EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« როცა განსაცდელში ხართ, იყავით ღვთის მადლობელნი, რამეთუ ის ამით რაღაცას გასწავლით »

კატეგორია: რელიგია

ავტორი: DEMI

თარიღი: 2014-10-30 22:56:05

როცა განსაცდელში ხართ, იყავით ღვთის მადლობელნი, რამეთუ ის ამით რაღაცას გასწავლით

როცა განსაცდელში ხართ, იყავით ღვთის მადლობელნი, რამეთუ ის ამით რაღაცას გასწავლით

როცა განსაცდელში ხართ, იყავით ღვთის მადლობელნი, რამეთუ ის ამით რაღაცას გასწავლით
30.10.2014
არქიმანდრიტ იოანე კრესტიანკინის ქადაგებებს მრავალი მშიერი სული დაუპურებია, სარწმუნოებაში განუმტკიცებია. 

გვსურს მამა იოანეს შესახებ მოგითხროთ.

იგი დაიბადა 1910 წლის 11 აპრილს, რუსეთის ქალაქ ორიოლში, მიხეილ და ელისაბედ კრესტიანკინების მერვე შვილი იყო. ორი წლისას მამა გარდაეცვალა. ღრმადმორწმუნე, მკაცრი ქრისტიანული ცხოვრების მიმდევარმა დედამ შეძლო ღირსეული შვილების აღზრდა. მამა იოანეს პირველი მოძღვარი მთავარეპისკოპოსი, აწ უკვე წმინდანად შერაცხული, სერაფიმ ოსტროუმოვი იყო.

1950 წელს მამა იოანე ქრისტიანობისთვის 7 წლით გადაასახლეს. ეს არ აკმარეს - 13 წლის მანძილზე 6-ჯერ დააპატიმრეს. 1966 წელს არქიმანდრიტმა სერაფიმ რომანცოვმა სოხუმში ბერად აღკვეცა. 1970 წელს იღუმენის, ხოლო 1973 წელს არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანეს. 1967 წლიდან მოღვაწეობდა ფსკოვ-პეჩორის მონასტერში, სადაც 39 წელი იმსახურა. წელს, 5 თებერვალს, მამა იოანემ სული ღმერთს მიაბარა.

მამა იოანე ბერად სოხუმში აღიკვეცა. შეიძლება ამიტომაც უყვარდა განსაკუთრებით ივერთა ქვეყანა (როგორც თვითონ უწოდებდა ხოლმე). გამორჩევით ეპყრობოდა ქართველ სულიერ შვილსარქიმანდრიტ ანტონ გულიაშვილსაც. ჩვენი რესპონდენტი სწორედ მამა ანტონია, ადამიანი, რომელმაც მამა იოანეს წინამძღოლობით 35 წელი გაატარა.

- სად და როგორ გაიცანით მამა იოანე?

