EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« რასელი ბერტრან - თავისუფალი აზროვნება და ოფიციალური პროპაგანდა (გაგრძელება) »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: admin

თარიღი: 2016-10-26 23:42:15

რასელი ბერტრან - თავისუფალი აზროვნება და ოფიციალური პროპაგანდა (გაგრძელება)

რასელი ბერტრან - თავისუფალი აზროვნება და ოფიციალური პროპაგანდა (გაგრძელება)

ძნელი წარმოსადგენია, რომ განათლებაზე პასუხისმგებელ მოხელეებს სურთ, რომ ახალგაზრდობა განათლებული იყოს. პირიქით, მათი ამოცანაა უბრალოდ ინფორმაციის მოწოდება გონებრივი განვითარების გარეშე. განათლება ორ მიზანს შორის უნდა ემსახურებოდეს: პირველ რიგში, უნდა აძლევდეს გარკვეულ ცოდნას: წერა-კითხვა, ენები, მათემატიკა და ა.შ.; შემდეგ ისეთი გონებრივი უნარების გამომუშავებას, რომლებიც საშუალებას მისცემს ადამიანებს დაეუფლონ ცოდნას და ჩამოაყალიბონ დასაბუთებული პოზიციები.. პირველს ვუწოდებთ ინფორმაციას, უნარს, ხოლო მეორეს-ინტელექტს. ინფორმირებულობის სარგებლიანობა თვალსაჩინოა პრაქტიკულადაც და თეორიულადაც. გაუნათლებელი მოსახლეობა ვერ შექმნის თანამედროვე სახელმწიფოს. ინტელექტის სარგებლიანობა კი მხოლოდ თეორიულადაა თვალსაჩინო, მაგრამ არა პრაქტიკულად. არ არის სასურველი, რომ ჩვეულებრივი ადამიანები აზროვნებდნენ, რადგამ მოაზროვნე ადამიანების გაკონტროლება რთულია და ისინი პრობლემებს უქმნიან ადმინისტრაციას. პლატონის ტერმინოლოგია რომ ვიხმაროთ მხოლოდ  გუშაგებს  აქვთ აზროვნების უფლება, დანარჩენები კი ცხვრის ფარასავით მორჩილად უნდა მიჰყვებოდნენ ლიდერებს. ასეთ დოქტრინას, ახალი დემოკრატიული ცვლილებების მიუხედავად, ჯერ კიდევ ღრმად აქვს გადგმული ფესვები ჩვენს ქვეცნობიერში და რადიკალურად ამახინჯებს ყველა ეროვნული განათლების სისტემებს.

ქვეყანა, რომელმაც უდიდეს წარმატებებს მიაღწია ინფორმაციის მიწოდებასა და არა ინტელექტის განვითარებაში, არის თანამედროვე ცივილიზაციის უკანასკნელი მიღწევა - იაპონია. აქ დაწყებითი განათლება, შეიძლება ითქვას, სწავლების მხრივ შესანიშნავია, მაგრამ ამის მიღმა, მას სხვა მიზანიც გააჩნია. ის ასწავლის მიკადოსადმი რელიგიურ თაყვნისცემას, რომელიც დღეს უფრო გავლენიანია, ვიდრე მაშინ, როცა იაპონია არ იყო მოდერნიზებული სახელმწიფო. ამდენად, სკოლები ერთდროულად განათლებას იძლევიან და რელიგიურ ცრურწმენებსაც აღვივებენ. იმდენად, რამდენადაც ჩვენ არ განვიცდით მიკადოს რელიგიური კულტისადმი მოწიწებას, ნათლად ვხედავთ რაც კი არის აბსურდული იაპონურ განათლების სისტემაში. მაგრამ ჩვენ საკუთარი ეროვნულ- რელიგიურ ცრურწმენებს იმდენად ღრმად აქვთ ჩვენში ფესვები გადგმული, რომ მათი შემჩნევის უნარი თითქმის მთლიანად დავკარგეთ. სტუმრად ჩამოსულ იაპონელს, რომელიც დააპირებდა ეთქვა, რომ ჩვენს სკოლებში ასწავლიან ისეთ რელიგიურ ცრურწმენებს, რომლებიც არანაკლებ საზიანოა გონებრივი განვითარებისათვის, ვიდრე მიკადოს ღვთაებრიობისადმი რწმენა, არგუმენტების ნაკლებობა არ შეაწუხებდა. ამჟამად, არ შემიძლია ვიპოვნო დაავადების წამალი, მაგრამ შევძლებ დიაგნოზის დასმას. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ განათლება გახდა ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება ინტელექტის განვითარებისა და აზრის თავისუფლებისათვის. ასეთი მდგომარეობა განპირობებულია, პირველ რიგში, იმით, რომ სახელმწიფომ ამ საკითხის მონოპოლიზაცია მოახდინა, მაგრამ ეს არ გახლავთ ერთადერთი მიზეზი.

