EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ბიზნეს გეგმის შედგენა (შაბლონი) გვ. 2 »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: admin

თარიღი: 2014-04-11 14:57:03

ბიზნეს გეგმის შედგენა (შაბლონი) გვ. 2

საფეხური მეორე: მიზნების ჩამოყალიბება

 

ახლა, როცა ხელი მოჰკიდეთ თქვენი კომპანიის პროფილის განსაზღვრას, დროა იფიქროთ მის მომავალზე. კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით საშუალება მოგეცემებათ განსაზღვროთ მარკეტინგული გეგმის მიზანი. ამის შემდეგ უნდა ჩამოაყალიბოთ თქვენი ამოცანები და განსაზღვროთ მათი პრიოტიტეტები. ამ პროცესში უნდა გაითვალისწინოთ მთელი რიგი საკითხები:


• როგორია თქვენი მომავალი წლის და მომდევნო ხუთი წლის მარკეტინგული მიზნები შემდეგ საკითხებთან მიმართებაში: მთლიანი რეალიზაცია; საცალო რეალიზაცია; მოგება; საბაზრო წილი; კლიენტების ბაზის გაფართოება; პროდუქტების/მომსახურების გაფართოება; ორგანიზაციის შიდა ცვლილებები? 
• რა პრობლემები გაქვთ მარკეტინგში?
• რა შესაძლებლობებს/წინააღმდეგობებს მოელით მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში?
• რას გააკეთებენ თქვენი კონკურენტები მომავალი ხუთი წლის განმავლობაში? როგორ ფიქრობთ, გაიზრდება კონკურენცია თუ შემცირდება?


ამ კითხვებზე პასუხის გაცემით განსაზღვრავთ, თუ სად გსურთ, რომ იყოთ (მიზნები) და როგორ უნდა მოხვდეთ იქ (სტრატეგია). ჩამოყალიბებული მიზნები დაგეხმარებათ იყოთ მიზანდასახული, და რაც უფრო მნიშვნელოვანია, გიჩვენებთ თქვენი ძალისხმევის წარმატებულობის საზომს.


თქვენს მიერ ჩამოყალიბებული მიზნები განსაზღვრავს მარკეტინგულ გეგმას. რადგან მის გადაწყვეტილებებს დიდი გავლენა აქვს კომპანიის ადამიანურ და ფინანსურ რესურსებზე, მეტად მნიშვნელოვანია თქვენი მიზნები იყოს რეალისტური. 


არსებობს ცვლადი სიდიდეები, რომლებიც გავლენას ახდენს მარკეტინგულ გეგმაზე. ამ ფაქტორების განხილვა დაგეხმარებათ რეალისტური გადაწყვეტილებები მიიღოთ სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის. ეს ცვლადები შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ფაქტორებს:


• ბიუჯეტის შეზღუდვები
• მარკეტინგული ხერხების შეზღუდული ცოდნა
• თქვენი საბაზრო კლიმატი
• შეხედულება თქვენი ბიზნესის შესახებ.


სამწუხაროდ, მრავალი მარკეტინგული გეგმა შეზღუდულია ბიუჯეტის მხრიდან. შეიძლება ამ შეზღუდვების თავიდან აცილება შეუძლებელი იყოს. მაგრამ თუ სწორად არ განსაზღვრავთ თქვენს შესაძლებლობებს, არარეალისტური გადაწყვეტილებების მიღებას დასასრული არ ექნება.

საფეხური მესამე: მარკეტინგული მიქსის განსაზღვრა


ინფორმაციის მოძიება უნდა მოიცავდეს:
მარკეტინგის ოთხ “P” –ს:  
პროდუქტი/მომსახურება    Product
ფასი    Price
ადგილმდებარეობა    Place
განვითარების ხელშეწყობა   Promotion


საჭიროა, რომ ეს ოთხი კომპონენტი მუშაობდეს შეთანხმებულად, რათა უზრუნველყონ მარკეტინგული სტრატეგიის ეფექტიანობა. მაგალითად, რაგინდ მაღალი ხარისხის იყოს თქვენი პროდუქტი/მომსახურება, როგორი მიზენშეწონილი ფასები და ხელსაყრელი ადგილმდებარეობაც არ უნდა გქონდეთ, არავინ მოვა თქვენი პროდუქტის შესაძენად, თუ არასოდეს გაუგია თქვენს შესახებ (რეკლამა).


პოზიციონირება


პოზიციონირება – ეს არის ის, რაც კონკურენციის გარეთ გაყენებთ. პოზიციის ეფექტიანი განსაზღვრა ბიზნესის ყველა მფლობელის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. თქვენი განსაკუთრებული პოციზია შეიძლება ემყარებოდეს მომსახურებას, ფასს, ხელსაყრელობას ან იმიჯს და იყოს საკუთარი საბაზრო ნიშა.  




