EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« როგორი გამრავლების დროს არის ვეგა დაავადებისგან დაცული და რამდენი ხნის განმავლობაში უნდა იდგას ბელინდა ერთსა და იმავე ადგილას »

კატეგორია: ხეები-მცენარეები

ავტორი: UshiKai

თარიღი: 2015-01-27 14:35:27

როგორი გამრავლების დროს არის ვეგა დაავადებისგან დაცული და რამდენი ხნის განმავლობაში უნდა იდგას ბელინდა ერთსა და იმავე ადგილას

plants-vega-evpatori.ge

ალბათ, ბევრჯერ მოგწონებიათ მაღაზიაში მცენარე, მაგრამ სიძვირის გამო ვერ გიყიდიათ. საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მებაღე-დიზაინერთან, თენგიზ პაპავასთან ერთად, საქმეს გაგიიოლებთ და გასწავლით, როგორ გაამრავლოთ ლამაზი მცენარეები და თქვენივე ძალისხმევით გაზარდოთ ის.



ვეგა თავისი სილამაზით განთქმულია, მას ვარდსაც კი ადარებენ. ის ჰერბერას ერთ-ერთი სახეობაა და არცთუ ისე რთული გასაზრდელია.

– როგორ მოვუაროთ მცენარეს წლის სხვადასხვა სეზონზე?

– მთელი წლის განმავლობაში ვეგა უნდა მორწყათ თბილი წყლით. ყურადღება მიაქციეთ, რომ წყალი ფოთოლს არ მოხვდეს. რეკომენდებულია მცენარისთვის წყლის დასხმა დილის საათებში. რაც შეეხება სეზონებს, ზაფხულში უხვად მორწყეთ ხოლმე, რადგან ამ დროს ტემპერატურა ძალიან მაღალია და მცენარეს ბევრი წყალი სჭირდება სასიცოცხლოდ, ზამთარში კი – ზომიერად. შემოდგომა-ზამთარში, სინათლის ნაკლებობის დროს, ხელი შეუწყვეთ მცენარეს იძულებით დასვენებაში. ამისათვის საჭიროა ტემპერატურა არანაკლებ 4-6 გრადუსისა. ასეთ დროს მორწყვას უნდა მოუკლოთ და გახსოვდეთ, რომ თბილი წყალი გამოიყენოთ.

– დამატებითი საკვების შეტანა ხომ არ არის საჭირო ვეგას ნიადაგში?

– ოთხი კვირიდან მცენარეს სჭირდება ნაკელით განოყიერება, ხოლო ინტენსიური ზრდის დროს გამოიყენეთ კალცისა და ამიაკის სელიტრა.

– როგორ გავამრავლოთ ჰერბერას ეს სახეობა?

– ამ მცენარეს მიწისქვეშა ფესვებზე აქვს წამონაზარდები, რომლებიც იტოტება და მათგან ახალი მცენარე იზრდება. პირველად ახალ მცენარეზე ერთი საყვავილე ღერო ჩნდება უფოთლო კალათისებური ყვავილედით. ამ ყვავილის გამრავლებითა და სელექციური ჯიშების გამოყვანით მიღებულია უამრავი სახეობა, როგორც წვრილყვავილიანი, ასევე საკმაოდ ფართო დიამეტრის ულამაზესი, მრავალფერიანი ყვავილები. საერთოდ, ჰერბერას გამრავლება შეიძლება თესლით, კალმითა და ქსოვილის კულტურის მეთოდით.

თესლით გამრავლებისას ვეგას ზრდის პროცესი სწრაფიცაა და უფრო საიმედოც. ამ დროს მცენარე დაცულია დაავადებისგან. მთავარია, ყურადღებით შეარჩიოთ საუკეთესო თესლი.

– როგორ მოვუაროთ თესლს, რომ ის კარგად აღმოცენდეს?

– თესლის აღება ხდება ზაფხულის დასაწყისში. შეინახეთ თესლი მშრალ და კარგად განათებულ ოთახში, რათა არ დალპეს. ყველაზე დიდი ინტენსივობა თესლის აღმოცენების 70-90 პროცენტია. 2-4 კვირის განმავლობაში ის უნდა გააშროთ, შემდეგ ჩათესოთ ყუთში. დათესვამდე თესლი წყალში უნდა დაასველოთ და მის ნიადაგში შეურიოთ გადამწვარი მიწა, ტორფის ნარევი, ნაკელი და სილა. 18-20 გრადუსი ტემპერატურის შემთხვევაში ვეგა 10 დღეში ამოყოფს თავს.

 

Vega-Savi-Seed



– რა ხდება სხვა ხერხით გამრავლებისას?