2. პროპაგანდა.

ჩვენი განათლების სისტემა ამზადებს ახალგაზრდებს, რომელთაც შეუძლიათ წერა- კითხვა, მაგრამ არ შეუძლიათ თვითონ შეაფასონ მიმდინარე მოვლენები ან დამოუკიდებელად ჩამოაყალიბონ საკუთარი შეხედულებები. შემდგომ, მთელი ცხოვრების განმავლობაში, მათ კვებავენ  აბსურდული იდეებითა და ინფორმაციებით, მაგალითად რომ ბლანკის აბები კურნავს ყველა დაავადებას, შპიცბერგენი არის თბილი და ნაყოფიერი კუნძული და გერმანელები ადამიანის გვამებით იკვებებიან. თანამედროვე პოლიტიკოსებისა და ხელისუფალთა მიერ გამიყენებული პროპაგანდის ხელოვნების, წყაროს წარმოადგენს რეკლამის ხელოვნება. ფსიქოლოგიური მეცნიერება ბევრი რამითაა დავალებული რეკლამის მომწოდებლებისგან. წინათ ფსიქოლოგთა უმეტესობა ფიქრობდა, რომ ადამიანს არ შეეძლო დაერწმუნებინა ხალხის დიდი რაოდენობა თავისი პროდუქციის ხარისხიანობაში, ამ ინფორმაციის მხოლოდ ათასჯერ გამეორებით. გამოცდილება აჩვენებს, რომ ისინი ცდებოდნენ. თუკი მე ერთხელ დავდგებოდი ხალხმრავალ ადგილას და დავიწყებდი მტკიცებას, რომ ყველაზე თავმდაბალი ადამიანი ვარ მთელს დედამიწაზე, ხალხი უბრალოდ დამცინებდა. მაგრამ თუკი საკმარისი ფული მექნებოდა, რომ განმეთავსებინა ეს განცხადება ავტობუსებზე, სარკინიგზო ხაზების სარეკლამო აბრებზე, ხალხი მალე დაიჯერებდა, რომ მე ავადმყოფურად თავმდაბალი ვარ. თუკი მივიდოდი პატარა მაღაზიის პატრონთან და ვეტყოდი: შენი კონკურენტი მოპიდაპირე ქუჩიდან, ცდილობს შენი ბიზნესის მისაკუთრებას. ურიგო არ იქნებოდა შენი საქმე მიგეტოვებინა, ქუჩაში გასულიყავი და ეგ კონკურენტი მოგეკლა, ვიდრე თვითონ მოგკლავდეს.  მსგავსი რამ რომ მეთქვა, ნებისმიერი პატარა მაღაზიის პატრონი შეურაცხადად ჩამთვლიდა. მაგრამ როდესაც სახელმწიფო აკეთებს ამგვარ განცხადებებს, მცირე მესაკუთრენი ენთუზიაზმით ივსებიან და შემდეგ გაოცებულნი არიან, როდესაც აღმოაჩენენ, რომ ბიზნესმა დანაკარგი განიცადა. იმ საშუალებების მიერ განხორციელებული პროპაგანდა, რომლებმაც რეკლამაში წარმატებებს მიაღწიეს, ყველა განვითარებული ქვეყნის ხელისუფლებისთვის მიღებული მეთოდი გახდა. სწორედ ამგვარი მეთოდებით იქმნება საზოგადოებრივი აზრი.

