EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ლევან სანიკიძე - უქარქაშო ხმლები - დიდი პონტოელი (გვერდი 4) »
კატეგორია: ელ. წიგნებიავტორი: admin
თარიღი: 2014-04-05 14:57:58
დიდი პონტოელი (გაგრძელება)
30
დაადო, ხოლო თვითონ მითრიდატეს მოკვლისათვის ჯილდოც კი გამოაცხადა 100
ტალანტის რაოდენობით.
ამას გარდა, მეფეს ერთხელ კიდევ უღალატა შვილმა. ბოსფორის მმართველმა
მახარემ, ამჯერად, პომპეუსს გამოუცხადა მორჩილება.
მითრიდატე ევპატორი კიდევ მეტი საშიშროების წინაშე დადგა. მას აღარ გააჩნდა
საკუთარი სამეფო და არც თავშესაფარი. მიუსაფარ მეფეს ჰქონდა მხოლოდ ერთადერთი
გზა, რომელიც კოლხეთისაკენ მიდიოდა.
მითრიდატემ სინორიიდან წაიღო 6000
ტალანტი და ახლობელთაგან შემდგარი პატარა ამალით გაქუსლა ჩრდილოეთით,
კოლხეთისაკენ. გამოსაზამთრებლად ის დიოსკურიაში დაბინავდა. აქვე მეფე შეუდგა
რომაელების წინააღმდეგ ახალ საომარ სამზადისს.
აზმა მეოთხე
მოსვლა „მგლის შვილთა“
რომის ერთადერთი ტალანტი _ ესაა
მსოფლიოს დაპყრობა.
ჟან-ჟაკ რუსო
რომაელები და სომხები
გნეუს პომპეუსმა სცადა დამარცხებული მითრიდატეს დევნა განეგრძო, როცა
მეფემ კოლხეთისაკენ გადაუხვია, თავი მიანება და პონტოს წინააღმდეგ ომი
დამთავრებულად ჩათვალა, რომაელმა სარდალმა პონტო მთლიანად ჩაიბარა და
მითრიდატეზე საბოლოო გამარჯვების აღსანიშნავად უკანასკნელი ბრძოლის ადგილზე
დააარსა ქალაქი ნიკოპოლისი (გამარჯვების ქალაქი). პომპეუსმა პირველ ყოვლისა იქ
დაასახლა დაჭრილი და ხანდაზმული მეომრები; მათთან ბევრი ახლომახლო
ადგილობრივი მცხოვრებიც დასახლდა.
მას უკან, პომპეუსმა ლეგიონები დასძრა სომხეთისაკენ.
სანამ პომპეუსი მითრიდატეს სდევნიდა და პონტოს იპყრობდა, სომხეთსა და
პართიას შორის ურთიერთობა იმდენად გამწვავებულიყო, რომ საქმე შეიარაღებულ
შეტაკებამდე მისულიყო. ტიგრანს უღალატა შვილმა, რომელსაც სახელად აგრეთვე
ტიგრანი ერქვა. ეს ტიგრან მრწემი სომხეთის მეფეს მითრიდატეს ასულის,
კლეოპატრასგან შეეძინა. იგი ამავე დროს იყო სიძე პართიის მეფე ფრაატ III-ისა.
ამიტომ
მეფე ტიგრანი თავის შვილს, ვითარცა მითრიდატეს სისხლიერსა და ფრაატის სიძეს,
მუდამ ეჭვის თვალით უყურებდა. უფლისწულიც თავისი თავნებობითა და „უცხოური
ორიენტაციებით“ მამასა და მეფეს საფუძველს აძლევდა ეჭვისა და უნდობლობის
თვალით ეცქირნა მისთვის. ამას ისიც დაერთო, რომ პომპეუსმა სომხეთს
გალაშქრებამდე პართიასთან კავშირი შეკრა. ტიგრანი გვიან მოდიოდა გონს: აღარც
მითრიდატე, აღარც ფრაატი, აღარც საკუთარი შვილი მის ბანაკში აღარ აღმოჩნდნენ.
მალე სიძე-სიმამრი, ფრაატი და ტიგრან მრწემი, პართიული ჯარებით სომხეთში
შეიჭრნენ და მის სატახტო ქალაქს, არტაქსატას მიადგნენ. ტიგრან მეფემ ქალაქი
მიატოვა და მთებში გაიქცა. პართიელებმა ალყა შემოარტყეს სომეხთა სატახტოს, მაგრამ
რაკი მისი აღება ხანგრძლივ ალყას მოითხოვდა, ფრაატმა არტაქსატას კედლებთან
ტიგრან მრწემი დატოვა, ხოლო თვითონ თავის სატახტოში ქტესიფონში დაბრუნდა.
31
ამით ტიგრან მეფემ ისარგებლა, მთიდან სასწრაფოდ დაბრუნდა, მარტო დარჩენილ
შვილს მიუხტა და უმალვე კიდეც დაამარცხა. დამარცხებულმა უფლისწულმა
სიმამრთან დაბრუნება ვეღარ გაბედა და თავის პაპას მითრიდატეს მიაშურა.
