EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ლევან სანიკიძე - უქარქაშო ხმლები - ფარსმან პირველი (გვერდი 7) »

კატეგორია: ელ. წიგნები

ავტორი: admin

თარიღი: 2014-04-08 18:06:39

ლევან სანიკიძე - უქარქაშო ხმლები ფარსმან პირველი
ლევან სანიკიძე 
უქარქაშო ხმლები
 
ლევან სანიკიძის „უქარქაშო ხმლები“ - ყველა დროის ქართული ბესტსელერი. ქართველთა ისტორიულ-ეპიკური თავგადასავალი ოთხ წიგნად. წიგნი პირველი.
 

ფარსმან პირველი

52

მოუმზადებელმა და მოულოდნელი შემოტევით დაბნეულმა მირდატმა ერთგულ
სომეხთა მცირე რაზმის თანხლებით ძლივს შეასწრო გარნის ციხეში, რომელსაც ძლიერი
რომაული ციხიონი იცავდა.

რადამისტმა რამდენიმე იერიშის შემდეგ გარნი ალყაში
მოაქცია. ალყა გაჭიანურდა. რადამისტმა მოისყიდა რომაული ციხიონის უფროსი,
ცელიუს პოლიონი, გარყვნილი და ფულზე დახარბებული ანგარი, რომელიც მირდატს
შეუჩნდა, იარაღი დაჰყარე და ძმასა და ძმისწულს შეურიგდიო. მეორე რომაელი მოხელე
კი ფარსმანს ეწვია და სომხეთიდან ჯარების გაყვანას ჩასჩიჩინებდა. ძმები შერიგებაზე
ყოყმანობდნენ, მაგრამ როცა მირდატი სომხებმაც მიატოვეს და რომაელებმაც ციხის
ჩაბარების მუქარა დაიწყეს, იგი იძულებული შეიქნა რადამისტის სიტყვას ნდობოდა და
იარაღაყრილი მასთან გამოცხადებულიყო.
ბიძა-ძმისწული ერთმანეთს გადაეხვივნენ. მერე შეფიცვას ჩვეული წესით
შეუდგნენ: ერთიმეორისათვის მარჯვენა ხელის ცერა თითები უნდა მიებჯინათ და
თასმით ძლიერად შეეკრათ; როცა თითები სისხლით გაიჟღინთებოდა, დაჩხვლეტდნენ
და დადენილ სისხლს ერთმანეთს პირით ამოსწოვდნენ. ასეთი ფიცის გატეხვა დიდ
მკრეხელობად ითვლებოდა.

მაგრამ ახლა, როცა მირდატმა და რადამისტმა ერთმანეთის
ცერა თითები შეაერთეს, ის, ვისაც თასმით წესი უნდა აღესრულებინა, უცებ, ვითომ
შემთხვევით, წაიქცა, მირდატს მუხლებში ხელები მძლავრად გამოჰკრა და მიწაზე
დააგორა. წამსვე სხვებიც მიცვივდნენ და იმ „საძმო თასმით“ მირდატს ხელ-ფეხი
შეუკრეს.
მალე რადამისტმა მამის მკაცრი ბრძანებაც მიიღო და მირდატი სიკვდილით
დასაჯეს.
რომაელთა ბანაკში ბჭობას შეუდგნენ: მირდატის მკვლელობა მოეწონებინათ, თუ
მკვლელობის მოთავენი დაესაჯათ. უმრავლესობა მირდატის მკვლელობას
სამართლიანად მიიჩნევდა. ისინი ამბობდნენ: ბარბაროსებში მომხდარი ყოველნაირი
ბოროტება და ურთიერთმტრობა ჩვენ, რომაელებს, ძალიანაც უნდა გვიხაროდეს და
ამისთვის არამცთუ არ უნდა ვსჯიდეთ, არამედ ჩვენ თვითონ უნდა ვთესავდეთ მათ
შორის სიძულვილსა და კაცთაკვლასო. ის კი არა და, დავადასტუროთ ფარსმან
იბერიელის სურვილი და სომხეთში მეფედ დარჩეს მისი შვილი რადამისტი,
მკვლელობითა და ვერაგობით შერცხვენილ-შეძულებული კაცი. ეს __________კიდევ უფრო მეტ
მესისხლეობას ჩამოაგდებს სომხებსა და ქართველებს შორისო.
ერთი სიტყვით, აქაც ცნობილი რომაული ცბიერი პრინციპი მოქმედებდა:
„გათიშე და იბატონე!“
ბოლოს, რომელიღაც გავლენიანი რომაელის დაბეჯითებითი მტკიცებით
ირწმუნეს, რომ ასეთი საქციელით რომის ხელისუფლებას აქაურ ხალხში სახელი
გაუტყდებაო, და ფარსმანს ბრძანება გაუგზავნეს, სასწრაფოდ რადამისტი

