EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« სტალინის ნაკვესები »
კატეგორია: საინტერესო ამბებიავტორი: Demi
თარიღი: 2015-07-05 02:15:06
გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო მომენტს სტალინის ცხოვრებიდან
1. თანამშრომლები
ადმირალი ისაკოვი 1938 წლიდან სამხედრო-საზღვაო ფლოტის სახალხო კომისრის მოადგილედ მუშაობდა. ერთხელ 1946 წელს მას სტალინმა დაურეკა და უთხრა, მთავარი საზღვაო შტაბის უფროსად გადავწყვიტეთ თქვენი დანიშვნაო.
ისაკოვმა უპასუხა: „ამხანაგო სტალინ, უნდა გითხრათ, რომ სერიოზული ნაკლი მაქვს, ერთი ფეხი მაქვს ამპუტირებული".
- „ეს ერთადერთი ნაკლია, რისი თქმაც ჩემთვის გინდოდათ?" - შეეკითხა ბელადი. დიახო მიუგო ისაკოვმა.
- „თქვენს წინამორბედს საერთოდაც თავი არ ჰქონდა, მაგრამ რაღაცას მაინც ახერხებდა, თქვენ კი მხოლოდ ფეხი გაკლიათ, ამდენად საშიში არაფერია".
2. კორუფცია.
ომის შემდეგ სტალინმა გაიგო, რომ ვინმე პროფესორმა კ-მ მოსკოვის შემოგარენში უშველებელი აგარაკი ააშენა. მან პროფესორი გამოიძახა და ჰკითხა: „მართალია, რომ რამდენიმეათასიანი აგარაკი აიშენეთ?!" - „მართალია, ამხანაგო სტალინ", - უპასუხა პროფესორმა. - „დიდი მადლობა საბავშვო სახლის ბავშვების სახელით, რომლებსაც ეს შენობა აჩუქეთ" - უპასუხა სტალინმა და პროფესორი ლექციების წასაკითხად ნოვოსიბირსკში გაამწესა.
3. უცხოური პრესა
1936 წლის შემოდგომაზე, დასავლეთში გაავრცელეს ცნობა, თითქოს სტალინი გარდაიცვალა. „ასოშიეიტედ პრესის" კორესპონდენტმა ჩარლზ ნიტერმა გადაწყვიტა, ინფორმაცია გადაემოწმებინა. მივიდა კრემლში და სტალინისთვის გადასაცემად წერილი დატოვა, სადაც ითხოვდა, დაედასტურებინათ და უარეყოთ ეს ცნობა. სტალინმა მაშინვე უპასუხა: „პატივცემულო ბატონო! როგორც უცხოური გაზეთებიდან შევიტყვე, კარგა ხანია ეს ცოდვილი დედამიწა დავტოვე და იმიერ ქვეყანაში გადავსახლდი. ვინაიდან უცხოური მასმედიის სანდოობაში ეჭვის შეტანა ძნელია, გთხოვთ, ირწმუნოთ ეს ცნობა და ამიერიდან აღარ დაარღვიოთ ჩემი იმქვეყნიური იდილია. 26 ოქტომბერი; 1936 წ.
პატივისცემით, ი. სტალინი".
4. ჰერალდიკა
ერთხელ უცხოელი ჟურნალისტები შეეკითხნენ სტალინს:
- სომხეთის გერბზე არარატის მთა რატომაა გამოსახული, ის ხომ თურქეთის ტერიტორიაზეა?
სტალინმა უპასუხა:
- თურქეთის გერბზე ნახევარმთვარეა გამოსახული, ვითომ მთვარე თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს?
5. რეგლამენტი
უკრაინის სოფლის მეურნეობის სახ. კომისარი პოლიტბიუროში დაიბარეს, მან იკითხა:
- როგორ უნდა მოგახსენოთ, მოკლედ თუ დაწვრილებით?
- გნებავთ, მოკლედ, გნებავთ, დაწვრილებით, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ რეგლამენტი 3 წუთია - უპასუხა სტალინმა.
6. ოპერა
დიდ თეატრში გლინკას „ივანე სუსანინის" ახალი დადგმა მზადდებოდა. კომისიის წევრებმა, ბოლშაკოვის ხელმძღვანელობით, მოისმინეს და გადაწყვიტეს, ფინალი ამოეღოთ, სადაც იყო ასეთი ფრაზა: „იდიდე, რუსო ხალხო!" მიზეზად მოიდეს, რომ ეკლესიური და ზედმეტად პატრიარქალურიაო...
მოახსენეს სტალინს.
„- მოდით ასე მოვიქცეთ, ფინალი დავტოვოთ, აი, ბოლშაკოვი კი მოვხსნათ".
