EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« რა უნდა ვიცოდეთ ნაღვლის ბუშტის შესახებ »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: nisa

თარიღი: 2014-10-16 12:05:41

რა უნდა ვიცოდეთ ნაღვლის ბუშტის შესახებ
Blausen_Gallbladder-Liver-Pancreas_Location

ნაღვლის ბუშტისა და ნაღვლის გამომტანი გზების პათოლოგიები

ნაღვლის ბუშტის ფუნქცია

ნაღვლის ბუშტი მსხლის ფორმის ტომარაა. მასში ღვიძლის მიერ გამომუშავებული ნაღველი ინახება. საკვების მიღებისას ნაღველი თორმეტგოჯა ნაწლავში გადადის და ნაწლავებს ცხიმის, წყლის და ელექტროლიტების შეთვისებაში ეხმარება.

ნაღვლის გადმოსვლა თორმეტგოჯა ნაწლავში საკვების მიღების რეფლექსთან და სპეციალურ ჰორმონებთან არის დაკავშირებული.

ნაღვლის გამომუშავების ფიზიოლოგია 

ღვიძლში გამომუშავებული ნაღველი პიგმენტური ხსნარია, რომლის ელექტროლიტური შემადგენლობა სისხლის პლაზმის მსგავსია. ნაღვლის ბუშტში აკუმულირებული ნაღველი გარკვეულწილად განსხვავდება ღვიძლში გამომუშავებული ნაღვლისაგან, რადგანაც ბუშტის კედლიდან შეიწოვება წყალი და სხვა ნივთიერებები. შედეგად ნაღველი კონცენტრირდება. პირველად შემადგენლობასთან შედარებით ნაღვლის ბუშტში შენახული ნაღველი გაცილებით სქელი, ბლანტი და კონცენტრირებულია, რადგან ბუშტის კედელს წყლის გაწოვის უნარი აქვს და ამის გამო ნაღველში უფრო მეტი რაოდენობით არის ნაღვლის მჟავები თუ სხვა აუცილებელი ფერმენტები.

ნაღვლის კომპონეტებია:

  • წყალი (82%),
  • ნაღვლის მჟავები (12%) და სხვა ნივთიერებები.

ნაღველი ყოველდღიურად 500-600 მლ-ის ოდენობით გამომუშავდება. ნაღვლის მჟავები აუცილებელია ნაწლავებიდან ცხიმების, წყლისა და ელექტროლიტების ნორმალური შეწოვისათვის წვრილ და მსხვილ ნაწლავებში.

ნაღვლის მიმოქცევა - კუჭში მოხვედრის შემდეგ საკვებში არსებული ცილები ნაწილობრივ იშლება, რაც, საბოლოოდ, თორმეტგოჯა ნაწლავში სრულდება, ცხიმებიც იშლება. თორმეტგოჯა ნაწლავში საკვების მოხვედრის შედეგად ღიზიანდება რეცეპტორები, რის საფუძველზეც ნაღვლის ბუშტი იკუმშება, იხსნება ოდის სპინქტერის სახელით ცნობილი სადინარი, რითაც ნაღველი ნაღვლის ბუშტიდან თორმეტგოჯა ნაწლავში გადადის.

თორმეტგოჯა ნაწლავიდან საკვები წვრილ ნაწლავში გადადის, სადაც საკვებთან ერთად ნაღველიც შეიწოვება და სისხლში გადადის. სისხლის საშუალებით ის კვლავ ღვიძლში ხვდება და ნაღვლის ახალი ულუფის შექმნაში მონაწილეობს.

ზოგიერთი პათოლოგიის დროს (მაგ., წვრილი ნაწლავების ანთება) ნაღვლის უკუშეწოვა შემცირებულია და ორგანიზმში მისი დეფიციტი წარმოიქმნება. შესაბამისად, ირღვევა პროპორცია ქოლესტერინსა და ნაღვლის მჟავეებს შორის და კენჭების წარმოქმნისათვის ხელშემწყობი პირობები იქმნება.

