EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« საქართველოში საკუთარ სახელთა რქმევის ზოგიერთი ტრადიციის შესახებ »
კატეგორია: გვართა გენეალოგიური ნუსხაავტორი: uchi
თარიღი: 2014-10-08 23:09:29
წინამდებარე სტატიაში საუბარი გვექნება მხოლოდ მამაკაცის სახელებზე. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ქართულ საისტორიო საბუთებში ძირითადად მამაკაცის სახელებია ფიქსირებული, მეორე იმიტომ, რომ მამაკაცის სახელები ბევრად აჭარბებს ქალთა სახელებს და მესამე - ქართულ ეპონიმიურ გვარსახელებს, ორიოდე გამონაკლისის გარდა, ძირითადად მამაკაცთა სახელები უდევთ საფუძვლად. ცნობილია, რომ საქართველოში ისტორიულად გავრცელებული იყო ქართულ-ქართველური, ქრისტიანული (ბერძნული, ებრაული) და მეზობელ ხალხთა სახელები. ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში დასახელებული სამი სახის სახელებიდან ხან ერთს ჰქონდა პრიმატი, ხან მეორეს და ხან მესამეს. ოფიციალურად, ქრისტიანობის მიღების შემდეგ, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია პიროვნებებს კანონიზებულ ქრისტიანულ სახელებს არქმევდა, თუმცა ქართულ-ქართველურ სახელებს ასპარეზი არასდროს დაუთმია. მათ მეორე პლანზე გადაინაცვლეს და მეტსახელების ანუ თიკუნების სახით მოგვევლინნენ. ქართულმა წერილობითმა ძეგლებმა და საისტორიო საბუთებმა შემოგვინახა არაერთი ფაქტი ორი სახელის რქმევისა, რითაც ჩანს, რომ ქრისტიანულმა ეკლესიამ ქართულ-ქართველური სახელები ნელ-ნელა განდევნა ასპარეზიდან. შეიძლება გავიხსენოთ "ლაშა-გიორგი" და "დავით-სოსლანი". სოსლანი და ლაშა, რა თქმა უნდა, ნათლობამდელი სახელები იყო ამ პიროვნებებისა, გიორგი და დავითი კი ნათლობის სახელები. ბოლო დრომდე ყველა ქართველს ორი სახელი მაინც ერქვა: ერთი - ოფიციალური, ქრისტიანული (ნათლობისა) და მეორე - ზედმეტი სახელი. ფშავის, ხევსურეთის, მთიულეთის, გუდამაყრის, ხევის ეთნოგრაფიულ მასალებზე დაყრდნობით ვ. ბარდაველიძეს ნაჩვენები აქვს, რომ ჩვენში პიროვნებას რამდენიმე სახელი ერქვა. ერთი სახელი იყო ჯვარისა (სალოცავის), რომელსაც დაბადებისთანავე დედა არქმევდა შვილს (ვაჟსაც და ქალსაც), მეორე სახელი იყო სულისა, რომელსაც დაბადებიდან რამდენიმე თვის შემდეგ არქმევდნენ. ეს იყო წინაპრისა ან გარდაცვლილი ნათესავის სახელი. მესამე სახელი იყო თიკუნი ანუ ზედმეტი სახელი და მონათვლის შემთხვევაში ერქმეოდა მეოთხე, ნათლობის სახელიც (ვ. ბარდაველიძე, ქართველი ხალხის რელიგიური აზროვნების ისტორიიდან (მრავალსულიანობის კონცეფცია), "მიმომხილველი", I, 1949). დ. ბაქრაძე: "გურიაში იშვიათი არ არის, როცა ერთსა და იმავე ადამიანს ორი სახელი ჰქვია, ერთი ნათლობისა, და ერთიც შერქმეული" (დ. ბაქრაძე, არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში, ბათუმი, 1987, გვ. 128).
