EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ბიზნეს გეგმის შედგენა (შაბლონი) გვ. 4 »
კატეგორია: ბიზნეს ჟურნალიავტორი: admin
თარიღი: 2014-04-11 17:24:11
რა არის ფირმა?
სამეწარმეო საქმიანობის ორგანიზაციის უფრო მაღალ ფორმად შეიძლება ჩაითვალოს მეწარმეობის იურიდიული პირად გაფორმება და რეგისტრაცია ფირმის სახით, რომელსაც თავისი სახელი აქვს და სამეურნეო საქმიანობის დამოუკიდებელ სუბიექტად გვევლინება. ფირმა ან საწარმო, როგორც მას საქართველოში უწოდებენ, წარმოადგენს ბიზნესის ორგანიზაციის ფართო და მრავალფეროვან ფორმას. არსებობს სამეწარმეო ფირმებისა და საწარმოების მრავალრიცხოვანი სახეები.
არსებული და ეკონომიკაში მოქმედი საწარმოები ორგანიზაციულ-სამართლებრივი მოწყობის, მასშტაბების, საქმიანობის პროფილის თვალსაზრისით საკმარისად მრავალფეროვანია. მაგრამ ამ მრავალფეროვნების მიუხედავად ისინი იყოფა გარკვეულ ჯგუფებად, ტიპებად, რომელთათვის შემუშავებულია სამეურნეო კანონმდებლობის ნორმები, რომლებიც განსაზღვრავენ მათი საქმიანობის რეგლამენტს.
სამეწარმეო სამართალით დაშვებულია საწარმოების ფართო სპექტრი. საქართველოს კანომდებლობა ინდივიდუალურ მეწარმეობასთან ერთად სცნობს ისეთ ფორმებს, როგორიცაა კომერციული ორგანიზაციები ამხანაგობების სახით (სოლიდარული პასუხისმგებლობის საწარმო), საზოგადოებები (კომანდიტური საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის და სააქციო საწარმოები,), საწარმოო კოოპერატივები, სახელმწიფო და მუნიციპალური საწარმოები.
საწარმო, რომელშიც 50-ზე მეტი პარტნიორი ან 500-ზე მეტი თანამშრომელია, აუცილებლად უნდა ჩამოყალიბდეს სააქციო საზოგადოების ფორმით.
ამხანაგობა
ამხანაგობა არის რამდენიმე მოქალაქის ან იურიდიული პირის გაერთიანება ხელშეკრულების საფუძველზე ერთობლივი სამეურნეო საქმიანობისათვის, მოგების მიღების მიზნით. ამხანაგობა, მსგავსად ინდივიდუალური მეწარმისა, არ არის კორპორირებული და შესაბამისად აქვს შეუზღუდავი პასუხისმგებლობა. მაგრამ მისგან განსხვავებით, შეიძლება იყოს ორგანიზაციის იურიდიულად აღიარებული ფორმა. ამხანაგობის წევრები ინარჩუნებენ სრულ დამოუკიდებლობას, თუმცა შეიძლება იყვნენ მხოლოდ ერთი ამხანაგობის წევრები. ამხანაგობის წევრები ფირმის ვალდებულებებისათვის პასუხს აგებენ მთელი თავისი ქონებით. ეს ფორმა გავრცელებულია ისეთ პროფესიულ წრეებში, როგორიცაა:
არქიტექტორები
ბუღალტრები
ჟურნალისტები და ადვოკატები.
ეს ფორმა უფრო მიღებულია იმ პროფესიებში, სადაც ამხანაგობის სტატუსი აძლევს გარანტიას კლიენტს, რომ ადვოკატი (ან სხვა პროფესიონალი) პროფესიონალურად უფრო პასუხისმგებელია კლიენტის წინაშე, ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც ბიზნესი კორპორირებულია.
ამხანაგობის უპირეტესობებია:
საქმეში ჩადებულია უფრო დიდი კაპიტალი, ვიდრე ერთი პირის შემთხვევაში;
პარტნიორებმა შეიძლება გაინაწილონ მოგება და არ არიან ანგარიშვალდებული ვინმეს წინაშე, ვთქვათ აქციონერების წინაშე;
რადგან საქმეში ჩაბმულია ერთ პიროზე მეტი, არსებობს შესაძლებლობებისა და პროფესიონალების ფართო სპექტრი, რაც ხელს უწყობს წარმატებულ საქმიანობას;
სამუშაო გაყოფილია თანამშრომლებს შორის, რაც ამსუბუქებს თითოეული პარტნიორის დატვირთვას;
ყველა შესაძლებელი დანაკარგისათვის პასუხისმგებელია ყველა პარტნიორი, იმის მიუხედავად, თუ ვისი მიზეზით არის ეს გამოწვეული ეს დანაკარგი, რაც პერსონალური გაკოტრების რისკს ამცირებს.
