EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ნაშთი ძველი დიდებისა »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: Lela5

თარიღი: 2014-12-10 02:22:29

ნაშთი ძველი დიდებისა

mitologia

 

ქობულეთი  საისტორიო   წყაროებში  იხსენიება   მე-17  საუკუნიდან.  გაცილებით უფრო  ადრე  ბერძენ  ისტორიკოსებს   ამ  მიდამოებში   მოხსენებული   აქვთ   ქალაქი   პეტრა.  შესაძლოა,  ეს  ქალაქი  სწორედ  ქობულეთი  იყოს.  ბერძნულად პეტრა  ნიშნავს   კლდეს. ხოლო  ქართული  სიტყვა  ქვაბი,  საბას  განმარტებით,  არის  ,,კლდე  გამოკვაფული’’,  ე.ი.  კლდეში  გამოკვეთილი  გამოქვაბული.

  ქობულ-ეთ-ში   ეთ   გამოიყოფა,  როგორც   გეოგრაფიულ სახელთა   საწარმოებელი  სუფიქსი.  გვრჩება   ქობულ,   ანუ  იგივე  ქვაბულ.   შეიძლება  სხვაგვარი  ვარაუდიც:   ქობულეთი  მიღებული  იყოს   არა  ქვაბისა  და  ქვაბულისგან,  არამედ   ადამიანის  საკუთარი     სახელისგან   ---  ქობული ,   რომელიც  გვხვდება  ძველ  ქართულში  (მაგალითად:  ქობული  საკუთარი  სახელი  გვხვდება   მე-6   საუკუნის   მცხეთის   ჯვრის  წარწერაში).

  ქობულეთის  ჩრდილო-აღმოსავლეთით  ფიჭვნარი  მდებარეობს.  აქ  არქეოლოგიური  გათხრები   წარმოებს  და ძველი  ქალაქის   ნაშთები  გვხვდება.  მეცნიერები ფიქრობენ,   რომ  ეს  უნდა  იყოს  ბერძნულ  წყაროებში  მოხსენიებული   პითია  (  პითი  ძვ.  ბერძნულად  ,,ფიჭვს’’   ნიშნავს).   ქობულეთის   აჭარელთა   ყოფა-ცხოვრების,  სამეურნეო  ყოფის, ნივთიერი  და  სულიერი   კულტურის  მდიდარი   ტრადიციები  აქვს,  რომლებიც  სათავეს  ელინიზმიდან  იღებს.

 

zegli

 

    ნაქალაქარზე   ამოზიდული   ქალაქი

  ქობულეთის  ,,ქვეყანა“  თავის  გეოგრაფიულ  საზღვრებში  უკვე   ადრენეოლითიდან  ისეთი  ,,თვითკმარი  მხარე  იყო,  რომელიც  აქტიურად   მწარმოებელი  მეურნეობის   ადრეული  ეტაპის  ფორმირებაში.   აქვე  ჩაეყარა   საფუძველი   ადრესამიწათმოქმედო  მეურნეობასა  და  მეცხოველეობას,  ე.ი.  ქვის  ინდუსტრიას  და  ა.შ.

   ადრებრინჯაოს  ხანაში  ქობულეთის  ,,ქვეყანაში“  ფუნქციონირებდა  კოლხური  სამყაროს  ერთ-ერთი  ლითონდამმუშავებელი   კერა,  რომელიც   თავისი  ტექნიკური  აღჭურვილობით  არაფრით  ჩამოუვარდებოდა  ახლო  აღმოსავლეთის  დაწინაურებულ  რეგიონებს.

 გვიანბრინჯაოს-ადრერკინის  ხანაში  ქობულეთის  ,,ქვეყანა“  წინამორბედ  პერიოდში   შექმნილ  ტრადიციებს   და  საგრძნობლად  ავითარებდა   მას.  გრძელდებოდა  ლითონდამუშავება,  იქმნებოდა   რკინის   მოპოვების  ერთ-ერთი  ძირითადი  კერა.  გაჩნდა მოხვნითი  მიწათმოქმედება,  სამთო  მოპოვებითი  წარმოება.