ვიმეორებთ, რომ ქართულ გვარსახელებს საფუძვლად ძირითადად მამაკაცის სახელები უდევთ, რომლებსაც მეცნიერებაში ეპონიმიურ გვარსახელებს უწოდებენ. თუმცა საკმაო რაოდენობით გვაქვს ტოპონიმისმიერი, პროფესიული და ეთნონიმური გვარსახელები. უნდა ითქვას, რომ ეპონიმიურ გვარებში ხშირად მამაკაცებს არქმევდნენ იმ სახელებს, რომელმა სახელებმაც საფუძველი ჩაუყარეს ამა თუ იმ გვარს. გვარის საფუძველჩამყრელის სახელი ტრადიციულად გადადიოდა თაობიდან თაობაზე. ამის დამადასტურებელი არაერთი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ ქართული საისტორიო საბუთებიდან. მანამ კონკრეტულ მაგალითებს შემოგთავაზებთ, აღვნიშნავთ, რომ ასეთი საკუთარი სახელების რქმევა დამახასიათებელი იყო არა მარტო მთელი შუა საუკუნეებისათვის, არამედ მოგვიანო პერიოდის, XIX საუკუნის ქართული ყოფისთვისაც. მაგალითები: "ქუცნა ქუცნიაშვილი", "გოდერძი გოდერძაული", "სამაღან სამაღანიშვილი", “ბეჟიტა ბეჟიტაშვილი", “ქუფრია ქუფრიაშვილი", “ღრუბელა ღრუბელაძე", "თვალია თვალიაშვილი", "თეთრა თეთრაძე", "ბედო ბედოიძე", “ჩიტო ჩიტოშვილი", "აფაქ აფაქიანი", "რატი რატიანი", "რატი რატიშვილი", "ბაია ბაიაშვილი", "ხუცურა ხუცურაული", "ჩეკურა ჩეკურაშვილი", “თავაქარ თავაქარაშვილი", "ჯამარ ჯამარაული", "ხიზანა ხიზანაშვილი", "ხარება ხარებაშვილი", "ხატო ხატიაშვილი", "რუსია რუსიშვილი", "მაისურ მაისურაძე", "ჯარმიზა ჯარმიზაული", "ბულალა ბულალაური"... ამრიგად, გვარის საფუძველჩამყრელის სახელი ქართულ გვარებში ტრადიციული იყო.
ირკვევა, რომ საქართველოში ერთგვარი წესი, ტრადიცია არსებობდა ადრინდელი გვარის საკუთარ სახელად ქცევისა. ამით ქართველები პატივს მიაგებდნენ თავიანთ ადრინდელ გვარსახელს. ეს იყო გარკვეული კავშირის გამოხატულება ადრინდელ გვართან. განსაკუთრებით შეიმჩნევა ეს მოვლენა -ურ (-ულ) და -ძე ფინალიან გვარებთან. მაგალითად, ქსნის ხეობაში, ჭურთისხევზე მდებარე სოფელ დორეულთკარში მოსახლეობდნენ დორეულები, რომლებიც XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე აქედან აიყარნენ და ერწოში გადასახლდნენ. 1774 წელს დორეთკარის აღწერაში დასახელებულია "დორეული სისოურის შვილი აბრამ" (ივ. ჯავახიშვილი, საქართველოს ეკონომიკური ისტორიის ძეგლები, წ. I, თბ., 1967, გვ. 184). დღეს ასე დაიწერებოდა: "აბრამ სისოურის ძე დორეული". აბრამი საკუთარი სახელია, სისოური, ამ შემთხვევაში, მამის სახელი და დორეული - გვარსახელი. ეთნოგრაფიული და საარქივო მასალებით დასტურდება, რომ დორეულების ადრინდელი გვარია სისაური. ამდენად, დორეულები არ ივიწყებდნენ რა თავიანთ ადრინდელ გვარს, პატივს მიაგებდნენ მას და ხშირად თავიანთ გვარში