ამხანაგობას ნაკლოვანებებიც აქვს:
ისევე როგორც ინდივიდუალური მეწარმეობის შემთხვევაში, ამხანაგობას შეუზღუდავი პასუხისმგებლობა აქვს;
არსებობს დამატებითი ხარჯები, დაკავშირებული იურიდიულ დაფუძნებასთან და შეთანხმების დადებასთან, რომელიც, უზრუნველყოფს პარტნიორების თანაბარ უფლებებს მოგების განაწილებაში და თანაბარ პასუხისმგებლობას დანაკარგებისათვის ან კანონის წინაშე, თუკი საქმე აღძრულია ამხანაგობის წინააღმდეგ;
იმის გამო, რომ საქმეში ჩართულია ერთ პირზე მეტი, გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება პარტნიორებს შორის კონსულტაციების შედეგად. ეს ანელებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს. ასევე, ჩნდება პარტნიორებს შორის უთანხმოებებისა და კონფლიქტების საშიშროება;
დამოუკიდებლობა, რომლითაც ასე ნებივრობს ინდივიდუალური მეწარმე, დაკარგულია. პარტნიორი მარტო ვერ განსაზღვრავს დასვენების დღეებს, იმ სამუშაოს ტიპს, რომელსაც ის იღებს, სამუშაოს ხარისხის სტანდარტებს და ა. შ. ის ვალდებულია შეუთანხმოს ეს ყველაფერი პარტნიორებს, თუ უნდა, რომ ამხანაგობა ეფექტიანად ფუნქციონირებდეს.
ამხანაგობის წევრები ვალდებულები არიან გადაიხადონ გადასახადი შემოსავლებიდან. ინდივიდუალური მეწარმეობისაგან განსხვავებით, ამხანაგობას შეუძლია გადაიქცეს მსხვილ ორგანიზაციად, იყოლიოს დაქირავებული პერსონალი და ჰქონდეს სტრუქტურა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა რეგიონებს.
საქართველოში არსებობს ამხანაგობის რამოდენიმე ფორმა:
სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს).
კომანდიტური საზოგადოება (კს).
კორპორირებული ორგანიზაციები
შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია
აუცილებლობა, რომ შექმნილიყო ბიზნესის ორგანიზების ახალი ფორმა, განსხვავებული ინდივიდუალური მეწარმეობის და ამხანაგობისაგან, პირველად გაჩნდა მეცხრამეტე საუკუნეში, როდესაც დაიწყო ფულის დაბანდება ისეთ ახალ დარგებში, როგორიც არის ქიმია და მანქანათმშენებლობა. სავსებით გასაგებია, რომ ინვესტორები იჩენდნენ სიფრთხილეს შესულიყვნენ ამხანაგობაში, იმის გათვალისწინებით, რომ მათ დაეკისრებოდათ პასუხისმგებლობა მთელი თავისი ქონებით, მით უმეტეს რომ ხშირად არც აპირებდნენ მონაწილეობის მიღებას საწარმოს მართვაში. ამ პრობლემის საპასუხოდ კანომდებლობაში შევიდა ცვლილება, რომლითაც ბიზნესი მიიჩნეოდა ენტიტიეს ინ ტჰემსელვეს (თავისთავად რაღაც არსებული).
ეს ნიშნავდა, რომ ის ვინც მუშაობდა მსგავს ორგანიზაციებში, ამ ორგანიზაციის მოსამსახურედ ითვლებოდა და აქედან გამომდინარე, არ წარმოადგენდა “ბიზნესს”, როგორც ასეთს. და როგორც შედეგი, ინდივიდუალური მეწარმეობისაგან განსხვავებით, მიიჩნიეს “მემკვიდრეობის უწყვეტობის” არსებობა, რაც ნიშნავს, რომ თუ მოსამსახურე ტოვებდა ბიზნესს (გადიოდა ბიზნესიდან), ორგანიზაცია ინარჩუნებდა ერთიანობას და არ უნდა დაშლილიყო. და როგორც ინვესტორებს, ისე მოსამსახურეებს, ორგანიზაციის ჩავარდნის შემთხვევაში არ ეკისრებოდათ პერსონალური იურიდიული პასუხისმგებლობა დანაკარგებისათვის. ამ პოზიციის მეორე მხარე ისაა, რომ როგორც ინვესტორებს, ისე მოსამსახურეებს არ ეძლეოდათ უფლება ამოეღოთ მთელი მოგება. მოგება უნდა განაწილებულიყო მთელი კომპანიის მიერ (მისი აგენტების – დირექტორების მიერ), და ეს დამოკიდებული იყო ინვესტორებისა და მოსამსახურეების სურვილზე. ბიზნესის ორგაზების ასეთ ფორმას შეზღუდული პასიხისმგებლობის საზოგადოებაი ეწოდება.
