EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ბიზნეს გეგმის შედგენა (შაბლონი) გვ. 5 »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: admin

თარიღი: 2014-04-11 17:28:50

ბიზნეს გეგმის შედგენა (შაბლონი) გვ. 5

ყოველი მეწარმე გათვლების ჩატარებისას გამოიყენებს თავის მეთოდიკას. ჩვენ ვისარგებლებთ გათვლებით ერთი სასაქონლო ერთეულის მიმართ. 
შესაძლებელი შემოსავლების და დანახარჯების სტრუქტურა:   
1. საამორტიზაციო ანარიცხები წარმოებაში გამოყენებული ტექნიკური ელემენტების საერთო ღირებულებიდან (თიოეული ელემენტის ღირებულების ნაწილი, რომელიც ერთი სასაქონლო ერთეული დამზადებაზე მოდის. მაგალითად, ჩარხი 3000 ღირს, ნორმატივებით მასზე შესაძლებელია დამზადდეს 3000 სასაქონლო ერთეული, ე.ი. საამორტიზაციო ანარიცხი ერთ სასაქონლო ერთეულზე 1 ფულად ერთეულს შეადგენს. და ასევე ყოველი ტექნიკური ელემენტის მიხედვით). 
2. ქონებრივი გადასახადი ( იანგარიშება როგორც % საწარმოს მთელი ქონების საბალანსო ღირებულებიდან); 
3. ნედლეულის ღირებულება გაანგარიშებული ერთ სასაქონლო ერთეულზე; 
4. დაგეგმილი ხელფასის ფონდი გათვლილი სასაქონლო ერთეულზე; 
5. დარიცხული ხელფასის ფონდის გადასახადი; 
6. დამატებითი ღირებულების გადასახადი; 
7. დაგეგემილი მოგება; 
8. მოგების გადასახადი; 
9. დამატებითი მოგება; 
10. დამატებითი მოგების გადასახადი 

დაგეგმილი და დამატებითი მოგების განცალკევებულად ჩართვა მეთოდურად გამართლებულია, იმიტომ რომ საწინააღდეგო შემთხვევაში მეწარმე ეყრდნობა წარმოების მომგებიანობის გამოვლენის "ნარჩენის პრინციპს". ამ შემთხვევაში კი იგი შეგნებულად გეგმავს მისთვის მინიმალურად დასაშვებ მოგების დონეს, რომლის დროსაც წარმოება მიზანშეწონილად ჩაითვლება. 
საწარმოს დაფუძნების პრობლემის გააზრებისას მეწარმე პირველ რიგში ცდილობს განჭვრიტოს მომავალი პროექტის მომგებიანობა. ამასთან, მოგების გამოვლენილი მოცულობა საშუალებას მისცემს მეწარმეს შეაფასოს უკუგების ვადა. როგორც წესი დამწყები მეწარმეები იყენებენ სასესხო კაპიტალს. ე.ი. გათვლების ჩატარებისას გასათვალისწინებელია ამ სესხების გადასახადი. 
მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მეწარმე ფლობს ამ სახის სრულ ინფორმაციას, მეწარმემ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება, დაიწყოს პროექტის რეალიზება თუ არა.   


გადასახადების პრობლემა 
სახელმწიფო და ადგილობრივი ორგანოების საგადასახადო წნეხი გამოდის წარმოების არა სტიმულატორის როლში, არამედ ხშირად  ამუხრუჭებს მეწარმეობის განვითარებას. არცთუ იშვიათად მეწარმეები ცდილობენ თავიდან აიცილონ გადასახადები, იყენებენ იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც მათ მოქმედი კანონმდებლობა აძლევთ ან უბრალოდ მალავენ თავიანთ შემოსავლებს. 