დაბადებულ ვაჟებს სახელად ადრინდელი გვარის სახელს არქმევდნენ. ამავე აღწერიდან სხვა მაგალითებიც შეიძლება მოვიყვანოთ. დორეულთკარში ცხოვრობდა: "დორეული ოსების შვილი სისოური", "დორეული ძაღლიას ობოლი, თავიბ, ქიტესა და სისური". დასახელებული აღწერიდან კიდევ ერთ ამონაწერს მოვიყვანთ. სოფელ თინიკაანთკარში მკვიდრობდა" "თინიკანთ ბერის შვილი თავიბ, ბასილი და გაბიდაური" (გვ. 188). ამ შემთხვევაშიც "გაბიდაური" საკუთარი სახელია, "ბერი" _ მამის სახელი და "თინიკანი" (თინიკაშვილი) _ გვარსახელი. საისტორიო საბუთებითა და ეთნოგრაფიული მონაცემებით ირკვევა, რომ თინიკაშვილები ქსნის ხეობაში მიგრირებულნი არიან ფშავიდან და მათი ადრინდელი გვარი იყო გაბიდაური. თინიკაშვილების გვარშიც ადრინდელი გვარსახელი საკუთარ სახელად იქცა. ისევე როგორც დორეულების გვარში, თინიკაშვილების გვარშიც მოყვანილი მაგალითი ერთადერთი როდია. იმავე აღწერით სოფ. კორინთაში მკვიდრობდა "თინიკანთ ავთანდილის შვილი გაბიდაური" (გვ. 189). გადმოცემით, ქსნელი ბუნტურების ადრინდელი გვარია ბურდული. 1774 წლის აღწერაში ცხავატში მოხსენიებულია "ბუნტური ბასილას შვილი ბურდული" (გვ. 195). ამ შემთხვევაშიც "ბურდული" ოჯახის უფროსის სახელია. XVIII საუკუნის აღწერის დავთრით, ასევე დასტურდება მამაკაცის სახელად ღუდუშაური, სამხარაული (გვ. 111, 195) და სხვ. მსგავსი მაგალითების (სუფიქსური საკუთარი სახელების) მოტანა მხოლოდ XVIII საუკუნის აღწერის დავთრებიდან როდი შეიძლება. სახელების რქმევის ეს ტრადიცია XIX საუკუნეშიც გრძელდებოდა. 1841 წლის აღწერით აფციაურთა გვარში ატარებდნენ სახელს - "ჯალაბაური". ცნობილია, რომ აფციაურთა გვარის ერთი ნაწილი ხევსურეთიდან გადმოსახლებული ძირად ჯალაბაური იყო.
ქსნის ხეობიდნ გადმოსახლებულნი იყვნენ დორეულები ერწოს სოფელ ჭუჭულიანთკარში (იგივე წიაბეთი, ახლანდელი დორეულები). 1842 წლის აღწერაში ისინი ორი გვარით - "დორეული-სისაური" არიან ჩაწერილი. ამასთანავე, ერთ-ერთ დორეულ-სისაურს სახელად ერქვა "სისაური". ამავე სოფელში ცხოვრობდნენ თინკაშვილებიც, რომლებიც ასევე ქსნის ხეობიდან იყვნენ გადმოსახლებულნი. როგორც აღვნიშნეთ, მათი ადრინდელი გვარი იყო გაბიდაური. 1842 წლის აღწერით ერთ-ერთ თინიკაშვილს სახელად ერქვა "გაბიდაური".
ადრინდელი გვარის სახელს _ სისაურს ატარებდა სახელად ერთ-ერთი გონჯილაშვილი თიანეთში. აქვე გვარად "ტუშურ-ბიტოშვილს" ერქვა "ქისტაური". ამ გვარისანი ძირად ქისტაურები იყვნენ, გადმოსახლებულნი ფშავის სოფელ შუაფხოდან. იგივე შეიძლება ითქვას სიმონიანთხევში მოსახლე ბიჩინაშვილებზე. 1843 წლის აღწერით ერთ-ერთ ბიჩინაშვილს სახელად ერქვა ადრინდელი გვარის სახელი "ქისტაური".