ასეთი საზოგადოების მთავარი ნიშანი, რომელმაც განაპირობა მისი სახელი და რომელიც მის უმთავრეს უპირატესობას წარმოადგენს ის არის, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წევრები, საზოგადოების მიერ აღებულ ვალდებულებებისათვის პასუხს აგებენ მხოლოდ საზოგადოების კაპიტალში თავიანთი შენატანების ფარგლებში. და მხოლოდ ამ გაგებით არის საზოგადოების პასუხისმგებლობა შეზღუდული. ამავე დროს, თვით საზოგადოება, როგორც იურიდიული პირი, პასუხს აგებს კრედიტორების წინაშე მთელი თავისი ქონებით.
იდეა, რომლის შესაბამისად მუშაობს ასეთი პრინციპი შემდეგია:
ინვესტორი უხდის კომპანიას ფულის გარკვეულ რაოდენობას და ამ გზით ხდება ერთ-ერთი მფლობელი. ეს გულისხმობს, რომ ის ინაწილებს საკუთრების უფლებას სხვა ინვესტორებთან და მის საკუთრების მოცულობას წილი ეწოდება;
კაპიტალის სანაცვლოდ, კომპანია კისრულობს ვალდებულებას დაუბრუნოს მას ფულის ნაწილი, მოგების გარკვეული რაოდენობის გაყოფით ინვესტორებს შორის. მოგების ნაწილი, რომელიც გამოიყოფა ამისათვის, განისაზღვრება კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ და დამოკიდებულია კონკრეტულ მდგომარეობაზე, რომელშიც იმყოფება კომპანია. ამ გადასახადს დივიდენდი ეწოდება;
გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, კომპანიას შეუძლია დაიქირავოს ცალკეული პირები, რომლებიც კომპანიის მოსამსახურეები ხდებიან. მათ შემოსავალს ხელფასი და ა.შ. ეწოდება.
წარუმატებლობის შემთხვევაში, დანაკარგები იფარება საზოგადოების აქტივებიდან, რომელიც მას ამ მომენტისათვის აქვს, და რომელშიც მეწილეებს თავიანთი ინვესტიციები აქვთ ჩადებული (აქტივებში იგულისხმება ყველაფერი, რასაც ფლობს კომპანია – მიწა, შენობები, ფულადი სახსრები და ა.შ.).
ინვესტორის (საზოგადოების წევრის) პასუხისმგებლობა შემოიფარგლება იმ ფულის რაოდენობით, რომელიც მას ჩადებულია აქვს ბიზნესში - მისი წილით. ეს იმას ნიშნავს, რომ მან შეიძლება დაკარგოს თავისი ინვესტიციები, მაგრამ არ შეიძლება იდევნებოდეს შემდგომში იმ ხალხის მიერ, ვინც ითხოვს ფულს კომპანიისაგან ფინანსური კრახის მომენტში.
მოსამსახურეები, კარგავენ სამუშაო ადგილს კომპანიის წარუმატებლობისას, მაგრამ ისევე როგორც ინვესტორები, პერსონალურად არ აგებენ პასუხს კომპანიის დანაკარგებისათვის.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად ითვლება ერთი ან რამდენიმე პირის მიერ დაფუძნებული კომერციული ორგანიზაცია საწესდებო კაპიტალით, რომელიც დაყოფილია წილებად და რომელთა ზომები განსაზღვრულია საწესდებო დოკუმენტებით. ასეთი საზოგადოების დამფუძნებელ დოკუმენტებად განიხილება წესდება და დამფუძნებელი ხელშეკრულება ან მხოლოდ დამფუძნებელი ხელშეკრულება, თუ საზოგადოება დაფუძნებულია ერთი პირის მიერ.
