EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ეს ხალხმა უნდა იცოდეს! »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2014-12-22 23:14:29
ეს ხალხმა უნდა იცოდეს!
22-12-14
დავით მაღრაძე: "ბოდიშს ვუხდი ირაკლი ღარიბაშვილს! უიშვიათესი შემთხვევაა, როცა პრივატული საუბარი გამომაქვს სააშკარაოზე... მაგრამ ეს ხალხმა უნდა იცოდეს!
"ქრონიკა" გთავაზობთ სპონტანურ ინტერვიუს დავით მაღრაძესთან:
- ბატონო დავით, თქვენამდე ბიძინა ივანიშვილმა მომიყვანა, გავარკვიე, რომ თქვენს აზრს პატივს სცემს. თქვენი შეძახილით ხელისუფლება რამდენჯერმე კი გამოაფხიზლეთ, მაგრამ დღეს როგორ შეაფასებთ "ოცნების" ორწლიან მმართველობას? მიუხედავად იმისა, რომ თავისუფლება მოვიპოვეთ, ბევრი ადამიანი უკმაყოფილოა და სვამს კითხვას, - განა ჩვენთვის რამე შეიცვალა?
- მართლები რომ ვიყოთ ღვთისა და მოქალაქეების წინაშე, მოდით, ერთი რამ ვთქვათ, თუნდაც ის, რომ ჩვენ თავისუფლად დავდივართ, ეს ცოტაა? არ მინდა, მეხსიერებაში მოვიკოჭლოთ და სამუდამოდ დავივიწყოთ ის, რაც ცუდი გასახსენებელია. როცა მეხსიერებას კარგავს ნაცია, ეს მომავალზე ცუდად ირეკლება. ასეთ შემთხვევაში ამნეზია შეიძლება ძალიან ცუდი შედეგით დასრულდეს. საზოგადოებაში არის მოარული ტენდენცია, მოვრჩეთ იმაზე საუბარს, რაც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში თავს გადაგვხვდა და ვიაროთ წინო. ის, რომ გვახსოვდეს, რა ცუდი იყო "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმი, სულ არ გვიშლის ხელს, რომ წინ ვიაროთ. სახელმწიფოს განვითარების გზაზე წინ სიარული შეიძლება ისე, რომ არ დაკარგო მეხსიერება. მაშინ, როცა ეს საფრთხეები ჯერ კიდევ არსებობს, ის ხალხი, ვინც ამბობს, დავივიწყოთ რაც იყო და ვიაროთ წინ, რატომღაც მუდმივად საუბრობენ წითელ ტერორზე, რომელიც უფრო შორეული წარსულია, ვიდრე "ნაცმოძრაობის" ტერორი, რატომღაც მათ ვერ დაინახეს, რაც მათ თვალწინ ხდებოდა. აი, სწორედ ასეთი კატეგორიის ხალხი მოგვიწოდებს დავივიწყოთ, რაც იყო "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის დროს. მიჩნდება ეჭვი, რომ "წითელ ტერორზე" გამუდმებული საუბარი უნდათ იმიტომ, რომ გადაფარონ ის "შავი ტერორი", რაც მათ თვალწინ ხდებოდა. ეს არის დიდი ფარისევლობა. სახელისუფლებო ძალადობის მსხვერპლნი ვიყავით, დღეს ამისგან გავთავისუფლდით. ახლა ჩვენ თავისუფლებაში ცხოვრება უნდა ვისწავლოთ, რაც არ ნიშნავს, რომ არსებული ხელისუფლებით უნდა ვიყოთ აღტაცებულნი. მაგრამ აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, როგორი ძალადობრივი წნეხისგან გავთავისუფლდით.
- თქვენ კმაყოფილი ხართ დღევანდელი ხელისუფლებით?
- დღევანდელი ხელისუფლება თავისი შეცდომებითა და წარმატებებით, არის საქართველოს წიაღში აღმოცენებული ხელისუფლება, ეს არის ჩვენი ხალხის ხელისუფლება. "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლება კი იყო პროექტი, რომელიც მომზადდა სხვა ქვეყანაში.
- თქვენ ერთი წლის წინათ მინისტრებს მოუწოდეთ, - "დაბურული მინებიდან სამშობლო არ ჩანს, ჩამოდით ჯიპებიდან და ხალხის წუხილი გაიზიარეთ!.." თუმცა ხელისუფლების ზოგიერთი წევრი ფუფუნების "კაიფიდან" ვერ გამოდის, მოდით, მითხარით, თქვენი თვალით დანახული საქართველო როგორია?