მაგრამ
როცა შეიტყო, რომ დამარცხებული მითრიდატე თვითონ საჭიროებდა დახმარებას, იგი
გაიქცა პომპეუსთან და მორჩილება გამოუცხადა მას.
პომპეუსმა ამ ახალი ბედნიერი შემთხვევითაც კარგად ისარგებლა _ სომეხი
უფლისწული მეგზურად აიყვანა და არტაქსატასკენ დაიძრა (66 წელი).
ტიგრანმა იგრძნო, რომ მისი ქვეყნის შიგნით შემოჭრილ და სატახტო ქალაქთან
მოახლოებულ რომაულ ლეგიონთა წინააღმდეგ გამოსვლა სასიკეთო ნაყოფს ვერ
მოუტანდა. ყოველ წუთს მოსალოდნელი იყო პართიელების შემოჭრაც. ტიგრანმა ვერ
მოისაზრა, რომ შესაძლო იყო, პომპეუსი და ფრაატი ერთდროულად შესულიყვნენ
არტაქსატაში და მოღალატე შვილთან ერთად გაეყოთ მისი სამფლობელოები, ამიტომ
ტიგრან მეფემ, სომხეთის ტახტ-გვირგვინის შენარჩუნების მიზნით, გადაწყვიტა თავი
ეცნო რომის მორჩილად.
ტიგრანმა პომპეუსთან ელჩები გაგზავნა და თან გააყოლა მითრიდატეს კაცები,
რომლებიც მას მანამდე ჰყავდა შეპყრობილი. ამით სომეხთა მეფემ ნიადაგი მოამზადა
რომაელ სარდალთან უფრო მომგებიანი ზავის მისაღწევად. როცა პომპეუსი არტაქსატას
მიუახლოვდა, ტიგრანმა თვითონ შეუშვა რომაული ციხიონი თავის სატახტოში, ხოლო
პომპეუსმა არტაქსატადან თექვსმეტი მილის მანძილზე დასცა კარავი.
ტიგრანი ნათესავებისა და ახლობლების თანხლებით მიეახლა პომპეუსის ბანაკს.
ბანაკის შესასვლელთან რომაელ გუშაგთა ბრძანებით ტიგრანი ცხენიდან ჩამოხტა,
იარაღი აიყარა, ამალა მოიშორა და მარტოდმარტო გაეშურა პომპეუსის კარავისაკენ.
პომპეუსი ბრწყინვალე სავარძელში იჯდა. ხელმარცხნივ ტიგრან მრწემი უჯდა.
ტიგრან მეფე შევიდა და წარსდგა. რომაელი ზვიადად განისვენებდა.
მოღალატე
უფლისწული იქედნურად იღიმებოდა.
ტიგრანმა წამიერ გარინდებას თავი დააღწია, დიადემა და წამოსასხამი მოიძრო
და პომპეუსის წინაშე აღმოსავლური წესით განერთხო მიწას.
რომაელმა მოწყალება მიიღო: მეფე ფეხზე წამოაყენა და ხელმარჯვნივ დაისვა.
მტრად გადაკიდებული მამა და შვილი აქეთ-იქით უსხდნენ პომპეუსს.
ტიგრანმა აღიარა რომაელთა მბრძანებლობა სომხეთის მიმართ და განაცხადა,
რომ ის არ თაკილობს მორჩილებას ისეთი კაცის წინაშე, რომელსაც სიძლიერითა და
ძალაუფლებით ტოლი არა ჰყავს მთელ ქვეყანაზე.
მწარედ გაუცრუვდა იმედები ტიგრან მრწემს, როცა პომპეუსმა მის მეფე-მშობელს
უთხრა: შენ არამცთუ სომხეთის მეფობა არ დაგიკარგავს, არამედ რომაელთა
მეგობრობაც კი მოიპოვეო.
ტიგრანს სომხეთის სამეფო რჩებოდა იმ საზღვრებში, რომელშიც მან ჩაიბარა
ტახტზე ასვლისას. რომაელებს გადაეცემოდა სირია, ფინიკია, კილიკია, გალატია,
კაპადოკია; ტიგრანს რომაელთათვის უნდა გადაეხადა სამხედრო კონტრიბუცია 6 000
ტალანტის რაოდენობით; საჩუქრების სახით უნდა დაერიგებინა ყოველი რომაელი
ჯარისკაცისთვის 150 დრაქმა, ყოველი ცენტურიონისთვის 1000 დრაქმა და ყოველი
სამხედრო ტრიბუნისთვის თითო ტალანტი. პომპეუსს არ შეეძლო დაევიწყებინა მის
წინაშე ტიგრან მრწემის დამსახურებაც. ამიტომ მას სამმართველოდ გადასცა სოფენა და
გორდიენა (ადრე ქართული პროვინცია _ ქართუხების საცხოვრისი); აგრეთვე ტიგრან
მრწემი რჩებოდა სომხეთის სამეფო ტახტის მემკვიდრედ. მაგრამ ზავის პირობებით
ყველაზე ნაწყენი სწორედ ტიგრან მრწემი დარჩა. ის ადრე, პომპეუსის ბანაკისკენ
მიმავალი, სრულიად დარწმუნებული იყო, მამისადმი ღალატისა და რომაელთადმი
32
მიმხრობის წყალობით, სომხეთის ერთპიროვნული მბრძანებელი შეიქნებოდა. მაგრამ,
როგორც ვნახეთ, მისი იმედები გაცრუვდა. მართლაც და, რატომ უნდა მომხდარიყო
ასე? თუკი სომხეთში მეფობის გაუქმება აუცილებლობას არ წარმოადგენდა, მაშინ ვინ
უნდა ყოფილიყო სომხეთის მეფე, თუ არა ტიგრან მრწემი, რომელმაც საქმით დაამტკიცა
რომაელთადმი ერთგულება?
