EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« აკაკი წერეთელი (გაგრძელება) »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: admin
თარიღი: 2014-11-18 00:47:36
აკაკი წერეთელი - ბიოგრაფია
ავტორი ვებ-მასტერი
რუსეთისაკენ
გიმნაზიიდან გამოსვლის შემდეგ ორი თვე, მარტი და აპრილი, აკაკიმ სოფელში გაატარა. აპრილის დამლევს იგი გამოეთხოვა დედ-მამას, თავის მშობლიურ სახლ-კარს და გაუდგა შორეულსა და უცნობ გზას - რუსეთისაკენ! ამ დროს ჭაბუკი აკაკიმ, - როგორც თვითონ წერს, „ქვეყანაში თვალგაუხელელი, ცხოვრებაში გამოუცდელი და ოცნებებით გაბერილი“ იყო.
მშობლებმა უცხო ქვეყანაში მიმავალ შვილს საგზაოდ ხუთასი მანეთი ჩაუდვეს ჯიბეში და, გარდა ამისა, შორეულ მგზავრობასა და უცხო ქალაქში მარტო რომ არ ყოფილიყო, ლალად ერთგული შინა - ყმა ივანე კირკიტაძე გაატანეს. „ბევრის არ მცოდნეს და სრულიად არაფრის მნახველს, - გვიამბობს პოეტი, - უნდა ზღვა გამევლო, ხმელეთი გადამელახა და ერთი ბიჭის ამარა ჩავსულიყავ პეტერბურგში, სადაც ჩემი ძმა მეგულებოდა „კანვოი“-ში მოსამსაურედ“.
ჩავიდა თუ არა პეტერბურგში, აკაკიმ პირდაპირ თავის ძმას ილიკოს მიაშურა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ იმპერატორის კანვოი და მასთან ერთად, რასაკვირველია, ილიკოც, ზაფხულის გამო ცარსკოე სელოში გადაეყვანადთ ბანაკად. აკაკი შეწუხდა, მაგრამ რაღას გააწყობდა. მხოლოდ მეორე დღეს გაემგზავრა იგი ძმის სანახავად.
ილიკო უფრო ადრე მოელოდა აკაკის, მან დაახლოებით იცოდა, როდის უნდა ჩასულიყო მისი უმცროსი ძმა და როდესაც აკაკის დააგვიანდა, ძალიან შეშფოთებული იყო, -ათასი ფიქრი უტრიალებდა თავში, ვაი თუ რამე დაემართა გზაში მარტო მომავალ, გამოუცდელ ყმაწვილსო. მის სიხარულს საზღვარი არ ქონდა, როდესაც ცარსკოე სელოში უეცრად კარი გაიღო და მასთან ოთახში აკაკი შევიდა.
პეტერბურგში, სამოციანი წლების დამდეგს, ოცდაათამდე ქართველი სტუდენტი სწავლობდა.
აკაკი რომ ჩავიდა პეტერბურგში, იმ დროს უკვე უნივერსიტეტში სწავლობდნენ და უფროსი კურსის სტუდენტებად ითვლებოდნენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკო ღოღობერიძე, ბესარიონ ღოღობერიძე და სხვები. აკაკისა და კირილე ლორთქიფანიძეს ჩასვლის მერე, ორი წლის შემდეგ, ქართველ სტუდენტთა დასს მიემატნენ კიდევ ნიკო ნიკოლაძე და გიორგი წერეთელი.
პეტერბურგის სახელი მჭიდროდ არის დაკავშირებული აკაკის პირად ცხოვრებასთან, მის შემოქმედებასთან.
სამოციანი წლებიდან დამოკიდებული, უკანასკნელ დრომდე, ღრმა მოხუცობის ხანამდე, აკაკი არა იშვიათი სტუმარი იყო ამ ისტორიული ქალაქისა, რომელმაც ილია ჭავჭავაძე ერთ თავის სტუდენტობის დროინდელ წერილში „ცივს, ქვეით მოსიპულსა და უზარმაზარს“ უწოდებდა.
1861 წლის იანვარში აკაკი წერს თავის პირველ პოემას ,-„რუსეთუმეს“, რომლიდანაც ორი თავი, როგორც ჩანს, ყველაზე უფრო მისაღები ცენზურისათვის, შემდეგ გამოქვეყნდა „ ცისკარში“.
აკაკი შენიშნავს ამ ნაწარმოების შესახებ: „ეს ვრცელი პოემა იყო. აქ ახალი თაობის ტიპად ჩემი თავი მყავდა გამოხატული და ძველი თაობის ტიპად ჩემივე ოჯახი.