შეზღუდული პასუხისისმგებლობის საზოგადოება წარმოადგენს მოქალაქეთა, იურიდიულ პირთა ნებაყოფლობით გაერთიანებას ერთობლივი სამეურნეო საქმიანობის მიზნით და საწყისი საწესდებო ფონდით მხოლოდ იმ პირების შემონატანების ხარჯზე, რომლებიც ქმნიან საზოგადოებას.შექმნის გზით.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების საწესდებო კაპიტალის მინიმუმი შეადგენს 2000 ლარს.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის იურიდიული პირი, მოქმედებს მისი მონაწილეების მიერ მიღებული წესდების და დამფუძნებელი ხელშეკრულების შესაბამისად, აქვს საკუთარი სახელწოდება ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის აუცილებელი მითითებით. თუ დამფუძნებელ-მონაწილეთა შორის არიან იურიდიული პირები, ისინი ინარჩუნებენ თავიანთ დამოუკიდებლობას და იურიდიული პირის უფლებებს.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს არცთუ მაღალი, მინიმალურად დასაშვები საწესდებო კაპიტალი. ეს იძლევა საშუალებას დაიწყო საკუთარი საქმე მცირე სასტარტო კაპიტალის შემთხვევაშიც კი.
ფაქტორები, რომლებიც მოქმედებს საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შერჩევაზე
როდესაც მეწარმე იღებს გადაწყვეტილებას ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შერჩევაზე, იგი:
§ პირველ რიგში, განსაზღვრავს შესაძლებელი უფლებებისა და მოვალეობების დონეს და მოცულობას, რომელსაც ის მოითხოვს, რაც დამოკიდებულია მომავალი სამეწარმეო საქმიანობის პროფილსა და შინაარსზე, პარტნიორთა შესაძლებელ წრეზე, ქვეყანაში არსებულ კანონმდებლობაზე. ერთი საქმეა, როდესაც მეწარმე გეგმავს განახორციელოს რამდენიმე ერთჯერადი საქმიანი პროექტი და სულ სხვაა, როდესაც სამეწარმეო იდეა დაიყვანება ერთი და იგივე საწარმოო ციკლის გრძელვადიან გამეორებაზე. ზოგიერთ შემთხვევაში სამეწარმეო იდეა შეიძლება განხორციელდეს უფრო ან ნაკლებად იზოლირებულად სავალდებულო პარტნიორული კავშირებისაგან, პარტნიორებთან მჭიდრო კოოპერაციის გარეშე წარმოების პროცესში (მაგალითად, საკონსულტაციო ფირმის ორგანიზება). სხვა შემთხვევებში სამეწარმეო იდეის განხორციელება შეუძლებელია სხვა მეწარმეებთან მჭიდრო კოოპერაციის გარეშე (მაგალითად, გარკვეული ტიპის აპარატურის წარმოება).
ამასთან, რასაკვირველია, ყველაზე მიზანშეწონილი (მეწარმეობის თვალსაზრისით) მეწარმეობის ორგანიზების ფორმის შესახებ დასკვნა უნდა შევუფარდოთ იმ შესაძლებლობებებს, რომლებსაც იძლევა მოქმედი კანონმდებლობა. ამ პრობლემების გააზრებისას მეწარმე იღებს გადაწყვეტილებას დასაფუძნებელი საწარმოს სამართლებრივი სტატუსის შესახებ (შეზღუდული პასუხუსმგებლობის ფირმა, კომანდიტური საზოგადოება და ა.შ.).
საწარმოს სამართლებრივი ფორმა (და ასევე მისი უფლებები და ვალდებულებები) ფიქსირდება მის წესდებაში. წესდებას იღებს (იწონებს) მხოლოდ და მხოლოდ დამფუძნებელი. თუ დამფუძნებლის სახით გამოდის პირთა ჯგუფი, მაშინ წესდება განიხილება და მიიღება ყველა დამფუძნებლის მიერ დამფუძნებელთა კრებაზე ან კონფერენციაზე. ეს პოულობს თავის ასახვას დამფუძნებელ ხელშეკრულებაში, რომელსაც ხელს აწერს ამ ხელშეკრულების ყველა წევრი (ისინი ასევე წესდებასაც აწერენ ხელს). ეს დოკუმენტები (პლუს კრების ოქმი) აუცილებელია დასაფუძნებელი საწარმოს სახელმწიფო რეგისტრაციისათვის და მის სახელმწიფო რეესტრში შესატანად.
