EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ვაჟის, კაცის სახელები - მ »

კატეგორია: სახელები ვაჟის

ავტორი: admin

თარიღი: 2016-08-09 15:23:00

ვაჟის, კაცის სახელები - მ

ვაჟის, კაცის სახელები - მ

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

მაგალი (ბერძნული) ეტიმოლოგია უცნობია.

მათე (ძველი ებრაული) " ღვთის კაცი ", " ღვთის ნაჩუქარი ". ფართოდ გავრცელებული ბიბლიური სახელია, ერქვა ერთ-ერთ მახარობელს, ქრისტეს მოციქულს. მნიშვნელობის მხრივ მას შეიძლება შევადაროთ ებრაული ნათან, ბერძნული თევდორე და დოროთე, სლავური ბოგდან... მათე-საგან ნაწარმოებია გვარები: მათეშვილი, მათეიშვილი, მათიაშვილი, მათიკაშვილი.

მაკარ (ბერძნული) " ნეტარი ", " ბედნიერი ". აქედანაა გვარები: მაკარაშვილი, მაკარაძე, მაკარიძე.

მალაქია (ძველი ებრაული) " ჩემი (იგულისხმება: ღვთის) გაგზავნილი ", ე. ი. " ღვთის მოციქული ". განიმარტება აგრეთვე როგორც " ანგელოზი " (საბა), " ანგელოზის სადარი ". ბიბლიური წინასწარმეტყველის სახელია.

მალხაზ (ქართული) " ცქვიტი ", " კოხტა ", " ლამაზი ". ფონეტიკურად ჰგავს ირანულს: მალი-ხას " რჩეული ნივთი ". მალხას ვაჟის სახელად გვხვდება სომხურშიც, მაგრამ მისი კავშირი ირანულ ენებთან საეჭვოდ მიიჩნევა. არის გვარი მალხაზიშვილი.

მამაგულა (ქართული) დადასტურებულია დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთებში (I, 116). აქედანაა გვარი მამაგულაშვილი.

მამამზე (ქართული).

მამანტი (ბერძნული) " ძიძა ". წმინდა მოწამეთა სახელია.

მამია (ქართული) საეკლესიო კალენდარში წმინდანთა შორის იხსენიება რამდენიმე მამა და ეს სახელი ბერძნული ენის ნიადაგზე განიმარტება როგორც " ძუძუმწოვარი ". ქართულში ის, ბუნებრივია, უკავშირდება " მამის " ცნებას და არა " ძუძუს " ან " ძიძას ". საზოგადო სახელისაგან გასარჩევად პიროვნულმა სახელმა მიიღო მცირედ განსხვავებული ფორმა – მამია. მისივე ვარიანტებია: მამისა, მამუკა. მამია ოდიშის და გურიის მთავართა საგვარეულო სახელი იყო. მათ შორის ყველაზე ადრე (1323-1345 წლებში) ოდიშის მთავარი იყო მამია I დადიანი, რომელიც 1330 წ. დასავლეთ საქართველოს სხვა ერისთავებთან ერთად დაეხმარა გიორგი ბრწყინვალეს საქართველოს ერთიანი სამეფოს აღდგენაში. XIX ს-დან ცნობილია პოეტი მამია გურიელი. მამია-საგან ნაწარმოებია გვარები: მამიაშვილი, მამაიაშვილი, მამიაური, მამეშვილი, მამეიშვილი.

მამისა (ქართული) აქედანაა გვარები: მამისაშვილი, მამისაიშვილი, მამისეიშვილი.

მამნე (ქართული) " მამისა " (წარმოების მხრივ შეადარეთ ცოტნე). აქედანაა გვარი მამნიაშვილი, მამინაშვილი, მამინაიშვილი.

მამუკა (ქართული) წინათ გვხვდებოდა აგრეთვე მისი კნინობითი ფორმა მამუკელა. ამათგან მიღებულია გვარები: მამუკაძე, მამუკაშვილი, მამუკიშვილი, მამუკელაშვილი.

მამული (ქართული) აქედანაა გვარები: მამულაშვილი, მამულაძე, მამულია, მამულაიშვილი, მამულაიძე.

მანასე (ძველი ებრაული) " დავიწყებული ", (ან " დამვიწყებელი ").

