EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« დავით გურამიშვილი - David Guramishvili (1705 – 1792) »
კატეგორია: პოეზიაავტორი: admin
თარიღი: 2014-10-29 20:07:00
დავით გურამიშვილი დაიბადა 1705 წელს, საქართველოს ძველი სატახტო ქალაქის მცხეთის მახლობლად, საგურამოს ზემოთ, გორისუბანში, თავად გიორგი გურამიშვილის ოჯახში. პოეტის დედა – კახეთში ცნობილი თავადების, ვახვახიშვილთა ასული მზევინარი სათნო, ნაზი და ღვთისმოსავი ქალი ყოფილა. მე-18 სუკუნის ქართველი ისტორიკოსის ცნობით, საგურამო განთქმულია. «ნაყოფიერი ხილით, ვენახით, მარცვლით… პირუტყვითა, ნადირითა, ფრინველითა, ტყითა, ველითა და მთითა შემკობილი» (ვახუშტი).
საგურამოს უფრო ამაღლებულ ადგილს, რომელსაც გორისუბანს ეძახიან, დღესაც ემჩნევა ძველი ციხე-დარბაზის ნანგრევები. გადმოცემით, ეს ადგილია გურამიშვილების სამყოფელი, რაზეც პირდაპირ მითითებას ჩვენ «დავითიანშიც» ვპოულობთ: «მე ვიყავ ერთი თავადი მოსახლე გორისუბანსაო». (სარგის ცაიშვილი, «დავით გურამიშვილი», თბ. 1980)
საგურამოს მიდამოებში გურამიშვილები შედარებით გვიან დამკვიდრებულან. ისტორიული ქრონიკების მოწმობით მათი წინაპრები, რომლებიც დიდგვაროვან ზევდგინიძეთა ოჯახს ეკუთვნოდნენ, დაახლოებით მე-15, მე-16 საუკუნეთა მიჯნაზე გადმოსახლებულან სამხრეთ საქართველოდან, როცა საქართველოს ამ პროვინციებში (მესხეთ-ჯავახეთი) ძალიან გაძლიერდა თურქეთის ექსპანსია.
ზევდგინიძეთა გვარი ქართლსა და კახეთში გადმოსახლების შემდგომ რამდენიმე შტოდ დაიყო. მე-15 საუკუნის ერთ-ერთ ქრონიკაში («მცხეთის გუჯარი») მოხსენიებულია თავადი გურამ ზედგინიძე, რომელიც, როგორც ჩანს, სათავეს უდებს ახალ გვარეულობას, რომელთა შთამომავლები _ გურამიშვილები _ დამკვიდრებულან ქართლ-კახეთის საზღვარზე, სწორედ საგურამოს მიდამოებში (სოფლის სახელიც «საგურამო», როგორც ჩანს, მათი გვარიდან მომდინარეობს). გურამ ზედგინიძე წიწამურის ბატონი ყოფილა. ამ გვარის წარმომადგენლები შიდა ქართლის ამილახორებად, ანუ მეფეთა გვარის მეჯინიბეთუხუცესებად ითვლებოდნენ.
საქართველოს მეფეები ხშირად იხსენებენ ამ გვარის შტოს წარმომადგენელთ, რომლებიც ქვეყნის გამგებელთა ყურადღებას «ერთგულებით, თავდადებითა და დამსახურებით» იქცევდნენ.