§ ?მეწარმე წყვეტს საკითხს დასაფუძნებელი საწარმოს საწესდებო ფონდის შექმნის ფორმის შესახებ, რაც ასევე დამოკიდებულია მომავალი სამეწარმეო აქტიურობის პროფილსა და შინაარსზე, საკუთარ შესაძლებლობებზე, საქმიანობის მასშტაბებსა, და იმ დარგის კონკურენციის დონეზე, რომელშიც ის იწყებს საქმიანობას. მაგალითად, როგორც ექსპერტები ამტკიცებენ, ამჟამად, იმისათვის რომ დაიმკვიდრო ადგილი ამერიკის შეერთებული შტატების საავტომობილო მრეწველობაში, საჭიროა ფლობდე სასტარტო კაპიტალს 800 ათასი დოლარის ოდენობით. მეწარმე ასევე იღებს გადაწყვეტილებას დასაფუძნებელი საწარმოს საკუთრების ფორმის შესახებ (ინდივიდუალური, სააქციო და ა.შ.).
§ მეწარმე ირჩევს დასაფუძნებელი საწარმოს ორგანიზაციული აგების ყველაზე ეფექტიან ფორმას და ამ საწარმოს მართვის სქემას. სამეწარმეო იდეის რეილიზებისას მეწარმე განწყობილია შექმნას (დააფუძნოს) საქმიანი საწარმო. ასეთი საქმიანი საწარმოებისათვის არსებობს დადგენილი ტერმინები - საქმიანი სავაჭრო-სამრეწველო ან საწარმოო-საშუამავლო ერთეულები.
უმრავლესობა ამ საქმიანი საწარმოებისა (ჩვენ არ განვიხილავთ ამ შემთხვევაში რეორგანიზებას), მცირე გამონაკლისის გარდა, მიეკუთვნებიან მცირე საწარმოების კატეგორიას. მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ასეთი საწარმოების "სიცოცხლის" (ფუნქციონირების) საშუალო ხანგრძლივობა მერყეობს 2-დან 5 წლამდე. სხვა მონაცემების მიხედვით, 100 შექმნილი საწარმოდან 15 იხურება დაბადებისთანავე, ე.ი. პირველი წლის განმავლობაში, კიდევ 15 იხურება მეორე წელს. მესამე წელს მათი რიცხვი მცირდება კიდევ 20-ით და მეოთხე წელს - 30 ერთეულით. ამრიგად, მეხუთე წლის დასაწყისისათვის 100 საწარმოდან რჩება დაახლოებით 20, რომლებსაც საკმარისად სოლიდური პერსპექტივები აქვთ.
არაფერი არაჩვეულებრივი (და მით უმეტეს საშინელი) ამ პროცესში არ არის - მიმდინარეობს ბუნებრივი შერჩევა. ნაწილი საწარმოებისა იხურება გაკოტრების მიზეზით, სხვები - იცვლიან პროფილს სამეწარმეო იდეის წარუმატებელი შერჩევის გამო. მესამენი წყვეტენ თავის არსებობას, იმიტომ რომ სრულად შეასრულეს თავიანთი ამოცანა (მაგალითად ვენჩურული საწარმოები, რომლებიც შეიქმნა რომელიმე სამეცნიერო ან ტექნოლოგიური იდეის შესამუშავებლად). მეოთხე შემთხვევაში მეპატრონე პოულობს მისთვის უფრო ეფექტიან ან მის ინტერესებისათვის უფრო შესაფერის სამუშაოს.
მსოფლიო პრაქტიკა მეტყველებს სხვა, უფრო მნიშვნელოვან ტენდენციაზე: იმ საწარმოების რაოდენობა, რომლებიც იხსნება ყოველწლიურად, უსწრებს დახურული საწარმოების რიცხვს. მცირე ბიზნესი რიცხობრივად რჩება ეკონომიკის ფუძედ. მაგრამ წარმოების მოცულობის, დასაქმებულთა რიცხვის, ბრუნვის მიხედვით წამყვანი ადგილი მსხვილ საწარმოებს ეკუთვნით. სხვადასხვა ქვეყანაში მათი რაოდენობა განსხვავებულია - რამდენიმე ათეულიდან, რამდენიმე ასეულამდე. სწორედ ისინი ანიჭებენ მდგრადობას და სტაბილურობას ეკონომიკას მთლიანობაში და ცალკეული დარგების ეკონომიკურ სტრუქტურებს. ამ ორ ჯფუფს შორის არსებობს მნიშვნელოვანი რაოდენობა ეგრეთ წოდებული საშუალო საწარმოებისა.
§ მეწარმის არჩევანი ყველა ჩამოთვლილი პარამეტრის მიხედვით ეფუძნება სამეწარმეო სამართალს.