მანგია (ქართული) წარმოშობით სპარსული სიტყვა მანგი ( " მთვარე ", -მეტაფორულად " მოელვარე თვალი ", " მარგალიტი ") შემოსულია ქართულში და გვხვდება, მაგალითად, " ვეფხისტყაოსანში " ; " შემოვიდა მის წინაშე თინათინის მონა ზანგი, მოახსენა: " გიბრძანებსო ტანი ალვა, პირი მანგი " (120, 3-4). აქედან ა სუფიქსით ნაწარმოებია პიროვნული სახელი მანგია - " პირმშვენიერი ", " მთვარის მსგავსი ".

მანუჩარ (ირანული) " ციური (სამოთხისებური) სახის მქონე ". მისი ფონეტიკური ვარიანტია ნანუჩა. მანუჩარის ძველი ფორმაა მანუშჩიტრა, რაც " მანუშის მთაზე დაბადებულს " ნიშნავს, მაგრამ ჯერ კიდევ ფირდოუსის დროს (X ს.) ამ სახელს დაკარგული ჰქონია ძველი მნიშვნელობა და ნიშნავდა " სამოთხისებური სახის მქონეს ". მანუჩარი " შაჰ-ნამეს " ერთ-ერთი გმირია. ის შვილიშვილია ირანის ტახტის მემკვიდრის ირეჯისა, რომელიც ძმებმა მოკლეს. მამამისი ფერიდუნი ამის გამო დაბრმავდა. როცა ირეჯის შვილიშვილი დაიბადა, ფერიდუნმა ღმერთს შესთხოვა, წუთით დაებრუნებინა მისთვის მხედველობა, რომ ახალდაბადებული დაენახა; ღმერთმა თხოვნა შეუსრულა და ფერიდუნმა ბავშვს მანუჩარი ( " სამოთხის სახისა ") დაარქვა.

მარკოზ – ბერძნული საკუთარი სახელია, რომელსაც დამაჯერებელი ეტიმოლოგია არ მოეპოვება. ფიქრობენ, რომ მომდინარეობს ლათინურიდან და ნიშნავს " ჩაქუჩს ", სხვაგვარი ეტიმოლოგიით " ჭკნობადი " ან კიდევ " მარტისა " ( " მარტში დაბადებული "). ერქვა მახარებელს, ქრისტეს ერთ-ერთ მოციქულს, ასევე – რამდენიმე წმინდანს. მისგან ნაწარმოებია გვარები: მარკოზაშვილი, მარკოზიშვილი, მარკოზია, მარკოიშვილი, მარკოიძე.

მარტია (ლათინური) " მარსისა ", " მარსის (ომის ღმერთის) კუთვნილი ", ე. ი. " მეომარი ". ევროპულ ენებში გვხვდება იმავე ფუძისაგან ნაწარმოები ვაჟის სახელები მარტინე და მარტინიანე, ამ უკანასკნელთაგან კი იწარმოება ქალის სახელებიც: მარტინა, მარტინიანა. ქართულში მარტია გააზრებულია " მარტისა " ( " მარტში დაბადებული "). მისგან ნაწარმოებია გვარები: მარტიაშვილი, მარტაშვილი, მარტაძე.

მაქსიმე (ლათინური) " უდიდესი ". შეადარეთ სიტყვები მაქსიმუმი, მაქსიმალური. ამ სახელს ატარებდა რამდენიმე მოწამე. მათ შორის განსაკუთრებით ცნობილია მაქსიმე აღმსარებელი.

მაყა (ქართული) მნიშვნელობა გაურკვეველია, საეჭვოა კავშირი ჰქონდეს სვანურ ზმნის ფორმასთან: მაყა - " მყავს " (ფორმის მხრივ შეადარეთ თაყა). აქედანაა გვარი მაყაშვილი.

მაცი (ქართული) ეს სახელი ჰქვია ანტონ ფურცელაძის რომანის მთავარ გმირს ( " მაცი ხვიტია ".).

მახარა, მახარე (ქართული) აქედანაა გვარები: მახარაძე, მახარაშვილი. ძველად გავრცელებულუი იყო აგრეთვე ამავე ძირისაგან ნაწარმოები სახელი მახარობელა, საიდანაც მიღებულია გვარები: მახარობლიძე, მახარობლიშვილი. მახარე ჰქვია შიო არაგვისპირელის " გაბზარული გულის " მთავარ გმირს. მახარა კონსტანტინე გამსახურდიას " დავით აღმაშენებლის " ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია. იხ. კიდევ ხახარე.