დავითს ბავშვობა გურამიანთ-კარში (როგორც საგურამოს ეძახდნენ ზოგჯერ) ან უფრო ზუსტად, მის განაპირა მხარეს მდებარე სოფელში, გორისუბანში გაუტარებია. ძველ საქართველოში დამკვიდრებული წესისამებრ მაღალი წოდების ბავშვები პირველ წლებში აღსაზრდელად მიჰყავდათ გლეხების ოჯახში. ეს მტკიცე ტრადიცია იყო და მისი დადებითი მნიშვნელობა იმთავითვე სწორად ესმოდათ. დავითიც, როგორც ამას თვით პოეტი გვიმოწმებს თავის ლექსებში, აღსაზრდელად ძიძას მიაბარეს, ეტყობა იმდენად ღარიბ ოჯახში, რომ მასაც არაერთხელ საკუთარ თავზე უგრძვნია მშრომელ ადამიანთა გასაჭირი. ღმუილაანთ მიხაკო ყოფილა მისი აღმზრდელი გლეხი. უთუოდ ძიძასთან ყოფნის დროს შეითვისა დავითმა მდიდარი ხალხური სიტყვიერება, მადლიანი ქართული, რომელიც მას ღრმა მოხუცებულობამდე, სამშობლოდან მოწყვეტილს ასე ცოცხლად შემორჩა.
იმდროინდელი აფორიაქებული ცხოვრების გამო, დავითს შესაფერისი სასკოლო განათლება ვერ მიუღია. «ჩემს ყრმობაში სულს გარს მტრად გვადგა თურქ-ყიზილბაშობა, მით იკლო სწავლამა…» _ იგონებს გურამიშვილი.
ზედაზენის იოანეს ტაძრის მღვდელი პავლე ლეკურიანიშვილი ასწავლიდა მას ვარსკვლავთმრიცხველობას, მათემატიკას, ხაზვას, ბერძნულ და ლათინურ ენებს, მაგრამ ყველაზე მეტად ფილოსოფიურ-რელიგიური საკითხები აინტერესებდა. სავარაუდოა, პოეტს მცხეთაში _ სვეტიცხოველში ესწავლა «წიგნი და გალობა».
დავით გურამიშვილი ტრაგიკული ამბების მოწმე და მონაწილე იყო. ქართლი რიგ-რიგად გადათელეს, დაარბიეს, ააოხრეს ჯერ ყიზილბაშებმა, შემდეგ ოსმალებმა. ლეკებიც სარგებლობდნენ ქვეყნის აწიოკებითა და ითბობდნენ ხელს რბევა-თარეშით. თბილისის მიდამოებსა და ქართლის ბარში ცხოვრება შეუძლებელი გახდა.
ჭაბუკ პოეტს, როგორც ჩანს, ადრევე მიუღია მონაწილეობა ბრძოლებში, რომლებსაც მამლის ყივილივით ყოველ გათენებაზე ელოდნენ მისი თანამემაულეები. იგი, როგორც უშუალო მონაწილე, ისე გვიამბობს ერთ-ერთ დიდ ბრძოლაზე გორის მახლობლად გაშლილ ტაფობზე, რომელსაც ზედაველა ეწოდებოდა. ეს იყო კიდევ ერთი ძმათა სისხლისმღვრელი შეტაკება, რომელშიც გარეშე ძალები: თურქები და ლეკებიც მონაწილეობდნენ. გამარჯვება ამ ბრძოლაში დამარცხების ტოლფასი იყო, რადგან ფაქტიურად საქართველოს მოძმე ტომები ებრძოდნენ ერთმანეთს.
1727 წელს დავითი ოცდაორი წლის ჭაბუკი იყო, როგორც ჩანს, ახლად დაქორწინებული. მისი მეუღლე, აზნაურ გარაყანიძეთა ოჯახიდან. საგურამოს რამდენიმე ათეული კილომეტრით დაშორებულ სოფელ ლამისყანის მკვიდრი ყოფილა.
ლეკიანობის შიშით, გურამიშვილების ოჯახიც თავის მოყვრებს შეფარებია ლამისყანაში. მაგრამ ჩანს, რომ დაღესტნელი მოთარეშენი აქაც თავისუფლად აღწევდნენ. მკათათვის ერთ დღეს აქ დავითს ლეკები დასხმიან თავს. თითქმის კინემატოგრაფიული სიცხადით აგვიწერს პოეტი თავის დატყვევების ამბავს.