საფეხური მეოთხე: სტრატეგია და აღსრულება


მიუხედავად იმისა, როგორია თქვენი გეგმები, სტრატეგია და მისი განხორციელება ყოველთვის შეზღუდულია ფინანსური რეალობებით. ბიუჯეტის შედგენის იდეალური მეთოდია ობიექტური და ნორმირებული მეთოდი, სადაც დანახარჯი განისაზღვრება ამა თუ იმ ამოცანის შესასრულებლად საჭირო თანხის ოდენობით. მაგრამ უმეტესობისთვის ეს არარეალური მეთოდია: ამით ბიუჯეტი შეავიწროებს შესაძლებლობის ჩარჩოებს. ამრიგად, ჩვენი რჩევაა შეადგინოთ ფულადი სახსრების მიმოქცევის ანგარიში, რათა განსაზღვროთ მარკეტინგული გეგმის შედგენისთვის საჭირო სახსრები. ამის შემდეგ, როცა მიზნები, მარკეტინგული მიქსი და ბიუჯეტი ჩამოყალიბებული გაქვთ, შეგიძლიათ იფიქროთ სტრატეგიის შემუშავებაზე. 


მარკეტინგის ორი ძირითადი ტიპი არსებობს: რეკლამა და საზოგადოებრივი ურთიერთობები (PR). მათი განმასხვავებელი არის ფული. რეკლამა ფასიანია (მაგ. დროისა და სივრცის შეძენა ადგილობრივი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში), ხოლო საზოგადოებრივი ურთიერთობები – არა (თქვენი ბიზნესის მოქალაქეთა ყურადღების ცენტრში ყოფნა საზოგადოების განვითარებაში წვლილის შეტანის მეშვეობით). ორივე სტრატეგია ემსახურება ინფორმაციის მიწოდებას თქვენი პროდუქტის/მომსახურების შესახებ. რეკლამა ამას ახორციელებს უფრო აშკარად, ხმაურით (რეკლამები ჟურნალ-გაზეთებში, ტელევიზიასა და რადიოში, ბროშურები, საფოსტო გზავნილები), ხოლო საზოგადოებრივი ურთიერთობები ხელს უწყობს კომპანიის იმიჯის ამაღლებას სამიზნე აუდიტორიის თვალში (მოხალისეთა მუშაობა, საქველმოქმედო საქმიანობა, სპონსორობა, პრეს-რელიზები).


აუცილებლად გაითვალისწინეთ საკმარისი სახსრები რეკლამისათვის ფულადი ნაკადების მიმოქცევის პროგნოზში და რეგულარულად აკონტროლეთ იგი, რათა დარწმუნდეთ, რომ ეფექტიანად ხარჯავთ მარკეტინგისათვის გამიზნულ თანხებს.  




საფეხური მეხუთე: მარკეტინგული გეგმის მომზადება წერილობით


წერილობითი მარკეტინგული გეგმა შედგება ზემოთ განხილული ყველა საფეხურიდან მიღებული ინფორმაციისაგან. შეეცადეთ, რომ მარკეტინგული გეგმა იყოს რაც შეიძლება კომპაქტური და კონკრეტული. იდეებს დაურთეთ სათანადო ხარჯთაღრიცხვა და გრაფიკები. განაახლეთ გეგმა წელიწადში ერთხელ მაინც (ან როცა თქვენი მიზნები და გარემოებები შეიცვლება).  




საფეხური მეექვსე: შედეგების აღრიცხვა


მარკეტინგული ძალისხმევის გაზომვის ერთადერთი საშუალებაა შედეგების აღრიცხვა. უნდა იცოდეთ თქვენი წარმატებები და ჩავარდნები, რათა შეძლოთ შემდგომი სრულყოფა. ეს კვლება ზუსტად იგივენაირად შეიძლება ჩატარდეს, როგორც ზემოთ აღწერილი საწყისი კვლევა. ფაქტობრივად, შედეგების შემოწმებით მიღებული ინფორმაცია საფუძვლედ დაედება სამომავლო მიზნების ჩამოყალიბებეს. 


მარკეტინგი ციკლური პროცესია. როცა ფიქრობთ, რომ ყველაფერი დამთავრდა, სწორედ ის დროა, ყველაფერი თავიდან დაიწყოთ. ამგვარად, მარკეტინგი გახდება და უნდა გახდეს თქვენი ყოველდღიური საქმიანობის შემადგენელი ნაწილი. როცა დილით ოფისის კარს გააღებთ, გაიხსენეთ წინამდებარე განყოფილებაში ნასწავლი ყველა ელემენტი: თქვენი პროდუქტი/მომსახურება, კლიენტები, კომპანია, კონკურენცია და ბაზარი. გაიხსენეთ ასევე თქვენი კომპანიის მიმდინარე მიზნები. განსაზღვრეთ რეკლამის შესაძლებლობები. კიდევ ერთხელ გადახედეთ მარკეტინგულ გეგმას. ვერც კი მოასწრებთ გააცნობიეროთ, ისე გახდება მარკეტინგი თქვენი სამუშაო დღის განუყოფელი ნაწილი.