დღეს, პრაქტიკაში გამოყენებულ პროპაგანდას მოაქვს ორი სხვადასხვა ტიპის ზიანი. ერთი მხრივ, ის, ძირითადად, დარწმუნების ირაციონალური არგუმენტებს უფრო იყენებს, ვიდრე სერიოზულს. მეორე მხრივ, ის უსამართლოდ ანიჭებს საჯაროობის პრივილეგიას მდიდრებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს. ჩემი აზრით ზედმეტი ყურადღება ექცევა იმ ფაქტს, რომ პროპაგანდა უფრო მეტად ემოციას მიმართავს, ვიდრე გონივრულ მტკიცებულებებს. ემოციასა და გონებას შორის ზღვარი არც ისე მკაფიოა, როგორც ზოგიერთს ჰგონია. უფრო მეტიც, ჭკვიანი ადამიანი შეძლებს საკმაოდ რაციონალური არგუმენტის წარმოდგენას ნებისმიერი პოზიციის სასარგებლოდ, რომელსაც აქვს თუნდაც ერთი შანსი, იყოს მიღებული.

ნებისმიერი რეალური პრობლემის შესახებ ორივე მხრიდან არსებობენ არგუმენტები. გარკვეული ფაქტების დამახინჯება შეიძლება იურიდიულად აიკრძალოს, მაგრამ ეს დიდად არავის ავალდებულებს. მარტივი სიტყვები 
ატმის საპონი,  რომლებიც თავისთავად არაფერს ნიშნავს, აიძულებენ ადამიანებს იყიდონ ეს საპონი. თუკი სადმე ეს სიტყვები შეიცვლება ლეიბორისტული პარტიით , მილიონობით ადამიანი ხმას მისცემს ლეიბორისტულ პარტიას, თუმცა რეკლამაში არაფერია ნათქვამი მისი ღირსების შესახებ.

მაშინაც კი, როცა ორივე მხარე კამათის დროს შეზღუდულია შესაბამისი კანონით, თავიანთ გამოთქმებთან დაკავშირებით, რომელიც ფასდება გამოჩენილ ლოგიკოსთა კომისიის მიერ, თანამედროვე პროპაგანდის მოტანილი ძირითადი ზიანი მაინც რჩება. წარმოვიდგინოთ, რომ ამ კანონით არსებობს ორი პარტია, თანაბარი შანსებით, მაგრამ ერთს პროპაგანდაზე შეუძლია დახარჯოს მილიონი ფუნტი, მეორეს კი - მხოლოდ ასი ათასი. ცხადია, მდიდარი პარტიის არგუმენტები უფრო საყოველთაოდ გახდებოდა ცნობილი, ვიდრე მეორე პარტიის. შესაბამისად, უფრო მდიდარი პარტია გაიმარჯვებდა. ეს სიტუაცია მწვავდება, როცა ერთ-ერთი პარტია მმართველია. რუსეთში ხელისუფლებას გააჩნია თითქმის მთლიანი მონოპოლია პროპაგანდაზე, მაგრამ ამის აუცილებლობა თითქმის არ არის. უპირატესობა, რომელიც მას აქვს ოპონენტების წინაშე, საკმარისია გამარჯვებისთვის, თუკი მისთვის უკიდურესად კატასტროფული სიტუაცია არ სიტუაცია შეიქმნება.