მეთოდე (ბერძნული) " მკვლევარი ", " მაძიებელი ", " მწყობრად მავალი ". შეადარეთ კვლევა-ძიების სისიტემის აღმნიშვნელი სიტყვა მეთოდი. აგეთვე - მეთოდიკა, მეთოდური.

მელეტი (ბერძნული) " მზრუნველი ". პარალელური ფორმაა მელენტი.

მელიტონ (ბერძნული) " თაფლით ამოვსებული ", " თაფლიანი ". ამავე ფუძიდანაა ქალის სახელი მელიტა.

მელქისედეკ (ძველი ებრაული) " მეფე სიმართლისა ". ამ სახელით ცნობილია ქართული ეკლესიის რამდენიმე მამამთავარი. მათ შორის პირველია მელქისედეკ I, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1010-1033 წლებში, რომლის სახელსაც უკავშირდება პატრიარქობის დაწყება საქართველოში.

მერაბ (სპარსული) " მითრას (ღმერთის) ბრწყინვალების მქონე ". აქედანაა გვარები მერაბიშვილი და მერაბაშვილი. მერაბი ერქვა " შაჰ-ნამეს " ერთ-ერთ პერსონაჟს, როსტომის პაპას, რომელიც ზაბულისტანში მეფობდა.

მექი - მელქისედეკ-ის შემოკლებული ფორმაა, ქართულში ქცეულია დამოუკიდებელ სახელად.

მზეჭაბუკ (ქართული) მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ სამსონ. მისი შეკვეცილი ფორმებია: ჭაბუკა, ჭაბუა.

მინაგო (ბერძნული) " მთვარის მიხედვით ამხსნელი, მოუბარი " (შეადარეთ გერმანული ალფრედი).

მინდია (ქართული).

მირზა – კომპოზიტია, შედგენილი არაბულ-სპარსული სიტყვებისაგან: ამირ-ზადე - " ამირის შვილი ". ამირი შუა აზიაში არაბთა მოსვლის დროიდან ეწოდებოდა მხედართმთავარს, მმართველს. ამირობით ადიწყო თავისი კარიერა თემურ-ლენგმა, რომელმაც შემდგომ თითქმის ნახევარი აზია დაიპყრო, მაგრამ მაინც შეინარჩუნა ამირის ტიტული და არ გაცვალა იგი უფრო საპატიო წოდებაზე – ხანზე (ამ ტიტულს ატარებდნენ მონღოლთა ბელადის ჩინგიზ-ხანის შთამომავლები, თემური კი მათ არ ეკუთვნოდა), ხოლო თემურის შვილებმა მიიღეს წოდება ამირ(ემირ)-ზადე. აქედან თავბოლოს მოკვეცით მიღებულია მირზა, რომელიც გვხვდება როგორც ტიტულად, ისე საკუთარ სახელად. მაშასადამე, მისი თავდაპირველი მნიშვნელობაა " უფლისწული ", " ბატონიშვილი ". მოგვიანო ხანებში ასე მიმართავდნენ აგრეთვე მდივან-მწიგნობრებს, მწერლებს, ოღონდ ამ შემთხვევაში მირზა სახელის წინ დაისმის, მაშინ როცა " უფლისწულის " მნიშვნელობით ის სახელს მოსდევს. ჩვენში ამ სახელის გავრცელებას მოწმობს გვარი მირზაშვილი და გეოგრაფიული სახელი მირზაანი. ცნობილი ქართველი პოეტი იყო მირზა გელოვანი.

მირიან (სპარსული) " მითრასი " ანუ " მზისა " (მითრა მზის ღვთაების სახელია. მისგანვე არის ნაწარმოები მითრიდატე - " მითრას ბოძებული "). მირიანი ერქვა ქართლის მეფეს, ფარნავაზიანთა დინასტიის მესამე წარმომადგენელს (ძვ. წ, II საუკუნის დამდეგს.). ეს სახელი ერქვა მის შვილიშვილსაც (მირიან II). მისი სეხნია იყო აგრეთვე მირიან III, ვახტანგ გორგასლის პაპა, მოციქულთა სწორი, რომლის დროსაც ქრისტიანობა საქართველოში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა (337წ. ახლო ხანებში). ამ სახელისაგან ნაწარმოებია გვარი მირიანაშვილი.