გავრცელებული დაავადებები 

ნაღვლის ბუშტის დაავადებებიდან ყველაზე ხშირად ვითარდება:

  • ქოლეცისტიტი – ნაღვლის ბუშტის მწვავე და ქრონიკული ანთება.
  • ნაღვლ-კენჭოვანი დაავადება – ნაღვლის ბუშტში სილის ან სხვადასხვა ზომის კენჭის არსებობა.

თუმცა ასეთი დაყოფა პირობითია, რადგან ქოლეცისტიტის განვითარება ხშირად სწორედ ნაღველ-კენჭოვანი დაავადებით არის განპირობებული.

ქოლეცისტიტი 

ქოლეცისტიტი მიკრობების ნაღვლის გამომტანი გზებით ნაღვლის ბუშტში შეღწევის შედეგად ვითარდება. არსებობს ნაღვლის ბუშტში ინფექციის შეჭრის სხვა გზაც: სისხლძარღვებისა და ლიმფური სადინრების მეშვეობით, ორგანიზმში არსებული ინფექციური კერიდან – კარიესული კბილები, ანთებითი ნუშურა ჯირკვლები, აპენდიქსის ანთება, ღრძილების ანთება, პაროდონტოზი. ქოლეცისტიტის მიზეზი შეიძლება გახდეს ქრონიკული ანთებითი ცვლილებები კუჭში, თორმეტგოჯა ნაწლავში, კუჭქვეშა ჯირკვალში, ღვიძლში.

ქოლეცისტიტის განვითარებას ხელს უწყობს არასრულფასოვანი კვებით დასუსტებული ორგანიზმი, ასევე შიმშილი, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება, ემოციური გადაძაბვა.

ხშირია ქოლეცისტიტი A ,B და ჩ ჰეპატიტების გადატანის შემდეგ.

ქოლეცისტიტი შესაძლოა ნაღვლ-კენჭოვანი დაავადების გარეშეც განვითარდეს. მისი განვითარების მიზეზები და ხელშემწყობი ფაქტორები შეიძლება იყოს მშობიარობის შემდგომი პერიოდი, ასევე:

  • ნაღვლის ბუშტში პარაზიტების არსებობა
  • შაქრიანი დიაბეტი
  • სისხლძარღვთა ანთება – ვასკულიტი
  • მოუწესრიგებელი კუჭის მოქმედება
  • ადინამია – უმოძრაო ცხოვრება, ჯდომითი საქმიანობა
  • არასრულფასოვანი კვება, რაც მეტწილად ზედმეტად მსუყე საკვებს უკავშირდება.

კენჭოვანი ქოლეცისტიტის განვითარების მიზეზია ნაღვლის ბუშტის კენჭით დახშობა. ამ დროს საუკეთესო პირობები იქმნება ანთების განვითარებისათვის.

მწვავე ქოლეცისტიტი 

მწვავე ქოლეცისტიტი ხშირად ე.წ. ღვიძლის ჭვალით იწყება, რაც მარჯვენა ფერდქვეშა არეში უეცრად განვითარებული ძლიერი ტკივილით ან ზეწოლის შეგრძნებით გამოიხატება. ტკივილი ხშირად ბეჭთაშუა არეში, მარჯვენა ბეჭში ან მხარში გადაეცემა. ის მოგვიანებით ხველისა და ღრმა ჩასუნთქვის დროს ძლიერდება, რაც პერიტონეუმის გაღიზიანების მაჩვენებელია.

მწვავე ქოლეცისტიტისთვის დამახასიათებელია გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ტემპერატურის მომატება. სიყვითლე მხოლოდ იმ შემთხვევაში ვითარდება, თუ ანთებითი პროცესი სანაღვლე გზებსა და იქვე ახლოს მდებარე ლიმფურ ჯირკვლებზე ვრცელება.

