« ქართველი მოსწავლეები, რომელთა გამოგონებაც შესაძლოა, რობოტექნიკაში გამოიყენონ »
კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი
ავტორი: admin
თარიღი: 2017-01-24 15:37:56
ქართველი მოსწავლეები, რომელთა გამოგონებაც შესაძლოა, რობოტექნიკაში გამოიყენონ
თანამედროვე ტექნოლოგიები დღითიდღე უფრო ვითარდება, იხვეწება და საზოგადოებას ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს. ყველა ქვეყანა ცდილობს, ფეხი აუწყოს ტექნოლოგიურ სიახლეებს და ამ მხრივ, გამონაკლისი არც საქართველოა. ქართველმა ახალგაზრდებმა შექმნეს თვითსწავლებადი სისტემა, რომელიც მიზნად მოწყობილობების სწავლების პროცესით ამუშავებას ისახავს. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა: ალექსანდრე ხოხიაშვილმა, დიმიტრი კორკოტაშვილმა და თამარ კორკოტაშვილმა, მიკროკონტროლერის გამოყენებით, თვითსწავლებადი სისტემა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ჩატარებული ყოველწლიური კონკურსის, „ლეონარდო და ვინჩის“ ფარგლებში შექმნეს.
რას გულისხმობს აღნიშნული სისტემა, რატომ გადაწყვიტეს ახალგაზრდებმა მისი შექმნა და რა სარგებლის მოტანა შეუძლია მას პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით. „კიბერ კვირა“ ჯგუფის ერთ-ერთი წევრს, ალექსანდრე ხოხიაშვილს ესაუბრა.
-თანამედროვე მიკროკონტროლერი, ფუნქციონალურად იგივეა, რაც, ჩვეულებრივი კომპიუტერი. ზოგ შემთხვევებში, აღემატება კიდეც (მაგ. ინტერფეისების რაოდენობით) მას. ბოლო წლებში ის ძალიან განვითარდა. მიკროკონტროლერი არის პატარა ჩიპი, არ მოითხოვს დიდ ენერგიას და რაც მთავარია, ის ძალიან იაფია. ყოველივე ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ პატარა ამოცანებშიც კი რამდენიმე მიკროკონტროლერი გამოვიყენოთ.
ხშირ შემთხვევაში, როდესაც რაიმე მოწყობილობის აწყობა გვინდოდა, მისი პროგრამული ნაწილის დაწერა საკმაოდ რთულდებოდა. მარტივი გამოსავლის ძიებაში გაგვიჩნდა სურვილი, გაგვეკეთებინა ისეთი მექანიზმი, რომ პროგრამის დაწერის ნაცვლად, მოწყობილობები სწავლების პროცესით აგვემუშავებინა.
– როგორ მუშაობს აღნიშნული თვითსწავლებადი სისტემა?
– როდესაც ჩვენ გვინდა რაიმე სახის რობოტის, მოწყობილობის ამუშავება, ცხადია, პირველ რიგში, მისი ფიზიკური ნაწილი უნდა ავაწყოთ. მას შემდეგ, რაც მოწყობილობა ფიზიკურად აწყობილია, მის ასამუშავებლად უნდა დაიწეროს პროგრამა, რომელიც განსაზღვრავს, რა დროს, რა შემთხვევაში, რა მოქმედება უნდა განახორციელოს მოწყობილობამ. პროგრამის დაწერის პროცესი დროის გასვლასთან ერთად უფრო და უფრო რთული ხდება, ამიტომ ჩვენ გვინდოდა, რომ შეგვექმნა ისეთი სისტემა რომელიც პროგრამის წერის პროცესს ჩაანაცვლებდა ე. წ. „სწავლების“ პროცესით. სწავლების პროცესი გულისხმობს იმას, რომ მოწყობილობის – რობოტის აწყობის შემდეგ, პირმა თავისი ცოდნა უნდა „გადასცეს“ სისტემას და შემდეგ, ამ ცოდნის საშუალებით, სისტემამ უნდა მართოს მოწყობილობა. უფრო მარტივი და გასაგები რომ იყოს, განვიხლოთ თეთრ ზოლზე მოსიარულე მანქანის ამოცანა. მანქანას წინ აქვს დამაგრებული ფერის სენსორი და მისი საშუალებით მან უნდა შეძლოს და გაჰყვეს ზოლს. თავიდან ჩვენმა სისტემამ არაფერი არ იცის და შემთხვევითად მოძრაობს. სწავლება კი ხდება ჯოისტიკის საშუალებით, რომელსაც „მასწავლებელი“ აკონტროლებს. მას შემდეგ, რაც მასწავლებელი რამდენჯერმე გაატარებს მანქანას ხაზზე, სისტემამ თავისით უნდა შეძლოს ზოლზე გავლა.
–რა სარგებლის მოტანა შეუძლია ამ სისტემას?
-ასეთი სისტემა ფართოდ გამოყენებადია. შესაძლებელი იქნება, შევქმნათ სხვადასხვა მოწყობილობები, რომლებიც უცხო გარემოში ადაპტაციას ადამიანის გარეშე შეძლებენ. სისტემის სრულყოფის შემდეგ კი, რობოტექნიკაში ბევრი აქტუალური პრობლემის გადაჭრა იქნება შესაძლებელი..
–შესაძლოა თუ არა, რომ აღნიშნული სისტემა ყოველდღიურ პრაქტიკაში გადმოვოვიტანოთ და რისი გაკეთება შეგვეძლება მისი მეშვეობით?
-ამჟამად, ჩვენს მიერ ჩატარებული ექსპერიმენტები, ძირითადად, ეხება ყველასთვის კარგად ცნობილ და გავრცელებულ ამოცანებს, მაგრამ თუ შევძელით და ჩვენი სისტემა მნიშვნელოვნად დავხვეწეთ და განვაზოგადეთ, მაშინ მისი გამოყენება ძალიან ბევრ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. მაგ: უპილოტო აპარტები, საწარმოო რობოტები და ა.შ.
–
–აღნიშნული სისტემა თქვენს მიერ მოფიქრებულია, თუ აქამდეც არსებობდა?
-ერთი შეხედვით, ნეირონული ქსელები, დღესდღეობით, ძალიან აქტიურად გამოიყენება მსოფლიოში, მაგრამ ისეთი ზოგადი სისტემა, როგორიც ჩვენ შევქმენით, ასეთ მარტივი და იაფი, ჯერჯერობით არ შეგვხვედრია.
–რა სისუსტეები და ხარვეზები აქვს ამ სისტემას?
-რადგანაც ეს ყველაფერი ხელოვნურ ნეირონულ ქსელებზეა დაფუძნებული, რომელიც დღევანდელ სამყაროში ჯერ კიდევ დაუხვეწავია, მას, ზოგ შემთხვევაში, კონკრეტულ ამოცანებზე მორგება უჭირს. ჩვენი სამომავლო მიზანია, რაც შეიძლება, დავასტაბილუროთ ჩვენი სისტემა.
–რამდენად რთული იყო მუშაობის პროცესი და დაახლოებით, რა დრო დაუთმეთ სისტემის შექმნას?
-მუშობის პროცესი უფრო საინტერესო იყო, ვიდრე-რთული. კვლევა გასული წლის დასაწყისში დავიწყეთ და დღესაც ვაგრძელებთ. ხშირად, ერთი შეხედვით, მარტივი ამოცანა გაცილებით მეტ დროსა და ენერგიას მოითხოვს, ვიდრე ეს წინასწარი შეფასებით ჩანს.