EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« რასელი ბერტრან - თავისუფალი აზროვნება და ოფიციალური პროპაგანდა »
კატეგორია: ბიზნეს ჟურნალიავტორი: admin
თარიღი: 2016-10-26 23:35:34
მონკურ კონვეიმ, თავისი ცხოვრება მიუძღვნა ორ დიდ მიზანს: აზროვნების თავისუფლებასა და პიროვნების თავისუფლებას. ამასთან დაკავშირებით, ბევრი რამ იქნა მიღწეული, თუმცა ბევრიც დარჩა გასაკეთებელი.
სახეცვლილი ფორმით ახალი საშიშროებანი საფრთხეში აგდებენ ამ ორივე თავისუფლებას. მიუხედავად იმისა, რომ მათ დასაცავად შეიძლება შეიქმნას ენერგიული და ფხიზელი საზოგადოებრივი აზრი, ასობით წლის შემდეგ, ორივე შეიძლება უფრო შემცირდეს, დღევანდელთან შედარებით. ჩემი საუბრის მიზანია ახალი საშიშროებებისადმი ყურადღების მიქცევა და მათი თავიდან აცილების საშუალებათა განხილვა. ნება მომეცით, დავიწყო ისეთი ცნების ახსნის მცდელობით, როგორიცაა თავისუფალი აზრი . მას გააჩნია ორგვარი მნიშვნელობა. ყველაზე ვიწრო გაგებით, ის ნიშნავს აზროვნებას, რომელიც არ იღებს ტრადიციული რელიგიის დოგმებს. ამ გაგებით, ადამიანი არის თავისუფლად მოაზროვნე , თუ ის არ არის ქრისტიანი, არც მუსულმანი, არც ბუდისტი, არც სიონისტი და არც რომელიმე სხვა კონფესიის წევრი. ქრისტიანულ ქვეყნებში ადამიანი მაშინ იწოდება თავისუფლად მოაზროვნედ , თუკი მის შესახებ გადაწყვეტით არ შეიძლება ითქვას, რომ მას ღმერთის სწამს, თუმცა ბუდისტურ სახელმწიფოში ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანი მივიჩნიოთ თავისუფლად მოაზროვნედ .
მე მაინც არ მინდა შევამცირო თვით თავისუფალი აზროვნების მნიშვნელობა ამ ასპექტში. პირადად, არ მივეკუთვნები არც ერთ არსებულ რელიგიურ კონფესიას და ვიმედოვნებ, რომ ნებისმიერი რელიგია დროთა განმავლობაში შეწყვეტს თავის არსებობას. აგრეთვე, არ მწამს, რომ რელიგია ავრცელებდაა მსოფლიოში სიკეთეს. თუმცა, მზად ვარ ვაღიარო, რომ განსაზღვრულ დროს და განსაზღვრულ ქვეყნებში მას გააჩნდა გარკვეული დადებითი ეფექტი და მე მას მივაკუთვნებ ადამიანური გონების ფორმირების პროცესს და განვითარების იმ ეტაპს, რომელიც ჩვენ უკვე გავიარეთ.
არსებობს, ასევე, თავისუფალი აზრის უფრო ფართო გაგებაც, რომელიც, ჩემი აზრით, უფრო მეტად მნიშვნელოვანია. სინამდვილეში, ტრადიციული რელიგიების მიერ მიყენებული ზიანი უფრო მეტად საგრძნობია იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ისინი აფერხებდნენ თავისუფალ აზრის ფართოდ განვითარებას. ამის ახსნა, ვიწრო გაგებისგან განსხვავებით, არც თუ ისე ადვილია და უმჯობესი იქნებოდა მისი უფრო არსებითი განხილვა. როდესაც ვსაუბრობთ რაიმეზე, როგოც თავისუფალზე, ჩვენი განსაზღვრება იქამდეა გაურკვეველი, სანამ არ შევძლებთ იმის თქმას, თუ რისგანაა ის თავისუფალი. რაიმე ან ვინმე თავისუფალია, თუკი ის არ განიცდის გარეგან იძულებას, და კონკრეტულნი, რომ ვიყოთ უნდა განვსაზღვროთ, თუ რა სახისაა არის ეს იძულება. ამდენად, აზრი თავისუფალია , თუკი ის თავისუფალია ხშირად არსებული გარეგანი კონტროლისგან. კონტროლის ზოგიერთი სახე, რომელიც არ უნდა არსებობდეს, თუკი აზრი თავისუფალია, საკმარისად თვალსაჩინოა, მაგრამ სხვები უფრო რთული აღმოსაჩენი და ფარულია.