  ,,აღმოსავლეთი   და   სამხრეთ აღმოსავლეთი  შავიზღვისპირეთი  წარმოადგენდა  რკინის წარმოების  ერთ-ერთ  პირველ კერას ძველ  მსოფლიოში.  ეს  იყო  ქართველ   ტომთა  კოლხური  ჯგუფის  განსახლების  რეგიონი,   სადაც   წარმოიქმნა   კოლხეთის   პირველი  სახელმწიფოებრიობა  და  გაფორმდა   ცნობილი ხალხური  ცივილიზაცია,  რომელიც  არგონავტებზე  არის  ასახული. (დ. ხახუტაიშვილი,  კოლხეთის   რკინის  მეტალურგია  სათავვეებთან,  გვ.   218,  1964 წ).

  გვიანბრინჯაო-ადრერკინის  ხანაში  ქობულეთის  საფეიქრო  საქმის  დაწინაურებაზე  მიგვანიშნებს  მრავალი  კვირისტავი,  რომლებიც   ზღვისპირა  ზოლის  ნამოსახლარებზეა  აღმოჩენილი.  ნართის   სხვადასხვა  სახეობა  გამოიყენებოდა  მრავალგვარი  დანიშნულებით:  ტანსაცმლის,  ტომრების,  თავსაბურავის,  ფეხსაცმლის  ზოგიერთი  სახეობის  დასამზადებლად.   ქობულეთის  ეთნოგრაფიულ  ყოფაში   ტერმინი  ,,ქსოვა’’  დღესაც გამოიყენება.  ტერმინი  ,,წვნის’’   სანაცვლოდ   იხმარება  ,,კალათის   მოქსოვა’’,  ,,გიდელის  მოქსოვა’’,  ,,გოდორის  მოქსოვა’’  და  ა  შ.

  ანტიკური  ხანის  ქობულეთის  რეიტინგი  საფეიქრო  საქმეში  თავისთავად  გვაფიქრებინებს,  რომ  მას  ძირძველი ტრადიეცები  ასაზრდოებდა,  ჰეროდოტე  მოგვითხრობს:  ,,.... მხოლოდ  კოლხები  და  ეგვიპტელები  ამუშავებენ   სელს ერთნაირად....  კოლხურ  სელს  ელინები   სარდონულს  უწოდებენ,   ეგვიპტიდან  შემოსულს   კი  ---  ეგვიპტურს’’  (ჰეროდოტე,  ისტორია,  ტომი ,  გვ.  156,  თბ., 1975 წელი).

  ქობულეთი  კოლხური  სამყაროს  არამარტო   ფიზიკურ-გეოგრაფიული  და  სოციალურ-ეკონომიკური  ნაწილი,  არამედ   სულიერი  თანაცხოვრების  მოზიარე  იყო,  რაც  კარგადაა  ასახული  იმ  ნივთიერ  კულტურაში,  რომელიც  ქობულეთის  არქეოლოგიური  შესწავლის  პროცესში  იქნა  გამოვლენილი,  აგრეთვე,  ეთნოგრაფიულ  და  ფოლკლორულ  მასალაში.

