EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ბიზნეს გეგმის შედგენა (შაბლონი) გვ. 3 »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: admin

თარიღი: 2014-04-11 15:09:39

ბიზნეს გეგმის შედგენა (შაბლონი) გვ. 3

კრედიტის 5 C

როცა სესხის აღებაზე მიდგება საქმე, ბანკებს აინტერესებთ ინფორმაციის მთელი პაკეტი, რომლის სისტემატიზება შეიძლება ხუთ კატეგორიად: ხასიათი, (charachter), კაპიტალი (capital), შესაძლებლობა (capacity), გირაო (collateral) და პირობები (conditions). საკრედიტო განაცხადის შევსებამდე მზად იყავით შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემისთვის:


ხასიათი (Charachter)
ვინ ხართ თქვენ? რამდენი ხანია, რაც აქ ცხოვრობთ? რამდენი ხანია, რაც ბიზნესში ხართ? ასრულებთ თუ არა დაკისრებულ ვალდებულებებს? როგორია თქვენი საზოგადოებრივი მდგომარეობა? რას ფიქრობენ თქვენზე მომწოდებლები? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა შეიძლება თქვენი საკრედიტო ისტორიისა და დახასიათებების მეშვეობით.


კაპიტალი (Chapital)
გაქვთ თუ არა თქვენი მოთხოვნების ადეკვატური რესურსები? საიმედოა თუ არა თქვენი აქტივები? აქვს თუ არა თქვენს ბიზნესს დადებითი საკუთარი კაპიტალი? არის თუ არა თქვენი პირადი ფინანსური ანგარიშები მყარი? 


შესაძლებლობა (Capacity)
როგორია თქვენი სესხის გადახდის შესაძლებლობა? როგორ იქნება საკრედიტო რესურსები გამოყენებული? როგორ იქნება დაბრუნებული? პასუხები ამ კითხვებზე მოიპოვება თქვენს ფინანსურ ანგარიშებში, განსაკუთრებით, ფულადი ნაკადების მიმოქცევის უწყისში, მოგება-ზარალის უწყისში და პირადი და კორპორაციული გადასახადების გადახდების მიხედვით. 


გირაო და გარანტიები (Collateral)
სესხის დაბრუნების რა გარანტიები აქვს ბანკს? რა შეგიძლიათ მას შესთავაზოთ დეფოლტის შემთხვევაში? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა შეიძლება ფულადი ნაკადების მიმოქცევის პროგნოზსა და აქტივების ჩამონათვალზე დაყრდნობით. ძირითადად, ბანკი მოითხოვს პერსონალურ გარანტიებს ძირითადი თანხისათვის. თანხის დაბრუნების სხვა წყაროებთან ერთად, პერსონალური გარანტია უჩვენებს თქვენს პირად დაინტერესებას ბიზნესში.   


პირობები (Conditions)
როგორია ეკონომიკური ვითარება? არის თუ არა გარემოსდაცვის მოთხოვნები გასათვალისწინებელი? როგორ გავლენას მოახდენს ეს თქვენს ბიზნესზე?


საბუთების მოგროვება
დოკუმენტაციის დეტალური შეგროვება ნებისმიერი საკრედიტო განაცხადის გადამწყვეტი მომენტია. გახსოვდეთ, რომ ბანკი სესხს გასცემს კლიენტების დეპოზიტების თანხებიდან, ამიტომ საკრედიტო ოფიცერი ანგარიშვალდებულია აქციონერების, დირექტორების, საკრედიტო კომიტეტის, დეპოზიტორების, სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოების წინაშე. თქვენ იგი უნდა აღჭურვოთ სესხის გაცემის ხელშემწყობი დოკუმენტაციით. ამრიგად, მზად იყავით მიაწოდოთ ბანკს ნებისმიერი ინფორმაცია. 







მცირე ბიზნესის ორგანიზაციული ფორმები
ფირმა ან კომპანია - ეს ზოგადი სახელწოდებაა, რომელსაც ნებისმიერი (ან პრაქტიკულად ნებისმიერი) სამეურნეო საწარმოს მიმართ იყენებენ. ის მიუთითებს მხოლოდ იმას, რომ საწარმო იურიდიული პირის უფლებებს ფლობს (ე.ი. დამოუკიდებელია). ფირმა - ეს სამრეწველო, ინოვაციური, სერვისული, სავაჭრო საწარმოა ან ცალკეული ბიზნესმენი, რომელიც იურიდიული პირის უფლებებით სარგებლობს. ფირმის სახელწოდება, ისევე როგორც ფირმის ცნება, არ ასახავს საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივ სტატუსს, თუმცა ზუსტად ეს სტატუსი გაინტერესებთ თქვენ, როგორც საკუთარი საწარმოს ორგანიზებისას, ასევე პარტნიორთან ურთიერთობისას, როდესაც თქვენ უნდა დაადგინოთ, თუ რა უფლებებით სარგებლობს ის და რა მოვალეობები (ვალდებულებები) გააჩნია მას.