ჭაბუკი ტიგრანისადმი პომპეუსის უმადურობა პირველ ყოვლისა პართიასთან
მისი ახლო ურთიერთობით უნდა აიხსნას. ახალგაზრდა უფლისწულის
ძალაუფლებისმოყვარეობა, მისი მერყევი ხასიათი და პართიის მეფესთან ნათესაურ-
მოყვრული დამოკიდებულება არ იძლეოდა იმის გარანტიას, რომ მისი გამეფების
შემთხვევაში რომის აღმოსავლური მონაპოვარნი საფრთხის ქვეშ არ დადგებოდა.
ყოველთვის მოსალოდნელი იქნებოდა, რომ სომხეთისა და პართიის მეფეები
ერთმანეთს მხარს მისცემდნენ რომის წინააღმდეგ ომის წამოწყებაში. ამიტომ
რომაელთათვის უფრო საიმედო ისევ ტიგრან უფროსი უნდა ყოფილიყო. ტიგრანი
არავისთან აღარ იმყოფებოდა კავშირში. იგი მტრობდა მითრიდატეს, ფრაატს და
საკუთარ შვილსაც კი. ასე რომ, ტიგრანი აღმოსავლეთში რომაელთა საზიარო კავშირის
ხელშემშლელი იქნებოდა და არა ხელშემწყობი. ამ პერიოდში, როცა სომხეთი ძალზე
დაუძლურდა და პართია გაძლიერდა, რომაული დიპლომატია ჩვეული ტაქტით ცვლის
ამ ქვეყნებისადმი დამოკიდებულების კურსსაც.
სანამ სომხეთი საშიში იყო, რომაელები
მის წინააღმდეგ პართიას უკავშირდებოდნენ, ხოლო ახლა, როცა პართია გაძლიერდა,
უფრო ხელსაყრელი ხდებოდა კავშირი სომხეთთან პართიის წინააღმდეგ. სომეხ
მოკავშირედ ახლა რომაელებს უფრო ტიგრან უფროსი გამოადგებოდათ, ვიდრე
პართიის სასახლის კარზე გაშინაურებული სომეხი უფლისწული.
ტიგრან მრწემმა რომაულ-დიპლომატიურ ღონისძიებათა წინააღმდეგ
გალაშქრება სცადა. მან უარი განაცხადა მამისათვის დაეთმო სოფენაში შენახული
განძეულობა, საიდანაც ტიგრან მეფეს პომპეუსისათვის კონტრიბუცია უნდა გადაეხადა.
ამის გამო, რომაელი სარდლის ბრძანებით, გაურჩებულ უფლისწულს განძი მთლიანად
ჩამოერთვა, თვითონ მას ბორკილებიც დაადეს და შეუერთეს ძვირფას ტყვეთა რიცხვს,
რომელსაც უნდა დაემშვენებია პომპეუსის ტრიუმფი რომში. მართალია, ფრაატმა სცადა
გამოსარჩლებოდა თავის სიძეს, თანაც მოითხოვა პართიასა და რომს შორის საზღვრების
გადასინჯვა, მაგრამ ამას არავითარი შედეგი არ მოჰყოლია. პომპეუსმა უპასუხა, რომ
პართიასთან შეკავშირებაზე და უფლისწულზე მეურვეობის უფლება აქვს მამას და არა
ფრაატს. ჩანდა, რომ პართიასთან მშვიდობიან შეთანხმებაზეც ლაპარაკი
დამთავრებული იყო.
სომხეთის „ვითომ დამოუკიდებლობის“ შენარჩუნებას პომპეუსისათვის კიდევ
სხვა მხრივაც ჰქონდა მნიშვნელობა. იგი ემზადებოდა ამიერკავკასიის ჩრდილოეთ
ნაწილების დასალაშქრავად და მისთვის ხელსაყრელი არ იქნებოდა ზურგში
დამონებული და მტრულად განწყობილი ქვეყანა ჰყოლოდა.