- ჩემი კურთხევიდან 5 წლის შემდეგ ნატვრა ამისრულდა. ღვთის ნებით, მე, დედაჩემი და ჩემი მორჩილი რუსეთში გავემგზავრეთ იქაური სიწმინდეების მოსალოცად. პეჩორის მონასტერში ერთ-ერთი ეპისკოპოსის, მეუფე თეოდორეს (ის პარიზში მოღვაწეობდა, სიცოცხლის ბოლო წლები კი ამ მონასტერში გაატარა) ორმოცის დღეს მივედით. მამა იოანეს მღვიმეში პანაშვიდი უნდა გადაეხადა მეუფის სულის საოხად. ამიტომაც მონასტრის მოედანზე უამრავი ხალხი შეკრებილიყო. ჩვენ მაშინ არ ვიცოდით, რა ხდებოდა. დიდი რიგი იდგა მღვიმეში შესასვლელად. დავდექით იმ იმედით, რომ შესვლის საშუალება გვექნებოდა. უცებ ხალხი აჩოჩქოლდა, შუა გაიყო და ჩურჩული გავიგონე - მამა იოანე მოდისო. მაშინ კი მივხვდით მღელვარების მიზეზს. "შემთხვევით" ამ დერეფნის ერთ-ერთ ნაპირას აღმოვჩნდით. მამა იოანე მოდიოდა და მორჩილი ივანე მოჰყვებოდა (ის ახლა არქიმანდრიტი ფილარეტია). მანამდე ნანახი არ გვყავდა. მოხიბლული დავრჩით მისი სიწმინდით, რაც სახეზე ეტყობოდა, ვიგრძენი მისი მოწყალება და სიყვარული იქ შეკრებილთადმი. გვინდოდა, გავცნობოდით (მაგრამ, რადგან მონასტერში არავის ვიცნობდით, გვეგონა, ამას ვერ შევძლებდით), თუნდაც ხელით შევხებოდით, დაველოცეთ. ამ ფიქრებში ვიყავით, რომ მამა იოანემ დედაჩემს ხელი მოჰკიდა და უთხრა, ჩემთან წამოდითო. ეს ნამდვილი სასწაული იყო. გაკვირვებისაგან არ ვიცოდი, რა მექნა. ასე მოვხვდით მღვიმეში, დავესწარით პანაშვიდს და, შეიძლება ითქვას, სწორედ აქედან დაიწყო ჩვენი დაახლოება, მამაშვილობა და მეგობრობა. იმ დღესვე მოვხვდი მის კელიაში, სადაც ძალიან ბევრი ვისაუბრეთ. გამომშვიდობებისას მითხრა, - მუდამ მზად ვარ, ქართველი სტუმრების მისაღებადო. მასთან საუბარმა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. მტკიცედ გადავწყვიტე, რომ ის ჩემი მოძღვარი გამხდარიყო. აი, უკვე 35 წელია, მისი სულიერი შვილი ვარ და გულით ვმადლობ უფალს ამ სიკეთისათვის. კვეხნით არ ვიტყვი, მაგრამ მამა იოანესაც ძალიან ვუყვარდი. სულ ამბობდა, ივერიიდანაა და განსაკუთრებულად უნდა მოვეფეროო. ბერებიც კი, როცა ჩავდიოდი, ხუმრობით იტყოდნენ - სანამ მამა ანტონი არ წავა, მამა იოანეს ვეღარ დაველაპარაკებითო. მქონდა ბედნიერება, ყოველ წელს მომელოცა მონასტერი და მამა იოანე მენახა, მიმეღო მისგან რჩევა-დარიგებები და პასუხები იმ კითხვებზე, რომლებსაც თავს ვერ ვართმევდი.

თვითონაც უყვარდა ჩემთან საუბარი. მონასტერში ლოცვები გვიანობამდე გრძელდებოდა. საღამოს მსახურება 11 საათზე სრულდებოდა. მოძღვარი ხშირად მეუბნებოდა, - ახლა წადი, ცოტა დაისვენე, ჩაი დალიე, მერე ამოდი ჩემს სენაკში და ცოტა ხანს ვისაუბროთო. ეს "ცოტა ხანი" დილის 4-5 საათამდე გრძელდებოდა. მე, როგორც "გაუმაძღარი შვილი", სულ იმას ვფიქრობდი, ნეტა ჯერ არ გათენდეს-მეთქი. ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტი მიმეღო მისგან. ყოველ სიტყვას ვიჭერდი, ვისრუტავდი, მაგრამ, სამწუხაროდ, ყოველთვის ვერ აღვასრულებდი.

- ურთიერთობაში როგორი იყო?

- სულ ამბობდა, - კარგი მოძღვარი მკაცრი, პირველ რიგში, საკუთარი თავის მიმართ უნდა იყოსო. როცა მოძღვარი თავის თავს აკონტროლებს, ცხადია, სულიერი შვილიც, რომელსაც უყვარს მოძღვარი და ცდილობს, მას მიბაძოს, იცხოვრებს ისე, როგორც ნამდვილი ქრისტიანი, მკაცრი იქნება ცოდვების და ლმობიერი მოყვასის მიმართო. ამიტომაც უწინარესად საკუთარ თავს კიცხავდა, სხვებს კი ეფერებოდა ხოლმე.

