EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ცაგარელი სულხან ცნობიერება (შეიცან თავი შენი) »

კატეგორია: ელ. წიგნები

ავტორი: admin

თარიღი: 2016-10-30 13:07:34

ცაგარელი სულხან ცნობიერება (შეიცან თავი შენი)

ცაგარელი სულხან ცნობიერება (შეიცან თავი შენი)

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

სახელმძღვანელოში განხილულია სამეცნიერო სტატიებსა და მონოგრაფიებში გამოქვეყნებული უახლესი შეხედულებები ცნობიერების ბუნების შესახებ. იგი ამ დარგში პირველი ქართულენოვანი გამოცემის მცდელობაა. მასში გაანალიზებულია ის ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებები, რომლებიც არსებობს საკითხის ირგვლივ.

წიგნი გამიზნულია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. იგი დიდ დახმარებას გაუწევს მომავალ ბიოლოგებს, ექიმებს, ფსიქოლოგებსა და ფილოსოფოსებს, გაერკვნენ იმ საკამათო საკითხებში, რომლებიც არსებობს ცნობიერების შესახებ. ნაშრომი დააინტერესებს აგრეთვე მკითხველთა ფართო წრესაც.

რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის დარგობრივი სარედაქციო კოლეგიის მიერ.

 

რედაქტორი პროფ. ა. შათირიშვილი

რეცენზენტები: ბიოლ. მეცნ. დოქტორი მ. მგალობლიშვილი

პროფ. ნ. მითაგვარია

თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2008

 

წინათქმა

 

მას შემდეგ, რაც ადამიანმა დაიწყო ფიქრი საკუთარი ქმედებების შედეგებზე, მის წინაშე დაისვა პრობლემა – გარკვეულიყო ცნობიერების ბუნებაში. შორეული წარსულიდან მოყოლებული დღემდე, ეს პრობლემა მოსვენებას არ აძლევს კაცობრიობას.

პროგრამა «ადამიანის გენომის» ამუშავებამდე რამდენიმე წლით ადრე ნეიროგენეტიკოსები ცდილობდნენ გენთა ექსპრესიის ქცევებთან დაკავშირებას.

სამეცნიერო ტექნიკურმა პროგრესმა, მოლეკულური ბიოლოგიისა და ნანოტექნოლოგიების თანამედროვე მიღწევებმა მეცნიერება შეაიარაღა რეალური მეოდებით, რათა აქტიურად ჩაერთოს გენომისა და თავის ტვინის მოქმედებაში და სურვილისამებრ მართოს ადამიანის ქცევები. ამიტომაც აუცილებელია გავაცნობიეროთ ჩვენი ყოფიერება, რათა არ დავუშვათ შეცდომები და არ გადავუხვიოთ ადამიანთა ევოლუციის ბუნებრივ გზას. სახელმძღვანელო ეძღვნება ცნობიერების ბუნებას. იგი დაწერილია ნეირობიოლოგიური თვალთახედვით და ძირითადად ეხება თავის ტვინის როლს ცნობიერებაში.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო წიგნის რედაქტორს პროფ. ა. შათირიშვილს, რომლის შენიშვნები გათვალისწინებულ იქნა სახელმძღვანელოზე მუშაობისას. მადლობას ვუხდი პროფ. ზ. კიკნაძეს წიგნის 4.2. ნაწილის წაკითხვისა და გამოთქმული მოსაზრებებისათვის. კონსულტაციებისათვის მადლობას ვუხდი ფიზიკოს ნ. ბოკუჩავას. მადლობა მინდა მოვახსენო აგრეთვე ჩემს კოლეგა მანდილოსნებს – ნანა დორეულს, ნინო არჩვაძეს, ანა სტამატელსა და ელისო ონაშვილს, რომლებმაც დიდი დახმარება გამიწიეს ხელნაწერის დასასტამბად მომზადებაში. მადლიერებით მინდა აღვნიშნო ქ-ნ ნინო არჩვაძის დაუღალავი შრომა წიგნის დაკაბადონებისას.

სახელმძღვანელო, მიუხედავად დიდი მცდელობისა, ალბათ, ვერ იქნება დაზღვეული ხარვეზებისაგან, რაზედაც პასუხისმგებელი ავტორი გახლავთ. შენიშვნებს, რომლებიც ხელს შეუწყობს წიგნის დახვეწას შემდეგი გამოცემისათვის, სიამოვნებით

მივიღებ.