დავიწყოთ შედარებით თვალსაჩინოთაგან. აზრი არ არის თავისუფალი, თუკი ამა თუ იმ შეხედულების მომხრეების ან ოპონენტების მიმართ იყენებენ სამართლებრივ სასჯელებს, დაშვებულია მხოლოდ ერთი შეხედულების გამოთქმის შესაძლებლობა ან განსაზღვრულ საკითხებზე საერთოდ აკრძალულია აზრის გამოთქმა. ასეთი ელემენტარული სახის თავისუფლებაც ჯერ მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობის სახელწიფოებში არსებობს. ინგლისში მკრეხელობის შესახებ კანონის თანახმად, ისჯება ქრისტიანული რელიგიის მიმართ ურწმუნოების გამოხატვა, თუმცა რეალურად, ეს კანონი არ მოქმედებს მდიდრებისთვის. საოცარია, რომ აგრეთვე იკრძალება ბოროტების წინააღმდეგ ძალადობის არგამოყენების შესახებQქრისტეს სწავლების პროპაგანდა. ამდენად, ნებისმიერი, ვისაც სურს გაექცეს დამნაშავის ხვედრს, უნდა ეთანხმებოდეს ქრისტეს მოძღვრებას, მაგრამ თავი უნდა აარიდოს იმის შესახებ საუბარს, თუ რაში მდგომარეობს ეს მოძღვრება. ამერიკაში არავის შეუძლია ჩავიდეს იმ ოფიციალური განცხადების გარეშე, რომლის თანახმად, ის არ არის ანარქისტი და პოლიგამიის წინააღმდეგი. აგრეთვე, ის არ უნდა იყოს კომუნიზმის მომხრე. იაპონიაში უკანონოდაა გამოცხადებული მიკადოს (იაპონიის იმპერატორი) ღვთაებრიობაში ეჭვის შეტანა. ამდენად, მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნებში მოგზაურობა შეიძლება ძალიანაც სარისკო აღმოჩნდეს. ასე რომ მუჰამედის ან ტოლსტოის მიმდევარი, ბოლშევიკი ან ქრისტიანი, თავისი მოგზაურობის რაღაც მომენტში შიეძლება ბრალდებული აღმოჩნდეს თუ არ გაჩუმდება იმის შესახებ, თუ რას თვლის ის მნიშვნელოვნად და ჭეშმარიტებად. ეს, რა თქმა უნდა, შეეხება მესამე კლასის მგზავრებს, ხოლო პირველი კლასის მგზავრებს კი შეუძლიათ სჯეროდეთ იმის, რაც სურთ, მათ ვერავინ შეაწუხებს აბეზარი შეკითხვებით.
ნათელია, რომ თავისუფალი აზრის არსებობის ელემენტარული პირობა არის ამ აზრის გამოხატვისათვის სამართლებრივი სასჯელების არარსებობა. სინამდვილეში ვერც ერთმა დიდმა სახელმწიფომ ამას ვერ მიაღწია, თუმცა მათი უმეტესობა ამას არ აღიარებს. შეხედულებები, რომელთა გამოც შეიძლება დევნა განიცადო, უმრავლესობას შეიძლება მოეჩვენოს ისეთ საშინელებად, რომლის მიმართ შემწყნარებლობა შეუძლებელია. სწორედ სხვაგვარი აზროვნების მიმართ შეუწყნარებლობამ გახადა თავის დროზე შესაძლებელი ინკვიზიციის საშინელებანი. იყო დრო, როდესაც პროტესტანტიზმი წარმოჩინდებოდა ისეთივე ბოროტებად, როგორც ახლა ბოლშევიზმი. გთხოვთ, არ გეგონოთ, რომ თითქოს მე პროტესტანტი ან ბოლშევიკი ვიყო.
შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე მსოფლიოში სამართლებრივი სასჯელები ყველაზე ნაკლებად უშლიან ხელს აზრის თავისუფლებას. ორი ყველაზე მნიშვნელოვანი დაბრკოლება არის ეკონომიკური სასჯელები და და ფაქტების გაყალბება. ცხადია, რომ აზრი ვერ იქნება თავისუფალი, თუკი განსაზღვრული შეხედულებების მიმდევრები თავს ვერ ირჩენენ და შიმშილისთვის არიან განწირულნი. ასევე, ცხადია, რომ აზრი არ არის თავისუფალი, თუ დისკუსიის დროს ერთი მხარის ყველა არგუმენტები ყოველთვის წარმოდგენილია შეძლებისდაგვარად მიმზიდველად, ხოლო მეორე მხარის არგუმენტების წარმოჩენასაც კი თითქმის ყოველთვის უშლიან ხელს. ორივე ეს წინაღობა არსებობს ჩემთვის ცნობილ ყველა დიდ ქვეყანაში, ჩინეთის გარდა, რომელიც თავისუფლების უკანასკნელი კუნძულია.