შეტევა უმთავრესად ღამით ან ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ (15 წთ-დან 2 სთ-მდე) იწყება და რამდენიმე საათს გრძელდება. ის თანდათანობით იხსნება, თუმცა კენჭის არსებობის შემთხვევაში ყრუ ტკივილი რამდენიმე ხნის განმავლობაში რჩება.

ქრონიკული ქოლეცისტიტი 

უფრო ხშირად ნაღვლის ბუშტის კენჭით მუდმივი მექანიკური გაღიზიანების გამო ვითარდება. შემთხვევათა 25%-ში ნაღველი ინფიცირებულია.

ქრონიკული ქოლეცისტიტისათვის დამახასიათებელია გამწვავებისა და რემისიის (სიმშვიდის) პერიოდული მონაცვლეობა. ხშირად ის წლების მანძილზე უსიმპტომოდ (ჩივილების გარეშე) მიმდინარეობს. დაავადება მწვავდება ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ. ტკივილი სხვადასხვა ინტენსივობისაა (სიძლიერე). ხშირია უმადობა, გულისრევა, მუცლის შებერვა, ყაბზობა, ხანდახან ტემპერატურის მატება.

დიაგნოსტიკა 

ქოლეცისტიტის დიაგნოზი კლინიკურ ნიშნებსა და ინსტრუმენტულ კვლევებს ემყარება. კლინიკური ნიშნებიდან საყურადღებოა: უეცრად განვითარებული ტკივილი ნაღვლის ბუშტის არეში, ტემპერატურისა და ლეიკოციტების (სისხლის თეთრი ბურთულები) მომატება. ნაღვლის ბუშტის საპროექციო არე ხელით გასინჯვისას მტკივნეულია.

ინსტრუმენტული მეთოდებიდან ყველაზე მარტივი, მგრძნობიარე და იაფი მეთოდია ექოსკოპიური (ულტრაბგერითი) გამოკვლევა. ის ინფორმაციულია, როგორც კენჭების არსებობის, ისე უკენჭო ქრონიკული ქოლეცისტიტის დასადგენად.

გართულებები 

უკენჭო ქოლეცისტიტს ახასიათებს შემდეგი გართულებები:

  • შეგუბებული ნაღვლის ჩირქმბადი ბაქტერიებით ინფიცირება ემპიემის (ჩირქგროვა) ჩამოყალიბებას განაპირობებს. მას შემცივნება, მაღალი ტემპერატურა, ძლიერი ტკივილი ახასიათებს.
  • ნაღვლის ბუშტის სადინრის ხანგრძლივად დახშობის შემთხვევაში შესაძლოა ბუშტმა ზომაში მოიმატოს. მას მძიმე გართულებების განვითარების პირობა ექმნება.
  • ნაღვლის ბუშტის კედლის დანეკროზების შემთხვევაში, მისი შიგთავსის მუცლის ღრუში გადასვლა მუცლის ფარის ანთების – პერიტონიტის განვითარებას განაპირობებს.
მკურნალობა 

თვითმკურნალობა დაუშვებელია. მწვავე ქოლეცისტიტის დროს აუცილებელია სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

დაავადების ქრონიკული მიმდინარეობისას ინიშნება მედიკამენტოზური მკურნალობა. ქრონიკული ქოლეცისტიტით დაავადებული მთელი სიცოცხლის მანძილზე მოითხოვს საკვების კონტროლს. თუმცა რემისიის ანუ სიმშვიდის დროს დასაშვებია დიეტის მცირე დარღვევა.

დიეტა ქრონიკული ქოლეცისტიტის დროს 

რეკომენდებულია:

