EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« არგონავტები »
კატეგორია: ელ. წიგნებიავტორი: admin
თარიღი: 2014-12-13 19:04:49
არგონავტები
უხსოვარ დროში საქართველოს ტერიტორიაზე არსებობდა კოლხეთის დიდი სამეფო. ეს სამართლიანი, მდიდარი და ბედნიერი ქვეყანა იყო. კოლხები არასოდეს არავის ესხმოდნენ თავს, არ შურდათ სხვა სახელმწიფოთა ძლიერების, არც მათ სიმდიდრეზე ეჭირათ თვალი. ჩვენს წინაპრებს უყვარდათ თავისი სამშობლო და ბედით კმაყოფილნი მშვიდობიანად ცხოვრობდნენ უხვ, ნაყოფიერ, ლამაზ მიწაზე - ზღვაც ჰქონდათ, უდაბნოც, მდორე და ჩქარი მდინარეები, მსხმოიარე ბაღები და უღრანი ტყეები, ფერადი ყვავილებით მოხატული გაშლილი მინდვრები და თვალუწვდენელი მთების მარადთოვლიანი მწვერვალები.
ამ ულამაზეს მთებში უხვად მოიპოვებოდა მადნეული - ოქრო, ვერცხლი, რკინა, ტყვია, თითბერი. ჩვენი წინაპრები ოსტატურად ამუშავებდნენ ლითონს. მათ საუცხოო იარაღი ჰქონდათ, რომელსაც ძალიან აფასებდნენ მთელ მსოფლიოში და ხშირად ამა თუ იმ მეტალს ძველი ქართული ტომების მიერ დარქმეულ სახელს უწოდებდნენ.
რა არ ხარობდა ამ მიწაზე - ხორბალი, ვაზი, კაკალი, ლეღვი, სუმბული, ბზა, ვარდი, ტანწერწეტა ალვა, ზამთარ-ზაფხულ მწვანედ მოლივლივე კედარი, ფესვმაგარი მუხა, რცხილა, ნეკერჩხალი, სურნელოვანი ვაშლი...
კოლხეთში კარგად ერკვეოდნენ მცენარეებში, ათასგვარ ბალახეულს აგროვებდნენ და საოცარ წამლებს ხარშავდნენ. აქ იმდენად კარგად იცნობდნენ ბუნებას, რომ შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ადამიანებს ნადირთა და მცენარეთა ენა ესმოდათ. მიწა, ცა, წყალი ალერსიანად ეხმიანებოდა მათ გულისთქმას და მადლით ავსებდა ჩვენი წინაპრების უშფოთველ ცხოვრებას.
კოლხები მხიარული, კეთილმოსურნე და გულღია ხალხი იყო; სხვას არას ერჩოდნენ, მაგრამ თავისას ადვილად არ თმობდნენ - ოდითგან საუკეთესო მხედრები და მეომრები ფოლადის კედელივით აღიმართებოდნენ სამშობლოს დასაცავად, მშვიდობიან დროს კი ისევ მიწათმოქმედებად გადაიქცეოდნენ - შრომობდნენ, ილხენდნენ მდიდარ ჭირნახულზე, ტკბილად მღეროდნენ და ცეცხლოვან ცეკვებს ცეკვავდნენ.
* * *
კოლხეთში სიბრძნით და სიმამაცით განთქმული აიეტი მეფობდა. აიეტი და მისი და კირკე მზის ღმერთის - ჰელიოსის შვილები იყვნენ.
კირკე ლურჯი ზღვით გარშემორტყმულ შორეულ კუნძულზე ცხოვრობდა, მომაჯადოებლად მღეროდა და ღმერთების უცვეთელი, გაუხუნარი სამოსელისთვის ქსოვილს ქსოვდა. ბერძნები მას ქალღმერთს უწოდებდნენ.
კირკეს უცნაური ძალა ჰქონდა და გძნეულებით, ჯადოქრობით თუ რაღაც სხვა, მოკვდავთათვის იდუმალი უნარის წყალობით ადამიანის პირუტყვად გადაქცევა შეეძლო. ის დათაფლულ, მათრობელა ბანგს ხარშავდა, რომელსაც არასასურველ სტუმრებს ასმევდა, რათა მათ მშობლიური მიწისა და სახლეულთა ხსოვნა წარხოცოდათ; მერე კი ძაღლად, ღორად, კატად, ან სხვა ცხოველად გადააქცევდა და სამუდამოდ თავის კუნძულზე ტოვებდა.
ყველა უფრთხოდა კირკეს რისხვას. ლურჯ კუნძულს, სადაც ის ცხოვრობდა, მოგზაურები შიშით უვლიდნენ გვერდს, მაგრამ თუ ვინმე მისი გულის მოგებას მოახერხებდა, ქალღმერთის უხვი წყალობა სიკვდილამდე არ მოაკლდებოდა. კირკეს კი, რომელიც სხვა ღმერთებივით სიკვდილისა და სიცოცხლის მთავარ საიდუმლოს ფლობდა, უდიდესი დახმარების გაწევა შეეძლო გასაჭირში ჩავარდნილი ადამიანისთვის.
