EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« მანქანის აკუმულატორის გაცოცხლება »

კატეგორია: ავტო-ტექნიკა

ავტორი: admin

თარიღი: 2013-01-22 13:37:40

მანქანის აკუმულატორის გაცოცხლება

სააკუმულატორო ბატარეა ავტომობილში პირველადი ენერგიის წყაროა. თუკი იგი ბოლომდე განიმუხტა, სტანდარტულ რეჟიმში ძრავის დაქოქვა არ გამოგივათ. შეგიძლიათ ავტომობილის დაღმართზე დაგორება და სიჩქარეში გადართვა სცადოთ. თუ გაგიმართლათ, ნარჩენი მუხტი საკმარისი იქნება გენერატორის აღსაგზნებად. მაგრამ ზოგჯერ ერთადერთი გამოსავალი „გადაკიდებაა“.

 
სანდო სადენები.
 
გამოცდილ მძღოლებს ინსტრუმენტებთან და ტროსთან ერთად მანქანაში ყოველთვის უგდიათ სადენები „გადაკიდებისთვის“. მათ, ვინც თავშენახული მძღოლების იმედზე ხართ გაფრთხილებთ, რომ სხვისი სადენები შესაძლოა საქმეში უვარგისი, ან სულაც საშიში გამოდგეს. მაგალითად თუ სადენებს თავებზე არ უყენიათ „ნიანგები“. სტარტერის გამშვები დენი რამდენიმე ასეული ამპერია. თუკი აკუმულატორის პოლუსებზე სადენების ხელებით მიჭერას შეეცდებით, შესაძლოა სერიოზული დამწვრობა მიიღოთ. ზოგჯერ სადენები ზედმეტად წვრილია, ან არ არის დამზადებული სპილენძისგან. ამ შემთხვევაში მათი წინაღობა მაღალია და ვერ ატარებენ საკმარის გამშვებ დენს.
 სადენების შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ კვეთას. იგი უნდა იყოს არანაკლებ 16 მმ². სადენის სიგრძე უნდა იყოს 2.0-2.5 მ., ხოლო პლიუს და მინუს სადენების ფერები უნდა განსხვავდებოდეს (როგორც წესი „პლიუსი“ არის წითელი ფერის). სადენები გადააბით იზოლენტით. მოკლედ ჩართვის რისკის შესამცირებლად ბოლოები დააშორეთ ერთმანეთს. დააკვირდით „ნიანგებს“. მათი აკუმულატორის პოლუსებთან ჩაჭიდების ფართობი უნდა იყოს რაც შეიძლება დიდი. სადენების იზოლაცია სასურველია იყოს რეზინის. რეზინი ნაკლებად ხევდება სიცივეში და არ დნება.
 ზოგიერთ ავტომობილზე აკუმულატორის ღერძულ პოლუსებზე შეხება აკრძალულია, ან შეუძლებელია კონსტრუქციული თავისებურებების გამო. ამის შესახებ შესაბამისი პიქტოგრამა, ან ავტომობილის ინსტრუქცია შეგატყობინებთ. ასეთ ავტომობილებზე ძალოვანი კაბელების შესაერთებლად გათვალისწინებულია სპეციალური წვერები. როგორც წესი ისინი განლაგებულია საქარე მინის წინ და ძირში არსებულ გისოსებში. ამგვარ ავტომობილებზე „გადაკიდების“ დროს არ დაგჭირდებათ კაპოტის ახდა, ხოლო აკუმულატორის აფეთქების შემთხვევაში (ღმერთმა დაგიფაროთ!) გაცილებით დაცული ბრძანდებით.
 
შოკური თერაპია.
 