7. პრიორიტეტები
როდესაც ფიქრობდნენ, როგორ მოქცეოდნენ გერმანულ ფლოტს, სტალინმა წინადადება შეიტანა, გაეყოთ. ჩერჩილმა თქვა - ჩავძიროთო. მაშინ სტალინი მიუტრიალდა ბრიტანელს და მიუგო: „სწორია, აი, თქვენი წილი ადექით და ჩაძირეთ".
8. ფსევდონიმები
სტალინი სამხატვრო თეატრში სპექტაკლის პრემიერაზე მივიდა. მას დახვდა სტანისლავსკი, ხელი გაუწოდა და თავისი ნამდვილი გვარით წარუდგა: ალექსეევი. „ჯუღაშვილი", - უპასუხა სტალინმა და თავის ადგილს მიაშურა.
9. ამბიციები
პოტსდამის კონფერენციაზე ჰარიმანმა სტალინს უთხრა: „მას შემდეგ, რაც 1941 წელს გერმანელები მოსკოვიდან 18 კილომეტრში იყვნენ, ალბათ, სასიამოვნოა დამხობილი ბერლინის გაყოფა?"
სტალინმა უპასუხა: „მინდა, შეგახსენოთ, რომ მეფე ალექსანდრე პარიზამდე მივიდა".
10. ამინდის პროგნოზი
სტალინმა მეტეოროლოგებს ჰკითხა, რამდენი პროცენტით იცნობთ ამინდსო:
- 40 პროცენტით, ამხანაგო სტალინ.
- თქვენც ადექით და უკუღმა ილაპარაკეთ და 60 პროცენტი გამოგივათ.
11. მონდომება
ომის დროს სტალინმა ბაიბაკოვს უბრძანა, ნავთობის ახალი საბადოები მოეძიებინა. ბაიბაკოვმა ხელები გაასავსავა, შეუძლებელიაო. ამაზე სტალინმა უთხრა: „იქნება ნავთობი, იქნება ბაიბაკოვი, არ იქნება ნავთობი, არ იქნება ბაიბაკოვი!"
სულ მალე ორი საბადო აღმოაჩინეს თათრეთში და ბაშკირეთში.
12. ავტომობილი „სამშობლო"
ავტომანქანა „პობედაზე" მუშაობისას, გადაწყვიტეს, მისთვის სამშობლო" დაერქმიათ. რა თქმა უნდა, ეს ამბავი სტალინსაც მოახსენეს. ბელადმა ირონიულად იკითხა: „საინტერესოა, რა ფასი ექნება ჩვენთან სამშობლოს?" მანქანის დასახელება სასწრაფოდ შეცვალეს.
13. მცველები
სტალინის ერთ-ერთი მცველი ა. რიბინი იხსენებს: მგზავრობისას სტალინს ხშირად თან ახლდა მცველი ტუკოვი, რომელიც წინა სავარძელში ჯდებოდა და როგორც წესი, გზაში თვლემდა. პოლიტბიუროს ერთ-ერთმა წევრმა, რომელიც ამ ამბავს შეესწრო, სტალინს უთხრა:
- ამხანაგო სტალინ, ვერ გამიგია, ვინ ვის იცავს?
- ეგ რა არის, - უპასუხა ბელადმა - ზოგჯერ თავის პისტოლეტს მაძლევს ხოლმე, რა იცი, რა ხდებაო!
14. სიყვარულზე
ერთხელ სტალინს მოახსენეს, მარშალ როკოსოვსკის საყვარელი გაუჩენია, ცნობილი მსახიობი ვალენტინა სეროვა და რა ვქნათო. სტალინმა ჩიბუხი გამოიღო, ცოტა ხანს იფიქრა და უპასუხა:
- რა ვქნათ და მგონი, უნდა შეგვშურდეს!
15. ლიმონი
სტალინი საქართველოს ცკ-ს პირველ მდივან ა.ი. მგელაძეს კუნცევოს აგარაკზე მასპინძლობდა და თავისი ხელით გამოყვანილი ლიმონი გაასინჯა:
- ამ ლიმონმა, აქ, მოსკოვის შემოგარენში იხარა!
ეს ფრაზა შემდეგშიც რამდენჯერმე გაუმეორა. სტუმარი მალე მიხვდა, რაშიც იყო საქმე და მოახსენა:
- ამხანაგო სტალინ! პირობას გაძლევთ, რამდენიმე წელიწადში საქართველო მთელ საბჭოთა კავშირს მოამარაგებს ლიმონით და უცხოეთიდან მისი შემოტანა აღარ დაგვჭირდება.
- მადლობა ღმერთს, რომ მიხვდით! - იყო სტალინის პასუხი.
16. დამსახურება
საარტილერიო სისტემების კონსტრუქტორი ვ. გ. გრამინი იხსენებს: „1942 წლის მიწურულს სტალინმა თავისთან მიხმო და მითხრა:
- თქვენმა ქვემეხებმა რუსეთი გადაარჩინა. რას ისურვებთ: სოციალისტური შრომის გმირის წოდებას თუ სტალინურ პრემიას?
