EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ჩურჩხელა ქარქაშში - ბიზნესი სამშვიდობო მისიით »
კატეგორია: ბიზნეს ჟურნალიავტორი: admin
თარიღი: 2017-01-25 17:04:12
ხანჯლის ჩანაცვლება უგემრიელესი ქართული ნუგბარით მხოლოდ ვიზუალური ეფექტისთვის არ გადაუწყვეტია - NS Studio-ს ხელმძღვანელი მეზობელ ქვეყნებში ქართველი ერის სათქმელს ამ ფორმით გაიტანს.
სიმბოლური დატვირთვა, რომლითაც დიზაინერმა ნია სიმონიშვილმა საკუთარი ინიციატივა შეფუთა, საკმაოდ შთამბეჭდავია - ბიზნესიდეად ქცეული „გურული დღიურები“ ახლა უკვე სამშვიდობო „მისიის“ მატარებელია.
„მინდოდა, ჩურჩხელას ხანჯლის დატვირთვა ჰქონოდა. ამიტომ შეფუთვასაც შესაბამისი ფორმა მივეცი. გავაკეთე ქარქაში, რომელიც ეროვნულობის კიდევ მეტად ხაზგასასმელად ქართული ორნამენტებით შევამკე და მასში ხანჯლის ნაცვლად ჩურჩხელა მოვათავსე. ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთმანეთს არა სისხლი და მტრობა, არამედ სიტკბო, სიყვარული და მეგობრობა უნდა ვაჩუქოთ. ახლა ქარქაშში ხანჯლის ტარი კი არა, ჩურჩხელის ზედა ნაწილი ჩანს, რაც, ვფიქრობ, საკმაოდ შთამბეჭდავია“- აღნიშნა დიზაინერმა.
წარმოშობით გურულს გურიასთან განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს, „გურული დღიურებიც“ მისი საყვარელი ნაწარმოებია. ამბობს, რომ ყველაფერი, რაც გიორგი კეკელიძემ საკუთარი შემოქმედებით გადმოსცა, მისთვის მეტისმეტად ნაცნობი და ემოციურია. ახალ ინიციატივაშიც, ცარიელი იდეისა და კომერციული შეფუთვის ნაცვლად, ქვეყნის, მშობლიური კუთხისა და ხალხის სიყვარულის ტანდემის ჩადება გადაწყვიტა. მართალია, პრიორიტეტულ ბრენდად გურული ჩურჩხელა გაიხადა, მაგრამ სხვა კუთხეების ნაწარმის უგულებელყოფა არც უფიქრია. ამბობს, რომ სახელზე გავლენა მისმა წარმომავლობამ იქონია, თუმცა სამშობლოს სიყვარული, რომელიც მისი მშობლიური კუთხიდან იწყება, მთელ ქვეყანაზე განზოგადდება.
„ჩურჩხელის შეფუთვაზე ფიქრი მეგობრების ინიციატივით დავიწყე. მთხოვეს, რაიმე ორიგინალური დიზაინი მომეფიქრებინა და ეს ყველასთვის საყვარელი ნუგბარი საზღვარგარეთ ამ ფორმით გამეტანა. წარმოშობით გურული ვარ და ამ პერიოდში ხშირად ვადევნებდი თვალყურს გიორგი კეკელიძის შემოქმედებას. გარდა იმისა, რომ ძალიან მომწონს, ჩემთვის ძალიან მშობლიურიცაა. გურულებს ჩვენი ჩურჩხელა - ჯანჯუხა გვაქვს, რომელიც განსხავებული ტექნოლოგიებით მზადდება. მოკლედ, ყველაფერი, რაც გურიასთანაა დაკავშირებული, ჩემთვის განსაკუთრებულად ძვირფასია. გადავწყვიტე, ყველაფერი, რაც მეძვირფასება, ერთ პროექტში გამეერთიანებინა. გიორგის სწორედ ამ მიზნით დავუკავშირდი. მან იდეაც მოიწონა და „გურული დღიურების“, როგორც ბრენდის სახელის გამოყენების უფლებაც მომცა. მისგან ყველანაირი მხარდაჭერა მივიღე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია“- მოგვითხრო დიზაინერმა.
არანაირი ბიზნესინტერესი, მხოლოდ იდეის ხორცშესხმის ხელშეწყობის სურვილი - გიორგი კეკელიძეს საკუთარი თავისთვის არც ამ შემთხვევაში უღალატია - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა კარგი საქმისთვის დროისა და ენერგიის შესაწირად მზადყოფნა, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც უყოყმანოდ გამოთქვა.
-არაჩვეულებრივი მოფიქრებაა, თანაც ერთდოულად ბევრი რამის წახალისება ხდება - შემოქმედებითი იდეების, ჩურჩხელების შეფუთვის, ლიტერატურის, კომერციის, ქართული კულტურის პოპულარიზაციის და ა.შ.
რა თქმა უნდა, აქ მხოლოდ გურულ ჩურჩხელაზე არაა საუბარი, იქნება კახურიც და სხვაც, მაგრამ ეს, ვფიქრობ, არნაირად არ დააზარალებს პროექტს, უფრო პირიქით. ჩურჩხელა მნიშვნელოვანი ქართული ბრენდია, პროექტიც საკმაოდ საინტერესოა და თუ მას რაიმეთი მაინც დაეხმარება ჩემი წიგნი, მისი ეტიკეტი და ამ შემთხვევაში, პოპულარობა, მე მხოლოდ და მხოლოდ გახარებული ვიქნები.