არასდროს მინახავს მამა იოანე წარბშეკრული, განრისხებული - მიუხედავად იმისა, რომ ამის უამრავი მიზეზი ჰქონდა. ყველანაირ განსაცდელს სიყვარულით იტანდა. ალბათ იმიტომაც, რომ მისი მფარველი ანგელოზი იყო წმინდა იოანე ღვთისმეტყველი, უფლის საყვარელი მოწაფე, რომელსაც "სიყვარულის მოციქულს" უწოდებენ... ერთხელ ვკითხე, - მამაო, როგორ ახერხებ, რომ არასოდეს ბრაზდები. ხომ ვიცი, რამდენი გყავს განმარისხებელი-მეთქი. წამით დაფიქრდა. ჯერ ზეცას ახედა, შემდეგ თავი დახარა, ხელი წვერზე მოისვა და - ალბათ ადამიანი ასეთი უნდა დაიბადოსო. უმძიმესი განსაცდელები ჰქონდა გადასახლების დროსაც, მაგრამ ყველაფერს მოთმინებით ხვდებოდა. იცოდა, რომ ეს ისევ მის საცხონებლად იყო საჭირო. არასდროს იტყოდა, გადასახლებაში რომ ვიყავიო, არამედ - უმაღლეს სასწავლებელში რომ გახლდითო. ყოველ გაჭირვებას განათლებას, ცოდნის მიღებას უწოდებდა. ჩვენც სულ გვეუბნებოდა - როცა განსაცდელები გაქვთ, იყავით ღვთის მადლობელნი, რამეთუ ის ამით რაღაცას გასწავლითო. მართლაც, განსაცდელის ჟამს უფალი გვწვრთნის, გვიყურებს, თუ როგორ მოვიქცევით. ქრისტიანის ვალია, მოთმინება ისწავლოს, განსაცდელები კი აუცილებელი პირობაა ამისათვის. ურწმუნოს საქმეა განრისხება, აბობოქრება, სასოწარკვეთილება. რაოდენ სამწუხაროა, რომ ხშირად მორწმუნეებიც ასე ვიქცევით. საინტერესო ამბავი გამახსენდა. ერთი წინამძღვარი ჰყავდათ, გამოცდილი, შრომისმოყვარე ბერი. მართალია, ბევრი რამ კეთილი გაეკეთებინა ეკლესიისთვის, მაგრამ საოცრად მკაცრი იყო. ადვილად განრისხდებოდა და თავს ძლივს იმორჩილებდა. მისსავე ნაამბობს მოგიყვებით. ერთხელ საშინლად გაბრაზებულა და მამათა კორპუსში გაქანებულა. გზად ვინმე რომ შემხვედროდა, დარწმუნებული ვარ, თავს ვერ დავიმორჩილებდი და დიდ ცოდვაში ჩავვარდებოდიო. უეცრად მამა იოანე დაუნახავს. ეს მოხუცი კაცი გამოქცეულა და ფეხებში ჩავარდნია, დაუჩოქია, მეტანია გაუკეთებია მისთვის. გავქვავდი, თითქოს ცივი წყალი გადაესხათ, სიბრაზეც უმალ გამიქრა და სინანულმა მომიცვაო. ასეთი თავმდაბალი იყო მამა იოანე, რომელიც თავისი სიმდაბლით დიდ მაგალითს გვაძლევდა. ერთხელ გამოცხადება ჰქონდა, მაგრამ თავი არც ამით აუმაღლებია. როგორც სიზმარს, ისე მომიყვა. ძილში პატრიარქი ტიხონი უნახავს. ხელში ძალიან დიდი, მძიმე ჯვარი სჭერია. უცებ ალექსი (დღევანდელი რუსეთის პატრიარქი) დაუნახავს და მისთვის მიუცია. ასე გამოეცხადა მამა იოანეს, თუ ვინ იქნებოდა რუსეთის მწყემსმთავარი. თუმცა ამას ხმამაღლა არ ამბობდა. მხოლოდ მე და ერთ მონაზონს გვითხრა.

- ბოლოს როგორ ნახეთ მამა იოანე?

- როცა ჩავედი, მომვლელმა ქალმა უთხრა, - მამაო, მამა ანტონი ჩამოვიდაო. რომელი მამა ანტონიო, - იკითხა. ქართველიო. გაეღიმა. გაუხარდა, ხელი დამადო და მომეფერა... მაშინ მითხრეს, - თქვა, უნდა გარდავიცვალოო და აღარც წამლებს სვამს, არც ექიმებს იკარებს, ხალხსაც ვეღარ იღებსო. კელიაში აღარავის უშვებდნენ (მამა ფილარეტსაც კი), მაგრამ მე უარი ვერ მითხრეს. მოძღვარმა ძალა მოიკრიბა და ზეთი მცხო, შემდეგ მეც ვცხე. მერე ვუთხარი, - А сейчас я буду вас целовать в носик-მეთქი. გაეღიმა. თავი ვერ შევიკავე, ავტირდი. მომვლელმა უთხრა, - ნახეთ, მამა ანტონი როგორ ტირისო. მამა იოანემ შემომხედა და ტკბილი ხმით მითხრა: Не надо плакать, не надо плакать..." დასაფლავების დროსაც ვტიროდი.

