დიპლომატიის ისტორია
დიპლომატია

განსახილველ პერიოდში შექმნილი ქართული არქიტექტურის მონუმენტური ძეგლებიდან აღსანიშნავია ბაგრატის, სვეტიცხოვლისა და ალავერდის ტაძრები (XI ს.), გელათის მონასტერი, მეფის სასახლე გეგუთში, კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი ვარძია (XII ს.), ფიტარეთისა და ბეთანიის ეკლესიები (XIII ს-ის დასაწყისი) და სხვ. ეკლესია-მონასტრებმა შემოინახეს ქვის მხატვრული დამუშავებისა და კედლის მოხატულობის ბრწყინვალე ნიმუშები. განვითარების მაღალ დონეზე იდგა აგრეთვე ხელნაწერი წიგნების გაფორმება, ოქრომჭედლობა, ტიხრული მინანქრის წარმოება და სხვ.

თამარის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა მისი ვაჟი გიორგი IV ლაშა (1213-1222 წწ.). მისი მეფობის დასაწყისი ახალი სამხედრო წარმატებებით აღინიშნა. გამარჯვებებით ფრთაშესხმული გიორგი IV პალესტინაში ჯვაროსნული ლაშქრობისათვის ემზადებოდა, მაგრამ საქართველოს საზღვრებს 1220 წ. მოულოდნელად ჩინგიზ-ყაენის მონღოლები მოადგნენ. მათთან ბრძოლაში მეფე გიორგი დაიჭრა და მალე გარდაიცვალა. საქართველოს ტახტზე ავიდა მისი და რუსუდანი (1222-1245 წწ.)

რუსუდანის მეფობის დროს ქართულ ფეოდალურ საზოგადოებაში თავი იჩინა შინაგანმა კრიზისმა, რამაც შეარყია ქვეყნის ძლიერება და გახდა გარეშე მტერთან ბრძოლაში ქართველთა მძიმე დამარცხებების მიზეზი. კერძოდ, 1225 - 1231 წწ. საქართველოში რამოდენიმეჯერ წარმატებით ილაშქრა ხვარაზმშაჰმა ჯალალ ად-დინმა. მან თბილისიც კი აიღო და მისი ქრისტიანი მოსახლეობის დიდი ნაწილი გაჟლიტა. მართალია, ამის შემდეგ მალე თვითონ ჯალალ ად-დინიც დამარცხდა მონღოლებთან ბრძოლაში და დაიღუპა, მაგრამ მისი თარეშით დასუსტებული საქართველო უფრო ძლიერი მტრის - მონღოლების პირისპირ აღმოჩნდა. 1243 წ. რუსუდან დედოფალი იძულებული გახდა ოფიციალურად ეცნო მონღოლთა ყაენის უზენაესობა.

მონღოლებს არ გაუუქმებიათ ქართული სახელმწიფოებრიობა, რაც ქართველთა წინააღმდეგობის შედეგი იყო. დამპყრობლები იმას დასჯერდნენ, რომ საქართველოს მეფე აღიარებდა ჩინგიზიდების უზენაეს ხელისუფლებას, გადაიხდიდა ყოველწლიურ ხარკს და, საჭიროების შემთხვევაში, დაეხმარებოდა მათ სამხედრო ძალით.

რუსუდანის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს სამეფო ტახტს ორი პრეტენდენტი გაუჩნდა: გიორგი-ლაშას ვაჟი, დავით-ულუ და რუსუდანის ვაჟი, დავით-ნარინი. მონღოლებმა 1247 წ. ორივე უფლისწული ერთდროულად დაამტკიცეს მეფეებად, რაც, ცხადია სახელმწიფოს დაშლის წინაპირობას ქმნიდა.

მონღოლთა ბატონობა მძიმე ტვირთად დააწვა საქართველოს. ყოველწლიურად დიდი ხარკის გაღებამ ქვეყნის ეკონომიკას საფუძველი მოურყია. გარდა ამისა, ქართველებს რეგულარულად უხდებოდათ მონღოლთა შორეულ ლაშქრობებში მონაწილეობა, რაც ისევ მატერიალურ ხარჯებთან და, რაც მთავარია, ადამიანთა მსხვერპლთან იყო დაკავშირებული.

შექმნილი ვითარებიდან თავის დასაღწევად მეფე დავით-ნარინი 1259 წ. აუჯანყდა მონღოლებს და დასავლეთ საქართველოში გადავიდა, რომელიც დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა. ეს იყო, ფაქტობრივად, ქვეყნის პოლიტიკური დაშლის დასაწყისი, რადგანაც აღმოსავლეთ საქართველო, მისადმი დაქვემდებარებულ ჩრდილო სომხეთთან ერთად, ულუ-დავითისა და მისი მემკვიდრეების ხელში დარჩა, როგორც მონღოლთა იმპერიაში შემავალი ავტონომიური სამეფო.