1861 წლის 19 თებერვალს გამოცხადდა ცნობილი მანიფესტი საგლეხო „რეფორმის“ შესახებ და ამ ღირსშესანიშნავ ამბავს აკაკი ეხმაურება ლექსით „მუშური“, სადაც უდიდესი სიძლიერით არის გამოხატული ყმა გლეხობის დაჩაგრული მდგომარეობა. ეს ლექსი დაიბეჭდა ორი წლით გვიან „ცისკარში“, ჯერ კიდევ მანამდის, სანამ საქართველოში გატარებული იქნებოდა გლეხთა „განთავისუფლების“ საქმე.
ეს ლექსიც თავის მხრივ წარმოადგენს ერთგვარ სათავეს აკაკის სოციალური პოეზიისა.
თავის პოეტურ შემოქმედებასთან ერთად აკაკი არ ივიწყებს უნივერსიტეტსაც. 1861 წლის დასაწყისიდანვე იგი ინტენსიურად ემზადება გამოცდებისათვის, - გადაწყვეტილი აქვს ამ წელს ჩააბაროს ყველა საგანი და მიიღოს კანდიდატის ხარისხი.
თავისუფალ მსმენელთათვის უნივერსიტეტში სავალდებულო არ იყო ოთხ წელს სწავლა: როცა სურდათ, მაშინ ჩააბარებდნენ გამოცდას და წარადგენდნენ საკანდიდატო თხზულებას.
აკაკიც ასე მოქცეულა. არსებული დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ ჩვენს პოეტს და მის ამხანაგებს, აგრეთვე გარეშე მსმენელებს - აბელ ჩოლოყაშვილს, ალექსანდრე აბხაზს და რაფიელ პატკანიანს, თხოვნა მიუციათ უნივერსიტეტის რექტორისათვის, რომ მათ ნება მისცემოდათ კანდიდატის ხარისხზე გამოცდების დაჭერისა. ეს თხოვნა რექტორს გადაუცია განსახილველად აღმოსავლეთის ენების ფაკულტეტისათვის. 1861 წ. აპრილის სხდომაზე ფაკულტეტს განუხილავს ეს თხოვნა და კიდეც დაუკმაყოფილებია. ამის შემდეგ აკაკი შესდგომია გამოცდების ჩაბარებას სხვადასხვა საგანში.
აკაკის გამოცდები დაწყებულა 1861 წლის 3 აპრილიდან.
1862 წელს, მარტის 31-ს, აკაკიმ ჩააბარა უკანასკნელი გამოცდა და მოიპოვა უფლება საკანდიდატო თხზულების წარდგენისა. კირილე ლორთქიფანიძის სიტყვით, "აკაკის საკანდიდატო თხზულება მართლაც წარუდგენია. თემა აღებული ჰქონია ქართული ლიტერატურიდან, სახელდობრ, "ვეფხისტყაოსნის" ორიგინალობის საკითხი. ამ თხზულებაში გატარებული აზრები შემდეგ უფრო ვრცლად აკაკის განუვითარებია თავის ლექციებში "ვეფხისტყაოსნის" შესახებ.
აკაკის ეს თხზულება უნივერსიტეტს მოუწონებია და მისი ავტორი ღირსად უცვნია საკანდიდატო დიპლომის მიღებისა (აკაკი, როგორც თავისუფალი მსმენელი, ვალდებული იყო წარედგინა გიმნაზიის კურსის დამთავრების მოწმობა, მაგრამ არ წარუდგენია და ამის გამო ვერც დიპლომი მიუღია).
1862 წელს აკაკი წერეთელი ჩამოვიდა სამშობლოში.
რუსეთიდან დაბრუნებულ ახალგაზრდა „წვეროსანს“ დიდი სიხარულით დაუხვდნენ მშობლიურ ოჯახში.
გარეგნულად ცივმა და სასტიკმა ეკატერინემ ბევრი ცრემლი დაღვარა უმცროსი, უსაყვარლესი ვაჟის ნახვაზე. მას დიდხანს ჰქონდა გულში ჩახუტებული შვილის ხუჭუჭა თავი.
თავადი როსტომი კიდევ ჭარმაგად იყო. მან დიდის ინტერესით გამოჰკითხა შვილს რუსეთის ამბები, პეტერბურგის ცხოვრების ავან-ჩავანი. როსტომი მაინც და მაინც ვერ იყო კმაყოფილი ბატონყმობის გაუქმებით და ეჭვს გამოთქვამდა: ეს საქმე ჩვენში დიდ ხანს არ განხორციელდებაო. აკაკის შეტყობით, როსტომს ამ სამ წელიწადში ახირებულობა მომატებოდა.
სოფელში დიდხანს აღარ დარჩენილა აკაკი. მას გული მიუწევდა გარეთ, -ახალგაზრდა პოეტს სწყუროდა საზოგადოებაში გასვლა, ხალხის გაცნობა, ცხოვრების ფართო ასპარეზზე ფეხის შედგმა.