და
ქართველთა ჯარი სომხეთიდან გაიყვანეო.
ფარსმანმა გადაჭრით უარი შეუთვალა.
მაშინ სომხეთიდან იბერიელთა გასადევნად ლეგიონები დასძრა რომაელმა
სარდალმა და კაპადოკიის პროკურატორმა იულიუს პელიგნუსმა, სულით და ხორცით
ყოვლად მახინჯმა კაცმა.
პელიგნუსი არტაქსატაში მივიდა. რადამისტმა უხვი საჩუქრებით ადვილად
მოახერხა მისი მოსყიდვა.

რომაელი სარდალი თვითონვე ესწრებოდა რადამისტის
საზეიმო სამეფო კურთხევას სომხეთის სასახლეში.
რომი სირცხვილისაგან უნდა ეხსნა მეორე სარდალს, ჰელვიდიუს პრისკუსს,
მაგრამ სწორედ ამ დროს სომხეთს კვლავ გამოუჩნდა ტახტის მაძიებელი პართიიდან.
53
პართიის ახალი მეფე ვოლოგეზი ცდილობდა სომხეთში თავისი ძმა ტირიდატი
გაემეფებინა.
ტირიდატიც გამოემართა დიდი პართიული ლაშქრით, რადამისტი
მოუმზადებელი დახვდა და უკანდახევას შეუდგა. პართიელებმა სომხეთის ორივე
მთავარი ქალაქი აიღეს _ არტაქსატა და ტიგრანოკერტი, მაგრამ რადამისტმა იბერიიდან
ახალი ჯარები გაიყვანა. პართიელთა გარნიზონებში დაწყებული შიმშილობითა და
ეპიდემიითაც ისარგებლა და სომხეთის ტახტი ისევ დაიბრუნა.
ამის შემდგომ რადამისტს სომხეთში დიდხანს აღარ უმეფნია. მიზეზი მისი
სისასტიკე და გულზვიადობა იყო. სწორედ აუტანელი სისასტიკისთვის აჯანყდნენ
სომხები და სამეფო სასახლეზე იერიში მიიტანეს.
რადამისტი სიკვდილისაგან მისმა და მისი ცხენების სისწრაფემ იხსნა. იგი
სასახლიდან გამოიჭრა და თან გამოიტაცა თავისი მშვენიერი მეუღლე ზენობია.
კარგა ხანს მიაქროლებდნენ ცხენებს.
ზენობია ორკეცად იყო.
თავბრუ ეხვეოდა, ძალას ჰკარგავდა. რადამისტი ძლივს ამაგრებდა უნაგირზე.
ცხენი შეაყენა ზენობიამ. რადამისტს მიუბრუნდა და განწირული ხმით შეჰყვირა:
იცოდე, თუ ჩემს გადარჩენას ვერ შესძლებ, ცოცხალი თავით მდევრების ხელში
ტყვედ არ დამტოვოო.
რადამისტმა ზენობია დავარდნილი ცხენიდან აიტაცა, მკერდში ჩაიკრა და
სრბოლა განაგრძო. ქალი გრძნობდა, ვაჟკაცსაც ძალა ელეოდა და მის ცხენსაც.
„ბარემ მომკალი, მომკალი-მეთქი და შენ თავს უშველე!“ _ არ ეშვებოდა ზენობია
რადამისტს.
არაქსის პირს რომ მიუახლოვდნენ, აღარც კაცსა და აღარც ცხენს აღარ შეეძლოთ
გზის გაგრძელება.
დედოფალი კი ისევ ემუდარებოდა ქმარს:
„მომკალ და სამარცხვინო ტყვეობისგან დამიხსენ“.
რადამისტი ერთხანს მკერდიდან არ იშორებდა ქალს. ისევ და ისევ დაჟინებით
უტევდა ხმა, სიზმარეული და ძალაწართმეული.
„მომკალი, მომკალი, მომკალი, გემუდარები, გემუდარები, გემუდარები!“
რადამისტმა მომოიხედა. ერთხელ კიდევ ჩაიკრა გულში ზენობია და სატევარი
გაიძრო.
მხურვალედ აკოცა, ორლესული ფერდში ჩასცა და მდინარეში ისროლა.
ლტოლვილმა მარტო განაგრძო გზა.
მძიმედ დაჭრილი ზენობია მწყემსებმა იპოვნეს არაქსის პირას. ჭრილობა შეუკრეს
და რომელიღაც სოფლელის სახლში მიიყვანეს. აქვე სოფლის წამლებით უაქიმეს,
მოარჩინეს და ვითარცა სომხეთის დედოფალი არტაქსატაში მიიყვანეს.
აქ ისევ ტირიდატ პართიელი მოსულიყო და ის გამეფებულიყო.
ტირიდატმა დიდი პატივითა და თავაზით მიიღო ზენობია.
აქ წყდება ამბავი რადამისტისა და მისი მშვენიერი მეუღლის დრამისა...
რომაელები კვლავ არ ურიგდებოდნენ სომხეთის დაკარგვას. რომის ახალმა
იმპერატორმა ნერონმა სომხეთიდან პართიელთა გასარეკად გამოგზავნა ახალი
ლეგიონები, ნიჭიერი დომიციუს კორბულონის სარდლობით.
კონფლიქტში ისევ ჩაება ფარსმან იბერიელი, რომელსაც, ალბათ, აშკარა
ურჩობისა და მეტოქეობისათვის, სიკვდილით დაუსჯია თავისი ვაჟი რადამისტი.
ფარსმანმა რომაელებს თავისი ჯარები მიაშველა.