შევეცდები ვისაუბრო სწორედ, ამ დაბრკოლებების, მათი ახლანდელი მდგომარეობისა და მნიშვნელობის, მათი გაზრდისა და ან შემცირების შესაძლებლობის შესახებ.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ აზრი თავისუფალია, როცა ის იმყოფება სხვა შეხედულებებთან ერთად თავისუფალი კონკურენციის პირობებში ე.ი. მაშინ, როცა თითოეულს შეეძლება თავისი აზრის გამოხატვა და არც იურიდიული, არც მატერიალური მდგომარეობა გავლენას არ ახდენს პიროვნების შეხედულებებზე. ეს იდეალური მდგომარეოობაა, რომელიც სხვადახვა მიზეზების გამო ვერ იქნება მიღწეული, მაგრამ მასთან მიახლოება შეიძლება უფრო მეტად, ვიდრე დღეს ვიმყოფებით.
სამი მაგალითი ჩემი პირადი ცხოვრებიდან აჩვენებს, რომ ინგლისში თემიდას სასწორი ქრისტიანების მხარეს იხრება და მრავალ აგნოსტიკოსს ვერც კი წარმოუდგენია, თუ რა პრობლემების წინ შეიძლება აღმოჩნდეს თავისი მსოფლმხედველობის საჯაროდ გამოხატვის შემთხვევაში.
პირველი ინციდენტი მოხდა ჩემი ცხოვრების ადრეულ ეტაპზე. მამაჩემი თავისუფლად მოაზროვნე ადამიანი იყო. სამი წლის ვიყავი, როდესაც ის გარდაიცვალა. მას უნდოდა, რომ მე ყოველგვარი რელიგიური ცრურწმენისაგან გარეშე გავზრდილიყავი, ამიტომ ორი თავისუფლად მოაზროვნე ადამიანი დამინიშნა მეურვედ. სასამართლომ მისი ნება უგულვებელყო და მე ქრისტიანულ სარწმუნოებაში გავიზარდე. ვშიშობ, რომ შედეგი იმედის გამაცრუებლი იყო, მაგრამ აქ კანონს ბრალი არ მიუძღვის. თუკი მამა ისურვებდა ჩემს მაგლეტონიანისტად ან მეშვიდე დღის ადვენტისტად აღზრდას, მოსამართლენი უარს არ ეტყოდნენ. რა გამოდის? მშობლებს აქვთ უფლება წინასწარ განსაზღვრონ ნებისმიერი ცრურწმენა, რომელსაც შვილებს ასწავლიან მათი გარდაცვალების შემდეგ, მაგრამ უფლება არ აქვთ უანდერძონ ბავშვების იურიდიული დაცვა ცრუმორწმუნეობისგან.
მეორე შემთხვევა მოხდა 1910 წელს. იმ დროს მინდოდა, ლიბერალური პარტიის სიით საპარლამენტო არჩევნებში მიმეღო მონაწილეობა და ფრაქციის წევრებმა რეკომენდაცია გამიწიეს ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში. სიტყვით გამოვედი ლიბერალურ ასოციაციაში, რომელიც კეთილად მომექცა და ჩემი მიღება გადაწყვეტილი იყო. ფრაქციის დახურულ წინასაარჩევნო სხდომაზე მკითხეს ჩემი რწმენის შესახებ, მე ვუპასუხე, რომ აგნოსტიკოსი ვიყავი. ისინი დაინტერესდნენ თუ არსებობდა შესაძლებლობა, რომ ეს ფაქტი საზოგადოებისათვის ცნობილი გამხდარიყო. მე დადებითად ვუპასუხე. მათ მკითხეს ხომ არ მინდოდა, რომ ხან და ხან შემევლო ეკლესიაში. მე ვიუარე. შედეგად, მათ, სხვა კანდიდატი წარადგინეს პარლამენტის დაპუტატად, რომელიც ახლა მთავრობის წევრი გახდა.
მესამე შემთხვევა: მიმიწვიეს კემბრიჯის უნივერსიტეტის სამების კოლეჯში ლექტორად, მაგრამ არა კოლეჯის საბჭოს წევრად. განსხვავება ხელფასში კი არ არის, არამედ იმაში, რომ საბჭოს წევრს კოლეჯის მართვაში ხმის უფლება გააჩნია და ვერ იქნება განთავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან წევრობის პერიოდში, თუ არ ჩაიდენს რაიმე ამორალურ საქციელს. მთავარი მიზეზი იმისა, რომ არ შემომთავაზეს საბჭოში მონაწილეობა იყო ის, რომ კლერიკალურ პარტიას არ უნდოდა ანტიკლერიკალური ხმების გაზრდა. შედეგად, 1916 წელს, მათ ჩემი გაგდების შესაძლებლობა მიეცათ, როდესაც არ მოეწონათ ჩემი შეხედულებები ომის თაობაზე. დავამატებდი, რომ მოგვიანებით, საომარი ვნებები დაცხრა და მათ კვლავ დამნიშნეს თანამდებობაზე. მე რომ მატერიალურად დამოკიდებული ვყოფილიყავი კოლეჯში სამსახურზე, მაშინ შიმშილი მომიწევდა.