საწარმო როგორც სამეურნეო სუბიექტი 
მეგობარი გეუბნებათ: "მე ვმუშაობ ფირმა "პირამიდაში". პარტნიორი კი, რომელთანაც მოლაპარაკებას აწარმოებთ, წარმოადგენს კომპანია "კარაველას". გეუბნებათ რამეს ეს სახელები - ფირმა, კომპანია? შეიძლება თუ არა მათ მიხედვით მიიღოთ რამე სასარგებლო ინფორმაცია? 
ფირმა - ზოგადი სახელწოდებაა, რომელსაც ნებისმიერი (ან პრაქტიკულად ნებისმიერი) სამეურნეო საწარმოს მიმართ იყენებენ. ის მიუთითებს მხოლოდ იმას, რომ საწარმო იურიდიული პირის უფლებებს ფლობს (ე.ი. დამოუკიდებელია). ფირმა - ეს სამრეწველო, ინოვაციური, სერვისული, სავაჭრო საწარმო ან ცალკეული ბიზნესმენია, რომელიც იურიდიული პირის უფლებებით სარგებლობს. ფირმას შეიძლება გააჩნდეს საფირმო ნიშანი და საფირმო სახელწოდება. ის შეიძლება იყოს სახელობითი (ფირმა "თავაძე და Co), საგნობრივი ("მარკეტინგული ფირმა "მარკორ"), შერეული (ფირმა "თავაძე და Co", სავაჭრო სახლი). 
ფირმის სახელწოდება, ისევე როგორც ფირმის ცნება, არ ასახავს საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივ სტატუსს, თუმცა ზუსტად ეს სტატუსი გაინტერესებთ თქვენ, როგორც საკუთარი საწარმოს ორგანიზებისას, ასევე პარტნიორთან ურთიერთობისას, როდესაც თქვენ უნდა დაადგინოთ, თუ რა უფლებებით სარგებლობს ის და რა მოვალეობები (ვალდებულებები) გააჩნია. 
იგივე ითქმის კომპანიის შესახებ - კომპანია ზოგადი სახელია, რომლითაც აღნიშნავენ ნებისმიერ (ან რამის ნებისმიერ) საწარმოს - სავაჭრო, სატრანსპორტო და ა.შ., საქმიანი ადამიანების გაერთიანებას, რომლებიც ერთობლივ საქმიანობას ეწევიან. სიტყვა "კომპანია" ასევე არ ასახავს საწარმოს იურიდიულ სტატუსს, მაგრამ შეიძლება შეტანილ იქნას საწარმოს სახელწოდებაში. 
გვხვდება ტერმინის "საწარმო" სხვადასხვა გაგება. ზოგჯერ ამ ტერმინს იყენებენ როგორც საზოგადოების, კომპანიის, ფირმის სინონიმს, ე.ი. იყენებენ ეკონომიკური პროცესის მონაწილის განსაზღვრისათვის. საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს საწარმოს, როგორც დამოუკიდებელ სამეურნეო სუბიექტს. საწარმო შეიძლება შეიქმნას ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით: 
  ინდივიდუალური საწარმო; 
  სოლიდარული პასუხისმგებლობის საწარმო (სპს); 
  კომანდიტური საზოგადოება (კს); 
  შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს); 
  სააქციო საზოგადოება (სს); 
  კოოპერატივი. 
სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება შესაძლებელია ან ინდივიდუალური (ერთპიროვნული) საწარმოს შექმნის საფუძველზე ან საწარმოს ამხანაგობის ან საზოგადოების ფორმით შექმნის გზით. 
ინდივიდუალური (ერთპიროვნული) საწარმო ეს საწარმოა, რომელიც ერთი ადამიანის საკუთრებას წარმოადგენს. მეწარმეობა ამ ფორმით შეიძლება ხორციელდებოდეს როგორც საწარმოს საფუძველზე, რომელსაც იურიდიული პირის უფლებები გააჩნია, ასევე საწარმოს ბაზაზე, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს. 
მთელ რიგ ქვეყნებში იმისათვის რომ საწარმო შეიტანონ სავაჭრო რეესტრში (საწარმოს რეგისტრაცია), ე.ი. იურიდიული პირის სტატუსის პროცედურის ჩასატარებლად, აუცილებელია კანონის მოთხოვნების დაცვა. ძირითადად ეს ეხება საწარმოს მინიმალურად დასაშვებ ზომებს (უფრო ხშირად, საწესდებო კაპიტალს) და იმ საქმიანობის წარმართვას, რომელიც კანონით აკრძალული არ არის. იურიდიულ პირად ითვლება ის საქმიანი საწარმო, რომელსაც გააჩნია საკუთარი წესდება, ანგარიში ბანკში და შეტანილია სავაჭრო რეესტრში, ე.ი. ვინც გაიარა ოფიციალური დაფუძნების პროცედურა. იმისათვის, რომ განახორციელოთ სამეწარმეო საქმიანობა იურიდიული პირის არ მქონე საწარმოს საფუძველზე, აუცილებელია ფლობდეთ რომელიმე სარეწაო საქმიანობის ნებართვას. 
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამეწარმეო საქმიანობას სჭირდება რეგისტრაცია. მეწარმეობა, რომელიც ხორციელდება დაქირავებული მუშა ხელის მოზიდვის გარეშე, რეგისტრირდება როგორც ინდივიდუალური შრომითი საქმიანობა. მეწარმეობა კი დაქირავებული მუშა ხელის მოზიდვით, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაფორმდეს როგორც საწარმო. 
საწარმოს ქვეშ იგულისხმება დამოუკიდებელი სამეურნეო სუბიექტი, რომელიც შექმნილია კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, პროდუქციის წარმოებისათვის, სამუშაოების შესასასრულებლად და მომსახურეობის გასაწევად საზოგადოებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების და მოგების მიღების მიზნით. საწარმო დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას, განაგებს გამოშვებულ პროდუქციას და მიღებულ მოგებას, რომელიც დარჩენილია აუცილებელი გადასახადების გადახდის შემდეგ.
საწარმოს დახასიათებისას, ჩვეულებრივ გამოჰყოფენ შემდეგ ძირითად ნიშნებს: 
  გარკვეული განცალკევება - ქონებრივი და არა ქონებრივი (განცალკევება დამფუძნელების პირადი საკუთრებისაგან). 
  იურიდიული სტატუსი, რომელიც აძლევს საწარმოს გარკვეულ უფლებებს და აკისრებს ვალდებულებებს. სტატუსი საშუალებას იძლევა განვიხილოთ საწარმო, როგორც სამართლის და სამართლებრივი ურთიერთობების სუბიექტი და გულისხმობს მის სახელმწიფო რეგისტრაციას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 
  საწარმოს სახელწოდება და მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვიმსჯელოთ ასეთი საწარმოს ვალდებულებების და პასუხისმგებლობის ფორმაზე და მოცულობაზე. 
კლიენტები, მომხმარებლები და პარტნიორები საწარმოს შესახებ, პირველ რიგში, სახელწოდებით მსჯელობენ.  საწარმოს სახელი, მისი შერჩევა, ნებისმიერი მეწარმისათვის, საქმიანი აქტივობის განხორციელების მომზადების პროცესის მნიშვნელოვანი რგოლია. სახელწოდებას დიდი ხნით ირჩევენ. ის იქნება ფირმის პრესტიჟის მატარებელი, მის მიხედვით იმსჯელებენ მისი საქმიანობის პროფილზეც. ზუსტად სახელწოდება გამოდის საწყისი ინფორმაციის მატარებლის როლში პარტნიორის მისწრაფებისას დაამყაროს თქვენთან გარკვეული საქმიანი ურთიერთობა. 