გამორჩევით თავი გამოიდვეს
მესხებმა, რომლებიც სასტიკი რბევით შეესივნენ სომხეთის დაბა-ქალაქებს.
54
რომაელებმა და ქართველებმა აიღეს არტაქსატა და ტიგრანოკერტი, განდევნეს
ტირიდატი და გაამეფეს ტიგრანი. მაგრამ პართიელებმა კიდევ არ დათმეს.
ვოლოგეზმა კვლავ შემოუტია. ტიგრანი განდევნა და ისევ ტირიდატი გაამეფა.
რომაელები და ქართველები ხელახლა შევიდნენ სომხეთში.
მოსალოდნელი იყო დიდი ომი, მაგრამ, როგორც ეტყობა, არც პართიას და არც
რომს არ სურდა სომხეთისათვის უკიდურესი კრიზისის გამძაფრება. ტირიდატი
სომხეთიდან არ მიდიოდა, მაგრამ კორბულონმა მაინც მიაღწია მცირეოდენ წარმატებას:
რომი თანახმა იქნებოდა სომხეთში ტირიდატის მეფობაზე იმ პირობით, თუ სამეფო
ინსიგნიებს იგი რომის იმპერატორის ხელით მიიღებდა.
პართიამაც დათმო და დათანხმდა.
ტირიდატი იტალიაში ჩავიდა. ნერონის წინაშე მუხლი მოიყარა და ნერონმაც
სომხეთის სამეფო გვირგვინი პართიელ უფლისწულს თავისი ხელით დაადგა თავზე.
აზმა მეორე
ქართველები, რომაელები, ერანელები
არავითარ შემთხვევაში იბერიაში მისვლა არ
იყო საჭირო, ამ შორეულ და უცხო ქვეყანაში,
სადაც მტრებად თვლიან არა მარტო
რომაელთა მტრებს, არამედ თვით რომაელებსაც.
გიორგი კედრენე
„ეს კედლები განუმტკიცეს“
68-69 წლებში რომში საშინელი ხოცვა-ჟლეტა ატყდა კეისარ-იმპერატორის ტახტ-
გვირგვინისათვის. გამარჯვება წილად ხვდა ფლავიუსების გლეხურ, მდაბიურ
საგვარეულოს.
ფლავიუსების დინასტიას სამი იმპერატორი განეკუთვნება: ვესპასიანე (69-79 წწ.)
და მისი შვილები _ ტიტე (79-81 წწ.) და დომიციანე (81-96 წწ.). ესენი უკვე აღარ
ჰგავდნენ წინარე შეშლილ კეისრებს.