- მე მინდა ვიყო მართალი ჩემს ხალხთან და ვიტყვი, ყველაზე უფრო თვალსაჩინო რეფორმას რასაც ვხედავ პოლიტიკაში, არის ის, რომ ბოლო ორ წელიწადში გამოჩნდა, თურმე ევროპისკენ ისე შეიძლება იარო, რომ რუსეთთან ომი აიცილო თავიდან, ამ კუთხით სიბრძნის ნიშანწყალი გაჩნდა საქართველოში, მეორე თვალსაჩინო და მკაფიო რეფორმა არის ის, რაც გაკეთდა ჯანდაცვის სამინისტროში. როცა საქართველოში ავად გახდომის აღარ გეშინია, არასდროს არ მითქვამს და ახლა ვიტყვი, ჩვენს ხელისუფლებას მეტი გონიერება რომ გამოეჩინა, დავით სერგეენკოს, რომელსაც კარგად არ ვიცნობ, მხოლოდ ორჯერ მყავს ნანახი, მიანიჭებდნენ სახელმწიფო ჯილდოს, ეს წამახალისებელი იქნებოდა სხვა სამინისტროებისთვისაც. დავით სერგეენკო არის ღირსეული მინისტრი, რომელმაც შეძლო, რომ საქართველოში ადამიანს ავად გახდომის აღარ ეშინია. სხვა სამინისტროებში მსგავსი რეფორმა მე არ მინახავს. ე.ი. რას ვხედავთ, ადამიანი თავისუფლად დადის, ავად გახდომის არ ეშინია და მისი ხელისუფლება ზრუნავს, ევროპისკენ ისე წავიდეს, რომ რუსეთთან ომი არ მოუწიოს. ივარგა ამ ორმა წელმა, თუ არა? მე ვფიქრობ, რომ ივარგა. მე დავასახელე სამი ასპექტი, სადაც რეფორმა თვალსაჩინოა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი აღტაცება უნდა იყოს იმდენად უსაზღვრო, რომ პრობლემები ვეღარ დავინახოთ. პრობლემები არის და ამას მუშაობა სჭირდება. ვინც ვერ ივარგებს, ის აუცილებლად შეიცვლება.
- ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილის თემას თავს არიდებთ, მაგრამ ამ თემას ვერ გავექცევით, ბოლოს ბიძინა ივანიშვილს ნიკუშა შენგელაიას ქორწილში შეხვდით, ბრწყინვალედ გითამადიათ, როგორც ამბობენ. რა თემებზე ისაუბრეთ ივანიშვილთან? არ ახსენებთ, რომ მან ნაადრევად დატოვა პოლიტიკა, რას ფიქრობს დღევანდელ ხელისუფლებაზე. აპირებს თუ არა დაბრუნდეს?
- არა, ამ თემებზე არ მისაუბრია, მომეცით უფლება, თქვენი პოპულარული გაზეთით ვისაუბრო და გავცე პასუხი მათ, ვისაც აინტერესებთ ჩვენი ურთიერთობის შესახებ. ჩვენს ურთიერთობას მეგობრობა დავარქვით, ოღონდ ამ ურთიერთობით ერთმანეთი არ დავამძიმეთ და პასუხისმგებლობები ერთმანეთს არ დავაკისრეთ. ალბათ, შემეძლო, რაღაცა ფორმით სახელისუფლებო სტრუქტურაში მონაწილეობის მიღება, თავიდანვე, სანამ კონკრეტული შემოთავაზება იქნებოდა, ბატონ ბიძინას ჩემი პოზიცია დავანახე, რომ არ ვაპირებ სახელისუფლებო სტრუქტურებში მონაწილეობას. ჩვენ ვიყავით თანამებრძოლები და მეგობრებად დავრჩით, მაგრამ ეს არ ნიშნავს ჩემს მონაწილეობას ხელისუფლებაში, რადგან მე მაქვს ჩემი შემოქმედებითი გეგმები და საერთოდ, არ მაქვს განწყობა სახელისუფლებო შტოებში მონაწილეობისა და ბატონი ბიძინა ჩემს დამოკიდებულებს სრული გაგებით მოეკიდა. ბატონმა ბიძინამ გამათავისუფლა ბევრი მეგობრული ხათრისგან.
- რამდენიმე დღის წინ, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ის მზადაა, შეხვდეს საქართველოს ხელისუფლებას. თქვენ თვლით, რომ პრემიერი ან პრეზიდენტი უნდა შეხვდეს ვლადიმერ პუტინს?
