EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« აკაკი წერეთელი - პოეზია »
კატეგორია: პოეზიაავტორი: admin
თარიღი: 2014-11-18 00:56:54
აკაკი წერეთელი - პოეზია
აკაკი წერეთელი / სიყვარული
სიყვარულო, ნიჭო სრულო,
წამ ტკბილო და ხანგრძლივ მწარე,
ჯერ აკვანო ნეტარების,
მერმე კუბოვ და სამარე!
დღეს ჩემი ხარ, ხვალ სხვისი ხარ,
უგზო-უკვლოდ მოარული!
სად არს შენი დასაბამი?
ან სადა გაქვს დასასრული?
ზოგი გყვედრის, ზოგი გვედრის,
ყველას კი ჰსურს, რომ გემონოს!..
ვინ არის, რომ შენსა სიტკბოს
სიცოცხლე არ შეუწონოსი
დიდის ხნობით… მაღალ გრძნობით
თუმც არავის არ ახარებ
და წამიერ სიტკბოებას
საუკუნოდ წაამწარებ,
მაგრამ მაინც ყველა გეძებს!..
ცოცხალმა ვით დაგიწუნოსი
ვინ არის, რომ იმ ერთს წამში
არ გასწირავს საუკუნოსი!
აკაკი წერეთელი / სიზმარი
ერთხელ მხოლოდ, - ისიც ძილში, -
ქართველ ქალთა ვნახე კრება;
გეფიცებით, მისი ნახვა
ახლაც ისევ მენატრება!
ტახტზე იჯდა თამარ მეფე,
მომხიბლავი, ეშხიანი!..
მარცხნით უდგა თინათინი,
მარჯვნით - ნესტან-დარეჯანი.
გარს ეხვიენ სხვა ქალებიც,
როგორც მთვარეს ვარსკვლავთ კრება,
ცალ-ცალკე და ყველა ერთად,
სიცოცხლე და ნეტარება!..
შემოვიდა რუსთაველი,
ის სულმნათი და მგოსანი,
ხელში ეპყრა მოწიწებით
მისი "ვეფხის-ტყაოსანი”.
თაყვანი სცა სწორუპოვარს,
მის წინ მუხლი მოიყარა…
გაიღიმა ტახტზე მჯდომმა
და ცრემლები გადმოღვარა!..
მზის ჭიატის დარი იყო
უცნაური ის ღიმილი
და თვით გრძნობის ორჭოფობაც
ცრემლში იყო ჩალესილი:
მასაც მგოსნის თანაგრძნობა
გულში ედვა, როგორც ქალსა,
მაგრამ უნდა დაეჭირა
თავი, როგორც დედოფალსა!
ბრძანა: "გმადლობ, ვერ გადვიხდი,
როგორც მეფე, დღეს შენს ვალსა, -
უკვდავების მოსახვეჭად
მიგაპირებ მომავალსა!..”
მიუბრუნდა მერე იქ მდგომ
ნესტანსა და თინათინსა:
"თქვენ გილოცავთ ამქვეყნიურ
სიყვარულს და შვება-ლხინსა:
გიანდერძებთ საქმროდ ყველას
ტარიელს და ავთანდილსა,
რომ ქართველი ქართველ გმირად
გამოზრდიდეს შვილიშვილსა!”
ეს რომ ბრძანა, ნათელ სვეტად
გადმოეშვა ცისარტყელა:
აიტაცა შუქმა შუქი
და მას გაჰყვა თანვე ყველა!
მე კი დავრჩი… შემეშინდა!..
მიმოვავლე გარს თვალები
და რა ვნახე იმათ ნაცვლადი!..
სხვა ხალხი და სხვა ქალები!..
არც თამარი, არც თინათინ,
აღარც ნესტან-დარეჯანი!…
აღარც ერთს არ ეტყობოდა
ქართველობის რამ ნიშანი!..
გული დამწყდა!… გამეღვიძა,
ნაღვლიანად გამეცინა!..
ვთქვი: "ნეტავი არ მენახა,
საუკუნოდ დამეძინა!..”
აკაკი წერეთელი / ჭაღარა
ის აღარა ვარ, რაც ვიყავ,
ძნელი ყოფილა ჭაღარა...