განსაკუთრებით ვესპასიანე და ტიტე
გამოირჩეოდნენ ჭკვიანი საშინაო და საგარეო პოლიტიკითა და კულტურულ-
აღმშენებლობითი საქმიანობით.
ფლავიუსების ხანაში იბერიის სამეფო ტახტზე იჯდა ფარსმანის მეორე ვაჟი
(რადამისტის შემდგომ), მირდატ მეორე.
რომაელ კეისრებს ქართველ მეფესთან მაშინ „დიდი მეგობრობა“ ჰქონდათ და
ქართველ ხალხსაც „რომაელთა მოყვარე ერს“ უწოდებდნენ. ამაზე მეტყველებს მცხეთა-
არმაზში აღმოჩენილი დიდად საინტერესო ძეგლი ბერძნული

წარწერით.
75 წლის მახლობლად რომაელ კეისრებს მირდატ ფარსმანის ძისათვის მცხეთაში
ქვის კედელი გაუმაგრებიათ და ზედაც ასეთი წარწერა ამოუკვეთიათ:
„იმპერატორმა კეისარმა ვესპასიანე ავგუსტუსმა, უმაღლესმა ქურუმმა, შვიდჯერ
ტრიბუნის ხელისუფლებით აღჭურვილმა, თოთხმეტჯერ იმპერატორად
55
გამოცხადებულმა, ექვსჯერ კონსულმა, მეშვიდეჯერ დეზიგნირებულმა, მამამ
მამულისამ, ცენზორმა.
„ და იმპერატორმა ტიტე კეისარმა, ავგუსტუსის ძემ, ხუთჯერ ტრიბუნის
ხელისუფლებით აღჭურვილმა, ოთხჯერ კონსულმა, მეხუთეჯერ დეზიგნირებულმა,
ცენზორმა.
„ და დომიციანე კეისარმა, ავგუსტუსის ძემ, სამჯერ კონსულმა, მეოთხეჯერ
დეზიგნირებულმა.
„იბერთა მეფეს მირდატს, მეფე ფარსმანისა და იამასასპოის ძეს, კეისრის
მეგობარსა და რომაელთა მოყვარე ერს, ეს კედლები განუმტკიცეს“.
ფლავიუსები იძულებული ყოფილან ანგარიში გაეწიათ მირდატის
სიძლიერისათვის და ცდილობდნენ, მასთან „მეგობრობა“ მტრობად არ გადაქცეოდათ.
რომსა და იბერიას შორის განხეთქილების ვაშლად ისევ სომხეთი იყო. მირდატმა
ცოტა ადრე, 70 წლის მახლობლად, სომხეთში ძლევამოსილად ილაშქრა და, როგორც
ეტყობა, იმპერატორმა ვესპასიანემ დიპლომატიური არხებით მოახერხა იბერიელთა
სამხრეთული იერიშების შეკავება. რომის ხელისუფლებას იბერიასთან ასეთი
ალერსიანი პოლიტიკა უჯობდა, რადგან მას იმ ხანებში ისედაც დიდი ბრძოლები
ჰქონდა ებრაელებთან პალესტინაში, კოლხებთან ტრაპეზუნტში, სარმატებთან
დუნაიზე, გერმანელებთან გერმანიაში და ბრიტანელებთან ბრიტანიაში.
იბერიასთან ასეთი „დამეგობრების“ გამოხატულება ყოფილა კიდეც რომის
ხელმწიფე-კეისართა თავაზიანი „მიძღვნა“. მცხეთის თავდაცვით ზღუდეთა
განმტკიცება.
ფარსმან ქველი
ფლავიუსების შემდგომ რომში გაბატონდა ანტონინუსების დინასტია,
რომელთაგან ყველაზე დიდი კეისრები იყვნენ: ტრაიანე (98-117 წწ.), ადრიანე (117-138
წწ.), ანტონინუს პიუსი (138-161 წწ.) და მარკუს ავრელიუსი (161-180 წწ.).
ამ დროს იბერიის ტახტზე უძლიერესი ხელმწიფე იჯდა _ ფარსმან მეორე,
სიკეთისა და სივაჟკაცისთვის ქველად წოდებული, „კაცი კეთილი და უხუად
მიმნიჭებელი და შემნდობელი, ასაკითა შუენიერი, ტანითა დიდი და ძლიერი, მხნე
მხედარი და შემმართებელი ბრძოლისა, უშიში, ვითარცა უხორცო“.
ფარსმან ქველის გამეფებისთანავე რომის, პართიისა და იბერიის გზაკვანძზე
კვლავ გამწვავდა სომხეთის საკითხი. 113 წელს მოკვდა სომხეთის მმართველი, რომის
კლიენტი ტირიდატი და მაშინვე პართიის მეფემ, ხოსრო პირველმა, სომხეთის ტახტზე
თავისი კაცი დასვა. ეს ომის საბაბი შეიქნა რომსა და პართიას შორის.
114 წელს ტრაიანემ, რომის უსაჩინოესმა იმპერატორმა, ლეგიონები შემოუსია
აზიას, ხოლო წინასწარ იბერიის მეფეს დიდძალი ძღვენი გამოუგზავნა, მეგობრობა
შეახსენა და ამით აგრძნობინა: კარგი იქნება, თუ ქართლის მეფე მარადიული მტრის,
პართიის წინააღმდეგ ჯარებს დასძრავსო.
იბერიელმა მეფემ მართლაც გაუგზავნა დამხმარე ჯარები იმპერატორს.