მან იცოდა, რომ
ლუკულუსთან ბრძოლებში სომხების გვერდით მათი ჩრდილოელი მეზობლებიც
იბრძოდნენ, მოსალოდნელი იყო, სამაგიეროდ სომხებსაც ხელი გაეწოდებინათ თავისი
მეზობლებისათვის იმ დროს, როცა რომაელები სომხეთიდან ჩრდილოეთისაკენ
გაიჭრებოდნენ. ამიტომ, თუ პომპეუსს სურდა, ქართველთა მიწა-წყალზე ლაშქრობისას
სომხეთიდან ზურგში მახვილი არ დასცემოდა, არ უნდა დაეშვა კავკასიელი ხალხების _
სომხების, ალბანელების, იბერიელებისა და კოლხების _ გაერთიანება. პომპეუსი ამ
შემთხვევაშიც მოქმედებდა ცნობილი რომაულ-დიპლომატიური დევიზით: „გათიშე და
იბატონე!“
33
ამიერკავკასიის ხალხების გასათიშავად რომაელთა სარდალმა სომხეთი
„რომაელი ხალხის მოკავშირედ და მეგობრად“ გამოაცხადა. ტიგრანი გრძნობდა ამ
იძულებითი „მეგობრობის“ ნამდვილ შინაარსს, მაგრამ ქვეყნის დამოუკიდებლობის
სრულ დაკარგვას ისევ ნაბრძანები „მოკავშირეობა და მეგობრობა“ სჯობდა. ამ გზით
პომპეუსმა იბერია-კოლხეთში ლაშქრობისას სომხეთის მხრივ არა მარტო
მიუმხრობლობის პოზიციას მიაღწია, არამედ ტიგრანისაგან საჭირო დახმარების
აღთქმაც მიიღო, საომარი მარაგისა და ფულის სახით.
რომაელები და ქართველები
66 წლის შემოდგომის მიწურულს პომპეუსმა ლეგატ აფრანიუსის სარდლობით
სომხეთში სამეთვალყურეოდ დატოვა თავისი არმიის ერთი ნაწილი. თვითონ
მთავარსარდალი ძირითადი ძალებით დაიძრა ჩრდილოეთისკენ.
დაზამთრდა. რომაელები მიუახლოვდნენ მტკვრის ზემო წელს და
გამოსაზამთრებლად დაბანაკდნენ.
პომპეუსმა აქვე მიიღო ტიგრანისაგან სხვადასხვა
სახის საფურაჟე მარაგი და ფული გაცილებით მეტი, ვიდრე ის დათქმული იყო.
რომაელები სამ ბანაკად იდგნენ: ერთს თვითონ მთავარსარდალი მეთაურობდა,
დანარჩენ ორს _ მისი ლეგატები, მეტელუს ცელერი და ლუციუს ფლაკუსი.
ალბანთა მეფე ოროისემ სცადა თავის დროზე უკუეგდო კარზე მომდგარი
საფრთხე, ამასთან მან საჭიროდ სცნო თავისი მეგობრის, ტიგრან მრწემის
გამოხსნისათვის ეზრუნა და გადაწყვიტა თავს დასხმოდა რომაელებს.
17 დეკემბერი იდგა, რომაელთათვის სატურნალიების საზეიმო დღე. ოროისემ
იფიქრა, რომ სწორედ ამ დღეს რომაელები ზარზეიმით გაერთობოდნენ და საომარ
ყურადღებას გაინელებდნენ.
40 000 ალბანელი მიადგა მტკვრის ზემო წელს, ოროისემ თავისი არმია სამად
დაჰყო და ცალ-ცალკე შეუტია რომაელთა ბანაკებს, თვითონ მეფე თავს დაესხა
მეტელუს ცელერის ბანაკს, სადაც ეგულებოდა შეპყრობილი სომეხი უფლისწული.
ცელერი მტრის მოულოდნელ თავდასხმას მედგრად დაუხვდა და ძლიერი
კონტრშეტევით უკუაქცია იგი.
ალბანელთათვის განსაკუთრებით მძიმე შეიქნა რომაულ „კასტრასთან“
(სამხედრო ბანაკი) ბრძოლა, ლუციუს ფლაკუსს თავისი ბანაკისათვის ორრიგი
თხრილები შემოევლო და, როცა მან მოჩვენებითი უკუქცევით ალბანელები პირველი
თხრილის შიგნით შეიტყუა, ლეგიონერები ერთბაშად მოუბრუნდნენ და ჩეხვაზე
გადავიდნენ. ბევრმა უკუქცეულმა ალბანელმა ფართო თხრილის გადალახვა ვეღარ
მოახერხა და შიგ ჩაიღუპა.
პომპეუსმა ბრძანება გასცა და სამივე ბანაკი ერთიან იერიშზე გადავიდა. მტკვრის
გადალახვისას ალბანთა ლაშქარი კვლავ ძლიერ დაზარალდა.
ოროისემ რომაელებს დაზავება სთხოვა. პომპეუსმა ალბანთა ქვეყანაში შეჭრა
ჯერჯერობით ნაადრევად ჩათვალა და სამშვიდობო წინადადებაზე დათანხმდა.
65 წლის გაზაფხულზე რომაელები იბერთა მიწა-წყალზე შემოიჭრნენ.
მაშინ იბერიაში მეფობდა არტაგი.