მონაწილეობა ახალი საწარმოს დაფუძნებაში 
როგორც წესი, წინადადება ახალი საწარმოს დაფუძნებაში მონაწილეობის შესახებ, ამ საქმის ინიციატორიდან გამომდინარეობს. სწორედ ინიციატორი გაცნობთ სამეწარმეო იდეის შინაარსს, რომელიც შემოთავაზებული პროექტის საფუძველში დევს და ასევე ამ პროექტის რეალიზების სქემას და თითოეული დამფუძნებლის მოვალეობებს. 
თანადამფუძნებლის როლში გამოსვლა ნიშნავს განსაზღვრული თანხის შეტანას დასაფუძნებელი საწარმოს საწესდებო ფონდში. ამასთან უნდა გაითვალისწინოთ, რომ ინიციატორი ეცდება შეინარჩუნოს დასაფუძნებელი საწარმოს კონტროლი. და ამიტომ, მონაწილეობა საწარმოს თანადაფუძნებაში აყენებს რისკის ქვეშ თქვენს კაპიტალს, რომელიც წილის სახით შეგაქვთ საწარმოს საწესდებო ფონდში. შესაძლებელი რისკის ხარისხის შესამცირებლად, პოტენციური თანადამფუძნებელისათვის მიზანშეწონილია დაწვრილებით გაიაზროს ის სამეწარმეო იდეა, რომელიც პროექტს საფუძვლად უდევს. გასააზრებელია ისიც, აეწყობა კი ყველაფერი ისე, როგორც ამას ინიციატორი გთავაზობთ, იპოვის კი საქონელი თავის მყიდველს, შეესაბამება კი სინამდვილეს ჩატარებული გათვლები, ე.ი. ყველაფერი რაც დაკავშირებულია იმ ეფექტის რეალურობასთან, რომელიცასაც საწარმოს ფუნქციონირებამ უნდა მოიტანოს. 
პროექტის შინაარსობრივი ნაწილის საექსპერტო შეფასება, რომელიც - ძირითადი ამოცანაა, რომელიც პოტენციური თანადამფუძნებელის წინაშე დგება. ამის შემდეგ შეიძლება შეუდგეთ უკვე მომზადებული (თუ ისინი უკვე მომზადებულია) დასაფუძნებელი დოკუმენტების გაცნობას ან შეუდგეთ მათ მომზადებას ინიციატორთან ერთად. განსაკუთრებელი ყურადღება უნდა მიექცეს თითოეული პარტნიორის წილის ფიქსირებას საბუთებში - დასაფუძნებელ ხელშეკრულებასა და წესდებაში. ეს გარემოება, მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რადგან ამ წილის შესაბამისად განაწილდება მოგება, რომელსაც წარმოების მუშაობა მოიტანს. 