ისევ
იწირებოდნენ ქართველები უცხოეთში უცხოელთა ინტერესებისთვის. მათგან მხოლოდ
ერთის სახელმა მოიტანა სული ჩვენამდე. ესაა ამაზასპ, ჯარის მეთაური, ქართლის
56
სამეფო საგვარეულოდან. ქალაქ ნიზიბისთან გამართულ ფიცხელ ბრძოლაში შეკვდომია
იგი მოპირდაპირეს. იქვე დაუკრძალავთ. საფლავის ქვაზე ლექსური ეპიტაფია
ამოუკვეთიათ:
მეფის დიდებული შთამომავალი ამაზასპ,
ძმა ხელმწიფისა მირდატისა,
სამშობლო ჩემი _ არაგვის კართასა,
იბერი, ძე იბერისა,
აქ ვმარხივარ
მახლობლად წმინდა ქალაქისა,
რომელიც აღაშენა ნიკატორმა.
მახლობლად წმინდა ქალაქისა,
ზეთისხილის მომრწყველისა,
თანამგზავრი ავზონთა ბელადისა,
მოსული საომრად

პართელთასა.
დავეც მანამ, სანამ მტრის სისხლში
გავისვრიდი ამ ჩემ მარჯვენას!
მე
შუბოსანი,
მშვილდოსანი,
მახვილოსანი,
მეომარი,
მხედარი,
გარნა, კრძალვით მსგავსი ქალწულთა!
ტრაიანემ სომხეთიც დაიპყრო და მთელი მესოპოტამიაც. მან ზედიზედ
დაამარცხა პართიელთა არმიები, აიღო მათი სატახტო ქალაქი ქტესიფონი და ტახტიდან
გადააგდო თვით მეფე ხოსრო პირველი.
აქედან ტრაიანე, ალექსანდრე მაკედონელის მსგავსად, ინდოეთში სალაშქროდ
ემზადებოდა, მაგრამ ზურგში აჯანყებამ მოუსწრო.

იგი შემობრუნდა, აჯანყება ჩააქრო,
მაგრამ თვითონაც მალე გარდაიცვალა.
მას მოჰყვა ახალი იმპერატორი ადრიანე, რომელმაც მთელი რომის იმპერია,
ესპანეთიდან მესოპოტამიამდე და შოტლანდიიდან ეგვპტემდე, ფეხით შემოიარა.
მასთან ფარსმან იბერიელს პირველად განხეთქილება ჰქონდა. ფარსმანი უკმაყოფილო
იყო რომაელთაგან სომხეთის სრული დაპყრობით. ამიტომ მან ჩრდილოეთიდან ალან-
ოსები გადმოიყვანა, ქართველთა ლაშქარს შეუერთა და სამხრეთისაკენ დაიძრა.
ჯერ სომხეთში შევიდა და იქიდან რომაელები განდევნა, მერე