აიეტს, კირკეს და მათ შვილებს მოლიცლიცე შუქი ედგათ თვალებში. მათ არაჩვეულებრივად ლამაზ გამოხედვაში მზის ბრწყინვალება აირეკლებოდა თვალისმომჭრელ ოქროსფერ ნათებად. საუკუნეების მანძილზე ეს მოლიცლიცე შუქი გამოარჩევდა სხვა მოკვდავთაგან მზის ღმერთის - ჰელიოსის შთამომავალთ და მთელ მსოფლიოში ყველასთვის საცნაურს ხდიდა მათ ღვთიურ წარმომავლობას.
* * *
имიმდროინდელ მსოფლიოში არსებობდა ერთი ძლიერი და მდიდარი ქვეყანა - საბერძნეთი. იქაურები აიეტს ოქრომრავალი კოლხეთის მეფეს უწოდებდნენ და მიიჩნევდნენ, რომ ძლევამოსილებით ვერავინ გაუტოლდებოდა მზის ღმერთის შვილს. ბევრ საიდუმლოს ინახავდა კოლხეთი... და აიეტი ღირსეულად იცავდა მას მომხდურთა თავდასხმებისგან.
გადმოცემის თანახმად, კოლხებს ჰქონდათ მათი წინაპრების მიერ დატოვებული კირბები, - პატარა ოქროს ფირფიტები - რომლებზეც ქვეყნიერების ყველა ზღვისა და ხმელეთის საზღვრები იყო აღნიშნული. ბევრი ოცნებობდა ამ რუკების ხელში ჩაგდებაზე, მაგრამ აიეტის შიშით ახლოსაც ვერავინ ეკარებოდა კოლხეთის მიწას.
ყოველ დილით აიეტი არესის ველზე გადიოდა, გამოქვაბულიდან სპილენძისფეხებიანი ცეცხლისმფრქვეველი ხარები გამოჰყავდა, ადგამდა მათ ბრინჯაოს უღელს და მიწას ხნავდა; მაგრამ ხორბლის ნაცვლად ურჩხულის კბილებს თესავდა, საიდანაც უმალ ბრინჯაოსჯავშნიანი მეომრები ამოიზრდებოდნენ, მერე კი ხმალს იშიშვლებდა და მუსრს ავლებდა ამ შემზარავ ლაშქარს. ასეთ დროს ვერავინ ბედავდა არესის ჭალასთთან მიახლოებას, ისეთი ზათქი და გრგვინვა-გრიალი იდგა გარშემო.
ნაომარი მეფე სასახლეში ბრუნდებოდა და სანამ სახელმწიფო საქმეებში ჩაღრმავების ჟამი დადგებოდა, თავის მშვენიერ ბაღში ისვენებდა.
არაჩვეულებრივი სანახავი იყო მეფე აიეტის სასახლე - ნათელი, მკვიდრი, ფართოდ გაშლილი. ყველას აკვირვებდა მისი ცადაზიდული სვეტები და დარბაზების ნატიფი მოხატულობა.სასახლის მშვენიერ ბაღში ოთხი წყარო გადმოჩუხჩუხებდა. ერთიდან რძე მოედინებოდა, მეორედან - ღვინო, მესამედან - სურნელოვანი ზეთი, ხოლო მეოთხედან - ცივი, ანკარა წყალი, რომელიც მწუხრის ჟამს თავისით თბებოდა.
ერთხელ აიეტმა უცნაური სიზმარი ნახა: მისი ქვეყანა გასაოცარი ნათელით გაბრწყინებულიყო. თავად მაღალი მთის წვერზე იდგა და ხედავდა, როგორ თვალისმომჭრელად ლივლივებდა ოქროსფერ სხივებში ჩაძირული კოლხეთის ველები.
გამოღვიძებულს ვერაფრით აეხსნა ეს სიზმარი, თუმც კი ხვდებოდა, რომ ავის მომასწავებელი არ უნდა ყოფილიყო. მისმა ქალიშვილმა, მედეამ - მისნობასა და ჯადოქრობაში ყველა მოკვდავზე უკეთ განსწავლულმა, ზმანება ასე ახსნა: კოლხეთში სულ მალე უდიდესი სასწაული უნდა მომხდარიყო, რომელიც მთელ ქვეყნიერებას აალაპარაკებდა.
* * *
საბერძნეთში იმხანად არსებობდა ბეოტიის სამეფო. ბეოტიის ქალაქ ორქომენოსს მართავდა მეფე ათამასი - ქართა ღმერთის, ეოლოსის ძე. ეოლოსს ძლიერ უყვარდა ათამასი და ყველა ძალას ხმარობდა, რომ მისი შვილი ბედნიერი ყოფილიყო, არც ბეოტიელებს აკლებდა მზრუნველობას. ქართა ღმერთის წყალობით, ბეოტია მთელ საბერძნეთში გამოირჩეოდა სიმდიდრითა და კეთილდღეობით.