მარკეტინგული გეგმა, არსებითად, არის სტრატეგია, რომელიც გეხმარებათ “განსაზღვროთ, რაც სურს თქვენს კლიენტებს და მიაწოდოთ იგი.” თითოეული ელემენტი არის მთელის განუყოფელი ნაწილი, ამრიგად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მარკეტინგული გეგმა მოიცავდეს ყველა ამ სპეციფიკურ კომპონენტს.   
 

ფულადი ნაკადების მიმოქცევის მართვა


ფულადი ნაკადების მიმოქცევის უწყისი ფინანსური დაგეგმვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ხელმისაწვდომი ნაწილია. იგი საშუალებას გაძლევთ არა მხოლოდ მართოთ თქვენი ბიზნესის რენტაბელობა, არამედ შეინარჩუნოთ საკუთარი ადგილი ბაზარზე (გაიხსენეთ, რომ თქვენი მთავარი მიზანია, არ გამოვარდეთ ბიზნესიდან). ეს უწყისი გაწვდით ინფორმაციას იმ ფორმატში, რომ შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ბიზნესში ფულადი ნაკადების შემომავალ და გამავალ ნაკადებს დროის გარკვეულ მომენტში (როგორც წესი, ეს არის ერთი წლის მონაცემები, დაყოფილი თვეებად). ფორმატი საშუალებას იძლევა ასევე, გააკეთოთ ფულადი ნაკადების სამომავლო პროგნოზი. დახარჯების წინასწარი ცოდნა საშუალებას გაძლევთ დაგეგმოთ ხარჯები და თავიდან აიცილოთ სესხის აღება გაუთვალისწინებელი ფულადი საჭიროების დასაფარავად. ამრიგად, ფულადი ნაკადების პროგნოზი ხდება თქვენი წლიური ბიუჯეტი.
ფულადი ნაკადების მიმოქცევის უწყისის შესადგენად გჭირდებათ სოლიდური ფინანსური ინფორმაცია. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს გამოყენებული საბუღალტრო სისტემის ფარგლებში, რომელიც მოგაწვდით მასალას სამი ფინანსური დოკუმენტის შესაქმნელად. ესენია: საბალანსო უწყისი, მოგება-ზარალის უწყისი და ფულადი ნაკადების მიმოქცევის უწყისი. საბალანსო უწყისი აღრიცხავს თქვენი ბიზნესის მდგომარეობას ნაღდი ფულის მხრივ დროის მოცემულ მომენტში (ლიკვიდობა); მოგება-ზარალის (შემოსავლების) უწყისი გვიჩვენებს ბიზნესის შესრულების წარმატებულობას დროის გარკვეულ პერიოდში (მთლიან გაყიდვებს გამოკლებული ხარჯები); ხოლო ნაღდი ფულის მიმოქცევის უწყისი გვიჩვენებს, თუ რამდენად ეფექტიანად მართავს კომპანია ფულად ნაკადებს (შემოსულ ფულს გამოკლებული ხარჯები).
ინფორმაცია, რომელიც აკუმულირებულია ფულადი ნაკადების მიმოქცევის სოლიდურ, დეტალურ უწყისში, გვიჩვენებს:
1. სახსრების ოდენობას, რომელიც თქვენს ბიზნესს სჭირდება პერიოდულად (თვიურად, კვარტალურად, წლიურად);
2. როდის არის სახსრებზე მოთხოვნა დროის ამ პერიოდებში;
3. რას უნდა მოელოდეთ: მოგებას, ვალს, კაპიტალს თუ აქტივების გაყიდვას;
4. რა წარმოშობისაა შემომავალი ფულადი ნაკადები.
ყოველთვიურად შეგიძლიათ შეადაროთ მიმდინარე შესრულება პროგნოზებს და შეიტანოთ შესწორება სამომავლო პროგნოზში, რომ იგი მიუახლოვდეს რეალობას. თუ შემომავალი ნაკადების სიჩქარე პროგნოზირებულს მნიშვნელოვნად ჩამორჩება, შეამოწმეთ, რამე შეფერხება ხომ არ გაქვთ გაყიდვებში ან დებიტორული დავალიანების ამოღებაში. მიმდინარე შედეგების დაგეგმილთან შედარებით შეძლებთ გამოავლინოთ კორექციული ღონისძიებების აუცილებლობა.  
იგი გვიჩვენებს ფულის ყოველთვიურ შემომავალ და გამავალ ნაკადებს ერთწლიან პერიოდში. ამ ინფორმაციაზე (და ბიზნესის შესახებ საკუთარ ცოდნაზე) დაყრდნობით შეგიძლიათ შეადგინოთ ფულადი ნაკადების მიმოქცევის პროგნოზი.   


