EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« რა შემთხვევაში შეიძლება დაკარგოთ მიწის ნაკვეთი? - საფრთხეები საჯარო რეესტრის შესახებ კანონპროექტში - იურისტის განმარტება »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2016-02-11 21:08:10
„კანონპროექტის ამ ფორმით მიღება კერძო მესაკუთრეებს პრობლემებს შეუქმნის. შესაძლოა, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომელიც დღეს საჯარო რეესტრში გატარებული არ არის, სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირდეს. გარდა ამისა, ეს უარყოფით გავლენას იქონიებს საინვესტიციო გარემოზეც, რადგან არსებობს რისკი, რომ სახელმწიფო განკარგავს მიწის ნაკვეთებს, რომელზეც კერძო პირებს გააჩნიათ მოთხოვნის უფლება. მიწის ყოფილ მფლობელსა და ახალ მესაკუთრეს შორის დაპირისპირება მიწის ეფექტიან გამოყენებას ხელს შეუშლის", - ამბობს „პოლიტკომერსანთან" საუბარში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტი თეა ზაქარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი „საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე პარლამენტს განსახილველად უკვე გაეგზავნა. აღნიშნული კანონპროექტი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შესახებ უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფას და ამ გზით უძრავი ქონების ბაზრის განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
თუმცა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოში" მიაჩნიათ, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინიციატივა კერძო საკუთრების ხელყოფის, მიწის ბაზრის განვითარებისა და საინვესტიციო გარემოს გაუარესების თვალსაზრისით მნიშვნელოვან საფრთხეებს შეიცავს.
კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო საკუთრებად დაირეგისტრირებს ყველა იმ მიწის ნაკვეთს, რომელზეც საჯარო რეესტრის მონაცემებით სხვა პირის უფლება არ დგინდება, თუმცა, წლების განმავლობაში განკარგავს. ამავდროულად, სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო" უფლებამოსილი საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის განკარგვისა და სარგებლობაში გადაცემის აკრძალვა მოითხოვოს. მსგავსი შეზღუდვის დაწესების შემთხვევაში, მათ, ვისაც სახელმწიფოსგან საკუთრი მიწის გამოთხოვა და დარეგისტრირება სურთ, ამისთვის 1 წლიანი ვადა ექნებათ. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, ქონების ეროვნული სააგენტო უფლებამოსილი იქნება სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები განკარგოს ან გაასხვისოს.
რა საფრთხეებს შეიცავს კანონპროექტის ამ ფორმით მიღება და რა დილემის წინაშე აღმოჩნდებიან რიგითი მოქალაქეები? - „პოლიტკომერსანტი" ამასთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტს თეა ზაქარაშვილს ესაუბრა.
„საინტერესოა, რომ 2015 წლის 29 ოქტომბრის იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „მიწის რეგისტრაციისა და პილოტურ არეალებში საკადასტრო მონაცემების სრულყოფის სტრატეგია" დაამტკიცა, რომელიც მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრისა და მოგვარების ერთიან ხედვას ითვალისწინებს. პილოტური პროექტის ფარგლებში მოსახლეობისთვის მიწის აზომვითი და სარეგისტრაციო სამუშაოები უფასოდ უნდა ჩატარდეს. ახალი კანონპროექტი კი, კერძო პირების ინტერესების შეზღუდვის მნიშვნელოვან საფრთხეებს შეიცავს. ამდენად, გაუგებარია სახელმწიფოს მიერ ორი არსებითად განსხვავებული მიდგომის მხარდაჭერა რატომ მოხდა", - ამბოს ზაქარაშვილი.
მისივე თქმით, დღესდღეობით საქართველოს ურბანული ტერიტორიების ფარგლებს გარეთ სასოფლო-სამეურნეო მიწების დაახლოებით 80% რეგისტრირებული არ არის.
„ხშირია შემთხვევები, როდესაც საჯარო რეესტრი რეგისტრირებული უძრავი ქონების ადგილმდებარეობის დადგენას ვერ ახერხებს. რადგან 90-იან წლებში მიწის ნაკვეთების დიდი ნაწილი სათანადო საკადასტრო ინფორმაციის გარეშე მნიშვნელოვანი ხარვეზებით დარეგისტრირდა. სამწუხაროდ შემოთავაზებული კანონპროექტი ამგვარი მესაკუთრეების დაცვის მექანიზმს არ ითვალისწინებს... გარდა ამისა, კანონპროექტის ფარგლებში საინფორმაციო კამპანია გათვალისწინებული არ არის. ამდენად, მოქალაქეები, რომლებსაც დაურეგისტრირებელი მიწები აქვთ, რომელსაც ფლობენ, ამუშავებენ და სხვა, არ იციან, რომ ერთ დღესაც შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ეს მიწა მათი აღარ არის. სახელმწიფოს მხრიდან ეს სწორი მიდგომა არ არის. პირიქით უნდა ყოფილიყო, ჯერ მოქალაქეებს უნდა დაერეგისტრირებინათ, ხოლო იმ მიწას, რომელსაც მესაკუთრე არ გამოუჩნდებოდა, საკუთრივ სახელმწიფო გაიფორმებდა." - ამბობს ზაქარაშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ იმ სტრატეგიით უნდა იხელმძღვანელოს, რომელიც შარშან იუსტიციის მინისტრმა დაამტკიცა.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვლმა განაცხადა, „თუ საჯარო რეესტრის შესახებ კანონპროექტში არის ისეთი ჩანაწერი, რომელმაც კერძო მესაკუთრე დააფიქრა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ეს ჩანაწერი უნდა გავასწოროთ და ამას აუცილებლად გავაკეთებთ". თუმცა, პარლამენტიდან კანონპროექტის გამოთხოვნის ალბათობა აშკარად გამორიცხა.