საწარმოს ყიდვა 
ამჟამად საქართველოში სამეწარმეო სფეროში შესვლისათვის არსებობს კიდევ ერთი შესაძლებლობა - უკვე არსებული წარმოების ყიდვა. მსოფლიოში ეს ფართოდ გავრცელებული ფორმაა. საწარმოს ყიდვა ნიშნავს საკუთრების გადასვლას ერთი ხელიდან მეორეში, აქედან გამომდინარე ყველა უფლებით და მოვალეობით. პოტენციური მყიდველის წინაშე პირველ რიგში დგება ორი პრობლემა: 
• საწარმოს ღირებულების შეფასება; 
• იმ ვალდებულებების გამოვლენა, რომლებიც საწარმოს, როგორც იურიდიულ პირს, აქვს ყიდვა-გაყიდვის გარიგების მომენტისათვის (ფინანსური და სავალო ვალდებულებების ჩათვლით). 
მხოლოდ ამ პრობლემების გადაწყვეტის შემდეგ შეიძლება მიიღოთ გადაწყვეტილება ყიდვის ან ყიდვაზე უარის თქმის შესახებ. საწარმოს ყიდვა შესაძლებელია სხვადასხა  ფორმის საფუძველზე: 
• ყიდვა საბალანსო ღირებულების მიხედვით; 
• ყიდვა "შემოსავლების" (მიმდინარე ან მომავალი) მიხედვით; 
• ყიდვა აუქციონის მეშვეობით; 
• ყიდვა წარმოებისა, რომელიც ფუნქციონირებს, მაგრამ ჯერ რეგისტრირებული არ არის. 
  ყიდვა საბალანსო ღირებულების მიხედვით ეფუძნება საწარმოს ღირებულების შეფასების საბალანსო მეთოდს. საბალანსო ღირებულება  ეს საწარმოს ღირებულებაა, რომელიც საბუღალტრო დოკუმენტებითაა დადასტურებული და გამოითვლება როგორც ჯამი არსებული ნაღდი ფულისა, ფასიანი ქაღალდების ღირებულებისა, სადებიტორო დავალიანებისა, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მარაგის ღირებულების, გრძელვადიანი ინვესტიციების, ძირითადი კაპიტალის ნეტო (ამორტიზაციის გამოკლებით) მინუს გრძელვადიანი და მოკლევადიანი სესხები და დავალიანების სხვა ფორმები. შეფასების საბალანსო მეთოდს იყენებენ მაშინ, როდესაც ყიდვის ობიექტია არაკონკურენტუნარიანი საწარმო, რომლის მოგება არ აღემატება (ან ნაკლებია) საშუალო მოგებას დარგში, და რომლის მოდერნიზება მნიშვნელოვან კაპიტალდაბანდებებთანაა დაკავშირებული. 
ბევრ შემთხვევაში საწარმოები იყიდება საბალანსო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად, განსაკუთრებით, როდესაც ასეთი საწარმოების ძირითადი კაპიტალი მოძველებულია. 
ყიდვა "შემოსავლების" მიხედვით ნიშნავს, რომ მყიდველი რასაკვირველია მხედველობაში იღებს საწარმოს საბალანსო ღირებულებას, მაგრამ არა ის, არამედ მომავალი შემოსავლები განსაზღვრავს გარიგების ფასს. 
მაგალითად, ავიღოთ შემოთავაზებული ორი ერთნაირი სავაჭრო საწარმო. ერთი მაღაზია ვაზისუბანში, მეორე - ნავთლუღის რკინიგზის სადგურთან ახლოს. მყიდველი დაახლოებით შემდეგნაირად მსჯელობს: "თუ შევიძენ მაღაზიას სადგურთან, პოტენციური მყიდველი უფრო მეტი იქნება, ვიდრე გარეუბანში, შესაბამისად საქონელბრუნვა და მომგებიანობა უფრო მაღალი იქნება. მე შევძლებ უფრო სწრაფად დავიბრუნო კაპიტალის გამოსასყიდად დახარჯული სახსრები, რადგან კაპიტალის ბრუნვის ტემპები უფრო მაღალი იქნება". 
გადაწყვეტილება ბევრად იქნება დამოკიდებული ანალიზის ხარისხზე, მის სიზუსტეზე, გაანალიზებული ინფორმაციის  სარწმუნოებაზე, ყიდვის მიზნებსა და ა.შ. 
არცთუ იშვიათად ფასზე ზემოქმედებას ახდენს არა ადგილმდებარეობა, არამედ საწარმოს პრესტიჟი. 
ბოლო მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც საწარმოს ფასზე ზემოქმედებას ახდენს - ეს ფირმის საწარმოო სტრუქტურის მოქნილობის ხარისხია.  ვთქვათ, მყიდველი განწყობილია შეცვალოს საწარმოს პროფილი. ერთ საწარმოში, რომელსაც მოქნილი საწარმოო სტრუქტურა აქვს, მსგავსი ცვლილება არ მოითხოვს დიდ კაპიტალდაბანდებებს, მეორეს, რომელიც საკმარისად "მოქნილი" არ არის, მნიშვნელოვანი ინვესტიციები დასჭირდება. 