– ვეგეტაციური გამრავლების დროს ხდება მცენარის დაყოფა. მცენარე უნდა ამოიღოთ მიწიდან, ფესვები გაკრიჭოთ 15 სანტიმეტრამდე და 20 წუთის განმავლობაში ჩადოთ ბენომილის ხსნარში. შემდეგ მჭრელი დანით დაყავით მცენარე რამდენიმე ნაწილად, ისე, რომ თითოეულში დარჩეს ერთი ამონაყარი და ფესვი. მონაჭრელ ადგილს წაუსვით ნახშირი და ჩარგეთ ქოთანში 11 სანტიმეტრ სიღრმეზე. ასეთი გამრავლება ხდება სექტემბერ-ოქტომბერში, ამიტომ, თუ გსურთ ეს მცენარე დიდხანს იქონიოთ, მალე მიიღეთ ზომები და გაამრავლეთ ახლო მომავალში. გაითვალისწინეთ, რომ მცენარის დაფესვიანება ხდება ნელა და ის მხოლოდ ერთი თვის შემდეგ დაიწყებს ზრდას.

ვეგას გამრავლება შეგიძლიათ ასევე, კალმითაც. აჭრილი კალამი უნდა ჩარგათ ტორფიან ჭიქაში ან ქოთანში და დადგათ 24 გრადუსზე. ოთხი კვირის შემდეგ შეგიძლიათ, კალამი უკვე მუდმივ ქოთანში გადარგათ. ვეგა იმდენად უპრეტენზიო მცენარეა, რომ ის ჯანსაღი გაიზრდება ყველანაირი გამრავლებისას, მთავარია, შეურჩიოთ საჭირო დრო.

– როგორ გავამრავლოთ ბელინდა?

– ჰიპეასტრუმის ეს სახეობა მრავლდება თესლითა და ვეგეტაციით. უმჯობესია თესლით გამრავლება, რადგან ამ ხერხით სასურველი რაოდენობის მცენარის მიღება შეგიძლიათ. კარგი თესლის მისაღებად საჭიროა დამტვერვა მოახდინოთ სხვა სახეობიდან. ყვავილობის დამთავრებიდან 6-8 კვირაში თესლი კოლოფში მომწიფებულია. ის უნდა შეინახოთ მშრალ და გრილ ადგილას. ახალი აღებული თესლი პროცენტულად გაცილებით უნარიანია, ვიდრე წლობით შენახული. ნაკელიან და ტორფიან მიწაში ჩათესეთ და დადგით 20-25 გრადუს ტემპერატურაზე. ერთი თვის შემდეგ ბოლქვი ფორმირებას დაიწყებს. ნიადაგი მორწყეთ ზომიერად და ოთახი ხშირად გაანიავეთ, სამი თვის შემდეგ კი ფოთლებიც ამოყოფს თავს.

– როგორი მოვლა სჭირდება მცენარეს ამ სეზონზე?

– შემოდგომა-ზამთარში ნიადაგის განოყიერება შეწყვიტეთ და მორწყვაც შეამცირეთ. შეინარჩუნეთ 16-18 გრადუსი ტემპერატურა. როგორც კი გაზაფხულის სხივები გამოჩნდება, წყლის რაოდენობასაც მაშინ მოუმატებთ. გახსოვდეთ, რომ ნიადაგის სითბო ხელს უწყობს მცენარის სწრაფ ზრდას და დაავადების თავიდან აცილებას.

– რა დაავადება შეიძლება დაემუქროს ბელინდას?

– ჰიპეასტრუმის სახეობებისთვის ყველაზე საშიში და გავრცელებული დაავადება არის ხახვის ფესვების ტკიპა. მის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ჯანმრთელი ბოლქვის არჩევა, ძველი ფესვებისგან გათავისუფლება და ჩარგვამდე აკტელიკის ემულსიით მისი დამუშავება. ბელინდა, ასევე, შეიძლება დაავადდეს ფუზარიოზით, რომელიც აზიანებს მთლიან ფესვთა სისტემას და აწითლებს მას. მისგან მცენარის დაცვა ხდება ოთახის განიავებით და ჰაერის სინოტივის შენარჩუნებით.

– როდის ყვავის მცენარე?

– მისი ყვავილობა შეგიძლიათ ტემპერატურით დაარეგულიროთ. თუ გსურთ, რომ თქვენს მცენარეს ყვავილი საახალწლოდ ჰქონდეს, აგვისტოდან ოქტომბრამდე შეუნარჩუნეთ 13-17 გრადუსი, შემდეგ კი აუწიეთ 20-22 გრადუსამდე. თუ თებერვლისთვის გსურთ ყვავილების გამოღება, ამ შემთხვევაში მარტში დაწყებული დასვენებისას ეს ტემპერატურა რვა კვირის განმავლობაში უნდა შეუნარჩუნოთ. ერთ მცენარეს გამოაქვს 2-დან 6-მდე ლამაზი, უსუნო ყვავილი. ბელინდას ბოლქვს შეუძლია სასიცოცხლო უნარი 10 წელიწადს შეინარჩუნოს. წლის განმავლობაში კი 7-9 თვე აქტიურობას ინარჩუნებს და ზედმეტ პრობლემას არასდროს შეგიქმნით. მისი ყვავილობის ძირითადი სეზონი დეკემბრიდან მაისის თვემდეა. სასურველია, თუ ამ მცენარეს 5 წლის განმავლობაში ერთსა და იმავე ადგილას ამყოფებთ.