დიდის
წარმატებით ილაშქრა პართიაში.
ამას მოჰყვა ქართველთა ძლევამოსილი ლაშქრობანი ალბანეთსა და კაპადოკიაში.
აქაურმა მმართველებმა დიდი ძღვენითა და დიპლომატიური არხებით ძლივს დაიხსნეს
თავიანთი სამფლობელონი.
განრისხებულმა ადრიანემ იბერიაში მალემსრბოლნი აფრინა და ფარსმანს რომში
გამოცხადება უბრძანა.
ქართველმა მეფემ ცივი უარი შეუთვალა.
რომაელი იძულებული გახდა რისხვა დაეცხრო და ისევ ნაძალადევი
„მეგობრობა-მოკავშირეობის“ გზას __________შესდგომოდა.
57
და აი, ადრიანე იმპერატორი იბერიის ამაყ ხელმწიფეს უგზავნის იმდენ ძღვენს,
რამდენიც მას არავისთვის არასოდეს უბოძებია. ამ საგანგებო ძღვენს რომაელმა
კეისარმა საჩუქრად მოაყოლა ორმოცდაათი ლეგიონერი და ერთი სპილო.
რომაელთა ელჩობას მცხეთაში მოუძღვა ადრიანეს სასახლის კარზე
გაშინაურებული კაცი, ცნობილი მწერალი, მეცნიერი, დიპლომატი და პოლიტიკოსი,
აზიურ საქმეთა ლეგატი-გამგებელი, ფლავიუს არიანე.
ფარსმანმა დიდი პატივით მიიღო სტუმრები.
მაგრამ რამდენიმე დღის დიპლომატიური „განბრჭობანი“ ქართველთა მეფემ
მაინც ასეთი ირონიული წიაღსვლით განასრულა:
ჯერ, საზეიმო ვითარებაში რომაელ ელჩთა მეთაურს იმპერატორ ადრიანესათვის
ოქრომკედით ნაქარგი რამდენიმე ქლამიდა (წამოსასხამი) გადასცა, ხოლო ამის
მომდევნოდ, მოედანზე სამასი დაბორკილი დამნაშავე გამოატარა სწორედ ისეთსავე
ოქრონემსულ ქლამიდებში გამოწყობილნი.
გულზვიად რომაელ იმპერატორს ქართველი მეფის ჯავრი სამარეში ჩაჰყვა.
გამოხდა ხანი. ადრიანეს ნაცვლად რომის კეისრულ ტახტხე იჯდა ანტონინუს
პიუსი, რომელსაც თავის ჭკვიან და დაკვირვებულ პოლიტიკაში იბერიასთან კავშირ-
მეგობრობა განსაკუთრებული მოვლა-მოფერებით ჰქონდა მოხაზული.
სწორედ მაშინ მოხდა დიდმნიშვნელოვანი სტუმარმასპინძლობა რომში,
„მსოფლიოს ცენტრში“, რომაელი კეისარი დიდად გულუხვი მასპინძლობით ეგებებოდა
აღმოსავლეთიდან ჩამოსულ უაღრესად საპატიო სტუმრებს.
ქართლის მეფე ფარსმან ქველს.
მის მეუღლე-დედოფალ ღადანას.
ვაჟიშვილ-ტახტისმემკვიდრე ადამს.
ქართველ სეფეწულთა და არისტოკრატთა ბრწყინვალე ამალას.
ნადიმ-ღრეობა რამდენიმე დღეს გაგრძელდა. მერე საასპარეზო სანახაობაზე
გავიდნენ რომის დიდ ცირკში, კოლიზეუმში, გლადიატორთა ხოცვა-ჟლეტითა და
სისხლით გალეშილმა მსოფლიოს მბრძანებელმა რომაელმა ხალხმა იმ დღეს იხილა
უცხო და უმშვენიერესი სანახაობა: მხედრული ჯირითი, საომარი როკვა-ვარჯიში და
ვაჟკაცური შემმართებლობა ქართველი ხელმწიფისა და მისი მხლებლებისა.
შთაბეჭდილებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ქართველები შეიქნენ იმ
დღეთა გმირნი მსოფლიოს მპყრობელ „მარადიულ ქალაქში“.