ეს სამი შემთხვევა წარმოაჩენს იმ დევნას, რომელიც თავისუფლად მოაზროვნე ადამიანები განიცდიან, თვით თანამედროვე ინგლისშიც კი. ნებისმიერი სხვა ადამიანი, მსგავსი შეხედულებებით, შეძლებდა ასეთი და კიდევ უფრო უარესი ფაქტების დასახელებას თავისი გამოცდილებიდან. ნათელია, რომ, მატერიალურად გაჭირვებული ხალხი ვერ გაბედავს ღიად საუბარს თავისი რელიგიური თუ სხვა შეხედულებების შესახებ.
თავისუფლების არარსებობა, რა თქმა უნდა, არ უკავშირდება მხოლოდ რელიგიას. კომუნიზმის ან თავისუფალი სიყვარულისადმი რწმენა ადამიანს უფრო მძიმე მდგომარეობაში აყენებს, ვიდრე აგნოსტიციზმი. ამ ადამიანის საზოგადოებრივი სტატუსისათვის საშიშია არა მარტო ამ შეხედულებების პირადად გაზიარება, არამედ უფრო რთულია მათი სასარგებლო არგუმენტების საჯაროდ განცხადება. მეორეს მხრივ, რუსეთში დიამეტრალურად საპირისპიროა სიტუაციაა:
იქ პრივილეგიებს და ძალაუფლებას ფლობენ ისინი, ვინც ქადაგებს ათეიზმს, კომუნიზმს და თავისუფალ სიყვარულს და არ არსებობს რაიმე საშუალება მათი საწინააღმდეგო აზრების გავრცელებისა. შედეგად, რუსეთში ფანატიკოსების ერთი ჯგუფი აბსოლუტურად დარწმუნებულია მოცემულ საეჭვო ჭეშმარიტებაში, მაშინ როცა მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში ფანატიკოსების სხვა ჯგუფს ისეთივე რწმენა აქვს დიამეტრულად განსხვავებული საეჭვო ჭეშმარიტების მიმართ. ორივე შემთხვევაში, ასეთი სიტუაცია იწვევს ომს, იმედგაცრუებასა და დევნას.
უილიამ ჯეიმსი ოდესღაც
რწმენისადმი ნებას ქადაგებდა. მე, ჩემის მხრივ, მინდა ვიქადაგო ეჭვისადმი ნება . არც ერთი ჩვენი შეხედულება არ არის აბსოლუტური ჭეშმარიტება, ყველა მათგანი ატარებს განუსაზღვრელობისა და გაურკვევლობის ანაბეჭდს. ჩვენი შეხედულებების ჭეშმარიტების ხარისხის გაზრდის მეთოდები კარგადაა ცნობილი: ის მდგომარეობს ყველა მხარის მოსმენის მცდელობაში, საკითხის შესახებ არსებული ფაქტების დადგენის მცდელობაში, კამათისას პირადი მიკერძოების მოთოკვაში, აგრეთვე უნდა შეგვეძლოს უარვყოთ ნებისმიერი ჰიპოთეზა, თუ კი ცხადად დამტკიცდება მისი სიყალბე. ასეთი მეთოდები გამოიყენება მეცნიერებაში და ისინი წარმოადგენენ მეცნიერული ცოდნის საფუძველს. ყოველი ჭეშმარიტი სწავლული მზადაა აღიაროს, რომ მეცნიერების განვითარებიდან გამომდინარე ნებისმიერი თანამედროვე მეცნიერული ცოდნა, უდაოდ, საჭიროებს ცვლილებას (კორექციას). ეს კორექცია საკმარისია მეცნიერული კვლევის პრაქტიკული მიზნების უმრავლესობის განხორციელებისათვის. მეცნიერებაში, რომელშიდაც მხოლოდ შეიძლება ნამდვილ ცოდნასთან მიახლოებული აღმოჩენების გაკეთება, ადამიანების შეხედულებები მაინც შეფარდებითია და ეჭვებით აღსავსე.