პროპაგანდის საწინააღმდეგო შეხედულებები ეყრდნობიან არა მარტო მის მიერ უგნურების გამოყენებას, არამედ იმას, რომ პროპაგანდა არის მდიდრებისა და მთავრობის იარაღი. შესაძლებლობათა თანასწორობა აუცილებელი პირობაა, თუკი საქმე ეხება აზრის თავისუფლებას და ეს თანასწორობა გარანტირებული უნდა იყოს მხოლოდ კანონებით, რომლებიც ამ მიზნით იქმნება. თუმცა, ძირითადად პანაცეა ვეძებოთ არა კანონებში, არამედ განათლების გაუმჯობესებასა და სკეპტიკური საზოგადოებრივი აზრის გამომუშავებაში. დღესდღეობით, მე არ დავიწყებ ამ პრობლემების სამკურნალო წამლების განხილვას.

3.ეკონომიკური ზეწოლა.

მე უკვე შევეხე აზრის თავისუფლბზე ეკონომიკური ზეწოლის რამდენიმე ასპექტს, ახლა ამ პრობლემას უფრო დაწვრილებით განვიხილავ, რადგან ადგილი აქვს მისი ზრდის სახიფათო ტენდენციებს და აუცილებელია გარკვეული ზომების მიღება მისი ნეიტრალიზაციისათვის. აზრის თავისუფლების წინააღმდეგ ეკონომიკური ზეწოლის ყველაზე ნათელი მაგალითია საბჭოთა რუსეთი, სადაც, ნეპის პერიოდამდე ხელისუფლება გაუსაძლის მატერიალურ პირობებში ამყოფებდა იმ ადამიანებს, რომელთა შეხედულებებიც არ მოსწონდა, მაგალითად კროპოტკინს. აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ, რუსეთი მხოლოდ ოდნავაა წინ წასული სხვა ქვეყნებთან შედარებით. საფრანგეთში, დრეიფუსის საქმესთან  დაკავშირებით, ნებისმიერი მასწავლებელი შეიძლებოდა თანამდებობიდან გაეთავისუფლებინათ, თუ ის იქნებოდა საქმის დასაწყისში დრეიფუსის მომხრე, ხოლო საქმის ბოლო პერიოდში მისი მოწინააღმდეგე. ვეჭვობ, დღეს, ამერიკაში, უნივერსიტეტის პროფესორმა, თუნდაც გამოჩენილმა სწავლულმა, თანამდებობა შეინარჩუნოს, თუ ის გააკრიტიკებს სტანდარტ ოილ კომპანიას , რადგან ყველა კოლეჯის პრეზიდენტები იღებენ ან იმედი აქვთ ბატონი როკფელერისგან შესაწირის მიღებისა. ამერიკელი სოციალისტებისთვის, გამოჩენილი ადამიანებისთვის, საკმაოდ რთულია სამსახურის შოვნა, თუკი განსაკუთრებულად ნიჭიერები არ არიან. ყველგან, სადაც ინდუსტრიალიზაცია კარგადაა განვითარებული, მონოპოლიები და ტრესტები აკონტროლებენ მთელ მრეწველობას, რაც შესაძლო დამსაქმებელთა რიცხვის შემცირებას იწვევს. ასე რომ უფრო და უფრო ადვილი ხდება საიდუმლო შავი სიების შედგენა, რომელებითაც უსამსახუროდ და მშიერს ტოვებენ იმ ადამიანებს, რომლებიც არ ემორჩილებიან დიდ კორპორაციებს. ამერიკაში მონოპოლიების ზრდა იწვევს არანაკლებ ბოროტებას, ვიდრე სახელმწიფო სოციალიზმი რუსეთში. თავისუფლების თვალსაზრისით, ადამიანისთვის მნიშვნელობა არა აქვს თუ ვინ არის მისი დამსაქმებელი კერძო ტრესტი, თუ სახელმწიფო. ინდუსტრიულად ყველაზე განვითარებულ ამერიკაში და აგრეთვე სხვა ქვეყნებში, რიგითი მოქალაქე იძულებულია დამალოს თავისი უარყოფითი დამოკიდებულება მაღალიჩინოსნების მიმართ, თუ არ უნდა, რომ უხელფასოდ დარჩეს და მისმა ოჯახმა იშიმშილოს. ეს მაღალჩინოსნები მოითხოვენ, რომ ქვეშევრდომებმა გაიზიარონ მათი შეხედულებები რელიგიაზე, პოლიტიკაზე, მორალზე, თუნდაც გარეგნულად მაინც. ქრისტიანული სარწმუნოების საჯაროდ უარმყოფელი, ან ქორწინების შესახებ კანონის ლიბერალიზაციის მომხრე ან დიდი კორპორაციების ძალაუფლებათა მოწინააღმდეგე ადამიანი, თუ თუ მას არ აქვს ბედნიერება, რომ ცნობილი მწერალი იყოს, ამერიკაში თავს მყუდროდ ვერ იგრძნობს. თავისუფალი აზრის ამგვარ შეზღუდვას ადგილი აქვს ყველა ქვეყანაში, სადაც ეკონომიკურმა ორგანიზაციამ მიაღწია პრაქტიკული მონოპოლიის დონეს. ამიტომ სწრაფად განვითარებად მსოფლიოში თავისუფლების უზრუნველყოფა უფრო რთული საქმეა, ვიდრე ეს XIX საუკუნეში იყო, როდესაც თავისუფალი კონკურენცია რეალობას წარმოადგენდა. მან, ვისაც თავისუფლად აზროვნება მნიშვნელოვნად მიაჩნია, უნდა მიიღოს ეს სიტუაცია მთლიანად, აცნობიერებდეს, რომ იმ მეთოდებმა, რომლებიც კარგად მოქმედებნენ კაპიტალიზმის ჩასახვის დროს, დღეს ამოწურეს თავისი თავი.