აღმოსავლეთ საქართველოს მეფეები ამ დამოკიდებულებისაგან თავის დაღწევას ცდილობდნენ. ცნობილია მათ მიერ ორგანიზებული აჯანყებები 1260-1261 და 1297-1311 წლებში, რომლებსაც ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები მოჰყვა. მონღოლთა ბატონობისაგან საქართველოს საბოლოო განთავისუფლება მოხდა მეფე გიორგი V ბრწყინვალეს დროს (1314-1346 წწ.). გიორგი V -მ შემოიერთა აგრეთვე დასავლეთ საქართველოს სამეფო და, ამრიგად, აღადგინა ქვეყნის პოლიტიკური მთლიანობა.

განთავისუფლებული საქართველო აღორძინების გზას დაადგა, მაგრამ XIV ს-ის 80-იანი წლებიდან ქვეყანას ახალი მტერი მოევლინა თემურ ლენგის სახით. დამპყრობელი 1386-1403 წლებში 8-ჯერ შემოესია საქართველოს და სასტიკად ააოხრა იგი, გაჟლიტა ან ტყვედ წაიყვანა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი განადგურება, რაც კი გადახდენია ქართველ ხალხს მთელი მისი ისტორიის მანძილზე. მიუხედავად ამისა, თემურმა მაინც ვერ მოახერხა საქართველოს სრული დამორჩილება.

თემურ-ლენგის ლაშქრობებმა ფეოდალურ საქართველოს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენეს: კატასტროფულად დაეცა ეკონომიკა, შემცირდა მოსახლეობა, ქვეყანა კულტურული დაქვეითების გზას დაადგა. ქართველები ჩართულნი აღმოჩნდნენ იმ გაუთავებელ ომებში, რომლებსაც თემურ-ლენგის იმპერიის ნანგრევებზე აღმოცენებული სახელმწიფოები აწარმოებდნენ.

XV ს-ის მეორე ნახევარში საქართველოს საგარეო პოლიტიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. თურქი ოსმალების მიერ კონსტანტინოპოლის აღებამ 1453 წ. ქვეყანას ქრისტიანულ ევროპასთან კავშირი მოუსპო. საქართველო მარტო აღმოჩნდა მუსლიმური სახელმწიფოების გარემოცვაში, იქცა მათი პერმანენტული აგრესიის ობიექტად.

განუწყვეტელი ომები, ეკონომიკისა და კულტურის დაქვეითება გახდა საქართველოს შინაგანი განვითარების შეფერხების მიზეზი. დაიწყო სტაგნაციის ხანგძლივი პერიოდი, რისი ერთ-ერთი შედეგი იყო ქვეყნის პოლიტიკური დაშლა. XV ს-ის ბოლოსათვის საქართველო დაიყო ქართლის, კახეთის და იმერეთის სამეფოებად და სამცხის სამთავროდ. მაგრამ, არც ეს პატარა სახელმწიფოები იყვნენ უნიტარულ-ცენტრალიზირებული ერთეულები და, თავის მხრივ, შეიცავდნენ რიგ ვასალურ სამფლობელოებს, რომელთგან უძლიერესნი - სამეგრელოს, აფხაზეთისა და გურიის სამთავროები - მალე გამოეყვნენ იმერეთის სამეფოს და მისგან ფაქტობრივი დამოუკიდებლობა მოიპოვეს.

სამეფო-სამთავროების შემადგენლობაში ყალიბდებიან კიდევ ნახევრად დამოუკიდებელი სენიორები - სათავადოები, რაც თავადის სამფლობელოს ნიშნავს (წოდება "თავადი" XV ს-ში გამოეყო გაბატონებულ კლასს). თავადები, მსხვილი მიწათმფლობელები, მეფეებისა და მთავრების ვასალები იყვნენ, მაგრამ თავის სამფლობელოებში სარგებლობდნენ ადმინისტრაციული, სასამართლო და საგადასახადო იმუნიტეტით; ჰყავდათ საკუთარი სამხედრო ძალები. ტერმინი "აზნაური" ამის შემდეგ მხოლოდ წვრილ ფეოდალს აღნიშნავს. აზნაურები მეფეების, მთავრების, თავადებისა და ეკლესიის ვასალები იყვნენ. ფეოდალი-ვასალების მოვალეობა თავისი სიუზერენების წინაშე, პირველ რიგში, სამხედრო სამსახურს გულისხმობდა.

XV ს-ის ბოლოს და XVI ს-ის დასაწყისში საქართველოს ორი ძლიერი სახელმწიფო - ოსმალეთის (თურქეთის) იმპერია და სეფიანთა ირანი დაუმეზობლდა. ისინი საქართველოს მიმართ თავიდანვე მკვეთრად გამოხატული აგრესიული პოლიტიკის გატარებას შეუდგნენ. დაიწყო ქართველი ხალხის 300-წლიანი ბრძოლა დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადი კულტურის შესანარჩუნებლად. ეს ბრძოლა მიმდინარეობდა ხშირი შინა ომების ფონზე, რაც პოლიტიკურად დაქუცმაცებული საქართველოს მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებდა. მაგალითად, მარტო ქართლის სამეფომ XVI ს-ში გადაიხადა თოთხმეტი ომი ირანელებთან, თერთმეტი ომი თურქებთან, ხოლო ცამეტი ომი სხვა ქართულ სახელმწიფოებთან.