სამეწარმეო სამართალი - სამეურნეო სამართლის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. ის ქმნის საკანონმდებლო საფუძველს მეწარმეობის ფუნქციონირებისა და მეწარმეობის განვითარებისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ ყოველი ქვეყნის სამეწარმეო სამართალი სცნობს სამეწარმეო საქმიანობის მხოლოდ განსაზღვრულ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმებს. სხვა ფორმები დაუშვებელია, მაგრამ შესაძლებელია ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლა ფუნქციონირებადი საწარმოს საქმიანობის შეწყვეტის გარეშე. აქედან გამომდინარე, არსებობს ერთადერთი დასკვნა: ყველა მეწარმე უნდა იცნობდეს სამეწარმეო სამართალს. საქართველოში სამეწარმეო-სამართლებრივი ბაზა გამოირჩევა თავისი შეზღუდულობით (მეწარმეობის ბევრი მხარე არა გზით არ რეგულირდება კანონებით - ისინი უბრალოდ არ არსებობენ), წინააღმდეგობრიობით და არასტაბილურობით.
აწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის პრობლემის განხილვისას მხედველობაშია მისაღები ის, რომ კერძო მეწარმეობა შეიძლება ხორციელდებოდეს ინდივიდუალურ ან კოლექტიურ საფუძველზე.
საწარმოს დაფუძნება: ტიპის შერჩევა, თავდაპირველი კაპიტალის ფორმირება.
საუბარი გვექნება საქმიან წარმოებებზე, ე.ი. საწარმოო, სავაჭრო და შუამავლურ სტრუქტურებზე (სახელოსნო, ქარხანა, ფერმა, ბანკი, მაღაზია და ა.შ.), რომლებიც ასრულებენ ერთ ან რამდენიმე სპეციფიკურ ფუნქციას, დაკავშირებულს საქონლის /მომსახურების წარმოებასთან და მათი მომხარებლისათვის მიწოდებასთან. საქმიანი წარმოებებში საქართველოში გულისხმობენ ასევე ფირმებს, კომპანიებს, ასოციაციებს, საბროკერო და დილერულ კანტორებს, გაერთიანებებს, ფონდებს, კონსორციუმებს.
საწარმოს დაფუძნებისას ყოველი მეწარმე ცდილობს განსაზღვროს თავისი მოქმედებების მიზნები. მიზნები შეიძლება გაიყოს ორ ჯგუფად: პირადი და წარმოებისა, რომელსაც ის ქმნის.
მეწარმის პირადი მიზნები შეიძლება ნიშნავდეს მხოლოდ და მხოლოდ მეწარმის სურვილს:
• იშოვოს ფული:
• იმუშაოს შემოქმედებითად;
• იგრძნოს თავი კომფორტულად;
• გააწონასწოროს თავისი ცხოვრება (კარიერა, ოჯახი, მეგობრები და ა.შ.);
• მიაღწიოს აღიარებას, როგორც ექსპერტმა თავის სფეროში.
საწარმოს მიზნების ფორმულირება უფრო რთულია, მაგრამ ისინი უფრო კონკრეტულია. მაგალითად:
• აწარმოოს მოცემული საქონლის გარკვეული რაოდენობა;
• დააკმაყოფილოს რეგიონში არსებული მოთხოვნილება მოცემულ საქონელზე, პროდუქტსა და მომსახურებაზე.
• განახორციელოს გარკვეული კატეგორიის კლიენტების მომსახურება.
გამოცდილი მეწარმეები უსახავენ თავის საწარმოს როგორც მოკლევადიანს, ისე პერსპექტიულ მიზნებს, ე.ი. გეგმავენ არა მარტო ტაქტიკას, არამედ საწარმოს ფუნქციონირებისა და განვითარების სტრატეგიასაც. მაგალითისათვის, პირველ ეტაპზე ტაქტიკა შეიძლება მხოლოდ ხის სათამაშოების დამზადებაზე იყოს დაყვანილი, რათა დაგროვდეს საწყისი კაპიტალი, რომელიც შემდგომ (მეორე ეტაპზე) გამოყენებული იქნება, ვთქვათ, ავეჯის წარმოებისათვის.
არსებობს სამეწარმეო საქმიანობის სფეროში შესვლის რამდენიმე რეალური გზა:
• საკუთარი წარმოების დაფუძნება;
• მონაწილეობა ახალი საწარმოს შექმნაში თანადამფუძნებლის სტატუსით;
• მოქმედი საწარმოს ყიდვა (შეძენა);
• მონაწილეობა მოქმედი საწარმოს ყიდვაში (შეძენაში) (მაგალითად, პრივატიზაციის გზით);
• საპარტნიორო წილის მოქმედი საწარმოს საწესდებო კაპიტალიდან გამოსყიდვა.