არსებობს ორი მარტივი პრინციპი, რომელთა მიღების შემთხვევაში, პრაქტიკულად, გადაწყდებოდა ყველა სოციალური პრობლემა. პირველი არის ის, რომ განათლების სისტემა უნდა ასწავლიდეს ადამიანებს მიიღონ რაიმე მტკიცებულება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა არსებობს მისი ჭეშმარიტების წარმომჩენელი გარკვეული საფუძველი. მეორე პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ სამუშაო უნდა მიეცეს ადამიანებს იმის მიხედვით, შეძლებს თუ არა ის მის შესრულებას.

ჯერ განვიხილოთ მეორე პუნქტი. რაიმე თანამდებობაზე დანიშვნამდე ადამიანის არა პროფესიონალიზმის, არამედ მისი რელიგიური, მორალური და პოლიტიკური შეხედულებების გათვალიწინება, წარმოადგენს თანამედროვე ფორმის დევნას, რომელიც ისეთივე ეფექტურია, როგორც თავის დროზე ინკვიზიცია იყო. ძველი თავისუფლებები შეიძლება დაკანონდეს, მაგრამ პრაქტიკულად ეს არაფერს ნიშნავს. თუკი რეალურად ადამიანს აიძულებენ იშიმშილოს თავისი შეხედულებების გამო, მისთვის დიდი ნუგეში არ იქნება იმის ცოდნა, რომ კანონის მიხედვით ამგვარი შეხედულებების ქონა არ ისჯება. არსებობს გარკვეული საზოგადოებრივი განწყობა მოშიმშილე ადამიანებს წინააღმდეგ, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ანგლიკანურ ეკლესიას ან გააჩნიათ საკმაოდ განსხვავებული შეხედულებანი პოლიტიკაზე. ათეისტებს, მორმონებს, რადიკალურ კომუნისტებსა და თავისუფალი სიყვარულის მომხრეებს მიაკუთვნებენ უზნეო ადამიანთა რიცხვს და მათთვის სამსახურის მიცემაზე უარის თქმა, სრულიად ბუნებრივად ითვლება. ადამიანები თითქმის ვერ აცნობიერებენ, რომ ეს ინდუსტრიულად მაღალგანვითარებულ სახელმწიფოში იგივეა, რაც დევნის ყველაზე მკაცრი ფორმა.