- ჩემთვის სულერთია, ამხანაგო სტალინ.
ორიოდე დღეში გავიგე, რომ ორივე მომცეს.
17. მკვეხარა
ომის დროს ბაგრამიანის სამხედრო ნაწილებმა პირველებმა უწიეს ბალტიის ზღვას. ბაგრამიანმა ბრძანა, ბალტიის ზღვის წყლით ბოთლი აევსოთ და სტალინისთვის გაეგზავნათ. რა თქმა უნდა, ბრძანება შესრულდა, მაგრამ სანამ ადიუტანტი მოსკოვს მიფრინავდა, გერმანელებმა ბაგრამიანის ნაწილებს უკან დაახევინეს. მოსკოვში ეს უკვე იცოდნენ. ადიუტანტმა ამაყად შეაბიჯა სტალინის კაბინეტში და ხმამაღლა მოახსენა:
- ამხანაგო სტალინ! გენერალმა ბაგრამიანმა ბალტიის ზღვის წყალი გამოგიგზავნათ!
სტალინმა ბოთლი ჩამოართვა, ერთხანს ხელში ატრიალა, მერე მომტანს დაუბრუნა და უთხრა:
- ეს ბოთლი ბაგრამიანს მიუტანეთ და უთხარით, იქვე გადაღვაროს, სადაც აავსო!
18. მატარებლის გაჩერება
ერთხელ სტალინი ახალ ფილმს უყურებდა „მატარებელი აღმოსავლეთისკენ მიემგზავრება". დიდი ვერაფერი კინო იყო, მატარებლის გაუთავებელი რახრახი და აქა-იქ გაჩერებები, ერთ გაჩერებაზე სტალინმა იკითხა:
- ეს რა სადგურია?
- დემიანოვკა.
- ოო, ჩემი ჩასვლის დრო მოსულა, - თქვა და დარბაზი დატოვა.
19. ზომიერება
ქვანახშირის მრეწველობის მინისტრის კანდიდატურის განხილვისას ერთ-ერთი მაღაროს დირექტორის ზასიადკოს კანდიდატურა წარადგინეს. ვიღაცამ ხელები გაასავსავა:
- ცუდი არ არის, მაგრამ ალკოჰოლის მოყვარულია.
- შემახვედრეთ მაგ კაცთან, - ბრძანა სტალინმა. ზასიადკო მოიყვანეს, სტალინი გაესაუბრა და ისე, სხვათაშორის, დალევა შესთავაზა.
- სიამოვნებით, - იყო პასუხი, დაისხა ერთი, ჭიქა ბელადი ადღეგრძელა, გადაკრა და საუბარი განაგრძო. ცოტა ხანში სტალინმა ისევ შესთავაზა დალევა, ზასიადკომ ეს ჭიქაც მოინელა და მშვიდად განაგრძო ლაპარაკი. ბელადის მესამე შეთავაზებაზე, ზასიადკომ ჭიქა გასწია და უთხრა: ზასიადკომ თავისი ზომა იცის.
მეორე დღეს პოლიტბიუროს სხდომაზე ისევ დაიწყო მინისტრობის კანდიდატების გარჩევა, ისევ მის სმაზე გამახვილდა ყურადღება. ამ დროს სტალინი ოთახში ბოლთას სცემდა და მშვიდად გადაულაპარაკა სხდომის მონაწილეებს.
- ზასიადკომ ზომა იცის.
მას შემდეგ ზასიადკო დიდი ხნის მანძილზე ხელმძღვანელობდა ქვანახშირის მრეწველობის სამინისტროს.
20. სიხარბე
ერთი გენერალ-პოლკოვნიკი საომარი მდგომარეობის შესახებ მოხსენებას აკეთებდა. როდესაც სათქმელი მოათავა, ერთ ხანს კიდევ შეყოვნდა. სტალინმა ჰკითხა, კიდევ რამე ხომ არ გინდათო.
გენერალმა მოახსენა, გერმანიაში რაღაც ნივთები შევარჩიე ჩემთვის, მაგრამ საზღვარზე არ გადმომატანინეს და გთხოვთ, დამეხმაროთო. სტალინმა მოხსენების დაწერა სთხოვა და შემდეგ რეზოლუცია დაადო. გენერალი მადლობებში დაიღვარა. სტალინმა უთხრა, სამადლობელო არაფერია, რეზოლუცია წაიკითხეო.
იქ კი ეწერა: „მიეცით პოლკოვნიკს მისი ბარგი-ბარხანა".
გენერალმა ბელადს შებედა: „ამხანაგო სტალინ, აქ შეცდომაა, მე პოლკოვნიკი კი არა, გენერალ-პოლკოვნიკი ვარო".
სტალინმა მშვიდად ახედა და უპასუხა: „მანდ შეცდომა არ არის, ამხანაგო პოლკოვნიკო".