იბერთა მეფემ მსოფლიო დამპყრობლებთან გულდაგულ შეტაკება უსაზმნო
საქმედ ჩათვალა და პომპეუსს დესპანები გაუგზავნა სამეგობრო ურთიერთობის
34
დასამყარებლად. მაგრამ არტაგი იმასაც ვარაუდობდა, რომ გულზვიადი რომაელი
მთავარსარდალი, რომელსაც დიდძალი და მრავალი გამარჯვებებით გათამამებული
არმიები ჰყავდა, დაზავებაზე ასე იოლად არ დათანხმდებოდა და ამიტომ
პარალელურად ჯარების შეყრასა და საომარ სამზადისს შეუდგა.
პომპეუსი თავისი ლეგიონებით ისე სწრაფად მიადგა მცხეთის აკროპოლისს _
არმაზციხეს, რომ არტაგისთვის მისგან შემოთავაზებულ ზავზე არც კი უპასუხნია.
არტაგმა ჯარების გამოყვანა ვერ მოასწრო. არმაზციხე მცირერიცხოვან ციხიონს
მიანდო, თვითონ მტკვრის მარცხენა ნაპირზე გადავიდა და ხიდი დაწვა, რომ ამით
მცხეთისკენ რომაელთა გადასვლა შეფერხებულიყო.
პომპეუსმა არმაზციხე აიღო და ქართლის სატახტოს გული მის ხელში მოექცა.
ამგვარად, რომაელი დამპყრობელი დაეუფლა დიდ სტრატეგიულ და სავაჭრო ქალაქს,
რომელიც ალბანეთისკენ და სომხეთისკენ გასასვლელი გზების გასაღებს
წარმოადგენდა.
პომპეუსი ინდოეთიდან შავი და ხმელთაშუა ზღვებისკენ მომავალ დიდ სავაჭრო
გზაზე იდგა. აქ მან დააზუსტა: ინდოეთიდან ბაქტრისა და ოქსის (ამუდარია-სირდარია)
გამოვლით კასპიის ზღვამდე სავაჭრო ქარავნისთვის შვიდი დღე კმარა, ხოლო კასპიის
ზღვიდან პონტოს ფასისამდე მტკვარით, ძირულითა და რიონით _ ხუთი დღე. ბოლოს
და ბოლოს, ამ გზით ინდურ საქონელს იტალიამდე ოცი-ოცდახუთი დღე თუ
დასჭირდება...
მაგრამ, იბერია ჯერ დასაპყრობი ჰქონდა პომპეუსს.
არმაზციხეში რომაული ციხიონი დააყენა და მტკვრის ხელმარცხნივ
გადასალახავად მოემზადა.
როცა არტაგი დარწმუნდა, რომ პომპეუსი მარტო მტკვრის მარჯვენა
სანაპიროების დაპყრობით არ კმაყოფილდებოდა, იძულებული გახდა საზავო
მოლაპარაკება განეახლებინა. მეფე მეგობრობას სთავაზობდა რომაელს, თან სურსათით
დახმარებასა და მტკვარზე ხიდის აღდგენას აღუთქვამდა.
მეფემ დანაპირები კიდევაც შეასრულა, მაგრამ პომპეუსი იბერიის, ამ უცნაური,
აქამდე დაუმორჩილებელი ქვეყნის სრულიად დასამორჩილებლად იყო მოსული და
მაინც გადაიყვანა ჯარები მტკვრის მარცხენა სანაპიროზე.
არტაგი გადამწყვეტ ბრძოლას კვლავ განერიდა, მდინარე არაგვზე გადავიდა და
ხიდი აქაც დასწვა.
რომაელები მდინარის გადალახვას შეუდგნენ. იბერიელები შეებნენ, მაგრამ
ფრიად დაზარალდნენ.
პომპეუსი მტკვარ-არაგვის გზა-კვანძს მთლიანად ფლობდა, მაგრამ ეს მაინც არ
იყო სრული გამარჯვება.
იბერიელები თარეშულ-პარტიზანულ ომზე გადავიდნენ. ღრმა და უსიერ ტყე-
ღრეებში მიიწევდნენ, მტერს გზას უჭრიდნენ, ქვას აგორებდნენ, ზვავებს სხლეტდნენ,
მაღალ ხეებზე საფრდებოდნენ და მომხდურთ მიზანაუცდენლად ესროდნენ ისარს,
თვალშეუდგამი ტყეებიდან და წკვარამებიდან ელვასავით გამოიჭრებოდნენ, მტერს
მიესეოდნენ და კვლავ ელვისებურად გაუჩინარდებოდნენ...
მაშინ რომაელებმა ტყეების გაჩეხვა და ცეცხლის წაკიდება დაიწყეს.
იბერიელი მეომრები ნადგურდებოდნენ.
დაჭრილ და დახოცილ ქართველ მეომართა შორის რომაელებმა მრავალი ქალი
აღმოაჩინეს. გაოცება იმდენად ძლიერი იყო, რომში ხმა გავარდა, პომპეუსი
აღმოსავლეთში ამაძონებს ებრძვისო.