იმ დროისთვის გურამიშვილის მოყვრები გარაყანიძეებიც მკისათვის ემზადებოდნენ. მამითადისათვის თადარიგის დაჭერა დავითს დავალებია, რომელიც ორი კაცითურთ დილიდანვე შედგომია სამზადისს. მდინარე ქსნის ჭალაზე, სადაც მდებარეობდა გარაყანიძეების ყანა-მამული, ახლაც მოჩქეფს ანკარა წყარო. მუშახელის მოლოდინში დავითს იარაღი აუხსნია, იქვე მუხის ძირას მიუყუდებია და პირის საბანად გასულა წყაროზე.
თურმე სწორედ ამას ელოდა იქვე ბუჩქნარებში ჩასაფრებული შეიარაღებული ლეკების რაზმი (პოეტის გადმოცემით ისინი თხუთმეტნი ყოფილან). თავდასხმა იმდენად სწრაფი და მოულოდნელი იყო, რომ წინააღმდეგობის გაწევა ვერც კი მოუსწრიათ. ჩვენ არ ვიცით, რა ბედი ეწიათ პოეტის მხლებლებს. ისინი იქვე დახოცეს, თუ მასთან ერთად გაუყენეს ძნელსა და სახიფათო გზას. პოეტი თავის ბიოგრაფიაში მათ შესახებ არას ამბობს. მხარშეკრული პოეტი მყისვე გაუტაცნიათ ლამისყანიდან დაღესტნის მიმართულებით. დავით გურამიშვილის ბიოგრაფიაში დაიწყო სრულიად ახალი ხანა, რომელმაც აუწერელი ტანჯვით აღსავსე ცხოვრება არგუნა მომავალში პოეტს.
დავითის დატყვევებისას ლეკებს ერთი მიზანი ამოძრავებდათ. ისე როგორც სხვა ტყვე ქართველები, ისიც ან საქონელში უნდა გადაეცვალათ, ან მიეყიდათ ყირიმელი ვაჭრებისათვის, რომლებიც ხშირ-ხშირად ჩამოდიოდნენ ტყვეთა ბაზრობაზე დაღესტანში.
მრავალ დოკუმენტთა შორის ამ თვალსაზრისით საგულიხმოა ერთი მოხსენებითი ბარათი, რომელიც სწორედ იმავე ეპოქას ეხება (ინახება რუსეთის საგარეო საქმეთა კომისიის ძველ ფონდებში). მოხსენების ავტორი კოლეგიას აცნობს, მართლაც, ბარბაროსულ ვითარებას: «ლეკები უამრავ ქართველებს ატყვევებენ, მაგრამ სიღარიბის გამო მათი შენახვა არ ძალუძთ. არც მათი დასახლება მიწის სიმწირის გამო. ცხვრებივით შეკრულები ქვეითად მიჰყავთ თავის მებატონეებთან და ჰყიდიან ყირიმელ თათრებზე. ხოლო მათ ბატონებთან და მათ სამფლობელოში ყირიმიდან და ყუბანიდან მოდიან თათრები და შემოაქვთ ტილო, ყუმაში, ჩითეული, ქაღალდი, მატერიები, აგრეთვე ხმლები, ტყვია, თოფის წამალი, კაჟი და სხვა. აგრეთვე ცხენები, რაც მათ ძალზე სჭირდებათ, ამიტომ ტყვეებს სცვლიან ზემოხსენებულ საქონელზე სულ მცირე ფასად, ხოლო თათრებს ის ტყვეები ხელშეკრულები, დაჭედილები მიჰყავთ ყირიმში, ყუბანში და იქ მათ ტირანულ წამებას აყენებენ». 1
1. სარგის ცაიშვილი, «დავით გურამიშვილი», თბ. 1980, გვ. 25.