 

თავი პირველი

მეტყველება და ცნობიერება

 

§ 1 .1. ცნობიერების სამუშაო ტერმინის განმარტება

 

 

ყველასათვის კარგადაა ცნობილი, რომ ცნობიერება ადამიანის ყოფიერების განუყოფელი ნიშანია. მის გარეშე ადამიანი პიროვნებად ვერ ჩამოყალიბდებოდა, ვერ

მივაღწევდით იმ პროგრესს, რომელშიც გვიხდება არსებობა. თუ გადავხედავთ ლიტერატურას ცნობიერების ბუნების შესახებ, აღმოჩნდება, რომ ცნობიერების მეცნიერული განმარტება არ არსებობს. მიუხედავად ამისა, ყოველწლიურად ქვეყნდება ცნობიერების საკითხებისადმი მიძღვნილი მრავალი სამეცნიერო სტატია. თუ გავაანალიზებთ ლექსიკონებში, ენციკლოპედიებსა და სტატიებში მოწოდებულ ინფორმაციას, სამუშაო ტერმინად ცნობიერება შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ცნობიერება არის ობიექტური სინამდვილის ასახვის ფორმა, რომელიც დამახასიათებელია მხოლოდ ადამიანისათვის. ცნობიერება წარმოადგენს ფსიქიკური

პროცესების ერთობლიობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობს ადამიანის მიერ გარე სამყაროსა და საკუთარი ყოფიერების გააზრებაში. იგი განუყრელადაა დაკავშირებული მეტყველებასთან. მისი მეშვეობით ინფორმაცია კულტურის შესახებ გადაეცემა სხვა ადამიანებსა და თაობებს წერილობით, ვერბალურად, მათემატიკური

ფორმულებით. ცნობიერებით ყალიბდება მორალურ-ზნეობრივი და რელიგიური მსოფლმხედველობა.

ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პროცესში ცნობიერებას არჩევითად უხდება ფაზური ურთიერთობა მეხსიერებასა და გარემოდან მიღებულ სიგნალებთან, ამიტომ იგი მთლიანადაა დამოკიდებული ჩატარებულ და მიმდინარე ცდაზე. ცნობიერებას აქვს მოქმედების თავისუფლების უნარი. თავისუფლება განსაზღვრულია ნეირონთა პოპულაციების სელექციური გრამატიკით. თავისუფლება არ არის უსაზღვრო, ის ლიმიტირებულია ნეირონთა ანსამბლების თვისებებითა და კონტროლირდება შემაკავებელ და ამაგზნებელ მედიატორთა და მოდულატორთა ზემოქმედებით. ცნობიერებას ცენტრალური ადგილი უკავია ადამიანის მოღვაწეობის თითქმის ყველა სფეროში. ეზოტერული მიმართულების თანახმად ადამიანი ფიქრობს და ინფორმაციას იმახსოვრებს არა ტვინით, არამედ რაღაც გარეგანი მენტალური გეგმით. ამიტომაც ხშირად ცნობიერების მაგივრად იყენებენ ტერმინს – მენტალიტეტი, რითაც აღინიშნება ის, რომ ადამიანის შემოქმედება ხორციელდება

არა გონებით, არამედ რაღაც უფრო დიდით. ადამიანი ჩამოყალიბდა სიტყვებით მანიპულირების უნარის გამო. სიტყვები კი მან თვითონ შექმნა, რის შედეგადაც გამოეყო ცხოველთა სამყაროს და ჩამოაყალიბა კოლექტიური ცნობიერი ნოოსფერო. ცნობილია, რომ ადამიანი იბადება როგორც ბიოლოგიური არსება გონებისა და ცნობიერების გარეშე და ასეთივე – პრიმატთა დონეზე – დარჩებოდა, რომ არ შეექმნა ევოლუირებადი მეტყველება. ახალშობილისათვის აუცილებელია გაიზარდოს ადამიანთა საზოგადოებაში, ადამიანთა საზოგადოებისაგან იზოლირებული ბავშვი ვერ ამეტყველდება. აღწერილია მრავალი უბედური შემთხვევა, როდესაც მეტყველებაჩამოუყალიბებელმა ბავშვებმა მრავალი წელი გაატარეს ცხოველებთან. ბუნებრივი ექსპერიმენტით დადგინდა, რომ ადამიანი პირველ თაობაშივე ცხოველდება. ცხოველებთან გაზრდილ ბავშვებზე ნეიროფსიქოლოგიური მეთოდების გამოყენებით ჩატარებული დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ მუსიკალური და მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებული ბავშვებიც კი განვითარებით ცხოველთა დონეზე დარჩნენ. მათ უჭირდათ ლაპარაკის სწავლა.