ყიდვა აუქციონის მეშვეობით გულისხმობს გასაყიდად გამოტანილი საწარმოს სასტარტო ფასის არსებობას. ამ ფასს საფუძვლად უდევს  საწარმოს საბალანსო ღირებულება, პლუს გარკვეული მოგება (რომელიც შეიძლება არც იყოს შეტანილი) და ხარჯები, დაკავშირებული საწარმოს აუქციონის მეშვეობით გაყიდვასთან. სააუქციონო (ფაქტობრივი) ფასი არ ასახავს საწარმოს რომელიმე ეკონომიკურ მაჩვენებლებს, და არის მხოლოდ აუქციონის ჩატარების მომენტისათვის საწარმოზე არსებული მოთხოვნის შედეგი. მოთხოვნა მთელ რიგ ფაქტორებზეა დამოკიდებული - საწარმოს ადგილმდებარეობა, მისი პროფილი, საწარმოს რეკლამა, აუქციონის ორგანიზატორების პრესტიჟულობა და ა.შ. 
იმ საწარმოს შეძენა, რომელიც რეგისტრირებულია, მაგრამ ჯერ კიდევ არ ფუნქციონირებს, აადვილებს ახალი მეწარმის სამეწარმეო საქმიანობის სფეროში შესვლას, საშუალებას აძლევს მას დაზოგოს დრო დამფუძნებელი დოკუმენტების მომზადებასა და მის რეგისტრაციაზე, აგრეთვე ბიუროკრატიული ინსტანციების გავლაზე. გამყიდველის თვალსაზრისით, სადამფუძნებლო დოკუმენტების პაკეტის მომზადება მოითხოვს გარკვეულ დანახარჯებს, რაც განსაზღვრავს მის ფასს. 
მოქმედი ფირმის ყიდვისას უნდა გადაუხადოთ მის მფლობელს მისი ღირებულება. ფირმის ღირებულებაზე გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა მყიდველთა ჩამოყალიბებული წრე, საწარმოს ადგილმდებარეობა, არსებული პარტნიორული კავშირები, პოტენციური შესაძლებლობები, რომლებიც განსაზღვრავს საწარმოს განვითარებას მომავალში. მყიდველისათვის ნათელი უნდა იყოს: საწარმოს ყიდვისას შეიძლება გადაიხადო ფასი, რომელიც აღემატება ჩარხების, დანადგარების, მასალების, შენობების ღირებულებას, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომავალში ფირმა მოიტანს საკმარის (მყიდველის თვალსაზრისით) მოგებას. თეორიულად არსებობს ერთიანობა ამ საკითხის მიმართ - მხოლოდ მომავალმა, საშუალო დონეზე მაღალმა მოგებამ შეიძლება გაამართლოს ფირმის მაღალი ღირებულება.  მომავალი მოგების შეფასება შეიძლება მხოლოდ მიახლოებით. 
როგორც წესი, არსებული საწარმოს შეძენა ნაკლებ რისკთან არის დაკავშირებული, ვიდრე ახლის შექმნა. უკვე არსებობს მყიდველთა გარკვეული წრე, გავლილია საქმიანობის პირველი ეტაპი. მიუხედავად ამ უპირეტესობებისა, უნდა გახსოვდეთ შემდეგი ასპექტები: 
1. რით ხსნის ახლანდელი მფლობელი საწარმოს გაყიდვას? 
2. შეიძლება თუ არა ვენდოთ მის მოტივს, თუ ის მოგონილი გეჩვენებათ? 
3. გაქვთ თუ არა უმნიშვნელოვანესი მონაცემები (ბალანსები, სტატისტიკური გათვლები, და ა.შ) თქვენი წინამორბედის საქმიანობის შესახებ? 
4. შეიძლება თუ არა მათ მეშვეობით გამოვავლინოთ საწარმოს განვითარების დინამიკა? 
5. გიჩვენებს თუ არა წარმოდგენილი მონაცემები (ბრუნვის მოცულობა, მოგება), რომ წარმოება აღარ იზრდება, თუ არსებობს განვითარების დადებითი ტენდენცია? 
6. არსებობს თუ არა, მიუხედავად განვითარების უარყოფითი მაჩვენებლებისა,  საფუძველი იმისა, რომ წარმოება გაიზრდება? 
7. შეიძლება თუ არა შეინარჩუნოთ მყიდველები და კლიენტები, თუ მათ და თქვენს წინამორბედს შორის პირადი კონტაქტები პრევუალირებდა? 
8. თანახმა არიან თუ არა საწარმოს მომწოდებლები თქვენც მოგაწოდონ საქონელი და ნედლეული? 
ამ და ამის მსგავს კითხვებზე გაცემული პასუხები საშუალებას მოგცემენ უფრო საფუძვლიანად დაასაბუთოთ გადაწყვეტილება. 