ეს იყო ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა. წამოვედი. 5 დღეში გარდაიცვალა. ლაზარემ, რომელიც მას ბოლოს უვლიდა, გარდაცვალებიდან 15 წუთში დამირეკა.

- ისევ ჩახვედით?

- რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან დიდი დაბრკოლებების შემდეგ. ჩემი ბოლო ჩასვლის წინ ერთწლიანი ვიზის გაკეთება ვერ მოხერხდა. თანამშრომელმა თავისი ტელეფონი ჩამაწერინა - საჭიროების შემთხვევაში დამირეკეთ და დაგეხმარებითო. მამა იოანე კვირას გარდაიცვალა. ისე ავფორიაქდი, სულ გადამავიწყდა ეს ამბავი. მამაოს სამშაბათს ასაფლავებდნენ. დიდი გზა გვქონდა სავალი. უეცრად ჩემს მორჩილს, ვალერის, გაახსენდა ტელეფონის ნომერი. დავურეკეთ. ორშაბათსვე მოგვცეს ვიზა, მაგრამ ფრენა სამი საათით გადაიდოო და 3-ის ნაცვლად 6-ზე უნდა გავფრენილიყავით. მოსკოვიდან ფსკოვის მატარებელი საღამოს რვის ნახევარზე გადიოდა, ჩვენ კი ცხრისთვის ჩავდიოდით. ასე რომ, მონასტერში ოთხშაბათამდე ვერ მივიდოდით. გასვენება კი სამშაბათს იყო. მოსკოვში ახლობელს დავურეკე - რაც მაბადია, ყველაფერს მოგცემ, ოღონდ ამაღამ ვინმე მანქანით დამახვედრე, მონასტერში რომ წამიყვანოს-მეთქი. იმ დღეებში რუსეთში საშინლად ყინავდა და ღამით მგზავრობას ყველა ერიდებოდა. ვერავინ მოიძებნა, ფსკოვში რომ ჩავეყვანეთ. თვითმფრინავში ვალერი მამშვიდებდა - ალბათ ღმერთმა არ ინება, მამა იოანე რომ გვენახა. ოთხშაბათს ჩავალთ და კუბოს მაინც ვემთხვევითო (რადგანაც მღვიმეებში სასახლეები მიწაში დაკრძალვის გარეშე ასვენია, ისე, რომ შეხება შესაძლებელია). მოსკოვში ახლობელი დაგვხვდა. სანკტ-პეტერბურგში მატარებლით უნდა წახვიდეთ. დილის 6 საათზე ჩახვალთ. იქიდან მონასტრამდე 3 საათის სავალიაო. პეტერბურგში ახლობელმა მანქანა დაგვახვედრა. ჩავსხედით მანქანაში. ყინვა -32 გრადუსი იყო, სიარული არ ჭირდა, მაგრამ სამსაათიანი გზის გავლას 6 საათი მოვანდომეთ. თან არსად გავჩერებულვართ. თითქოს გზა დაგრძელდაო. შემიძლია ვთქვა, რომ ბოროტის სასწაული იყო. გზაში ყველანაირი იმედი გადამეწურა - გასვენებას, რომელიც 11 საათზე იწყებოდა, ვერ მივუსწრებდი. თერთმეტის ნახევარი რომ გახდა, გულში ვიფიქრე, - მამა იოანე, რა დაგიშავე ასეთი, რომ არ გინდა დამემშვიდობო-მეთქი. დამწუხრებული მივედი მონასტერში... ჯერ ზიარება არ დამთავრებულიყო. ეს ნამდვილი სასწაული იყო! გული სიხარულით ამევსო, თითქოს მამა იოანე ჩვენ გველოდებოდა. საკურთხეველში რომ შევედი, ეპისკოპოსები გაკვირვებულნი დარჩნენ - შენი ავადმყოფობის პატრონი აქ როგორ ჩამოხვედიო. მადლობა ღმერთს, შევძელი. ეს იყო კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ უფალი განსაცდელთა დათმენით ჯილდოს მოგვანიჭებს.