ერთხელ სრულიად ახალგაზრდა ათამასს ეოლოსმა საკუთარი ფრთებით ჩამოუყვანა ოქროსფერდალალებიანი ჩუმი და ნაზი ასული - ცხოველმყოფელი ღრუბლების ქალღმერთი ნეფელე. ათამასს შეუყვარდა მშვენიერი ნეფელე და ცოლად შეირთო. ბედნიერად ცხოვრობდნენ ნეფელე და ათამასი, მალე შვილებიც ეყოლათ, - ჰელე და ფრიქსოსი - ოქროსფერთმიანი გოგო-ბიჭი.
შვილიშვილები ეოლოსს შვილზე მეტად შეუყვარდა, სიამოვნებდა მათთან თამაში, საუბარი. ღამღამობით ქარის ღმერთი ფრთხილად შეფრინდებოდა ხოლმე სასახლეში, მიეალერსებოდა ძილში კეთილად მოღიმარ ბავშვებს და მძინარე ათამასს ნაზად ჩასჩურჩულებდა ყურში: - მუდამ გიყვარდეს ნეფელე, გაუფრთხილდი მას, რადგან მის ხელთაა შენი ქვეყნის ბედნიერება.
ათამასიც უჯერებდა მამას, ალერსიან მზრუნველობას არ აკლებდა ოჯახს და ყოველ დილით ღმერთებს მადლობას სწირავდა იმ უშფოთველი კეთილყოფისთვის, რომელიც მის ქვეყანაში სუფევდა.
* * *
ერთხელ ათამასი ბეოტიის მთავარი ქალაქის, შვიდ-კარიბჭიანი თებეს მეფე კადმოსს ეწვია. დიდი პატივით მიიღო კადმოსმა ეოლოსის ძე, ზღაპრული ნადიმი გაუმართა. სუფრას არც ცვრიანი მწვადი აკლდა, არც სურნელოვანი ღვინო, არც დათაფლული ხილი.
მეფეთა გვერდით, სუფრას მზეთუნახავი ქალებიც უსხდნენ, მაგრამ მათ შორის მარგალიტივით ბრწყინავდა კადმოსის ასული - მშვენიერმკლავება ინო.
ინო მოურიდებლად უყურებდა ათამასს თვალებში და ხმამაღლა იცინოდა. ეოლოსის ძეს ეუცხოვა ამგვარი საქციელი, რადგან ცოლისგან არ იყო ჩვეული სითამამეს. ნაზი ნეფელე, თავისი დების - წვიმის ღრუბლების დარად, მუდამ ნაღვლიანი და მდუმარე იყო; ხშირად ტიროდა კიდეც რაღაცაზე გულაჩვილებული. ინო კი - მხიარული, ლაღი, თავისუფალი - კისკისებდა და კისკისებდა...
ათამასს თავდავიწყებით შეუყვარდა ინო, სადაც უნდა ყოფილიყო, ყურებში მისი სიცილი ჩაესმოდა; მუდამ თან სდევდა ინოს ხატება და თუმცა მამის წყენინება არ უნდოდა, ხვდებოდა, რომ ვერ მოისვენებდა, სანამ კადმოსის ასულს ცოლად არ შეირთავდა. ათამასი აღარ ზრუნავდა ოჯახზე, ერთთავად მოქუფრული იყო; დღეები ისე გადიოდა, ბავშვებს არც კი მიეალერსებოდა. ბოლოს დაელია მოთმინება და კადმოსს ინოს ხელი სთხოვა.
ინოს არ უყვარდა ათამასი. საერთოდ, არავინ უყვარდა, მაგრამ დათანხმდა ამ ქორწინებაზე, რადგან ათამასის ცოლობა დედოფლის გვირგვინს მოუტანდა. ეოლოსის ძემ სასახლიდან გააგდო ჩუმი, სევდიანი ნეფელე და ინოსთან შეუღლდა.
* * *
სასტიკად შეიძულა დედინაცვალმა პატარა გერები. ფრიქსოსი და ჰელე უჩუმრად დააბიჯებდნენ სასახლის პირქუშ პალატებში, ინო რომ არ შეეწუხებინათ; უფრო ხშირად გარეთ, ბაღში თამაშობდნენ ხოლმე. ეოლოსი ჩუმად მოდიოდა მათთან და ანუგეშებდა, ათამასს კი აღარ ენახვებოდა - ნაწყენი იყო, უსულგულო ინო რომ არჩია მშვიდ, სათნო ნეფელეს.
შვილებს დანატრებული ნეფელე ღრუბელი ქვეყნად წვიმას აღარ აგზავნიდა და ბეოტიაში საშინელი გვალვები დაიწყო. ყანები გადახმა, მოსავალს ვეღარ იღებდნენ. თავგზააბნეულმა მეფემ რჩევისთვის ქალაქ დელფოში გაგზავნა ხალხი. პითიამ - დელფოს აპოლონის ტაძრის ქურუმმა ქალმა - მეფეს პასუხად შემოუთვალა :
- ათამასმა პატიება უნდა სთხოვოს ნეფელეს და უყოყმანოდ აღასრულოს ქალღმერთის ყველა სურვილი!