გურამიშვილი დიდხანს როდი შერიგებია ამგვარ ყოფას და არც ლოცვა-ვედრებას დანდობია მხოლოდ. მან ურყევი გადაწყვეტილება მიიღო და სცადა კიდეც, გაპარულიყო. იგი შეუპყრიათ და კიდევ უფრო სასტიკად უწამებიათ, მაგრამ მარცხმა ვერ გატეხა მისი უდრეკი ნება.
გურამიშვილი კვლავ გაუსხლტება მოძალადეებს, საოცარი სულიერი დაძაბვით იგი გადალახავს ათასგვარ დაბრკოლებას და ამჯერად თავს დააღწევს კიდეც ტყვეობას.
დავითი თერთმეტი დღე მიიკვლევდა გზას და როგორც თვითონვე გადმოგვცემს, მშიერმა და ფიზიკურად განადგურების ზღვრამდე მისულმა, მხოლოდ მე-11 დღეს გააღწია «სარუსეთოს».
გაქცევის მარშრუტი პოეტს, როგორც ჩანს, ტყვეობაშივე ჰქონდა მოფიქრებული. ამაზე მეტყველებს მისი ცნობილი ლექსის «ტყვეობითგან გაპარვა დავითისა» შემდეგი სტრიქონები:
«დღისით წინამძღვრად მზე მყვანდის, ღამით ვუჭვრეტდი მთვარესა,
მივენდევ შვიდთა ვარსვლავთა მას ჩრდილოეთის მხარესა».
კავკასიონის გადმოლახვა და საქართველოში დაბრუნება ფაქტიურად განუხორციელებელი ოცნება იყო, თანაც მას კარგად ახსოვდა, რა საშინელი ანარქია სუფევდა იმ ხანებში აღმოსავლეთ საქართველოში.
ხსნის ერთადერთი გზა «ჩრდილოეთის მხარეზე» იდო. რუსული დასახლებები უკვე მჭიდროდ ეკვროდა დაღესტანს, ხოლო მოსკოვში მას თავისი დიდი მოძღვარი ვახტანგ მეექვსე და ქართველ მოღვაწეთა მრავალრიცხოვანი დასი ეგულებოდა.
მფარველი რუსი მეგობრების ხელშეწყობით თერგი-ასტრახანის გზით 1729 წლისათვის პოეტი უკვე მოსკოვშია ვახტანგ მეექვსის კარზე.
მოსკოვში, ვახტანგ მეექვსის კარზე, დავითი დიდი პატივით მიუღიათ. მას ჯაბადარბაშის საკმაოდ მაღალი სახელო (თანამდებობა) უბოძეს და საქართველოს გამოხსნისთვის, რის იმედს ჯერ კიდევ არ კარგავდა ვახტანგ მეექვსე, მომავალ ბრძოლებში საჭირო იარაღის საწყობები ჩააბარეს.
დავით გურამიშვილისთვის მეტად სასარგებლო აღმოჩნდა მოსკოვში, გატარებული წლები, ვახტანგის კარი კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობის აქტიურ კერად გადაიქცა.
1737 წელს ასტრახანში გარდაიცვალა ვახტანგ VI. 1738 წელს დავით გურამიშვილმა მიიღო რუსეთის ქვეშევრდომობა. რუსთა სამსახურში შესვლისას, ქვეშევრდომობის ფიცის მიღების შემდეგ, ქართველობას საუკუნო მფლობელობაში დაენიშნა ჯამაგირი და მამულები უკრაინაში.