KARIBCHE
- მამა იოანე რითი გარდაიცვალა?

- სიბერით. 95 წლის იყო. მოხუცებულობისგან იყო ცუდად. ბოლოს რომ ვნახე, ოხრავდა. ვეკითხებოდი, Батюшка, что болит-მეთქი. Ничего, - მპასუხობდა. Почему так говоришь? - А мне так легче, - მეუბნებოდა ხოლმე.

- დასაფლავებაზე საუბრობდით...

- დიახ. 5 მღვდელმთავარი მონაწილეობდა. ამერიკიდანაც კი იყო ეპისკოპოსი ჩამოსული. წირვაზე 200 მღვდელი ეზიარა. თქვეს კიდევაც - ვისაც მამა იოანე განსაკუთრებულად უყვარდა და მასაც ვინც გამორჩევით უყვარდა, ყველამ ერთად მოიყარა თავიო. ერთადერთი - ბულგარეთის მიტროპოლიტმა გაბრიელმა ვერ მოახერხა ჩამოსვლა, მაგრამ ორმოცზე იყო. ორმოცის დღეს კელიაში შეკრებილან, მისი ქადაგებები მოუსმენიათ. მამა იოანემ თითქოს ყველა გაგვაერთიანა ღვთის სიყვარულში, მის სადიდებლად. ეს არის მოძღვრის დანიშნულება - მრევლის უფალთან მიყვანა.

- ახლა, მისი გარდაცვალების შემდეგ, რა გრძნობა გაქვთ?


- წუთით არ გვიგრძნია, რომ რაღაცას, ვიღაცას ვკარგავდით. ვგრძნობდით, რომ ის ჩვენთან იყო. ერთადერთი, ცრემლებს ვერ ვიკავებდი.

ანდერძის კითხვის დროს რომ ვტიროდი, ერთმა მისმა მორჩილმა მითხრა - რატომ ტირი, განა არ იცი, მამა იოანე რომ ისევ ჩვენთან იქნება და ჩვენთვის ზეციდან ილოცებსო?!" "მჯერა, მაგრამ არ მინდა, რომ წავიდეს-მეთქი". მეორე დღეს, როცა მღვიმეში პანაშვიდი გადავიხადე, მის სასახლეს თავი რომ დავადგი, ვიგრძენი, დამამშვიდა. თითქოს ცოცხალი იყო და ხელი დამადო. ასეთი გრძნობა მაქვს დღემდე. ცხადია, დანაკლისი იგრძნობა. ხშირად ვამბობ, ნეტა მამა იოანე ცოცხალი იყოს, ვკითხავდი-მეთქი. მაგრამ იმასაც ვგრძნობ, როგორ ლოცულობს ჩვენთვის. ეს ლოცვა გონებას მინათლებს და სწორი გზის არჩევაში მეხმარება.

- მამაო, სიცოცხლის მანძილზე შეიძლება ბევრჯერ დაგჭირვებიათ მასთან საუბარი, მაგრამ საშუალება არ გქონდათ. თქვენ ხომ საქართველოში იყავით, ის კი რუსეთში.

- რა თქმა უნდა. თბილისში ყოფნის დროს სულიერად სულ მამა იოანეს ვესაუბრები. სიცოცხლეშიც შეიძლება პირდაპირ ვერ შევხვედროდი, მაგრამ მუდამ ვგრძნობდი, რომ ჩემთვის ლოცულობდა. უდიდესი ძალა აქვს მოძღვრის ლოცვას.

ზოგჯერ მოსულა ჩემთან სულიერი შვილი გაბრაზებული, განრისხებული და დახმარება უთხოვია. მიფიქრია, მე როგორ უნდა შევძლო მისი დახმარება, ნუგეშისცემა-მეთქი. უფალს ვთხოვ ხოლმე შეწევნას, მამა იოანე მახსენდება და უცებ ისეთ სიტყვას ვეტყვი, დამშვიდებულს გავუშვებ. მერე ვხვდები, რომ მამა იოანეს ლოცვით უფალი მეხმარება და თავის მადლს მანიჭებს. მსახურების დროსაც, ქადაგების დაწყებამდე, მამაოს ვევედრები, დამეხმარე-მეთქი.