თუკი ასეთი საშიშროება საკმარისად იქნება გაცნობიერებული, შესაძლებელი გახდება საზოგადოებრივი აზრის გაღვიძება და იმის მიღწევა, რომ სამსახურში მიღების კრიტერიუმი გახდეს ადამიანის პროფესიონალიზმი და არა მისი რელიგიურ-პოლიტიკური შეხედულებები. სასიცოცხლო მნიშვნელობისაა უმცირესობათა დაცვა, რადგანაც ყველაზე ორთოდოქსულნიც კი, ერთ მშვენიერ დღეს, შეიძლება უმცირესობაში აღმოჩნდნენ. ჩვენ ყველანი დაინტერესებულნი ვართ უმრავლესობის ტირანიის შეზღუდვით. მხოლოდ საზოგადოებრივმა აზრმა შეიძლება გადაჭრას ეს პრობლემა. სოციალიზმმა გარკვეულწილად გაამწვავა ის, რადგან მან უკიდურესად შეზღუდა ის შესაძლებლობები, რომელსაც იძლევა კეძო სექტორი. ბრძოლა უნდა წარმოებდეს ისევე, როგორც მიმდინარეობდა რელიგიური შემწყნარებლობისათვის. ორივე შემთხვევაში, სარწმუნოების პოლიტიკური გავლენის შესუსტება წარმოადგენს გადამწყვეტ ფაქტორს. როდესაც ადამიანებს სჯეროდათ კათოლიციზმის ან პროტესტანტიზმის აბსოლუტური ჭეშმარიტების, მაშინ ისინი თანახმა იყვნენ დევნა განეცადათ მათთვის. აქ იგულისხმება ის, რომ როდესაც ადამიანები აბსოლუტურად დარწმუნებულნი არიან რომელიმე ჭეშმარიტებაში, მაგალითად რელიგიურში, თუნდაც მცირე ეჭვის შეტანაც კი მასში, აიძულებს მათ თვითონ ჩათვალონ თავისი თავი მწვალებლებად და უაზრო თვითგვემას მიეცნენ. როდესაც ადამიანებს, პრაქტიკულად, ეჭვი არ ეპარება თავიანთ თანამედროვე შეხედულებებში, სწორედ ამ შეხედულებების სახელით იქნებიან ისინი დევნილნი. ასე, რომ ეჭვის გარკვეული ელემენტი აუცილებელია შემწყნარებლობის პრაქტიკისთვის, მაგრამ არა თეორიისთვის.

მივადექით შემდეგ პუნქტს, რომელიც ეხება განათლების მიზნებს. თუკი მსოფლიოში იარსებებდა შემწყნარებლობა, მაშინ სკოლებში ასწავლიდნენ ფაქტების ანალიზს და იმას, რომ დასაბუთების გარეშე არც ერთი მტკიცება არ უნდა იქნეს მიჩნეული ჭეშმარიტებად. მაგალითად, აუცილებელია გაზეთების კითხვის ხელოვნების სწავლება. სკოლის მასწავლებელმა უნდა შეარჩიოს ზოგიერთი შემთხვევა, რომელიც მრავალი წლის წინ მოხდა და თავის დროზე დიდი პოლიტიკური მღელვარება გამოიწვია. შემდეგ მან უნდა აჩვენოს მოსწავლეებს, როგორ სხვასასხვაგვარად და ურთიერთ გამომრიცხადად აშუქებდნენ გაზეთები მოცემულ მოვლენას, შემდეგ კი მიაწოდოს ისტორიულად ობიექტური ინფორმაცია. მან უნდა ასწავლოს როგორ უნდა მიხვდეს გამოცდილი მკითხველი დაპირისპირებული მხარეების ტენდენციური შეფასებებიდან, თუ რა მოხდა სინამდვილეში და აგრთვე ისიც, რომ რაც გაზეთებში იწერება, მეტნაკლებად ტყუილია. ცინიკური სკეპტიციზმი, რომელიც ასეთი განათლების შედეგი გახდებოდა, მთელი ცხოვრების მანძილზე დაიცავდა ბავშვებს იმ იდეალისტური  მოწოდებებისაგან, რომლებითაც არამზადები და ნაძირლები თავის მხარეზე გადაიბირებენ წესიერ ადამიანებს.