35
არტაგმა ისევ გაგზავნა დესპანები პომპეუსთან, _ კვლავ დაზავებას ითხოვდა.
თან დიდი ძღვენი აახლა რომაელ სარდალს: ოქროს ტახტი, ოქროს მაგიდა და ოქროს
სარეცელი, მაგრამ რომაელი მაინც უნდობლობას უცხადებდა იბერთა მეფეს და ზავის
აუცილებელ პირობად მის ვაჟებს მძევლად მოითხოვდა.
მეფე დიდხანს ყოყმანობდა, მაგრამ როცა ზაფხულის ძლიერი სიცხისაგან არაგვის
წყალმა კლება დაიწყო და რომაელებმაც მისი გადალახვა ადვილად შეძლეს, არტაგი
დათანხმდა და პომპეუსს მძევლად გაუგზავნა თავისი შვილები.
არტაგი და პომპეუსი დაზავდნენ.
იბერია „რომაელი ხალხის მოკავშირედ და მეგობრად“ გამოცხადდა.
რაკი იბერიის მხრივ უშიშროება უზრუნველყო, პომპეუსმა არმიები
კოლხეთისაკენ დაძრა. რომაელებმა გადაიარეს ლიხის მთა და ძირულა-რიონის ხეობაში
დაეშვნენ.
ისინი გზადაგზა ადგილობრივ ქართულ ტომთაგან ზოგს იმეგობრებდნენ,
ზოგსაც იარაღით იმორჩილებდნენ.
ასე მიაღწიეს ქალაქ ფასისს, სადაც პომპეუსს მიეგება მისგანვე ზღვების
სადარაჯოდ გამოგზავნილი ნავარქი სერვილიუსი. მისგან პომპეუსმა შეიტყო, რომ
მითრიდატე კოლხეთიდან ბოსფორს წასულა. საბაბი, რომლითაც რომაელი სარდალი
თავის ლაშქრობას ამართლებდა, ადგილზე აღარ არსებობდა, მაგრამ მას ახლა
არავითარი საბაბი აღარ სჭირდებოდა. ქვეყანა უკვე დალაშქრული და დამარცხებული
იყო.
მცირე ფიქრის შემდეგ პომპეუსმა ირწმუნა, რომ იგი ვერ შეძლებდა ჩრდილოეთ
შავი ზღვისპირეთში ლაშქრობას და გადაწყვიტა, ეს წელი (65წ.) ლეგენდარული
კოლხეთის სრული დამორჩილებისათვის მოენდომებინა. მან ფასისიდან გაილაშქრა
ჩრდილოეთისკენ. ამბობდა, კავკასიონს უნდა ვეწვიო, პრომეთეს ტანჯვის ადგილსო.
რომაული პლუტოკრატიის რჩეულს განსაკუთრებით აინტერესებდა კავკასიონის
მთებიდან ჩამომდინარე ნაკადულების ოქროს ქვიშა და გრძელბეწვიანი ცხვრის
ტყავებით ამ ოქროს შეგროვების კოლხური წესი.
მაგრამ რომაელები, რაც უფრო ჩრდილოეთით მიიწევდნენ, მით უფრო ხშირად
მარცხდებოდნენ მამაც მთიელ ქართველობასთან შეტაკებებში.
პომპეუსმა დროზე იცოდა თავის შეკავება. ამჯერადაც მან შეუძლებლის
შეძლებაზე ხელი აიღო და სამხრეთისაკენ შემობრუნდა.
დასავლეთ საქართველოს
დაპყრობილი ტერიტორიები სამმართველოდ გადასცა ვიღაც არისტარქეს. ზღვების
მეთვალყურეობა ისევ სერვილიუსს დაავალა და თვითონ ალბანეთის წინააღმდეგ
დაიძრა.
რომაელები და ალბანელები
პომპეუსს უნდოდა, ალბანეთსაც ისევე მოულოდნელად დასხმოდა თავს,
როგორც იბერიას. იგი ალბანეთისკენ გაემართა არა უმოკლესი გზით, არამედ სომხეთის
გავლით, რათა სამხრეთიდან მოულოდნელად შეჭრილიყო უცხო
ქვეყანაში.
კოლხეთიდან სომხეთისკენ მიმავალ გზაზე, მესხეთის მთებზე მცხოვრებმა
„შვიდსოფლელებმა“ (შკვითინებმა) პომპეუსს სამი ცენტურია ამოუჟლიტეს. თურმე
უცხო, დაუპატიჟებელ სტუმრებს შვიდსოფლელებმა ველური თაფლით სავსე ქოთნები
გამოუფინეს გზაზე. რომაელები თაფლს დაეხარბნენ, დაეწაფნენ, დაბრუვდნენ და
გონწართმეულნი დაჟუჟეს მასპინძლებმა.
პომპეუსი სომხეთს მივიდა. სომხეთი წყნარად დახვდა. აქედან იგი
ჩრდილოეთისაკენ გაეშურა და მდინარე მტკვარს მიადგა (დღევანდელი ყაზახისა და
36
აღსტაფის მახლობლად).