ერთხელ მონასტერში მივედი. მამაო ესტონეთში წასული დამხვდა. ძალიან დავმწუხრდი. წარმოიდგინეთ, ამხელა გზა გავიარე, რათა მისგან რჩევა მიმეღო და მის უნახავად უნდა დავბრუნებულიყავი! დედა მარიამ (მორჩილმა) მითხრა, - შედი მამაოს სენაკში, ის ხომ სულით აქ არის, ეგებ დამშვიდდეო. მართლაც შევედი და იმ სავარძელზე ჩამოვჯექი, რომელზეც ჩვეულებრივ ვჯდებოდი ხოლმე. ასე ვიყავი დიდხანს. უცნაურია, მაგრამ ისეთი სისავსე, რაც მაშინ ვიგრძენი, არც ერთ წელს არ განმიცდია. საერთოდ არ მქონია ისეთი შეგრძნება, რომ ვერ ვნახე. თითქოს შევხვდი, ვესაუბრე, კითხვებზე პასუხებიც მივიღე.

- ავადმყოფობა ახსენეთ...

- დიახ. საკმაოდ ცუდად ვიყავი. 17 საათი საოპერაციო მაგიდაზე ვიწექი, 52 დღე - რეანიმაციაში, 7 თვე - საავადმყოფოში. ყველაზე მეტად მეშინოდა, ღვთის სამდურავი არ წამომცდენოდა. მამა ტიხონმა მამა იოანესთან ტელეფონით მალაპარაკა. მამაომ მხოლოდ ხუთიოდე სიტყვა მითხრა, მაგრამ ისე, რომ 7 თვის მანძილზე შეკითხვაზე - როგორ ხარო? - ვპასუხობდი, დიდება უფალს-მეთქი. არც ოხვრა, არც კვნესა არ გაუგიათ ჩემგან. დარწმუნებული ვარ, ეს მამა იოანეს ლოცვით მოხდა.

- საქართველოს მიმართ რა დამოკიდებულება ჰქონდა?

- ძალიან ტკბილი, კარგი. ჩემზე ამბობდა, არ ვაწყენინოთ, ივერიიდან არისო. ყოველთვის დიდი სიყვარულით იხსენიებდა ჩვენს პატრიარქს. როცა უწმინდესმა მისი გარდაცვალება შეიტყო, თურმე ყოველ წირვაზე იხსენიებდა.

- განსაკუთრებული სასოება რომელი წმინდანის მიმართ ჰქონდა ან რომელი დღესასწაული უყვარდა გამორჩეულად?

- ძალიან უყვარდა წმინდა იოანე კრონშტადტელი, რომელსაც ენათესავებოდა კიდეც. ცხადია - თავისი მფარველი წმინდა იოანე ღვთისმეტყველიც. აღდგომის საგალობლები უყვარდა ძალიან. ზოგიერთი მოძღვარი მას სააღდგომო მოძღვარს (Пасхальный батюшка) ეძახდა. ცუდად რომ გახდა, არქიმანდრიტმა ტიხონმა (წინამძღვარმა) მონასტრის საძმოსთან ერთად მთლიანად უგალობა აღდგომის კანონი. არადა თებერვალი იყო.

- თუ იყო ისეთი რამ, რაც გამორჩეულად არ უყვარდა?

- ამასთან დაკავშირებით ერთი ამბავი გამახსენდა. მე, პატრიარქს და ერთ-ერთ მოძღვარს თავისი ალბომი გვაჩუქა სხვადასხვა წარწერით. ზუსტად ის დაგვიწერა, რაც მაშინ გვჭირდებოდა. მე ტკბილ სიტყვებს მწერდა, ბოლოს კი ასე ამთავრებდა - ქვეყანაზე ნურაფრის შეგეშინდება, გარდა ცოდვისაო. ეს სიტყვები მან ანდერძშიც გაიმეორა. ალბათ ყველაზე მეტად ცოდვა სძაგდა.

- თქვენი აზრით, რა აკლია დღევანდელ სამღვდელოებას ყველაზე მეტად?