  • აუცილებელია ხშირი და მცირე ულუფებით კვება (5-6-ჯერ დღეში), რასაც მოსდევს ნაღვლის რეფლექტორული გამოყოფა. კვება სასურველია ერთსა და იმავე დროს;
  • საკვები არ უნდა იყოს არც ძალიან ცხელი, არც ძალიან ცივი, არამედ გრილი;
  • პირველი თავი კერძი შეიძლება იყოს ხორცის ან თევზის ბულიონი, თუმცა ჯობს, უფრო ხშირად ბოსტნეულისა და რძის პროდუქტებისგან (მაწონი, ხაჭო) მომზადებული წვნიანების მიღება;
  • უპირატესობა ენიჭება მოხარშულ, ჩათუშულ, ორთქლზე მომზადებულ კერძებს;
  • ნაკლებად რეკომენდებულია ღორის ხორცი. სასარგებლოა უფრო ხშირად ფრინველის, ხბოს ხორცის მიღება. ასევე უცხიმო თევზის, ხაჭოს, ყველის (დაახლოებით 200-250 გ ყოველდღიურად) მირთმევა;
  • კვირაში ერთხელ (სალათებსა და ომლეტში) შესაძლებელია მოხარშული კვერცხის ცილა, კვერცხის გული კი – კვირაში 2-3 ჯერ;
  • ცხიმების დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს დღეში 45 გ-ს. ის ასე ნაწილდება: ზეითუნის ან სოიის ზეთი – 1 ს/კ; მზესუმზირის ან სიმინდის ზეთი _ 1 ს/კ; კარაქი – 10-15 ს/კ;
  • ცხიმი უნდა დაემატოს მზა კერძებს – სალათებს, პიურეს, ფაფას, წვნიანს;
  • მარილი, საკონდიტრო ნაწარმი, ცომეული (განსაკუთრებით, ქადა, ნაზუქი), ტკბილეული, ნაყინი რეკომენდებულია მცირე რაოდენობით, განსაკუთრებით ჭარბი წონის შემთხვევაში;
  • ქოლეცისტიტის გამწვავების დროს სითხის რაოდენობა დღეში 2-2,5 ლ-ს უნდა აღწევდეს; ნაყენებიდან უპირატესობა ენიჭება ასკილის და შინ დამზადებულ წვენებს. სასარგებლოა მინერალური წყალი. უპირატესობა ენიჭება `ბორჯომს~ (უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის, უგაზო, ჭამიდან 30-40 წუთის შემდეგ);
  • ნებადართულია სუსტი ჩაი და ყავა;
  • კარგია სამკურნალო მცენარეების (გვირილა, ვალერიანი და ა.შ) ნაყენების მიღებაც.

არ არის რეკომენდებული:

  • ცხარე საჭმელი, საწებლები, სანელებლები, მარილიანი კერძები, მარინადი, ნიორი, ხახვი, ბოლოკი, შემწვარი, შებოლილი, დაკონსერვებული საკვები, ძეხვეული, ტვინი, სოკო, ალკოჰოლური სასმელი.
  • იკრძალება ცხიმიანი ხორცი, არაჟანი, შემწვარი პროდუქტები, სანელებლიანი საკვები, მწარე, მჟავე, ცხარე კერძები, ალკოჰოლური სასმელი.
ქირურგიული მკურნალობა 

თუ მწვავე ან გამწვავებული ქოლეცისტიტი გართულდა ემპიემით (ნაღვლის ბუშტის დაჩირქება) ან პერფორაციით (ნაღვლის ბუშტის კედლის გახვრეტა), აუცილებელია სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია.

ქირურგიული ჩარევა საჭიროა იმ შემთხვევაშიც, როდესაც მწვავე ქოლეცისტიტის დროს მედიკამენტოზური მკურნალობა 24-72 სთ-ის განმავლობაში შედეგს არ იძლევა.

ქოლეცისტექტომია ანუ ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა ტრადიციულად ღია წესით ან ლაპარასკოპიული მეთოდით ხორციელდება. ეს უკანასკნელი შედარებით მცირე ნაწიბურს ტოვებს და ოპერაციის შემდგომი სარეაბილიტაციო პერიოდი ხანმოკლეა (1-2 დღე). თუმცა ლაპარასკოპიის 10%-ში ანთების და შეხორცებების განვითარება ოპერაციის ღია წესით დასრულება ხდება აუცილებელი. ნაღვლის ბუშტის ჰიპო ანუ ატონიური დისკინეზია

ნაღვლის ბუშტის ჰიპო ანუ ატონიური დისკინეზია 

ნაღვლის ბუშტისა და ნაღვლის გამომტანი გზების პათოლოგიებს შორის ერთ-ერთი გავრცელებული დაავადებაა.