მირონ (ბერძნული) " მტირალი " ან " მირონი (სურნელოვანი ზეთი) ". ამ სახელით ცნობილია რამდენიმე მღვდელმოწამე. აღმოსავლეთ საქართველოში გვხვდება მცირერიცხოვანი გვარი მირონაძე.

მიტროფანე (ბერძნული) " დედის გამომაჩინებელი " ე.ი. " დედის დიდება " ან " დედით გამოჩენილი " ( " სახელოვანი დედის შვილი ").

მიქელა (ძველი ებრაული) " ღვთის სწორი ", " ღვთაებრივი " (სიტყვასიტყვით: " ვინც ღმერთივით არის "). ეს სახელი ებრაულიდან შესულია ბერძნულში და ბერძნულის გზით ფართოდ გავრცელებულა მსოფლიოს მრავალ ენაში, ოღონდ გზადაგზა საგრძნობი ცვლილებები განუცდია. მისი პირვანდელი ფორმაა მიქაელ, სადაც ‘ქ’ ბერძნულშივე იქცა ‘ხ’-დ, ‘ე’ კი – ‘ი’-დ და მივიღეთ მიხაილ. ეს ფორმა შესულია რუსულში, მიხაი გვხვდება რუმინულში; მიხაილო, მიკოლა - უკრაინულში და ა. შ. ქართულში გვაქვს როგორც მიქელ, მიქელა, ისე მიხეილ, მიხა. უფრო ძველი ფორმაა პირველი, საიდანაც ნაწარმოებია გვარები: მიქელაძე, მიქელაშვილი, მიქელაიშვილი, მიქაშვილი, მიქიაშვილი, მიქაძე, მიქავა... მიხეილ-ისაგან კი ნაწარმოებია მხოლოდ ორიოდე გვარი – მიხელაშვილი, მიხელიძე.

მიხეილ – (იხ. აქვე ზემოთ მიქელა). მისი კნინობითი ფორმებია: მიხა, მიხო, მიხაკო.

მოკოდია (ქართული) " მინდოდა " (მეგრულად). შეადარეთ ქალის სახელი მოკონა.

მოსე (ძველი ებრაული) " წყლიდან ამოყვანილი (გადარჩენილი) ". ეს სახელი ერქვა ებრაელთა სჯულმდებელს, რობელიც ბიბლიური გადმოცემით, მდინარე ნილოსში მცურავ აკვანში იპოვნეს და ეგვიპტის დედოფალმა იშვილა. სხვაგვარი განმარტებით, ეს სახელი ძველეგვიპტურია და ნიშნავს " ბავშვს ". მისი ქართული ფორმაა მოშე, აღმოსავლური – მუსა. მისგან წარმოქმნილია გვარები: მოსაშვილი, მოსეშვილი, მოსიაშვილი, მოსიძე, მოსია, მოსიავა, მოსიშვილი, მოშიაშვილი და სხვ.

მოქია (ბერძნული) " დამცინავი ".

მურად (არაბული) " მიზანი ", " განზრახვა ". აქედანაა გვარი მურადაშვილი.

მურზაყან - იგივეა, რაც მირზახან (მირზა პლუს სპარსული სუფიქსი ხან. წარმოების მხრივ შეადარეთ ალმას-ხან, დურმიშ-ხან).

მურთაზ (არაბულ-სპარსული) " რჩეული ".

მურმან – აღმოსავლური სახელის მურვან-ის ფონეტიკური ვარიანტი უნდა იყოს. აქედანაა გვარები მურმანიშვილი, მურვანიშვილი, მურვანიძე. მურმანი ჰქვია ქართული ლეგენდის " აბესალომ და ეთერის " ერთ-ერთ პერსონაჟს.

მუშნი – სვანურად ნიშნავს " სვანს " (შეადარეთ ქართულ სატომო სახელწოდებათაგან მიღებული სახელები: ქართლოს, კახა, ივერი). სხვაგვარი ვარაუდის მიხედვით, ხურიტული სახელია და ნიშნავს " დიადს ", " ამაღლებულს ", " მშვენიერს ".

მუხრან (ქართული) " მუხიანი ", " მუხისა " (მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ ბესარიონ, სილოვან, სილიბისტრო, სილვა, სილვინა.)