მეწარმის სტატუსი 
უფლებების მოცულობა, მოვალეობათა ზღვარი და პასუხისმგებლობის დონე - აი პირველ რიგში რა აინტერესებს (უნდა აინტერესებდეს) მეწარმეს, როგორც დამწყებს, ასევე ხანგრძლივი პრაქტიკის მქონეს. ეს ყველაფერი კონცენტრირებულია ცნებაში "მეწარმის სტატუსი". 
მეწარმის სტატუსი ენიჭება მას, მისი  სამეწარმეო პროცესის სუბიექტის სახით სახელმწიფო რეგისტრაციის დროს. რაშია სახელმწიფო რეგისტრაციის აზრი? მისი აზრი მდგომარეობას იმაში, რომ სახელმწიფოში (საზოგადოებაში) მიღებული "საქმიანი თამაშის წესების" საფუძველზე მიიღოთ გარკვეული უფლებები, აიღოთ თქვენს თავზე გარკვეული ვალდებულებები და სახალხოდ განაცხოდოთ, რომ გესმით ყველა შესაძლებელი შედეგები, დაკავშირებული ჩაბმასთან ასეთ "საქმიან თამაშში", რომლის მსვლელობისას შეიძლება განიცადოთ რეალური (და არა სათამაშო) დანაკლისი, მაგრამ შესაძლებელია - და ამისკენ ყველა მიისწრაფის - მოგებაც. თვით სახელმწიფო რეგისტრაციის ფაქტი არის სტატუსის მიღება, ე.ი. შეძენა დამატებითი (სამოქალაქო უფლებებთან და თავისუფლებებთან შედარებით) სამართლებრივი სივრცისა. 
არსებობს მეწარმის სამართლებრივი სტატუსის ორი ფორმა - ინდივიდუალური მეწარმე - ფიზიკური პირი და მეწარმე - იურიდიული პირი.
მეწარმის სტატუსი იმ უფლებების და მოვალეობების მოცულობის მაჩვენებელია, რომელიც მას გააჩნია, და რომელთა ფარგლებში მას შეუძლია რაღაც განსაზღვრული მოქმედებების შესრულება. იურიდიული პირის სტატუსის მიღების შემდეგ, მეწარმე ასრულებს მოქმედებებს არა თავისი სახელით, არამედ ამ იურიდიული პირის სახელით. 