ფარსმანს ნება მიეცა
უცხოელთათვის იშვიათი პატივისა: კაპიტოლიუმში ზორვა გაემართა იუპიტერის
სადიდებელად.
იმ წლის „საგანგებო ამბავთა“ ნუსხის თავში რომაელებმა სწორედ იბერიის
ხელმწიფისა და მისი სახლეულის სტუმრობა ჩაწერეს.
ბოლოს, მარსის ველზე კეისარ ანტონინუს პიუსის საგანგებო ბრძანებით,
აღმართეს დიდებული ქანდაკება ცხენზე ამხედრებული, მოჯირითე ქართველი
ხელმწიფისა.
რაც მთავარია, კეისარმა დასტური დასცა ფარსმან ქველის სახელმწიფო სამანთა
სისრულეს: ტრაპეზუნდ-ლაზეთის ხაზიდან მტკვრის ქვემო წელამდე და
კავკასიონიდან არაქსამდე.
ქართლი წინა აზიაში სიმძლავრით პირველი სახელმწიფო იყო.
პართია კი ვერ ურიგდებოდა პირველობის წართმევას. მეფე ვოლოგეზ III
ფარსმანის წინააღმდეგ საჩივარს საჩივარზე აგზავნიდა რომში. მაგრამ იმპერატორი
ანტონინუს პიუსი არ ჰღალატობდა ქართველთა მეგობრობას.
58
მაშინ ვოლოგეზმა ციხის შიგნიდან გატეხვა მოინდომა. მან იცოდა, რომ
ქართველთა მეფეს ქვეყნის შიგნით, „წვრილ ერზე“ ზრუნვისათვის, ბევრი
წარჩინებული აზნაური მტრად ჰყავდა გადაკიდებული.
ფარსმანს ბიძაშვილი ჰყავდა, სახელად მირდატი, „კაცი ურვილი და მოსისხლე“.
მირდატი ქართლის მეფობაზე ოცნებობდა და მეფე-ბიძაშვილს სასიკვდილო მახესაც
უგებდა. თან პართელთა დიდი იმედი ჰქონდა, ვოლოგეზს დაუმოყვრდა, _ მისი ახლო
ნათესავი შეირთო ცოლად. პართიის მეფეც ყოველნაირად აქეზებდა ტახტის მაძიებელ
სიძეს.
მირდატმა ერთხელ ფარსმანს ნადიმი გაუმართა. მაგრამ მეფეს წინასწარ აცნობეს,
ნადიმზე სიკვდილი გელოდებაო და ისიც არ მივიდა ნადიმად.

მირდატს მცხეთაში
აღარ დაედგომებოდა და პართიაში გაიქცა.
მალე იგი დიდძალი პართიული არმიებით მოადგა ქართლს. გაეგება ფარსმან
მეფე ქართლიდან და სომხეთიდან გამოხმობილი ჯარებით.
ბრძოლის დაწყებამდე „ბუმბერაზთა“ ორთაბრძოლები გაიმართა.
ტოლი არავინ გამოუჩნდა თვითონ ხელმწიფეს. საკუთარი ხელით განგმირა
რამდენიმე პართიელი „ბუმბერაზი“. მათ შორის „გოლიათი, სახელით ჯუმბერ,
რომელი ლომსა ხელით შეიპყრობდა... აჯობა ფარსმან, ჩამოაგდო და მოკლა, და მოიქცა
სპისა თვისისა კერძო, და ხმაყო ხმითა მაღლითა და რქუა მათ: „აჰა, ლომნო
მძვინვარენო, ცხოვარნი დასეტყვილნი!“
ქართველები და სომხები მტერს მიესივნენ, „აოტნეს და მოსწყვიდნეს და ტყუე
ყვნეს ურიცხვნი“. მირდატმა ძლივს გაასწრო პართიას.
მირდატი მაინც არ ცხრებოდა. ხელმეორედ მოვიდა იგი ურიცხვი ჯარით
პართიიდან.