მდინარის მარცხენა ნაპირი მაღალი ხის ღობურებით იყო
გამაგრებული. რომაელებმა მაინც შეძლეს მეორე ნაპირზე გადასვლა. ისევ იბერთა
მიწაზე იდგნენ, რამდენიმე დღის განმავლობაში მიემართებოდნენ კამბეჩოვანის
სიცხიან ველებზე. ძლივს მილასლასებდნენ სიცხისა და წყურვილისაგან დაოსებულნი.
ტყვე მეგზურები ცდილობდნენ არასწორი გზით წაეყვანათ დაუპატიჟებელი სტუმრები.
ბოლოს, პომპეუსის ლაშქარი მდინარე იორს მიადგა. წყურვილისაგან
დატანჯული მეომრები და ცხოველები ხარბად დაეწაფნენ ცივ წყალს. ბევრს მუცლის
გვრემა დამართა უზომო წყლის სმამ.
იორიდან ალაზნამდე იარეს, იბერიის მიწა-წყალი განასრულეს და ალბანეთის
მიწებზე შედგეს ფეხი. ალაზნის გადალახვისთანავე პომპეუსმა მიიღო ცნობა, რომ
ახლოვდებოდა ალბანთა მეფე ოროისე 60 000 ქვეითი მეომრითა და 12 000 ცხენოსნით.
პომპეუსს გაცილებით მრავალრიცხოვანი არმია ჰყავდა.
მან წინა ხაზზე გააწყო
კავალერია; უკან, ფარებს ამოფარებული ქვეითი ლეგიონები დაალაგა, დაჩოქილნი,
_ მტერს რომ არ შეენიშნა მისი რიცხობრივი უპირატესობა.
ალბანელები დანახვისთანავე ეძგერნენ რომაულ მხედრობას. პომპეუსის
ცხენოსნებმა მტერს ზურგი აქციეს და გზა გაუხსნეს უკან ჩასაფრებულ ლეგიონებს.
ლეგიონებიც აღიმართნენ ჩვეული მრისხანებით, ნადირთა ტყავით შემოსილი
ალბანელნი უსაზმნოდ აწყდებოდნენ მსოფლიოში უპირველესი საომარი
აღჭურვილობის მქონე გაწვრთნილ არმიას.
ოროისეს ძმა, კოსისი, პომპეუსს მიეჭრა და მკერდზე მძლავრად აძგერა შუბი.
რომაელის ფარფლებიანმა ბექთარმა აისხლიტა ალბანელის შუბი. წამსვე პომპეუსმა
მოიქნია მახვილი. კოსისი შუაგაჩეხილი გადმოეშვა ცხენიდან.
რომაელთა მხედრობამ ფლანგებიდან შეუტია მტერს. ალბანელნი ალყაში
მოექცნენ და განადგურდნენ. ცოტანი გადარჩნენ სიკვდილს.
პომპეუსს განზრახული ჰქონდა კასპიის ზღვამდე მისულიყო. სამი დღის
განმავლობაში მიიწევდნენ წინ.
მაგრამ, სიცხეების, უწყლობისა და შხამიან
ქვემძრომთაგან შეძრწუნებულმა მეომრებმა უარი განაცხადეს შემდგომ წინსვლაზე.
პომპეუსს ლუკულუსის ბედი გაახსენდა: ლეგიონები რომ აუჯანყდნენ
აღმოსავლეთში. ამიტომ იგი დათანხმდა ალბანთა მეფის თხოვნას და ზავი შეკრა
მასთან.
დიდი პონტოელის აღსასრული
მომდევნო 64 წელს პომპეუსი ალბანეთიდან სომხეთს დაბრუნდა, ხოლო იქიდან,
მცირე სომხეთის გავლით, პონტოში ჩავიდა.
პომპეუსი პონტოს სამეფოს მდიდარ ქალაქებსა და ციხესიმაგრეებში წლობით
დაგროვილ და მტკიცედ დაცულ ძვირფას საჭურჭლეთა მფლობელი შეიქნა. მარტო
ციხესიმაგრე ტალავრაში პომპეუსს ხელში ჩაუვარდა მითრიდატეს 2000 ოქრო-
ცურვილი ონიქსის ფიალა, უთვალავი ძვირფასი ჭიქა, ყანწები, ჭურჭლეული,
მოქარგულ-მოსევადებული ტახტები, სავარძლები. ცხენთა მოკაზმულობანი,
ყველაფერი ოქროთი მოოჭვილი, რომელთა დათვლასა და აღრიცხვას ერთი თვე
დასჭირდა.
37
მეორეგან, ახალციხეში (მცირე აზიაში) პომპეუსმა ხელთ იგდო მითრიდატე
პონტოელის მთელი არქივი, სადაც აღმოჩნდა მეფის საიდუმლო წერილები, მემუარები,
მეცნიერული ნარკვევები, წერილობითი განკარგულებანი და ღონისძიებანი. აქ ნაპოვნი
დოკუმენტებიდან (რომელთაგან ჩვენამდე არაფერს მოუღწევია) ნათელი ეფინებოდა
პონტოელი ხელმწიფის სამხედრო და პოლიტიკურ გეგმებს, მის ყოველ ზრახვასა და
ღონისძიებას, ოჯახურ ამბებს, მეფის დარდიმანდულ-ბოჰემურ ავანტიურებს,
რომანტიულ-ინტიმურ იდილიებსა და სხვა პირადულ ვნებებს.