მე-18 საუკუნის 30-იანი წლებიდან აღზევების გზაზე მდგარ რუსეთის სახელმწიფოს მწვავე პოლიტიკური კონფლიქტები ჰქონდა მეზობელ სახელმწიფოებთან, რომლებიც აქტიური მოქმედებით ცდილობდნენ, აელაგმათ რუსეთის გაძლიერება. ერთ ომს მეორე მოჰყვა და ქართველი ჰუსარები, რომელთა რიგებშიც იმყოფებოდა დავით გურამიშვილი, თავდადებით იბრძოდნენ რუსეთის სახელმწიფო დროშის ქვეშ, საფუძველს უყრიდნენ რუსეთ-საქართველოს მხედრული თანამეგობრობის შემდგომი განმტკიცების საქმეს. მამაცი მხედარი დავით გურამიშვილი, რომელსაც საომარი ნათლობა სამშობლოშივე ჰქონდა მიღებული, წლების მანძილზე ღირსეულად ატარებდა ბრძოლებში უშიშარი ჰუსარის სახელს.
ქართველ ჰუსართა პოლკი 1739 წლიდან მონაწილეობდა ე.წ. ყირიმის ომში, რომლის მიზანი იყო თურქთა შემოტევების შეკავება შავი ზღვისა და ბალკანეთის მიდამოებიდან.
ქართველი მეომრები მალე ჩრდილოეთში გადაისროლეს. 1741-1742 წლებში ისინი ფინეთის მარცხენა მხარეს შვედების წინააღმდეგ იბრძვიან (როგორც ცნობილია, შვეციას სურდა, რუსეთს დაეთმო ის ადგილები, რომლებიც ბრძოლით მოიპოვა პეტრე პირველმა). ამ ომშიც თავი გამოუჩენიათ ქართველ ჰუსარებს.
მხოლოდ ამ კამპანიის შემდეგ დააბრუნეს ქართველები უკრაინაში. გურამიშვილი შეუდგა თავის ადგილ-მამულის მოვლა-პატრონობას. როგორც მისივე პოემიდან ვიცით, მას მამული გაპარტახებული დახვედრია, მეურნეობა კი მთლიანად მოშლილი, მაგრამ პოეტს თავისი ადგილ-მამულის მოწესრიგება ალბათ მთლიანად არც კი ჰქონდა დამთავრებული, როცა ქართველ ჰუსართა პოლკი კვლავ ომში გაიწვიეს.
ფრიდრიხ II ექსპანსიური პოლიტიკის წინააღმდეგ ევროპის სხვა სახელმწიფოებთან ერთად აქტიურად გამოდის რუსეთიც. 1757 წელს დაიწყო რუსეთ-პრუსიის შვიდწლიანი ომი.
ამ სასტიკ და სისხლისმღვრელ ომში პოეტს ახალი ხიფათი ელოდა. კისტრინის სახელგანთქმულ ბრძოლაში, როცა გამარჯვების სასწორი ხან ერთ, ხან მეორე მხარეს იხრებოდა, პირველი იძულებითი უკან დახევის შემდეგ რუსთა და ქართველთა კავალერიამ საშინელი სისწრაფით შეუტია მტერს. პრუსიელთა რაზმები შედრკნენ და უწესრიგოდ იხევდნენ უკან. გაქცეულ მტერს მისდევდა დავითიც, როდესაც ანაზდეულად მისი ცხენი ჭაობში ჩაეფლო, ხოლო მხედარს ჩამოვარდნისას მხარი დაუშავდა. მძიმედ დაზარალებულ პოეტს მოულოდნელად თავზე წამოსდგომია პრუსიელთა ძირითად ძალებს მოწყვეტილი რაზმი. თითქმის უგონო პოეტი ტყვედ შეუპყრიათ. ეს მოხდა 1758 წელს, 15 აგვისტოს. სხვა ტყვეებთან ერთად იგი გადაიყვანეს შორს და ბოლოს მაგდებურგის ციხე-ბასტიონში მოათავსეს. გარკვეულ მკვლევართა აზრით, შემდგომი პერიოდი ტყვეობაში გაუტარებია დავითს, მხოლოდ 1763 წელს დაბრუნებულა.