იურიდიული პირის ცნება 
იურიდიული პირის სტატუსი უმკვიდრდება შექმნილ ორგანიზაციას, რომელიც თავისი ძირითადი მიზნების მიხედვით, შეიძლება მიეკუთვნებოდეს ან კომერციულ ან არაკომერციულ ორგანიზაციებს. 
იურიდიული პირი ხასიათდება გარკვეული სამართლებრივი თვისებებით 
  
ნახ 1. იურიდიული პირი სამართლებრივი თვისებები 

იურიდიულ პირს შეუძლია შექმნას განკერძოებული სტრუქტურული ქვედანაყოფები:
  ფილიალები, 
  განყოფილებები, 
  წარმომადგენლობები.   
იურიდიული პირის ყველა წარმომადგენლობების, ფილიალების და განყოფილებების ჩამონათვალი შეიტანება იურიდიული პირის წესდებაში. 


რა არის ორგანიზაცია?
“ორგანიზაცია – ეს სოციალური შეთანხმებაა კოლექტიური მიზნების კონტროლირებადი შესრულებისა”. არსებობს გარკვეული რამ, რაც საერთოა ყველა ორგანიზაციისათვის: ნიშნები რომლებიც განასხვავებენ მათ “ჯგუფებიდან”. ზოგადად შეგვიძლია ავღწეროთ ორგანიზაციის რამდენიმე დამახასიათებელი ნიშანი: 
  ყველა ორგანიზაცია გულისხმობს ადამიანების მიერ გარკვეული როლის შესრულებას. ყველა წევრი, ორგანიზაციის სხვა წევრებთან ურთიერთობის პროცესში, ასრულებს სამუშაოს თავის ნაწილს, რომ დაეხმაროს ორგანიზაციას მისი მიზნების მიღწევაში.  ეს გულისხმობს, რომ ორნანიზაციის წევრობა არ ნიშნავს “იყო” ან “შეუერთდე” (როგორც ვთქვათ ოჯახში), არამედ “აკეთო” ან “შეასრულო”. 
  ორგანიზაციის წევრებს გააჩნიათ საერთო მიზნები. ორგანიზაციას, რომელიც თავის წევრებს უხდის ხელფასს, გარკვეული მიზნები გააჩნია და წევრები უნდა ეთანხმებოდნენ ამ მიზნებს, რომ მიიღონ შესაბამისი ანაზღაურება. ზოგ ორგანიზაცას, საქველმოქმედო ან “თვით დახმარების ჯგუფებს” აქვთ მიზნები, რომლებიც გამომდინარეობს მათი წევრების მრწამსიდან ან მოთხოვნებიდან. მიზნები შეიძლება ვარირებდეს ცხოველთა დაცვიდან ეროვნული უშიშროების განმტკიცებამდე და მიეკუთვნებოდეს ისეთ კატეგორიებს, როგორც დაუფარავი, გადაუდებელი, განუსაზღვრელი, ბუნდოვანი და ა.შ. 
  ორგანიზაციის შიგნით ადგილი აქვს პასუხისმგებლობის და როლების განაწილებას და ასევე შრომის განაწილებას. ამის საილუსტრაციოდ, შეიძლება მოვიყვანოთ ნებისმიერი ტიპიური კომპანიის შიდა სტრუქტურა, სადაც არის სხვადასხვა განყოფილებები, რომლებსაც ხელმძღვანელობენ მენეჯერები და მათდამი დაქვემდებარებული თანამშრობლები. 
  ყველა ორგანიზაციას აქვს განსაზღვრული ძალაუფლების იერარქია. ეს ნიშნავს, რომ ყველა წევრს ესმის მისი პოზიცია ორგანიზაციაში ამ იერარქიის მიმართ. უმაღლესი ხელისუფალი ორგანიზაციაში შეიძლება იყოს დაწყებული რესპუბლიკის პრეზიდენტით, საფეხბურთო კლუბის კაპიტნით დამთავრებული. ორგანიზაციის უფროსი წევრი იმ სიამოვნებასთან ერთად, რომელსაც მას ეს ძალაუფლება ანიჭებს, უნდა აცნობიერებდეს იმ პასუხისმგებლობას, რომელსაც მას ეს ძალაუფლება აკისრებს. 