მდგომარეობა განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც ირანმა და თურქეთმა 1555 წ. დადეს ხელშეკრულება ერაყის, ქურთისტანისა და ამიერკავკასიის გაყოფის შესახებ. ამ ხელშეკრულების თანახმად საქართველოს აღმოსავლეთი ნაწილი ირანის, ხოლო დასავლეთი კი - თურქეთის სამფლობელოდ გამოცხადდა. მაგრამ ქართველებმა არ ცნეს ეს გადაწყვეტილება და კვლავ შეუპოვრად იბრძოდნენ დამოუკიდებლობისათვის. როგორც ეროვნული შეიარაღებული წინააღმდეგობის ორგანიზატორები XVI ს-ში განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსნი არიან ქართლის მეფეები ლუარსაბ I (1527-1556 წწ.) და სვიმონ I (1556-1599 წწ.).

XVII ს-ის დასაწყისისათვის ოსმალებმა მოახერხეს სამცხის სამთავროს დაპყრობა. სამცხელი ფეოდალების ნაწილმა ისლამი მიიღო და სულთნის სამსახურში შევიდა. დაპყრობილ ქართულ მიწებზე შექმნილი იქნა ოსმალური ადმინისტრაციული ერთეული - ახალციხის ვილაიეთი, რომლის მმართველი ფენა ვილაიეთის გამგებელი ფაშების ჩათვლით, ძირითადად, გამაჰმადიანებული ქართველი ფეოდალებისაგან შედგებოდა.

საქართველოს დანარჩენმა ნაწილებმა შეძლეს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება, მაგრამ იძულებულნი იყვნენ ეღიარებინათ დამპყრობელთა უზენაესობა: აღმოსავლეთ საქართველოს სამეფოები - ქართლი და კახეთი - სეფიანი შაჰის, ხოლო დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები - იმერეთი, სამეგრელო, გურია, აფხაზეთი - ოსმალო სულთნის ვასალები გახდნენ. მაგრამ ურთიერთობის ამ მოდელმაც არ მოიტანა მშვიდობა, ვინაიდან დამპყრობლებს საქართველოს სრული ინკორპორირება სურდათ, ქართველები კი ცდილობდნენ ხელიდან არ გაეშვათ დამოუკიდებლობის აღდგენის არც ერთი შანსი.

განსაკუთრებით გამწვავდა სიტუაცია აღმოსავლეთ საქართველოში XVII ს-ის პირველ ნახევარში, როდესაც შაჰმა აბას I -მა მიზნად დაისახა ქართველების ირანში გადასახლება ან გაჟლეტა, მათ მიწებზე კი ირანელების გადმოსახლება. მარტო კახეთიდან შაჰის ჯარებმა 100 ათასი ადამიანი წაასხეს ტყვედ, თითქმის ამდენივე კი მოკლეს. შაჰ-აბასის ლაშქრობების შემდეგ კახეთში ადრინდელი მოსახლეობის ერთი მესამედიც აღარ დარჩა. მაგრამ ქართველმა ხალხმა თავისი გმირული ბრძოლით ჩაშალა შაჰის გეგმები. 1625 წ. კახეთის მეფის თეიმურაზ I -ისა და ქართლელი მხედარმთავრის, გიორგი სააკაძის მეთაურობით დაწყებული აჯანყების მსვლელობაში საქართველოში მომქმედი ირანის არმია განადგურებული იქნა. შაჰ-აბასი იძულებული გახდა შერიგებოდა ქართული სამეფოების არსებობის ფაქტს.

აღმოსავლეთ საქართველოში მდგომარეობა შედარებით სტაბილურდება XVII ს-ის 30-იანი წლებიდან, როდესაც მხარეებმა კომპრომისს მიაღწიეს: ქართლისა და კახეთის მეფეები აღიარებდნენ ირანის შაჰის უზენაესობას, ეს უკანასკნელი კი მათ შინაურ საქმეებში არ ერეოდა.

დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ ერთეულებს შორის XVII ს-ში განუწყვეტელი ომები მიმდინარეობდა, რაც თურქებმა გამოიყენეს თავისი გავლენის გასაძლიერებლად. მათ ხელში ჩაიგდეს რამოდენიმე სანაპირო პუნქტი და ყველანაირად ხელს უწყობდნენ ტყვეებით ვაჭრობას, რომლის შედეგად ქვეყნიდან ყოველწლიურად ათასობით ადამიანი გაჰყავდათ.

უცხოელთა განუწყვეტელმა შემოსევებმა და ფეოდალურმა შინა ომებმა ახალი ზიანი მიაყენეს წინა საუკუნეებში დასუსტებულ ქვეყანას.