მაგრამ შინ მობრუნებულ ელჩებს გზად მდაბიურად გადაცმული ინო დაუხვდა, ვახშმად მიიპატიჟა, საუცხოო ღვინო ასვა, მერე მოისყიდა და... მისი სურვილის თანახმად, სულ სხვა პასუხი მიუტანეს მეფეს:
- დიდო მეფეო, თუ ქვეყნის გადარჩენა გსურს, ღმერთებს მსხვერპლად უნდა შესწირო შენი ძე ფრიქსოსი. მას წმინდა მთაზე უნდა გამოსჭრა ყელი, რომ სისხლი ბეოტიის მიწას დაეპკუროს. მაშინ ღრუბლები შეგინდობენ და მიწაც უხვ მოსავალს მოგცემს.
სასოწარკვეთილი მეფე გამოსავალს ეძებდა, მაგრამ რომ ვეღარაფერი იღონა, იძულებული გახდა, გაეწირა საყვარელი პირმშო.
* * *
მეორე დღეს ორქომენოსის მოქალაქეები წმინდა მთაზე შეიკრიბნენ. ის იყო აცახცახებული ფრიქსოსისთვის ყელი უნდა გამოეჭრათ, რომ ჰელე ყვირილით მივარდა ქურუმს და ხელი დაუჭირა. ცა დამაბრმავებლად გაბრწყინდა. გაისმა ჩუმი, მელოდიური მუსიკა და თეთრი, ფაფუკი ღრუბელი დაეშვა მთაზე. ერთი წამით ირგვლივ ყველაფერი ნისლით შეიბურა, მერე ღრუბელი გაქრა და სამსხვერპლოზე, ფრიქსოსის და ჰელეს გვერდით, ოქროს ვერძი გაჩნდა. მას თვალისმომჭრელად უბრწყინავდა გრძელი, ნაზი საწმისი. ზეციდან კი ნეფელეს ალერსიანი ხმა გაისმა:
- ჩემო შვილებო, ფრიქსოს და ჰელე, ნუ აყოვნებთ, ახლავე შესხედით ვერძზე და მე დაგიხსნით!
ფრიქსოსი და ჰელე სასწრაფოდ მოკალათდნენ ვერძის ზურგზე და ისიც იმავე წამს ცაში აფრინდა. რძისფერი ღრუბლებით გარშემორტყმული ვერძი წინ მიიწევდა... და უცებ ბავშვებმა ზღვა დაინახეს. ამ სანახაობით აღფრთოვანებული ფრიქსოსი შეშინებული ჰელეს გართობას ცდილობდა, მაგრამ ვერას გახდა. მოულოდნელად ჰელემ ხელები გაშალა, გადმოსრიალდა ვერძის ზურგიდან და აბობოქრებულ ზღვაში გადაეშვა. ფრიქსოსი ატირდა, განიცდიდა, დას რომ ვერაფერი უშველა, მაგრამ უეცრად ვერძმა ენა ამოიდგა, ადამიანივით დაიწყო ლაპარაკი - ამშვიდებდა ბიჭუნას, ათასგვარ საინტერესო ამბავს მოუთხრობდა, რომ მისი ბავშვური სევდა განექარვებინა.
იმ ზღვას, სადაც ჰელე დაიღუპა, ხალხმა ჰელეს ზღვა ანუ ჰელესპონტი უწოდა.
კიდევ დიდხანს იფრინა ოქროს ვერძმა, გადაევლო ევქსინის პონტოს და მდინარე ფასისის პირას, კოლხეთში მიიყვანა მარტოდ დარჩენილი, დაღონებული ფრიქსოსი.
აქ, მაღალ მთებში, კავკასიონის ქედზე პრომეთე იყო მიჯაჭვული, რომელსაც არწივი ღვიძლს უკორტნიდა. ციურმა მგზავრებმა მისი გმინვაც კი გაიგონეს, როცა შავ ზღვას მოუახლოვდნენ. ვერძმა გმირის სევდიანი ისტორია უამბო ფრიქსოსს - პრომეთეს ღმერთები იმისთვის სჯიდნენ, რომ ადამიანებს ცეცხლი მოუტანა და მისი გამოყენება ასწავლა. ფრიქსოსს ძლიერ შეებრალა პრომეთე და მთელი გზა ამ უსამართლოდ დასჯილი გმირის ბედზე ფიქრობდა.
* * *
სულაც არ გაჰკვირვებია აიეტს ოქროს ვერძზე ამხედრებული ბიჭუნას დანახვა. მას ხომ სიზმარში ეუწყა კოლხეთში ოქროსბეწვიანი ვერძის გამოჩენა. მეფემ შვილივით მიიღო ფრიქსოსი, ებრალებოდა ახლობელთა მზრუნველობის გარეშე დარჩენილი ობოლი ბიჭი.