ძირად ხამხაძეები იყვნენ თიანეთში მოსახლე მოსახლიშვილები. 1842 წლის აღწერით, ერთ-ერთ მოსახლიშვილს სახელად ერქვა "ხამხაძე". ჯამაგიძეების ადრინდელი გვარი იყო ზარიძე (ერწოს სოფელ ხევსურთსოფელში). 1842 წელს ერთ-ერთ ჯამაგიძეს სახელად ერქვა "ზარიძე". სხვათა შორის, მთიულ ზაქაიძეებს შორის გავრცელებული სახელი იყო "ზარიძე". აფციაურების გვარში ხშირად გვხვდება მამაკაცის სახელი "საბიჯური", ბაზალების გვარში, როგორც "საბიჯური", ისე "აფციაური". სოფელ საყდრიონში ცხოვრობენ მოხევიშვილები, რომლებიც ძირად მოხევეები არიან და მათი თავდაპირველი გვარი იყო "ჩქარეული". ერთ- ერთ მოხევიშვილს სახელად ერქვა "ჩქარეული". ხამხაძეების გვარიდან წარმომავლობენ თიანელი აბრამიშვილები. 1873 წლის კამერალური აღწერით, ერთ-ერთ აბრამიშვილს ერქვა "ხამხაძე”. გიგაურის სახელი გავრცელებული იყო ფრიდონაშვილების, ქადაგიშვილების, კოტორაშვილების, ხარებაშვილების გვარებში, რომლებიც გიგაურთა გვარიდან იყვნენ შტო- ნაყარი. გავრცელებული სახელი იყო "ზარიძეც". ასეთი სახელი დადასტურებული გვაქვს ბადაგაძეების, ზაქაიძეების, ასტამაძეების, კარელიძეების გვარებში. ვინმე ზარიძე კარელიძე ნახსენებია XVIII საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთ საბუთში (ქართული სამართლის ძეგლები, ტ. III, გვ. 1047). ეთნოგრაფიული მასალებით, ქსნის ხეობაში მოსახლე კარელიძეები ზარიძეებიდან წარმომავლობდნენ. მოხევე ეფხოშვილების ადრინდელი გვარია ღუდუშაური. 1774 წლის აღწერით ერთ-ერთ ეფხოშვილს სახელად ერქვა "ღუდუშაური". მთიულეთში, სოფელ ჟოჟონში მამულაიძეების გვარი მკვიდრობდა. 1774 წლის აღწერით ერთ-ერთ მამულაიძეს სახელად ერქვა "გოგოლაური". მამულაიძეების გვარში კი დაცულია გადმოცემა, რომ მათი ადრინდელი გვარი იყო გოგოლაური.
საკუთარი სახელების რქმევის აღნიშნული ტრადიცია არამარტო გლეხთა ფენისათვის, არამედ თავადაზნაურობისთვისაც იყო დამახასიათებელი. მაგალითად შეიძლება ჯავახიშვილების გვარში გავრცელებული საკუთარი სახელი "თორელი" მოვიყვანოთ. ცნობილია, რომ ჯავახიშვილების გვარი თორელთა გვარს XIII საუკუნის მეორე ნახევარში გამოეყო. ასევე ტრადიციული იყო ჯავახიშვილთა გვარში მამაკაცის სახელი "გამრეკელი". ცნობილია, რომ თორელთა გვარი თავის მხრივ გამრეკელთა გვარიდან მომდინარეობდა. XI-XV საუკუნეების საქართველოში დიდ ფეოდალურ საგვარეულოს წარმოდგენდა ვარდანისძეთა გვარი, რომელიც მარუშიანთა (მარუშისძეთა) საგვარეულოდან წარმოდგებოდა. ვარდანისძეთა გვარში ადრინდელი გვარი (მარუშიანი) მამაკაცის სახელად იქცა. საქართველოში სახელების რქმევის ასეთი ტრადიციაც გვქონდა. პიროვნებებს არქმევდნენ არა მარტო ყოფილი, ანუ ადრინდელი გვარის სახელს, არამედ გვარსახელს. XVIII და XIX საუკუნეების აღწერის დავთრებში არაერთგზის გვაქვს დაფიქსირებული ასეთი სახელები გვარსახელებთან: "ბუნტურ ბუნტურიშვილი" (დავაკვირდეთ, აქ გვარსახელ ბუნტურთან მეორე სუფიქსი -შვილიც ჩნდება. ამ შემთხვევაში, პირველი "ბუნტური" საკუთარი სახელია, მეორე - ბუნტურიშვილი გვარსახელს გამოხატავს); "წიპტაური წიპტაურიშვილი"; "ბაშარული ბაშარულიშვილი"; "შერმადინ შერმადინიშვილი"; "ზარიძე ზარიძიშვილი"; "ბექაურ ბექაური"; "ფსუტური ფსუტური"; "ხრიკულ ხრიკული"; "კაიშაურ კაიშაური"; "ამირიძე ამირიძე"; "პატაშურ პატაშური"; "გვიანაურ გვიანაური"; "ჩრდილელ ჩრდილელიშვილი" (აზნაური);