როგორი თანამიმდევრობით შევაერთოთ სადენები? რა თქმა უნდა მთავარია თავდან აიცილოთ მოკლედ ჩართვა. თუმცა გარკვეული რეკომენდირებული თანამიმდევრობა არსებობს. თავიდან შეაერთეთ საღი და დაცლილი აკუმულატორის პლიუსები. შემდეგ ჩაეჭიდეთ საღი აკუმულატორის მინუსს და ბოლოს დაცლილი აკუმულატორის მინუსს. ამ დროს უნდა იყოთ ფრთხილად, რომ შემთხვევით არასწორი სადენით არ შეეხოთ “მასას”. ბოლო „ნიანგის“ მიმაგრებისას არ შეგეშინდეთ ნაპერწკლის. ნაპერწკლის გაჩენა ბუნებრივია, რამეთუ შეერთების მომენტში დაცლილ აკუმულატორში წამოვა დაახლოებით 50 А ძალის დენი. სტარტერს დაუყონებლივ ნუ გადაატრიალებთ. იზრუნეთ საღ აკუმულატორზეც. ჯერ დაქოქეთ დონორი ავტომობილის ძრავა და დაიჭირეთ საშუალო ბრუნები. მიერთებისთანავე დაცლილ აკუმულატორში დაიწყება ინტენსიური დამუხტვის პროცესი. ამ დროს საღ აკუმულატორიანი ავტომობილის გაყვანილობას და თავად საღ აკუმულატორს არაფერი ემუქრება. უბრალოდ მის ქსელში გაჩნდება დამატებითი ტვირთი. სამაგიეროდ სტარტერის გადატრიალების შემდეგ გამშვებ დენს გასცემს პარალელურად ჩართული ორი აკუმულატორი. თუ ძრავი წარმატებულად დაიქოქა 3-4 წუთის განმავლობაში სადენები არ მოაშოროთ. ძრავი კარგად გათბება, აკუმულატორი დაიმუხტება და მხოლოდ შემდეგ დაიწყეთ მისი დაშორიშორება. წინააღმდეგ შემთხვევაში მანქანა შესაძლოა ისევ ჩაქრეს და პროცესის დაწყება თავიდან მოგიწევთ. ჯერ მოაშორეთ სადენები საღი აკუმულატორიდან, ხოლო შემდეგ „გაცოცხლებულიდან“. თუკი გადაკიდებისთვის იყენებთ მომცრო დამხმარე აკუმულატორს, დაცლილი აკუმულატორის დამუხტვას ნუ დაელოდებით. რეანიმატორის სიმძლავრე მცირეა და თუკი პაუზას დაიჭერთ შესაძლოა ორი ცალი დაცლილი აკუმულატორი შეგრჩეთ ხელებში. ასეთ შემთხვევებში საეკეთესო ვარიანტია საერთოდ ჩახსნათ დამჯდარი აკუმულატორი და ძრავა დაქოქოთ დამხმარე აკუმულატორით. შემდეგ მიაერთეთ დამჯდარი აკუმულატორი და მხოლოდ შემდეგ ჩახსენით მომცრო აკუმულატორი.
 თუკი გაუმართაობა გარაჟში აღმოაჩინეთ და გარაჟშივე გაქვთ ელექტროენერგიის უწყვეტი წყარო და დამმუხტი, მოიქეცით შემდეგნაირად: ჯერ დამმუხტი შეუერთეთ დამჯდარ აკუმულატორს შემდეგ კი შტეფსელში; დაელოდეთ 20-30 წუთი, რომ აკუმულატორი „გამოცოცხლდეს“; ამის შემდეგ დაქოქეთ ძრავა, მაგრამ კიდევ 2-3 წუთი არ გამორთოთ დამმუხტი; დატვირთვის ნაწილს დამმუხტი აიღებს საკუთარ თავზე.
 
გადავუკიდოთ, თუ არ გადავუკიდოთ?!
 
რა შემთხვევაშია გამართლებული „გადაკიდება“? მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დარწმუნებული ხართ, რომ აკუმულატორი უბრალოდ განმუხტულია და არ არის დაზიანებული. მაგალითად სტარტერის გადატრიალებისას რელე წკაპუნობს, ხოლო თავად აკუმულატორი ახალი დამჯდარია. ჩვეულებრივ ამის მიზეზი შეიძლება იყოს – ჩართული დაგრჩათ ფარები, ან გათბობა; დიდ ხანს მოძრაობდით ქალაქის გადატვირთულ ქუჩებში და გენერატორი მუშაობდა მინიმალურ ბრუნებზე და ა.შ.
 თუკი ხელის შეხებით გრძნობთ რომ აკუმულატორი გაცხელებულია და მძაფრი სუნი ასდის „გადაკიდება“ დაუშვებელია. დიდი შანსია, რომ აკუმულატორში მოხდა წყლის ელექტროლიზი და გამოიყო თავისუფალი წყალბადი და ჟანგბადი. ეს ფეთქებადსაშიში ნარევი აუცილებლად დაიგრუხუნებს პირველივე ნაპერწკალზე. ასევე დაუშვებელია „გადაკიდება“, თუკი აკუმულატორის დაზიანებული კორპუსიდან ჟონავს ელექტროლიტი. მოერიდეთ „გადაკიდებას“ აკუმულატორის ნებისმიერი თვალსაჩინო ფიზიკური დაზიანების დროს, ან თუ აკუმულატორი მწყობრიდან გამოვიდა მოულოდნელად, გასაგები მიზეზების გარეშე. სავარაუდოდ ეს შიდა დეფექტის ბრალია. არსებობს შანსი, რომ ქილებს შორის ხიდები დაზიანებულია და „გადაკიდების“ შემდეგ მოსალოდნელია აფეთქება.
 კიდევ ერთი წესი. თუკი დონორის აკუმულატორმა თქვენი ავტომობილის მუხლა ლილვი სამი-ოთხჯერ წარმატებულად დაატრიალა, ხოლო თქვენმა ძრავამ ნაპერწკალი არ გასცა, აკუმულატორის რეანიმაციას ნუღა გააგრძელებთ. მიზეზები სხვა სახის გაუმართაობებში ეძებეთ.
 თუკი ავტომობილი დიდი ხნის განმავლობაში (1 თვე ან მეტი) იდგა სადგომზე ჩართული აკუმულატორით, სავარაუდოდ იგი უკვე დაზიანებულია სულფატაციით. მისი აღდგენა შესაძლებელია დაბალი დამმუხტი დენის მიწოდებით, მაგრამ პროცედურა დიდ დროს და მოთმინებას მოითხოვს. ამგვარად დაზიანებული აკუმულატორი აჯობებს გამოცვალოთ.