EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« როდემდე უნდა გაგრძელდეს მიწების გასხვისება? »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: ქართველი
თარიღი: 2017-01-25 17:34:17
პოლიტიკოსების ნაწილი მიწების უცხოელებზე გასხვისების აკრძალვას მოითხოვდა. მთავრობამ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების გაყიდვა შეაჩერა (შეაჩერა როგორც ქართველებზე ასევე უცხოელებზე) და საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობს უკვე დიდი ხანია, მაგრამ როდემდე?
გთავაზობთ მოკლე მიმოხილვას და დასკვნას კომენტარის სახით
„დღეს ერთ ეგვიპტელს ვკითხე, საქართველოში რას აკეთებ-თქო? მიპასუხა, - ვცხოვრობო. ყველანი საცხოვრებლად ჩამოდიხართ-მეთქი? ჯერ სადა ხარ, კიდევ უფრო მეტნი მოდიანო“, _წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი.
სულ ახლახანს მიწების გასხვისების გამო აღელვებული ქართველების დანახვისას ინდოელებმა პირდაპირ ეთერში განაცხადეს, დაგვიბრუნონ ჩვენი ფული და საქართველოდან წავალთო.
თუმცა 2011 წელს ეკონომიკის სამინისტროს მიერ ელექტრონული აუქციონის ფორმით გასხვისებულმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებმა, ჯამში, 6815,2004 ჰექტარი შეადგინა. 2012 წელს სამინისტროს და სააგენტოს მიერ ელექტრონული აუქციონის ფორმით 6647,2801 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა გასხვისდა და მყიდველებს შორის ინდუსები, არაბები და ირანელები არიან.
მართალია, საქართველოს კანონმდებლობა მიწის უცხოელებზე გასხვისებას არ კრძალავს, მაგრამ ექსპერტები აცხადებენ, რომ ჰექტრობით მიწები საქართველოს ყოფილმა ჩინოვნიკებმა გაასხვისეს და საკუთარ დანაშაულს ტყუილად აბრალებენ ქართველ გლეხებს, რომლებმაც თურმე გაჭირვების გამო თავიანთი მიწები დაუთმეს უცხოელებს. სინამდვილეში, გლეხების მიერ გასხვისებული მიწები სოლიდურად ჩამოუვარდება მაღალჩინოსნების ნამოქმედარს.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ინვესტორებს შესასყიდი მიწის შესახებ სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ. კერძოდ, მისი თქმით, შვეიცარიიდან ჩამოვიდნენ ინვესტორები, რომელთაც კონკრეტულ სოფელში უნდოდათ 5 ჰექტარი მიწის ყიდვა. თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ სოფელს მხოლოდ ხუთი ჰექტარი ჰქონდა საძოვრად და ეს საძოვარი რომ გაყიდულიყო, პრობლემას შექმნიდა.
ხუცუბანში ათეულობით ოჯახი ითხოვს მიწას. როგორც ამბობენ ქობულეთსა და ხელვაჩაურში 6 ათასამდე უმიწო ოჯახია რეგისტრირებული და ამ დროს აქ მიწები ასობით უცხოელმა შეიძინა.
გიორგი კვესიტაძე, აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი:
- მიწის საკითხი ყველა დროში რთული პრობლემა იყო და ასეა ახლაც. ახალი ეკონომიკური ურთიერთობები თითქოსდა მიწის თავისუფალ გაყიდვას განაპირობებს, მაგრამ მეორეს მხრივ, ეს მთლად არ შეესაბამება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. ამჯერად გადაწყვეტით რაიმეს თქმა არ შემიძლია, რადგან საკითხს კარგად არ ვიცნობ. ისე კი მიმაჩნია, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვა ხელაღებით არ უნდა მოხდეს. იგი შესაბამის რეგულაციებს უნდა დაექვემდებაროს. ამაში ევროპული გამოცდილებაც სრულად უნდა გამოვიყენოთ.
“პრემიერმა განაცხადა, რომ მიესალმება უცხოელი ფერმერების შემოსვლას საქართველოში, რომლებიც მასობრივად იკავებენ ქართულ მიწებს. ალბათ, „ოცნებას“ ჰგონია, რომ ისინი აქ პანტის შესაგროვებლად ჩამოდიან,“ – აცხადებს გუგავა.
ვანო პაპუნიძე, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი:
- მიმაჩნია, რომ ნებისმიერი დანიშნულების ქართული მიწა უცხოელებზე არ უნდა გაიყიდოს, მით უმეტეს, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების. სულ საქართველოში 700 ათას ჰექტარამდე დასამუშავებელი მიწა გაგვაჩნია, მოსახლეობას თითო ჰექტარი რომ გაუნაწილო, ხეირიან ფერმერულ მეურნეობასაც კი ვერ შექმნის. ქართული მიწა ქართველ კაცს უნდა ეკუთვნოდეს.