ერთგვარი ეკონომიკური აღმავლობა მხოლოდ XVII ს-ის 30-40-იანი წლებიდან შეიმჩნევა და ისიც მარტო აღმოსავლეთ საქართველოში (კერძოდ, ქართლში), რომლის მდგომარეობა, როგორც ზემოთ აღინიშნა, ამ პერიოდში შედარებით სტაბილურდება. შექმნილმა ვითარებამ დადებითად იმოქმედა საქალაქო ცხოვრებაზე. თბილისის მოსახლეობა, რომელიც XVI ს-ის ბოლოს 10 ათას ადამიანს არ აღემატებოდა, XVII ს-ის მეორე ნახევარში 20 ათასამდე იზრდება. ამ პერიოდში აღმოსავლეთ საქართველოს ყველაზე მჭიდრო ეკონომიკური კავშირები ირანის ქალაქებთან ჰქონდა.

XV ს-დან მოყოლებული XVII ს-მდე ქართული კულტურა დაქვეითებას განიცდის. ამ პერიოდის ქართული ხუროთმოძღვრება მკვეთრად ჩამოუვარდება X - XIII ს-ის დასაწყისის ბრწყინვალე ძეგლებს. გვიანი შუა საუკუნეების საქართველოში უკვე აღარ არსებობენ გელათისა და იყალთოს ტიპის უმაღლესი სასწავლო-სამეცნიერო ცენტრები. წერა-კითხვას უმთავრესად ოჯახებში და ეკლესია-მონასტრებში ასწავლიდნენ. XVII ს-დან განათლების დარგში იზრდება აგრეთვე დასავლეთ ევროპელი კათოლიკე-მისიონერების როლი, რომლებიც საქართველოში აარსებენ სკოლებს, სადაც კათოლიკურ მოძღვრებასთან ერთად ასწავლიან იტალიურ და ლათინურ ენებს, ზოგიერთ პრაქტიკულ მეცნიერებას და სხვ.

XVII ს-ში აღორძინებას იწყებს ქართული ლიტერატურა. მეფე თეიმურაზ I -მა, მეომარმა და პოეტმა, ქართულ პოეზიაში ეროვნულ-ისტორიული მოტივი შემოიტანა. მან პოემა მიუძღვნა თავისი დედის, ქეთევან დედოფლის აღსასრულს, რომელმაც შაჰ-აბასის ტყვეობაში უარი განაცხადა დაეგმო ქრისტიანობა, რისთვისაც საშინელი წამებით მოკლეს. თეიმურაზის შემდეგ ისტორიული თემატიკა უკვე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ქართულ პოეზიაში.

XVIII საუკუნე საქართველოსათვის კვლავ გართულებულ საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ვითარებაში დაიწყო. ლიხთიმერეთში პერმანენტული შინა ომი მიმდინარეობდა. თურქები აგრძელებენ აქ თავისი გავლენის გაფართოებას. ისევ დიდი მასშტაბით წარმოებდა ტყვეებით ვაჭრობა, რომლებიც ოსმალეთის იმპერიის მონათა ბაზრებზე გაჰყავდათ.


აღმოსავლეთ საქართველო, როგორც სეფიანთა ირანის ვასალური ქვეყანა, ძალაუნებურად მონაწილეობდა ამ სახელმწიფოს ომებში. განსაკუთრებით მძიმე იყო ბრძოლა სეფიანთა წინააღმდეგ აჯანყებულ ავღანელ ტომებთან, რომელსაც შეეწირა მრავალი ქართველი მეომარი და მათ შორის ქართლის ორი მეფე. ქართველებმაც, თავის მხრივ, დიდად დააზარალეს ავღანელები. ერთი იმდროინდელი ავტორის ცნობით, ავღანელ მეომრებს ყველაზე საშიშ მოწინააღმდეგედ ქართველები მიაჩნდათ.

1709 წ., როდესაც ქართლის მეფე გიორგი XI ავღანეთში იბრძოდა, ქართლში მის მოადგილედ დაინიშნა მისივე ძმისწული ვახტანგ VI. ვახტანგი გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე და კულტურის მოამაგე, პოეტი და მეცნიერი იყო. მისი მმართველობის დროს ქართლი აღმავლობის გზას დაადგა: განმტკიცდა ცენტრალური ხელისუფლება, მოწესრიგდა გზები, შენდებოდა ხიდები და სარწყავი არხები, გაუმჯობესდა ფულის მოჭრის საქმე, გაიზარდა ვაჭრობა-ხელოსნობა, ხელახლა იქნა ათვისებული ომებისაგან გაუკაცრიელებული ადგილები.

ქართლის საშინაო მდგომარეობის მოწესრიგებას ხელი შეუწყო აგრეთვე ვახტანგის ხელმძღვანელობით შემუშავებულმა კანონთა კოდექსმა, რომელიც შედგენილი იყო XI-XVI სს-ის ქართული სამართლისა და რიგი უცხოური იურიდიული ძეგლების გათვალისწინებით.