ის გაემგზავრა ქუთაისში.
იმერეთის დედაქალაქი დიდად არ გამოცვლილიყო. იგივე ყრუ, მივარდნილი დაბა იყო, როგორიც მან დასტოვა სამი წლის წინათ.
ქუთაისში აკაკი ხშირად დადიოდა ნიკოლაძისა და ხელთუფლიშვილის ოჯახებში. იგი ძალიან მეგობრობდა ნიკო ნიკოლაძის დებს, მათ შორის კი განსაკუთრებული მეგობრობით იყო დაკავშირებული ანასტასიასთან (ანიჩკასთან). აკაკი ძლიერ უყვარდა ნიკოლაძეების მხიარულ, მეგობრულ წრეში საათობით და ზოგჯერ მთელი დღეობით დარჩენა. „ქუთაისის თეთრი ხიდის სიახლოვეს,-წერს რუსუდან ნიკოლაძე,-რიონის მაღალ ნაპირზე იდგა ბაბუაჩვენის ძველი, ნახევრად დანგრეული ხის სახლი, მისი მშვენიერი, წყალზე გადამყურე აივანით“. ამ სახლთან აკაკის ბევრი საუკეთესო მოგონება აკავშირებდა. მაგრამ განსაკუთრებით წმინდა იყო მის ხსოვნაში მოგონება ამ სახლის ერთი ბინადრისა- ეს იყო ანასტასია ნიკოლაძე. მეგობრული გრძნობა ამ ქალისადმი აკაკიმ შეუბღალავად შეინახა მთელი სიცოცხლის მანძილზე. რუსეთიდან ნიკოლაძე, ახასიათებს რა აკაკის დამოკიდებულებას ანიჩკასადმი, წერს: „ეს იყო„ჩერნიშევსკისებული“ მეგობრობა რჩეული ბუნების, გულისა და გონების ქალთან, სიყვარულით სავსე პატივისცემით აღბეჭდილი“. „ანიჩკა ნიკოლაძესთან მეგობრობას, - განაგრძობს ჩვენი ავტორი,- როგორც ჩანს, პოეტის მიმოწერიდან, ღრმა კვალი ჰქონდა გავლებული აკაკის გულში. კერძო წერილებში პოეტი მას სანუგეშო მეგობარს უწოდებს. „თვით ანიჩკამ-კი, შეიძლება თამამად ითქვას, მთელი თავისი გული და პირადი ცხოვრება შესწირა ამ მეგობრობას,-აკაკის ჩანგსა და პიროვნებას. და შესწირა მისებურად: სრულად და უნაშთოდ; და ისე ჩუმად, ისე გულჩათხრობილად, რომ ეს არავის არ სცოდნია დანამდვილებით, გარდა მის და თვით აკაკისა“.
ანიჩკასა და მისი დების, აგრეთვე ხელთუფლიშვილების წრეში აკაკი პოულობდა გულწრფელ მეგობრულ პატივისცემას, პოეზიისა და კულტურის სიყვარულს, სამშობლოსადმი ერთგულებისა და სამსახურის სამაგალითო ნიმუშებს...
1862 წლის ზაფხულის დამლევს აკაკი გაემგზავრა თბილისისაკენ.
ბევრი რამ ხიბლავდა და იტაცებდა თბილისისკენ აკაკის გულს, მაგრამ ყველაზე უფრო მას აინტერესებდა მწერლების გაცნობა.
1863 წლის დასაწყისში აკაკი ისევ ემშვიდობება დროებით თავის ქვეყანას და მიემგზავრება რუსეთისაკენ.
1864 წელი აკაკიმ მოსკოვში გაატარა. ამ წლის 24 ივნისით არის დათარიღებული მისი აკროსტიხი „საცოლოს ალბომში“. საფიქრებელია, რომ წინა წლის გაზაფხულზე სამშობლოდან რუსეთისაკენ გაბრუნებულმა პოეტმა ერთი ხანი პეტერბურგში გაატარა და უნივერსიტეტს წარუდგინა თავისი საკანდიდატო შრომა „ვეფხისტყაოსნის ორიგინალობის შესახებ“. თავის „თავგადასავალში“ აკაკი გვიამბობს: „მოვრჩი თუ არა უნივერსიტეტს, გადავედი მოსკოვში. იქ იმავე წელიწადს დავცოლშვილიანდი“.
შევჩერდეთ აკაკის ცოლის თხოვის ისტორიაზე. მაგრამ ჯერ ყური დავუგდოთ რა სწერს თვითონ პოეტი ამის შესახებ:
„ნურავინ ნუ დაიჩემებს: მომავალში ამას ვიზამ, თუ იმასო! მე გადაწყვეტილი მქონდა გუნებაში, რომ ცოლი არ შემერთო და მერე ისიც უცხოელი, მაგრამ შემთხვევას ყველაფერი შესძლებია!“
მისი ცოლი ბაზილევსკის ქალი იყო, ნატალია.