მიუხედავად იმისა, რომ რელიგიასა და პოლიტიკაში ცოდნისადმი მეცნიერული მიდგომის მსგავსიც კი არ არსებობს ყველა თვლის დე რიგუეურ (მკაცრად სავალდებულოდ
ფრანგ.) დოგმატური მსოფლმხედველობის ქონას, რომელის განმტკიცებისთვისაც იყენებენ შიმშილს, ციხეებს, ომებს, ახშობენ ყოველ არგუმენტირებულ კრიტიკას. შესაძლებელი, რომ იყოს ყველა ამ პრობლემის ანალიტიკოსი აგნოსტიკოსის თვალით შეხედვა, თანამედროვე მსოფლიოში ბოროტების ცხრა მეათედი აღარ იარსებებდა. ომი წარმოუდგენელი გახდებოდა, რადგან თითოეული მხარე აღიარებდა, რომ შეიძლება ორივენი ცდებოდნენ. დევნაც შეწყდებოდა. განათლება მიზნად დაისახავდა აზროვნების განვითარებასა და გავრცელებას და არა მის შეზღუდვას. თანამდებობებზე შეირჩეოდნენ ადამიანები, პროფესიონალიზმის მიხედვით და არა იმიტომ, რომ ისინი ეპირფერებიან ხელისუფლების წევრების ირაციონალურ იდეოლოგიას. ამდენად, მხოლოდ რაციონალური ანალიზია საკმარისი იმისთვის, რომ დადგეს ოქროს ხანა .
ახლახანს ჩვენ ფარდობითობის თეორიისადმი და მსოფლიოს მიერ მისი აღქმისადმი მეცნიერული მიდგომის შესანიშნავი მაგალითი ვნახეთ. აინშტაინი, გერმანულ-შვეიცარიულ-ებრაული წარმოშობის პაციფისტი, გერმანულმა ხელისუფლებამ პროფესორად დანიშნა და მეცნიერულ კველვებს ატარებდა 1914-18 ომის წლებში. მისი თეორია დადასტურებულ იქნა ინგლისური ექსპედიციის მიერ, რომელიც 1919 წ.ელს მთვარის დაბნელებას თვალყურს ადევნებდა. აინშტაინის თეორია ცვლის ტრადიციული ფიზიკის მთელ თეორიულ საფუძველს. ის ისეთივე გამანადგურებელია კლასიკური დინამიკისთვის, როგორც დარვინის ევოლუციის თეორია ბიბლიის დაბადების წიგნისთვის . ამისდა მიუხედავად ფიზიკოსები ყველგან აცხადებენ აინშტაინის თეორიის მიღებისთვის მზადყოფნას, რადგანაც არსებობდა მრავალი დამამტკიცებელი საბუთი. მაგრამ არცერთი მათგანი და თვი თაინშტაინიც კი, არ აცხადებს, რომ ფლობს ბოლო ინსტანციის ჭეშმარიტებას. აინშტაინს არ აღუმართავს უცდომელობის მარადიული მონუმენტი. არსებობს პრობლემები, რომელთა გადაჭრაც მას არ ძალუძს. მისი დოქტრინა, ისევე, შეიცვლება როგორც ნიუტონის თეორია შეიცვალა. სწორედ ასეთი არის კრიტიკული, არადოგმატური აღქმა და ნამდვილი მეცნიერული პოზიცია.
რა მოხდებოდა თუ აინშტაინი წამოჭრიდა რაიმე, ასეთივე ახალ საკითხს, რელიგიასა ან პოლიტიკაში? მის თეორიაში ინგლისელები პრუსიელობის ელემენტებს აღმოაჩენდნენ, ანტისემიტები - სიონისტურ სიუჟეტებს, ყველა ქვეყნის ნაციონალისტები - ლაჩრულ პაციფიზმს და სამხედრო სამსახურის თავის არიდების მცდელობას. ყველა ძველმოდური პროფესორი სკოტლანდ იარდს მოსთხოვდა აინშტაინის წიგნების აკრძალვას. მისდამი სიმპათიით განწყობილ მასწავლებლებს სამსახურიდან მოხსნიდნენ. თვითონ აინშტაინს კი დაისაკუთრებდა რომელიმე ჩამორჩენილი ქვეყნის მთავრობა, რომელიც მის თეორიას მისტიკურ იდეოლოგიად გადააქცევდა და თავის სახელმწიფოში სხვა ყველაფრის სწავლებას აკრძალავდა. ბოლოს, მისი დოქტრინის ჭეშმარიტების თუ მცდარობის საკითხი, ყოველგვარი დამამტკიცებელი თუ უარმყოფელი მტკიცებულებების ძებნის მცდელობის გარეშე, ბრძოლის ველზე გადაწყდებოდა. ეს არის ლოგიკური შედეგი უილიამ ჯეიმსის რწმენის სურვილისა .
აუცილებელია არა მარტო რწმენის, არამედ შემეცნების სურვილიც, რაც სრულიად საწინააღმდეგოა.
თუ დავუშვებთ, რომ რაციონალური ანალიზის საჭიროება იზრდება, მაშინ საინტერესოა თუ რატომ არის მსოფლიოში გავრცელებული ირაციონალური თვითდაჯერება. ძირითადად ეს არის შედეგი ირაციონალური და მიმნდობი ჩვეულებრივი ადამიანისაგან მიღებული მემკვიდრეობისა. მაგრამ ეს ინტელექტუალური პირველდაცემითი ცოდვის მარცვალი იკვებება სხვა ფაქტორებითაც, რომელთა შორის სამს ეკისრება წამყვანი როლი, კერძოდ: განათლება, პროპაგანდა და ეკონომიკური ზეწოლა.
