EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ლეგენდა »

კატეგორია: ელ. წიგნები

ავტორი: admin

თარიღი: 2016-12-13 20:04:54

ლეგენდა

მაღალ კლდეზე პირქუშად იყო აღმართული ადიღეელი თავად დახის ყალა-სარაი (ციხე-სასახლე), რომელიც მტაცებლის ბუდესავით ბატონობდა გარშემო აულებზე. ციხის განიერ გალავანზე დღე და ღამე დააბიჯებდნენ თავადის ერთგული ბაიყოლები. არავის შვეძლო ციხეში შეღწევა. მოძრავი ხიდი, გადებული განიერსა და ღრმა თხრილზე, ყოველთვის აწეული იყო.

ზოგჯერ ციხის ალაყაფის კარი იღებოდა. ხიდი ძირს ეშვებოდა და თავისი მოლაშქრეების თანხლებით ციხიდან გამოდიოდა თავადი დახი. იგი სანადიროდ ეშურებოდა. გაჰყვიროდა ბუკი, ახლომახლო სოფლების დამფრთხალი მცხოვრებლები იმალებოდნენ. ხოლო ვინც ამ დროს ტყეში იყო, მაღალ ხეებზე ძვრებოდნენ. თავადი დახი ახალგაზრდა აღარ იყო, ასე ორმოცამდე წლისა ბრძანდებოდა. ვაი, მას, ვინც ეცდებოდა მისი განკარგულების უგულებელყოფას. მასავით უკუღმართი, სასტიკი და ანჩხლი იყო დედამისი - ფიზიაბგო. ავი ხმები თავად დახისა და მისი ციხის შესახებ ადიღეელთა ქვეყანას მოედო. ყველას ეშინოდა ციხესთან გავლა, რადგან დიდმა და პატარამ იცოდა, რომ მის ჯურღმულებში ბევრი უდანაშაულო ადამიანი იტანჯებოდა.

ლეგენდა

ერთხელ თავადი სარბევად გაემართა. ტყე-ტყე იარეს. მესამე დღეს უკან მოიტოვეს უღელტეხილი და ბილიკიც დაღმართს დაუყვა. ეს უკვე გურჯისტანის — საქართველოს მიწა იყო. აქ ფრთხილად უნდა ევლოთ, რადგან მეკობრეებს პურ-მარილით არავინ შეეგებებოდა. მზვერავებმა თავადს აცნობეს, რომ წინ სოფელი გამოჩნდა, დიდი არ ეთქმოდა, მაგრამ მდიდარი კი იყო. მეკობრეები მოულოდნელად დაესხნენ სოფელს. ააოხრეს, აჰკიდეს ცხენებს ნაძარცვი და უმალვე დააპირეს გაცლა. კარგი ნადავლი იგდეს ხელთ. ჩქარობდნენ. ის იყო თავადი დაიძრა ალმოდებული სოფლიდან გასასვლელად, რომ წინ ჭაღარა მოხუცი აღემართა.

— ვინ აგდიხარ, ჩემს შეჩერებას რომ ბედავ?! — უღრიალა თავადმა.

— მე მწყემსი ვარ. შენ კი მკვლელი. ღმერთი შენ დაგსჯის! — მიუგო მოხუცმა.

— მომაშორეთ! — ბრძანა თავადმა და მოხუცი წაათრიეს.

— მამა! — გაისმა განწირული კივილი.

მოხუცს მივარდა სამალავიდან გამოსული ქალიშვილი. მან მრისხანედ გაუსწორა თვალი თავადს, წარბი არ შეიხარა. მისი გამოხედვით შედრკა თავადი.

— რას ჩადიხართ? — მრისხანედ ჰკითხა ქალიშვილმა.

— როგორ მიბედავ შეკითხვას! — იღრიალა თავადმა და ბრძანა, — შეჰკარით!

ქალიშვილი ბაწრით გაკოჭეს და ცხენის ზურგს დააკრეს.

— შვილო! — აყვირდა სიმწრისაგან გახელებული მოხუცი მწყემსი, — ბელა!

— ჩაუგდეთ ენა მუცელში! — ბრძანა თავადმა.

ერთმა მეკობრეთაგანმა მოუქნია ხმალი და თავგაპობილი, სისხლის თქრიალით დაეცა მკვდარი მოხუცი. ყველაფერი ეს დაინახა ქალიშვილმა, იგი სიმწრისაგან დაიკლაკნა, მაგრამ მხოლოდ ბაწარი შემოეჭირა უფრო მაგრად ტანზე, ქალიშვილმა საშინლად ამოიგმინა და გრძნობა დაკარგა. როცა გონს მოეგო, საღამო იყო. მაღალ მთებში, ღელის პირას, კოცონი გიზგიზებდა. მეკობრეები ცეცხლს შემოსხდომოდნენ. ბელა ბალახზე იწვა, ზედ ნაბადი ეფარა.