რატომ არსებობენ ორგანიზაციები? როგორია მათი უპირატესობები?
ჩვენ არ ვლაპარაკობთ აქ ბიზნესის მიზნებზე, არამედ იმაზე, თუ რა უპირატესობა გააჩნია მუშაობას ორგანიზაციის სახით, ცალკეული ინდივიდუალების მუშაობასთან შედარებით. ეს ის უპირატესობებია, რომლებიც უბიძგებს ადამიანებს ჩამოაყალიბონ ორგანიზაციები.

მასშტაბურობის ეკონომია
მთავარი უპირატესობა, რომელიც გააჩნია ორგანიზაციას, ეს არის მასშტაბურობის ეკონომია, რაც ნიშნავს იმას, რომ დავალება შეიძლება შესრულდეს უფრო ეფექტურად, როდესაც მეტი ადამიანია ჩართული სამუშაოს შესრულებაში. მაგალითისათვის, შეგვიძლია შევადაროთ ინდივიდუალური მეწარმე და ამხანაგობა. ინდივიდუალური მეწარმე თვითონ ასრულებს თავის ბიზნესთან დაკავშირებულ ყველა ფუნქციას. შეიძლება ის სუსტი ადმინისტრატორია, მაგრამ მისი ბიზნესი ისეთია, რომ მას მაინც უხდება ადმინასტრაციული ფუნქციების შესრულება. ის ფაქტი, რომ ის არ არის სრულად კომპეტენტური ამ საკითხებში იწვევს იმას, რომ: 
- ბიზნესის ადმინისტრაციული ნაწილი სრულდება არაადეკვატურად; 
-  ადმინისტრაციული საქმიანობა ითხოვს მწარმოებლის მნიშვნელოვან დროს და მას ნაკლები დრო რჩება საწარმოო საქმიანობისათვის. 
ამხანაგობაში, რომელშიც ერთზე მეტი პიროვნებაა გაერთიანებული ეს ამოცანები შეიძლება განაწილდეს წევრებს შორის მათი შესაძლებლობების შესაბამისად. ერთ პარტნიორს შეუძლია კონცენტრირება, ვთქვათ საწარმოო საქმიანობაზე, როდესაც მეორე ასრულებს ადმინისტრაციულ ფუნქციებს. ამგვარი შრომის განაწილების ეფექტი იმაშია, რომ ორივე ფუნქცია უფრო ეფექტურად სრულდება, ვიდრე მარტო მწარმოებელის შემთხვევაში.

მიზნები  
ორგანიზაციის პირობებში მიზნების მიღწევა ადვილდება. ის რისი გაკეთება არ შეუძლია “ერთკაციან ჯგუფს”, შეიძლება შესრულდეს თუ ჩამოყალიბებულია ორგანიზაცია, მთელი თავისი რესურსებით და შესაძლებლობებით.

ძალაუფლება და პასუხისმგებლობა 
ორგანიზაციები ყალიბდება იმისათვის, რომ მოხდეს ურთიერთობათა ფორმალიზება და ჩამოყალიბდეს ძალაუფლების და პასუხისმგებლობის სისტემა. მსგავსი ფორმალიზება, საშუალებას აძლევს თითოეულ წევრს გაიგოს საკუთარი როლი, პატივი სცეს ძალაუფლებას და პასუხისმგებლობას, რაც უზრუნველყოფს დავალებების ეფექტურ შესრულებას. ორგანიზაციაში, რომელშიც არ არსებობს ძალაუფლების ფორმალური განაწილების სისტემა, წევრები მეტ დროს ანდომებენ თავიანთი როლების და პასუხისმგებლობის გარკვევას, ვიდრე იმ ამოცანების შესრულებას, რისთვისაც ორგანიზაცია არსებობს. გარკვეული სახის სტრუქტურა აუცილებელია ნებისმიერი ორგანიზაციისათვის. არსებობს მაგალითები ორგანიზაციების წარუმატებლობისა, იმ შემთხვევებში, როდესაც მსგავსი სტრუქტურა კარგად არ არის გაგებული.

