EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ყველაზე უცნაური და საშიში ვამპირები ბუნებაში »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: DEMI

თარიღი: 2017-01-20 21:26:15

ყველაზე უცნაური და საშიში ვამპირები ბუნებაში

ყველაზე უცნაური და საშიში ვამპირები ბუნებაში

ვამპირები მითიური არსებები არიან, არა? სიბნელის მოყვარული, სისხლისმწოველი ბოროტმოქმედების შესახებ თქმულებები საუკუნეების განმავლობაში ფართოდ ვრცელდებოდა. ბევრისთვის ნაცნობია ეს უკვდავი ურჩხულები, რისი მიზეზიც დასავლეთ ევროპაში ბალკანეთიდან გავრცელებული ცრურწმენები გახლავთ. აქ მე-18 საუკუნეში ჩვეულებრივი ამბავი იყო ვამპირების შესახებ აგორებული ჭორები მათი საშიში ქმედებების შესახებ. ისეთი ძველი ცივილიზაციები, როგორიცაა ბაბილონი, გვაწვდიან 3800 წლის წინანდელ თქმულებებს სისხლისმსმელ სულებზე. მაგრამ არის თუ არა სიმართლის მარცვალი ამ ლეგენდებში?

 

ევოლუციამ წარმოშვა მართლაც რომ საშიში არსებების ნაირსახეობები. ამ არაკეთილმოსურნეთა სამხეცეში გამონაკლისს არც ვამპირები წარმოადგენენ. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს – რეალურ ვამპირებს, მეცნიერებაში ჰემატოფაგებად ცნობილებს.

თუმცა მანამდე შესაძლოა დაგაინტერესოთ, რატომ განუვითარდა ზოგიერთ სახეობას კვების ეს სტილი. სისხლი ცილებითა და ლიპიდებით მდიდარი სითხეა, რომლის მოპოვებაც მსხვერპლის სხეულიდან შეიძლება, ხშირად მინიმალური ძალისხმევით და სრულიად შეუმჩნევლად. ზოგიერთ არსებას სისხლით კვების გარეშე არ შეუძლია, დანარჩენები კი ხელსაყრელი შემთხვევის გამოჩენისას მიმართავენ ამ მეთოდს.

ჰემატოფაგია რამდენჯერმე განვითარდა დამოუკიდებლად ცხოველთა სხვადასხვა საგვარეულოებში, რაც კონვერგენტული ევოლუციის მაგალითია. ეს პარაზიტიზმის ერთგვარი ფორმაა: ვამპირი სარგებელს იღებს მასპინძლის ხარჯზე მასპინძლის ორგანიზმიდან საკვები ნივთიერებების მიღებით.

 
1. სალამურა

1

არსებობს 38 ამჟამად არსებული ან გადაშენებული სახეობა ამ გველთევზას მსგავსი არსებისა, რომლის წინაპრებიც დედამიწის ოკეანეებსა და მდინარეებში მინიმუმ 500 მილიონი წლის განმავლობაში დასრიალებდნენ. ამ სახეობათა უმეტესობა მთელი სიცოცხლის განმავლობაში საერთოდ არაა საშიში: მათ არ აქვთ ყბები და 7 წელიწადს უწყინარ, მოტივტივე ლიფსიტებად ატარებენ. თუმცა 18 სახეობა ნამდვილ მონსტრად იქცევა ხოლმე.

ზღვის სალამურა – Petromyzon marinus – ერთ-ერთი ასეთი მონსტრია, რომელიც 90 სმ-მდე იზრდება და თავის სარჩენად მსხვერპლ თევზებს სწოვს სისხლს. როცა ლიფსიტა ზრდასრულ ინდივიდად იქცევა, უვითარდება ჭიქის მსგავსი შემწოვი პირი. მსხვერპლს რომ მიეკრობა, მოქნილი ენით იცილებს თევზის ქერცლებს, რომ გემრიელ ალისფერ სისხლში არ შეყვეს.

