EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ვაჟა-ფშაველა »
კატეგორია: პოეზიაავტორი: admin
თარიღი: 2014-11-30 17:00:55
ვაჟა-ფშაველა
ვაჟა-ფშაველა (ნამდვილი სახელი და გვარი ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი) (დ. 27 ივლისი (ძველი სტილით – 14 ივლისი), 1861, სოფ. ჩარგალი, დუშეთის მუნიციპალიტეტი — გ. 8 აგვისტო (ძველი სტილით – 27 ივლისი), 1915, თბილისი) — ქართველი პოეტი.
ვაჟა ფშაველა / ჩემის კაცობის გვირგვინო
ჩემის კაცობის გვირგვინო,
ჩემო სამშობლო მხარეო!
შენგან შობილი ოცნება
გულს შანთად გავიყარეო.
არ მიმეფარო თვალთაგან,
დამიცევ, დამიფარეო.
ბევრს ტანჯვას გამოვლილი ვარ,
ბევრი დღე ვნახე მწარეო.
არ დაიმალვის, როგორც მზე,
რაც მე ცრემლები ვღვარეო.
ის მოიგონე, მაინცა,
ბეჩავო არე-მარეო!
ჩემს ცრემლს უბეში ინახავ,
ვიცი, სამშობლოს მთვარეო;
არ მიღალატო, ოცნებავ,
მნახოდი მალე-მალეო.
კი არ შემომწყრე, მიმუხთლო,
იარო გარე-გარეო.
თუ ამას იზამ, წინა დღით
საფლავი გამითხარეო.
მოვკვდე, კაცთ ხელი მერიდოს.
ოცნებავ, დაგიბარეო:
შენ მნახე, შენა, მარტო შენ,
გულს მიწა მომაყარეო.
ვაჟა-ფშაველა / რა-გინდა ბედმა მიმტყუვნოს
რა-გინდა ბედმა მიმტყუვნოს,
რა-გინდ ვარამმა მკბინოსა,
კიდევ შავმღერნებ ერთხელა,
რომ გულმა მაილხინოსა,
მურის მაგივრად არა სჯობს,
პირს ვარდი მაიფინოსა?!
რა კაცი ჰქვიან იმასა,
ვინც ჯავრის ხდება ვირადა!
ადე, შაჰხედე ქვეყანას,
გორიდამ გორის პირადა!
წეღან რო ჩალად არ გიჩნდა,
დაგიფასდება ძვირადა;
რაც უნდა უძლური იყო,
თავს სცნობ უსწორო გმირადა...
არავის არ დაედები
ტყლაპად და ქალმნის ძირადა,
მოზღვავებული ნაღველი
მოგეჩვენება ლხინადა.
1890 წ.
სიმღერა
(ვუძღვნი ახალგაზრდა მგოსნებს)
არცრა ტანთ მცვია, არც ფეხთა,
დავდივარ დედიშობილა,
მეც იმათ ჯოგიდამა ვარ,
ვინც სიღარიბით ცნობილა.
ამ წუთისოფლის თორნეში
ბევრი სხვა გამოცხობილა.
ჩემს გარდა ასეთ ყოფაში
მრავალი სხვაცა ყოფილა.
ყველას სამარე მიგველის,
ვინც დედის მუცლით შობილა.
საგმობიც ვიყო, ქედს არ ვხრი,
თავი მდიდარი მგონია,
ისეთი, თქვენმა ძმობამა,
ჯერ არვის გაუგონია.
მთლად მე მეკუთვნის ქვეყანა:
მთაში _ მთა, ბარად _ ბარია,
ზღვა და ხმელეთი ერთიან,
ცას _ ვარსკვლავების ჯარია,
დილით მზე მანათობელი,
ღამის გუშაგი მთვარია,
მდიდართ სიმდიდრით ღიღინი,
ბეჩავთ ქვითინი მწარია,
ავდარი, ჟინჟლი, ცის ქცევა,
ცა მოწმენდილი, დარია;
დილით გაფურჩნა ვარდისა,
მთელი იმისი გვარია;
ია, უღრან ტყეს მოსული,
თალხკაბა, ენამტკბარია,
კლდის თავს გაშლილი პირიმზე, _
მთის სასახელო ქალია;
მარგალიტივით მდელოზედ
ბრჭყვიალა დილის ცვარია.
ზამთრის ზვავების ქუხილი,
გაზაფხულს წვიმის ღვარია,
იქ ჯოჯოხეთი, სამოთხის
თუ დამიკეტეს კარია.
ხარს ვგევარ ნაიალაღარს,
რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ,
ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე! _
მძინარიც იმას ვდუდუნებ;
საწყალთ საწყლობა რო მესმის,
იმათ ვარამზე ვწუწუნებ;
არცროს უსაქმო არა ვარ,
მუდამ ვკოწიწობ, ვჩუჩუნებ.
ცოტა მაქვს, ცოტას ვჯერდები,
ბეჩავთაც გავუზიარებ.
სიკეთისათვის სიკეთეს
არავის დავუგვიანებ.
ავის თქმით, ავის ქცევითა
გულს არვის დავუზიანებ.