ვახტანგის თაოსნობით ინტენსიური სამეცნიერო და ლიტერატურული საქმიანობაც გაიშალა. 1709 წ. თბილისში დაარსდა პირველი ქართული სტამბა, სადაც იბეჭდებოდა საეკლესიო და საერო ხასიათის წიგნები. 1712 წ. აქ პირველად დაიბეჭდა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი", საფუძვლიანი კრიტიკული მეცნიერული გამოკვლევით. რედაქტირება გაუკეთდა და ახალი მასალებით შეივსო აგრეთვე "ქართლის ცხოვრების" კრებული და სხვა.

ვახტანგ VI-ის სამეცნიერო სკოლის ღირსეული წარმომადგენელია მისი ვაჟი, ბატონიშვილი ვახუშტი (1696-1757), რომლის ფუნდამენტალური ნაწარმოები "აღწერა სამეფოსა საქართველოსა" შეიცავს უნიკალურ ცნობებს საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის შესახებ. თხზულებას ერთვის კარტოგრაფიული მასალა.

სააღმშენებლო და კულტურული მოღვაწეობის პარალელურად ვახტანგს უხდებოდა თავადაზნაურთაგან ახალ-ახალი სამხედრო რაზმების ჩამოყალიბება და მათი ირანში გაგზავნა, ავღანელთა წინააღმდეგ მომქმედი ქართული ჯარების შესავსებად.

1716 წ. ირანის შაჰმა ვახტანგ VI ქართლის მეფედ დაამტკიცა. ამ დროისათვის სეფიანთა სახელმწიფო დაცემის პირას იყო მისული. მის სამფლობელოებს ამიერკავკასიაში თურქეთი და რუსეთი ემუქრებოდა. ვახტანგს იმედი ჰქონდა, რომ ერთმორწმუნე რუსეთი საქართველოს დაეხმარებოდა დამოუკიდებლობის აღდგენაში. მან ფარული ხელშეკრულება დადო რუსეთის იმპერატორ პეტრე I -თან, რომელიც ითვალისწინებდა საერთო ძალებით ირანის წინააღმდეგ ომის დაწყებას. მართლაც, 1722 წ. რუსეთის არმია კასპიის ზღვის სანაპიროთი სამხრეთისაკენ დაიძრა. ვახტანგი, წინასწარ შემუშავებული გეგმის თანახმად, 30 ათასი მეომრით შაჰის სამფლობელოებში შეიჭრა, რათა რუსებს შეერთებოდა, მაგრამ მოკავშირეთა ძალების გაერთიანება არ მოხდა. პეტრე I -მა მოულოდნელად შეცვალა თავისი გეგმები და უკან გაბრუნდა, რითაც ქართლის მეფე მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. განრისხებულმა შაჰმა, რომელმაც აშკარად დაინახა ვახტანგის "ღალატი", ბრძანება გამოსცა მისი მეფობიდან გადაყენების შესახებ და ქართლის ტახტი კახეთის მეფე კონსტანტინე II -ს დაუმტკიცა. 1723 წ. კონსტანტინემ დაღესტნელი მთიელების დაქირავებული ჯარით თბილისი აიღო. ბრძოლამ ძალიან დააზიანა ქალაქი. ამავე დროს დასავლეთიდან თურქებმა დაიწყეს შეტევა. ვახტანგ VI -ს საქართველოში აღარ ედგომებოდა და იგი იძულებული გახდა რუსეთში წასულიყო.