"ქისტაურ ქისტაური"; "კურკუმელ კურკუმული"; "გაგაძე გაგაძიშვილი"; "ქვიცურ ქვიცურიშვილი"; "ბუჩუკურ ბუჩუკური"; "გიგაურა გიგაური"; "ხადურა ხადურიშვილი"; "მცხეთელაძე მცხეთელაძე"; "ტუშურა ტუშური"; "მახატელი მახატელი"; "ღაზნელიძე ღაზნელი" (1620 წ. საბუთში); "ქინქლაძე ქინქლაძე"; "ნიაურ ნიაურიშვილი"; "წიკლოურ წიკლაური"; "სამხარაულ სამხარაული"; "ვეშაგურ ვეშაგური". XIV ს-ის ერთ სვანურ დოკუმენტში დასახელებულია "ქურდიანილ ქურდიანი" (პ. ინგოროყვა, სვანეთის საისტორიო ძეგლები, II, თბ., 1944, გვ. 95). გვარსახელების საკუთარ სახელებად გამოყენების ტრადიციის შესახებ სვანეთში მიუთითებდა რ. ხარაძე წიგნში "დიდი ოჯახის გადმონაშთები სვანეთში" (თბ., 1939). მას მოყვანილი აქვს ასეთი მაგალითი: "რატიან რატიანის ძე რატიანი" (გვ. 18). აღნიშნული ტრადიცია გვარსახელის საკუთარ სახელად რქმევისა, დამახასიათებელი იყო თავადაზნაურთა ფენისთვისაც და, როგორც ჩანს, ასეთ ტრადიციას ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს. მაგალითად, ქსნის ერისთავების გვარი აქ დამკვიდრების შემდეგ ქვენიფნეველი იყო. მამაკაცის სახელი "ქვენიფნეველი" ქვენიფნეველების გვარში, "ძეგლი ერისთავთაში" (XIV ს. დასასრული) ორჯერაა დაფიქსირებული.
მოკლედ უნდა შევჩერდეთ კიდევ ერთი ტიპის მამაკაცის სახელებზე. საქართველოს მთიანეთში ბოლო დრომდე შემორჩენილი იყო -ძე სუფიქსიანი სახელები: ბერიძე, ბაქიძე, ნანაიძე, მარაიძე, თამარიძე და სხვ., რომლებიც საგულისყურონი არიან. ამ შემთხვევაში დასკვნა ასეთია: -ძე სუფიქსიანი სახელები გადმონაშთია ძალიან ძველი დროისა. ასეთ სახელებს თავდაპირველად არქმევდნენ, რა თქმა უნდა, ბერის, ნანაის, თამარის შვილებს. შემდგომში ასეთი -ძე სუფიქსიანი სახელები გაქვავდა და ტრადიციით გადაეცემოდა თაობიდან თაობაზე. ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას ჩვენს მთაში შემორჩენილ -ურ სუფიქსიან რამდენიმე სახელზე.
ქართული საისტორიო საბუთები, წყაროები იცნობენ აგრეთვე -ელ სუფიქსიან მამაკაცის სახელებს, რომლებიც გვარსახელებიდან არ მომდინარეობენ. ისინი მიღებულია ტოპონიმზე -ელ სუფიქსის დართვით. შეიძლება გავიხსენოთ სურამელი, მარგველი, ლარგუელი და სხვ. ეს უკანასკნელი სახელი ტრადიციული იყო ქსნის ერისთავების - ქვენიფნეველების საგვარეულოში. ლარგვისი ქსნის ერისთავების საძვლეს წარმოადგენდა.
ამრიგად, საქართველოში გვქონდა საკუთარი სახელების რქმევის შემდეგი ტრადიცია: 1) პიროვნებებს არქმევდნენ სახელს, რომელმაც ამა თუ იმ გვარს თავის დროზე ჩაუყარა საფუძველი (მაგალითად, "რატი რატიანი"); 2) პიროვნებებს არქმევდნენ ადრინდელი გვარის სახელს (მაგალითად, "სისოურ დორეული"); 3) პიროვნებებს არქმევდნენ უშუალოდ გვარის სახელს ("მცხეთელაძე მცხეთელაძე"). ამას გარდა, ყოფაში იყო -ძე, -ურ (-ულ) და -ელ სუფიქსიანი სახელებიც.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სტატიის ავტორი - როლანდ თოფჩიშვილი;
მასალა აღებულია წიგნიდან - „ეთნოისტორიული ეტიუდები“, წიგნი I, თბილისი, 2005 წ.