ხარს ვგევარ ნაიალაღარს,
რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ;
ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე! _
მძინარიც იმას ვდუდუნებ;
საწყალთ საწყლობა რო მესმის,
იმად მაგივრად ვწუწუნებ;
ხანდახან ჟინი ამიღებს,
სიმღერას დავაგუგუნებ.
ვაჟა ფშაველა / ქეიფი
დამისხი, დამალევინე,
ე ღვინო ოხერ-ტიალი,
ეგება წაღმა ვიფიქრო
სოფლის უკუღმა ტრიალი!
ეგება გულის ვარამი
ჩავკლა მა ჯიხვის რქაშია,
თვალთწინ დამიდგეს ლამაზი,
ჟრჟოლა მამკიდოს ტანშია,
დეზი ვკრა ჩემსა ლურჯასა,
გადავერიო ზღვაშია.
თქვენთან ძაღლურად სიცოცხლეს,
სიკვდილი მიჯობს ცდაშია.
ვერ მააწონებთ კარგს ყმასა,
რაც არ უჯდება ჭკვაშია!
ვაჟა ფშაველა / მუდარა
მზეო, მისდიხარ-მოსდიხარ,
ცით მიწის მანათობელი,
რით არ მოგწყინდა სინათლე,
სიბნელის დამამხობელი?
ერთხელ მკვდართადაც ამოდი,
ცივთა სამარეთ ცაზედა;
მადლია, ადამის ძეთა
ნათლად დაადგე თავზედა.
მკვდარს მინდა შენი სინათლე,
ცოცხალს სიცოცხლე მკმარია,
ტრფობით ავსილის გულისთვის
ცა ღრუბლიანიც დარია.
თავისი მზე მყავს ცოცხალსა,
თუ არ გჯობს, არა მდარია...
მაშინ მინათე, ტიალო,
როცა ვიქნები მკვდარია;
გულს გრძნობა აღარ შაეძლოს,
თან ტკბილი, თანაც მწარია,
უაზროდ, უსიყვარულოდ
ჰლპებოდეს, როგორც ჩვარია.
მაშინ გამათბე, ტიალო,
მადინე ცრემლის ღვარია
და მაგრძნობინე თუნდ ერთ წამს,
სიყვარულისა ძალია.
თუ მზე ხარ, მაშინ მიმზევე,
მიშველე, შემიბრალია!
ვაჟა ფშაველა / ობოლი
"აღარც დედა მყავს, არც მამა,
აღარც ძმა, აღარც ბიძები,
სულ დამელია თვის-ტომი,
ტყის ნადირივით ვიზრდები.
ტან-ფეხ-შიშველი დავდივარ,
ნამტირალევი, მშიერი,
მუხთალი რამა ყოფილა
წუთისოფელი ცბიერი!”
ამას ფიქრობდა ობოლი,
მიდ-მოდიოდა ველზედა;
აშტერდებოდა ყვავილებს
მტირალი თავის ბედზედა.
მოფრინდა ჭრელი პეპელა,
ობოლს დააჯდა ხელზედა.
მოუყვა: "დაო პატარავ,
ვიზედა სტირი? რადაო?
მეც ობოლი ვარ, გენაცვა,
თუმცა მშობლები მყავდაო;
აღარავინ მყავს მოწყალე,
გამიქრა, დამეკარგაო.
მაგრამ არ ვსტირი, ვნავარდობ;
ტირილი რაში ვარგაო?
მზეს ვუჭვრეტ, ვსუნავ ყვავილებს:
იას, ყაყაჩოს, ვარდსაო!
ბულბულის სტვენას ყურს ვუგდებ,
მითი ვიქარვებ დარდსაო.
ობლებს ტირილი რას გვიშველს,
რას შევეყრებით კარგსაო?
მოდი, პეპელად იქეცი,
ვიფრინოთ მთა და ბარსაო!”
იმ დროსვე გამოცუნცულდა
ჯაგიდან კურდღლის ბაჭია:
- "რამ შეგაშინა, დობილო,
სახე რად დაგიპრანჭია?
სამ დღეს მივლიდა მშობელი,
მას შემდეგ სადღაც გამიქრა.
ბნელაში დავრჩი, ვტიროდი,
რაკი სანთელი ჩამიქრა.
მაგრამ არ მოვკვდი, ხომ მხედავ?”
ბაჭიამ კისერს ასწია,
აწკაპუნებდა ყურებსა,
თან ტიკტიკობდა პაწია:
- "უდედოდ გამოვიზარდე,
მოვლა ვისწავლე თავისა,
ბალახის ძოვა, წყალის სმა,
მტერზედ დაჭყეტა თვალისა.
მეც ობოლი ვარ თქვენსავით,
მშობელი აღარ მყავისა!
ვენაცვალები მინდვრებსა,
უყურეთ, როგორ ჰყვავისა!
ნაირ-ნაირი ბალახი,
ნაირ-ნაირი ხმებია.
შევერთდეთ, დავუკავშირდეთ
ერთმანეთს, როგორც დებია.
შენც იქ დაგაწვენ, დობილო,
ბექობში, საცა ვწვებია.
