EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« როდის არ შეიძლება ანტიბიოტიკების გამოყენება და რას გვირჩევს ცნობილი პედიატრი »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: admin

თარიღი: 2014-11-19 23:53:22

როდის არ შეიძლება ანტიბიოტიკების გამოყენება და რას გვირჩევს ცნობილი პედიატრი

როდის არ შეიძლება ანტიბიოტიკების გამოყენება და რას გვირჩევს ცნობილი პედიატრი

 
როდის არ შეიძლება ანტიბიოტიკების გამოყენება და რას გვირჩევს ცნობილი პედიატრი
18.11.2014
18 ნოემბერს ევროპის ანტიბიოტიკების შესახებ ცოდნის ამაღლების დღე აღინიშნება. როდის არის საჭირო ანტიბიოტიკების მიღება და რა უარყოფითი შედეგი შეიძლება ჰქონდეს მათ გამოყენებას, ამ თემაზე ცნობილი პედიატრი ყარამან ფაღავა გვესაუბრება. 

- პირველი ანტიბიოტიკი შოტლანდიელმა მეცნიერმა ფლემინგმა აღმოაჩინა და ის „პენიცილინის“ სახელით არის ცნობილი. ჯერ კიდევ ფლემინგი ამბობდა, რომ თუ ექიმისთვის არ არის ცნობილი ზუსტი დიაგნოზი, ანტიბიოტიკი ისე არ უნდა დავნიშნოთ. მან ფაქტობრივად იწინასწარმეტყველა, რომ ანტიბიოტიკმა შეიძლება გვერდითი შედეგებიც გამოიღოს, უარყოფითი გამოვლინებებიც ჰქონდეს და საერთოდ არ იყოს ეფექტური. საზოგადოებამ იცის, რომ ანტიბიოტიკი მედიცინის უდიდესი გამარჯვებაა. ამბობენ, რომ ანტიბიოტიკებმა და აცრებმა, დაახლოებით, 10-20 წლით გაზარდა ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ციფრია. არსებობს ანტიბიოტიკების სხვადასხვა ჯგუფი, რომლებიც ძალიან ეფექტურად მოქმედებს დაავადებებზე. მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს - ავერსი და რევერსი. ხშირად ანტიბიოტიკი დაუსაბუთებლად ინიშნება. მინდა ერთი კლინიკური მაგალითი გავიხსენო. მე რომ ახალგაზრდა ვიყავი, იმ დროს ფილტვების ანთებას შესანიშნავად ვმკურნალობდით პენიცილინით. სხვა წამალი პრაქტიკულად არც არსებობდა. ახლა უძვირესი და უძლიერესი ანტიბიოტიკები ინიშნება, ზოგჯერ კი შედეგი არ არის, უფრო მეტიც, არის შემთხვევები, როდესაც თერაპიული მიდგომა პაციენტს ვერ შველის და საჭიროა ქირურგიული ჩარევა.მკურნალობა გაძნელდა, იმის გამო, რომ ანტიბიოტიკების გამოყენება უსისტემოდ, დაუსაბუთებლად ხდება. ორგანიზმში იზრდება ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობა. მიკრობი ცოცხალი არსებაა, რომელსაც ადაპტაციის უნარი აქვს. თუ ჩვენ სწორად არ დავნიშნავთ ანტიბიოტიკს, ეს მდგრადი რეზისტენტული მიკრობების შტამები გამრავლდება. ჩვენ ძალიან დიდი პრობლემის წინაშე ვდგებით, როდესაც სხვადასხვა ჯგუფის ან ყველა სახის ანტიბიოტიკისადმი რეზისტენტული ხდება მიკრობი. ეს პრობლემაა საზოგადოებრივი ჯანდაცვის თვალსაზრისითაც, მკურნალობა ძვირდება, მკურნალობის ხანგრძლივობა იზრდება, მატულობს გართულებები. ვფიქრობ, ავადმყოფის საწოლთან განსაკუთრებით პრაგმატული უნდა იყოს ექიმი, მშობელმაც და ექიმმაც უნდა იცოდნენ, რომ ანტიბიოტიკების დანიშვნა მხოლოდ მაშინ უნდა მოხდეს, როდესაც ეს საჭიროა. ამასთანავე დანიშვნა უნდა იყოს სწორი, მომხმარებელიც ექიმის დანიშნულებას არ უნდა არღვევდეს – ვგულისხმობ ოპტიმალურ დოზასა და დანიშვნის ხანგრძლივობას. 