ვეღარ გაჰკივის თამამად
ჩემი დაფი და ნაღარა.
გული არ იშლის გულობას,
მაგრამ ვერ მოსდევს ძალ-ღონე!..
ვარ ბევრი "ვაის” მნახველი
და ბევრი "უის” გამგონე.
ამევსო გული წვეთ-წვეთად
ნაღველითა და შხამითა,
ისე, ვით საუკუნები -
სხვადასხვა მრავალ წამითა.
მაშ რაღად მინდა სიცოცხლე
მე, აწმყო-გამწარებულსა,
თუ, ვისაც ვეტრფი, ვინც მიყვარს,
ვხედავ მას აოხრებულსაი
მაგრამ იმედი, ცის ნიჭი,
რომ გამიელვებს გლახ-გულსა,
თავი ტარიელ მგონია,
ოცნებით გარემოცულსა.
ვუხმობ ფრიდონს და ავთანდილს,
მხარი მხარს მივცეთ, ხელი ხელს,
ნესტან-დარეჯან ქაჯებს ჰყავს,
მოელის ტურფა გამომხსნელს!
რა ვუყოთ, თეთრი მერიოს!?
სისხლით შევღებავ ჭაღარას
და სულ სხვა ხმაზე დავუკრავ
ამ ჩემს დაფსა და ნაღარას.
მაგრამ ვაიმე, რომ ეჭვი
მოუგზავნია ჯოჯოხეთს:
მაცდურ სარკეში მახედებს,
ოცნებას მიკლავს... გულს მიხეთქს!..
ამბობს: "ფრიდონ და ავთანდილ
ჯერ ვერ გადიხდის ომსაო!...
და შენც ტარიელს მოჰგავხარ
ისე, ვით კატა ლომსაო”.
მართალი არის, მაგრამ რაი
რისთვის დავკარგო იმედიი
გმირს წინა-უძღვის ყოველთვის
უძლური წინამორბედი!..
არა! აყვავდეს იმედი!...
გულს ვერ გამიტეხს ჭაღარა!..
გმირებს უძახის... უყივის
ჩემი დაფი და ნაღარა!..
აკაკი წერეთელი / ციცინათელა
ჩემო ციცინათელა!
რად მიჰფრენ ნელა-ნელაი
შენმა შორით ნათებამ
დამწვა და დამანელა!
ანათებ და კარგი ხარ,
მე თუმც არას მარგიხარ!
ჩემი იყო, ის მინდა,
შენ კი სხვისი ბარგი ხარ!
აბრეშუმის პეპელა,
ფუტკარი და წურბელა,
შენზედ სარგებლიანი
შენ გენაცვალოს ყველა!
წურბელა მკურნალია,
მაგრამ ცოტა მყრალია…
მშიერი - სისხლის მტერი,
რომ გაძღება - მთვრალია!
მაშ რად მინდა წურბელაი
მან გული დამიბნელა!
ისევ შენ და ისევ შენ,
ჩემო ციცინათელა!
მეორე თაფლს და სანთელს
გვიკეთებს და სარგებელს
მით გვაძლევს, მაგრამ კბენით
გვისივებს ცხვირ-პირს და ხელს!
მაშ რად მინდა ფუტკარი,
მკბენარი, მოისარი?
ისევ ციცინათელა,
უწყინარი ის არი!
მესამე ტანს გვიმოსავს,
წყნარია და არ იქმს ავს,
მაგრამ უგნურებითა
პარკში იღრჩობს თავის თავს!
მაშ რად მინდა პეპელი,
უგნურად თავის მკვლელი,
და როგორ არ მერჩიოს
მასაც ციცინათელი?
ჩემო ციცინათელა,
საით ჰფრენ ნელა-ნელაი
მე ვარ შენი ერთგული,
სხვა მოგატყუებს ყველა.
მებრალები, - კარგი ხარ!
და ვაი, სხვის ბარგი ხარ!
სხვებს ბნელშიაც უნათებ,
მე კი დღეც არ მარგიხარ.
ნეტავ რისა გაქვს რიდიი
ჩემსკენაც გამოფრინდი,
ნათელი მომაფინე,
მეც გამინათე ბინდი!