პარტნიორული წილის გამოსყიდვა 
პარტნიორული წილის გამოსყიდვა ისეთი ფორმაა, როდესაც გამყიდველიდან მყიდველთან საკუთრების ისეთი წილი გადადის, რომ მყიდველი საწარმოს თანამფლობელი ხდება. შეიძლება გაიყიდოს არა მთლიანი წილი, არამედ მისი ნაწილი. ამ შემთხვევაშიც ეს გარიგება საკუთრების უფლების შეძენის ფორმაა (და შესაბამისად ვალდებულებების). მსგავსი გარიგების მომზადებისას პროცესში მყიდველი უნდა გაეცნოს ისეთ ინფორმაციას, რომელიც საშუალებას მისცემს მას შეიქმნას სრული წარმოდგენა საწარმოს ფუნქციონირების შესახებ. რა აინტერესებს მყიდველს პირველ რიგში? 
საწარმოს მომგებიანობა; 
საწარმოს კონკურენტუნარიანობა; 
ინფორმაცია საწარმოს არსებული და დაგეგმილი განვითარების პროგრამების შესახებ; 
ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ნაწილს შეადგენს შესასყიდი წილი მთელი საწესდებო კაპიტალის მიმართ; 
ინფორმაცია საწარმოს სხვა თანამფლობელების შესახებ. 
გარემოებების მიხედვით მყიდველი შეიძლება სხვა ინფორმაციამაც დააინტერესოს, რომელიც მას გადაწყვეტილების მისაღებად სჭირდება. ნებისმიერ შემთხვევაში პოტენციური მყიდველი უნდა მიისწრაფოდეს იმ საწარმოს მუშაობის ეკონომიკური და ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზისაკენ, რომლის მიმართაც ის იჩენს ინტერესს. 
   