- როდის არის საჭირო ანტიბიოტიკების დანიშვნა?
- ტუბერკულიოზის, სეფსისის, საშარდე გზების ინფექციების, ფილტვების ანთების, მენინგიტის, სახის მიდამოში ჩირქგროვების, ჰაიმორიტის, ფრონტიტის, ყურის ანთების დროს, ჩირქოვანი ანგინის დროს განსაკუთრებით მაშინ, თუ ის სტრეპტოკოკით არის გამოწვეული. ასეთი ანგინა შესაძლოა მკურნალობის გარეშეც მორჩეს, მაგრამ შესაძლოა განვითარდეს რევმატიზმი. ანტიბიოტიკის გამოყენება საჭიროა ეპიგლოტიტის (ხორხსარქველის ანთება) დროს, კრუპის დროს, რომელიც ბაქტერიულიც შეიძლება იყოს. ანტიბიოტიკი უნდა გამოვიყენოთ კუჭის წყლულის დროს. კუჭის წყლულს იწვევს ჰელიკობაქტოფილორი, რომელიც გადამდებია. ამიტომ მისი მოსპობისათვის აუცილებელია ანტიბიოტიკის გამოყენება. ამასთან, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ბაქტერია იმათში, ვისაც აქვს გენეტიკური განწყობა, სიმსივნის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. აუცილებელია ქუნთრუშის დროსაც გამოვიყენოთ, რადგანაც თუ არ მივეცით, გლომერულონეფრიტისა და რევმატიული ცხელების განვითარების ალბათობა მკვეთრად მატულობს. ყივანახველას დროს ანტიბიოტიკის გამოყენება გავლენას არ ახდენს დაავადების მიმდინარეობაზე, მაგრამ ეს გადამდები დაავადებაა. თუ ამ დროს ანტიბიოტიკს გამოვიყენებთ, ბავშვი 7 დღეში უკვე შეგვიძლია დავუშვათ ბავშვთა კოლექტივში. არის ასეთი ებრაული სიბრძნე: „უნდა იცხოვრო კანონის მიხედვით, მაგრამ არ უნდა მოკვდე კანონის გამო“ პარადოქსალურად ჟღერს, მაგრამ რესპირატორული ინფექციების დროს ანტიბიოტიკი არ გვჭირდება. თუმცა დადგენილია, რომ ზოგჯერ ვითარდება ვირუსულ-ბაქტერიული შერეული ინფექციაა, ამის დადგენა ექიმის პრეროგატივაა. მშობელმაც უნდა იცოდეს, რომ 5-6, მაქსიმუმ 7 დღე რესპირატორული ვირუსით გამოწვეული სიცხე დასაშვებია და საგანგაშო არ არის. მაგრამ თუ სიცხის ხანგრძლივობამ იმატა, მაშინ ეს საგანგაშოა და უკვე ანტიბიოტიკი გვჭირდება. 

- როდის არ გვჭირდება ანტიბიოტიკი?
- სამწუხაროდ, ექიმები ხშირად ნიშნავენ ანტიბიოტიკების იმისთვის, რომ არ განვითარდეს ესა თუ ის დაავადება, ე.ი. პროფილაქტიკისათვის. მაგალითად ყელის სიწითლის დროს ანტიბიოტიკი საჭირო არ არის. მისი გამოყენება საჭირო ხდება, როდესაც ყელში ჩირქია. არც ბრონქიტს სჭირდება ანტიბიოტიკი. დადგენილი და დაზუსტებულია, რომ რესპირატორული ვირუსული ინფექციის დროს გინდა გამოიყენეთ ანტიბიოტიკი, გინდ არა, 5-10% მაინც გართულდება. ანტიბიოტიკის გარეშე რესპირატორული ინფექცია თავისითაც გაივლის. ასევე შეზღუდულია მისი დანიშვნა ფაღარათის დროს. 

- რა შეიძლება გამოვიყენოთ ანტიბიოტიკების გამოყენების შემცირების მიზნით?
- ერთ-ერთი ალტერნატიული მეთოდი მკურნალობისა, რომელიც ანტიბიოტიკების რაოდენობის გამოყენების შემცირების ან მისი ეფექტურობის გაზრდის საშუალებას გვაძლევს, არის ბაქტერიოფაგი. დღეს მთელ მსოფლიოში მატულობს ამ პრეპარატისადმი ინტერესი. ამის მიზეზი სწორედ ანტიბიოტიკების ნაკლები ეფექტურობა, მათი გვერდითი მოქმედებები და მათდამი მიკრობული რეზისტენტობის საგანგაშო ტენდენციაა. მით უმეტეს, ფაგებს უარყოფითი ეფექტები პრაქტიკულად არ აქვს. 

- რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ანტიბიოტიკების გამოყენებას?
- ანტიბიოტიკების გამოყენებას შეიძლება მოჰყვეს ალერგია, სოკოვანი დაავადებები, ღვიძლის, თირკმლის დაზიანება. ყველა ანტიბიოტიკი არის გარკვეულწილად იმუნოდეპრესანტი და აქვეითებს იმუნიტეტს. მისი გამოყენების შედეგად ვითარდება დისბიოზი. ჩვენ, მოზრდილ ადამიანებს ორგანიზმში 2-3 კგ „მეგობარი“ ბაქტერია გვყავს. ანტიბიოტიკი არა მარტო „ცუდ“ ბაქტერიებს, არამედ ჩვენ „მეგობარ“ ბაქტერიებსაც კლავს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, რთული პრობლემაა რეზისტენტობის განვითარება ანტიბიოტიკების მიმართ. ბევრი უცხოელი მკვლევარი აღნიშნავს, რომ მსოფლიოს მრავალი წამლის მიმართ რეზისტენტული ინფექციური აგენტებით გამოწვეული დაავადებების პანდემია ემუქრება და ეს საგანგაშო პერსპექტივაა.
დაუშვებელია ანტიბიოტიკებით თვითმკურნალობა. ხშირად ავადმყოფი თუ თავს უკეთესად იგრძნობს, თავად შეწყვეტს ხოლმე ექიმის მიერ დანიშნულ მკურნალობას. ეს დაუშვებელია. პაციენტმა უნდა იმკურნალოს იმდენ ხნას, რამდენ ხანსაც ექიმი ეტყვის. მცირე დოზის გამოყენება და ანტიბიოტიკის ხანმოკლე დროით მიღება არის “საუკეთესო გზა“ ანტიბიოტიკორეზისტენტობის განვითარებისა. ზოგჯერ მშობლები ამბობენ, ჩემს შვილს ეს ანტიბიოტიკი შველისო და ასმევენ ერთსა და იმავეს. ერთი და იგივე ანტიბიოტიკის მიღება დასაშვებია მაქსიმუმ 6-8 თვეში ერთხელ. მონათესავე ჯგუფის ანტიბიოტიკებიც კი შეზღუდულად უნდა დაინიშნოს აუცილებლობის შემთხვევაში. 
ანტიბიოტიკორეზისტენტობასთან ბრძოლის ელემენტები შემდეგია:
არ დავნიშნოთ ანტიბიოტიკი, როცა ის საჭირო არ არის. 
თუ დავნიშნეთ, მაშინ მკურნალობა ბოლომდე უნა მივიყვანოთ. 
არ შეიძლება მცირე დოზის გამოყენება.
რაც გინდა კარგი ანტიბიოტიკი იყოს, თუ სიცხის დროს ვნიშნავთ და შედეგს არ გვაძლევს 48-72 საათში, ის შესაცვლელია. 
საბოლოოდ ისევ გავიმეორებდი, ანტიბიოტიკი „სასწაული“ წამალია, მაგრამ მკურნალობა ახლა და მომავალში ეფექტური რომ იყოს, იგი სწორად უნდა ინიშნებოდეს.

პრაქტიკული რჩევები მშობლებს: 
  • კარგად უნდა ვიცოდეთ საკუთარი გენეალოგია, რა დაავადებები იყო გავრცელებული, რითი იღუპებოდნენ წინაპრები, ნათესავები. ეს ყველაფერი საჭიროა იმისთვის, რომ თავის დროზე მოვახდინოთ ამა თუ დაავადების გამომწვევი მიზეზების თავიდან აცილება, პრევენცია და დროული მკურნალობა.
  • მშობლებმა უნდა იცოდნენ სუნთქვის დათვლა. ეს სულაც არ არის ძნელი. როცა ბავშვი წევს ან სძინავს, დაადეთ წამმზომიანი საათი გულმკერდზე და დაითვალეთ, რამდენჯერ აიწევა გულმკერდი 1 წუთის განმავლობაში. 2 თვემდე სუნთქვა ხშირად არარეგულარული არის, მაგრამ 60-ს არ უნდა მიაღწიოს. 2 თვიდან 1 წლამდე ნორმა 50-ზე ნაკლებია. ხოლო 1 წლიდან 5 წლამდე ნორმა არის 40-ზე ნაკლები. თუ ეს ნორმები დარღვეულია, მიმართეთ ექიმს.
  • ქალებში ძალიან ხშირი დაავადებაა ძუძუს კიბო. როგორც პედიატრი და როგორც პატრიოტი ვურჩევ ყველა დედას, გააჩინონ შვილები, მისცენ ბავშვს ძუძუ. ცნობილია, რომ თუ დედამ 3-4 ბავშვი ბუნებრივ კვებაზე გაზარდა სიმსივნის განვითარების რისკი პრაქტიკულად 0-ის ტოლია.


მოამზადა სალომე გორგოშიძემ

წყარო: http://mshoblebi.ge/