მოდით, განვიხილოთ თითოეული მათგანი ცალ-ცალკე.
1.განათლება.
ყველა განვითარებულ ქვეყანაში, დაწყებითი განათლება სახელმწიფოს ხელშია. სახელმწიფო მოხელეებისთვის ცნობილია, რომ სასწავლო მასალის ნაწილი არის მცდარი, სხვა ბევრი საგანი, ასევე, მცდარია ან ყოველ შემთხვევაში საეჭვოა თითოეული მოაზროვნე ადამიანისთვის. მაგალითისთვის ავიღოთ ისტორიის სწავლება. ისტორიის სახელმძღვანელოებში თითოეული ერი ცდილობს მხოლოდ თავის განდიდებას. როცა ადამიანი წერს ავტობიოგრაფიას, მოსალოდნელია, რომ ის გარკვეულ თავმდაბლობას გამოიჩენს, მაგრამ როცა ერი წერს თავის ისტორიას, მაშინ საზღვარი არ აქვს ტრაბახსა და ქება-დიდებას. როცა ახალგაზრდა ვიყავი, სასკოლო სახელმძღვანელოები გვასწავლიდნენ, რომ ფრანგები უზნეოები არიან, ხოლო გერმანელები
სათნოებით აღსავსენი. ახლა პირიქით ისწავლება. ბუნებრივია არც ერთი არ არის მართალი. გერმანულ სასკოლო სახელმძღვანელოებში ვატერლოოს ბრძოლა აღწერილია იმგვარად, რომ პრაქტიკულად დამარცხებულ ველინგტონს ბლიუხერი მოევლინა მხსნელად. ინგლისური სახელმძღვანელოების მიხედვით კი ბლიუხერს არანაირი გავლენა არ მოუხდენია ბრძოლაზე. ორივე სახელმძღვანელოების ავტორებმა იციან, რომ არ ამბობენ მთელ სიმართლეს. ამერიკული სასკოლო სახელმძღვანელოები ჩვეულებრივ აღსავსე იყო მძაფრი ანტიბრიტანული განწყობილებით, ხოლო 1914-18 წწ. ომიდან დაწყებული, ისინი იგივე სიმძაფრით პრობრიტანულნი გახდნენ, ჭეშმარიტება კი არც ერთ შემთხვევაში არავის აინტერესებდა. როგორც ადრე, ახლაც, შეერთებულ შტატებში განათლების ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს ემიგრანტთა შვილების ჭრელი ჯგუფების კარგ ამერიკელებად აღზრდა. ცხადია, თავში აზრადაც არავის მოსდის, რომ კარგი ამერიკელი , ისევე როგორც კარგი გერმანელი ან კარგი იაპონელი , როგორც ადამიანი ცუდი იქნება. კარგი ამერიკელი არის იმ სულისკვეთებითაა აღზრდილი, რომ ამერიკა დედამიწაზე ყველაზე საუკეთესო ქვეყანაა და ამ შეხედულებას იცავს ნებისმიერ კამათში. თუკი ჩავთვლით, რომ ასეთი მტკიცება სწორია, მაშინ რაციონალურად მოაზროვნე ადამიანი არ უნდა აპროტესტებდეს მას და თუ ის სიმართლეს შეესაბამება, უნდა ისწავლებოდეს ყველგან და არა მხოლოდ ამერიკაში. უცნაურია, რომ ასეთ შეხედულებებს არსად არ იზიარებენ იმ ქვეყნის გარდა, რომლის ქება- დიდებაცაა მათში გამოთქმული. იმავდროულად, სხვადასხვა ქვეყნებში მთელი სახელმწიფო მექანიზმი აიძულებსს დაუცველ ბავშვებს, სწამდეთ აბსურდული ჭეშმარიტებებისა, რომელთა მიზანია მათი შთააგონონ, რომ სიცოცხლე შესწირონ ვიღაცეების ქვენა ინტერესებს, შთააგონონ მათ, რომ ისინი სამართლიანი საქმისთვის იბრძოლებენ. ეს ამგვარი განათლების მიცემის მხოლოდ ერთ-ერთი საშუალებაა: არ მისცენ ჭეშმარიტი ცოდნა, რათა ადამიანები ადვილად ემორჩილებოდნენ თავიანთ პატრონებს. დაწყებით სკოლებში მოტყუების კარგად შემუშავებული სისტემის გარეშე, შეუძლებელი გახდებოდა დემოკრატიის ხაფანგების შენარჩუნება.