საკუთარი საწარმოს დაფუძნება
დამფუძნებელი საბუთების მომზადება.
ამ დოკუმენტთა რიცხვს მიეკუთვნება:
1. საწარმოს წესდება (ნებისმიერი ფორმის საკუთრების საწარმოს დაფუძნებისას);
2. დამფუძნებელთა ხელშეკრულება (თუ დამფუძნებელთა რიცხვში ორი ან მეტი პირი შედის) ან დამფუძნებლის გადაწყვეტილება საწარმოს შექმნის შესახებ (თუ მისი სახელით გამოდის ერთი პირი);
3. დამფუძნებლის ან იმ პირის განცხადება, რომელიც უფლებამოსილია დამფუძნებლების სახელით განახორციელოს სახელმწიფო რეგისტრაცია.
სწორედ დამფუძნებელი საბუთების მომზადება არის დამწყები მეწარმის პირველი პრაქტიკული ნაბიჯი. რასაკვირველია, უკეთესია მიმართოთ იურისტს, ოღონდ მისი მომსახურება ფასიანი იქნება. დამფუძნებელი საბუთების ნუსხა და შინაარსი დამოკიდებულია მეწარმის მიერ შერჩეულ მომავალი საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაზე და განისაზღვრება “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით.
სახელმწიფო რეგისტრაციისათვის სასამართლოს წარედგინება გადაწყვეტილება საწარმოს შექმნის შესახებ და წესდება. ამასთან, გადაწყვეტილებას უტოლდება დამფუძნებლის განცხადება საწარმოს რეგისტრაციაში გატარების თხოვნით. გადაწყვეტილებას იღებენ დამფუძნებელთა კრებაზე და აფიქსირებენ ოქმით. კრების ოქმში მითითებული უნდა იყოს ყველა დამსწრე დამფუძნებლის გვარი, სახელი, მამის სახელი. დამფუძნებელ კრებაზე, როგორც წესი, განიხილავენ სამ ძირითად საკითხს:
1) საწარმოს ორგანიზების და მისი სახელწოდების შესახებ;
2) საწარმოს წესდების მიღების შესახებ;
3) საწარმოს დირექტორის არჩევის შესახებ.
კერძო საწარმოს წესდებაში ასახული უნდა იყოს შემდეგი დებულებები:
• საწარმოს დასახელება მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მითითებით, ქონების მესაკუთრეების გვარები.
• მონაცემები დამფუძნებლის (დამფუძნებლების) შესახებ: თუ საწარმოს დაფუძნებაში მონაწილეობა მიიღო ოჯახის რამდენიმე წევრმა - მათი მონაცემები.
• საწარმოს მისამართი;
• ქონების შექმნის წესი; მათ შორის საკუთრების უფლება საწარმოს ქონებაზე;
• მოგების განაწილებისა და დანაკარგების დაფარვის წესი;
• საწარმოს მართვა და მართვის ორგანოების კომპეტენცია;
• საწარმოს ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციის წესი.
წესდებაში უნდა აღინიშნოს დამფუძნებლის (დამფუძნებლების) პასუხისმგებლობა საწარმოს ვალდებულებებისათვის.
საწარმოს სახელმწიფო რეგისტრაცია
საწარმოს რეგისტრაციას ახორციელებს სასამართლო საწარმოს იურიდიული მისამართის მიხედვით სამეწარმეო რეესტრში სათანადო ჩანაწერებით. უარის თქმა რეგისტრაციაზე შესაძლებელია მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში, ან, თუ დამფუძნებელი საბუთები არ შეესაბამება მოთხოვნებს, რომლებსაც მოქმედი კანონმდებლობა უყენებს.
რეგისტრაციისათვის სასამართლოს წარედგინება განცხადება, საზოგადოების წესდება, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთა ხელმოწერების ნიმუშები, შპს-სა და სს-თვის - დამატებით – სათანადო დოკუმენეტები დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს (თუკი არსებობს) წევრების დანიშვნის შესახებ.
სასამართლო ვალდებულია საწარმო რეგისტრაციაში გაატაროს სათანადო საბუთების წარდგენიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში. თუ ამ ვადაში რეგისტრაცია არ განხორციელდება ან განმცხადებელს არ ეცნობება უარის შესახებ, საწარმო ჩაითვლება რეგისტრირებულად.