საქმიანობის კოორდინირება
ორგანიზაციის სტრუქტურა ხელს უწყობს მოქმედებათა კოორდინირებას. ჩვეულებრივ ამ ფუნქციას ასრულებენ მენეჯერები და დირექტორები. შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანიაში ცენტრალურ საკოორდინიციო ფუნქციას ასრულებს დირექტორთა საბჭო. კოორდინატორს კარგად უნდა ესმოდეს ორგანიზაციის მიზნები. კოორდინირება ითვალისწინებს შემდეგს: 
- ყველა აუცილებელი დავალებები უნდა სრულდებოდეს; 
- მენეჯერების და დირექტორების მიერ შესაბამისი ინსტრუქტირებისა და სამუშაოების დეტალიზირების ჩატარებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს დავალებათა შესრულება; 
- არ მოხდეს სამუშაოს შესრულების დუბლირება სხვა თანამშრომლის ან განყოფილების მიერ; 
- უზრუნველყოფილია შემსრულებლის უკუკავშირი კოორდინატორთან სამუშაოს შესრულების პროცესში.

საკომუნიკაციო სისტემა 
 ფორმალური ორგანიზაციული სტრუქტურა უზრუნველყოფს ეფექტიან საკომუნიკაციო ქსელის შექმნას. ორგანიზაცია შეიძლება განვიხილოთ როგორც სხეული სხვადასხა ორგანოებით, რომლებსაც შრომის გაყოფის პრინციპის შესაბამისად, გააჩნიათ განსხვავებული ფუნქციები ან დანიშნულება. ბიოლოგიიდან ცნობილია, იმისათვის რომ ცალკეულმა ბიოლოგიურმა ორგანოებმა იმოქმედონ ერთად, სხეულს გააჩნია კომპლექსური ნერვიული და სისხლძარღვთა სისტემა, რომლის მეშვეობით გადაიცემა ინფორმაცია ბიოლოგიური და ელექტრული ფორმით. ამ საკომუნიკაციო ქსელის გარეშე, არ მოხდება ორგანოების კომუნიკაცია და ისინი არ იქნებიან სწორად კოორდინირებული. იგივე პრინციპი გამოიყენება ორგანიზაციების მიმართ – იმისათვის რომ ორგანიზაცია ფუნქციონირებდეს და გადარჩეს, მას უნდა გააჩნდეს ეფექტური საკომუნიკაციო სისტემა. რაც უფრო დიდია ორგანიზაცია, მით უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ეს ქსელი და ყველაზე მსხვილ ორგანიზაციებში, კოორდინაცია ხორციელდება ფორმალიზებული არხების მეშვეობით.