შემდეგ გვერდზე მოცემულია სტანდარტული ფულადი ნაკადების მიმოქცევის პროგნოზი. ინფორმაციის უმეტესობა, რომელიც გჭირდებათ ამ პროგნოზის შესადგენად, თავმოყრილია ორ დოკუმენტში. ესენია მოგება-ზარალის უწყისი (შემოსავლები და ხარჯები) და საბალანსო უწყისი (დებიტორული დავალიანება და მარაგები). ციფრებთან მუშაობა შეგიძლიათ ხელით ან კომპიუტერის მეშვეობით. დაიხმარეთ ბუღალტერი ამ პროცესში. 




ფულადი ნაკადების მიმოქცევის პროგნოზის ანალიზი

ფულადი ნაკადების მიმოქცევის პროგნოზის შედგენა მხოლოდ პირველი ნაბიჯია. საჭიროა ამ თავმოყრილი ინფორმაციის ანალიზი.
რა რაოდენობით დამჭირდება ნაღდი ფული?
ფულადი ნაკადების მიმოქცევის პროგნოზის შედგენა განსაკუთრებით სასარგებლოა ისეთი ხარჯების გასათვალისწინებლად, რომლებიც არარეგულარულია, მაგალითად, კომპიუტერული სისტემის ინსტალაცია ან ოფისის რემონტი და თანამშრომელთა სეზონური დაქირავება. 
როდის დამჭირდება ფული?
ფულადი ნაკადების მიმოქცევის პროგნოზის შედგენა საშუალებას გაძლევთ, გააკეთოთ კალენდარზე ნიშნულები, თუ როდის უნდა მოელოდეთ ფულის გადინებას ან შემოდინებას ორგანიზაციაში და დაგეგმოთ.


საიდან მივიღებ ფულს?
ფულის გენერირება ძირითადად ხდება გაყიდვებიდან, მაგრამ ყველანაირი გაყიდვებიდან არა. თუ თქვენი ბიზნესი სთავაზობს კრედიტს, ვადიან გადახდებს, უნდა იცოდეთ, როდის დაგიბრუნდებათ იგი (თუ დაგიბრუნდებათ) ფულის სახით. ეს პროგნოზები ქმნის ბიუჯეტის ბაზისს და ამცირებს ლიკვიდობის პრობლემებს.    
სად ვკარგავ ფულს?
ბიზნესის სახესხვაობაზე დამოკიდებულებით, თქვენი მიმდინარე აქტივების უმეტესობა მოდის დებიტორულ დავალიანებასა და მარაგებზე. ამ აქტივების სათანადოდ მართვისთვის უნდა იცოდეთ:
1. დებიტორული დავალიანებისა და მარაგების ასაკი;
2. დებიტორული დავალიანებისა და მარაგების ბრუნვა;
3. დებიტორული დავალიანების კონცენტრაცია (კლიენტების რაოდენობა, მათი დებიტორული დავალიანების რაოდენობა, რა პროდუქტებს ფარავს დებიტორული დავალიანება)
4. მარაგების კონცენტრაცია პროდუქტების ხაზის მიხედვით







ფულადი ნაკადების მიმოქცევის ციკლი
 
მარაგების მართვა რთული საქმეა. თუ თქვენი ინვენტარი სწრაფად იყიდება, შეიძლება დადგეთ მარაგების ამოწურვის საფრთხის წინაშე ან დიდი ოდენობით მარაგების ყიდვისგან მიღებული ფინანსური უპირატესობების დაკარგვის წინაშე. მეორე მხრივ, თუ ჭარბი მარაგები გაქვთ, ამით შეიძლება ბოჭავდეთ ფულს, მაშინ, როცა თქვენი მარაგები ძველდება და გამოუსადეგი ხდება. ამასთან, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ბანკები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან მარაგების ხარისხით. მარაგების სწორი პოლიტიკის არსებობა არა მარტო დაგეხმარებათ ინვენტარის ხარისხის ამაღლებაში, იგი თქვენს ბიზნესს უფრო სანდოს გახდის ბანკის თვალში, რაც დაფინანსების მოპოვების შანსებს ზრდის.
შედგენილი ფულადი ნაკადების მიმოქცევის პროგნოზი შეიძლება გამოიყენოთ როგორც ბიუჯეტი. თუ მოცემული მუხლის დანახარჯები დროში იზრდება, გამოავლინეთ მისი მიზეზი და მიიღეთ კორექციული ზომები. თუ დანახარჯები მოსალოდნელზე დაბალია, გადახედეთ საბუღალტრო ჟურნალებს და გადაამოწმეთ, გადახდილი გაქვთ თუ არა ყველა ანგარიში.   