სანამ დავასრულებდე განათლების შესახებ საუბარს, მოვიყვან სხვა მაგალითს ამერიკული ცხოვრებიდან. არა იმიტომ, რომ ამერიკა რითიმე უარესია სხვა ქვეყნებთან შედარებით, პირიქით ის ყველაზე თანამედროვეა და ამიტომ იქ უფრო თვალსაჩინოა იმ საფრთხეების არსებობა რომლებიც უფრო სწრაფად იზრდებიან, ვიდრე სხვები ქრებიან. ნიუ-იორკის შტატში აკრძალულია კერძო სკოლის გახსნაც კი სახელმწიფო ლიცენზიის გარეშე. ახალმა კანონმა დაადგინა, რომ ლიცენზია არ უნდა გაიცეს იმ სკოლაზე, სადაც ბავშვებს აცნობენ ისეთ დოქტრინებს, რომელთა მიხედვითაც კანონიერი ხელისუფლება შეიძლება დაემხოს ძალადობისა ან სხვა არასამართლებრივი საშუალებების გამოყენებით . როგორც გაზეთი ნიუ რიპაბლიკი აღნიშნავს, არ აქვს მნიშვნელობა თუ რა ფორმის კანონიერი ხელისუფლების შესახებაა საუბარი. შესაბამისად კანონი, უკანონოდ გამოაცხადებდა უკანასკნელი ომის დროს იმის სწავლებას, რომ კაიზერული გერმანიის ხელისუფლება შეიძლება ჩამოაგდონ ძალით. ასევე, უკანონოდ გამოცხადდებოდა კოლჩაკის ან დენიკინის მხარდაჭერა მათი ბრძოლაში საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. ასეთი დასკვნები, რა თქმა უნდა, არ იყო შეგნებულად გათვალისწინებული და ეს აღმოჩნდა ცუდი კანონის შედეგი. ჭეშმარიტი არსი მდგომარეობდა სხვა კანონში, რომელიც იმავე დროს იყო მიღებული და სავალდებულო იყო სახელმწიფო სკოლების მასწავლებელთათვის. ეს კანონი აცხადებს, რომ მასწავლებლის სერთიფიკატები, უნდა გაიცეს მხოლოდ მათზე, ვინც საკმარისად გამოამჟღავნა ლოიალურობა და მორჩილება შესაბამისი შტატისა და ამერიკის მთავრობის მიმართ . უარი უნდა ეთქვას მათ, ვინც ემხრობოდა, არ აქვს მნიშვნელობა როდის და სად, მოცემული შტატის ან შეერთებულ შტატებში არსებულისგან განსხვავებულ მმართველობის ფორმას. კომიტეტმა, რომელმაც შეიმუშავა ეს კანონები, როგორც ნიუ რიპაბლიკი აცხადებს, დაადგინა, რომ მასწავლებელი, რომელიც არ ეთანხმება არსებულ სოციალურ სისტემას... უნდა გათავისუფლდეს თანამდებობიდან და
მხოლოდ იმ ადამიანს, ვინც მხარს არ უჭერს სოციალური ცვლილებების თეორიას, შეიძლება დაევალოს სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობის გაღვივება ბავშვებსა და ახალგაზრდებში . ამდენად, ნიუ-იორკის კანონით თანახმად, ქრისტე და ჯორჯ ვაშინგტონი მორალურად საკმაოდ არამდგრადი პიროვნებები იყვნენ, რომ მათთვის ბავშვების აღზრდა დაევალებინათ. თუკი ქრისტე მოვიდოდა ნიუ-იორკში და იტყოდა: მიეცით ნება პატარა ბავშვებს, რომ ჩემთან მოვიდნენ . ნიუ-იორკის სასწავლო საბჭოს პრეზიდენტი უპასუხებდა: სერ, მე არ მაქვს იმის დამამტკიცებელი საბუთი, რომ თქვენ მიისწრაფით, იბრძოლოთ სოციალური ცვლილებების თეორიის წინააღმდეგ. სინამდვილეში, გამიგია, რომ იცავთ იმას, რასაც ზეციური სამეფო ჰქვია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა, მადლობა ღმერთს, რესპუბლიკაა. ნათელია, რომ თქვენი სამეფოს პოლიტიკური წყობილება არსებითად განსხვავდება ნიუ-იორკის შტატში არსებულისგან. ამდენად, თქვენ ვერ მიგიშვებთ ბავშვებთან. თუკი პრეზიდენტი ასეთ განცხადებას არ გააკეთებს, ის არ შეასრულებს თავის მოვალეობას, როგორც თანამდებობის პირი, რომელმაც კანონით უნდა იხელმძღვანელოს.