სულან-საბა ორბელიანი იყო დიდი მწერალ-მოაზროვნე და საზოგადო მოღვაწე. იგი დაიბადა 1658 წელს ბოლნისის რაიონში, სოფელ ტანძიაში. შთამომავლობით სულხან-საბა გახლდათ დიდგვაროვანი ფეოდალი. მამა, ვახტანგ ორბელიანი ქართლის სამეფოს მდივანბეგი იყო, ხოლო დედა, თამარი-ზაალ არაგვის ერისთავის ასული. სულხან-საბა ორბელიანი ხშირად სტუმრობდა სამეფო კარს სადაც თავის უფროს მამიდაშვილებთან, ვახტანგ V ვაჟებთან ერთად იზრდებოდა. მან მიიღო შესანიშნავი განათლება, როგორც საერო ისე სასულიერო დისციპლინებში. მომავალში მასვე დაევალა ტახტის მემვიდრის, ლევანის ძის ვახტანგ VI აღზრდა. სულხან-საბა ახალგაზრდიბიდანვე აქტიურად იყო ჩაბმული სამწერლო და სამეცნიერო საქმიანობაში. იმ დროისათვის პროზას დაკარგული ჰქონდა თავისი ფასი ამიტომ მას ერთნაირად გაურბოდა როგოც მკითხველი, ისე მწერალიც. ასეთ დროს ორბელიანმა შეძლო და აღუდგინა ქართულ პროზას დიდების დღენი. მან შექმნა იგავ-არაკთა ბრწყინვალე კრებული „სიბრძნე სიცრუისა", რომელშიც არაჩვეულებრივი ქართული ენითა და იუმორით გადმოსცა თავის დროის მოწინავე იდეები და ზნეობრივი იდეალები. ორბელიანის მოღვაწეობა მწერლობის განვითარებასთან ერთად, მიზნად ისახავდა სამეცნიერო დარგების განვითარებას. ენციკლობედიურ ელემენტებს შეიცავს მისი „ქართული ლექსიკონი" - „სიტყვის კონა", რომელიც გამოირჩევა იმ დროისათვის მოწინავე მეთოდოლოგიით, უმდიდრესი ფაქტობრივი მასალის მოხმობით. მასში ასახულია ქართული სალიტერატურო ენის, კერძოდ, ლექსიკის განვითარების ძირითადი ეტაპები. მის კალამს ეუკუთვნის ასევე პროზაული ნაწარმოებები „სწავლანი" და „მოგზაურობა ევროპაში". მხატვრული პროზის უბადლო ოსტატს დიდი ღვაწლი მიუძღვის ასევე ქართული პოეზიის წინაშე. მას წილად ხვდა დაემუშავებინა მსოფლიო ლიტერატურის ისეთი ჩინებული ძეგლი, როგორიც არის „ქილილა და დამანა". ეს პროზაული ნაწარმოები დიდი რაოდენობით შეიცავს სხვადასხვა ფორმის ლექსებს. სულხან-საბა ორბელიანმა ქართული ლექსთა წყობის ისტორიაში თამამად დაანგრია ძველი ნორმები, დაძლია ტრადიციული შეზღუდულობა და ქართული ლექსი გამოიყვანა განვითარების ფართო გზაზე. მის ნოვატორულ გზას გაჰყვნენ მამუკა ბარათაშვილი, დავით გურამიშვილი და სხვა. ორბელიანი გახლდათ არა მარტო პოეტი და პროზაიკოსი, არამედ აქტიური საზოგადო მოღვაწე. იგი დიპლომატიური მისიით მოგზაურობდა ევროპაში და ცდილობდა საქართველო დაეხსნა ირან-ოსმალეთის ტყვეობიდან. ამ მიზნით იგი შეხვდა საფრანგეთის მეფეს ლუი XIV რომელმაც ცივი უარით გაისტუმრა ქართველი დიპლომატი. იმედგაცრუებულმა ორბელიანმა დიდი გაჭირვებით ჩამოაღწია სამშობლოში. 1724 წელს ვახტანგ VI გადაწყვიტა რუსეთში გადახვეწა. მან წინასწარი მოლაპარაკებისთვის მოსკოვში ორბელიანი გაგზავნა. ხანდაზმულ მწერალს არ დასცალდა უკანასკნელი მისიის აღსრულება, იგი მოსკოვში 1725 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია ვსესვიატსკოვში.

1723-1735 წწ. აღმოსავლეთ საქართველოში თურქები ბატონობდნენ, შემდეგ კი ისინი განდევნეს აღორძინებული ირანის ჯარებმა და ქვეყანაში თავისი მმართველობა დაამყარეს. ქართველები ებრძოდნენ როგორც თურქებს, ასევე ირანელებს, თუმცა განმათავისუფლებელ მოძრაობას ძალიან უშლიდა ხელს განუწყვეტელი ფეოდალური შინაომები, რომლებიც გარეშე მტერთან ბრძოლის პარალელურად მიმდინარეობდნენ. ინტენსიური სამხედრო მოქმედებების გამო ქვეყანა გაპარტახდა.

ოსმალურ-ირანული ოკუპაციისა და საშინაო აშლილობის ფონზე მეტად გაძლიერდა დაღესტნელთა რაზმების თავდასხმები აღმოსავლეთ საქართველოზე, რასაც მოსახლეობისათვის უდიდესი ზიანი მოჰქონდა. ქართველები იარაღით ხელში ებრძოდნენ ოსმალებს, ირანელებს, დაღესტნელებს. ამ ბრძოლას სათავეში ჩაუდგა კონსტანტინე II -ის უმცროსი ძმა თეიმურაზ II. ირანის მბრძანებელი ნადირ-შაჰი იძულებული გახდა აჯანყებული ქართველების წინაშე სერიოზულ დათმობებზე წასულიყო. 1744 წ. მან აღადგინა ქართლის და კახეთის სამეფოები, რომლებიც 1723 წლის შემდეგ, ფაქტობრივად, გაუქმებულნი იყვნენ. ქართლის მეფედ დამტკიცებულ იქნა თეიმურაზ II, ხოლო კახეთის მეფედ ამ უკანასკნელის ვაჟი ერეკლე II.