 ადამიანის ტვინს სიტყვები უყალიბებს ხატებს, უქმნის შინაგან სუბიექტურ სამყაროსა და ცნობიერებას.  სიტყვა აძლევს ადამიანს სმენის, ხედვის, განცდის, მსჯელობის, აზროვნების, ლაპარაკის, ოცნებისა და სიყვარულის საშუალებას.  სიტყვამ ადამიანს მისცა შემოქმედების, აღმოჩენისა და გარემოს შეცვლის უნარი. «დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა. ის იყო დასაბამიდან ღმერთთან. ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა. მასში იყო სიცოცხლე, და სიცოცხლე იყო ნათელი კაცთა»(იოანე 1:1–4). ცნობიერების პრობლემა დიდი ხანია არის და რჩება სხვადასხვა მეცნიერებათა გაცხოველებული მსჯელობის საგნად. ცნობიერებაში იგულისხმება ცოდნა იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც ადამიანის საარსებო გარემოში ხდება. ცნობიერება არის გარეგანი და შინაგანი ინფორმაციის გაცნობიერება. იგი დაკავშირებულია კოგნიტურ პროცესებთან, როგორიცაა: განცდა, აზროვნება და მეხსიერება. ტულვინგი გამოყოფს ცნობიერების 3 ფორმას, რომელიც დაკავშირებულია ეპიზოდური, სემანტიკური და პროცედურული მეხსიერების სისტემებთან. ეპიზოდური სისტემა იმახსოვრებს ადამიანის პირადად განცდილ მოვლენებს. სემანტიკური მეხსიერება ინახავს ინფორმაციას სამყაროს შესახებ, პროცედურული სისტემა კი იმახსოვრებს რაიმეს კეთების ჩვევებს. ჰემისფეროგაყოფილი ადამიანების კვლევის ნეიროფიზიოლოგიურმა შედეგებმა გამოყო ორი ტიპის ცნობიერება. ერთი, რომელიც დაკავშირებულია მეტყველების ფუნქციასთან, წარიმართება მარცხენა ჰემისფეროთი. სივრცით მეხსიერებასთან დაკავშირებული ინფორმაცია რეგულირდება მარჯვენა ჰემისფეროთი. ეს საკითხები

განხილული იქნება მესამე თავში. გერმანული რაციონალიზმის ტრადიციების გამგრძელებელმა ვ. ვუნდტმა დააარსა პირველი ექსპერიმენტური ფსიქოლოგიის ლაბორატორია და საფუძველი ჩაუყარა ფსიქოლოგიას, როგორც დამოუკიდებელ მეცნიერებას. მან შეიმუშავა კვლევის ინტროსპექციური მეთოდი, რომელსაც იყენებდნენ მისი მოწაფეები და კოლეგები. ვუნდტის სკოლამ მიიღო ვოლუნტარიზმის სახელი, ვინაიდან ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ნებელობას. იგი ცდილობდა შეესწავლა ცნობიერების პროდუქტები.