თუმც უკანასკნელ ხანებში რუსეთის სამხედრო არქივში აღმოჩენილი მასალებით დოკუმენტურად გაირკვა, რომ გურამიშვილი უკრაინაში ადრე დაბრუნებულა (იხ. ს. ყუბანეიშვილი, დავით გურამიშვილი ქართულ ჰუსართა პოლკში, 1956 წ.). ომის დამთავრებამდე, 1759 წლის 4 ოქტომბერს რუსეთსა და პრუსიას შორის დაიდო ხელშეკრულება ტყვეების გაცვლის შესახებ. ჩანს, სწორედ ამ ხელშეკრულების ძალით, 1759 წლის 7 დეკემბერს გურამიშვილიც გაუთავისუფლებიათ.
ტყვეობიდან პოეტი დასნეულებული ჩამოვიდა, აღარც დაზიანებული მხარი აღუდგა. იგი, როგორც მძიმე ავადმყოფი, გაუთავისუფლებიათ მშობლიური პოლკიდან, რომელიც ამ დროს კვლავ ბრძოლის ველზე იმყოფებოდა.
ამავე დოკუმენტებიდან ირკვევა ისიც, რომ მისი მხედრული დამსახურება სათანადოდ შეუფასებია უმაღლეს ხელისუფლებას. მატერიალურად დახმარებიან, 1760 წელს პორუჩიკის ჩინით დავითი გასულა სამხედრო სამსახურიდან (ძვირფას მასალას პოეტის სამხედრო ბიოგრაფიისთვის ამ მხრივ წარმოადგენს მისი თხოვნა, ე.წ. ჩელობიტიეს სახით რუსეთის იმპერატრიცა ელისაბედის სახელზე და სხვა დოკუმენტები, რომლებიც ინახება მოსკოვში, ცენტრალურ სამხედრო არქივში).
უკრაინაში მობრუნებულ პოეტს მამული სრულიად გაპარტახებული დახვედრია, რასაც მძიმე შთაბეჭდილება მოუხდენია ისედაც ჯანგატეხილ პოეტზე. ერთ თავის ლექსში, რომელსაც ეწოდება: «ოდეს დავით გურამიშვილი პრუსიაში დატყოვდა და, თუ რამ აქვნდა თავისი საცხოვრებელი ისიც დაეკარგა, იმისათვის ტირილი», პოეტი გადმოგვცემს თავის მაშინდელ უიმედო განწყობილებას და სულიერ მიუსაფრობას.
მაგრამ, როგორც ჩანს, დავითს კვლავ მოუკრებია ძალა და თავის ახალგაზრდა მეუღლე ტატიანა ვასილის ასულთან ერთად მოუწესრიგებია გარეშე თუ შინაური მტრის მიერ გაჩანაგებული სახლ-კარი, მოშლილი მეურნეობა.
გადის ათეული წლები, პოეტი ცხოვრების მიმწუხრს ატარებს თავის მეორე სამშობლოში, უკრაინაში, მაგრამ როგორც მისივე შემოქმედებიდან ჩანს, მას არა ერთი და ორი ღამე გაუთენებია ფიქრში სამშობლოზე, _ საგურამოსა და ზედაზენზე, სადაც განისვენებდნენ მისი წინაპრები (სადაც იყო მათი წმიდათა-წმინდა «სასაფლაო და ძვალთ შესალაგი»).
ჩვენ ზუსტად არ ვიცით მისი მთელი საქმიანობა ამ ხანებში. როგორც ჩანს, დავითი აქტიური წევრი უნდა ყოფილიყო იქაური ქართული ახალშენისა და დიდი ავტორიტეტითაც სარგებლობდა. (ქართული ახალშენის ნაშიერნი დღესაც სახლობენ ამ მიდამოებში).