მამა და შვილი თავდაპირველად აღმოსავლეთ საქართველოს მართავდნენ როგორც ირანის ვასალები, მაგრამ მას შემდეგ, რაც 1747 წ. ნადირ-შაჰი მოკლული იქნა შეთქმულთა მიერ, ხოლო ირანი ანარქიამ მოიცვა, ქართლის და კახეთის სამეფოებმა პოლიტიკური დამოუკიდებლობა დაიბრუნეს.

ნადირ-შაჰის სიკვდილის შემდეგ ამიერკავკასიაში დაიწყო ხანგრძლივი ომები მისი იმპერიის ნანგრევებზე აღმოცენებულ სახელმწიფოებს შორის. ამ ომებში ქართველები, რომლებსაც სარდლობდა ერეკლე II, მეტწილად გამარჯვებულები გამოდიოდნენ. მათ არამარტო დაიცვეს თავისი დამოუკიდებლობა, არამედ ზოგი მეზობელი სახანოც დაიმორჩილეს. ერეკლემ თავი გამოიჩინა როგორც ნიჭიერმა სარდალმა და მამაცმა მეომარმა. თავისი მამის, თეიმურაზ II-ის გარდაცვალების შემდეგ (1762) იგი გაერთიანებული ქართლ-კახეთის ანუ მთელი აღმოსავლეთ საქართველოს მეფე გახდა.

ქართველთა გამარჯვებებმა დიდი რეზონანსი გამოიწვია დასავლეთ ევროპაში. ფრანგულ და გერმანულ გაზეთებში იბეჭდებოდა წერილები, რომელთა ავტორები დიდად აქებდნენ ერეკლე II-ს და ვარაუდობდნენ, რომ იგი მოახერხებდა ირანის დაპყრობასაც, სადაც სასტიკი შინაომები მიმდინარეობდა.


შედარებით გაუმჯობესდა მდგომარეობა იმერეთის სამეფოშიც. მისი მეფე სოლომონ I (1752-1784) ენერგიულად იბრძოდა ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერების და თურქეთის ბატონობისაგან ქვეყნის გათავისუფლებისათვის. მან მკაცრად აკრძალა აგრეთვე ტყვეებით ვაჭრობა. სოლომონ I-ის ასეთი პოლიტიკა, ცხადია, ოსმალეთის ხელისუფლებას არ მოსწონდა. იმერეთში რამოდენიმეჯერ შეიჭრნენ ოსმალთა ჯარები, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს.

1768-1774 წლებში ერეკლე და სოლომონი რუსეთს ეხმარებოდნენ თურქეთის წინააღმდეგ ომში, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ერეკლემ დაამარცხა ახალციხის ვილაიეთის სამხედრო ძალები, ამიერკავკასიაში მოქმედი რუსი გენერლის ღალატის გამო ვეღარ შესძლო წარმატების განვითარება. 1774 წ. თურქეთთან დადებული ზავით რუსეთმა სცნო ოსმალეთის სუვერენიტეტი დასავლეთ საქართველოზე, ოღონდ იმ პირობით თუ სულთანი უარს იტყოდა იმერეთიდან ხარკის აღებაზე.

XVIII ს-ის 50-70-იან წლებში აღმოსავლეთ საქართველოში გარკვეული აღმავლობა შეინიშნება. გლეხთა მდგომარეობის შესამსუბუქებლად გამოიცა მთელი რიგი კანონები, რითიც შედარებით გაუმჯობესდა სოფლის მეურნეობის წარმოების პირობები. აღმოსავლეთ საქართველოში აღდგა სამთამადნო მრეწველობა, გაიხსნა ახალი საწარმოები, სადაც უკვე ფართოდ იყენებდნენ დაქირავებულ შრომას, ჩამოყალიბდა პირველი მანუფაქტურები. ერეკლე II ყველანაირად ცდილობდა საქართველო განვითარების ევროპულ გზაზე დაეყენებინა. მისი მმართველობის ხანაში ქართლ-კახეთის სამეფოში უკვე შეიმჩნევა ფეოდალური ურთიერთობების რღვევა: გლეხთა ნაწილი თავისუფლდება ბატონყმობის უღლისაგან და თავისუფალი მწარმოებელი ხდება, იზრდება მდიდარი თბილისელი ვაჭრების როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, დაბალი წრეებიდან გამოსული ცალკეული პირები სახელმწიფო თანამდებობებზე წინაურდებიან.

კულტურისა და განათლების დარგში აღსანიშნავია ორი სასულიერო სემინარიისა და სხვა სასწავლებლების გახსნა. 1782 წ. თბილისში დაიდგა პირველი ორიგინალური ქართული პიესა. ამ პერიოდის ქართველი პოეტებიდან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსნი არიან დავით გურამიშვილი (1705-1792) და ბესიკ გაბაშვილი (1750-1791).