- ჩვენ მრევლის მიმართ ძალიან მკაცრები ვართ, საკუთარი თავის მიმართ - ლმობიერნი და გვაკლია ის სიყვარული, რომელიც სიმკაცრეს უნდა მოსდევდეს. შეიძლება იმიტომაც, რომ არ აქვთ თანამედროვე გამოცდილ, სულიერ ხალხთან ურთიერთობა. მე თუ რაიმე ვიცი, მათი დარიგებით, პირადი მაგალითით. ახლა კი გამოცდილი მოღვაწეების ნაკლებობაა და ეს თანამედროვე სამღვდელოებაზეც გარკვეულწილად აისახება. რომ დავუფიქრდები, უწმინდესი ეფრემისგან (მისი მორჩილი ვიყავი) ტკბილი სიტყვა არ მახსოვს. მაგრამ მის სიმკაცრეში ჩანდა ერთგულება, სიყვარული და როცა ძალიან გამიჭირდა, მაშინ კი ვიგრძენი მისი მამობრივი სიყვარული.

ახლა ბევრია ისეთი, ვინც თავის თავს აღმერთებს, ან არადა მრევლი იწყებს სიკვდილის მერე მოძღვრის გაკერპებას. ასე რომ არ ყოფილიყო მამა იოანეს შემთხვევაშიც, წინამძღვარს, არქიმანდრიტ ტიხონს, უთხრა, ყველა ჩემს სულიერ შვილს დაავალე, ჩემზე მოგონებანი დაწერონ და მე წამაკითხონო. მამა ტიხონი შეწინააღმდეგებია - როგორია ცოცხალ კაცზე მოგონებების დაწერა. მამა იოანეს უთქვამს - ისე არ მინდა გამოვიდეს, რომ ჩემი სიკვდილის მერე თქვან, მამაო მკვდარ კატებს აღადგენდაო. მართლაც, დავწერეთ მოგონებები და წავაკითხეთ. ამოიღო ზოგიერთი ფრაზა, გამოთქმა. ერთ ადგილას მეწერა, მამა იოანეს სახით, მგონია, ზეცის მკვიდრი მოგვევლინა-მეთქი. თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ ადგილს ამოიღებდა, მაგრამ ალბათ, ჩემდამი განსაკუთრებული სიყვარულის გამო, არ ამოიღო. ახლაც ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ამ ქვეყნის შვილი არ იყო, ზეციურ სამშობლოში გადასახლდა და იქიდან გვეხმარება. მაგრამ მაინც ვერ შევეგუე იმას, რომ ცოცხალი აღარ არის. დღესაც ლოცვებში როგორც ცოცხალს, ისე ვიხსენიებ. მას პატრიარქი ალექსიც ხუცესს (Старец) ეძახდა. თუმცა თვითონ არ გვრთავდა ნებას, მისთვის ასე მიგვემართა. ამბობდა, - Я не старец, а старик, но если очень хотите, старичок -ო. ძალიან თავმდაბალი იყო. როცა არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანეს და მიტრა დაახურეს, წასულა და ყველაზე უკან დამდგარა. მეუფეს უთქვამს: Отец Иоанн, не юродствуй-ო. მას კი უპასუხია: - ой, Владыко, как мне здесь хорошо-ო. ასეთ სიმდაბლეს გვასწავლიდა. მე კი ვამაყობდი იმით, რომ მას ვუყვარდი და ნებისამებრ შემეძლო მასთან შესვლა. ამის გამო მკიცხავდა და "თავში მიკაკუნებდა" ხოლმე. განსაკუთრებით ცდილობდა, ხიბლისაგან დავეცავი. მეუბნებოდა, შენით არაფრის მაქნისი არ ხარ, თუ ღმერთმა მადლი არ მოგანიჭა. ხოლო თუ მოგცა, ვალდებული ხარ, ის აღასრულოო. ყველაფერში მადლობდე უფალს და იყავი ყველაფრით კმაყოფილი, გარდა ერთისა - გახსოვდეს, რომ სიყვარული გაკლია და სულ ამ დანაკლისის შევსებას ეცადეო. ვცდილობ, ასეც მოვიქცე. მადლობელი ვარ ღვთისა, რომ მამა იოანე მყავდა და მეყოლება სიცოცხლის ბოლომდე.
 
ესაუბრა
გვანცა გოგოლაძე