ფრიქსოსის მოთხოვნით, ვერძი ყოვლისშემძლე ზევსს შესწირეს მსხვერპლად. ასე დაარიგა დედამ ბეოტიიდან წამოსვლის წინ ფრიქსოსი და ჰელე. ხოლო მდინარე ფასისის ახლოს, იმ ადგილას, სადაც ვერძმა ჩაიმუხლა შესასვენებლად, დიდი სალოცავი ააგეს. ოქროს საწმისი არესის ჭალაში დაჰკიდეს უზარმაზარ მუხაზე. მუხას დღედაღამ ცეცხლისმფრქვეველი ათასთვალება ურჩხული დარაჯობდა, რომელიც წუთითაც არ იძინებდა. კოლხები მოდიოდნენ ამ მუხასთან და ინტერესით ათვალიერებდნენ საწმისს, ახლოს კი არ ეკარებოდნენ. ურჩხულიც არას ერჩოდა ირგვლივ შემოჯარულ ხალხს, რადგან იცოდა, რომ მისი შიშით საწმისისთვის ხელის хлხლებას ვერც ერთი სულიერი ვერ გაბედავდა.
მიუხედავად იმისა, რომ კოლხებს ჩვევად არ ჰქონდათ უცხო მხარეში მოგზაურობა და ძალიან იშვიათად ტოვებდნენ სამშობლოს, ეს ამბავი მთელ ქვეყნიერებას მოედო და, რასაკვირველია, ბეოტიამდეც მიაღწია. მეფე ათამასმა სიკვდილის წინ ანდერძად დაუბარა შთამომავლობას, ყოველი ღონე ეხმარათ, რათა საბერძნეთში დაებრუნებინათ კეთილისმყოფელი საწმისი.
* * *
მეფე აიეტს სამი შვილი ჰყავდა: პირმშვენიერი აფსირტოსი - უფროსი ვაჟი, და ორი ქალიშვილი - ქალკიოპე და მედეა. კოლხთა ხელმწიფე თავისი შვილებიდან არ გამოარჩევდა ფრიქსოსს, ისე ეპყრობოდა, როგორც უფლისწულს; თავად ხელმძღვანელობდა მის აღზრდა-განათლებას - ასწავლიდა ნადირობას, კრივს, ომის ხელოვნებას; წვრთნიდა სიბრძნის სიყვარულში და მჭევრმეტყველებაში; ამღერებდა ძველ საგალობლებს და აზიარებდა ქურუმთა საიდუმლო სწავლებას.
გადიოდა დრო, მეფე აიეტის მზრუნველი ყურადღების ქვეშ იზრდებოდა და ვაჟკაცდებოდა ფრიქსოსი.
ერთხელ, როცა ყმაწვილები სასახლის ბაღში ლაღობდნენ, ფრიქსოსის თვალებში ქალკიოპეს ოქროსფრად მოლიცლიცე გამოხედვა აირეკლა და ბერძენი ყმაწვილი მიხვდა, რომ თავდავიწყებით უყვარდა აიეტის უფროსი ქალიშვილი.
არც ქალკიოპე ჩანდა გულგრილი - როგორც კი ფრიქსოსს დაინახავდა, შუქი ჩაუდგებოდა ისედაც მოელვარე თვალებში; საკმარისი იყო, ჭაბუკი სადმე ახლომახლო გამოჩენილიყო, რომ ყველაფერი ხელიდან უვარდებოდა. ფრიქსოსიც არეული იყო, რცხვენოდა, აიეტისთვის გაემხილა თავისი საიდუმლო; ყურადღებით ვეღარ უსმენდა მეფის ბრძნულ შეგონებებს, მისი ფიქრები სხვაგან დაქროდა.
მეფე მიუხვდა გულისთქმას ჭაბუკს და ერთ მშვენიერ დღეს, როცა ბაღში განმარტოებულნი ვარსკვლავთა მიმოსვლაზე საუბრობდნენ, სიტყვა ჩამოუგდო ქალკიოპეზე...
იმ საღამოს ფრიქსოსმა ხელი სთხოვა ქალკიოპეს და აიეტმა საჯაროდ განაცხადა თანხმობა მათ ქორწინებაზე.
* * *
ფრიქსოსის და ქალკიოპეს ქორწილის დღე საყოველთაო დღესასწაულად აქცია გახარებულმა აიეტმა, საჭურჭლეები დაახსნევინა და უზომოდ გასცა ოქრო, ვერცხლი, თვალ-მარგალიტი. ხალხი მეკობრეებივით ხვეტდა სიმდიდრეს. მეჯინიბეებმა ცხენების რემა მოასხეს მინდვრებიდან და გამვლელ-გამომვლელს დაურიგეს ათამაშებული რაშები.
ზეციდან ნაბუქარ ბუქს ჰგავდა მეფის სიუხვე. გვიან ღამემდე ალაფობდნენ კოლხები აიეტის ნაწყალობევზე - ზეიმობდნენ, ცეკვავდნენ, მღეროდნენ, ხოტბას ასხამდნენ კოლხთა ძლევამოსილ მეფეს და მისგან წახალისებულ ახალგაზრდა წყვილს, რომელიც ასევე უშურველად გასცემდა თავის საუფლისწულო წილს. მთელი დღე ოქროს წვიმა დიოდა კოლხების თავზე.