63 წელს მაშინდელმა მსოფლიომ შეიტყო იმ დროს ყველაზე სახელგასმენილი
კაცის, მითრიდატე __________პონტოელის სიკვდილის ამბავი.
ეს ასე მოხდა.
66-65 წლების ზამთარი მითრიდატემ კოლხეთში გაატარა. აქ მან დაიწყო ფიქრი
იმაზე, თუ რისთვის და როგორ გამოეყენებია თავისი სვეგამწარებული სიცოცხლის
უკანასკნელი წლები. ანუ, რა გეგმებითა და გზებით განეხორციელებინა საძულველი
რომაელების წინააღმდეგ ახალი ბრძოლები.
მას არასგზით არ სურდა, თუნდაც
სიკვდილ-სიცოცხლის განსადრეკელზე, ხელიდან გაეგდო „მგლის ნაშიერთა“
წინააღმდეგ შეურიგებელი ბრძოლის დროშა.
ჯერ მოღალატე შვილი, მახარე უნდა ჩამოეგდო ბოსფორის სამეფო ტახტიდან.
მერე, ბოსფორშივე უნდა შეეყარა ახალი დიდი არმია. ამისათვის იგი
ურთიერთობას
გააბამდა მთელი შავი ზღვის გარშემო და ევროპის სიღრმეში მცხოვრებ ტომებთან. მათი
დახმარებით ის შემოუვლიდა ჩრდილოეთიდან შავ ზღვას, გაივლიდა თრაკიას,
მაკედონიას, შევიდოდა დასავლეთ ევროპაში, იქაც შეჰკრებდა კელტებისა და სხვა
ევროპულ-ბარბაროსულ ტომთა ჯარებს. გადალახავდა ალპებს და ასეთი, მანამდე
გაუგონრად გრანდიოზული ძალებით, შეიჭრებოდა იტალიაში და დაესხმოდა
საძულველი მტრების ბუდეს, რომს.
ასეთი იყო მისი ახალი საომარი განაზრახი რომის დასამხობად.
მითრიდატე 65 წლის გაზაფხულზე ყირიმისაკენ გაეშურა ხმელეთის გზით.
გზადაგზა იგი იმხრობდა შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროებზე მცხოვრებ
ტომებს _ ჰენიოხებს, აქეელებს, იაზიგებს. ის კარგა მოზრდილი ძალებით ჩავიდა
ყირიმში.
მითრიდატეს მოულოდნელმა გამოჩენამ თავზარი დასცა მის მტრებს,
განსაკუთრებით მოღალატე შვილს. მახარემ მამას შუამავალნი მიუგზავნა და პატიება
ითხოვა. მაგრამ ისიც შეიტყო, რომ მითრიდატეს მრისხანებას საზღვარი არ ჰქონდა.
თანაც, მახარე ყველამ მიატოვა და ზოგი გულითადი სურვილით, ზოგიც შიშით,
მოხუცი მეფის მხარეზე გადავიდა.
მახარე თავისიანთა თანხლებით გაიქცა.
მითრიდატემ მდევარი გამოადევნა, ყველანი შეიპყრეს. ყველას თავები დააყრევინეს.
მეფე ორი წლის განმავლობაში დიდი ენერგიითა და გატაცებით ემზადებოდა
სარევანშო ბრძოლებისათვის. თავის ძალაუფლების ქვეშ იკრებდა შავი ზღვის
ჩრდილოეთ სანაპიროებს. იერთებდა ზოგს დარწმუნებით, ზოგსაც ძალით,
უმოყვრდებოდა სკვითთა ბელადებს. ჰკრებდა ჯარებს „თავისუფალთაგან და
მონათაგან“. აგებდა __________ფლოტს, სჭედდა საომარ საჭურველს, აწყობდა საომარ-
საფორტიფიკაციო მანქანებს.
მაგრამ მხცოვანი ხელმწიფის განზრახვებს განხორციელება არ ეწერა. ჯერ, თვით
მის ახლობელთა შორის იხლართებოდა შეთქმულებისა და ღალატის ხვანჯები.
მისმა
ცოლმა სტრატონიკამ საიდუმლო მოლაპარაკება გააბა პომპეუსთან. იგი ატყობინებდა
რომაელს, სად, რომელ ადგილებში, რომელ ძელმიწურებში და სიმაგრეებში ინახავდა
მეფე საომარი სამზადისისათვის საჭირო საგნებს, თანხებს, საჭურჭლეებს. ამის
გვერდი 1 გვერდი 2 გვერდი 3 გვერდი 4 გვერდი 5 გვერდი 6 გვერდი 7 გვერდი 8