ზოგიერთი ტერმინის განმარტება



აქტივები (Assets): ბალანსის შემადგენელი ნაწილი, რომელიც გვიჩვენებს კომპანიის ძირითად და საბრუნავ საშუალებებს. იგი შეიძლება იყოს ნაღდი ფული, ძირითადი ფონდები, მატერიალურ-საწარმოო მარაგები, დებიტორული დავალიანება და სხვა.
საკუთარი კაპიტალი (Net Worth): კომპანიის მფლობელის ან კომპანიის კაპიტალის ღირებულება დროის მოცემულ მომენტში. გამოიანგარიშება ვალდებულებებსა (რა გმართებთ) და აქტივებს (რა გაქვთ) შორის სხვაობით.
მოგება (Profit): გაყიდვის შედეგად მიღებული თანხიდან გადასახადებისა და ხარჯების გადახდის შემდეგ დარჩენილი თანხა, რომელიც გამოიყენება ბიზნესისთვის ან ნაწილდება მფლობელებს შორის. 
საბალანსო უწყისი (Balance Sheet): მუხლობრივი უწყისი, რომელიც წარმოადგენს მთლიანი აქტივების, ვალდებულებებისა და კაპიტალის ჩამონათვალს და გვიჩვენებს ბიზნესის ფინანსურ მდგომარეობას დროის მოცემულ მომენტში.  
ფულადი ნაკადების მიმოქცევა (Cash Flow): ფულის რეალური მოძრაობა ბიზნესში: შემომავალ ნაკადებს გამოკლებული გამავალი ნაკადები. ფულადი ნაკადების ანალიზის მიზანია განსაზღვროს, შეუძლია თუ არა ორგანიზაციას წარმოქმნას საკმარისი ნაღდი ფული, რომ დაფაროს ყველა ფინანსური ვალდებულება. ნაღდ ფულში იგულისხმება ფული სალაროში და საბანკო ანგარიშებზე.   
მიმდინარე აქტივები (Current Assest): ნაღდი ფული (ან სხვა მუხლები, რომლებიც როგორც წესი, გადაიქცევიან ფულად ერთი საწარმო ციკლის განმავლობაში) და აქტივები (ნედლეული, მასალები), რომლებიც გამოყენებული იქნება საწარმოს საქმიანობაში ერთი საწარმო ციკლის განმავლობაში.  
მიმდინარე ვალდებულებები (Current Liabilities): ნასესხები სახსრები, რომლებიც უნდა დაიფაროს ერთი წლის განმავლობაში. ეს მოიცავს დებიტორულ დავალიანებას, გადასახდელ ხელფასებს, გადასახადებს, გრძელვადიანი ვალდებულებების მიმდინარე ნაწილს და გადასახდელ პროცენტებსა და დივიდენდებს. 
საბრუნავი კაპიტალი (Working Capital): სახსრები, რომლებიც საჭიროა საწარმოს ფუნქციონირებისთვის. იგი განსხვავდება ძირითადი კაპიტალისგან, რომელიც სტაბილურია ფონდების გამოყენების მხრივ. საბრუნავი კაპიტალი გამოიყენება მარაგების შესაძენად, ანგარიშების გადასახდელად და დაზღვევისთვის. გამოითვლება მიმდინარე ვალდებულებებსა და მიმდინარე აქტივებს შირის სხვაობით.
წინასწარი ანგარიში შემოსავლის შესახებ (Proforma): პროგნოზი ან წინასწარი გაანგარიშება შედეგებისა, რომელთაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს ახლანდელი ქმედებების შედეგად. პროფორმა ფინანსური ანგარიში გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება შემობრუნდეს ბიზნესის მიმდინარე საქმიანობა, თუ გარკვეული დაშვებები განხორციელდება. 
რენტაბელობის ზღვარი (Break-Even Point): ათვლის წერტილი, რომლის დროსაც მთლიანი შემოსავალი უდრის გასავლის საერთო თანხას. ამ წერტილის ქვემოთ საწარმო რენტაბელურია, ხოლო ქვემოთ – ზარალშია.
ლიკვიდურობა (Liquidity): აღნიშნავს ბიზნესის მოქნილობას, თუ რამდენად ადვილად შეუძლია საწარმოს აქტივებს, გარდაიქმნას ნაღდ ფულად დანაკარგების გარეშე. თუ საწარმოს მიმდინარე აქტივებს არ შეუძლია გარდაიქმნას ნაღდ ფულად მიმდინარე ვალდებულებების დასაფარად, საწარმო არალიკვიდურად ითვლება.  
მოგება-ზარალი უწყისი (Income Statement ): გვიჩვენებს შემოსავლებისა და ხარჯების მდგომარეობას დროის მოცემულ პერიოდში.
ფინანსური უწყისი (Financial Statement): წერილობითი ანგარიში ორგანიზაციის ან კერძო პირის ფინანსური მფგომარეობის შესახებ. კერძო პირისთვის ეს შეიძლება იყოს აქტივებისა და ვალდებულებების მარტივი ჩამონათვალი, ორგანიზაციის შემთხვევაში კი მოიცავს საბალანსო უწყისს, მოგება-ზარალის უწყისს, ფულადი ნაკადების მოძრაობის უწყისს და საკუთარი კაპიტალის ცვლილებების შესახებ ანგარიშს. 
პროექტის განხორციელების შესაძლებლობის შესწავლა (Feasibility Study): საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვითა და სხვა კვლევებით მოცემული პროექტის შესრულების შესაძლებლობის ანალიზი. ასეთი კვლევა ცხადყოფს პროექტის შესაძლებლობისა და საჭიროების არეს, შეიძლება ჩატარდეს განაცხადის წარდგენამდე, მის გასამაგრებლად. 


ბროშურა მომზადებულია საქართველოს საბანკო-საფინანსო აკადემიის მიერ 
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს სამეწარმეო საქმიანობის განვითარების ხელშეწყობის პროექტის გრანტის AID-2004-G-00143-000-0095 სახსრებით

გვერდი 1  გვერდი  2  გვერდი 3  გვერდი 4  გვერდი 5