შუაღამისკენ კი, როცა დადგა ჟამი ნეფე-დედოფლის განმარტოებისა, მრავალრიცხოვანმა მაყრიონმა ამარანტიონის მთებისკენ გააცილა ფრიქსოსი და ქალკიოპე. იქ, უმშვენიერეს მღვიმეში მოუმზადეს საქორწინო სარეცელი. საწოლზე მბრწყინავი ოქროს საწმისი დააფინეს, რათა სიცოცხლის ბოლომდე ზღაპარივით დამახსოვრებოდათ ეს დღე, ხოლო მიწის იატაკზე სურნელოვანი ხალიჩები დააგეს. ნიმფებმა თავისი დაკრეფილი ნაირფერი ყვავილები მიართვეს ნეფე-დედოფალს. ოქროს ბეწვი ისე ბრწყინავდა, რომ ნიმფებს თავბრუ ეხვეოდათ მისი ელვარებისგან. მათ თვალებში საწმისის დათვალიერების სურვილი კრთოდა, მაგრამ სირცხვილი აკავებდათ, ახლოს არ ეკარებოდნენ ამ უცნაურ ბეწვს.
მღვიმის შესასვლელთან კოლხი ვაჟკაცები იდგნენ და მაღლა შემართულ საბრძოლო შუბებს არხევდნენ, რომ მტრის ლაშქარი მოულოდნელად არ მოჭრილიყო საბრძოლველად; თავები ფოთლოვანი ტოტებით შეემოსათ და შეხმატკბილებულად მღეროდნენ საქორწინო საგალობლებს.
ხმაურიანი და ბედნიერი დღის შემდეგ თავის სენაკში განმარტოებული აიეტი მომავალზე ფიქრობდა. ზაფხულის გამჭვირვალე ღამე იდგა. კავკასიონიდან ჩამოქროლილ სიოს პრომეთეს გმინვა მოჰყვებოდა თან. გმირის განწირული, სასოწარკვეთილი ამოძახილი კიდევ უფრო უმძიმებდა გულს დადარდიანებულ მეფეს; გრძნობდა, განსაცდელი უახლოვდებოდა მის ქვეყანას. უცნაური იყო, რომ ამ საზეიმო დღეს ასეთი მწარე ფიქრები ეჯარებოდა, მაგრამ მან ხომ ყველა მოკვდავზე უკეთ იცოდა, რომ შურიანი ბერძენი ღმერთები არც მას, არც მის სამეფოს იოლად არ აპატიებდნენ ბედნიერებას, რომელიც კოლხეთში სუფევდა. პატარა, მყუდრო, მდიდარ ქვეყანას დიდი ხნით არავინ მოასვენებდა. ოქროს საწმისი უცხოელებს მოიზიდავდა და ყველა მომხდურს, საწმისთან ერთად, ამ მშვენიერი ქვეყნის დაუფლების სურვილიც გაუჩნდებოდა.
აიეტი საწოლიდან წამოდგა, ტანსაცმელი გამოიცვალა, თეთრი თოვლივით სპეტაკი ქიტონით შეიმოსა და საკურთხეველში შევიდა სალოცავად. მთელი ღამე ზეცისკენ ხელაპყრობილი, თავის სამშობლოს ავედრებდა კოლხეთის ღმერთებს მეფე აიეტი.
დილისკენ კი, დაღლილი, მაგრამ ძალამოცემული მეფე გამოქვაბულისკენ გაემართა, რათა ცეცხლისმფრქვეველი ხარები ბრინჯაოს უღელში შეება და არესის ჭალაში ატეხილი გრგვინვა-გრიალით კოლხებისთვის ახალი დღის დასაწყისი ეუწყებინა.
ძველი საბერძნეთის ქალაქ თესალიის ახლოს, მთებში, მოხუცმა მწყესმა ერთხელ საოცარი რამ იხილა: ბებერი მუხის ქვეშ, ბალახზე, დიდი კენტავრი იწვა და სიყვარულით შეჰყურებდა იქვე, ქვაზე ჩამომჯდარ ოციოდე წლის ოქროსფერთმიან ჭაბუკს.
- მამა, რა უნდა გაგენდო ჩემთვის? - ალერსიანად ჰკითხა კენტავრს ჭაბუკმა.
- ოჰ, იასონ, დროა, სიმართლე გაიგო. მინდა იცოდე, ვინა ხარ შენ და რა გევალება.
და კენტავრმა უამბო იასონს, რომ მეფე ათამასის ძმამ - კრეთევსმა - ააგო ქალაქი იოლკოსი და იქ გამეფდა. კრეთევსის სიკვდილის შემდეგ ტახტზე მისი შვილი ესონი ავიდა. კრეთევსის გერმა - პელიასმა - შეთქმულება მოუწყო ესონს და ტახტი წაართვა. ესონი სასახლეს განერიდა, სახელი შეიცვალა და ქალაქის განაპირას დასახლდა. ცოტა ხანში მას ვაჟი შეეძინა, მაგრამ, იმის შიშით - არ მომიკლანო, ხმა გაავრცელა, თითქოს ჩვილი დაბადებისთანვე გარდაიცვალა, ხოლო ყრმა კენტავრ ქირონს მიაბარა აღსაზრდელად და სთხოვა, სახელად იასონი დაერქმია.