შესრულების გაზომვა: სასიცოცხლო ნიშნები
როგორც ადამიანის ჯანმრთელობის კონტროლი შეიძლება რამდენიმე მნიშვნელოვან მახასიათებელზე თვალყურის დევნებით, ისე ბიზნესის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბარი შეიძლება რამდენიმე სასიცოცხლო პარამეტრის მიხედვით. ყველა ბიზნესისთვის საერთოა გაყიდვების აუცილებლობა და ყველა მათგანმა უნდა აჩვენოს მოგება გარკვეულ მომენტში. ამ ორი სასიცოცხლო პარამეტრის გარდა არსებობს სხვა საზომებიც, მაგრამ ისინი შეიძლება ყველა ბიზნესისთვის სხვადასხვა იყოს.
ისეთი ბიზნესისთვის, სადაც კლიენტი ადგილზე იხდის, არ იქნება მნიშვნელოვანი დებიტორული დავალიანების ვადიანობა. მომსახურების სფეროს არ სჭირდება მარაგების განსაკუთრებული ოდენობა. ბიზნესის ბუნება მიგითითებთ, თუ რომელი ფაქტორი უნდა გაკონტროლდეს ყველაზე მეტად. 


ფინანსური ანგარიშების გამოყენება
სიცოცხლისუნარიანი ბიზნესის უმეტესობა კარგად იყენებს ფინანსურ მონაცემებს, მაგრამ ბევრი მფლობელი/მენეჯერი არ თვლის საჭიროდ გადახედოს ციფრებს. ფინანსური ანგარიშების ამომწურავი გაანალიზების გარეშე მენეჯმენტის გადაწყვეტილებები გახდება მხოლოდ მიხვედრაზე დაფუძნებული.  
როგორც მეწარმეთა გამოკითხვამ აჩვენა, ფულადი ნაკადების მიმოქცევის უწყისი თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური დოკუმენტია.  
მაგრამ არსებობს კიდევ ორი უმნიშვნელოვანესი ანგარიში:
• მოგება-ზარალის უწყისი (საშემოსავლო უწყისი)
• საბალანსო უწყისი
მოგება-ზარალის უწყისი წარმოადგენს კომპანიის ფინანსურ შესრულებას დროის კონკრეტულ მონაკვეთში. იგი წარმოადგენს გაყიდვებისა და ხარჯების შედარების ინსტრუმენტს. 
გადავხედოთ ქვემოთ მოცემულ მოგება-ზარალის უწყისს. მისი პირველის სვეტი გვიჩვენებს, რომ წმინდა რეალიზაცია (გაყიდვები) იანვრიდან ივნისის ჩათვლით იყო $200,000. მეორე სვეტის მიხედვით, რეალიზაცია დროის იგივე პერიოდისთვის გაიზარდა $300,000-მდე – მოხდა მნიშვნელოვანი ზრდა. ეს შეიძლება იყოს სეზონური პიკის მაჩვენებელი ან მიუთითებდეს ზოგადად რეალიზაციის ზრდის ტენდენციაზე.
ახლა ყურადღება მივაქციოთ მთლიან მოგებას (სხვაობა გაყიდვებსა და ხარჯებს შორის). პირველი პერიოდისთვის იგი უტოლდებოდა $105,000-ს. მეორე პერიოდისთვის გაიზარდა $131,000-მდე. მაგრამ თუ განვიხილავთ, როგორც გაყიდვების პროცენტს, ეს პარამეტრი რეალურად დაეცა 52%-დან 44%-მდე. ბოლო სტრიქონი გვიჩვენებს, რომ კომპანიამ მეორე პერიოდში განიცადა ზარალი.
ამის ასახსნელად განვიხილოთ მოგება-ზარალის უწყისი უფრო დაწვრილებით. უპირველესად, ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ პროდუქტის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა. შემდეგ შევნიშნოთ, რომ დაქირავებული მუშახელის რიცხვი 14,000-ით გაიზარდა. ორივე ამ ფაქტორმა განაპირობა ზარალი და ეს ფაქტი უნდა იქნას გათვალისწინებული ხარჯების შემცირების დროს.
 მოგება-ზარალის უწყისი
სვეტი I  სვეტი II
იანვარი - ივნისი ივლისი - დეკემბერი


რეალიზაცია
პროდუქტი $182,000 91% $280,000 93%
სხვა 41,000 20% 70,000 23%
შემოსავლები და ანარიცხები  (23,000) -12% (50,000) -17%
წმინდა რეალიზაცია    2000,000 100% 300,000 100%

 საქონლის ღირებულება
პროდუქტის ღირებულება 62,000 31% 110,000 37%
საკომისიო 17,000 8% 26,000 9%
დაქირავებული მუშახელი 11,000 6% 25,000 8%
ფრახტი 5,000 2% 8,000 3%
გაყიდული საქონლის მთლიანი ღირებულება:
95,000 48% 169,000 56%