1787 წელს, როცა უკრაინაში (კერძოდ, კრემენჩუგში) პოტიომკის კარზე იმყოფებოდა საქართველოს ელჩიონი ერეკლე II-ის ვაჟის მირიან ბატონიშვილის მეთაურობით, გურამიშვილი სასოებით გადასცემს მას ერთადერთ პირმშოს, როგორც მან უწოდა თავის ლექსების კრებულს. სწორედ ამ ბედნიერი შემთხვევის წყალობით გურამიშვილის «დავითიანმა» გაიკვლია გზა მშობლიური ქვეყნისაკენ.
დავით გურამიშვილი გარდაიცვალა 1792 წლის 25 ივნისს (ძველი სტილით) 87 წლის ასაკში. მოგვიანებით აღმოჩნდა მისი სამარე და საფლავის წარწერაც. პოეტის ნეშტი დაუკრძალავთ ქალაქ მირგოროდის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში.
მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო,
მაცხოვნებელი შენ მათი წამწყმენდლად მიგიჩნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ღვთის საიდუმლო გაგტეხეს, გულში ვერ დაგიტიესო,
ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს, ისიც კი განაბნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
შეგიპყრეს თვისი დამხსნელი, საბელი მოგახვიესო;
მაგრა შეგიკრეს ხელები, უფალსა არა გთნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ავაზაკზედა გაგცვალეს, ბარაბა მათ ირჩიესო;
ურიგო სიტყვა შეგკადრეს, გაგლანძღეს, გაგათრიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ფრჩხილთა გიყარეს ლერწამი, ნუნები აგატკიესო,
ყვრიმალს გცეს თვალებ-აკრულსა. გკითხეს: ვინ გცემა, თქვი ესო?
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ბრალი ვერ გპოვეს, დაგსაჯეს, პილატე მოგისიესო,
ბრალობის სისხლი თავზედა შვილითურთ გარდინთხიესო.
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ხელ-დაბანილთა შოლტით გცეს, მსხვერპს სისხლი შეურიესო;
დაგადგეს ეკლის გვირგვინი, გოლგოთას მიგიწვიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
შესამოსელი გაგხადეს, ქლამინდი მოგახვიესო!
ჯვარზედ გაგაკრეს. ხელ-ფეხთა ლურსმანი გაგიწიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
წყალი ითხოვე, მოგართვეს, ძმარში ნაღველი რიესო;
წმინდასა შენსა საღმრთოსა გვერდსა ლახვარი მიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
მოგკლეს უბრალო ბრალითა, ქვეყანა შეარყიესო;
მზე დანაბნელეს, მთვარეცა, ვარსკვლავნი დააფრქვიესო.
თავს კრეტსამბელი განაპეს, ბოლომდი შუა ხიესო.
ჯვარით გარდმოგხსნეს, წაგგრაგნეს, ტილოში წაგახვიესო:
დაგმარხეს, მკვდარსაც არ გენდვნენ, გარს მცველი შემოგხვიესო.
ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
არ ვიცი, რად ქნეს უგბილთა, ავი რა შეგამჩნიესო?
მკვდარს აღუდგენდი, კურნავდი კეთროვანს, წყალ-მანკიერსო;
ბრმას თვალთ უხელდი, ცისცისად არჩენდი ეშმაკიერსო.
უტყვს ენას ძღვნიდი, ყრუს – სმენას, საპყართა – სვლას შვენიერსო,
პურს მცირეს დიდად, წყალს ღვინოდ უქცევდი, - ჭამე, სვი ესო.
ამის მეტს არას ეტყოდი: ესევდით ღმერთს ზეციერსო!
მშვიდად ცხოვრებდით, ნუ უზამთ ერთმანეთს თქვენ უდიერსო!
განიკითხევდით გლახაკთა, ასმევ-აჭმევდით მშიერსო;
რასაც კეთილს იქმთ, ღმერთი თქვენ მოგაგებთ მის მაგიერსო!
ორსავ გზას წრფელს წინ უდებდი: ხორციელს და სულიერსო.
ამის სანუფქოდ შენ მათა სიკვდილსა შეგამთხვიესო!
ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!