რაც შეეხება ბიზნესს, ამ მხრივ აქტიურობის უფლება არ მაქვს, საჯარო მოხელე ვარ, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს, შევეცდები გვერდში დავუდგე ყველას, ვინც კარგი იდეის ხორცშესხმას რაიმე ფორმით მაინც შეეცდება. და თუკი ვინმეს ჩემი, ან ჩემი წიგნის სახელი რამეში გამოადგება, მათ დასახმარელად მზად ვარ. „- აღნიშნა გიორგი კეკელიძემ თემის კომენტირებისას.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს მხოლოდ ვირტუალური სივრციდან იცნობდა. ერთი კუთხის შვილებს ერთმანეთთან იდეების გადაკვეთის შესაძლებლობა სოციალურ ქსელის წყალობით მიეცათ. ის, რაც „გურულ დღიურებში“ ამოიკითხა, მისი იდეის ხორცშესხმის საფუძველი გახდა, გიორგი მისთვისაც ადამიანური ურთიერთობების მაგალითად და იდეების გენერირებისთვის შემოქმედებით სტიმულად იქცა.
„პროექტი ახალია, ჯერ კიდევ არ ვიცი, რა გამოვა, თუმცა, ვფიქრობ, იდეის დონეზე ნორმალური დასაწყისია. ეს რაღაც სამშვიდობო აქციასავითაა, მინდა სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს ჩვენი კეთილგანწყობა ვაჩვენო, ჩვენი კულტურა, ჩვენი შესაძლებლობები გავაცნო. ზოგადად, ჩურჩხელა ჩვენი ბრენდია, გემრიელი ნუგბარია, ერთი ცალის ჩუქება კი რაღაც უხერხულობას ქმნის ყოველთვის, თუმცა ამ ფორმით, ვფიქრობ, საკმაოდ ორიგინალური და მისაღებია“- განმარტა ნია სიმონიშვილმა.
ამ ეტაპზე მოდელირება-დიზაინის კოლეჯში სწავლობს, პროფესიით ეკონომისტია, თუმცა უკვე სამი წელია საკუთარ ბიზნესს - ყაზბეგის 10-ში მდებარე სამკერვალო ატელიეს - წარმატებით უძღვება. ცხოვრება დიზაინს დაუკავშირა და ცოდნის გასაღრმავებლად სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელში სწავლაც დაიწყო. პარალელურად ტელეკომპანია „იბერიაშიც“ ახერხებს მუშაობას. დრო საერთოდ არ აქვს, მაგრამ საკუთარი თავის განვითარებისა და ახალი იდეების ხორცშესხმისთვის მაინც მზადაა.
- ჯანჯუხას, ანუ გურულ ჩურჩხელებს თავისებური მომზადების წესი აქვს, რომელიც
საკმაოდ განსხვავდება იმერულისგან, კახურისგან და ა.შ. იქნება თუ არა დაცული ეს
ტექნოლოგიური ნიუანსები პროექტის მოქმედების საწყის ეტაპზე?
ნია სიმონიშვილი: ზოგადად, მე არ მაქვს ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება, ჩემი სფერო დიზაინია, ამიტომ მჭირდება გვერდში ისეთი ადამაინები, რომლებიც ამ ტექნოლოგიებში კარგად ერვკევიან. ეს ახალი წამოწყებაა, ახლა ვვითარდებით, ვეძებთ პარტნიორებს, მიმდინარეობს მოლაპარაკებები. სავარაუდოდ, მოგვიწევს გურიაში, კახეთსა და სხვა კუთხეებში სტუმრობაც, რომ უკეთესად დავეუფლოთ ჩურჩხელების ამოვლების წესს.
ზოგადად, ჩურჩხელები მარტო საახალწლო თემა არაა, ეს მთელი წლის განმავლობაში არ დაკარგავს აქტუალურობას როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით. პროექტი განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს უცხოელებისთვის.
მგონი, ერთი ცალი ჩურჩხელის სიმბოლურად, ასეთი ფორმით მირთმევა არ უნდა იყოს ურიგო, იმიტომ, რომ ეს ქართული ელემენტებით არის შესრულებული, თან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სიმბოლური დატვირთვაც გააჩნია.
ახლა მიმდინარეობს მოლაპარკებები, ვწყვეტთ, ვისთან შეიძლება ვისაუბროთ ხარისხიან ნაწარმზე. თუ დამიკავშირდებიან ადამიანები, რომელთა ინტერესი და ჩემი ინტერესი თანხვედრაში მოვა, აუცილებლად ვითანამშრომლებ. როგორც მოგეხსენებათ, კარგი ჩურჩხელა ახლა საკმაოდ ძვირი ღირს., ჩემი შეფუთვაც არ არის იაფი. შესაბამისად, ერთი ცალი ჩურჩხელა თავისი ქარქაშით საკმაოდ ძვირი დაჯდება, ასე რომ...
- მიახლოებითი ღირებულება რა იქნება მაინც?
-დაახლოებით 10-15 ლარამდე ეღირება საქართველოში, მაგრამ ქვეყნის გარეთ გატანა, ალბათ, უფრო ძვირი დაჯდება, იქ ექსპორტის და სხვა ხარჯები იქნება გასათვალისწინებელი და...
-და რომელი ქვეყნები გაქვთ მიზანში?
- უმთავრესად მეზობელი ქვეყნები - თურქეთი, აზერბაიჯანი... ასევე უკრაინაც... ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები...
- როგორც აღნიშნეთ, აქცენტი მხოლოდ გურულ ჩურჩხელაზეც არ გაკეთდება...
- დიახ, ასეა... ჯანჯუხა -ჩურჩხელები იმიტომ ქვია, რომ აქ მარტო გურული კი არა, ყველა კუთხის ჩურჩხელა იქნება წარმოდგენილი. კახურიც, იმერულიც და გურულიც . სწორედ ამიტომ დავარქვით ორივე სახელი.
sazogadoeba.ge