მთლიანი შემოსავალი 105,000 52% 131,000 44%

ხარჯები
ხელფასები 50,000 25% 67,000 22%
იჯარა 7,000 4% 10,000 3%
კომუნალური ხარჯები 1,200 1% 2,000 1%
დაზღვევა 1,000 0% 1,300 0%
მარკეტინგი 7,500 4% 7,000 6%
მოგზაურობა 4,200 2% 8,000 3%
კლიენტების გართობა 1,300 1% 5,200 2%
ტელეფონი 3,400 2% 5,000 2%
აღჭურვილობის შეკეთება 1,600 1% 2,400 1%
ტექნიკის ლიზინგი 4,300 2% 7,400 2%
პროფესიული ხარჯები   800 0% 2,600 1%
ცვეთა 1,700 1% 2,200 1%
საპროცენტო ხარჯები 2,100 1% 2,100 1%
სხვადასხვა 3,500 2% 6,500 2%
მთლიანად ხარჯები 89,600 45% 138,700 46%

მოგება დაბეგვრამდე (ზარალი) 15,400 8% (7,700) -3%


საბალანსო უწყისი
საბალანსო უწყისი გიჩვენებთ თქვენი ბიზნესის ფინანსურ მდგომარეობას დროის კონკრეტულ მომენტში, გაძლევთ რა თქვენს საკუთრებაში არსებული აქტივების, ვალდებულებებისა და კაპიტალის ჩამონათვალს. განვიხილოთ ქვემოთ მოცემული საბალანსო უწყისის #1 ნიმუში. ამ კონკრეტულ მაგალითში კომპანიას აქვს პოზიტიური სოლიდური წმინდა კაპიტალი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და მიმზიდველი მასახიათებელია პოტენციური კრედიტორებისა და ინვესტორებისათვის. 
ახლა გადავხედოთ #2 საბალანსო უწყისს. იგი ზრდადი კომპანიის ტიპობრივი მაგალითია. თუმცა წმინდა კაპიტალი ისევ დადებითია, კრედიტორული დავალიანება მნიშვნელოვნად გაზრდილია $50,00-დან $90,000-მდე. აქტივების მხარეს დებიტორული დავალიანება ორ ჯერზე მეტად გაიზარდა, მარაგებიც დიდია, მაგრამ ფულადი ნაკადები მნიშვნელოვან შემცირებას განიცდის.
ეს ახალი და ზრდადი კომპანიის ტიპობრივი სცენარია. როცა გაყიდვები იზრდება, კომპანიამ თანადროულად უნდა მოახდინოს ინვესტირება მარაგებში, გაზარდოს კრედიტორული დავალიანება და აიღოს მოკლევადიანი სესხი ამ ცვლილებების დასაფინანსებლად. მაგრამ თუ სიტუაცია გაგრძელდება, ბიზნესი მოკლე ხანში აღმოჩნდება ფულის ნაკლებობისა და დამატებით კაპიტალის საჭიროების წინაშე.   


საბალანსო უწყისის ნიმუშები
ნიმუში #1
ნიმუში # 1
მიმდინარე აქტივები მიმდინარე ვალდებულებები
ნაღდი ფული $ 20,000 რედიტორული დავალიანება   $ 50,000
დებიტორული დავალიანება  30,000 გადასახდელი თამასუქები             0
მარაგები   35,000 გადასახდელი პროცენტი             0
წინასწარი ხარჯები    7,000 გადასახადები                   6,000


ფიქსირებული აქტივები     გრძელვადიანი ვალდებულებები
მიწა   40,000 გადასახდელი თამასუქები  125,000
შენობა  120,000
რემონტი   15,000 სულ ვალდებულებები  181,000
დანადგარები   10,000
ავეჯი    4,000 წმინდა კაპიტალი       100,000


სულ აქტივები 281,000 მთლიანი ვალდებულებები და წმინდა კაპიტალი                                                           281,000




ნიმუში # 2
მიმდინარე აქტივები მიმდინარე ვალდებულებები
ნაღდი ფული $ 10,000 კრედიტორული დავალიანება $ 90,000
დებიტორული დავალიანება  65,000 გადასახდელი თამასუქები   20,000
მარაგები   60,000 პროცენტი                0
წინასწარი ხარჯები    5,000 გადასახდელი გადასახადები   10,000


ფიქსირებული აქტივები გრძელვადიანი ვალდებულებები
მიწა   40,000  გადასახდელი თამასუქები  120,000
შენობა  120,000
რემონტი   15,000 სულ ვალდებულებები  240,000
დანადგარები   20,000
ავეჯი    6,000 წმინდა კაპიტალი  101,000