— და მე კიდევ ცოცხალი ვარ?! — გაიფიქრა, — როგორ უნდა ვიცოცხლო იმის შემდეგ, რაც მე დავინახე და გადავიტანე? მაგრამ უნდა ვიცოცხლო იმისათვის, რომ შური ვიძიო მამის, ნათესავების, ყველა მოკლული ჩემი სოფლელებისა!

ორი დღის შემდეგ თავადი უკვე თავის ციხეში იყო. ლამაზმა ქართველმა ქალიშვილმა მოსვენება დაუკარგა მას. დახმა თავის სიცოცხლეში პირველად შეიყვარა და ვერაფრით გაიგო, როგორ მოხდა ეს. თავადმა თავის ოთახში შეიყვანა ტყვე და ჰკითხა:

— რა გქვია?

— ბელა!

— გახდი ჩემი ცოლი!

— არასოდეს!

— გონს მოდი! — უთხრა თავადმა და დედამისს დაუძახა, დაავალა ტყვესათვის მიეხედა. ციხე-სიმაგრის მდიდრულად მორთულ ოთახში ცხოვრობდა ტყვე — ბელა. იგი მდიდრული სამოსითა და სამკაულებით მოკაზმეს, მაგრამ მისი გული ვერაფრით ვერ მოიგეს. ბელა არასოდეს არ გახდება მამის მკვლელის ცოლი.

— შენ მოხვალ, როცა თანახმა იქნები ჩემი ცოლობისა. — უთხრა ერთხელ თავადმა.

— არა! — ამაყად მიუგო ქალიშვილმა.

გავიდა რამდენიმე დღე. ბელამ ხანჯალი იშოვა და მაშინ მდიდრულად გამოწყობილი, საოცარი სილამაზით მოელვარე, იგი თავადის ოთახში შევიდა. დაცვამ გაატარა. ბელას შემხედვარე გაკვირვებული თავადი ადგა:

— შენ მოხვედი? — ჰკითხა.

— დიახ! — უპასუხა ბელამ.

— იქნები ჩემი ცოლი? — კვლავ ჰკითხა თავადმა.

— დიახ! — მიუგო მან.

თავადმა გაშალა ხელები, დააპირა მოხვეოდა ქალიშვილს. მაშინ ბელამ კაბიდან იძრო ხანჯალი და შიგ გულში დასცა თავადს.

ბელა სწრაფად გამოვიდა ოთახიდან. ეზოში თავადის ცხენი იდგა. ქალიშვილი მოახტა ცხენს და ალაყაფის კარისაკენ გააჭენა. დაცვამ არ იცოდა რა მოხდა და გაატარა იგი. ბელამ სწრაფად შეაფარა თავი ტყეს.

— თავადი მოკლეს! — ატყდა ყვირილი სასახლეში.

ბელას მაშინვე დაედევნა მდევარი. რამდენიმე საათს გაურბოდა იგი მდევარს, მაგრამ მაინც დაეწივნენ. სულ ცოტაც და შეიპყრობდნენ კიდეც. წინ კი მდინარე იყო, საშინელი, ფრიალო ნაპირით. ბელამ ცხენს გადაჰკრა და ორივენი გადაეშვნენ აქაფებულ მდინარვში. ამაყი, დაუმონებელი ბელას გვამი მდინარემ გამორიყა. გლეხებმა აბაძეხების ტომიდან დაკრძალეს იგი, ხოლო მდინარეს უწოდეს სახელი — ბელა. შემდეგში რუსებმა გადააკეთეს მდინარის სახელი ბელაიად.

თავადი? მისი გვამი დედამ ბრძანა დაემარხათ მდინარის პირას. მას მერე იმ მდინარეს უწოდეს დახი. მისი წყალი ხშირად არის მღვრიე, როგორც თავადის ცხოვრება. მდინარე ბელაიას ერთვის მდინარე დახი და შეგიძლიათ ნახოთ ბელაიას წმინდა დინება, ხოლო დახისა — ბინძური. კიდევ დიდხანს ბობოქრობდა სასახლეში თავადის დედა.

— ფიზიაბგო! — ბრაზით ამბობდნენ მასზე მახლობელი სოფლების მცხოვრებლები. მაგრამ, აჰა, ისიც მოკვდა, ხალხმა დაივიწყა თავადი, დაანგრია მისი სასახლე, ოღონდ სახელი ფიზიაბგო — მთას დღემდე შემორჩა. იგი ითარგმნება ხან, როგორც „ანჩხლი ცოლი“, ხან, როგორც „ქალის მთა“