 

გონით შექმნილი პროდუქტების ექსპერიმენტული შესწავლა ვერ მოხერხდა. შესაძლებელია მხოლოდ ბუნებრივი დაკვირვების მეთოდის გამოყენება. ვუნდტის მოწაფეებმა ვოლუნტარიზმის ელემენტები ამერიკაში გადაიტანეს, სადაც ამ ელემენტებმა განიცადეს ცვალებადობა და შეუერთდნენ სტრუქტურალიზმის სკოლას. სქრუქტურალიზმს საფუძველი კორნელის უნივერსიტეტში ე. ტიტჩენერმა ჩაუყარა. ვოლუნტარისტები და სტრუქტურალისტები დაინტერესებულები იყვნენ უფრო აზროვნების შინაარსის დადგენით, ვიდრე შინაარსის წარმოშობით. ორივე მიმართულებამ ფიასკო განიცადა. სტრუქტურალიზმს გამოეყო ფუნქციონალიზმი, რომლის ფუძემდებელია უ. ჯეიმსი. ჯეიმსი ცნობიერების ელემენტებად დაყოფის წინააღმდეგი იყო. მას მიაჩნდა, რომ ცნობიერება ერთი მთლიანია. ცნობიერება ხელს უწყობს ორგანიზმს გარემოსთან ადაპტაციაში. ფუნქციონალისტები მოექცნენ დარვინის ევოლუციური თეორიის გავლენის ქვეშ. ფუნქციონალისტების ძირითადი დამსახურება ისაა, რომ ისინი ცნობიერებას განიხილავდნენ არა დამოუკიდებელ ფენომენად, არამედ გარემოსთან ერთად. ბიჰევიორიზმის ფუძემდებელმა დ. უოტსონმა განაცხადა: «ცნობიერების ინტროსპექციის მეთოდით კვლევა არ შეიძლება, ვინაიდან მეთოდი უვარგისია. ამიტომ თავი უნდა დავანებოთ ცნობიერების კვლევას. ის ფილოსოფოსებს დავუტოვოთ სამუშაოდ».

 

§ 1 .2. თვითცნობიერება

 

ცნობიერების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოვლენას თვითშემეცნება წარმოადგებს. საკუთარი თავის შეცნობას ორგვარი პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია. პირველი – იგი გვეხმარება ფსიქიკური პროცესების კვლევაში, მეორე – გვიადვილებს საზოგადოების წევრებთან ურთიერთობას. სოკრატე გვარწმუნებდა: «შეიცანი საკუთარი თავი». ადამიანი ღია თერმოდინამიკური სისტემაა. ორგანიზმის მორფოფიზიოლოგიური ჰომეოსტაზის შესანარჩუნებლად მან ენერგია გარემოდან უნდა მიიღოს. თვითშემეცნებისათვის ადამიანს მარტო საკუთარ ტვინში არსებული ინფორმაცია არ ყოფნის. თვითშემეცნებისათვის აუცილებელია სხვა «მე» და მასთან ურთიერთობა, ამ სხვა «მე»-საგან ინფორმაციის მიღება. ვინაიდან ადამიანი ბუნებით საზოგადოებრივი ცხოველია, ამიტომაც «მე»-ს გარდა არსებობს «შენ»-ც.

 

ამგვარი ურთიერთობა ბუნებრივად მიმდინარეობს. მისი შედეგი მაშინაც ვლინდება, როცა «მე»-ს წინ რეალურად არ არსებობს სხვა «მე». ასეთ ვითარებაში პიროვნებას უჩნდება წარმოდგენები, უყალიბდება იდეები და ხდება მათი ასოცირება. მოქმედებას იწყებს კოგნიტური პროცესები. თვითშეცნობის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა სხვისი და საკუთარი «მე»-დან მიღებული ინფორმაციის გადამუშავება და დამახსოვრება. პრობლემა დაიყვანება იმაზე, რომ ტვინმა ტვინი უნდა შეიცნოს. ასეთ ექსპერიმენტს შინაგანი ვალიდურობა არ გააჩნია, ვინაიდან ცდისპირი (თვითშემცნობი) და დამკვირვებელი (ექსპერიმენტატორი) ერთი და იგივე პიროვნებაა. ექსპერიმენტში შეტანილი შეშფოთების გამო შედეგი ობიექტური არ იქნება, ამიტომაც თვითდაკვირვება შეუძლებელი ხდება. ამ ვითარებამ ზოგიერთი მკვლევარი მიიყვანა თვითდაკვირვების შეუძლებლობის იდეამდე. მიუხედავად ამისა, თვითდაკვირვების მეთოდი მუშაობს და მის საფუძველზე შეიქმნა კონცეფცია «მე», რომელმაც მდიდარი და საინტერესო მასალა მოიპოვა.

 

გადაფურცლეთ გვ. 2