80-იანი წლების დასაწყისიდან აღმოსავლეთ საქართველოს მდგომარეობა კვლავ გაუარესდა. ამისი ერთ-ერთი მიზეზი იყო დაღესტნელთა განუწყვეტელი თავდასხმები. მოთარეშე მთიელები ძარცვავდნენ მოსახლეობას, იტაცებდნენ ტყვეებს, რომლებიც შემდეგ ოსმალეთისა და ჩრდილო კავკასიის მონათა ბაზრებზე ხვდებოდნენ. დაღესტნელთა თავდასხმებისაგან აღმოსავლეთ საქართველოში მთელი რაიონები დაცარიელდა.

ასეთ პირობებში ერეკლე II-მ გადაწყვიტა ისევ რუსეთთან დაახლოებით განემტკიცებინა თავისი მდგომარეობა. 1783 წ. რუსულ ციხესიმაგრე გეორგიევსკში რუსეთის იმპერიისა და ქართლ-კახეთის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ტრაქტატს, რომლის ძალითაც აღმოსავლეთ საქართველოს სამეფო რუსეთის მფარველობაში შევიდა. ქართველები აღიარებდნენ რუსეთის იმპერატორის უზენაესობას და უარს ამბობდნენ დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკაზე. სამაგიეროდ რუსეთი თავის თავზე იღებდა საქართველოს დაცვას გარეშე მტრებისაგან, რისთვისაც აქ უნდა მდგარიყო ორი რუსული ბატალიონი ორი ზარბაზნით. ამასთან რუსეთის მხარე პირობას დებდა, რომ არ ჩაერეოდა საქართველოს საშინაო საქმეებში. სამეფო ტახტი რჩებოდა ერეკლესა და მისი შთამომავლების ხელში.

გეორგიევსკის ტრაქტატს საქართველოსთვის რაიმე არსებითი სიკეთე არ მოუტანია, ნეგატიური შედეგი კი დიდი იყო. ირანისა და ოსმალეთის მმართველი წრეები, რომლებიც შეშფოთებული იყვნენ რუსეთის ამიერკავკასიაში შემოსვლით, ერეკლე II-ს დაუპირისპირდნენ. გაძლიერდა დაღესტნელთა თავდასხმებიც. დაღესტნის ერთ-ერთმა უძლიერესმა მფლობელმა, ომარ-ხანმა, 1785 წ. 20 - ათასიანი ჯარით წარმატებით ილაშქრა საქართველოში. რუსთა ბატალიონებმა დაღესტნელები ვერ შეაჩერეს, ორი წლის შემდეგ კი რუსეთის მთავრობამ საერთოდ გაიყვანა თავისი ძალები საქართველოდან და ერეკლე II ბედის ანაბარა დატოვა. ამასობაში დასასრულს მიუახლოვდა მრავალწლიანი ბრძოლა ირანის გაერთიანებისათვის. ქვეყნის სათავეში მოვიდა ყაჯართა დინასტიის ფუძემდებელი აღა-მაჰმად-ხანი. 1795 წ. იგი დიდი ლაშქრით შემოიჭრა ამიერკავკასიში, რათა აღედგინა აქ ირანის ხელისუფლება. ერეკლე II-მ ტრაქტატის პირობების შესაბამისად დახმარება სთხოვა რუსეთს, მაგრამ დაპირებების გარდა არაფერი მიუღია. ამასობაში აღა-მაჰმად-ხანი 35 000 მეომრით საქართველოს მოადგა და სისხლისმღვრელი ბრძოლის შემდეგ 1795 წ. 12 სექტემბერს თბილისი აიღო. ირანელებმა სასტიკად ააოხრეს ქალაქი და უკან გაბრუნებისას ტყვედ წაასხეს მისი 10 000 მცხოვრები.

ამ ტრაგედიის შემდეგ ქართლ-კახეთის სამეფოს მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. 1798 წ. გარდაიცვალა ერეკლე II და ტახტზე ავიდა მისი ვაჟი გიორგი XII (1798-1800), სუსტი და პასიური მმართველი.

ამ დროისათვის რუსეთის მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება აღმოსავლეთ საქართველოს ანექსიის შესახებ. 1799 წ. რუსებმა ისევ შემოიყვანეს საქართველოში თავისი ჯარები. გიორგი XII-ის გარდაცვალების შემდეგ კი, 1801 წ. გამოიცა რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე I-ის მანიფესტი ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და რუსეთთან შეერთების შესახებ. მანიფესტში ფარისევლურად იყო ნათქვამი, რომ ეს აქტი მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესებზე ზრუნვით იყო ნაკარნახევი. ის ადგილი თბილისში, სადაც საჯაროდ კითხულობდნენ ამ მანიფესტს, ალყაშემორტყმული იყო რუსეთის ჯარითა და არტილერიით. მსმენელთაგან კი, ვინც პროტესტი გამოთქვა სახელმწიფოს გაუქმების გამო, ადგილზევე იქნა დაპატიმრებული.

ასე დაიწყო საქართველოში რუსული მმართველობის ერა.

 

გვერდი 1

გვერდი 2

გვერდი 3

გვერდი 4