კმა, რაც დღემდის ვიწამე;
აწ საყვარლად მიწამე
და მაშინ შენს სიყვარულს
დამავიწყებს მიწა მე!..
ჩემო ციცინათელა,
სადღა ჰფრენ ნელა-ნელაი
შენმა შორ-შორ ნათებამ
უდროოდ დამანელა!..
აკაკი წერეთელი / ღამურა
ერთმა უგნურმა თაგუნამ
იუკადრისა თაგვობა,
დასწყევლა თვისი გაჩენა,
ბუნების იწყო მან გმობა:
იმ უსამართლო ბუნებამ
თაგვად რად გამაჩინაოი
მე სხვაგან ყოფნა მინდოდა,
მან ჭერქვეშ მომცა ბინაო!
,,ვის ეკადრება თაგვებთან
კუდის ბზეკა და ლხენაოი
მე შემშვენოდა ჩიტობა,
რომ მეწყო აღმა ფრენაო.
,,რომ ვინმე ჩიტად მაქცევდეს,
გამომაბამდეს ფრთებსაო,
გავფრინდებოდი, ერთ წამსა
გადავივლიდი მთებსაო!"
რომ დაასრულა ეს ნატვრა,
ნახა, რომ ფრთები ესხმება
და მეტის სიხარულითა
საბრალოს თავბრუ ესმება...
ზიზღით შეხედა თვის ტოლებს,
დაუყონებლივ ავარდა,
ჩიტებში გამოერია,
იმანაც გაინავარდა...
ჩიტებმა ახედ-დახედეს,
სთქვეს: ,,ვინ მოსულა ესაოი
რა სჯულის ცხოველი არისი
ჩვენთან ვინ გააწესაოი
,,თვალტანადობა თაგვს უგავს,
ფრთები ასხია ჩვენიო!
როგორღაც კეთილ სულს არ ჰგავს...
ჭირი არის და სენიო!
,,ეგება მტრებმა მოგზავნეს,
შემოჩენილი იყოსო!
არიქა, ფრთხილად იყავით,
არავინ გაგვაბრიყვოსო!.."
დასჟღივლეს, ჩაუნისკარტეს,
გაჰკრეს, გამოჰკრეს ბრჭყალები,
სისხლი ადინეს ღამურას,
გამოუბნელეს თვალები!
დაღმა დაეშვა ღამურა,
მიმართა ისევ ძველ სადგურს...
მაგრამ იქ უფრო შავი დღე
დაუდგა მაშინ უბედურს:
თაგვებმა აითვალწუნეს,
აღარ მიიღეს, რომ ნახეს,
მივარდნენ ერთად საკბენად,
,,ჰკა მაგასაო!" დასძახეს...
მაშინ კი მიხვდა ღამურა,
რომ ანგარიში წაუხდა
და თვისი ნატვრა უგნური
საჭირბოროტოდ აუხდა!
გვიანღა იყო! გაფრინდა
გაკიცხულ, თავლაფდასხმული,
ერთ ძველ ნანგრევში შეფრინდა
და მოიბრუნა იქ გული.
მას შემდეგ ნანგრევში ბუდობს,
დღე-დღე ვერ ჩნდება სირცხვილით,
და მუდამ ამას წრიპინებს
კვნესით და გულისტკივილით:
,,კრულ იყოს მისი სახელი,
ვინც მთა გასცვალოს ბარზედა!
თვის ტომის დამწუნებელსა
ჭირი მიუვა კარზედა!
,,ნურავინ ისხამს სხვის ქურქსა
და ნუ სცვლის თვისსა ენასა,
თორემ ბოლო დროს მოიმკის
ჩემსავით ცრემლთა დენასა!
,,გადაგვარების მოსურნე
ბუნებისაგან კრულია!
მისი პირადი ღირსება
ყოველგან დაჩაგრულია!
,,ძველ ტომში გამოსხლეტილსა
არ მოუშლიან კბენასა
და ახალ ტომშიც გაჰკიცხვენ:
დაუწუნებენ ფრენასა!
,,კრულია მისი ხსენება,
ვინც დაჰგმობს დედა-ენასა,
თვის ტომს ჰღალატობს და მითი
თვით ჰფიქრობს მაღლა ფრენასა!..