ისტორიაც ასეთნაირად უნდა ისწავლებოდეს. მაგალითად ისტორია, რომელიც ასახავს ნაპოლეონის 1813-14 წლების საომარ ქმედებებს შეიძლება ისწავლებოდეს გაზეთ მონიტორის  (Mონიტეურ) მიხედვით. შეიძლება წარმოვიდგინოთ, რაოდენ გასაკვირი იქნებოდა პარიზელებისთვის, როდესაც დაინახეს, თუ როგორ შემოდიოდნენ მოწინააღმდეგეთა ჯარები პარიზში მას შემდეგ, რაც (ოფიციალური ბიულეტენების თანახმად) ნაპოლეონი ყოველ ბრძოლაში ამარცხებდა მტერს. უფრო მაღალ კლასებში მოსწავლეებს უნდა შესთავაზონ ტროცკის მიერ ლენინზე განხორციელებული თავდასხმების რაოდენობის დათვლა იმისთვის, რომ სიკვდილის აღარ ეშინოდეთ. ბოლოს, ისინი უნდა გაეცნონ ისტორიას, რომელიც მოწონებულია ხელისუფლების მიერ და ვთხოვოთ მათ დასკვნის გაკეთება იმასთან დაკავშირებით, თუ რას ამბობს ფრანგული სასკოლო ისტორია საფრანგეთთან ჩვენი ომების შესახებ. ჯანსაღ მოქალაქედ აღზრდა სწორედ ასეა შესაძლებელი და არა გაცვეთილი მორალური ლოზუნგების ფრქვევით, რომლის საშუალებითაც, ზოგიერთის აზრით ხდება სამოქალაქო საზოგადოების შენება.

ვფიქრობ, აუცილებელია იმის აღიარება, რომ ქვეყანაზე უბედურებები ხდება არა მარტო ამორალურობის, არამედ უგუნურების გამოც. თუმცა დღემდე კაცობრიობამ ვერ შეიმუშავა რაიმე მეთოდი ამორალურობის აღმოსაფხვრელად; სხვადასხვა ქადაგებები და მოწოდებები უკვე არსებულ უზნეობათა რიცხვს ფარისევლობასაც უმატებენ. პირიქით, გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესება, ადვილად შეიძლება იმ მეთოდებით, რომლებიც ცნობილია ნებისმიერი კარგი პედაგოგისათვის. შესაბამისად, სანამ აღმოჩენილი არ იქნება ზნეობრიობის გაუმჯობესების ქმედითი საშუალებები, იძულებულნი ვართ, პროგრესი უფრო მეტად ვეძიოთ გონებრივ შესაძლებლობათა სრულყოფაში, ვიდრე მორალში. ინტელექტის განვითარების ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლებაა გულუბრყვილობა, ის კი შეიძლება მნიშვნელოვანწილად შემცირდეს სიცრუის გავრცელების შეზღუდვით. გულუბრყვილობა დღეს უფრო მეტ ბორტებას წარმოადგენს, ვიდრე წინათ, რადგან ერუდიციის დონის ამაღლების გამო უფრო ადვილი გახდა მთავრობის ხელში მყოფი მასობრივი ინფორმაციის საშულებებით სიცრუის გავრცელება. აქედან გამომდინარე, გაზეთების ტირაჟიც იზრდება.