საწყისი კაპიტალის ფორმირება
საწარმოს შესაძლებლობები მას შემდეგ გახდება მკაფიო, როდესაც ჩვენ გავაანალიზებთ კაპიტალის მოცულობას, რომელიც საჭიროა რომელიმე პროექტის ან სამეწარმეო იდეის რეალიზებისათვის.
მაგალითად, გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რა ვაწარმოოთ - ავეჯი თუ ხის კარ-ფანჯარა შეგვიძლია მივიღოთ კაპიტალის მოცულობიდან გამომდინარე. თუ საშუალება გვაქვს მივიღოთ 200000 ათასი ლარი საწყისი კაპიტალის სახით, ჩვენ შეიძლება მივიღოთ გადაწყვეტილება ავეჯის წარმოების შესახებ, ხოლო თუ ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდულია 30000 ათასით (რაც საკმარისია მეორე ვარიანტისათვის შესაბამისი კაპიტალის სტრუქტურის ფორმირებისათვის), მაშინ მივიღებთ გადაწყვეტილებას კარ-ფანჯრის წარმოების შესახებ.
საწყისი კაპიტალის სტრუქტურა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია დანადგარების, ნედლეულის და ა.შ. მოთხოვნილება, რაც აუცილებელია წარმოების ნორმალური პროცესის დასაწყებად.
საწყისი კაპიტალის სტრუქტურის ფორმირებისათვის მეწარმე:
ა)იძენს წარმოებისათვის აუცილებელ ტექნიკურ ელემენტებს (შენობებს, ნაგებობებს, ტექნიკას, დანადგარებს, ტრანსპორტს და ა.შ.) (ტ/ე)
ბ)იძენს ნედლეულს, ხელსაწყოებს (ნ/ხ)
გ)ქმნის ფულადი სახსრების მარაგს ხელფასის გადასახდელად წარმოების პირველი ციკლის განმავლობაში (წარმოების მომენტიდან დაწყებული იმ მომენტამდე, როდესაც მიიღებს გადასახადებს რელიზებული პროდუქციისათვის) (მ);
დ)ქმნის სარეზერვო ფონდს (ს/ფ).
ერთდროულად მეწარმე განსაზღვრავს საჭირო საწყისი კაპიტალის ზომას: ტ/ე - 50000 (შენობა - 10000, 30000 - დანადგარები, 10000 - შენობის მოწყობა წარმოების კონკრეტულ მოთხოვნოლებებისათვის), ნ - 10000, მ = 2000, ს/ფ - 3000, სულ - 65000.
მომავალი წარმოების ეკონომიკური ეფექტიანობის დადგენა
ნებისმიერი დაბანდება წარმოებაში - ეს ავანსირებადი დაბანდებაა. მეწარმემ უნდა იპოვოს პასუხი კითხვაზე, როგორ, რა ფორმით და რა ვადებში შეიძლება დაიბრუნო ეს ავანსი. წარმოებაში დაბანდებული კაპიტალის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ მოგების გამოვლენის გზით, რომელსაც მიიღებს პროდუქციის ან მომსახურების წარმოების და რეალიზების პროცესში. მეწარმემ უნდა იცოდეს როგორია პროექტის უკუგების ვადა. თუ პროექტში ჩადებულია კაპიტალის 1000 ერთეული, წმინდა მოგება შეადგენს 200 ერთეულს წელიწადში, მაშინ უკუგების ვადა 5 წელს შეადგენს.
მაგრამ მეწარმეს აინტერესებს არა მარტო ჩადებული კაპიტალის დაბრუნების ვადა, არამედ კაპიტალის ზრდის ტემპებიც. იმასათვის რომ განისაზღვროს წმინდა მოგების შესაძლებელი მნიშვნელობა, მეწარმე ატარებს სამეწარმეო გათვლებს. ეს გათვლები ორ უცილობელ პრინციპს ეყრდნობა:
1) ყველა შესაძლებელი დანახარჯების აღრიცხვა;
2) შემოსავლების აღრიცხვა მინიმალურად დასაშვებ დონეზე (“ამაზე ნაკლებს მე არ მივიღებ ნებისმიერ შემთხვევაში”) და დანახარჯები მაქსიმალურად დასაშვებ დონეზე ("ამაზე მეტს არ დავხარჯავ") რისკის დონის შესამცირებლად.
გვერდი 1 გვერდი 2 გვერდი 3 გვერდი 4 გვერდი 5