სულ აქტივები   341,000    მთლიანი ვალდებულებები და წმინდა კაპიტალი                                                                341,000
გარეგანი შედარებები
მიმდინარე ანგარიშების თქვენივე წინა მონაცემებთან შედარების გარდა მრავლისმომცემია თქვენი ბიზნესის სხვადასხვა ანალოგიურ ბიზნესთან შედარება (თუ არის ხელმისაწვდომი ბიზნესასოციაციების ან ოფიციალური კვლევების, სტატისტიკის მეშვეობით). დარგის საშუალო მონაცემები საშუალებას მოგცემთ, შეადაროთ თქვენი კონკრეტული პუნქტები, მაგალითად, მთლიანი შემოსავლიანობა, საქონლის ფასები, ამოღების საშუალო პერიოდი და ა.შ. ამავე დარგში მომუშავე სხვა კომპანიებთან. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ანალიზი არაზუსტია და თქვენი ბიზნესის პარამეტრების გადახრას დარგის საშუალო პარამეტრებიდან შეიძლება მნიშვნელოვანი საფუძველი ჰქონდეს, იგი შეიძლება თქვენი ფინანსური შემოწმების ნათლისმომფენი ნაწილი იყოს. 


  
ბიზნესის დაფინანსება
ნებისმიერი ბიზნესის სასიცოცხლო ციკლში დგება მომენტი, როდესაც აუცილებელი ხდება დამატებითი სახსრების მოზიდვა მოძველებული დანადგარების გამოსაცვლელად, ფულადი ნაკადების არათანაბარი მიმოქცევის გასაწონასწორებლად და ა.შ. თუ ბიზნესს არ აქვს სათანადო თანხები, ამისათვის არსებობს ოთხი წყარო:
• აქტივების გაყიდვა
• ახალი ან საინვესტიციო კაპიტალი
• მოგება
• სესხი.
მოგებიდან მიღებული სახსრები საუკეთესო გამოსავალია. მაგრამ გაფართოებადი ბიზნესის უმეტესობას არ გააჩნია ასეთი არჩევანი და ამ შემთხვევაში ბანკი ხდება საუკეთესო გამოსავალი. 
მაგრამ სესხისთვის განაცხადის შეტანა არ ნიშნავს უსათუოდ მის მიღებას. რატომ? ორი მიზეზის გამო: სესხის გაცემა დიდ რისკთანაა დაკავშირებული ან განაცხადი არ შეიცავს ძლიერ, ამომწურავ, დამაჯერებელ ინფორმაციას. 
ეფექტიან საკრედიტო განაცხადს აქვს ორი აუცილებელი კომპონენტი: უახლესი ბიზნესგეგმა და სწორად შევსებული ბანკის საკრედიტო განაცხადის ფორმა. ბანკების უმეტესობის განაცხადის ფორმა მოითხოვს თითქმის იგივე ინფორმაციას, რასაც შეიცავს ბიზნესგეგმა. მაგრამ არც იფიქროთ მიმართოთ ბანკს, თუ არა გაქვთ ბიზნესგეგმა მაშინაც კი, თუ ბანკი არ მოითხოვს მის წარდგენას. თქვენ თვითონ გჭირდებათ ბიზნესგეგმა, რათა იცოდეთ, რა ოდენობის თანხა გჭირდებათ და რატომ აქვს აზრი სესხის აღებას ამ კონკრეტულ პერიოდში.     


რა ტიპის სესხი მჭირდება?
არსებობს სესხის სამი ძირითადი ტიპი: მოკლევადიანი, საშუალო და გრძელვადიანი სესხები. იმისათვის, რომ გამოავლინოთ თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი, უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:
1. რისთვის გამოვიყენებ ამ თანხას?
2. რა რაოდენობით ფული მჭირდება? მინიმუმი? მაქსიმუმი?
3. დროის რა პერიოდისთვის მჭირდება ფული?
4. როგორ გადავიხდი სესხს?
5. მაქვს თუ არა სხვა რესურსები ან აქტივები, რომელთაც გამოვიყენებდი სესხის ნაცვლად ან სესხის ოდენობის შესამცირებლად?  


საჭიროა შეუსაბამოთ გადახდის ვადები მოთხოვნილი სახსრების გამოყენებას. მარტივად რომ ვთქვათ, არ მოითხოვოთ გრძელვადიანი სესხი მოკლევადიანი საჭიროებების გასასტუმრებლად და პირიქით. არავის არ სურს გადაიხადოს სამომხმარებლო სესხი (მანქანის) სასაფლაოზე მანქანის მოხვედრიდან 1 წლის შემდეგ. მეორე მხრივ, არ არის საჭირო ბიზნესის ფინანსური სტაბილურობის რისკის ქვეშ დაყენება მოკლევადიანი სესხის აღებით ისეთი სერიოზული ინვესტირებისათვის, როგორიცაა უძრავი ქონების შეძენა. 