მის სპეციფიკურ კბილებს სიმყარეს აძლევს იგივე უხეში კერატინი, რომელსაც ჩვენი თმა და ფრთხილები შეიცავს. კბილების მეშვეობით ზღვის სალამურა მაგრად ეჭიდება თევზს და პარალელურად გამოყოფს შედედების საწინააღმდეგო სითხეს, რომ სისხლის მუდმივი მოწოდება უზრუნველყოს. შედეგად მსხვერპლი, როგორც წესი, სისხლდენით კვდება ან ჭრილობაში შეჭრილი ინფექცია უსწრაფებს სიცოცხლეს.

ეს ვამპირი ზოგ ადგილებში დამპყრობელ სახეობადაა ცნობილი და თავისი აგრესიული, ჰემატოფაგური კვებით ადგილობრივი ეკოსისტემების დესტაბილიზაციას ახდენს.


 
2. ვამპირი სკვინჩები

2

გალაპაგოსის სკვინჩები დარვინის მიერ ნახსენები ერთ-ერთი მთავარი მაგალითია მისი ცნობილი ნაშრომის, ბუნებრივი გადარჩევით მიმდინარე ევოლუციის თეორიის სასარგებლოდ, რომელიც შეჯამებულია წიგნში „სახეობათა წარმოშობის შესახებ”. ამ გამოკვეთილი ნისკარტების მქონე 15 სახეობის ფრინველების (რომლებიც სინამდვილეში არა სკვინჩებს, არამედ ბეღურებს მიეკუთვნებიან) მაგალითზე აშკარაა, პატარა კუნძულებზე მცხოვრები მონათესავე ჩიტების ჯგუფი როგორ შეიძლება განვითარდეს დროთა განმავლობაში, რათა საუკეთესოდ მოერგოს თავის სპეციფიკურ მიკროგარემოს.

მაგალითად, მიწის დიდი სკვინჩის სქელი, მოკლე ნისკარტი იდეალურია თხილის დასამტვრევად. მეორე მხრივ, მათი ქვესახეობა პატარა, წვრილ ნისკარტს შესანიშნავად იყენებს სხვა ფრინველების დასაკორტნად და მათი სისხლის დასალევად.

გასაკვირი არაა, რომ ამ სისხლს მოწყურებულ ჩიტს „ვამპირი სკვინჩა” უწოდეს. ძირითადად ის რეგვენებზე ნადირობს – დიახ, ასე ეწოდება ფრინველთა ერთ-ერთ გვარს – განსაკუთრებით ნასკას და ლურჯფეხება რეგვენებზე. უცნაურია, მაგრამ რეგვენები არც აპროტესტებენ ამას და ვამპირ თავდამსხმელებს მინიმალურ წინააღმდეგობას უწევენ. არსებობს ვარაუდი, რომ ოდესღაც ეს სკვინჩები რეგვენებს ბუმბულებს უსუფთავებდნენ პარაზიტებისგან, რაღაც დროის შემდეგ კი მათი სისხლის გემო გაიგეს და კვების რაციონი შეიცვალეს.


 
3. ტორპედო ლოკოკინები

3

ტორპედო ლოკოკინები, რომელთა მეორე, უფრო უწყინარი სახელია კუპერის მუსკატები, საშუალო ზომის ზღვის ლოკოკინები არიან და ნადირობენ წყნარი ოკეანის ელექტრულ გველთევზაზე, რომელიც ელექტრული სკაროსების (Torpedinidae) ოჯახს ეკუთვნის.

ეს პარაზიტი ლოკოკინები საოცრად გამჭრიახები ხდებიან, როცა საქმე ეხება მასპინძლის ორგანიზმიდან სისხლის გამოწოვას. მსხვერპლს მისი სპეციფიკური ქიმიური კვალის მეშვეობით ედევნებიან, სხეულის ზედაპირზე რამდენიმე პატარა ჭრილობის მიყენების შემდეგ შიგნით უშვებენ ხორთუმს – მათ საკვებ მილს. გველთევზას კანის ზედაპირიდან სისხლი თუ ვერ მოიპოვეს, ხორთუმი პირში, დასერილ ლაყუჩებში ან ანუსში შეჰყავთ.

საბედნიეროდ, სანერვიულო არაფერი გვაქვს – ჩვენ ასე ადვილად ვერ მოგვერევიან.
 