დაავადების დროს ფართოვდება ნაღვლის ბუშტის კუნთოვანი შრე, მცირდება კუნთის შეკუმშვის უნარი, შედეგად გუბდება ნაღველი – ნაღვლის ბუშტი ნორმასთან შედარებით 2-3-ჯერ უფრო დიდია. ნორმალური ნაღვლის ბუშტი 40-60 სმ (3 კუბი) ნაღველს შეიცავს.

გაწელილი ნაღვლის ბუშტის ნერვული დაბოლოების გაღიზიანების შედეგად ვითარდება უსიამოვნო შეგრძნება. ეს გამოიხატება მღრღნელი ან გახანგრძლივებული ტკივილით, მარჯვენა ფერდქვეშა არეში თითქმის მუდმივი სიმძიმის შეგრძნებით.

ნაღველი ჭამის დროს ჭარბი რაოდენობით ხვდება თორმეტგოჯა ნაწლავში, გადადის კუჭში და აღიზიანებს მის ლორწოვან გარსს. პირში ჩნდება სიმწარის შეგრძნება, ზოგჯერ ღებინებას მოჰყვება ნაღვლის შემცველი მასები.

ნაღვლის ბუშტის ჰიპერტონული დისკინეზია 

ნაღვლის ბუშტის ჰიპერტონული დისკინეზია ნაღვლის ბუშტისა და ნაღვლის გამომტანი გზების ფუნქციონირების დარღვევაა. პათოლოგიის დროს მომატებულია ნაღვლის ბუშტის კედლის ტონუსი.

დაავადებას იწვევს ემოციური გადატვირთვა, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება, არასაკმარისი ფიზიკური დატვირთვა, არასრულფასოვანი კვება. კვების რეჟიმის დარღვევას, კერძოდ, საკვების დღეში მხოლოდ ორჯერ მიღება განაპირობებს, რაც ნაღვლის შეგუბებას განაპირობებს.

ნაღვლის ბუშტის ჰიპერტონული დისკინეზიის დროს ნაღვლის ბუშტის საპროექციო არეში ძლიერი ტკივილი ვითარდება, რომელიც უეცრად და სწრაფად გადის და დაკავშირებულია ნაღვლის ბუშტის სპაზმთან.

ნაღვლის ბუშტის დისკინეზიის დროს აუცილებელია კვების რეჟიმის დაცვა, მავნე ჩვევებზე უარის თქმა, ფიზიკური დატვირთვა.. რეკომენდებულია საკვების დღეში 4-5- ჯერ ერთსა და იმავე დროს მიღება. რაციონი უნდა იყოს მრავალფეროვანი, შეიცავდეს ცხოველურ (ნაკლები რაოდენობით) და მცენარეულ ცხიმებს. არ არის რეკომენდებული მწარე სანელებლები, სპირტიანი სასმელები, რაც ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას იწვევს.

დილით აუცილებელია ტანვარჯიში, მუცლის პრესის ვარჯიშები, სწრაფი ნაბიჯით სიარული დღეში 1 საათი მაინც.

გაითვალისწინეთ! თუ აღინიშნება პირში სიმწარის, მარჯვენა ფერდქვეშა არეში კი სიმძიმის შეგრძნება, ექიმის კონსულტაცია აუცილებელია.

ნაღვლის ბუშტის დისკინეზიის ჰიპო და ჰიპერტონული ფორმების დროს მკურნალობა განსხვავებულია.

პათოლოგია, განსაკუთრებით ჰიპოტონიური ფორმა, საუკეთესო საფუძველია ნაღვლის ბუშტის უკენჭო ანთების განვითარებისთვის, რომელიც თავის მხრივ შესაძლოა ნაღვლ-კენჭოვან დაავადებაში გადაიზარდოს.