EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« გოგოს, ქალის სახელები - ნ »

კატეგორია: სახელები ქალის

ავტორი: admin

თარიღი: 2016-08-10 11:58:11

გოგოს, ქალის სახელები - ნ

გოგოს, ქალის სახელები - ნ

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

girl-names

ნადეჟდა (სლავური) " იმედი ". ბერძნული ელპიდეს თარგმანია (დაწვრილებით იხ. ელპიდე, ლიუბა). მოფერებითი ფორმებია: ნადია, ნადო, ნადიკო.

ნაზი (ირანული) " კოხტა ". ძველ ირანულში ამ სახელს ატარებდნენ კაცები, ახალ სპარსულში დაუკავშირდა ქალს. ქართულში მხოლოდ ქალის სახელად გვხვდება. მისი მოფერებითი ფორმებია: ნაზია, ნაზო, ნაზიკო.

ნაზიბროლა (ქართული) აკაკი წერეთლის პოემა " გამზრდელის " ერთ-ერთი პერსონაჟის სახელია.

ნათელა (ქართული) ერთ-ერთი ძალზე გავრცელებული სახელია ქალისა, წინათ კაცის სახელადაც გვხვდებოდა (მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ: ლუკა, ლუკინა, ფოტინე, როქსანა, კლარა, ლუცია, ლუჩია, სვეტლანა და სხვანი) აქედანაა გვარები: ნათელაშვილი, ნათელაძე, ნათელაური. ნათელა ჰქვია აკაკი წერეთლის ამავე სახელწოდების პოემის მთავარ გმირს.

ნათია (ქართული) ნათელას პარალელური ფორმაა. გვხვდება ჯერ კიდევ XV ს. დამდეგს: როგორც " ქართლის ცხოვრება " გვაუწყებს, მეფე გიორგი VII-ს ცოლად ესვა ქუცნა ამირეჯიბის ასული ნათია. ნათელას მსგავსად ნათია (ნათაი) გვხვდება კაცის სახელადაც (იხსენიება, მაგალითად, სვანეთის კრების მატიანეში, რომელსაც XIII ს. მეორე ნახევრით ათარიღებენ). მისგან ჩანს მიღებული გვარები: ნათაძე, ნათიძე, ნათიშვილი.

ნაია (ბერძნული) " ალი ", " წყლის ნიმფა ".

ნაილი (არაბული) " საჩუქარი ". არაბულში კაცის სახელია. ქალის სახელად ქცეულია აზერბაიჯანულში ნაილია-ს ფორმით.

ნაირა (არაბული) " ნათელა ".

ნამი (ქართული) თვით სიტყვა ნამი სპარსულიდან არის შემოსული.

ნამეტი (ქართული) როცა მშობლებს ქალიშვილები უკვე ჰყავთ და ვაჟი სურთ, მაგრამ ისევ ქალიშვილი შეეძინებათ, მაშინ არქმევენ ამ სახელს. ნახეთ აგრეთვე კმარა.

ნანა (ბერძნული) " პაწაწინა ". ეს სახელი ერქვა ქართლის დედოფალს, მირიანის მეუღლეს, მოციქულთა სწორს, რომლის დროსაც ქრისტიანობა დამკვიდრდა საქართველოში (IV ს.). არსებობს ვარაუდი, რომ ნანა შესაძლოა უკავშირდებოდეს ძველი ხეთური ღვთაების სახელწოდებას. მასთან კავშირშია მომდევნო რამდენიმე სახელიც.

ნანამზე (ქართული).

ნანი (ქართული) გვხვდება სვანეთის კრების მატიანეში (XIII ს.). ნანასა და ნანის მოფერებითი ფორმებია: ნანია, ნანო, ნანიკო, ნანუკა.

ნანული (ქართული) ესეც ნანის საალერსო ფორმაა, ქცეული დამოუკიდებელ სახელად.

ნარგიზა (ბერძნული) პარალელური ფორმაა ნარგიზი. ანტიკური მითის მიხედვით, ნარკისი ანუ ნარცისი ერქვა თავის თავზე შეყვარებულ ლამაზ ჭაბუკს, რომელიც თავისი სილამაზის საჭვრეტად სულ ერთთავად წყალში იყურებოდა და ღმერთებმა ყვავილად აქციეს. ამ ყვავილის სახელი ქართულად გადმოიცემა ნარგიზის ფორმით და იგი ქალის სახელად გამოიყენება. იგი საერთოდ აღმოსავლეთში გავრცელებულია ქალის სახელად, თვით ბერძნულში კი ნარკისი ანუ ნარცისი ვაჟის სახელია, ნარკისა – ქალისა. სახელის ფუძეა ბერძნული ზმნა ნარკაო - " ვაშეშებ " (შეადარეთ სიტყვა ნარკოზი).

ნარგული (სპარსული) იგივეა რაც გულნარა - " ბროწეულის ყვავილი ".