რა აქვთ საერთო ბიზნესურ ორგანიზაციებს? 
იმისათვის რომ დავადგინოთ – რა აქვთ ორგანიზაციებს საერთო და რითი განსხვავდებიან ისინი – განვიხილოთ ორი მაგალითი: ადგილობრივი სანტექნიკოსი და მსხვილი კომპანია, ისეთი როგორიცაა სატელეფონო კომპანია. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ამ ორგანიზაციებს ცოტა რამ აქვთ საერთო, მაგრამ ანალიზი გვიჩვენებს, რომ ისინი მისდევენ ბიზნეს რამოდენიმე მსგავსი მიზეზის გამო. მაგალითად, მათი საერთო მიზანი შეიძლება იყოს  მოგების მიღება, მომსახურეობის შეთავაზება ან ჩამოყალიბება საზოგადოიებაში მომხიბლავი რეპუტაციისა, როგორც კარგი საქონლის ან მომსახურეობის მიმწოდებლისა. 
ამის გარდა არსებობს უამრავი ნიშნები, საერთო ყველა ბიზნესურ ორგანიზაციისათვის და ამ ნიშნების უფრო დაკვირვებული ანალიზი დაგვანახებს იმასაც, თუ რითი განსხვავდებიან  ეს ორგანიზაციები.   
• პირველი, რაც საერთოა ყველა ორგანიზაციისათვის ესა ხალხი, რომელიც შეადგენს ნებისმიერ ორგანიზაციას. ადამიანები ასრულებენ სამუშაოებს, აკონტროლებენ და ხელმძღვანელობენ, ყიდიან საქონელს, აგროვებენ ფულს რომელიც აცოცხლებს ბიზნესს. თუ განვიხილავთ ჩვენს მაგალითს, ჩვენ დავინახავთ, რომ სანტექნიკოსსაც და კომპანიასაც ჭირდება ადამიანები რომ განახორციელონ თავიანთი ბიზნესი. მთავარი განსხვავება ის არის, რომ კომპანიას ესაჭიროება რამოდენიმე ათასი ადამიანი, რომ განახორციელოს თავისი საქმიანობა, სანტექნიკოს კი მხოლოდ ერთი. კომპანიაში რთული კორპორატიული სტრუქტურაა სხვადასხა სამუშაოებითა და პასუხისმგებლობით, მაშინ როდესაც სანტექნიკოსი თვითონ ასრულებს ყველა ფუნქციას. 
• მეორე, რაც საერთოა ყველა ორგანიზაციისათვის – ის, რომ მათ ესაჭიროებათ ფული. ფულით შეუძლიათ შეიძინონ მანქანა-დანადგარები, მასალები, დაიქირავონ პერსონალი იმისათვის, რომ ბიზნესური ოპერაციების შესრულებით გააკეთონ მეტი ფული. ჩვენ ვიცით რომ ამ ტიპის ფულს, რომელსაც საქმის დაფუძნებისათვის და დაწყებისათვის ვიყენებთ, კაპიტალი ეწოდება. არსებობს კაპიტალის სხვადასხვა სახე. ვნახოთ, თუ რა ზომის კაპიტალია საჭირო რომ დაიწყო ბიზნესი ჩვენი მაგალითის შემთხვევაში. სანტექნიკოსს ესაჭიროება ავტომანქანა, შრომის იარაღები, შესაძლებელია ტელეფონი და ის იწყებს თავის საქმეს. სატელეფონო კომპანიის შემთხვევაში აუცილებელია მნიშვნელოვანი დაბანდებები შენობა-ნაგებობებში, სატელეფონო სადგურებში, საკომუნიკაციო ხაზებში, კომპიუტერულ ქსელებში, ავტომანქანებში და ა.შ. თუ ერთ შემთხვევაში კაპიტალი შეადგენს ორ ან სამ ათას ლარს, მეორეში ის ასეულ ათასს ლარს უდრის. 
• ნებისმიერ ბიზნესს მეპატრონე გააჩნია. მფლობელები ის ხალხია (ან ორგანიზაციები), ვინც ჩადო კაპიტალი ბიზნესის დასაწყებად ან შეიძინა უკვე არსებული საქმე. როგორც წესი მფლობელები ელოდებიან ამონაგებს, თავის ინვესტიციებზე. ე.ი მოგების ნაწილს. და ისევ ვხედავთ განსხვავებას - სანტექნიკოსი თვითონ ფლობს თავის ბიზნესს, როდესაც კომპანიას შეიძლება ჰყავდეს მეწილეები ან შესაძლოა აქციონერები, რომლებიც ფლობენ ბიზნესის გარკვეულ ნაწილს. შეიძლება ითქვას, რომ მფლობელები სხვადასხვა ხარისხით ინაწილებენ კონტროლს კომპანიაზე. 
• ნებისმიერმა ბიზნესმა უნდა უზრუნველყოს პროდუქცის გამოშვება ან მომსახურეობა, რომელზეც არსებობს მოთხოვნილება. მხოლოდ პროდუქციის ან მომსახურეობის გაყიდვით, წარმოიქმნება ფული, რომელიც საქმის გაგრძელების საშუალებას იძლევა. ზოგიერთ ბიზნესს ერთი პროდუქტი ან მომსახურეობა გააჩნია, ზოგიერთი კი - რამოდენიმე ათეულ პროდუქტს აწარმოებს. 
• ნებისმიერ ბიზნესს ესაჭიროება მომხარებელი ან კლიენტები. არიან ადამიანები ან ორგანიზაციები, რომლებსაც ჭირდებათ ან უნდათ რომ გარკვეული პროდუქტი ან მომსახურეობა შემოთავაზებული იყოს ბიზნესის მიერ და მზად არიან გადაიხადონ ფული, რომ ისიამოვნონ ამ პროდუქტების გამოყენებით. მყიდველების რაოდენობა და ტიპი მნიშვნელოვნად განსხვავდება. ერთი შეხედვით თავდაცვის სამინისტროს, რომელიც ყიდულობს სამხედრო ხომალდს ცოტა რამ აქვს საერთო იმასთან, ვინც 40 თეთრად ყიდულობს გაზეთს.  მაგრამ ორივენი მომხმარებლები არიან და მზად არიან გადაიხადონ მოთხოვნილი ფასი და უზრუნველყოფენ ბიზნესმენს ფულით საქმის გასაგრძელებლად. 
• ნებისმიერ ბიზნესმენს უწევს ფულის შეგროვება. გაზეთის გამყიდველი ღებულობს 40 თეთრს მაშინვე, როგორც კი მყიდველი შეიძენს გაზეთს, მაგრამ მემაწვნე, რომელსაც სახლში მოაქვს მაწონი, ხშირად ფულს შემდეგ მოსვლაზე იღებს. წარმოებაში, მიმწოდებელი რამოდენიმე კვირა ელოდება ფულის ჩარიცხვას პროდუქციის გაგზავნის შემდეგ. ეს დროის შუალედი, შეიძლება მნიშნელოვანი აღმოჩნდეს ბიზნესმენისათვის, რადგანაც განსაზღვრავს ფულის მიმოქცევას მის ანგარიშებზე. ამის უფრო დეტელური განხილვა ფინანსური ფუნქციების განხილვისას მოხდება. 
ამგვარად, მას შემდეგ რაც ვნახეთ თუ რა აქვს საერთო ნებისმიერ ბიზნესს და როგორ განსხვავდებიან ისინი, ჩვენ შეგვიძლია შევეხოთ ბიზნესორგანიზაციების ძირითად ტიპებს. 