4. ვამპირი ღამურები

4

შეიძლება ითქვას, ისინი კლასიკური ვამპირები არიან. ღამით მონადირე, ჰემატოფაგი არსებების შესახებ თანამედროვე მითოლოგიაში ნახსენებია, რომ ვამპირებს შეუძლიათ თვალის დახამხამებაში ადამიანიდან ღამურად გადაიქცნენ. მართალია, ეს ღამურები ჰუმანოიდებად ვერ გარდაიქმნებიან, მაგრამ სისხლის წოვაში უდავოდ ექსპერტები არიან. არსებობს სამი სახეობის ღამურა, რომლებიც ამგვარად იკვებებიან: ჩვეულებრივი ვამპირი ღამურა, ფეხბეწვიანი ვამპირი ღამურა და თეთრფრთიანი ვამპირი ღამურა, თითოეული მათგანი განსხვავებულია.

სამივე ღამურის წინა ფრთები იმგვარადაა განვითარებული, რომ უხეში კანი გააპოს და გაჭრას. ვამპირი ღამურის ტვინის ის ნაწილი, რომელიც ბგერებს ამუშავებს, ძლიერ განვითარებულია, რისი მეშვეობითაც ისინი ახერხებენ, მძინარე მსხვერპლის სუნთქვა გამოარჩიონ, მსხვერპლთა სიაში კი ზოგჯერ ადამიანებიც შედიან. თითქმის ყოველთვის ღამით ნადირობენ სხვადასხვა გარემოში, ექოლოკაციის მეშვეობით ქმნიან „ხმოვან რუკას” სანადირო არეალისთვის – რომელიც ტროპიკული ტყეებიდან და ნოტიო გამოქვაბულებიდან უნაყოფო რეგიონებამდე მერყეობს. გამონაკლისია ფეხბეწვიანი ვამპირი ღამურა, რომელსაც კარგი მხედველობა, მაგრამ ცუდი ექოლოკაციური უნარები აქვს.

5

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ვამპირ ღამურას შეუძლია მსხვერპლის მიერ გამოყოფილი თერმული რადიაციის აღქმა, ჩვეულებრივი ვამპირი ღამურა კიდევ უფრო დახელოვნებულია: ცხვირზე აქვს რეცეპტორები, რომლითაც ძალიან ზუსტად იგებს მსხვერპლის სხეულში თერმულ ცვლილებებს. ეს „თერმორეცეპტორები” ეხმარება მას, მსხვერპლის კანზე განსაზღვროს ადგილები, სადაც სისხლი უფრო ახლოსაა ზედაპირთან. ღამურის ეს უნარი უკავშირდება მისი ტვინის განსაკუთრებულ სექციას, რომელიც გვაგონებს გველების ინფრაწითელ რეცეპტორს, რომლითაც გარემომცველ სამყაროს სითბოს კვალის სახით „ხედავენ”.

ლეგენდებისგან განსხვავებით, ეს ვამპირები ადამიანებს კისერში არ ეცემიან, როგორც კი შანსი მიეცემათ: უფრო სავარაუდოა, რომ ძილის დროს გიკბინონ ფეხის ცერა თითზე, რადგან აქ განსაკუთრებით მძლავრად ჩქეფს სისხლი. მათი ნერწყვი ერთგვარი ანტიკოაგულანტია და ხელს უშლის თქვენი სისხლის შედედებას, ასევე ვერ გრძნობთ კბენისგან გამოწვეულ ტკივილს. ასე რომ სანამ თქვენ მშვიდად გძინავთ, ვამპირი ღამურები ხარბად დაეწაფებიან თქვენს სისხლს.

ბოლოს კი ეს არც ისე სასიამოვნო ინფორმაცია პოზიტიური ცნობით დავასრულოთ: ვამპირი ღამურების ნერწყვი იმდენად ძლიერი ანტიკოაგულანტია, რომ მისგან ამზადებენ წამალ „დრაკულინს”. ოდესმე ეს წამალი შეიძლება სისხლის გათხელების გზით გულის შეტევებისა და ინსულტის სამკურნალოდ გამოიყენონ.