  ქობულეთში,  ისპანის  ტორფქვეშა  ნამოსახლარზე  აღმოჩენილი ნივთიერი  წყაროები  წარმოადგენს უაღრესად  ძვირფას  წყაროს,   რომელსაც  შეუძლია  გადაჭრას ქართველი  ხალხის  ეთნოგრაფიის  რიგი  არსებითი  საკითხისა,  მაგალითად:  ისპანის  ტორფქვეშა  ნამოსახლარზე,   ქვედა ჰორიზონტში  მოპოვებული  იქნა  ადამინის მცირე  ზომის  ქანდაკება,  რომელიც   თიხისგანაა  დამზადებული.  ვარაუდობენ,  რომ  იგი  ნაყოფიერების    ღვთაების  გამოსახულებაა.  აქ  დადასტურებულია,  აგრეთვე,   ხარის  კულტის  არსებობა,  რომელიც  დიდი  რაოდენობით  გვხვდება   ფიჭვნარის,  ბობოყვათის  ნამოსახლარებზე.  აღმოჩენილია  საკურთხევლები,   რომელთა მშენებლობაშიც ხარის  რქების   ფორმის  თიხის  სადგრებია  გამოყენებული.  მოგვიანებით  უნდა გაჩენილიყო  ,,ხარი-მხვნელის’’   კულტი,  კერძოდ  იმ  დროს,   როცა  გაჩნდა  მოხვნითი  მოწათმოქმედება.  კოლხური  სინამდვილე  არის  ასახული თქმულებაში არგონავტების   ლაშქრობაზე.  აი,  რას   ეუბნება  მეფე  აიეტი  იაზონს:  ,,  არესის  ველზე  გაშვებული   მყავს   ორო   სპილენძის   ჩლიქიანი  ხარი,  რომლებიც  ცეცხლს  აფრქვევენ .  მე  მათ   უღელში   ვაბამ  და  არესის  ოთხი  დღიური  ხოდაბუნებისაკენ   მივრეკავ’’  (ა. როდისელი,  არგონავტიკა,  თბ.,   1970  წელი).

zegli  საქართველოს   ეთნოგრაფიულ   სინამდვილეში  და   მათ   შორის  ქობულეთშიც  ფართოდ  იყო  გავრცელებული  გველის  კულტი.  განსაკუთრებით  ,,ოჯახის  მფარველი  გველის’’,   რომლის  მოკვლა   დღესაც  ითვლება    ცოდვად.  ,, ქობულეთში   და  საერთოდ  აჭარაში,   ყოველ  სახლს  გააჩნია  ბინის  პატრონი,  გველის  სახით.  ის  ადამიანს  არ  ვნებს,  იშვიათად  გამოჩნდება.  თუ  მას   ვინმე  მოკლავს,  მისი   ცხოვრების   საქმე წინ  არა  წავა,  ადამიანს   ზიანი   მიეცემა,  ოჯახის  უფროსი  შეიძლება  თან  წაიყოლიოს.  ოჯახის  გველს  ხშირად  რძეს  დაუდგამდნენ   ჯამით.  ეს  ისტორიები  გველის  კულტის  შესახებ წინაპრებისგან  სმენიათ   თანამედროვე  აჭარლებს’’.

 ..გველის  კულტის  არსებობას  ადასტურებს  ისპანის ტორფქვეშა  ნამოსახლარები.  გველის  სქემატური   გამოსახულება  აბაზანის   ტიგელზეა  დატანილი.   აგრეთვე,  თიხის  სადგრებზე,  ბრინჯაოს  პინცეტებზე,  ბრინჯაოს  ბალთებზე,  სარიტუალო  საკიდებზე  განსაკუთრებით  მრავლადაა  გველის  გამოსახულებები   ბრინჯაოს  კოლხურ  ცულებზე’’ (დ.  ხახუტაიშვილი,  ქობულეთის  ქვეყანა,  გვ. 97,  ბათუმი,  1995  წ). 

  ,,ქობულეთის  ,,ქვეყანაში“ გველის  კულტის  არსებობის  მაუწყებელია   გამოსახულებები  საბერველების  საქშენ  შტვირებზე,  აგრეთვე,  რიტუალურ   თიხის    ფილებზე  ბობოყვათის   ქვიშაზვინურებიდან.  ,,აქვე  შეიძლება  გავიხსენოთ   თქმულება  არგონავტებზე,  სადაც  წმინდა  მუხაზე  შემოკიდულ   ოქროს   საწმისს  გველეშაპი  დარაჯობდა,  ქობულეთის  მახლობლად   იგულისხმება’’ (გ.  თავამაიშვილი,  არქეოლოგიური  გათხრები,  ბობოყვათის   ქვიშაზვინურებზე.  გვ.  39, თბ.,  1991  წელი). გველის  კულტის  არსებობა  ქობულეთმა  დღესაც  შემოინახა.  

 

სტატია მოამზადა ლელა სოსელიამ სპეციალურად  EVPATORI.GE - სთვის