მოკლევადიანი სესხი
მოკლევადიანი სესხი ანუ ოპერაციის დაფინანსება გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა დასაკრედიტებელი პროექტის განგრძლივობა არ აღემატება ერთ საოპერაციო ციკლს, ანუ წარმოების/მომსახურებისთვის ნედლეულის/მარაგების შეძენიდან მზა პროდუქციის რეალიზაციამდე/მომსახურების მიწოდებამდე. ძირითადად ერთ წელზე ნაკლები ვადისაა. იგი გამოიყენება დაუყოვნებლივი მოთხოვნებისთვის და მისი დაფარვა ხდება დებიტორული დავალიანების ამოღებისთანავე.   


საშუალოვადიანი სესხი
ძირითადად გრძელდება 6 – 18 თვე და გამოიყენება ბიზნესის გასაფართოებლად (საბრუნავი საშუალებების დაფინანსება, მნიშვნელოვანი დანადგარებისა და სხვა ფიქსირებული აქტივების შეძენა).


გრძელვადიანი სესხი
გრძელვადიანად მიჩნეულია 18 თვიდან 10 წლამდე და უფრო გრძელვადიანი სესხები. ძირითადად გამოიყენება საბრუნავი საშუალებების დასაფინანსებლად, ფიქსირებული აქტივების შესაძენად ან კომპანიის ლიკვიდურობის გასაუმჯობესებლად, კერძოდ, როდესაც საჭიროა გრძელვადიანი ვალდებულებების რეფინანსირება ან კრედიტორებისა და სხვა ვალდებულებების გადახდა.
შედარებით მსხვილი კომპანიებისათვის, რომელთაც პერიოდულად უჩნდებათ თავისუფალი ფულადი სახსრები, მაგრამ ამავე დროს პერიოდულად სჭირდებათ დამატებითი საბრუნავი საშუალებები მიმდინარე აქტივების შესაძენად ან მოკლევადიანი ვალდებულებების გასასტუმრებლად, ბანკმა შეიძლება განიხილოს საკითხი საკრედიტო ხაზის გახსნის ან ოვერდრაფტის გამოყოფის შესახებ.


საკრედიტო ხაზი 
საკრედიტო ხაზი გულისხმობს დაკრედიტების ისეთ მექანიზმს, როდესაც მსესხებელს შეუძლია პერიოდულად აითვისოს და დაფაროს საკრედიტო რესურსები, ისე რომ მისმა ჯამურმა დავალიანებამ ბანკის მიმართ არ გადააჭარბოს საკრედიტო ხაზის თანხას. ამ შემთხვევაში კომპანიის მიერ თავისუფალი სახსრების აკუმულირების უნარი უნდა დასტურდებოდეს საბანკო ანგარიშებზე მაღალი ბრუნვითა და ბიზნესსალაროში სტაბილური ნაშთის არსებობით. 


ოვერდრაფტი
ოვერდრაფტი არის კომპანიის საბრუნავი აქტივების მოკლევადიანი დაფინანსება და იგი გამოიყენება ფულადი სახსრების მოკლევადიანი დეფიციტის დაფარვის მიზნით. დეფიციტის მიზეზი შეიძლება იყოს მარაგების შეძენა საქონლის რეალიზაციიდან მისაღები თანხის მოლოდინში, კრედიტორებთან ანგარიშსწორებისა და დებიტორებისაგან თანხების მიღების ვადების სხვაობა ან შემოსავლების სეზონური ცვალებადობა. 
ოვერდრაფტი შეიძლება იყოს:
- ერთჯერადი და საოპერაციო ანუ მიზნობრივი;
- რევოლვერული ანუ განახლებადი.
იმისათვის, რომ ბანკმა განიხილოს ოვერდრაფტის გაცემის შესაძლებლობა ბიზნესი უნდა აკმაყოფილებდეს მთელ რიგ მოთხოვნებს.  


საბანკო სესხის მისაღებად აუცილებელია შემდეგი დოკუმენტები:
§ კომპანიის წესდება და სადამფუძნებლო დოკუმენტები
§ შესაბამისი საქმიანობისათვის საჭირო ლიცენზიები და ნებართვები
§ ხელშეკრულებები მიმწოდებლებთან და მომხმარებლებთან, საბაჟო დეკლარაციები, ანგარიშფაქტურები და სხვა
§ ცნობები დავალიანების შესახებ მომსახურე ბანკებიდან და საგადასახადო ინსპექციიდან
§ ამონაწერი მომსახურე ბანკების მიმდინარე ანგარიშებიდან
§ ბოლო სამი წლის ფინანსური უწყისები
§ სესხის უზრუნველყოფის საკუთრების დამადასტურებლი დოკუმენტები.


გვერდი 1  გვერდი  2  გვერდი 3  გვერდი 4  გვერდი 5