შეკითხვაზე, თუ როგორ დავარწმუნოთ მსოფლიო, რომ მიიღოს ორი პრინციპი, კერძოდ: ა) სამსახურში ადამიანებს უნდა იღებდნენ, მხოლოდ მათი პროფესიონალური უნარების გათვალიწინებით და ბ) განათლების მიზანია განკურნოს ადამიანები იმ ჩვევისაგან, რომ უსაფუძვლი მტკიცებები ჩათვალონ ჭეშმარიტებად; ვუპასუხებდი, რომ ეს შეუძლია მხოლოდ ჯანსაღ საზოგადოებრივ აზრს. ასეთი საზოგადოებრივი აზრი კი შეიქმნება, მხოლოდ მათი ძალისხმევით, ვისაც სურს მისი არსებობა. არ მჯერა, რომ ეკონომიკური ცვლილებები, რომლის შესახებ საუბრობენ სოციალისტები, გვაახლოებენ იმ ზემოაღნიშნულ ნაკლთა აღმოფხვრასთან, რომლებზეც უკვე ვისაუბრეთ. ვფიქრობ, როგორც არ უნდა შეიცვალოს პოლიტიკური წყობილება, ეკონომიკური განვითარების მიმართულება უფრო გაართულებს აზრის თავისუფლების შენარჩუნებას, თუკი საზოგადოებრივი აზრი არ მოითხოვს იმას, რომ ხელმძღვანელობა უნდა აკონტროლებდეს თანამშრომლის მარტოოდენ მუშაობის ხარისხს და არა მის მსოფლმხედველობას. განათლების სისტემაში თავისუფლების შენარჩუნება ადვილია, თუ შეიზღუდება სახელმწიფოს ფუნქციები მასწავლებლების კონტროლისა და დაფინანსების სფეროებში და აგრეთვე სასწავლო დაწესებულების ინსპექტირება მოხდება მკაცრად განსაზღვრული ინსტრუქციის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში, როგორც ისტორია გვიჩვენებს, განათლების სისტემა შეიძლება ეკლესიის ხელში გადავიდეს რამდენადაც, სამწუხაროდ, ის უფრო მეტად ზრუნავს თავისი სარწმუნოების საფუძვლების სწავლებაზე, ვიდრე თავისუფლად მოაზროვნეები თავისი ეჭვების სწავლებაზე. ყოველ შემთხვევაში ეს უზრუნველყოფდა განათლების სისტემაში თავისუფალი სივრცის არსებობას, სადაც, შესაძლებელი იქნებიდა ლიბერალური განათლების ორგანიზება, თუკი ამის სურვილი ნამდვილად არსებობს.

 

მთელი ჩემი მოხსენების განმავლობაში მოვუწოდებდი, მეცნიერული მიდგომის გავრცელებისაკენ, რომელიც სრულიად განსხვავდება მეცნიერული შედეგების ცოდნისგან. მეცნიერულ მიდგომას შეუძლია გარდაქმნას კაცობრიობა და უზრუნველყოს მთელი ჩვენი პრობლემების გადაჭრა. მეცნიერული შედეგებს კი სხვადასხვა მექანიზმით, მაგალითად მომწამლავი გაზითა და ყვითელი პრესით, შეუძლიათ მიგვიყვანონ ჩვენი ცივილიზაციის დაღუპვამდე. კურიოზული ანტითეზაა, რომელსაც ალბათ უცხოპლანეტელები ირონიული მიუკერძოებლობით დააკვირდებიან. ჩვენთვის კი ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. მის გადაწყვეტაზეა დამოკიდებული იცხოვრებენ ჩვენი შთამომავლები უფრო ბედნიერ მსოფლიოში თუ ერთმანეთს გაანადგურებენ მეცნიერული მეთოდების გამოყენებით.

 

გადაფურცლეთ გვ.1