ვინ არის ინდივიდუალური მეწარმე? 
ბიზნესის ორგანიზაციის უმარტივესი ფორმაა ინდივიდუალური მეწარმეობა, რომლის დროსაც მეწარმე მოქმედებს დამოუკიდებლად, როგორც ფიზიკური პირი. ორგანიზაციის თვალსაზრისით ინდივიდუალური მეწარმეობა, შეიძლება დავახასიათოთ როგორც თვითორგანიზაცია, რადგანაც მსგავსი საქმიანობის ორგანიზაციის ფორმებს ადგენს თვით მეწარმე. 
ინდივიდუალური მეწარმეობის რეგისტრაცია, რომლის აუცილებლობა გათვალისწინებულია კანონით, ლიცენზიის ან პატენტის მიღება - ეს პირველი ნაბიჯია იმისკენ, რომ მეწარმეობას მიეცეს ორგანიზაციული ხასიათი. ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან:
- ხელოსნები; 
- საცალო ვაჭრობის მცირე ობიექტები; 
- ფერმერები; 

არსებობს ინდივიდუალური მეწარმეობის რამდენიმე დამახასიათებელი ნიშანი. ნებისმიერს შეუძლია იყოს ინდივუდუალური მეწარმე, თუკი ის ასრულებს საქმიან გარიგებებს არაფორმალური ხერხით. არ არსებობს მოთხოვნები აღრიცხვიანობის გარკვეულ სტანდარტებზე, მაგრამ ინდივიდუალური მეწარმე ისევე, როგორც ყველა, ვისაც აქვს შემოსავალი, ვალდებულია შეიტანოს გადასახადები, ამიტომ არსებობს გარკვეული შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. 

  ინდივიდუალური მეწარმეობის უპირატესობები და ნაკლოვანებები  
უპირატესობა: 
• მთელი მოგება ეკუთვნის ერთ პირს; 
• მეპატრონე ანგარიშვალდებულია თავისი თავის წინაშე, ამიტომ გადაწყვეტილების მიღება ხდება სწრაფად;
• მას სრული თავისუფლება აქვს სამუშაო გრაფიკის განსაზღვრაში; 
• იგი მოქმედებს ისე, როგორც თავად თვლის საჭიროდ; 
• გაადვილებული ბუღალტერია. 
  ნაკლოვანებები: 
• მთელ ოპერაციებს, რაც დაკავშირებულია ბიზნესთან,   ასრულებს მეპატრონე მიერ (სამუშაოები, ყიდვა-გაყიდვა, დოკუმენტაციის წარმართვა); 
• ცალკეული ფუნქციის შესრულების დაბალი ხარისხი, გამოწვეული მეპატრონის შესაძლებლობებით. იგი შეიძლება იყოს თავისი საქმის პროფესიონალი, მაგრამ არ გააჩნდეს საკმარისი ცოდნა და უნარი სხვა ფუნქციების შესასრულებლად; 
• ინდივიდუალური მეწარმის შემოსავალი დამოკიდებულია მხოლოდ მის მუშაობაზე, ამიტომ იგი იძულებულია უარი თქვას დასვენების დღეებზე, შვებულებაზე და ა.შ. 
• მასშტაბურობის უმნიშვნელო ეკონომია. ის იძენს საქონლის მცირე პარტიებს, ამის გამო იხდის უფრო მაღალ ფასს საქონლის ერთეულში, ვიდრე მსხვილი საწარმო, რომელიც იგივე საქონლის ბევრად დიდ პარტიას იძენს ნაკლებ ფასში. 
• ინდივიდუალურ მეწარმეს აკისრია ე.წ.  შეუზღუდავი პასუხისმგებლობა. ეს უმნიშვნელოვანესი პრობლემაა ინდივიდუალური მეწარმეობისა. ბიზნესის მეპატრონე თავისი საკუთარი რესურსებით აგებს პასუხს ნებისმიერი დანაკარგისათვის თავის საქმიანობაში. ის მუდმივად დგას თავისი სახლის, დანაზოგების დაკარგვის საფრთხის წინაშე 

გვერდი 1  გვერდი  2  გვერდი 3  გვერდი 4  გვერდი 5