ფარსმანს „არა ჰყვნეს სპანი მირდატის სპათა ოდენნი“. მაგრამ მაინც
გავიდა ფარსმან გულფიცხელად; დილით რიჟრაჟზე შეება მტერს. კვლავ დამარცხდნენ
პართიელები. ფარსმანმა კვლავ „აოტა ბანაკი მათი და მოსწყვიდნა ურიცხვნი“.
ძლეულმა მირდატმა ისევ გაქუსლა პართიისაკენ.
ფარსმანმა გადაწყვიტა, ერთხელ და სამუდამოდ აღეკვეთა პართელთათვის
ქართლზე ლაშქრობის სურვილი, ამიტომ მან ერთხელ კიდევ ძლევამოსილად ილაშქრა
თვითონ პართიაში. შესაძლოა, ქტესიფონიც აიღეს ქართველებმა. ისინი დიდი
ნადავლითა და სახელით დაბრუნდნენ უკან.
ყველასათვის საცნაურ იქნა _ იარაღის ძალით არვის ძალუძდა ძლევა ფარსმანისა,
ხოლო მტერი არ ისვენებდა, არც შინაური, არც გარეული.
ისევ დაუგეს სასიკვდილო ხვანჯები მეფეს.
პართიელები და მცხეთელი დიდკაცები მოქმედებდნენ ერთად, შეფარვით,
იდუმალი მზაკვრობით.
მკვლელობა მოხდა უბრალოდ.
მზარეული მოისყიდეს და შეუჩინეს.
იმ მზარეულმა საწამლავი შეაყოლა საჭმელს.
და მოკვდა ფარსმან ქველი.
„მაშინ იქმნა გლოვა და ტირილი, და ტყება ყოველთა ზედა ქართველთა
წარჩინებულითგან ვიდრე გლახათმდე. და იტყებდეს ყოველნი თავთა თვისთა
ყოველთა შინა ქალაქთა და დაბნებთა, რამეთუ დასხდიან მგოსანნი გლოვისანი, და
შეკრბიან ყოველნი და ახსენებდიან სიმხნესა და სიქუელესა, და სიშუენიერესა და
სახიერებასა ფარსმან ქუელისასა“.
მოვიდა მირდატ პართიელთა ლაშქრით და დაჯდა მცხეთას.
არმაზ-ციხეში პართიელი პიტიახში ჩადგა ჯარით.
59
მაგრამ ქართველებმა არ გაიმეფეს მოძალადე.
დასავლეთ საქართველოდან ეგრთა (მეგრელთა) ძლიერი ჯარი გადმოვიდა.
სომხეთიდანაც ჩამოიყვანეს დამხმარე ძალა.
ლიახვზე მომხდარ დიდ ბრძოლაში პართიელები განადგურდნენ.

მირდატი და
პართიელი პიტიახში ბრძოლაში დაეცნენ.
ქართლის ტახტზე ავიდა ქსეფარნუგ.
„ვაება ვაებისა“
კვლავ ძლიერი გვირგვინოსანი განაგებდა ქვეყანას.
სიმძლავრე და სიდიადე არ დაუკარგავს ქართველთ სამეფოს ქსეფარნუგის დროს.
დიდი ბრძოლებიც გადაიხადა ქართულმა მხედრობამ, დიდი წარმატებით და
ძლევამოსილებით.
დროის გმირი იყო ახალგაზრდა ეზოსმოძღვარი იოდმანგანი, ძე ფარსმან ქველის
ეზოსმოძღვარი აგრიფასი.
იოდმანგანს უმშვენიერესი და უკეთილშობილესი მეუღლე ჰყავდა, სახელად
სერაფიტი, ასული ფარსმან ქველის პიტიახშ ზევახისა.
უსმინე, კეთილო მკითხველო, ეპიტაფიას არმაზის ხევში გამოთხრილ და მზის
სინათლეზე აღმოხდენილ საფლავის ქვაზე:
მე ვარ სერაფიტი,
ასული ზევახისა,
ფარსმან მეფის

პიტიახშისა,
მეუღლე იოდმანგანისა.
ძლევამოსილისა
და მრავალი გამარჯვების მომპოვებელი
ეზოის მოძღვრისა ქსეფარნუგ მეფისა _
ძისა აგრიფა ეზოის მოძღვრისა ფარსმან მეფისა,
ვაება ვაებისა!
ის, ვინც იყო
ახალგაზრდა,
და იმდენად კეთილი
და მშვენიერი, რომ
არავინ იყო
მსგავსი მისი
სილამაზითა.
და აღესრულა ოცდაერთი წლის!
უსაზღვრო სიყვარული სიცოცხლისადმი, პატივი სიკეთისადმი, თაყვანი
სიმშვენიერისადმი, ძრწოლა არყოფნისადმი, სინანული ამაოებისადმი, კაეშანი
სიცოცხლე-სიმშვენიერის ნაადრევად შემუსვრა _ დამიწებისადმი!
ყოველივე ეს იცქირება ათას რვაასი წლის წინ პირდახშულ აკლდამიდან..

გვერდი 1  გვერდი 2  გვერდი 3  გვერდი 4   გვერდი 5   გვერდი 6   გვერდი 7  გვერდი  8