აკაკი წერს თავის „თავგადასავალში“: „ჩემმა მტრებმა და მათმა ამყოლებმა, სხვა რომ ვეღარა მოახერხეს რა, დაჰყარეს ხმა, რომ აკაკიმ ცოლის მზითევი მილიონები აიღო და გაფლანგაო! მაშინ, როდესაც თვალით არა მინახავს რა. ეს ცილისწამება დღესაც ბევრს მართალი ჰგონია ჩვენში“.
სამშობლოში დაბრუნება და საზოგადოებრივი მოღვაწეობა
ცოლის შერთვის შემდეგ აკაკი წერეთელი საბოლოოდ დაბრუნდა სამშობლოში და საცხოვრებელ ადგილად ქუთაისი არჩია.
აკაკი წერეთელმა საქართველოში ბატონყმობის გაუქმებამდე, ჯერ კიდევ 1864 წლის მაისში გამოაქვეყნა ლექსი „იმერული ნანინა“. პოეტი ხედავდა, რომ ნამდვილი განთავისუფლება კვლავ მომავლის საქმე იყო და ახალი ძალითა და ენერგიით უნდა გაშლილიყო ბრძოლა. ამ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება აკაკიმ აღნიშნულ ლექსში და გააფრთხილა პაწაწინა გლეხის შვილი:
„მაშ ნუ გძინავს! გაიღვიძე, იცან ქვეყანაო!
შენც შეიტყვე ამ სოფლის ცრუგამოცანაო!“
და მოუწოდა მომავალი გადამწყვეტი ბრძოლისაკენ, დაუსახა კეთილშობილური მიზანი: „შენი დაჩაგრული ძმები შენ უნდა იხსნაო“.
გლეხობის ტანჯული ცხოვრება პოეტმა მრავალჯერ გამოხატა „რეფორმის“ შემდეგდროინდელ თხზულებებში. იგი მუდამ გლეხკაცის მწარე ბედზე მოსთქვამდა, თავისი ლექსებით მკითხველს თავისუფლებისათვის ბრძოლისაკენ მოუხმობდა, ხალხის ძალისადმი რწმენას უნერგავდა. 1880 წელს გლეხებს პოეტი ეუბნებოდა:
„მიმხვდარი არის ეგ თქვენი
შეუბღალავი გონება,
რომ პირუტყვსავით არ შვენის
მშრომელ კაცს სხვისი მონება“
(„მუშებს“)
სამოხელეო სამსახურის უარყოფა, მწერლობისადმი თავდადება დიდმა პოეტმა მთელი სიცოცხლე ხალხის კეთილდღეობის მოპოვებისათვის დაუცხრომელ სამსახურს მოახმარა. როგორც აღვნიშნეთ, სამშობლოში ჩამოსვლამდე აკაკი წერეთელი უკვე ჩამბული იყო ბრძოლაში ხალხის განთავისუფლებისათვის და ახლა, საქართველოში დაბრუნებისას, კიდევ უფრო ღრმად მომზადებულმა და მომავლის იმედით შთაგონებულმა, საბოლოოდ მხოლოდ ქვეყნისა და ხალხის ინტერესების სამსახური არჩია. მან უარი თქვა სამოხელეო სამსახურზე და მთლიანად ლიტერატურულ ცხოვრებას მიეცა, აქტიურად ჩაება ხალხისა და სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში.
1889 წელს ქუთაისის საადგილმამულო ბანკის საზოგადო კრებამ აკაკის ერთხმად შეაძლია ბანკის დირექტორის თანამდებობა. პოეტმა კატეგორიული უარი განაცხადა იმ დროისათვის ამ ერთგვარად საპატიო თანამდებობის დაკავებაზე, კრებას მადლობა გადაუხადა და თავისი უარი შემდეგნაირად დაასაბუთა: „მე რომ დირექტორობა ვიკისრო, საკუთრად მე მოხელეობას უნდა დავუდვა გული და ეგ იქნება ჩემთვის ბორკილი, თუმცა ოქროს ბორკილი ჩემთვის პირადად სარგებელია, მაგრამ მაინც ბორკილია და იმ საქმეში ხელის შემშლელი, რომელსაც მე ამდენი ხანია ვემსახურები“.
ამრიგად, აკაკი წერეთელი არსად, არასდროს სამსახურში არ შესულა და მთელი სიცოცხლე ქვეყნისა და ხალხის ინტერესებისათვის ბრძოლა შეალია. ამ გარემოებას არა ერთხელ გამოუწვევია როგორც ახლობლების, ისე მამის წყრომა.