მაშინვე მიხვდა იასონი, რომ ესონის ძე იყო და მამისთვის სამეფო ტახტის დაბრუნება ევალებოდა. ხიფათიანი თავგადასავლის წინათგრძნობით აღტყინებული ჭაბუკი ფეხზე წამოიჭრა, რათა დაუყოვნებლივ გამგზავრებულიყო იოლკოსში. კენტავრიც წამოდგა...
... და როცა შეშინებული მწყემსი სამალავიდან გამოვიდა, იქ აღარავინ დახვდა. ცბიერმა მოხუცმა გადაწყვიტა, სასწრაფოდ დასდგომოდა იოლკოსისკენ მიმავალ უმოკლეს გზას, იასონის მისვლამდე რომ მოესწრო მეფე პელიასის გაფრთხილება; დარწმუნებული იყო, დიდად დაასაჩუქრებდნენ ერთგული სამსახურისთვის.
* * *
მეფესთან მიმავალ მწყემსს მთის ძირში, მდინარესთან, დედაბერი შემოეყარა, მიესალმა და ჰკითხა: - ლამაზი ჭაბუკი ხომ არ დაგინახავს, ვეფხისტყავმოსხმული და ჭრელხამლებიანიო?
- არაო, - უპასუხა დედაბერმა, - თავადაც ველი ვინმეს გამოჩენას, იქითა ნაპირზე გადასვლაში რომ დამეხმაროსო. მწყემსმა ყური არ ათხოვა ქალის სიტყვებს, დასცინა კიდეც - ნეტა სად გეჩქარებაო? - და გზა განაგრძო.
ცოტა ხანში იასონიც გამოჩნდა. მანაც შენიშნა მოხუცი ქალი, ტკბილად მიესალმა, ხელში აიტაცა და ფონს გაიყვანა... უკან რომ ბრუნდებოდა, წყალმა მარცხენა ხამლი მოსტაცა და მორევში ჩაითრია, რაღა უნდა ექნა? - ცალი ხამლით განაგრძო გზა.
მალე ის მწყემსს წაადგა თავზე, რომელსაც ფეხში ეკალი შესობოდა და ტკივილისგან იგრიხებოდა. იასონი მას ვერას უშველიდა და ისევ გზას გაუყვა. დედაბერი ახლა ულამაზეს ქალად ქცეულიყო და შორიდან გაჰყურებდა ორ მგზავრს. მათ კი აბა რა იცოდნენ, რომ ეს დაუძლურებული მოხუცი სინამდვილეში შროშნისმკლავება, მარად ახალგაზრდა და მომხიბლავი ქალღმერთი ჰერა იყო!
* * *
საღამო ჟამს, როცა მეფე პელიასი თავისი დიდებული ეტლით შინ ბრუნდებოდა, ქალაქის მოედანზე შეჯგუფებული ხალხი შენიშნა. მხლებელმა მოახსენა, რომ იოლკოსელები მშვენიერ ჭაბუკს შემორტყმოდნენ გარს, რომელსაც მხარზე ვეფხვის ტყავი მოეგდო და მხოლოდ ცალ ფეხზე ეცვა ხამლი.
შეკრთა მეფე პელიასი... მას კარგად ახსოვდა მრავალი წლის წინ ქურუმთა ნაწინასწარმეტყველევი: - როცა მეფეს გზად ცალხამლიანი კაცი შემოხვდება, მაშინ ჩაესვენება მისი დიდების მზეო. შეშინდა მეფე, მაგრამ არ დაბნეულა, ჭაბუკს თავად მიეახლა, ვინაობა და მოსვლის მიზეზი ჰკითხა. იასონს არ დაუმალავს სიმართლე. მოახსენა, ვინც იყო და რისთვის მოსულიყო აქ... სასახლის გზა ჰკითხა გულუბრყვილოდ.
ცბიერი პელიასი დაამშვიდა იასონის პასუხმა, ეგონა, ადვილად მოერეოდა ამ მიამიტ ჭაბუკს; შემდეგ ამცნო, რომ თავად იყო დიდი პელიასი და სასახლეში მიიპატიჟა, თან დასძინა: - იქ ყველაფერს გიამბობ, რაც ღმერთებმა მითხრეს და თუ მათი ნება იქნება, შენ გამეფდები იოლკოსშიო.
* * *
განდევნილი ესონის ძმებმა - მეზობელი ქვეყნების მეფეებმა - იასონის ჩამოსვლა რომ შეიტყვეს, გადაწყვიტეს, მარტო არ გაეშვათ ძმისწული პელიასთან. მართლაც, რამდენიმე დღის შემდეგ იასონი ბიძების თანხლებით ეწვია მეფეს.