- ამ ფონზე არ ვიცი, რატომ უნდა შეხვდეს, რა შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული ეს შეხვედრა? მაგრამ ერთი რამ ვიცი, რომ საქართველოში არის გამეფებული კლიშეები და ამ კლიშეებით არსებობს ბოლო ათი წელია ქართველი საზოგადოება. ნებისმიერ დილეტანტს შეუძლია, იფურთხოს რუსეთის მისამართით და ღვაწლის გარეშე მოინათლოს პატრიოტად. ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გადავაფასოთ. რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთთან ომის მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობები არ ჩაჭრეს, ჩვენ ხომ ჩაჭრის სპეციალისტებად ჩამოვყალიბდით. გვესმის პატრიოტული შეძახილები - "უნდა შეწყდეს აბაშიძე-კარასინის დიალოგი" და რა იქნება მეორე დღეს? ერთი ძაფი, რომელიც გაკავშირებს, იმასაც კარგავ, შედეგად კი იღებ უარესს. რაც რადიკალიზმს მოჰყვა, ყველამ კარგად ვიცით. თქვენ მეკითხებით, უნდა შეხვდეს თუ არა საქართველოს ხელისუფლება რუსეთის პრეზიდენტს. საერთოდ, ადამიანი არის დიალოგი, თუ მარტო გაბუტვა იცი, არ ხარ პოლიტიკოსი და თუ დიალოგი არ შეგიძლია, მაშინ პოლიტიკოსობაზეც არ უნდა გქონდეს პრეტენზია. ივანე ჯავახიშვილს უწერია ქართველი კაცის შედევრალური ფორმულა, ქართველ კაცს ერთ ხელში ხმალი ეჭირა, სპარსეთის ლაშქარს იგერიებდა, მეორე ხელით კი "შახნამეს" თარგმნიდაო...
- თქვენი აზრით, მმართველებიდან ვინ შეინარჩუნა პოლიტიკოსის სახე, პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, თუ პარლამენტის თავმჯდომარემ?
- პრინციპში, ვერ ვიტყვი, რომელიმემ სახე დაკარგა. მაგრამ აშკარაა, რომ ყველაზე უფრო გაწონასწორებულ და სიღრმისეულ ფორმულირებებს აკეთებს დავით უსუფაშვილი. პოლიტიკური ფრაზეოლოგია ამ ადამიანს არ უჭირს, სხვათა შორის, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელსაც ბევრი უხამსობა მიაგეს, არ გამოვიდა კულტურული სივრციდან, იგივე ფრაზეოლოგიით არავის არ უპასუხა. ეს მეტყველებს მის აღზრდაზე, ის აღმოჩნდა კულტურული ადამიანი. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც ძალიან ვგულშემატკივრობ, მას სახელმწიფოებრივი აზროვნება აღმოაჩნდა, ის მუშაობს 24-საათიან რეჟიმში. ადამიანები ვართ და ყველა ვუშვებთ შეცდომას, მას არ გაუვლია ყველა ის საფეხური, რომელიც პრემიერობამდე უნდა გაიარო, მაგრამ ის შრომობს არანორმალურად, მას შეუძლია ძალიან ბევრი სარგებლის მოტანა. ახლა რის თქმასაც ვაპირებ, თქვენი გაზეთის საშუალებით შეიძლება ამის თქმის უფლება არ მაქვს და ამას ხმამაღლა არ უნდა ვამბობდე, უიშვიათესი შემთხვევაა, როცა პრივატული საუბარი გამომაქვს სააშკარაოზე. მაგრამ ვფიქრობ, რომ ამის შენახვა, როგორც საიდუმლო ამბის, სწორი არ იქნება და ეს ცნობილი უნდა იყოს ჩვენი მოსახლეობისთვის. ირაკლი ღარიბაშვილმა გადაწყვიტა, შეისწავლოს ოსური და აფხაზური ენები, ის მთელი სერიოზულობით მოეკიდა ამ ორი ენის შესწავლას. ეს პირადად მისგან ვიცი. ამის არდანახვა არ შეიძლება. მას ბოდიშს ვუხდი, რომ ეს ამბავი სააშკარაოზე გამოვიტანე.
- გაჩნდა მოლოდინი, რომ შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება. მისი მხრიდან თუ გაქვთ ეს ინფორმაცია?
- არ ვიცი, მას ფიქრში რა აქვს, იმიტომ ვნახულობ იშვიათად, რომ არ ვიცოდე. რა თქმა უნდა, მე ყოველთვის უკეთეს ხელისუფლებას ვინატრებ, მიუხედავად იმისა, დაბრუნდება თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში...
გაზეთი "კვირის ქრონიკა", ნინო სამხარაძე