ასეთი კანონებით გამოწვეული ეფექტი ძალიან სერიოზულია: მოდით წარმოვიდგინოთ, რომ ნიუ-იორკის შტატის ხელისუფლება და სოციალური სისტემა ყველაზე საუკეთესოა პლანეტაზე არსებულ ყველა სისტემას შორის. თუნდაც ასეთ შემთხვევაში, ორივე, შეიძლება კიდევ უფრო სრულყოფილ იქნას. ნებისმიერ ადამიანს, ვინც ეთანხმება ამ უდაო მტკიცებას, კანონის მიხედვით უფლება არა აქვს ასწავლოს შტატის სკოლაში. ამდენად, კანონი აცხადებს, რომ სკოლის მასწავლებლები უნდა იყვნენ ან ფარისეველნი ან სულელნი.
მზარდი საშიშროება, რომლის მაგალითია ნიუ-იორკის კანონი, წარმოადგენს ერთი ორგანიზაციის ხელში ძალაუფლების თავმოყრის შედეგს, იქნება ეს ტრესტი, სახელმწიფო თუ ტრესტების გაერთიანება. განათლების შემთხვევაში ძალაუფლება სახელმწიფოს ხელშია, რომელსაც შეუძლია არ გააცნოს ახალგაზრდობას ხელისუფლებისათვის მიუღებელი ნებისმიერი დოქტრინა. მე მჯერა, ისეთი ადამიანების არსებობა, რომლებიც თვლიან, რომ ხალხი და დემოკრატიული სახელმწიფო ერთიანია. მიუხედავად ამისა, ეს მხოლოდ ილუზიაა. სახელმწიფო არის მიზნებიდან გამომდინარე განსხვავებულ მოხელეთა ერთობლიობა, რომელთაც მანამდე აქვთ კარგი შემოსავალი, სანამ შენარჩუნებულია სტატუს კვო. ერთადერთი ცვლილება, რომელიც შეიძლება დაიშვას, არის ბიუროკრატიისა და მისი ძალაუფლების გაძლიერება. ამიტომ, რა თქმა უნდა, მათ უნდა გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, შეიარაღებული დაპირისპირების ჩათვლით, რომლის წყალობით მიიღწევა ინკვიზიციური ძალაუფლება ქვეშევრდომებზე და რომელიც მათ მოწინააღმდეგების აიძულებს იშიმშილონ. რაც შეეხება სულიერ ცხოვრებას და მის ისეთ ასპექტს, როგორიც განათლებაა, აქ ასეთი მიდგომა უბრალოდ დამღუპველია. ის ანადგურებს პროგრესის, თავისუფლებისა და შემოქმედებითი ინიციატივის ნებისმიერ გამოვლინებას. ეს ლოგიკური შედეგია იმისა, რომ დაწყებითი განათლება იმყოფება ერთადერთი ორგანიზაციის გავლენის ქვეშ.
რელიგიურმა შემწყნარებლობამ გარკვეულწილად გაიმარჯვა იმიტომ, რომ ხალხმა შეწყვიტა რელიგიის იმდენად მნიშვნელოვნად მიჩნევა, როგორც ეს ადრე იყო. მაგრამ პოლიტიკაში, ეკონომიკაში, რომელთაც რელიგიის ადგილი დაიკავეს გაჩნდა მზარდი ტენდენცია დევნისადმი, რომელიც არანაირად არ არის დამახასითებელი რომელიმე განსაზღვრული პოლიტიკური პარტიისათვის. რუსეთში სხვაგვარად მოაზროვნების დევნა უფრო დაუნდობელია, ვიდრე ნებისმიერ კაპიტალისტურ ქვეყანაში. პეტროგრადში მე შევხვდი გამოჩენილ რუს პოეტს ალექსანდრე ბლოკს, რომელიც მოგვიანებით შიმშილისაგან მოკვდა. ის უჩიოდა ბოლშევიკებს, რომლებიც მისგან მოითხოვდნენ ესთეტიკის სწავლებას მარქსისტული პოზიციიდან . მან ვერ შეძლო დაედგინა კავშირი რითმულობის თეორიასა და მარქსიზმს შორის, თუმცა შიმშილის თავიდან ასაცილებლად, ყველაფერს აკეთებდა ამისათვის. ცხადია, რაც ბოლშევიკები მოვიდნენ ხელისუფლებაში, რუსეთში შეუძლებელი გახდა მათი რეჟიმის იდეოლოგიის შესახებ რაიმე კრიტიკის გამოქვეყნება.
რუსეთისა და ამერიკის მაგალითები ცხადყოფენ, რომ სანამ ადამიანებს პოლიტიკის მნიშვნელობისადმი ფანატიკური რწმენა გააჩნიათ პოლიტიკური პრობლემების შესახებ თავისუფალი აზროვნება შეუძლებელი იქნება და არსებობს დიდი საფრთხე, რომ თავისუფლების არარსებობა გავრცელდება სხვა სფეროებზეც, როგორც ეს რუსეთში მოხდა. მხოლოდ პოლიტიკური სკეპტიციზმის გარკვეულ დოზას შეუძლია დაგვიცვას ამ უბედურებისგან.