არ გირჩევნია ჩემთანა,
რომ მუდამ მარტო ჰრჩებია?
გიშოვი საზრდოს უხვადა,
რითაც მე ვიკვებებია.
რა გინდა, აბა, სოფელში,
დახვალ, ტირილით ჰკვდებია?!”
ობოლი მისდევს ბაჭიას,
წინ მიუძღვება ყურ-ცქვიტა.
ვნახოთ, სოროდან თაგუნამ
თვალები გამოაჭყიტა.
- "მეც თქვენი ძმა ვარ, მიმიღეთ, -
მისწრუწუნებდა მგზავრებსა, -
მეც ობოლი ვარ, თქვენს მეტი
არავინ დამიზავებსა!”
მოფრინდა ბერი ქედანი,
ობოლს დააჯდა მხარზედა,
ჩასჩურჩულებდა ყურშია
რაღაცას ტრედის ხმაზედა.
ტოროლა თითქოს ჰლოცავდა,
დასტრიალებდა თავზედა;
კაჭკაჭიც გარსა უვლიდა,
თალხები ეცვა ტანზედა:
- "ვუშველოთ რამე ობოლსა!”
ჭრიალებს, შველა სწადიან.
"ვუშველოთ!” ყველა იძახის,
რაც მწერნი ადი-დადიან,
თუ ფრინველები მინდვრისა...
ვინ იცის, რასა სჩადიან!
საგრძნობი იგრძნო ყველამა,
"ვუშველოთ!” გაიძახიან.
ბალახიც მინდორ-ველისა,
მწერნი და რანიც ჰყვავიან,
იქვე პატარა ნაკადიც
აშფოთებულა ძალიან.
- "შენი ვარ, თავს შემოგევლე,
სხვებისთვის არა მცალიან!” -
ანუგეშებდა ობოლსა,
მირაკრაკებდა ველადა.
მთელი ბუნება ხელებს ჰშლის
ჩაგრულის დასაცველადა.
საითღაც მოულოდნელად
ირემიც გაჩნდა ხელადა,
ირემი რქა-ბუდიანი,
პირმშოი შვილი მთებისა,
ლაღის ნიავის მსუნთქველი
და მოტრფიალე შვებისა.
უყურეთ ყელ-ყურ ლამაზსა,
უყურეთ რასა შვრებისა!
- "დამაცათ, მე გავუწიო
მაგიერობა დედისა!”
სთქვა. ობოლს ტახტად მიუძღვნა
ბორჯღი ტოტები რქებისა
და გაიტაცა მთისაკენ
მოძულებული ძმებისა.
ვაჟა ფშაველა / ჩემი ვედრება
ღმერთო მიიღე ვედრება,
ეს ჩემი სათხოვარია:
არ დამეკარგოს გულიდამ
მე შენი სახსოვარია!
გულს ნუ გამიტეხ ტანჯვაში,
მამყოფე შეუდრკელადა;
ვფხიზლობდე, მუდამ მზად ვიყო
დაჩაგურლების მცველადა,
ბალახი ვიყო სათიბი,
არა მწადიან ცელობა;
ცხვრადვე მამყოფე ისევა,
ოღონდ ამშორდეს მგელობა;
არ წამიხდინო, მეუფევ,
ეს ჩემი წმინდა ხელობა!
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი,
შვილთ საგმოდ არ გამიხადო
ჩემი მუდმივი სამყოფი.
გულს ნუ გამიქრობ ლამპარსა,
მნათობს ტრფობისა შეშითა,
ნუ მავლევ ქვეყანაზედა
გაცივებულის ლეშითა,
თვალებში მადლდაკარგულსა,
შუბლზე გაკრულის მეშითა.
ნუ დაუკარგავ ჩემს სატრფოს
მადლს, გულზე ცეცხლის მდებელსა,
ნუ დაუძვირებ ოცნებას,
შენს ხმას, სხივგამომღებელსა, -
სიცოცხლედ უღირს ბეჩავსა,
ეძახის თავის მხლებელსა.
გულს დარდი გამიდიადე
იმ სანეტარო საგანზე,
დაწერე ფიქრი, ღრმა, მწვავე
ჩემის გონების საბანზე!..
გონებას ფიქრი სტანჯავდეს,
გულს ცეცხლი სწვავდეს ძლიერი,
მშიოდ-მწყუროდეს კეთილი,
ვერ გავძღე, მოვკვდე მშიერი...
ნუ დამასვენებ ნურასდროს,
მამყოფე შეძრწუნებული,
მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ,
როცა ვარ შეწუხებული.
როცა გულს ცეცხლი მედება,
გონება მსჯელობს საღადა,
მაშინ ვარ თავისუფალი,
თავს მაშინა ვგრძნობ ლაღადა.
მფარავდეს შენი მარჯვენა,
კალთა სამოსლის შენისა,
სანამ არ მოვა დრო-ჟამი
სულ ბოლოს ამოქშენისა.
სული - შენ, ლეში - მიწასა,
აღარა ვგლოვობ ამასა;
თევზი - წყალს, ცასა - ვარკვლავი,
შვილი - დედას და მამასა.