რამაზ სურმანიძე, პროფესორი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე:
- სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოელებზე გაყიდვა მიზანშეუწონლად მიმაჩნია, თუმცა შეიძლება გამონაკლისის დაშვება, თუ ამას ქვეყნის ინტერესები მოითხოვს. ამ შემთხვევაშიც შესაბამისი რეგულაციებია საჭირო, რომელსაც, როგორც ვიცი, მალე წარმოადგენს მთავრობა.
თამაზ ბაკურიძე, დამოუკიდებელი უფლებადამცველი:
- არავითარი რეგულაციები, არავითარი იწილო-ბიწილოს თამაში და გასაძრომ-გამოსაძრომების დატოვება ქართული მიწების გამყიდველთათვის. ყველა კატეგორიის ქართული მიწის უცხოელებზე გაყიდვა კანონით უნდა აიკრძალოს. ასეთი განცხადება გააკეთა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმაც. რაც გაიყიდა, იქიდან სარგებელი რა გვაქვს? არაფერი. მიწა უნდა გამოცხადდეს სახელმწიფო საკუთრებად და მუდმივ სარგებლობაში გადაეცეს მოსახლეობას, ხალხს – გაყიდვის უფლების გარეშე. სახელმწიფომ ყველა ღონე უნდა იხმაროს ამ ძირითადი სიმდიდრის რაც შეიძლება ეფექტურად გამოსაყენებლად, არა სხვისი ხელით, არამედ საკუთარით.
„ახალი ეკონომიკური სკოლის“ ხელმძღვანელი პაატა შეშელიძე აცხადებს, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გაყიდოს მიწა უცხოელზე. ამ მიმართულებით დამატებითი რეგულაციები საჭირო არ არის:
”რაც უფრო მალე გახდება საერთაშორისო ბაზრის ნაწილი ქართული მიწა და მისი წიაღისეული, მით უკეთესი იქნება ქართველი კაცისთვის. მიწის გამოყენების მასშტაბები გაიზრდება. საქართველოში მიწის პოტენციის მცირე ნაწილია გამოყენებული. მხოლოდ იმიტომ, რომ გაყიდვა არ შეიძლებოდა.”
პაატა შეშელიძის აზრით, თუ პარლამენტი პაატა კოღუაშვილის საკანონმდებლო წინადადებას გაიზიარებს, ამ შემთხვევაში სასოფლო სამეურნეო მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიყიდვის შეზღუდვა იქნება ფიქტიური:
”თუ ვინმეს რეალურად აქ მიწის ყიდვა უნდა, საქართველოს მოქალაქეს გაურიგდება და მისი სახელით იყიდის. ეს იქნება კორუფცია და მას მოჰყვება მიწის გაძვირება. ყველა უცხოელ ინვესტორს ქართველი წილში ჩაუჯდება. ძალიან ბევრი არ მოინდომებს იმას, რომ ქართველთან დაიჭიროს საქმე. თუ არ გვინდა, რომ ეს მიწა დაიხნას და დამუშავდეს, მაშინ დავადოთ დიდი ბოქლომი საქართველოს.”
ყოველივე ზემოთ დაწერილიდან გამომდინარე, ერთი რამე შეიძლება ამ ყველაფერზე ითქვას, - მოკლედ, კონკრეტულად და მარტივად:
საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს დღეს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თუნდაც კერძო პირიდან მიწის გარკვეული ნაწილი იყიდოს და იქ მოიყვანოს მეურნეობა თუ განავითაროს მესაქონლეობა და ა.შ. ვისაც აქვს, მათ სხვა პრობლემები გააჩნიათ სხვადასხვა მიმართულებით. (იქნებ სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ამ ხალხს გლეხებს ვგულისხმობ, მთავრობამ აუხსნას, რატომ არ შეუძლიათ მათ საკუთარი მდინარიდან, მაგალითად მდინარის მიერ წამოღებული შეშის ამოღება ანდა მდინარიდან ქვის აღება და ამის გამო რატომ ჯარიმდებიან ისინი?)
უცხოელს; არაბი იქნება ჩინელი თუ თურქი არ აქვს ამას მნიშვნელობა მარტივად შეუძლია იყიდოს მიწის დიდი ტერიტორია (კერძო პირიდან, თუმცა კონკრეტულ შემთხვევებში კონკრეტული გამონაკლისები მაინც ხდებოდა მთავრობის მხრიდან) და თავისი პრეტენზიები განაცხადოს აღნიშნულ მიწებზე.
საქართველოს სიპატარავიდან გამომდინარე დაუშვებელია თუნდაც კეძო პირიდან, საკუთარი ფართის, ტერიტორიის გასხვისება უცხოელზე (მიუხედავად იმისა ქართველზე ორჯერ მეტს იხდიან ზოგიერთ შემთხვევაში) ხოლო სახელმწიფო ვალდებულია ამას მიხედოს და თუ მიწის უცხოელ მოქალაქეზე გადაცემა მოხდება, მიეცეს ამას მხოლოდ იჯარის ფორმა და მოექცეს კონკრეტული დროის ჩარჩოში.
სტატია მოამზადა - უშანგი სიხარულიძემ