პელიასმა მოჩვენებითი კეთილგანწყობით მიიღო იასონი და მთელი სამეფო აღუთქვა, მაგრამ სამაგიეროდ დიდი გმირობის ჩადენა მოსთხოვა. მეფემ უსირცხვილოდ იცრუა, თითქოს ცოტა ხნის წინ, ერთ ქარიშხლიან ღამეს, კოლხეთში გარდაცვლილი ფრიქსოსის აჩრდილი ეწვია და ამცნო: - იოლკოსის მეფე ის იქნება, ვინც კოლხეთიდან ოქროს საწმისს ჩამოიტანს და ტაძარში დაასვენებსო. პელიასი იასონს შეევედრა:
- შენ უნდა ჩამოიტანო საწმისი, რადგან მე უკვე ხნიერი ვარ და ასეთ შორეულ მოგზაურობას ვეღარ ავიტან.
იასონს ეჭვი არ შეჰპარვია მის გულწრფელობაში და დაიფიცა, რომ ოქროს საწმისს საბერძნეთში დააბრუნებდა.
ელვისებური სისწრაფით მოედო ახალი ამბავი მთელ საბერძნეთს. ყოველი მხრიდან მოაწყდნენ გმირები იასონს, თან რომ გაჰყოლოდნენ აღთქმულ მიწასავით საოცნებო კოლხეთში. სახელგანთქმული გემთმშენებელი არგოსი სასწრაფოდ ხომალდის აგებას შეუდგა. მას უამრავი ადამიანი ეხმარებოდა და სულ მალე გემი მზად იყო. ასეთი მშვენიერი რამ ჯერ არავის ეხილა. მონუსხულებივით შესცქეროდნენ იოლკოსელები ამ ულამაზეს ხომალდს და ამბობდნენ: - ათენას ნება რომ არა, არგოსი ასეთ საოცრებას ვერ შექმნიდაო.
* * *
გამთენიისას შეუდგნენ სამზადისს იასონი და მისი მეგობრები. მთელ ქალაქს სანაპიროზე მოეყარა თავი. მოგზაურთა მომლოდინე მშვენიერი ხომალდი ოდნავ ირხეოდა ტალღებზე, მალე აივსო კიდეც. ყველამ თავის ადგილს მიაშურა და არგო თავმომწონედ შეცურდა წყალში.
დიდხანს იცურეს არგონავტებმა და ერთ მშვენიერ დღეს მთა დაინახეს, შემდეგ კი მეთევზეთა პატარა ქალაქი; გადაწყვიტეს, აქ შეესვენათ ცოტა ხნით და მალე ნაპირსაც მიადგნენ.
უამრავი ხალხი მიაწყდა ნაპირს. აქ, თურმე, დოლიონები ცხოვრობდნენ. მათი მეფე, ჭაბუკი კიზიკოსი, თავგანწირვით იცავდა თავის ხალხს საშინელი ექვსმკლავა გოლიათებისგან, რომლებიც ქალაქთან აზიდული მაღალი მთების ხეობებში ბინადრობდნენ.
მეფემ დიდი ნადიმი გამართა სტუმართა პატივსაცემად. გვიან ღამემდე გაგრძელდა მხიარულება. დილით კი, როცა არგო უკვე გასამგზავრებლად ემზადებოდა, მახლობელი კონცხიდან ველური ღრიალი მოისმა. მთის ფერდობებზე მრავალხელა ურჩხულები მოქროდნენ და უზარმაზარ ლოდებს ისროდნენ ზღვაში, გასასვლელი რომ ჩაეკეტათ. მაგრამ არგონავტები არ დაბნეულან, მედგრად ეკვეთნენ მტერს და როცა ბრძოლა დამთავრდა, გამარჯვებული ბერძნების ფერხთით უამრავი ურჩხული ეგდო უძრავად. მადლიერი დოლიონების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. არგონავტებმა კი გემს მიაშურეს და ზღვაში შეცურეს.
მგზავრობისას კიდევ ბევრ ფათერაკს გადააწყდნენ გმირები: ჯერ ნიჩაბი გაუტყდათ, მერე მეფე ამიკოსთან მოუხდათ შერკინება; თრაკიაში საშინელ ჰარპიებს შეებრძოლნენ, რათა ბითვინიის ყოფილი მეფე ფინევსი დაეხსნათ გასაჭირისგან და სამეფო დაებრუნებინათ მისთვის; ბოლოს კი მოძრავ კლდეებს - სიმპლეგადებს მიადგნენ.
შემზარავი სანახავი იყო ეს კლდეები. ისინი საშინელი ძალით ეხეთქებოდნენ ერთმანეთს. არადა, არგო მათ შორის უნდა გასულიყო როგორმე, რადგან აღმოსავლეთისკენ გასასვლელი სხვა გზა არ არსებობდა.
საგონებელში ჩაცვივდნენ არგონავტები, ბოლოს მეფე ფინევსის დარიგება მოაგონდათ და ბედის საცდელად მტრედი გაუშვეს. მტრედი მშვიდობიანად გაძვრა კლდეებს შორის და უკანვე მოფრინდა. ეს იმის მაუწებელი იყო, რომ ხომალდიც მოასწრებდა სამშვიდობოს გასვლას. ასეც მოხდა. არგონავტებმა შვებით ამოისუნთქეს. ისინი უკვე ევქსინის პონტოში იყვნენ.
* * *