ნატალია (ლათინური) " ბუნებრივი ", " მშობლიური ". დიეს ნატალის ლათინურად " დაბადების დღეს " ნიშნავს. ნატალი კაცის სახელია, რომლისგანაც ჩვეულებრივ სუფიქსის დართვით ნაწარმოებია ქალის სახელი ნატალია. მისი შემოკლებული ფორმებია ნატა, ნატო. რუსული მოფერებითი ფორმაა ნატაშა.

ნატო – ნატალიას შემოკლებული ფორმა – ქართულში ქცეულია დამოუკიდებელ სახელად. გაიხსენეთ, მაგალითად, გამოჩენილი მსახიობი ქალები – ნატო გაბუნია და ნატო ვაჩნაძე.

ნატრისი (ქართული).

ნატრული (ქართული).

ნელი - ელენე-ს (ან კიდევ მადლენა-ს) მოფერებითი ფორმაა. ახალი ნასესხებია ევროპული ენებიდან.

ნენე (ქართული) " დედისა ".

ნეოლინა (ბერძნული) " ახალგაზრდა ", " ახალი ". გახალხურებული (ბგერათგადასმით მიღებული) ფორმაა ერთ-ერთი მოწამის სახელისა – ნეონილა.

ნესტან - ნესტან-დარეჯან-ის პირველი ნაწილია, ქცეული ცალკე სახელად. ნესტან-დარეჯან მომდინარეობს სპარსული გამოთქმისაგან: ნესთ ანდარე ჯაჰან - " სწორუპოვარი ", უფრო ზუსტად: " არ არის ქვეყნად (მისი ტოლი) ". ეს სახელი ჰქვია " ვეფხისტყაოსნის " მთავარ გმირ ქალს. სრული (კომპოზიტიური) ფორმა, გარდა " ვეფხისტყაოსნისა ", დადასტურებულია ისტორიულ ძეგლებში (იხ.საქართველოს სიძველენი, III, 140). ამჟამად როგორც ნესტანი, ისე დარეჯანი გვხვდება ცალ-ცალკე სახელებად (იხ. დარეჯან).

ნინელი (რუსული) ახალი წარმოქმნილი სახელია, რომელშიაც ბოლოდან იკითხება ლენინი.

ნია (ბერძნული) " ახალი ".

ნინო - ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გავრცელებული ქალის სახელია საქართველოში უძველესი დროიდან დღემდე. ნინო ერქვა ქართველთა განმანათლებელს, მოციქულთა სწორს, IV საუკუნეში. ამ სახელის ეტიმოლოგია დაუდგენელია. ზოგიერთის აზრის, შესაძლოა უკავშირდებოდეს ასირიული ნაყოფიერების ღვთაების სახელს ნინ-ს (მისგანვე მომდინარეობს ასირიის დედაქალაქის სახელწოდება ნინევია). ყოველ შემთხვევაში, ნინო ამ ფორმით მხოლოდ ქართველებში გვხვდება და ქართულ სახელს წარმოადგენს, მას არავითარი კავშირი არა აქვს ევროპულ ენათა ნინა-სთან, რომელიც ანინა, კატარინა, ჯოვანინა და სხვა მისთანა სახელთა შემოკლებით არის მიღებული. ნინოს მოფერებითი ფორმებია: ნინიკო, ნინუცა, ნუცა, ნუციკო. მისგან ნაწარმოებია გვარი ნინოშვილი.

ნონა (ეგვიპტური) " ღვთისადმი მიძღვნილი ", " ღვთისადმი შეწირული ". სხვაგვარი ეტიმოლოგიით, ლათინურად ნიშნავს " მეცხრეს " (ნაწარმოებია ნონუს ვაჟის სახელისაგან). ბოლო დროს ამ სახელის ფართოდ გავრცელებას განსაკუთრებით შეუწყო ხელი სახელოვანი მოჭადრაკის, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის, ნონა გაფრინდაშვილის პოპულარობამ.

ნისა (არაბული) " ქალი ".

ნორა - ელეონორა-ს შემოკლებული ფორმაა.

ნუგეშა (ქართული).

ნუნუ - შესაძლოა უკავშირდებოდეს ძველ ეგვიპტურს, სადაც ‘ნუნ’ მთავარი წარმართული ღვთაების სახელია. ის იყო ყველა სხვა ღვთაების სათავე, მარადიული წყლის ქაოსი.

ნუშია (ქართული) მოფერებითი ფორმებია: ნუშა, ნუშო, ნუშიკო.

ნუცა - ნინო-ს მოფერებითი ფორმის – ნინუცა-ს შემოკლებული ვარიანტია, ამჟღავნებს დამოუკიდებელ სახელად ქცევის ტენდენციას (გაიხსენეთ ცნობილი მსახიობი ნუცა ჩხეიძე). ამის ნიშანია ისიც, რომ ამ მოფერებითი სახელისაგან კვლავ იწარმოება კნინობითი ფორმები: ნუციკო, ნუცკია.